Facebook Twitter

საქმე№ას-332-2025

26 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - გ.ა–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის №54-ე საჯარო სკოლა (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმების, სკოლის დირექტორის ბრძანებისა და სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმის ბათილად ცნობა

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. გ.ა–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული, აპელანტი ან კასატორი) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სსიპ სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის #54 საჯარო სკოლის (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი ან სკოლა) წინააღმდეგ და მოითხოვა:

1.1.1. ბათილად იქნას ცნობილი სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2023 წლის 28 დეკემბრის №10 სხდომის ოქმი;

1.1.2. ბათილად იქნას ცნობილი სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2023 წლის 29 დეკემბრის №11 სხდომის ოქმი;

1.1.3. ბათილად იქნას ცნობილი სკოლის დირექტორის 2024 წლის 8 იანვრის №1/კ-4 ბრძანება;

1.1.4. ბათილად იქნას ცნობილი სკოლის სამეურვეო საბჭოს 2024 წლის 21 თებერვლის №4 სხდომის ოქმი.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა- განმარტებით სარჩელი არ ცნო.

3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დასაქმებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2023 წლის 28 დეკემბრის №10 სხდომის ოქმი; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე სკოლის სამეურვეო საბჭოს 2024 წლის 21 თებერვლის №4 სხდომის ოქმი 2023 წლის 28 დეკემბრის №10 სხდომის ოქმის გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში; სხვა ნაწილში დასაქმებულის სარჩელი და სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

4.2. მოსარჩელე 1993 წლიდან მოპასუხე სკოლაში სხვადასხვა პოზიციაზე იყო დასაქმებული. კერძოდ, 1993 წლიდან - 2010 წლამდე მუშაობდა დირექტორის მოადგილედ აღმზრდელობით დარგში, ასევე ასწავლიდა მშობლიურ ენასა და ლიტერატურას, სახელმწიფოსა და სამართლის საფუძვლებს. 2006 წლიდან არის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.

4.3. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2022 წლის 17 იანვარს, გაფორმდა უფროსი მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულება №5-02, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ამავე სკოლაში დასაქმებულია სამოქალაქო განათლების უფროს მასწავლებლად, განუსაზღვრელი ვადით.

4.4. მოპასუხე სკოლის დისციპლინური კომიტეტის 28.12.2023 წლის №10 სხდომის ოქმის დღის წესრიგი ეხებოდა სამოქალაქო განათლების მასწავლებლის (მოსარჩელის) მიმართ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის განხილვას, კერძოდ, დისციპლინური წარმოება დაიწყო სკოლის დირექტორის 2023 წლის 21 ნოემბრის N MES 5 23 0001584548 წარდგინებით, რომლის საფუძველი გახდა VIIა კლასის მშობლების 2023 წლის 15 ნოემბრის კოლექტიური განცხადება. იმის გათვალისწინებით, რომ დასაქმებულის მიმართ მიმდინარეობდა კიდევ ერთი დისციპლინური წარმოება, რომლის სხდომა ჩანიშნული იყო ამავე წლის 29 დეკემბერს, სკოლის შინაგანაწესის მე-18 მუხლი კი ითვალისწინებდა სახდელის დაკისრებას ერთზე მეტი გადაცდომის ჩადენის დროს გადაცდომათა ერთობლიობაში განხილვით, დისციპლინურმა კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია გადაწყვეტილების მიღების დროს გათვალისწინებული ყოფილიყო ორივე წარმოების ფარგლებში შეგროვებული მტკიცებულებები, რასაც მხარი დაუჭირა ყველა დამსწრე წევრმა. შესაბამისად, კომიტეტმა დაადგინა, რომ სამოქალაქო განათლების მასწავლებელს (მოსარჩელეს), მის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომების გამოვლენის შემთხვევაში, სკოლის შინაგანაწესის მე-18 მუხლის შესაბამისად, გადაცდომათა ერთობლიობის დროს, დაკისრებოდა უფრო მძიმე გადაცდომისთვის გათვალისწინებული სახდელი. წინამდებარე ოქმით განხილული მტკიცებულებები კი გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო დასაქმებულის მიმართ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს.

4.5. მოპასუხე სკოლის დირექტორის ქ.ჩ–ის 19/10/2023 წლის NMES 5 23 0001403278 წარდგინებით, დისციპლინურმა კომიტეტმა 29.12.2023 წელს განიხილა დირექტორის სახელზე Xა კლასის მოსწავლის მ.ღ–ისა და მისი მშობლის - ნ.ხ–ას 18.10.2023 წლის განცხადება მოსარჩელის მხრიდან შესაძლო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე. ამავე თარიღის სხდომის ოქმი №11-ის თანახმად, დისციპლინურმა კომიტეტმა დაადგინა, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის მხრიდან სკოლის შინაგანაწესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევა (მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა) და ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დისციპლინური სახდელის სახით განისაზღვრა საყვედურის გამოცხადება.

4.6. მოპასუხე სკოლის დირექტორის 08.01.2024 წლის №1/კ-4 ბრძანებით, ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელს (მოსარჩელეს) დისციპლინური სახდელის სახით დაეკისრა - საყვედური, მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის დარღვევისთვის. აღნიშნული ბრძანება დასაქმებულს 2024 წლის 15 იანვარს ჩაჰბარდა.

4.7. დამსაქმებელი სკოლის დირექტორის 08.01.2024 წლის №1/კ-4 ბრძანება მოსარჩელემ გაასაჩივრა მოპასუხე სკოლის სამეურვეო საბჭოში და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა. საჩივრის განხილვა გაიმართა 2024 წლის 21 თებერვალს, ამავე თარიღის №4 სხდომის ოქმით კომიტეტმა დაადგინა, რომ სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლის 2024 წლის 25 იანვრის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილებულიყო და ძალაში დარჩა დისციპლინური კომიტეტის 2023 წლის 28 დეკემბრის №10 და 2023 წლის 29 დეკემბრის №11 სხდომის ოქმები, ასევე, სკოლის დირექტორის 08.01.2024 წლის ბრძანება №1/კ-4. სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი მხარეს 05.03.2024 წელს ჩაჰბარდა.

4.8. მოცემული დავა ეხება მოსარჩელის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ სხდომის ოქმების ბათილად ცნობას. შესაბამისად, სასამართლოს კვლევის საგანია, რამდენად ჰქონდა ადგილი სხდომის ოქმში მითითებულ გარემოებებს. ამ მხრივ განსაკუთრებული როლი ენიჭება შრომით სამართლებრივ დავებში დამკვიდრებულ მტკიცების ტვირთის განაწილების წესს.

4.9. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ,,ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (იხ. სუსგ №ას-922-884-2014, 16.04.2015 წ.; №ას-483-457-2015, 7.10.2015 წ.; №ას- 182-171-2017, 27.12.2019 წ.).

4.10. მოცემულ შემთხვევაში, დავა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის, როგორც დისციპლინური სახდელის, მართლზომიერებას არ ეხება, თუმცა, სადავოა დამსაქმებლის მიერ გამოყენებული სხვა დისციპლინური სახდელის კანონიერება, ამდენად, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი ისევე უნდა იქნეს განაწილებული, როგორც ეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას ხდება. კერძოდ, მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც დისციპლინური ღონისძიების დაუსაბუთებლად გამოყენების თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი გამოყენების უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ მის მიმართ უკანონოდ გამოიყენეს დისციპლინური სახის ღონისძიება, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების მართლზომიერად გამოყენების მტკიცების ვალდებულებას. ამდენად, დამსაქმებლის პროცესუალურ-სამართლებრივ ტვირთს წარმოადგენდა, სასამართლოსთვის მიეთითებინა იმ სარწმუნო მტკიცებულებებზე, რომელიც დასაქმებულის მიერ შესაბამისი გადაცდომის ჩადენის ფაქტს უტყუარად დაადასტურებდა.

4.11. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტს, რომ მოპასუხე სკოლის VIIა კლასის მშობელთა 15.11.2023 წლის ერთობლივ განცხადებაში მითითებული გარემოებები, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება.

4.12. საქმის მასალების თანახმად, დამსაქმებელი სკოლის VIIა კლასის მშობელთა ერთობლივ განცხადებაში მითითებულია, რომ სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან - მოსარჩელესთან აქვთ სხვადასხვა სახის უკმაყოფილება, კერძოდ ის, რომ მშობლებისა და დამრიგებლის წინააღმდეგ ამხედრებს ბავშვებს, ეუბნება, რომ მათი უფლებაა იქონიონ მობილური ტელეფონი და ნებისმიერ დროს გამოიყენონ იგი საგაკვეთილო პროცესშიც კი, ამასთან, მუდმივად უყვირის მათ და ბავშვები არიან დაძაბულები, შეურაცხყოფს მათ რელიგიურ გრძნობებს, აკნინებს მოძღვრის ინსტიტუტს, ბავშვებმა არ იციან შეფასების კრიტერიუმები, რატომ მიიღეს კონკრეტული ქულა და არ აწვდის მათ ინფორმაციას, მოსწავლეებს არჩევს გვარების მიხედვით, მეგრული გვარი კარგი ნიშნით ფასდება და ა.შ. (იხ. ტ. 1, ს.ფ.207).

4.13. განცხადებაში მითითებული გარემოებების დადგენის მიზნით გამოიკითხნენ და წერილობითი ახსნა-განმარტებები ჩამოერთვათ VIIა კლასის მოსწავლეებს:

4.13.1. 07.12.2023 წელს მშობლის თანხმობით და თანდასწრებით გამოიკითხა VIIა კლასის მოსწავლე, რომელმაც სამოქალაქო განათლების გაკვეთილთან დაკავშირებით განმარტა, რომ მასწავლებლის მითითებით, დამრიგებელი სკოლაში თუ არ იქნება, ტელეფონები მაგიდაზე არ უნდა ედოთ და უნდა ჩაიდონ ჩანთაში. როდესაც კლასს ესაუბრება ბავშვებმა ზურგს უკან უნდა გაიარონ და ისე დატოვონ კლასი. მოსწავლეებისგან მოითხოვს მასზე კარგი ისაუბრონ, მათ შორის მშობლებთანაც. იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც მოსწავლეს ელექტრონულად აღადგენინა შემაჯამებელი დავალება და შემდეგ აკრძალა;

4.13.2. 08.12.2023 წელს მშობლის თანხმობით და თანდასწრებით გამოიკითხა VIIა კლასის მოსწავლე ნ.ქ–ნი. ნ–ის განმარტებით, გ. მასწავლებელი ეუბნება მათ, რომ უფლება აქვთ ჰქონდეთ ტელეფონები, მაგრამ ისინი გაკვეთილის მსვლელობისას არ უნდა გამოიყენონ, მასწავლებელი მათ უყვირის და უკრძალავს მის წინ გავლას. მოითხოვს დადებითად მოიხსენიონ მშობლებთან და დამრიგებელთან. იყო შემთხვევა, როდესაც ბავშვი ტიროდა, გ. მასწავლებელმა კი თავიდან დააწერინა საკონტროლო და 8 ქულის ნაცვლად 10 დაუწერა. ბავშვებს აღადგენინა საკონტროლო და „თიმსში“ გადააგზავნინა, ასევე, „მეგრელ“ მოსწავლეს 10-იანი დაუმსახურებლად დაუწერა. ნ.ქ–ნის განმარტებით, მასწავლებელმა ბავშვებს გაკვეთილზე ჰკითხა თუ ვისმა მშობლებმა შეიტანეს მის წინააღმდეგ განცხადებები დირექტორთან და უთხრა, რომ უკან გამოეტანათ;

4.13.3. 2.12.2023 წელს მშობლის თანხმობით და თანდასწრებით გამოიკითხა VIIა კლასის მოსწავლე ლ.ბ–ი, რომელმაც განმარტა შემდეგი:

1)როგორც თავად ახსოვდა, გ–მ თქვა, რომ მისთვის დიდი არაფერი განსხვავებაა უჯრაში ექნებათ ტელეფონები თუ ჩანთაში;

2) გაკვეთილიდან გასვლისას მასწავლებლის წინ არ უნდა გაუარონ, უნდა შემოუარონ თავიანთ მერხს და ისე გავიდნენ;

3) ეუბნება მათ, რომ კარგი ილაპარაკონ მასზე სახლში მშობლებთან;

4) ვერ ერკვევიან რაში უწერს მასწავლებელი მათ ნიშანს;

5) მასწავლებელმა გაკვეთილზე იკითხა და ჩაიწერა ათოსანი მოსწავლეების გვარები, ერთ მოსწავლეს აღადგენინა შემაჯამებელი სახლში და გააგზავნინა ელექტრონულად;

6) ითხოვს, რომ მოსწავლეებმა გაუღონ კარები;

7) გამოკითხა ბავშვები თუ ვინ უჩივლა და რატომ მიჰქონდათ მასზე ტყუილი ინფორმაცია სახლში;

8) თუ დააცემინა ბავშვმა და უთხრეს „ჯანმრთელობა“ მასწავლებლის თქმით ეს უზრდელობაა და უნდა გადაეჩვიონ ამ ჩვევას;

4.13.4. 12.12.2023 წელს მშობლის თანხმობით და თანდასწრებით გამოიკითხა VIIა კლასის მოსწავლე ნ.კ–ნი, რომელმაც განმარტა შემდეგი: გ. მასწავლებელი ტელეფონთან მიმართებით ამბობს, რომ მათ შეუძლიათ არ ჩააბარონ მასწავლებელს ტელეფონები, ჰქონდეთ ჩანთაში და მხოლოდ დასვენებაზე გამოიყენონ. მასწავლებელმა ასწავლა, რომ როდესაც მოსწავლე და მასწავლებელი ლაპარაკობს, არ შეიძლება მათ შორის გავლა. ნ.კ–ნის განმარტებით, გაკვეთილიდან არც ერთი ბავშვი უკუსვლით არ გასულა, მას არ გაუგია გ. მასწავლებლისგან უხეში საუბარი ან კითხვა, ხომ კარგი მასწავლებელი იყო. თავად არასდროს შეუნიშნავს, წარმომავლობიდან გამომდინარე „მეგრელების“ უფრო მაღალი ქულით შეფასება. იყო შემთხვევა, როდესაც გ. მასწავლებელმა ბავშვებს, რომლებსაც შემაჯამებელი არ ეწერათ აღდგენა „თიმსში“ აწერინა და გადააგზავნინა;

4.13.5. VIIა კლასის მოსწავლის ლ.ც–ის მშობლის - ე.ზ–ის ახსნა-განმარტების თანახმად, VIIა კლასის მშობელთა ერთობლივ განცხადებას თავადაც აწერდა ხელს, განცხადებაში მითითებული ფაქტებიდან კი თავად ფლობს შემდეგ ინფორმაციას: ქალბატონი გ. ამხედრებს მოსწავლეებს დამრიგებლის წინააღმდეგ, აძლევს ისეთ დარიგებებს, რომლებიც მის საგანს არ ეხება, გაკვეთილზე ეკითხება ბავშვებს თუ რას უყვებიან მასზე მშობლებს სახლში დაბრუნების შემდეგ და არიგებს რომ მხოლოდ კარგი ილაპარაკონ. ასევე, თუ სხვა მასწავლებელი შევა მათთან გაკვეთილზე მიმართონ დირექტორს და მოითხოვონ მისი დაბრუნება. მშობლის განმარტებით, დაფიქსირდა ბავშვების წახალისება ნიშნის დაწერით, მოსწავლეს დაუმატა ქულა იმისთვის, რომ კომპლიმენტი მიიღო მისგან.

4.14. დამსაქმებელი სკოლის 2023 წლის 28 დეკემბერს გამართულ დისციპლინური კომიტეტის სხდომას არ დასწრებია განცხადებაზე ხელის მომწერი არც ერთი მშობელი. ამასთან, სხდომაზე გამოცხადდა VIIა კლასის მშობელთაგან იანა არტიომოვა, რომელმაც მშობელთა განცხადების გაცნობის შემდეგ განაცხადა, რომ გაკვეთილზე ბავშვების მისამართით ყვირილის საკითხს ეთანხმებოდა, განცხადებაში მითითებულ ზოგიერთ საკითხს არ დაეთანხმა, ხოლო დანარჩენ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობდა. სხდომაზე შევიდა ასევე ამავე კლასის მოსწავლის - მ.ა–ის მშობელი - ე.ა–ი, რომელმაც მისვლის მიზეზად მშობელთა უკმაყოფილებიდან გამომდინარე კლასში არსებული სიტუაციის გარკვევა დაასახელა, განცხადების ირგვლივ მოსაზრება არ დაუფიქსირებია.

4.15. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის მშობელთა ერთობლივ განცხადებაში მითითებული გარემოებების დადასტურების საფუძველს. წარმოდგენილ წერილობით ახსნა-განმარტებებში არის მშობელთა განცხადებაში მითითებული გარემოებებისგან განსხვავებული განმარტებებიც, კერძოდ, ამავე კლასის მოსწავლე - ნ.კ–ნი უარყოფს გარემოებას, რომ მოსწავლეები კლასიდან უკუსვლით გადიან მასწავლებელს ზურგი რომ არ შეაქციონ, ასევე გარემოებას, რომ გ. მასწავლებელი მშობლებთან და დამრიგებელთან მის დადებითად მოხსენიებას აიძულებს, ასევე განმარტავს, რომ არასოდეს შეუმჩნევია მეგრული წარმომავლობის გვარების მქონე მოსწავლეების დადებითად შეფასების ფაქტი. ამდენად, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასების გზით განცხადებაში აღნიშნული ფაქტების დადასტურება შეუძლებელია.

4.16. ამასთან, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ განცხადებაში მითითებული რიგი გარემოებები, დადასტურების შემთხვევაშიც კი არ შეიძლება შეფასდეს მასწავლებლის მხრიდან პროფესიული ეთიკის დარღვევად, კერძოდ, მობილური ტელეფონის გამოყენების კუთხით განცხადებაში დაფიქსირებულია პრეტენზია, რომ საგაკვეთილო პროცესში მისი გამოყენება ეკრძალებათ, ხოლო გ. მასწავლებელი უფლებას აძლევს ჰქონდეთ ჩანთებში და მხოლოდ დასვენების დროს ისარგებლონ, სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ქმედება, დადასტურების შემთხვევაშიც კი, მასწავლებლის მხრიდან პროფესიული ეთიკის დარღვევის ნიშნებს არ შეიცავს და არ ადასტურებს დამრიგებლის წინააღმდეგ ბავშვების ამხედრების ფაქტს. მით უფრო, მსგავსი შეფასება არც ერთი მოსწავლეს არ დაუფიქსირებია. განცხადებასა და ახსნა-განმარტებებში საუბარია ასევე იმ გარემოებაზე, რომ მასწავლებელმა შემაჯამებელი სამუშაო ერთ-ერთ მოსწავლეს აღადგენინა „თიმსში“, ის გარემოება, რომ მსგავსი ქმედება მასწავლებლის მხრიდან დასჯადია, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. ამასთან, სასამართლოსთვის უცნობია რამდენად ობიექტურ და თავისუფალ ვითარებაში განხორციელდა მოსწავლეების მხრიდან ახსნა-განმარტებების მიღება.

4.17. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხე სკოლის VIIა კლასის მშობელთა ერთობლივ განცხადებაში მითითებული გარემოებები, მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

4.18. რაც შეეხება 2023 წლის 18 ოქტომბერს Xა კლასში გაკვეთილის მიმდინარეობისას მომხდარ შემთხვევას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის დარღვევის ფაქტს.

4.19. გასაჩივრებული დისციპლინური სახდელის გამოცემის საფუძვლად გარდა სკოლის VIIა კლასის მშობელთა ერთობლივი განცხადებისა, ასევე მითითებულია ამავე სკოლის X კლასში 2023 წლის 18 ოქტომბერს მომხდარი გარემოება, რომელზეც საკითხის მოკვლევა დაიწყო ამავე კლასის მოსწავლე მ.ღ–ის მშობლის - ნ.ხ–ას განცხადების საფუძველზე, დირექტორის მხრიდან დისციპლინური კომიტეტისადმი წარდგინებით (იხ. ტ. 1, ს.ფ.186). მშობლის განცხადებაში მითითებულია, რომ 2023 წლის 18 ოქტომბერს მ–მა დაურეკა ატირებულმა და განერვიულებულმა. სკოლაში მისვლისას მ–ის მონათხრობით გაარკვია, რომ კლასში მიმდინარეობდა პროექტის განხილვა და მსჯელობა. პედაგოგის საუბრის დროს მ–ი იჯდა და კედლისკენ იყურებოდა ჩაფიქრებული, ამ დროს მოსარჩელემ დაუწყო ყვირილი და დაბრალება, თითქოს ის საუბრობდა და უშლიდა ხელს. მ–მა თავი იმართლა არ ვლაპარაკობდიო და ამას მოჰყვა ისტერიული რეაქცია, ლანძღვით, დამცირებით, დაფასთან გაყვანითა და ზემოაღნიშნული ბრალდებებით. მ–ი ვერ დამშვიდდა, პირიქით უფრო ანერვიულდა და უნდოდა გარეთ გასვლა, მოსარჩელემ გარეთ არ გაუშვა, ვინმე დაგინახავს ასეთ მდგომარეობაშიო. სიტუაცია რომ დამძიმდა ქალბატონმა გ–მ გადაწყვიტა განემუხტა სიტუაცია და მოსწავლის დამშვიდება, ბოდიშის მოხდა სცადა და დააფიქსირა რომ ზედმეტი მოუვიდა. თანაკლასელების და მ–ის თქმით მასწავლებელი უარყოფდა ყვირილის ფაქტს და ამბობდა რომ მომხდარის შესახებ ხმა არ უნდა გავრცელებულიყო.

4.20. განცხადებაში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში დასაქმებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაერთ „თავდასხმას“, არაერთხელ მიუყვანია ცრემლებამდე ბავშვები.

4.21. აღნიშნული საკითხის განხილვა 2023 წლის 29 დეკემბერს გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა განცხადების ავტორი და მისი შვილი - მ.ღ–ი, ასევე მისი კლასელები ნ.ქ–ძე, ა.მ–ი, სკოლის მანდატური ქ.ა–ძე, კლასის დამრიგებელი - მ.გ–ძე.

4.22. მოცემულ სამოქალაქო საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმეების სახით დაიკითხნენ მოპასუხე სკოლის Xა კლასის მოსწავლეები და მათი დამრიგებელი:

4.22.1. მოწმის სახით დაკითხული Xა კლასის მოსწავლის მ. ღ–ის განმარტებით, 18 ოქტომბერს მასწავლებელი ლაპარაკობდა პროექტზე, კლასში სიჩუმე იყო, რაღაც მომენტში გამოეთიშა და უყურებდა კედელს, მოგონებებში წავიდა, რაღაც გაახსენდა და გაეღიმა. ამ დროს კლასში გაიგო მასწავლებლის ხმა „შენ რატომ ლაპარაკობ?“ მიმართვა თავიდან თავის თავზე არ მიუღია, შემდეგ დაფასთან გაიყვანა და ხმამაღალი ტონით მიმართა როგორ ბედავდა მის გაკვეთილზე ლაპარაკს. მოწმის განმარტებით, დაფასთან გასვლა არ უნდოდა, სტრესული სიტუაცია იყო, მასწავლებელი უყვიროდა და ბოლოს უთხრა იყო თუ არა ის მოსწავლე რომელიც ნიშანს ითხოვდა. მოწმის გადმოცემით, მსგავსი არაფერი მომხდარა, რაც მოახსენა კიდეც მასწავლებელს. კლასის წინაშე ყვირილის გამო დამცირებულად იგრძნო თავი, მერხთან დაჯდომა უნდოდა, თუმცა მასწავლებელი არ აძლევდა უფლებას, ბოლოს როცა დაჯდა სახეზე აიფარა ხელები, რომ მისი ტირილი არავის შეემჩნია. მასწავლებელმა ჩამოაწევინა ხელები და ჰკითხა ტირილის მიზეზი, უთხრა, რომ ამ ტირილით აშანტაჟებდა და მანიპულატორი იყო. მოწმის განმარტებით, როდესაც კლასში ბავშვებმა დაუდასტურეს რომ ყვიროდა, შეეცვალა სახე, დაიწყო ბოდიშების მოხდა და ითხოვდა ეს ყველაფერი დაევიწყებინათ ისე, თითქოს არც მომხდარა. დაიწყო თავის გარდაცვლილ ქმარზე ლაპარაკი, რომ დასტრესილია და ეს ყველაფერი არ უნდა მომხდარიყო. მოწმის განმარტებით, დასაწყნარებლად და თავის მოსაწესრიგებლად საპირფარეშოში უნდოდა გასვლა და მასწავლებელმა იმ მიზეზით არ გაუშვა, რომ მანდატურს ან ვინმეს ასეთ მდგომარეობაში არ დაენახა, ზარის დარეკვის შემდეგ კი საპირფარეშოში გავიდა რამდენიმე კლასელთან ერთად. მოწმის განმარტებით, ვინაიდან მოსარჩელის მხრიდან გაკვეთილზე ბავშვის ატირება პირველი შემთხვევა არ იყო და ბევრჯერ განმეორდა მსგავსი, რაც თავად ბავშვებმაც დაადასტურეს, გაკვეთილის შემდეგ დაურეკა დედას და მოუყვა მომხდარის შესახებ, რომელმაც სკოლაში მისვლის შემდეგ დირექტორთან განცხადება დაწერა (იხ. მოწმის ჩვენება - 26.09.2024 წლის სხდომის ოქმი - 12:47:50 სთ.);

4.22.2. მოწმის სახით დაკითხული Xა კლასის მოსწავლის - ნ.კ–ძის განმარტებით, ჩვეულებრივად მიმდინარეობდა საგაკვეთილო პროცესი და სამოქალაქოს გაკვეთილზე მასწავლებელმა ხმამაღალი ტონით მიმართა მის კლასელ მ–ს და საყვედურობდა ვითომდა საუბრობდა, შემდეგ კლასის წინ დაფასთან გამოიყვანა და უთხრა რომ მისი მშობელი და მასწავლებლები გამუდმებით სთხოვდნენ მოემატებინათ მისთვის ნიშანი. მ–მა უთხრა, რომ მისი ცოდნით იღებდა ნიშანს და მისი ოჯახის წევრების მხრიდან ნიშნის მომატებაზე მასთან თხოვნით არავინ მისულა და ატირდა. მასწავლებლის შეფასებით ამ ქცევით მ–ი მის დაშანტაჟებას ცდილობდა. ტირილის დროს გარეთაც არ უშვებდა დასამშვიდებლად, რადგან მანდატურს არ დაენახა და სალაპარაკო არ გამხდარიყო. გაკვეთილის დასრულების შემდეგ მ–ი გოგონების საპირფარეშოში გავიდა. მოწმის შეფასებით, გაკვეთილის მიმდინარეობისას დაძაბული ვითარება ამ შემთხვევის გარდა რამდენჯერმე იყო, ერთი-ორჯერ ახსოვს რომ ატირდა კლასელი, რადგან მასწავლებელი საყვედურობდა ხმამაღალი ტონით. ხშირ შემთხვევაში მის გაკვეთილებზე დაძაბულობაა, ეჩხუბება მათ და ხმასაც უწევს, რაც მათთვის სტრესულია. გ. მასწავლებლისგან მოწმესაც მიუღია შენიშვნა კლასელთან საუბრის დროს და დაგვიანების გამო (იხ. მოწმის ჩვენება 26.09.2024 წლის სხდომის ოქმი - 13.01.15 სთ.);

4.22.3. Xა კლასის მოსწავლის - ნ.ქ–ძის განმარტებით, 18 ოქტომბერს, მოქალაქეობის გაკვეთილზე, შუა რიგში იჯდა მ–ს გვერდით. შეამჩნია, რომ მ–მ გახედა კედელს, ჩაფიქრდა, რაღაც გაახსენდა და გაეღიმა. აღნიშნული დაინახა ქალბატონმა გ–მ და უთხრა თუ რატომ ლაპარაკობდა მის გაკვეთილზე. შემდეგ ააყენა, გაიყვანა დაფასთან და უთხრა, „შენ ის გოგო არ ხარ, რომელზეც მითხრეს რომ ქულა დაეწერათ?“, მ–ს მსგავსი არაფერი უთხოვია და ძალიან გაკვირვებული იყო. შემდეგ დასვა თავის ადგილზე. მ–მ სახეზე აიფარა ხელი და დაიწყო ტირილი, ქალბატონმა გ–მ რომ შეამჩნია, ხელები ჩამოაწევინა და უთხრა რომ ტირილით აშანტაჟებდა მას. მ–მ წყლის დასალევად და თავის მოსაწესრიგებლად გასვლა სთხოვა, მაგრამ არ გაუშვა, რადგან მანდატურს არ დაენახა და არ ეთქვა მისთვის, რომ ქალბატონმა გ–მ ატირა. საგაკვეთილო პროცესი ამ თემის ირგვლივ გაგრძელდა. მოწმის შეფასებით, ქ-ნ გ–ს გაკვეთილზე დაძაბულები არიან, ჩუმად სხედან და უსმენენ გაკვეთილის ახსნას. ხმამაღალ საუბარს მასწავლებლის მხრიდან ხშირად აქვს ადგილი და კიდევ რამდენიმე შემთხვევა იყო როდესაც ქალბატონმა გ–მ მისი კლასელები ატირა. როგორც მოწმე იხსენებს, მ. მ–ი, პირველ გაკვეთილზე იმის გამო ატირა, რომ ცოტა ხნით დააგვიანდა, უხეში ფორმით მიმართავდა და უყვიროდა (იხ. მოწმის ჩვენება - 26.09.2024 წლის სხდომის ოქმი - 13:09:06 სთ.);

4.22.4. Xა კლასის მოსწავლის - მ– მ–ის განმარტებით, ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობდა, მ.ღ–ს რაღაც გაახსენდა და გაეღიმა. გ. მასწავლებელმა მიმართა ყვირილით, თუ როგორ ბედავდა მის გაკვეთილზე ლაპარაკს, თავიდან მ–ი ვერ მიხვდა ვისზე იყო საუბარი და დააზუსტა მას ეკითხებოდნენ თუ არა. მასწავლებელმა დაფასთან გაიყვანა და კითხა „შენ ის არ ხარ ვინც ქულის ამაღლებას მთხოვდა, ან ოჯახის წევრებმა ხომ არ ითხოვეს, არალეგალურობას ხომ არ აქვს ადგილიო?“, მ–ი უხსნიდა, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა. როდესაც მასწავლებელმა მისცა უფლება დამჯდარიყო მერხთან, სახეზე აიფარა ხელები და დაიწყო ტირილი, არ უნდოდა კლასელებს დაენახა მისი ტირილი. მასწავლებელმა ხელები ჩამოაწევინა და უთხრა, რომ ტირილით მანიპულირებდა. მ–ი ემოციური ფონის გამო ვერ საუბრობდა და საპირფარეშოში გასვლა ითხოვა, მასწავლებელმა უარი უთხრა, რადგან არ სურდა მანდატურს დაენახა. ბოლოს მასწავლებელმა თქვა, რომ დაევიწყებინათ ეს ყველაფერი და არავის გაეგო. გაკვეთილზე ამ თემის ირგვლივ გაგრძელდა საუბარი. მოწმის განმარტებით, სამოქალაქოს გაკვეთილზე ძირითადად დაძაბულები არიან, თავადაც უტირია ორჯერ, პირველად როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების შეფერხების გამო დააგვიანდა გაკვეთილზე, რა დროსაც მასწავლებელმა დააყენა კლასის წინაშე და დაუწყო ჩხუბი, ხოლო მეორეჯერ იტირა, როდესაც საკონტროლოს წერისას მელანი გაუთავდა და თანაკლასელს ჩუმად ჰკითხა თუ შეძლებდა კალამი მიეცა მისთვის, რაზეც მიიღო მასწავლებლისგან შენიშვნა. მოწმემ უარყო მასწავლებლის მხრიდან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გაჩუმების სანაცვლოდ 10 ქულის დაწერაზე დაპირების მიღება (იხ. მოწმის ჩვენება - 26.09.2024 წლის სხდომის ოქმი - 13:17:53 სთ.);

4.22.5. მოწმის სახით დაკითხული Xა კლასის მოსწავლის - ა.მ–ის განმარტებით, 18 ოქტომბერს მოქალაქეობის გაკვეთილი იყო, მ–ს რაღაც გაახსენდა და გაეღიმა. გ. მასწავლებელმა განუცხადა მის გაკვეთილზე როგორ ლაპარაკობდა, გაიყვანა დაფასთან და ჰკითხა ნიშანს ვინმეს თხოვნით, არალეგალურად ხომ არ უწერდა? რაც მ–მა უარყო. ემოციურად მიიღო ეს ყველაფერი და როცა დაჯდა სახეზე ხელები აიფარა და ტირილი დაიწყო. მასწავლებელმა ხელები ჩამოაწევინა და ტირილის მიზეზი იკითხა, მ–მა განუმარტა რომ მისი ყვირილის გამო ტიროდა. მოწმის განმარტებით, მასწავლებელი აღნიშნულის შემდეგ საპირფარეშოში არ უშვებდა მ–ს. მოწმის შეფასებით, გ.ა–ძის გაკვეთილებზე ზოგადად დაძაბულობაა, მასწავლებელი შენიშვნებს ხმამაღალი ტონით იძლევა (იხ. მოწმის ჩვენება 26.09.2024 წლის სხდომის ოქმი - 13:25:45 სთ.);

4.22.6. Xა კლასის მოსწავლის - ა.კ–ძის განმარტებით, მ.ღ–ს მასწავლებელმა შენიშვნა მისცა, შემდეგ დაფასთან გაიყვანა და უთხრა, რომ მისმა მშობელმა ქულის აწევა მოითხოვა, რაზეც არ დაეთანხმა მ–ი, ამაზე ინერვიულა და ტირილი დაიწყო. მასწავლებელს სურდა აღნიშნული არ გაეგო მანდატურს. მოწმის შეფასებით, ზოგადად ქალბატონი გ–ს გაკვეთილებზე მსგავს დაძაბულობებს აქვს ადგილი, ზოგ შემთხვევაში მკაცრად, ხანდახან ხმამაღალი ტონით მიმართავს მოსწავლეებს. მოწმის განმარტებით, მასწავლებელს მისთვის სასამართლოში გამოუცხადებლობის სანაცვლოდ ათიანების დაწერა არ შეუთავაზებია (იხ. მოწმის ჩვენება 26.09.2024 წლის სხდომის ოქმი - 13:30:10 სთ.);

4.22.7. Xა კლასის მოსწავლის - ა.ტ–ის განმარტებით, გაკვეთილი ტარდებოდა ჩვეულებრივ, მ–მა კედელს გახედა რაღაც გაახსენდა და ჩაეცინა, აღნიშნული გარემოება ბავშვების მონაყოლიდან იცის, თავად უკან იჯდა და ეს მომენტი არ დაუნახავს. გ. მასწავლებელმა დაუყვირა თუ რატომ ლაპარაკობდა, შემდეგ გაიყვანა დაფასთან და შეეკითხა მისი ნიშნის მომატებაზე ვინმეს ხომ არ დაურეკავს, დამრიგებელს, ოჯახს ან რამე არალეგალურს ხომ არ ჰქონდა ადგილი. მ–ი უხსნიდა, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა. შემდეგ დაჯდა თავის მერხთან, ხელები აიფარა სახეზე და ტირილი დაიწყო, რის მიზეზადაც, მასწავლებლის მხრიდან ყვირილი და აგრესიული მოპყრობა დაასახელა. მოწმის განმარტებით, ბოლოს მასწავლებელმა ბოდიშების მოხდა დაიწყო. მ–ი კი საპირფარეშოში იმ მიზეზით არ გაუშვა, რომ ვინმეს ატირებული არ დაენახა. მოწმის შეფასებით, სამოქალაქოს გაკვეთილზე უმეტესად დაძაბული ვითარებაა მასწავლებელი ხმამაღალი ტონით იძლევა შენიშვნებს. მოწმემ განმარტა, რომ მასწავლებელმა მას 10 ქულის დაწერის სანაცვლოდ შესთავაზა ზემოაღნიშნულ ფაქტზე არაფერი ეთქვა (იხ. 26.09.2024 წლის სხდომის ოქმი - 13:35:12 სთ.). კერძოდ, აღნიშნულ დღეს, გაკვეთილი რომ დამთავრდა და გოგოები მ–ს გაჰყვნენ საპირფარეშოში, ბიჭები კლასთან იდგნენ, როდესაც გ. მასწავლებელი მივიდა მათთან და უთხრა მოეგვარებინათ ეს საქმე და 10 ქულებს დაუწერდა (იხ. მოწმის ჩვენება 26.09.2024 წლის სხდომის ოქმი - 13:32:28 სთ.);

4.22.8. მოწმის სახით დაკითხული Xა კლასის დამრიგებლის - მ.გ–ძის განმარტებით, 18 ოქტომბერს მოქალაქეობის გაკვეთილზე მე-10ა კლასში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შეიტყო სამასწავლებლოში. გაკვეთილის დასრულების შემდეგ, როგორც ყოველთვის კლასთან მიდიოდა და შეხვდა ქალბატონი გ., უთხრა რომ კლასში მოხდა არასასიამოვნო შემთხვევა და მიეხედა ამ ბავშვებისათვის. დაინახა ბავშვები გამოდიოდნენ კლასიდან და წავიდნენ საპირფარეშოს მხარეს, გაჰყვა მათ და ნახა რომ მ–ი იყო ემოციურად დაძაბული, ტიროდა, დაფოთლილი იყო ნერვიულობისგან. მოწმის განმარტებით ბავშვები მოუყვნენ, რომ გაკვეთილი მიმდინარეობდა ჩვეულებრივად, მ–ი და ა.კ–ძე ისხდნენ ერთად, მ–მა გვერდზე გაიხედა და გაეღიმა, გ. მასწავლებელმა ჩათვალა რომ მასზე გაეღიმა და ამაზე მისცა შენიშვნა, გაუბრაზდა, უყვირა და დაფასთან გაიყვანა. მ–მა ძალიან ინერვიულა, შეეცადა თავი დაეცვა, გარეთ გამოსვლა ითხოვა დასამშვიდებლად, თუმცა არც გარეთ გაუშვა, რადგან არ უნდოდა ვინმეს დაენახა მისი ემოციური მდგომარეობა. მოწმის განმარტებით, მისი მისვლის დროს უკვე მშობელთან დარეკილი იყო, მშობელიც მოვიდა სკოლაში, მიმართეს დირექტორს და მის კაბინეტში ისაუბრეს მომხდარზე. მოწმის განმარტებით, გ.ა–ძე მუდმივად ამბობს იმას, რომ ნიშანს სთხოვს, რაც არასდროს ყოფილა. თუმცა არის შემთხვევები, როცა ბავშვი არის ათოსანი და ერთ საგანში აქვს დაბალი ქულა, დამრიგებელი, როგორც შუამავალი მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, ასეთ დროს მასწავლებელს აცნობს სიტუაციას, რომ ბავშვს აქვს ერთადერთი განსხვავებული, მხოლოდ ერთი მოკრძალებული თხოვნა აქვს, რომ ბავშვს მისცეს შანსი, სემესტრის განმავლობაში გამოიკითხოს და თუ გაამართლებს დაუწეროს მაღალი შეფასება. წლის ბოლოს ნიშნის დაწერა არასდროს უთხოვია, ეს არის მხოლოდ იმის თხოვნა, რომ ბავშვს მიეცეს შანსი და მხოლოდ ერთი საგნით არ გაუფუჭდეს ნიშნები (იხ. მოწმის ჩვენება 26.09.2024 წლის სხდომის ოქმი - 13:40:05 სთ.);

4.22.9. მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად შესაძლებელია დასკვნის გაკეთება, რომ 2023 წლის 18 ოქტომბერს სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მომხდარი ინციდენტის აღწერის კუთხით, ნ.ხ–ას განცხადებაში მითითებული გარემოებების საწინააღმდეგო ფაქტი არც ერთი მოწმის ჩვენებაში არ ფიქსირდება.

4.23. საქმის მასალებში წარმოდგენილი თვითმხილველი მოსწავლეებისა და მათი დამრიგებლის წერილობითი ახსნა-განმარტებები, რომლებშიც 2023 წლის 18 ოქტომბერს სამოქალაქო განათლების გაკვეთილის მიმდინარეობაა აღწერილი, არც ერთი განცხადება წინააღმდეგობაში არ მოდის ნ.ხ–ას მხრიდან დირექტორთან წარდგენილი განცხადების შინაარსთან.

4.24. როგორც კომიტეტის ოქმიდან ირკვევა, მოსარჩელე თავად აღიარებს, რომ მოუვიდა უხეშად მიმართვა და ნიშანზე ზედმეტად ყურადღების გამახვილება, რისთვისაც მოსწავლეს ბოდიშიც მოუხადა.

4.25. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2023 წლის 18 ოქტომბრის განცხადებაში აღწერილი გარემოებები სინამდვილეს შეესაბამება.

4.26. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოსწავლეს უფლება აქვს დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან. ამავე კანონის მე-20 მუხლის თანახმად, დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო 211-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მასწავლებელი ვალდებულია დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი, შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები.

4.27. ბავშვთა უფლებების კონვენციის შესაბამისად, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას, გაერთიანებული ერების ბავშვთა უფლებების კონვენცია, როგორც საერთაშორისო სამართლის დოკუმენტი, ხაზს უსვამს ბავშვთა მიმართ ძალადობის განსაზღვრების მნიშვნელობას მარეგულირებელ აქტებში და აღნიშნავს, რომ ბავშვთა „მიმართ ძალადობისა და უგულებელყოფის“ ცნება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ საზოგადოების მიერ ძალადობად აღიარებული გავრცელებული პრაქტიკით. აღნიშნულში უნდა მოვიაზროთ ბავშვთა დაცვა „ძალადობის ყველა ფორმისგან“ მათ შორის ფსიქოლოგიური ზემოქმედებისაგან, რაშიც სიტყვიერი შეურაცხყოფაც მოიაზრება.

4.28. სახელმწიფოს აქვს როგორც ნეგატიური ვალდებულება - თავად არ ჩაერიოს და უკანონოდ არ შეზღუდოს ადამიანი კონვენციით გათვალისწინებულ უფლებებში, ასევე აკისრია პოზიტიური ვალდებულება, რომ მესამე პირთა ჩარევისაგან დაიცვას ეს უფლებები.

4.29. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის №57/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის 4.2 მუხლის თანახმად, მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას. მასწავლებელი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს მოსწავლეთა აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს. მასწავლებელი, სასწავლო პროცესის განმავლობაში, ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე.

4.30. მოსარჩელის მიმართ მოპასუხეს გამოყენებული აქვს დისციპლინური სახდელის სახით საყვედური, საფუძველს კი წარმოადგენს მასწავლებლის მხრიდან პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევა.

4.31. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელი არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომისთვის გათვალისწინებული ზემოქმედების ზომა, ხოლო მე-19 მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სკოლის შინაგანაწესი ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს.

4.32. მოპასუხე სკოლის შინაგანაწესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური დევნა არის სკოლის მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა.

4.33. შინაგანაწესის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეებია: შენიშვნა, გაფრთხილება, საყვედური, სასტიკი საყვედური, არაუმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება და სამსახურიდან გათავისუფლება. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დისციპლინური სახდელის სახით საყვედური შეიძლება გამოყენებულ იქნეს მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევისას.

4.34. შინაგანაწესის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს მოსწავლის, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, სკოლაში დასაქმებული პირის, უფლებამოსილი პირის აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა („ა“ ქვეპუნქტი). ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, სკოლის დირექტორი თავის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით დამრღვევ პირს აკისრებს შინაგანაწესით გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელს, ან მისი სიმძიმიდან გამომდინარე, საქმეს კვლევისთვის გადასცემს სკოლის დისციპლინურ კომიტეტს.

4.35. მოცემულ შემთხვევაში, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს სკოლის შინაგანაწესით და შრომის ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები, იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებასა და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, დაიცვას მოსწავლის უფლებები და ინტერესები, მოემზადოს თითოეული გაკვეთილისთვის და ეფექტიანად განახორციელოს სასწავლო პროცესი, უზრუნველყოს კლასში წესრიგი და დისციპლინა და იზრუნოს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე, მოსწავლის მიერ გაკვეთილის გაცდენის ან გაკვეთილზე დაგვიანების შესახებ აცნობოს კლასის დამრიგებელს (იხ. შრომის ხელშეკრულება, ტ. 1, ს.ფ. 95-97).

4.36. დისციპლინური კომიტეტის დასკვნის შესაბამისად, მშობლების და მოსწავლეების გამოკითხვის, ასევე არსებული წერილობითი განმარტებების საფუძველზე დადგინდა, რომ მასწავლებელმა მოსწავლეებთან ურთიერთობაში არ დაიცვა მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსით დადგენილი ნორმები, კერძოდ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ყვირილს, რამაც ემოციურად იმოქმედა მოსწავლეზე, რომლისთვისაც შინაგანაწესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს დისციპლინურ სახდელის სახით საყვედურის გამოცხადებას, რომლის თაობაზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება დისციპლინური კომიტეტის მხრიდან.

4.37. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პროფესიული ეთიკის დარღვევას წარმოადგენს მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე ემოციური (ფსიქოლოგიური) ზეწოლის მოხდენა. მოცემულ შემთხვევაში, განცხადებაში მითითებულია, რომ 2023 წლის 18 ოქტომბერს გაკვეთილის მიმდინარეობისას მოსარჩელემ მ.ღ–ის მიმართ ემოციური ზეწოლა განახორციელა. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია როგორც მ–ის თანაკლასელების წერილობითი ახსნა-განმარტებებით, ასევე სასამართლო პროცესზე მათი ჩვენებებით, საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის.

4.38. ამდენად, დისციპლინური კომიტეტის მიერ, ნ.ხ–ას განცხადებაში მითითებული გარემოებების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის დარღვევად შეფასება გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მოსარჩელის კონკრეტული ქმედებები Xა კლასის მოსწავლეებთან მიმართებით წინააღმდეგობაშია მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის ზემოთ აღნიშნულ დებულებებთან და პრინციპებთან.

4.39. რაც შეეხება VIIა კლასის მშობელთა ერთობლივი განცხადების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილ წერილობით ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით ცალსახად იმის დადასტურება, რომ მე-7ა კლასში, მასწავლებლის მხრიდან პროფესიული ეთიკის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეუძლებელია. შესაბამისად, VIIა კლასში სამოქალაქო განათლების მასწავლებლის მხრიდან პროფესიული ეთიკის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

4.40. მიუხედავად აღნიშნული დასკვნისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ სკოლის დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებები დისციპლინური სახდელის შეფარდებასთან მიმართებით, უფლებამოსილი პირისათვის - სკოლის დირექტორისათვის ატარებს სარეკომენდაციო და არა სავალდებულო ხასიათს, შესაბამისად, მათ არ ძალუძთ სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. შესაბამისად, სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა იურიდიული ინტერესის არსებობის გამო, რასაც სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა.

4.41. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

4.42. იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა არათუ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველსაც კი წარმოადგენს.

4.43. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას.

4.44. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურსამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას.

4.45. დიდი პალატის განმარტების თანახმად, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. სუს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-121-117-2016, 17.03.2016 წ.).

4.46. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ დარღვევის მიმართ, რომელიც სასამართლომ არ მიიჩნია დადგენილად, არსებობს მხოლოდ სკოლის დისციპლინური კომიტეტის ოქმი და სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ოქმების მიმართაც აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზოგადად, დასაქმებულის მიმართ დამსაქმებელი დისციპლინური ღონისძიების გამოყენებას წყვეტს მისი სამუშაო გამოცდილების, არსებული დარღვევების, გადაცდომების საფუძველზე. სწორედ წარსულ ფაქტებს ითვალისწინებს ის დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების დროსაც. შესაბამისად, სხდომის ოქმი, სადაც განხილულია დასაქმებულს დარღვევა და მიჩნეულია გადაცდომად, გავლენას ახდენს დასაქმებულის შემდგომ კარიერულ განვითარებასა და სამსახურებრივ პერსპექტივებზე, რის მიმართაც პირს დაცვის ღირსი ინტერესი გააჩნია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს წარმოდგენილი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესი აქვს.

4.47. შესაბამისად, ვინაიდან არ დასტურდება VIIა კლასის მშობელთა განცხადებაში მითითებული გარემოებები, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხე სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2023 წლის 28 დეკემბრის №10 სხდომის ოქმი; ასევე, ბათილად უნდა იქნას ცნობილი მოპასუხე სკოლის სამეურვეო საბჭოს 2024 წლის 21 თებერვლის №4 სხდომის ოქმი 2023 წლის 28 დეკემბრის №10 სხდომის ოქმის გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში; სხვა ნაწილში სარჩელი და სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

5.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრა მოსარჩელემ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5.2. კასატორის განმარტებით, მას მოსწავლეებისათვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი - არ დაურღვევია. მოსწავლისთვის მიცემული შენიშვნა არ უნდა ჩაითვალოს შეურაცხყოფად. მოსარჩელის განმარტებით, ის არ უყვირის მოსწავლეებს, ის მაღალი ტონით საუბრობს. კასატორი მიუთითებს, რომ დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელემ ერთ-ერთ მოსწავლეზე ემოციურად იძალადა. მას ეთიკის კოდექსი არ დაურღვევია, ის მაღალი ტონით საუბრობს.

5.3. კასატორის განმარტებით, მას სკოლის დირექტორი მიზანმიმართულად დევნის, მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი არ იყო დასაბუთებული, პროპორციული და გონივრული. კასატორი აღნიშნავს, რომ მან მოსწავლეს, რომელიც საუბრობდა, წესრიგისკენ მოუწოდა. კასატორის განმარტებით, სკოლის დირექციამ იგი უმუშევრობისთვის გასწირა და მისი შრომის უფლებები დაარღვია.

5.4. კასატორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა იგი მე-7ა კლასში მომხდარი ინციდენტის გამო პროფესიული ეთიკის დამრღვევად არ მიიჩნიეს, ეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ ასახულა.

5.5. კასატორი აღნიშნავს, რომ მე-10ა კლასის ყველა მოსწავლემ იდენტური ჩვენება მისცა, რაც მიუთითებს მათზე გავლენის მოხდენას. სასამართლომ ვერ დაადასტურა, რომ მოსწავლეებმა ჩვენებები თავისუფალ გარემოში მისცეს.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მარტის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო.

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

8. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. დასაქმებულის საკასაციო საჩივარი დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დასაბუთებულ შედავებას არ შეიცავს, რის გამოც საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულო ძალისაა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, დამოუკიდებლად, აღიარებითი სახის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა, პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებში, საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ #ას-507-2024, 23.01.25 წ.).

11. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ შრომითსამართლებრივ დავებში დამსაქმებლის მიერ გამოცემული ბრძანების (მაგ. შენიშვნის, საყვედურის გამოცხადების თაობაზე და სხვ.) ბათილად ცნობა დამოუკიდებელ მოთხოვნად შეიძლება იქნეს აღძრული, რადგან ამ დროს მოსარჩელის იურიდიული ინტერესია არამართლზომიერად დაკისრებული ზემოქმედების ღონისძიებისა თუ სახდელის გაბათილება, რომელიც, ერთი მხრივ, თუკი არამართლზომიერია უნდა გაბათილდეს, ამასთან, შესაძლოა იურიდიული ინტერესი იმაშიც მდგომარეობდეს, რომ დამსაქმებლის მიერ გამოყენებული რომელიმე დისციპლინური ღონისძიების გაბათილებამდე შესაძლოა სხვა დარღვევის შემთხვევაში შეიქმნას დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების წინაპირობა, დამსაქმებელი ორგანიზაციის შრომითი ხელშეკრულების ან შინაგანაწესის მიხედვით (იხ. სუსგ N ას-1418-2018, 13.12.2019წ. პ. 31; №ას-913-2023; 9.02, 2024 წელი, პ.27).

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის მიმართ მისი იურიდიული ინტერესი სახეზეა.

13. წინამდებარე სარჩელით მოსარჩელემ/კასატორმა მოითხოვა სკოლის დისციპლინური კომიტეტის სხდომებისა და სკოლის დირექტორის ბრძანების ბათილად ცნობა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი). აღნიშნული მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ ბათილად იქნა ცნობილი სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2023 წლის 28 დეკემბრის #10 სხდომის ოქმი და ამ სხდომის ოქმის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოს 2024 წლის 21 თებერვლის #4 სხდომის ოქმი (მე-7ა კლასის ეპიზოდი). დასაქმებული საკასაციო საჩივრით გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მხოლოდ ნაწილობრივ, დასაქმებულის მიმართ საყვედურის გამოცხადების ნაწილში (მე-10ა კლასში მომხდარი ინციდენტის გამო), შესაბამისად საკასაციო სასამართლო კასატორს მხოლოდ აღნიშნული პრეტენზიის ფარგლებში უპასუხებს.

14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოსთვის საკვლევ საკითხს წარმოადგენს დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებისა და დამსაქმებლის მიერ დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ბრძანების მართლზომიერება.

14.1. "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით. მოპასუხე სკოლის შინაგანაწესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური დევნა არის სკოლის მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა. შინაგანაწესის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეებია: შენიშვნა, გაფრთხილება, საყვედური, სასტიკი საყვედური, არაუმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება და სამსახურიდან გათავისუფლება. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დისციპლინური სახდელის სახით საყვედური შეიძლება გამოყენებულ იქნეს მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევისას.

15. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, აღნიშნავს, რომ დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა შეფასდეს იმ თვალსაზრისით, დაირღვა თუ არა სკოლის შინაგანაწესისა და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის მოთხოვნები და რამდენად პროპორციული რეაგირება მოხდა დისციპლინურ გადაცდომაზე.

16. კასატორის პრეტენზიების შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო, უპირველესად, აღნიშნავს, რომ როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაშია განმარტებული, „შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას (იხ. სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი). თუმცა, შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“. ამასთან, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენება (იხ. სუსგ #ას-98-94-2016, 26.07.2016 წ.; #ას-368-2019, 31.07.2019 წ.)

17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სსსკ-ის 115-ე მუხლს, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა.

18. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის გადაანაწილა სწორედ იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით, რაც ახასიათებს შრომითსამართლებრივ ურთიერთობას და იცავს კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. აღნიშნული უზრუნველყოფს სამართალწარმოებისას მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები).

19. მოსარჩელის შედავებამ გასაჩივრებული ბრძანების უკანონობასთან დაკავშირებით, მტკიცების ტვირთი დამსაქმებლისაკენ გადაწონა, რომელსაც გამოცემული ბრძანების კანონიერება უნდა ემტკიცებინა. დამსაქმებელს უნდა დაესაბუთებინა, თუ რის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება დისციპლინური პასუხისმგებლობის დასაქმებულისათვის დაკისრების თაობაზე და მას უნდა დაემტკიცებინა დასაქმებულის მიერ იმგვარი გადაცდომის ჩადენის ფაქტი, რის გამოც მოსარჩელე მართებულად იმსახურებდა აღნიშნულ სანქციას.

20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდენა, დასტურდება მოსწავლეთა ახსნა-განმარტებებით, მასწავლებლისა და მშობლის ჩვენებებით, რაც თავის მხრივ ცხადყოფს მოსარჩელის მიერ მასწავლებლის პროფესიული ეთიკის დარღვევას (მე-10ა კლასში მომხდარი ეპიზოდის ნაწილში). კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის №57/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის 4.2 მუხლის თანახმად, მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას. მასწავლებელი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს მოსწავლეთა აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს. მასწავლებელი, სასწავლო პროცესის განმავლობაში, ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე.

21. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მისი მხრიდან მე-10ა კლასის მოსწავლისათვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი არ დასტურდება (მისი განმარტებით, ის უბრალოდ მაღალი ტონით საუბრობს), რადგან მოსარჩელის საწინააღმდეგოდ წარდგენილია მოსწავლეთა ჩვენებები, რომელიც სარწმუნოობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენას ყოველთვის წინ უძღვის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასება, რაც მოიცავს მტკიცებულებების შემოწმებას დასაშვებობის, შემხებლობის და უტყუარობის კუთხით, აგრეთვე მტკიცებულებათა საკმ–სობაზე მსჯელობას და მათ შეფასებას ერთობლიობაში. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქმეზე გამოკითხული Xა კლასის მოსწავლეების ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და განკუთვნადი და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უტყუარად დასტურდება მოსარჩელის მხრიდან მე-10ა კლასის მოსწავლეზე ემოციური/ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტი. საგულისხმოა, ასევე თავად მოსარჩელის განმარტება, რომ მან ბოდიში მოუხადა მოსწავლეს და აღიარა, მოსწავლის მიმართ გადაჭარბებული რეაქციის გამოხატვა. საკასაციო სასამართლო მოსარჩელის, როგორც მასწავლებლის მხრიდან ამგვარ აღიარებას/მონანიებას დადებითად აფასებს, თუმცა დასაქმებულის მიმართ გამოყენებული სანქციის გაბათილების საფუძვლად არ მიიჩნევს.

22.1. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან საქმეში არსებული მტკიცებულებების არასწორ შეფასებასთან და დასაქმებულის მიერ მასწავლებლის პროფესიული ეთიკის დარღვევის არარსებობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, დეტალურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები და მოსარჩელის მხრიდან მე-10ა კლასში მასწავლებლის მიერ პროფესიული ეთიკის დარღვევის ფაქტი მართებულად დაადგინა, რამაც მისთვის დისციპლინური სახდელის - საყვედურის დაკისრება განაპირობა (კერძოდ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფას, მასზე ემოციური (ფსიქოლოგიური) ზეწოლის მოხდენას. ამდენად, დისციპლინური კომიტეტის მიერ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მოხმობილ საკანონმდებლო მოწესრიგებაზე (იხ. ამ განჩინების 4.26-4.34 ქვეპუნქტები), მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულების პირობებზე (იხ. ამ განჩინების 4.35 ქვეპუნქტი) და მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი მე-10ა კლასში მომხდარი ინციდენტის გამო, მისთვის საყვედურის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.

22.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულის სტატუსის (სკოლის მასწავლებელი) და დამსაქმებელი ორგანიზაციის დანიშნულებისა და ფუნქციის გათვალისწინებით. დარღვევის სიმძიმის, ხასიათისა და საქმის სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, მოსარჩელისათვის საყვედურის გამოცხადება ჩადენილი დარღვევის ადეკვატურ ღონისძიებას წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო სრულიად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ზოგადი ხასიათის განმარტებები, კონკრეტული ფაქტების და მტკიცებულებების მითითების გარეშე, არ აძლევს სასამართლოს იმ დასკვნის საფუძველს, რომ დასაქმებულს საყვედური უსაფუძვლოდ, პირადი მიზეზით გამოუცხადეს. მხოლოდ იმის მითითება, რომ მე-10ა კლასის მოსწავლეებმა ერთგვაროვანი ჩვენებები მისცეს, რაც მათზე განხორციელებული ზეწოლის შედეგია, გაზიარებული ვერ იქნება. მოსარჩელეს არ მოუყვანია შემთხვევები, თუ რაში გამოიხატა მოსწავლეებზე ზეგავლენის მოხდენა. მხოლოდ მითითება, რომ მოსწავლეებმა ერთმანეთის მსგავსი ჩვენებები მისცეს, სადავო შემთხვევის ნამდვილობას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს. საკასაციო სასამართლოსათვის არ არის საეჭვო მოსწავლეთა ჩვენებების ნამდვილობა, რადგან საწინააღმდეგოს მხარე ვერ ადასტურებს.

23. კასატორმა იშუამდგომლა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მარტის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა დასაშვებობის შემოწმება ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს.

24. სსსკ-ის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობები. სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის (საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს) თანახმად, საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, რაც ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას; კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს ადამიანის სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (N2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ. №ას-807-2020, 12.11.2020წ., №ას-1150-2020, 29.11.2021წ.). ამასთან, სსსკ-ის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო სასამართლო არ ამოწმებს საქმის ფაქტობრივ მხარეს, გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძველს, რის გამოც მხარეთა მონაწილეობის გარეშე, უფლებამოსილია გააკეთოს შეფასება და მიიღოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, არსებითია არ დაირღვეს პრინციპი, რომელსაც ემყარება სამოქალაქო საქმის წარმოება, კერძოდ კი, იგივე შეჯიბრებითობის პრინციპი. მით უფრო, რომ როცა მხარეები მიმართავენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, მათთვის წინასწარვეა ცნობილი, რომ საქმის განხილვა შეიძლება ზეპირი მოსმენის გარეშეც მოხდეს. საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაში საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელიც შემოიფარგლებოდა იმის შეფასებით, სწორად იქნა გამოყენებული კანონი თუ არა, დასაშვებად მიიჩნია საკასაციო სასამართლოებში დამკვიდრებული საჩივრის განხილვის ფორმალური პროცედურა (ECtHR, ლევაგესანგარიის მომსახურება საფრანგეთის წინააღმდეგ, № 21920/93, 1996 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, პარ. 48) (№ას-806-2021, 22.02.2022 წ, პ.8).

26. რაც შეეხება საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 407.1-ე მუხლზე (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები) და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. სსსკ-ის 104.1-ე მუხლის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად: მოპასუხე სკოლის 2025 წლის 16 მაისის პასუხი; სკოლის 2025 წლის 28 აპრილის მიმართვა დასაქმებულს, ამ უკანასკნელის 2025 წლის 25 აპრილის განცხადების საპასუხოდ; მოსარჩელის 2024 წლის 1 ივლისის განცხადება მიმართული თბილისის, ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურორისადმი; მოპასუხე სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2022 წლის 5 ოქტომბრის სხდომის ოქმი #4; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება #167/ნ; მოსარჩელის მიერ 2024 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება; სს „ლ.ბ–ის“ მიერ 2025 წლის 3 აპრილს გაცემული ანგარიშის ამონაწერი; სს „ლ.ბ–ის“ 2024 წლის 27 დეკემბერს გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერი #51993234; მოპასუხე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კ.გ–ას მიერ 2025 წლის 27 აპრილს დაწერილი ახსნა-განმარტება.

27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

28. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა.

29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

30. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

31. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

33. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ა–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი