Facebook Twitter

საქმე №ას-1119-2024 26 სექტემბერი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ი.ბ–ი, მ.ბ–ი, ზ.ბ–ი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ბ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – საარქივო ამონაწერის ბათილად ცნობა, მემკვიდრედ აღიარება, მიღებული სამკვიდროს მესაკუთრედ ცნობა და უძრავ ნივთზე თანამესაკუთრედ აღიარება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ი.ბ–მა, მ.ბ–მა და ზ.ბ–მა ლ.ბ–ის მიმართ, რომლითაც დააყენეს შემდეგი სახის მოთხოვნები:

- ბათილად იქნეს ცნობილი საკომლო წიგნის საფუძველზე სსიპ საქართველოს არქივის გორის არქივის მიერ 05.11.2009წ. №591 გაცემული საარქივო ამონაწერი, დამოწმების თარიღი - 05.11.2009წ.; ცნობა №50, დამოწმების თარიღი - 09.03.2010წ., ..........ს თემის რწმუნებულება, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის გორის არქივი; ცნობა №47, დამოწმების თარიღი 24.02.2010წ., ..........ს თემის რწმუნებული;

- მოსარჩელეები ცნობილ იქნენ გარდაცვლილი კ.ბ–ის მემკვიდრეებად, აღიარებულ და დადგენილ იქნეს მოსარჩელეების მიერ კ.ბ–ის კუთვნილ დანაშთ ქონებაზე, მდებარე: გორი, სოფელი .........., ს/კ ...., მემკვიდრეობის მიღების ფაქტი, მოსარჩელეები ცნობილ იქნენ მიღებული სამკვიდრო ქონების მესაკუთრეებად 1/6 წილის ფარგლებში.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის გორის არქივის ცნობის მიხედვით, 1980-1982 წლებში საკომლო წიგნებში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად მიეთითა კ.ი. ასული ბ–ი, ხოლო კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 80 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი აგებული 1968 წელს და 0,2ჰა მიწის ფართობი. 2011 წლის 11 ნოემბრის საარქივო ცნობის თანახმად, 1983-1995 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილი იყო კ.ი. ასული ბ–ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდა ვაჟიშვილი ნ.პ. ძე ბ–ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 80 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 0,2ჰა მიწის ფართობი. 1996-2007 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილი იყო კ.ი. ასული ბ–ი, გარდაიცვალა 6/04 1998წ., აქტი №4. კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ ბ–ი ნ. - ვაჟიშვილი გარდაიცვალა 10.10.1998წ. და ბ–ი ლ. - ოჯახის უფროსი, სხვა ინფორმაცია მითითებული არ ყოფილა. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 80 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 0,22ჰა მიწის ფართობი, პირადი რეგისტრაციის ნომერი 260. 1986-1995 წლების საკომლო წიგნებში, 1993-1998 წლების მიწის განაწილების სიებისა და 1996-1998 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის წიგნებში ლ.ბ–ის კომლისა და მის სახელზე რიცხული მიწის ფართობის შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდება, ხოლო მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტები არქივში დაცვაზე არ შესულა.

2.2. სარჩელის თანახმად, მაშინ, როდესაც 1992 წლიდან კომლში ჩაწერები აღარ ხდებოდა, გაურკვეველია, როგორ მოხდა ლ.ბ–ის ჩაწერა კომლის წევრად. წარმოდგენილი დოკუმენტები ცხადყოფს, რომ 1996 წლამდე ლ.ბ–ი არც კომლის წევრად ყოფილა ჩაწერილი, არც მიღება-ჩაბარების აქტები გაცემულა მასზე, ამიტომ, გაურკვეველია, როგორ აღმოჩნდა ჩანაწერი 1996 წლის საკომლო წიგნში მაშინ, როდესაც კომლში ჩაწერები 1992 წლიდან აღარ ხდებოდა. ლ.ბ–ის ჩაწერა კომლის წევრად უკანონოდ მოხდა, თუმცა აღნიშნული ფაქტი არ დაადგინა საჯარო რეესტრმა, როდესაც ლ.ბ–მა მას წარუდგინა უფლების დამდგენი დოკუმენტები და მოითხოვა კომლზე რიცხული ქონების საკუთრების უფლებით დარეგისტრირება.

2.3. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო უძრავ ქონებას კ.ბ–ის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივად დაეუფლა რ. ბ–ი და ის იქ ცხოვრობდა მანამ, სანამ ლ.ბ–მა რ. ბ–ი და მისი ოჯახი არ გამოასახლა უძრავი ქონებიდან, მდებარე გორის რაიონი, სოფ. .........., ს/კ N........ ლ.ბ–მა მიმართა პოლიციას და მოითხოვა ბიძის გამოსახლება. საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ოქმი დათარიღებულია 11.07.2012წ. ამ გაფრთხილების მიხედვით, დარღვევად იყო მითითებული რ. ბ–ის მიერ, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, მის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება.

2.4. მოსარჩელეთა მტკიცებით, პ. ბ–ი გარდაიცვალა 1997 წლის 10 მარტს, კ.ბ–ი - 1998 წლის 18 მაისს, ხოლო რ. ბ–ი - 2020 წლის 8 ნოემბერს. სადავო ქონება გარდაცვალებამდე ეკუთვნოდა კ.ბ–ს, შესაბამისად, მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ქონება უნდა განაწილებულიყო მის მემკვიდრეებზე - 6 შვილზე: ნ. პ. ძე ბ–ზე, ტ. პ. ძე ბ–ზე, ნ. პ. ძე ბ–ზე, რ. პ. ძე ბ–ზე, გ. პ.ძე ბ–ზე და ნ. პ. ასულ ბ–ზე. რ. ბ–ი დედის გარდაცვალების მომენტში და შემდეგ, ცხოვრობდა სადავო უძრავ ქონებაში მანამ, სანამ ის არ გამოასახლა ძმისშვილმა - ლ.ბ–მა. მას დედის გარდაცვალებისთანავე არ მიუმართავს ნოტარიუსისთვის სამკვიდროს მისაღებად, თუმცა მან სამკვიდრო მიიღო ფაქტობრივი ფლობით. მოსარჩელეების განმარტებით, ლ.ბ–მა ქონება მიითვისა უკანონოდ, ხელოვნურად შექმნილი და გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე. ვინაიდან კ.ბ–ს ჰყავდა პირველი რიგის მემკვიდრეები - შვილები, მისი სამკვიდრო სრულად უნდა განაწილებულიყო მის შვილებზე, ხოლო ლ.ბ–ზე უნდა გადასულიყო მხოლოდ მისი მამის - ნ. კუთვნილი წილი და არა კ.ბ–ის მთელი სამკვიდრო.

2.5. სარჩელის თანახმად, რ. ბ–ი დედისგან მემკვიდრეობის საფუძველზე კუთვნილ ქონებას დაეუფლა ფაქტობრივად, თუმცა სიცოცხლეში ვერ მოასწრო მისი რეგისტრაცია საკუთარ სახელზე. ამ ეტაპზე რ. ბ–ის უფლებამონაცვლეები არიან მ.ბ–ი, ი.ბ–ი და ზ.ბ–ი, რომლებიც უფლებამოსილნი არიან იდავონ მის კუთვნილ წილზე. მოსარჩელეები სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობას ითხოვენ იმ საფუძვლით, რომ კ.ბ–ის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივად დაეუფლნენ მამკვიდრებლის ქონებას. მოწმეები და გამოსახლების ოქმი ადასტურებს, რომ რ. ბ–ი დედის გარდაცვალებისთანავე შეუდგა სამკვიდრო ქონების ფლობას. მიუხედავად იმისა, რომ იგი თავისი ოჯახით ცხოვრობდა და მსახურობდა ქ.თბილისში და სოფელში მუდმივად არ უცხოვრია, ურთიერთობა სოფელთან არასდროს გაუწყვეტია. პირიქით, იმ მიზნით, რომ თავის ოჯახთან ერთად დასვენების შესაძლებლობა ჰქონოდა სოფელში, დედის გარდაცვალების შემდეგ, შეაკეთა და გაარემონტა საცხოვრებელი სახლი, ეზოში დარგო ნარგავები, ზაფხულობით თავის ოჯახთან ერთად სისტემატურად დადიოდა სოფელში, უვლიდა კარ-მიდამოს. რ. ბ–ს არც დედის გარდაცვალებამდე და არც მისი გარდაცვალების შემდეგ სოფელთან კავშირი არ გაუწყვეტია.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3.2. შესაგებლის თანახმად, მოპასუხემ გორის სარეგისტრაციო სამსახურში საკუთრება დაარეგისტრირა უძრავ ქონებაზე, რასაც საფუძვლად დაედო გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ..........ს ტერიტორიული ორგანოს №47, №50 და №591 საარქივო ცნობით დადასტურებული ..........ს საკომლო წიგნის ჩანაწერი. რ. ბ–მა და მისმა მემკვიდრეებმა ვერ წარმოადგინეს ისეთი სახის უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდებოდა მათი უფლება კ.ბ–ის ქონებაზე.

3.3. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით მიუთითა, რომ რ. ბ–ი არასდროს ყოფილა კ.ბ–ის კომლის წევრი და მათ შორის სამკვიდრო ქონების პრეტენდენტი. კ.ბ–ის გარდაცვალების დროს - 1998 წლის 6 აპრილს მის მთლიან ქონებას დაეუფლა მასთან მცხოვრები შვილი - ნ. ბ–ი (ლ.ბ–ის მამა), შესაბამისად, კ.ბ–ის დანაშთი სამკვიდრო ქონება გადავიდა მასზე. რ. ბ–ს კი რაიმე სახის მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მან ფაქტობრივი ფლობით მიიღო დედის - კ.ბ–ის ქონება, არ წარმოუდგენია. აღნიშნული ქონება ნ. ბ–ის გარდაცვალების შემდეგ გადავიდა ლ.ბ–ზე. უძრავი ქონება, მდებარე სოფელი ზემო .........., ს/კ ........., დაზუსტებული ფართი 2203 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი 75.94 კვ.მ., 2010 წელს საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში ლ.ბ–ის სახელზე. მოპასუხის მითითებით რ. ბ–ი მისი სიცოცხლის განმავლობაში დავობდა კ.ბ–ის მემკვიდრედ ცნობასა და ამავე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვებაზე, თუმცა მას არ დაუკმაყოფილდა არცერთი სარჩელი.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ი.ბ–ის, მ.ბ–ისა და ზ.ბ–ის სარჩელი ლ.ბ–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეებს ი.ბ–ს, მ.ბ–ს და ზ.ბ–ს მოპასუხე მხარის - ლ.ბ–ის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით სოლიდარულად დაეკისრათ ამ უკანასკნელის საადვოკატო ხარჯის - 193 ლარის ანაზღაურება. გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ლ.ბ–ს აეკრძალა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ......, მე- 2 ქუჩა №17-ში მდებარე მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ .......) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

4.2. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით, გაასაჩივრეს ი.ბ–მა, მ.ბ–მა და ზ.ბ–მა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინებით აპელანტების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

5.2. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენდა კ.ბ–ის მემკვიდრეებად ცნობა და მის კუთვნილ ქონებაზე, მოსარჩელეთა მესაკუთრედ აღრიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საკითხს წარმოადგენდა მამის - რ. ბ–ის მიერ დედის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაუფლების ფაქტი, რადგან მოსარჩელეები, როგორც რ. ბ–ის პირველი რიგის მემკვიდრეები, დავობენ ბებიის სამკვიდროსთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, რის შედეგადაც დაადგინა, რომ კ.ბ–ის გარდაცვალების დროისათვის სახეზე იყო მისი პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი - მოსარჩელეთა მამა - რ. ბ–ი, ასევე მოპასუხის მამა - ნ. ბ–ი. მხარეთა ახსნა-განმარტებითა და საქმეში არსბეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ რ. ბ–ს კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში არ მიუმართავს ნოტარიუსისთვის დედის დანაშთ ქონებაზე სამკვდროს მისაღებად. რაც შეეხება, ფაქტობრივ დაუფლებას, პალატამ მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა რ. ბ–ის მიერ დედის - კ.ბ–ის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს დაუფლება.

5.3. აღნიშნული დასკვნა პალატამ ძირითადად დააფუძნა იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესაბამისად, მოსარჩელეები მართალია მიუთითებდნენ, თუმცა ვერ დაადასტურეს, რომ რ. ბ–ი სოფელში მუდმივად არცხოვრობდა, თუმცა მასთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია და დედის გარდაცვალების შემდეგ შეუდგა დანაშთი ქონების ფლობას. აგრეთვე განკუთვნადი მტკიცებულებების წარდგენით ვერ დაადასტურეს, რომ რ. ბ–მა დედის გარდაცვალების შემდეგ შეაკეთა და გაარემონტა საცხოვრებელი სახლი, ეზოში დარგო ნარგავები, უვლიდა კარ-მიდამოს. სახელდობრ, პალატამ მიუთითა, რომ საქმეზე წარმოდგენილი საკომლო ჩანაწერების მიხედვით, სოფელ ზემო ..........ს 1993-1998 წლების მიწების განაწილების სიებში რ. პ. ძე ბ–ს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 409 მიწის ფართობი, კვარტალი №01, ნაკვეთის №057. მაგრამ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ მოხდა მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება. კერძოდ, დაუდგენელია რ. ბ–ი ადრეულ გაზაფხულზე რომელ მიწას ამუშავებდა, უშუალოდ თავის საკუთრებაში არსებულს თუ კ.ბ–ის საკუთრებაში აღრიცხულს. ასევე, საქმეზე გამოკითხული მოწმეთა ჩვენებებით არც ის ფაქტი დადასტურდა, თუ სად მდებარეობდა ის მიწის ნაკვეთი, რომელსაც მისი მეუღლის დახმარებით ამუშავებდა რ. ბ–ი, ან თუნდაც არემონტებდა მასზე აღმართულ შენობა-ნაგებობას. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაუდგენელია, მიწის განაწილების სიებში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენებულია თუ არა საცხოვრებელი სახლი და რამდენადაა შესაძლებელი, სწორედ ამ სახლის სარემონტო სამუშაოები განეხორციელებინა რ. ბ–ს და არა იმ ქონების, რომლის თაობაზეც მხარეები წარმოდგენილი სარჩელით დავობენ. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ ვერ ხდება ფაქტების იდენტიფიცირება თავად რ. ბ–ისა და მისი დედის - კ.ბ–ის მიწის ნაკვეთებისა და მათთან დაკავშირებული სადავო ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე.

5.4. სააპელაციო პალატამ დასძინა, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, მხარეებმა სადავოდ გახადეს უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათი, რომლის მიხედვითაც, 2003 წლის 26 აგვისტოდან კ.ბ–ის საკუთრებაში ირიცხებოდა ზემო ......... მდებარე უძრავი ქონება ს/კ N......(მტკიცებულება: უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათი ტ.1, ს.ფ. 48). სასამართლოს შეფასებით, ამ მიმართებითაც, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა, რომ სააღრიცხვო ბარათში მითითებული ქონება სწორედ ამჟამად სადავოდ გამხდარ ქონებას წარმოადგენდა, ვინაიდან მიწის ნაკვეთის მაიდენტიფიცირებული ნომრები განსხვავებულია, ამასთან, იდენტური არ არის მიწის ნაკვეთის ფართობი, ფუნქცია და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციაც. სააპელაციო პალატის შეფასებით, თუკი მოცემულ შემთხვევაში ერთი და იგივე ნაკვეთები იქნებოდა ლ.ბ–ი მას დაირეგისტრირებდა, როგორც სამკვიდრო მასაში შემავალი ქონება და არა როგორც საარქივო ჩანაწერის საფუძველზე მისაღებ ქონებას.

5.5. სააპელაციო პალატამ დამატებით ყურადღება მიაპყრო 1971-1975 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებსაც, რომლის თანახმად, კომლის უფროსად ჩაწერილია პ. ი. ძე ბ–ი, კომლის წევრებად ირიცხებოდნენ ბ–ი კ., ბ–ი ნ., ბ–ი ტ. (წასულია ხ–ში 8/12 1973 წლიდან), ბ–ი რ. (წასულია თ–ში 1/12 1975 წლიდან), ბ–ი ნ.. ამდენად, პალატის აზრით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ რ. ბ–ი 1975 წლიდან წასული იყო თ–ში, ხოლო მტკიცებულებები, რომელებიც დაადასტურებდა სადავო 6 თვიან პერიოდში მაგ: სამკვიდროში შემავალი საცხოვრებელ სახლში ცხოვრებას, მამკვიდრებლის უძრავ/მოძრავი ქონების დაუფლებას, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ ყოფილა.

5.6. მოსარჩელეთა იმ არგუმენტის საპასუხოდ, რომ მოპასუხე ლ.ბ–ი არ იყო არცერთი კომლის შემადგენლობაში და მისი დარეგისტრირება მოხდა მხოლოდ მოგვიანებით მას შემდეგ, რაც გაუქმებული იყო კომლის ინსტიტუტი, პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეებს აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის მიმართ არ გააჩნდათ ნამდვილი იურიდიული ინტერესი, ვინაიდან იმ შემთხვევაშიც კი, თუკი გაუქმდებოდა ლ.ბ–ის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე, მათ შორის თუნდაც იმ საფუძვლით, რომ დარღვევით მოხდა ლ.ბ–ის მესაკუთრედ რეგისტრაცია საკომლო ჩანაწერების საფუძველზე (აღნიშნულზე უკვე იყო დავა ადმინისტრაციული წესით, თუმცა არ დაკმაყოფილდა რ. ბ–ის მოთხოვნები), აღნიშნული არ წარმოშობდა მოსარჩელეთა უფლებას სადავო უძრავი ქონების სრულად ან ნაწილობრივ დარეგისტრირების თაობაზე, რადგან, საქმის მასალებით ვერ დადგინდა რ. ბ–ისა და მისი მემკვიდრეების მიერ მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ფაქტი.

5.7. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით ასევე, იმსჯელა მოსარჩელეთა პროცესუალურსამართლებრივ შედავებაზეც, რომელიც შეეხებოდა შესაგებლის ვადის დარღვევით წარმოდგენისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიუღებლობის საკითხს. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის - ლ.ბ–ის ძმამ - რ. ბ–მა, სარჩელი და თანდართული მასალები ჩაიბარა 2021 წლის 26 ივლისს (ტ.1, ს.ფ. 143) აღნიშნულზე თავად ლ.ბ–მაც მიუთითა შესაგებელში. შესაგებელი წარმოდგენილია 2021 წლის 4 აგვისტოს - ჩაბარებიდან მე-9 დღეს, შესაბამისად, დარღვეული არ იყო შესაგებლის წარმოდგენის ვადა (იხ. შესაგებელი, ტ.1, ს.ფ. 146-157). თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად, უფლება ჰქონდა, მიუხედავად შესაგებლის არარსებობისა, ჩაენიშნა საქმის ზეპირი მოსმენა და არსებითად ემსჯელა მოცემულ საქმეზე.

5.8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი.ბ–მა, მ.ბ–მა და ზ.ბ–მა, რომლემაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

6. კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორები პრეტენზიას გამოთქვამენ გასაჩივრებული განჩინების მე-9 პუნქტთან მიმართებით, სადაც სასამართლო საუბრობს სააღრიცხვო ბარათში მითითებულ ქონებასა და სადავო ქონებას შორის იდენტურობის დადგენის შეუძლებლობაზე და აცხადებს, რომ მათი იგივეობის შემთხვევაში, მოპასუხე ქონებას დაირეგისტრირებდა, როგორც სამკვიდრო მასაში შემავალს და არა საარქივო ჩანაწერის საფუძველზე მოპოვებულ საკუთრებას. ამ მიმართებით საკასაციო საჩივარი შემოიფარგლება მხოლოდ სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლების ციტირებით, რომლის მიხედვითაც კასატორები კვლავაც აცხადებენ, რომ ლ.ბ–ს ქონება მითვისებული აქვს უკანონოდ, ხელოვნურად შექმნილი და გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე. მათი აზრით, მოპასუხემ შეძლო და კომლში ჩაწერა განახორციელა მაშინ, როდესაც კომლში ჩაწერის ინსტიტუტი აღარ არსებობდა, საკომლო ჩანაწერის საფუძველზე კი, გაიცა საარქივო ამონაწერი. კასატორთა აზრით, ვინაიდან კ.ბ–ს ჰყავდა პირველი რიგის მემკვიდრეები - შვილები, სამკვიდრო სწორედ მათზე უნდა განაწილებულიყო, ლ.ბ–ზე კი უნდა გადასულიყო მხოლოდ მისი მამის - ნ–ის, კუთვნილი წილი და არა კ.ბ–ის მთელი სამკვიდრო.

6.2. კასატორთა მტკიცებით, ისინი სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობას ითხოვენ იმ საფუძვლით, რომ კ.ბ–ის გარდაცვალების შემდგომ ფაქტობრივად დაეუფლნენ მამკვიდრების ქონებას. საქმეზე გამოკითხული მოწმეები და გამოსახლების ოქმი ადასტურებს, რომ რ. ბ–ი დედის გარდაცვალებისთანავე შეუდგა სამკვიდრო ქონების ფლობას, მიუხედავად იმისა, რომ იგი თავისი ოჯახით ცხოვრობდა და მსახურობდა თბილისში, მას არასოდეს დაუკარგავს კავშირი სოფელთან. პირიქით, იმ მიზნით, რომ თავის ოჯახს დასვენების შესაძლებლობა ჰქონოდა სოფელში დედის გარდაცვალების შემდეგ, შეაკეთა და გაარემონტა საცხოვრებელი სახლი, ეზოში დარგა ნარგავები, ზაფხულობით თავის ოჯახთან ერთად სისტემატიურად დადიოდა სოფელში, უვლიდა კარ-მიდამოს. რ. ბ–ს არც დედის გარდაცვალებამდე და არც მისი გარდაცვალების შემდეგ სოფელთან კავშირი არ გაუწყვეტია.

6.3. კასატორები პრეტენზიას გამოთქვამენ, სააპელაციო პალატის იმ დასკვნაზეც, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეებს პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით არ გააჩნიათ ნამდვილი იურიდიული ინტერესი. ამ მიმართებით, კასატორები კვლავაც ახდენენ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის ციტირებას და აცხადებენ, რომ ლ.ბ–ის ჩაწერა კომლის წევრად უკანონოდ მოხდა, მან ქონება დაირეგისტრირა, როგორც კ.ბ–ის შვილიშვილმა. კასატორთა მტკიცებით, არსებობდა რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან მას სამკვიდრო არ მიუღია კანონით დადგენილ ვადაში.

6.4. კასატორებს წარმოდგენილი აქვთ პროცესუალურსამართლებრივი შედავებაც, რომელიც მოპასუხის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობას მიემართება. მათი მტკიცებით, არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, თუმცა არათუ არ მოხდა ამგვარი სასამართლო აქტის მიღება, არამედ სასამართლომ მოპასუხეს 2021 წლის 7 დეკემბერს მისცა შესაძლებლობა საქმეზე წარმოედგინა მტკიცებულებები, რამაც შელახა მხარეთა შეჯიბრებითობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებები.

6.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, ი.ბ–ის, მ.ბ–ისა და ზ.ბ–ის, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის მართებულად გადანაწილებით, სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის უზრუნველყოფილ იქნა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციურ პრინციპზე დაყრდნობით საქმის გამოკვლევა და შესწავლა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-5 მუხლები). სააპელაციო სასამართლომ კანონის შესაბამისად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წანამძღვრები და სამართლებრივად, არსებითად სწორად შეაფასა, ხოლო კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მეტიც, საკასაციო საჩივარი ძირითადად შეიცავს გასაჩივრებული განჩინების პასაჟების ციტირებას და არა კასატორების არგუმენტირებულ შედავებას მასში დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, ამ საქმეზე, დადგენილად მიიჩნევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიქსირდება ექვსი ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერი, რომლებშიც დედის გრაფაში მითითებულია კატიუშა ილიას (ილოს) ასული ბ–ი. კ.ი. ასული ბ–ის შვილები არიან: ნ.ი პ.ს ძე ბ–ი, ტ. პ.ს ძე ბ–ი, ნესტამბერი პ.ს ძე ბ–ი, რ. პ.ს ძე ბ–ი, გიორგი პ.ს ძე ბ–ი და ნ. პ.ს ასული ბ–ი (ტომი I, ს.ფ. 94, 75, 103-105);

- პ. ბ–ი გარდაიცვალა 1977 წლის 10 მარტს, ხოლო კ.ბ–ი - 1998 წლის 6 აპრილს (ტომი I, ს.ფ. 72-73, 55-56);

- მოსარჩელეები არიან რ. ბ–ის შვილები - ი.ბ–ი და ზ.ბ–ები, ასევე მეუღლე - მ.ბ–ი (ტომი I, ს.ფ. 76, 92, 93);

- რ. ბ–ი გარდაიცვალა 2020 წლის 8 ნოემბერს. რ. ბ–ის მშობლებს წარმოადგენდნენ - პ. ბ–ი და კ.ბ–ი (ტომიI, ს.ფ. 74,75);

- ნ. ბ–ი გარდაიცვალა 1998 წლის 10 ოქტომბერს. ნ. ბ–ის მშობლებს წარმოადგენდნენ - პ. ბ–ი და კ.ბ–ი (ტომი I, ს.ფ. 57-58; 99);

- ლ.ბ–ი ნ. ბ–ის შვილია;

- გ. ბ–ი გარდაიცვალა 1992 წლის 8 დეკემბერს (ტომი I, ს.ფ. 102);

- ტ. ბ–ი გარდაიცვალა 2006 წლის 23 ივლისს (ტომი I, ს.ფ. 100);

- ნ. ბ–ი გარდაიცვალა 2017 წლის 18 იანვარს (ტომი I, ს.ფ. 101);

- 1971-1975 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების თანახმად, კომლის უფროსად ჩაწერილია პ. ი. ძე ბ–ი, კომლის წევრებად ირიცხებიან ბ–ი კ., ბ–ი ნ., ბ–ი ტ. (წასულია ხ–ში 8/12 1973 წლიდან), ბ–ი რ. (წასულია თ–ში 1/12 1975 წლიდან), ბ–ი ნ.. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი აგებული 1900 წელს, ფართი მითითებული არ არის და 0,26ჰა მიწის ფართობი. საზოგადოებრივი ჯგუფი - მუშა, პირადი რეგისტრაციის ნომერი 206. 1976-1978 წლებში კომლის უფროსად ჩაწერილია პ. ი. ძე ბ–ი (გარდაიცვალა 10/03 1977 წელს), კომლის წევრებად ირიცხებიან ბ–ი კ. (ოჯახის უფროსი), ბ–ი ნ. (წასულია ქ. გ–ში სამუშაოდ 1975 წელს), ბ–ი ნ. (გათხოვილია 15/02 1977 წელს). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,26ჰა მიწის ფართობი. საცხოვრებელი სახლის ფართის შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა. პირადი რეგისტრაციის ნომერი 292. 1980-1982 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ჩაწერილია კ.ი. ასული ბ–ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 80 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი აგებული 1968 წელს და 0.2 ჰა. მიწის ფართობი. პირადი რეგისტრაციის ნომერი 300. 1983-1995 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია კ.ი. ასული ბ–ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხება ვაჟიშვილი - ნ.პ. ძე ბ–ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 80 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 0.2 ჰა. მიწის ფართობი. პირადი რეგისტრაციის ნომერი 283. 1996-2007 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია კ.ი. ასული ბ–ი, გარდაცვლილი 06/04.1998 წელს. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ბ–ი ნ. (გარდაცვლილია 10.10.1998 წ.); ბ–ი ლ. - ოჯახის უფროსი, სხვა ინფორმაცია მითითებული არ არის. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 80 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 0.22 ჰა. მიწის ფართობი, პირადი რეგისტრაციის №260. სოფელ ზემო ..........ს 1993-1998 წლების მიწების განაწილების სიებში რ. პ. ძე ბ–ს პირად საკუთრებაში ერიცხება 409 მიწის ფართობი. კვარტალი №01, ნაკვეთის №057 (ტომი I, ს.ფ. 26-27, 61);

- საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2017 წლის 21 ივნისს გაცემული ცნობის თანახმად, კომლის წევრების შესახებ ინფორმაცია მითითებულია 1951 წლიდან. მათ შორის კომლის ერთ-ერთ წევრად 1951-1971 წლების ჩანაწერში ფიქსირდება ნესტამბერ ბ–ი და რ. ბ–ი, თუმცა 1971-1975 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერში რ. ბ–ზე მითითებულია, რომ იგი წასულია ქ.თბილისში 1975 წლიდან, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი საკომლო ჩანაწერებში აღარ ფიგურირებს. 1976-2007 წლების საკომლო წიგნებში რ. პ. ძე ბ–ის კომლის და მის სახელზე რიცხული ქონების შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა, ხოლო ..........ს თემის საკრებულოს 1993-1998 წლების მიწების განაწილების სიებში მასზე ირიცხება 409 კვ.მ. მიწის ფართობი 057, კვარტალი 01, 1170 კვ.მ. მიწის ფართობი №174, კვარტალი 02. 1996-1998 წლების მიწის გადამხედლთა აღრიცხვის წიგნებში რ. ბ–ის სახელზე რიცხული მიწის ფართობის შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდება. 1974-1977 წლების გაყრილობის განაჩენების საარქივო ჩანაწერებიდან ასევე არ ფიქსირდება ინფორმაცია კომლის გაყოფის შესახებ, ხოლო მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტები გორის არქივში დაცვაზე არ იყო შესული. ამავე ჩანაწერების თანახმად, ლ.ბ–ი, როგორც კომლის უფროსი ფიქსირდება 1996-2007 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებში, რადგან იმ დროისთვის გარდაცვლილი იყო როგორც კ.ბ–ი, ასევე ნ. ბ–ი. ასევე, 1986-1995 წლების საკომლო წიგნებში, 1993-1998 წლების მიწის განაწილების სიებში და 1996-1998 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის წიგნებში ლ.ბ–ის კომლისა და მის სახელზე რიცხული მიწის ფართობის შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდება, ხოლო მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები გორის არქივში დაცვაზე არ იყო შესული (ტომი I, ს.ფ. 30-48, 61);

- უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათის თანახმად, 2003 წლის 26 აგვისტოდან კ.ბ–ის საკუთრებაში ირიცხება ზემო ......... მდებარე უძრავი ქონება ს/კ N.......(ტომი I, ს.ფ. 48);

- №591 საარქივო ამონაწერის (..........ს თემის რწმუნებული, დამოწმების თარიღი: 2009 წლის 5 ნოემბერი) თანახმად, გორის არქივში დაცული ..........ს თემის საკრებულოს სოფელ ზ...........ს 1996-2007 წლების საარქივო დოკუმენტებით დასტურდება, რომ ზ. ..........ს 1996-2007 წლების საკომლო წიგნებში ოჯახის უფროსად აღრიცხული არის ბ–ი კ.ი. ასული დაბადებული 5/VIII 1922 წელს, რომელიც გარდაიცვალა - 1998 წლის 6/IV. აქტი №4. კომლთა სიაში უწერია: 1. შვილი ბ–ი ნ.პ. ძე დაბადებული 8/I 1948 წელს, რომელიც გარდაიცვალა 10.10.1998 წელს (აქტის ნომერი მითითებული არ არის). 2. ბ–ი ლ. (მამის სახელი არ არის მითითებული) დაბადებული 04.01.1985 წელს. სახლის აგების წელი უწერია 1968 წელი, საერთო სასარგებლო ფართი 80 კვ.მ. სულ მიწა 0.22. პირადი რეგისტრაციის №260, 1986-1990 წლებში საზოგადოებრივი ჯგუფი უწერია კოლწევრი. 1991-2007 წლებში საზოგადოებრივი ჯგუფი მითითებული არ არის. საფუძველი - ფონდი №249, საქმე №14, 21 გვერდი 5,6(ტომი I, ს.ფ. 61);

- ..........ს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული №50 ცნობის თანახმად, ცნობა გაიცა ლ.ბ–ზე მასზედ, რომ იგი აღრიცხული იყო სოფ. ზემო ......... ცალკე კომლად და მისი კომლი შედგებოდა ერთი წევრისგან, თვით ლ.ბ–ისგან (ტომი I, ს.ფ. 59);

- ..........ს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული №47 ცნობის თანახმად, აღნიშნული ცნობა ეძლევა ლ.ბ–ს მასზედ, რომ გორის არქივში არსებული საკომლო წიგნის ჩანაწერებით იგი ..........ს ტერიტორიულ ორგანოში შემავალ სოფ. ზემო ......... აღრიცხულია ცალკე კომლად, უწერია 0.22 ჰა. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. მასზე განთავსებულია 80მ2 საცხოვრებელი ბინა, რომელიც აშენებულია 1968 წელს. აღნიშნულ კომლში მის აღრიცხვამდე ოჯახის უფროსს წარმოადგენდა მისი ბაბო - კ.ბ–ი, ხოლო ამ უკანასკნელის 1998 წლის 6 აპრილს გარდაცვალების შემდეგ - ლ.ბ–ის მამა - ნ. ბ–ი, რომელიც გარდაიცვალა 1998 წლის 10 ოქტომბერს. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ კომლის უფროსად აღრიცხულია მისი შვილი - ლ.ბ–ი. საფუძველი - საკომლო წიგნი (ტომი I, ს.ფ. 60);

- 2010 წლის 22 აპრილს ლ.ბ–მა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკუთრების უფლების დარეგისტრირების მიზნით (ტომი I, ს.ფ. 51, 62-71);

- საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ......... მდებარე უძრავი ქონება, მე-2 ქუჩა N17 საკადასტრო კოდი: ........, საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოპასუხე ლ.ბ–ის სახელზე. უძრავი ქონების რეგისტრაციის თარიღია 2010 წლის 6 მაისი. ამონაწერის თანახმად, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენს: 1. ცნობა №50, დამოწმების თარიღი - 2010 წლის 9 მარტი, ..........ს თემის რწმუნებულება, 2. საარქივო ამონაწერი №591 სსიპ საქართველოს არქივის გორის არქივი, დამოწმების თარიღი 2009 წლის 5 ნოემბერი, 3. ცნობა №47, დამოწმების თარიღი 2010 წლის 24 თებერვალი, ..........ს თემის რწმუნებული (ტომი I, ს.ფ. 70-71, 79-80, 87, 90-91);

- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 1998 წლის 6 აპრილს გარდაცვლილი კ.ბ–ის სამკვიდრო ქონების თაობაზე. ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი 1998 წლის 6 აპრილს გარდაცვლილი კ.ბ–ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე (ტომი I, ს.ფ. 77-78);

- სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ 2020 წლის 29 დეკემბრის დადგენილებით, მოსარჩელე ი.ბ–ს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის საფუძველზე (სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი 6 თვიანი ვადის გაშვება) უარი ეთქვა ბებიის - კ.ბ–ის დანაშთი ქონების მემკვიდრეობით მიღებაზე (ტომი I, ს.ფ. 89-90);

- შპს „უ.ქ.ე–ის“ 2021 წლის 28 იანვრის №21/01-28/11 დასკვნის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე: გორი, სოფელი .........., ს/კ ......., საბაზრო ღირებულება შეადგენს - 29 000 ლარს (ტომი I, ს.ფ. 82-87);

- 2012 წლის 3 ივლისით დათარიღებული საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილების მიხედვით, შსს გორის რაიონული სამმართველოს N4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ რ. ბ–ი გაფრთხილებული იქნა პირადად, რომ იგი მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ცხოვრობდა მის სახლში და რომ შეეწყვიტა ხელყოფა ან წარმოედგინა ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ 2012 წლის 11 ივლისს შედგა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ოქმი გორის რაიონის სოფელ ზემო ........., რომლის მიხედვითაც რ. ბ–ი მიჩნეული იქნა ხელმყოფ პირად, რაც გამოიხატა გორის რაიონის, სოფელ ზემო ......... მდებარე - ლ.ბ–ის საცხოვრებელ სახლში მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ცხოვრებით (ტომი I, ს.ფ. 49-51);

11. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენს კ.ბ–ის მემკვიდრეებად ცნობა და მის კუთვნილ ქონებაზე, მდებარე - გორი, სოფელი .........., ს/კ ......, 1/6 წილის მესაკუთრედ ცნობა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია კასატორთა მამის - რ. ბ–ის მიერ დედის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაუფლების ფაქტი, რადგან მოსარჩელეები, როგორც რ. ბ–ის პირველი რიგის მემკვიდრეები, დავობენ ბებიის სამკვიდროსთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებულია მემკვიდრეობის ორი სახე - კანონით მემკვიდრეობა და ანდერძით მემკვიდრეობა, რომლებიც თავისი სპეციფიკურობით ხასიათდებიან. სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სამკვიდროს მიღების წესი ერთნაირია როგორც კანონით, ისე ანდერძით მემკვიდრეობის დროს და იგი შეიძლება მიღებულ იქნეს სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობითა და მართვით. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში, რომელშიც მამკვიდრებელი ცხოვრობდა, განიხილება სამკვიდროს მიღებად, რამდენადაც მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა გარდაცვლილის ნივთების ფლობას. ამდენად, სამემკვიდრეოსამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება უკავშირდება არა მარტო სამკვიდროს გახსნის მომენტს (სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღეს სსკ-ის 1319-1320-ე მუხლები), არამედ მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედების შესრულებას. მართალია, კანონის თანახმად, სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრება ხდება მისი გახსნის მომენტიდან (სსკ-ის 1433-ე მუხლი), მაგრამ, აუცილებელია, მემკვიდრემ კანონით დადგენილ ექვსთვიანი ვადის დაცვით შეასრულოს სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედება (სსკ-ის 1424-ე მუხლი). სამკვიდროს მიღების წესი დადგენილია სსკ-ის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლის მიხედვითაც მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებას ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი (შდრ. სუსგ №ას-283-268-2017, 07.07.2017).

12. სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვა, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (შდრ. სუსგ. #ას-283-268-2017, 07.07.2017; #ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ; #ას-203-193-2016, 02.06.2016; #ას-972-921-2015, 15.12.2015წ; #ას-482-455-2012, 31.05.2012წ).

13. ზემოხსენებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა წარმატებული იქნებოდა, თუ ისინი რ. ბ–ის მიერ დედის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაუფლების ფაქტს დაადასტურებდნენ, ვინაიდან ისინი არ წარმოადგენენ კ.ბ–ის პირველი რიგის მემკვიდრეებს. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელეები მამკვიდრებლის შვილიშვილები არიან, რ. ბ–ის (კ.ბ–ის შვილი) პირველი რიგის მემკვიდრეები.

14. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ვერ დასტურდება მოსარჩელეთა მამკვიდრებლის მიერ, დედის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადის დაცვით, სამკვიდრო ქონების დაუფლების ფაქტი. სახელდობრ, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ გაკეთებულ იმ სამართლებრივ შეფასებას, რომ სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების შინაარსი არ იძლევა იმ ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადასტურების საფუძველს, რომ რ. ბ–ი, დედის კ.ბ–ის გარდაცვალებიდან 6 თვეში დაეუფლა მის სამკვიდროში შემავალ ქონებას. კერძოდ, მოწმე მ.ქ–ის ჩვენების ანალიზით დასტურდება, რომ მოწმე უშუალოდ არ შესწრებია რ. ბ–ის მიერ სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, ასევე დაადასტურა, რომ კ.ბ–ის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში ამ უკანასკნელის სახლში სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. რაც შეეხება მიწის დამუშავებას, მოწმემ ვერ დაადასტურა რომელ მიწის ნაკვეთს ამუშავებდა რ. ბ–ი (თავის საკუთრებაში არსებულს თუ დედის სამკვიდროში შემავალს), ასევე მოწმის ჩვენებით გამოიკვეთა, რომ მიწის დამუშავება ადრეულ გაზაფხულზე ხდებოდა, აღნიშნული მას ახსოვს იმიტომ, რომ მიწის დამუშავებაში მისი მეუღლე ეხმარებოდა რ. ბ–ს. იმის გათვალისწინებით, რომ კ.ბ–ი გარდაიცვალა 1998 წლის აპრილის თვეში, წესით, ადრეული საგაზაფხულო სამუშაოები რ. ბ–ს მომდევნო წლის - 1999 წლის გაზაფხულზე უნდა ჩაეტარებინა. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ მართალია მოწმის მითითებით რ. ბ–ი და მისი ოჯახი ზაფხულობით ერთი კვირით მაინც ჩადიოდნენ სოფელში დასასვენებლად, თუმცა ეს იყო ზოგადი განმარტება და მოწმეს არ მიუთითებია უშაულოდ 1998 წლის ზაფხულის პერიოდზე, რომელიც წარმოადგენს სამკვიდროს დაუფლების 6 თვიანი პერიოდის შემადგენელ ნაწილს. მოსარჩელეთა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების საპირისპიროდ მოქმედებს საქმეში წარმოდგენილი საკომლო ჩანაწერებიც, რომელთა მიხედვით დგინდება, რომ სოფელ ზემო ..........ს 1993-1998 წლების მიწების განაწილების სიებში რ. პ. ძე ბ–ს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა მიწის ფართობი 409. კვარტალი №01, ნაკვეთის №057. შესაბამისად, საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი ძალიან ფორმალური არგუმენტები, რაც მხოლოდ ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოში დაფიქსირებული ზოგადი მოსაზრებების ციტირებას მოიცავს და არ ასახავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებებთან მიმართებით რელევანტურ შედავებას, დასაბუთებულ არგუმენტაციად განხილული ვერ იქნება. ამდენად, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას არ გაიზიაროს გასაჩივრებულ განჩინებაში გაკეთებული დასკვნა, სადავო უძრავი ქონებისა და კასატორთა მამკვიდრებლის პირად საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების იდენტიფიცირების შეუძლებლობის შესახებ. საკასაციო პალატა კასატორებს განმეორებით განუმარტავს, რომ სადავო ქონების საკომლო ქონებაში არსებობის, მისი სამკვიდრო მასასთან იდენტურობისა და რ. ბ–ის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ გარემოებები მოსარჩელეთა სამტკიცებელ გარემოებებს წარმოადგენდა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საქმეზე წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ქმნის მის მიერ სამკვიდრო ქონების რეალურად დაუფლების გონივრულ ვარაუდს, არამედ პირიქით, წარმოშობს ეჭვს მითითებული ფაქტობრივი გარემოების მართებულობის დადგენის ნაწილში, რა თქმა უნდა, მოწმეთა ზოგადი ჩვენებები მოსარჩელეთა მტკიცების ტვირთის დაძლევის სასარგებლოდ გაზიარებული ვერ იქნება. ამ მსჯელობას, ამყარებს საქმის მასალებში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებებიც, კერძოდ: გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე - №3/35-11), სადაც სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ლ.ბ–ის სახელზე განხორციელებული საკომლო ჩანაწერისა და ლ.ბ–ის საკუთრების უფლების ს/კ …… უძრავ ნივთზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, რ. ბ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ბათილად იქნება ცნობილი ლ.ბ–ის საკუთრების უფლება, რ. ბ–ი სადავო ქონებაზე უფლებამოსილ პირად მაინც ვერ ჩაითვლება, რადგან კ.ბ–ის დანაშთი ქონება, მთლიანად გადავიდა ნ. ბ–ის საკუთრებაში ფაქტობრივი ფლობით, ხოლო ამ უკანასკნელის პირველი რიგის მემკვიდრე, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლისა მისი შვილი - ლ.ბ–ია (ტომი I, ს.ფ. 185-188). ასევე, გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე - №3/205-17), სადაც რ. ბ–ის მოთხოვნას წარმოადგენდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 03.04.2017წ. და 26.06.2017წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება, არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნა, რომ კომლის შესახებ დაცული მონაცემებით ვერ დგინდება მოსარჩელის მართლზომიერი მფლობელობა და აქედან გამომდინარე, მართლზომიერი მოთხოვნის უფლება ლ.ბ–ის ამჟამად კუთვნილ უძრავ ქონებაზე (ტომი I, ს.ფ. 189-203); გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს მიეთითებინათ მათი მამკვიდრებლის მიერ დედის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში, რაიმე კონკრეტული მოძრავი ნივთის ფაქტობრივი დაუფლების შესახებ, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკით ასევე, წარმოადგენს სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენის საფუძველს (იხ. სუსგ-ებს: №ას-923-2022, 22 თებერვალი, 2024 წელი; № ას-1449-2023, 09 თებერვალი, 2024 წელი; №ას-167-2021, 28 თებერვალი, 2023 წელი; №ას-134-2022, 6 ივნისი, 2022 წელი).

15. გარდა ზემოაღნიშნულისა, ხელშეშლის აღკვეთის ოქმი, რომელიც კასატორთა აპელირებით, ასევე წარმოადგენს სამკვიდრო ქონების დაუფლების დამადასტურებელ მტკიცებულებას, არათუ მათ სასარგებლო პოზიციას ამყარებს, არამედ შესაძლებელია წინააღმდეგობაშიც კი მოდიოდეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, ვინაიდან ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილება შედგენილია 2012 წლის 3 ივლისს, ხელშეშლის აღკვეთის ოქმი კი ამავე წლის 11 ივლისს მაშინ, როდესაც სამკვიდრო გაიხსნა 1998 წლის 6 აპრილს. საკასაციო პალატა უთითებს, რომ 1998 წლიდან 2012 წლამდე 14 წელია გასული და ამდენი წლის შემდგომ ხელშეშლის აღკვეთის ოქმის შედგენა უფრო მეტ გონივრულ ვარაუდს ქმნის, რომ ამ დრომდე პირს, რომელიც მოპასუხის სახელზე რიცხულ ქონებას ფლობდა არ უსარგებლია დასახელებული ქონებით, ვიდრე პირიქით. შესაბამისად, გასაზიარებელია გასაჩივრებულ განჩინებაში მოყვანილი მსჯელობა, რომ თავად მხარის განმარტებითაც კი არ დასტურდება სადავო ქონების უწყვეტად ფლობა, რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, რომ ემსჯელა გამოსახლებამდე ფლობის უწყვეტობის ხასიათზე. კასატორთა არგუმენტების საწინააღმდეგოდ მეტყველებს საქმის მასალებში წარმოდგენილი 1971-1975 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებიც, რომლის თანახმად, კომლის უფროსად ჩაწერილია პ. ი. ძე ბ–ი, კომლის წევრებად ირიცხებიან ბ–ი კ.ა, ბ–ი ნ., ბ–ი ტ. (წასულია ხ–ში 8/12 1973 წლიდან), ბ–ი რ. (წასულია თბილისში 1/12 1975 წლიდან), ბ–ი ნ.. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ რ. ბ–ი 1975 წლიდან წასულია თბილისში, ხოლო მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა სადავო 6 თვიან პერიოდში სამკვიდროში შემავალ საცხოვრებელ სახლში ცხოვრებას, მამკვიდრებლის უძრავ/მოძრავი ქონების დაუფლებას, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რაც მართებულად გახდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

16. რაც შეეხება პირველ სასარჩელო მოთხოვნას, საკომლო წიგნის საფუძველზე სსიპ საქართველოს არქივის გორის არქივის მიერ 05.11.2009წ. №591 გაცემული საარქივო ამონაწერის, ცნობა №50-ისა და ცნობა №47-ის ბათილად ცნობის შესახებ, საკასაციო პალატა არ მიიჩნევს საჭიროდ იმსჯელოს მის დასაბუთებულობაზე, რადგან საკასაციო პალატის ზემოთგანვითარებული მსჯელობა სრულად გამორიცხავს კასატორთა ნამდვილი იურიდიული ინტერესის არებობას, როგორც ეს გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით. სრულიად მართებულია სააპელაციო პალატის ის დასკვნა, რომ განსახილველ საქმეზე ვერ დადგინდა მოსარჩელეთა უფლება სადავო უძრავი ქონების მიმართ, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნით გათვალისწინებული დოკუმენტების გაბათილების შემთხვევაშიც, საბოლოოდ ვერ მიიღწევა ის მიზანი, რაც მოსარჩელეებს გააჩნიათ - სადავო ქონებაზე მემკვიდრეობის უფლების მოპოვება. გარდა ამისა, ამავე მოთხოვნის თაობაზე უკვე ნამსჯელი აქვს გორის რაიონულ სასამართლოს საქმეზე N3/35-11, რომლის 20.09.2011 წლის გადაწყვეტილებითაც რ. ბ–ის მოთხოვნა აქტების ბათილობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

17. წარმატების პერსპექტივა არ აქვს საკასაციო საჩივარში კასატორთა მიერ გაცხადებულ პროცესუალურსამართლებრივ პრეტენზიასაც, ვინაიდან დოკუმენტურადაა დადასტურებული საქმეზე მოპასუხის მიერ შესაგებლის ვადაში წარდგენის ფაქტი, რაც ამ არგუმენტზე შემდგომი მსჯელობის განვითარების ირელევანტურობას ცხადყოფს (მოპასუხის - ლ.ბ–ის ძმამ - რ. ბ–მა სარჩელი და თანდართული მასალები ჩაიბარა 2021 წლის 26 ივლისს (ტ.1, ს.ფ. 143) აღნიშნულზე თავად ლ.ბ–მა მიუთითა შესაგებელში. შესაგებელი წარმოდგენილია 2021 წლის 4 აგვისტოს - ჩაბარებიდან მე-9 დღეს, შესაბამისად, დარღვეული არ არის შესაგებლის წარმოდგენის ვადა (იხ. შესაგებელი, ტ.1, ს.ფ. 146-157)).

18. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.

19. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

20. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

21. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ, საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში, მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ბ–ის, მ.ბ–ისა და ზ.ბ–ის საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ი.ბ–ს, მ.ბ–სა და ზ.ბ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეთ ი.ბ–ის მიერ 18/10/2024წ. №48569811, საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის - 70% 210 ლარი; შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი