საქმე №ას-1209-2024 7 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ.ბ–ი (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ბ–ი (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, აპელანტი)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება, ზიანის ანაზღაურება (ძირითად სარჩელში), თანხის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.07.2024წ. განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.02.2024წ. გადაწყვეტილება, რომლითაც:
1.1.ნ.ბ–ის (შემდეგში - მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი ზ.ბ–ის (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) მიმართ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. უძრავ ნივთზე, მდებარე გარდაბანი, სოფ........., ს.კ:N.........., დაზუსტებული ფართობი - 2634კვ.მ, მასზე განთავსებული შენობა ნაგებობები N1, N2; ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო სამეურნეო, (თანამესაკუთრეები: მოსარჩელე - 2/3 წილი, მოპასუხე - 1/3 წილი) საზიარო უფლება გაუქმდა საგნის აუქციონზე გაყიდვის (რეალიზაციის) გზით და ამონაგები თანხის მხარეთა წილების შესაბამისად განაწილება დადგინდა;
1.2.სარჩელი, ზიანის ანაზღაურების ნაწილში, უარყოფილი იქნა;
1.3.შეგებებული სარჩელი, თანხის დაკისრების თაობაზე, უარყოფილი იქნა;
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მხარეთა თანასაკუთრებაშია N......... საიდენტიფიკაციო კოდზე რეგისტრირებული უძრავი ნივთი, მდებარე გარდაბანი, სოფ.......... (დაზუსტებული ფართი - 2634,00კვ.მ. და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1; N2). თანასაკუთრების 2/3 ნაწილი რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლებით, ხოლო 1/3 ნაწილი - მოპასუხის; ქონება მხარეებმა მემკვიდრეობით მიიღეს. მოსარჩელე მოპასუხის მამის - გარდაცვლილი თ. ბ–ის ძმაა.
2.2. სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში - ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) 17.10.2022წ. N007143722 დასკვნის შესაბამისად უძრავი ქონების გამიჯვნა ორ იზოლირებულ ნაწილად 1/3 და 2/3 წილების შესაბამისად, დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულებად შეუძლებელია. თუმცა, ტექნიკურად, შესაძლებელია უძრავი ქონების იზოლირებულად დაყოფა, გამოყოფილი ნაწილების დანიშნულებრივი ღირებულების შემცირების გარეშე, რა შემთხვევაშიც 156.20კვ.მ შენობიდან 1/3 წილის მესაკუთრეს შესაძლებელია გამოეყოს 52.07კვ.მ ფართი (დანართი N6 ყვითელი ფერით აღნიშნული), ხოლო 2/3 წილის მესაკუთრეს - 104.13კვ.მ ფართი (დანართი N6 ლურჯი ფერით აღნიშნული). განაშენიანებისაგან თავისუფალი 2479კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 1/3 წილის მესაკუთრეს შესაძლებელია გამოეყოს 826კვ.მ მიწის ნაკვეთი (დანართი N7 ყვითელი ფერით აღნიშნული), ხოლო 2/3 წილის მესაკუთრეს - 1653 კვ.მ მიწის ნაკვეთი (დანართი N7 ლურჯი ფერით აღნიშნული). ასეთი გაყოფის შემთხვევაში, საჭირო იქნება დანართ N6-ზე წითელი ფერით აღნიშნული ტიხრის, კარებისა და ფანჯრის ღიობების ამოშენება და ახლის მოწყობა. ასევე, ყვითელი ფერით გამოყოფილ ფართში მეორე სართულზე ასასვლელი კიბის და სველი წერტილების მოწყობა, ხოლო ლურჯი ფერით გამოყოფილ ფართში კიბის რეკონსტრუქცია მეორე სართულზე ასასვლელად;
2.3. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 31.05.2023წ. N5003399823 დასკვნის შესაბამისად მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებში, მოსარჩელის ფაქტობრივ სარგებლობაშია 912კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო შენობიდან 38.88კვ.მ ფართი; მოპასუხის ფაქტობრივ სარგებლობაშია 1159კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო შენობიდან 121.38კვ.მ ფართი. ფაქტობრივად თანამესაკუთრეებს საერთო სარგებლობაში აქვთ 563 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო შენობიდან 51.85კვ.მ ფართი;
2.4. მოსარჩელემ წარმოადგინა 04.07.2023წ. შეფასების დასკვნა, რომლის შესაბამისად მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 1/3 ნაწილის (შეგებებული სარჩელის ავტორის მფლობელობაში არსებული ფართი) ყოველთვიური იჯარის საბაზრო ღირებულება 05.07.2013-04.07.2023წწ. შეადგენს 22 968 ლარს. ამავე დასკვნის თანახმად, 2014-2019წწ.-ში შესაფასებელი ქონების ყოველთვიური იჯარის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 184 ლარით; 2020-2021წწ.-ში - 158 ლარით, 2022წ. - 237 ლარით, ხოლო 2023 წლიდან - 330 ლარით;
3. მოსარჩელემ, საზიარო საგნის აუქციონეზე რეალიზაცია და ამონაგები თანხის 2/3 ნაწილის მიკუთვნება, ასევე, მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მოსარჩელის წილი უძრავი ქონების ფლობისა და სარგებლობისათვის ყოველთვიური საიჯარო ქირის სახით, ჯამურად, 22 968.00 ლარის, ხოლო 2023წ. აგვისტოდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ყოველთვიურად, 330 ლარის მოპასუხეზე დაკისრება მოითხოვა. მოპასუხემ კი, შეგებებული სარჩელით სადავო უძრავი ნივთის გაუმჯობესების ხარჯის - 37 230 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
4. საზიარო უფლების გაუქმების ნაწილში, სააპელაციო პალატამ დავა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 953-ე-968-ე მუხლებით მოაწესრიგა და გამართლებლად მიიჩნია მოთხოვნა საზიარო უფლების საზიარო საგნის აუქციონზე რეალიზაციის გზით გაუქმების და ამონაგები თანხის მხარეთა შორის მათი წილების შესაბამისად განაწილების შესახებ.
5. საიჯარო ქირის სახით მოპასუხისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნის მართლზომიერება კი, სააპელაციო პალატამ სსკ-ის 982-ე (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის,დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი) მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით შეამოწმა.
6. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ მოსარჩელე ქონების 2/3 ნაწილის, ხოლო მოპასუხე ქონების 1/3 ნაწილის მესაკუთრეა, თუმცა ქონებაში მათი წილები გამიჯნული/გაყოფილი არ არის.
7. მხარეთა დაპირისპირებული პოზიციების გათვალისწინებით და იმის მხედველობაში მიღებით, რომ სარწმუნოდ არ დასტურდება მოპასუხის მხრიდან ქონებით სარგებლობა/მფლობელობაში მოსარჩელის უფლების შეზღუდვა, სააპელაციო პალატამ საფუძველს მოკლებულად მიიჩნია მოსარჩელის მითითება მისი ქონების მფლობელობის ხარჯზე მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების თაობაზე.
8. სააპელაციო პალატის მოსაზრებით სწორად იქნა უარყოფილი შეგებებული სარჩელი თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაუმჯობესების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.
9. მოპასუხეს შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ გაუსაჩივრებია.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოსარჩელემ მოითხოვა.
10.1. კასატორი მოითხოვს სარჩელის იმ მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილებას, რომლითაც მოპასუხისათვის სადავო უძრავი ქონებიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 1/3 ნაწილის (მოპასუხის მფლობელობაში მყოფი) ყოველთვიური იჯარის საბაზრო ღირებულების დაკისრებას ითხოვდა 05.07.2013 – 04.07.2023წწ. პერიოდზე, რაც ჯამურად 22 968.00 ლარს შეადგენს, ხოლო, 2023 წლის აგვისტოდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველთვიურად 330 ლარის დაკისრებას ითხოვდა;
10.2. კასატორი აღნიშნავს, რომ იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას ესარგებლა სადავო უძრავი ქონებით, როგორც დამოუკიდებლად ასევე, თანამესაკუთრესთან ერთად; სადავო ქონებას მოპასუხე 2013 წლიდან ფლობს და სარგებლობს. მოპასუხეს აქვს შესაძლებლობა თავისი შეხედულებისამებრ დატვირთოს იგი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გამოიყენოს და ა.შ. და ამ ფორმით მიიღოს სარგებელი. ვინაიდან, მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე სარგებლობს მოპასუხე მოსარჩელის ქონებით და ზოგავს თანხას, ამ დაზოგილი თანხით მოპასუხე უსაფუძვლოდ მდიდრდება, რაც სსკ-ის 976-991 მუხლების სამართლებრივი საფუძვლით ამ უკანასკნელს წარმოუშობს უფლებამოსილი პირისათვის ზიანის ანაზღაურების მოვალეობას. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას მასზე, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის ქონებით სარგებლობა/მფლობელობის შეზღუდვა. მართალია საკუთრება საჯარო რეესტრის მონაცემებში ასახულია იდეალური წილის სახით, წილები გამოჯნული არ არის, თუმცა, მოსარჩელე მოპასუხის ქმედებების გამო მოკლებულია შესაძლებლობას აითვისოს კუთვნილი წილი უძრავი ქონებიდან (დეტალურად იხ., საკასაციო საჩივარი).
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
13. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე (სსსკ-ის 391.5 მუხლი).
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. საკასაციო პალატა იმსჯელებს სააპელაციო სასამართლოს განჩინების იმ ნაწილის კანონიერებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის საიჯარო ქირის სახით თანხის დაკისრების მოთხოვნის უარყოფის შესახებ.
16. მოსარჩელე მოპასუხისათვის საიჯარო ქირის თანხის დაკისრების მოთხოვნის წამოყენებისას უთითებდა მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებაზე სადავო უძრავ ქონებაში მოსარჩელის კუთვნილი წილის მფლობელობა/სარგებლობიდან გამომდინარე, რაც, მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხეს გამდიდრების გათანაბრების მოვალეობას წარმოუშობდა.
17. საკასაციო შედავებასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის ქონება მოპასუხემ ხელყო და ამით ზიანი მიაყენა მას მიუღებელი შემოსავლის სახით, კასატორი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს სსკ-ის 982-ე მუხლზე (ხელყოფის კონდიქცია; ნორმის დეფინიცია იხ. ამ განჩინების პ.5-ში).
18. საკასაციო პალატა განმარტავს, ხელყოფის კონდიქცია დელიქტური ვალდებულებიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას ემსგავსება, თუმცა, დელიქტური სამართლისაგან განსხვავებით, იგი წინაპირობად მხარის ბრალეულობას არ მიიჩნევს.
19. ხელყოფის მოთხოვნის წამოყენების საფუძველი ხელყოფის არამართლზომიერებაში მდგომარეობს, რადგან თავად მოქმედება აკრძალული არ არის. ცხადია, თუკი მოქმედება აკრძალული იქნებოდა, მაშინ საქმე დელიქტთან და მისგან გამომდინარე ზარალის ანაზღაურების მოთხოვნასთან გვექნებოდა.
20. შესაბამისად, ხელყოფის მოთხოვნის წამოყენებისას გადამწყვეტი გარემოება არის ის, რომ მოპოვებული ქონებრივი შეღავათი სხვას ეკუთვნოდა.
21. ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან.
22. ნორმა უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელ ნორმათა ჯგუფშია მოქცეული, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა.
23. შესაბამისად, ნორმით გათვალისწინებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება (იხ. სუსგ №ას-197-186-2017, 30.05.2017წ.).
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის (კასატორის) მოთხოვნის საფუძვლიანობა (ხელყოფის კონდიქციის დადასტურება) დამოკიდებულია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ: უნდა დგინდებოდეს სამართლებრივ სიკეთეზე მესაკუთრის უფლება, ამ სიკეთის ხელყოფა (მესაკუთრის თანხმობის გარეშე განკარგვა).
25. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ქონების 2/3 ნაწილის, ხოლო მოპასუხე ქონების 1/3 ნაწილის მესაკუთრეა, თუმცა ქონებაში მათი წილები გამიჯნული/გაყოფილი არ არის. შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში, მოსარჩელეს სარწმუნოდ უნდა ედასტურებინა, რომ მოპასუხე სწორედ მოსარჩელის კუთვნილი ნაწილი უძრავი ქონების სარგებლობა/მფლობელობას ახორციელებს.
26. ამგვარი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების მტკიცების ტვირთი მოცემულ საქმეში სსსკ-ის 102-ე მუხლიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ვერ დასძლია - ვერ დაასაბუთა რომ მოპასუხემ მოსარჩელის კუთვნილი სამართლებრივი სიკეთე - უძრავი ქონებიდან სწორედ მოსარჩელის წილი ხელყო, რაც მოსარჩელის მოთხოვნას ხელყოფის კონდიქციიდან გამომდინარე მოპასუხის დავალდებულებაზე, საფუძველს აცლის.
27. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია და კანონიერი. ამდენად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. ამდენად საკასაციო პალატა კასატორთა არაძირითად არგუმენტებზე აღარ იმსჯელებს (იხ., „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე