Facebook Twitter

საქმე №ას-583-2025 18 სექტემბერი, 2025 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - გ.ჩ–ძე (განმცხადებელი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 და 15 აპრილის განჩინებები

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

მოთხოვნა: სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ადიგენის მაგისტრატი სასამართლოს 2022 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით თ.ჩ–ძის (შემდგომში მოსარჩელე) სარჩელი გ.ჩ–ძის (შემდგომში მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ დაკმაყოფილდა:

- გაუქმდა მოსარჩელისა და მოპასუხის საზიარო უფლება და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 18 მაისის №5003147821 დასკვნის მიხედვით დადგინდა უძრავი ქონების (მდებარე ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ .......... (ს/კ .......), ნატურით ნატურით გაყოფა ხოლო გაყოფილ ქონებაზე ცნობილ იქნა მოსარჩელის საკუთრების უფლება;

- გაუქმდა მოსარჩელისა და მოპასუხის საზიარო უფლება და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 18 მაისის №5003147821 დასკვნის მიხედვით დადგინდა უძრავი ქონების (მდებარე ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ......, ს/კ ......) ნატურით გაყოფა, ხოლო გაყოფილ ქონებაზე ცნობილ იქნა მოსარჩელის საკუთრების უფლება;

- გაუქმდა მოსარჩელისა და მოპასუხის საზიარო უფლება და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 18 მაისის №5003147821 დასკვნის მიხედვით დადგინდა უძრავი ქონების (მდებარე ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ........, ს/კ .......) ნატურით გაყოფა, ხოლო გაყოფილ ქონებაზე ცნობილ იქნეს მოსარჩელის საკუთრების უფლება;

- გაუქმდა მოსარჩელისა და მოპასუხის საზიარო უფლება და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 18 მაისის №5003147821 დასკვნის მიხედვით დადგინდა უძრავი ქონების (მდებარე ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ......, ს/კ .......) ნატურით გაყოფა, ხოლო გაყოფილ ქონებაზე ცნობილ იქნა მოსარჩელის საკუთრების უფლება.

2. მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებისთვის გაღებული არასასამართლო ხარჯის - ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი საფასურის - 700 ლარის ანაზღაურება.

5. 2023 წლის 27 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2024 წლის 27 დეკემბერს გასცა საღსრულებო ფურცელი.

6. 2025 წლის 4 აპრილს მოპასუხემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა 2024 წლის 27 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, ხოლო 2025 წლის 14 აპრილის განცხადებით - აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აპრილის განჩინებით მოპასუხეს უარი ეთქვა სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერებაზე, ხოლო იმავე პალატის 2025 წლის 15 აპრილის განჩინებით - სააღსრულებო ფურცლის გაუქმებაზე.

8. სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 და 14 აპრილის განჩინებებზე კერძო საჩივრები წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივრები მიღებული იქნა წარმოებაში.

10. 2025 წლის 23 ივნისს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხის კერძო საჩივრებზე საქმის წარმოების შეწყვეტა შემდეგი დასაბუთებით: კანონიერ ძალაში შესული განჩინება სასამართლო ხარჯების ნაწილში, სრულად აღსრულებულია, სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული თანხა მოპასუხეს ჩამოეჭრა საბანკო ანგარიშიდან და შესაბამისად, სრულად დაკმაყოფილებულია მოსარჩელის მოთხოვნა, რის გამოც აღარ არსებობს დავის საგანი, ხოლო კერძო საჩივრებზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა“1 მუხლის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

20. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარდგენილი განცხადება, წარმოდგენილი საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს წარმოება.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის მუხლის „ა“1 ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

23. განსახილველ შემთხვევაში, უზენაეს სასამართლოში მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2024 წლის 27 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული საქმის წარმოება დასრულებულია, მოსარჩელეს მოპასუხისგან მიღებული აქვს დამატებითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხა. შესაბამისად, აღსრულებულია ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და დამდგარია ის შედეგი, რომლის აღსრულების შეჩერებასა და გაუქმებასაც მოპასუხე ითხოვდა წარდგენილი საჩივრებით.

24. ამდენად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დავის საგნის არარსებობის გამო, მოპასუხის მიერ წარდგენილ კერძო საჩივრებზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, ხოლო კერძო საჩივრის ავტორს უნდა განემარტოს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ჩ–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი