საქმე №ას-258-2022 17 მაისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი - მ.ა–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 თებერვლის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.ა–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, დასაქმებული) განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, დამსაქმებელი) მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.02.2022წ. განჩინებით განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. განჩინება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ეფუძნება შემდეგს:
2.1. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 191-ე მუხლზე და განმარტა, უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის - გადაწყვეტილების აღსრულება (დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელება და სხვა). სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოთხოვნა უნდა ემსახურებოდეს მოსარჩელის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების აღდგენას. გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.
2.2. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, შვებულების და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის №2294/კ ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; მოსარჩელე აღდგენილი იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე; მოპასუხეს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1800 ლარის (დარიცხული) ოდენობით, სამსახურიდან გათავისუფლებიდან (27.02.2020) სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ასევე, მოპასუხე დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება (24 სამუშაო დღე) თანამდებობრივი სარგოს - 1800 ლარის (დარიცხული) ოდენობით. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დავის აღძვრისას პირი სარგებლობს ,,ეფექტიანი'' და ,,პრევენციული'' დაცვის უფლებით. ეფექტიანი დაცვა თავად სარჩელით მოთხოვნილი უფლების მოპოვებას გულისხმობს, ხოლო პრევენციული დაცვისას უნდა არსებობდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სანამ მოსარჩელის უფლება აღდგება, იარსებებს პრევენცია, რომ ეს უფლება არ გაუქმდება.
2.3. პალატამ მიუთითა, რომ მითითებული სახით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება თავისი არსით წარმოადგენს მოთხოვნას, სასამართლომ გარკვეული დროის განმავლობაში აუკრძალოს მოპასუხეს - დამსაქმებელს - ადამიანური რესურსების მართვა და გამოყენება, რაც მოპასუხის საქმიანობის განუყოფელი ნაწილია და რისი განხორციელებით, სასამართლო ერთმნიშვნელოვნად შეიჭრება მოპასუხის, როგორც დამოუკიდებელი სამართალსუბიექტის, სუვერენული ნების ფარგლებში - მის მენეჯმენტში, რაც დავის საგანთან მიმართებაში არაადეკვატური და გაუმართლებელია. ამასთან, ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი ერთნაირად იცავს როგორც მოსარჩელის, ისე - მოპასუხის ინტერესებს ანუ მოსარჩელის ინტერესების უზრუნველყოფა არ ხდება მოპასუხის ინტერესების გაუთვალისწინებლად. სწორედ აღნიშნული პრინციპი უდევს საფუძვლად იმ გარემოებას, როცა კანონმდებელი უშვებს სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას და არა მის სავალდებულოობას.
2.4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თუ უკანონოდ განთავისუფლებული მოხელის აღდგენა განთავისუფლებამდე არსებულ თანამდებობაზე, რომელზეც უკვე სხვა პირია დასაქმებული, გამოიწვევს ამ პირის განთავისუფლებას და ერთმანეთს დაუპირისპირდება ორი პატივსადები ინტერესი: პირველი - უკანონოდ განთავისუფლებული და აღდგენილი პირის ინტერესი, დაიკავოს უკანონოდ განთავისუფლებამდე არსებული თანამდებობა და მეორე - მის ადგილას დანიშნული პირის ინტერესი, შეინარჩუნოს ის ადგილი, რომელზეც იგი კანონიერი გზით დაინიშნა, ინტერესთა ამგვარი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს იმ მოხელის სასარგებლოდ, ვინც პირველად დაინიშნა ამ საშტატო ერთეულზე და ვინც უკანონოდ იქნა განთავისუფლებული და შემდგომში კანონიერად აღდგენილი. ინტერესთა კონფლიქტის ამგვარი გადაწყვეტა თანხვედრაშია როგორც სამართლებრივ დოქტრინაში დამკვიდრებულ პრინციპთან - დროში პირველი, უფლებაშიც პირველია, ასევე ეხმიანება ჩვეულებით სამართალს და სამართლიანობის გაგებას. აქვე, საკითხის ამგვარი გადაწყვეტა უფლებას არ ართმევს მოხელის აღდგენის მოტივით სამსახურიდან განთავისუფლებულ მოხელეს, ადმინისტრაციული ორგანოსაგან მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა, სხვა საშტატო ერთეულზე გადაყვანა, ფულადი ანაზღაურება და სხვა, თუმცა სასურველია, რომ ამგვარი საკითხი კანონმდებლობით პირდაპირ იყოს მოწესრიგებული.
2.5. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს და მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 125-ე მუხლის მეშვიდე ნაწილზე, რომლის მიხედვით: ,,ამ კანონის ამოქმედება იწვევს საჯარო მოხელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული პირის უფლებამოსილების შეწყვეტას". აღნიშნა, რომ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნაში ასახული დათქმა ,,გარდა დროებითი მოვალეობის შემსრულებლისა". სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება არ ემსახურება სარჩელზე სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზანს, რადგან მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ შეიცავს დასაბუთებულ მითითებას იმ გარემოებებზე, რაც საკმარისი წინაპირობაა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოთხოვნა შეეხება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე დასაქმების აკრძალვას, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, იარსებებს რისკი იმისა, რომ საფრთხე შეექნას ორგანოს გამართული, ხარისხიანი და შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფას, რაც გამოიწვევს არა მხოლოდ მოპასუხის უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას და იწვევს მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენებას, ასევე ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესების დაცვის პრინციპს.
3. განჩინება, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის კონკურსის ან შიდა დაწინაურების წესით სამოქალაქო აქტების და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნის აკრძალვის შესახებ, გარდა დროებითი მოვალეობის შემსრულებლისა, უარის თქმის თაობაზე, საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.02.2022წ. განჩინებით საჩივარი ამავე სასამართლოს 01.02.2022წ. განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს (ტ. II, ს.ფ. 150-268).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
6. სსსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. ამავე კოდექსის 411-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
8. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის განჩინების კანონშესაბამისობა იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ დაკმაყოფილდა.
9. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. უზრუნველყოფის ღონისძიების სათანადო სახე კი შერჩეულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის გათვალისწინებით, რომლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიებაა მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.
10. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ Nას-587-2019, 20.02.2020წ.).
11. პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
12. პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ სასამართლოსათვის მინიჭებული შესაძლებლობა - უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, ბუნებრივია, არ ნიშნავს სასამართლოს უფლებას, აღნიშნული ღონისძიება გამოიყენოს ნებისმიერ სარჩელთან მიმართებაში. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა მოხდეს ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლოს განსაკუთრებული მსჯელობის შედეგად. კანონი ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ზოგად საფუძველს, ხოლო საკითხს, გამოყენებული უნდა იქნას თუ არა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, სასამართლო განსაზღვრავს იმ გარემოებებისა და მოსაზრებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, უზრუნველყოფის ღონისძიება მიიჩნიოს გამართლებულად. სადავო საკითხზე მსჯელობის ფარგლებში პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლო და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება გულისხმობს არა მარტო პირის დარღვეული უფლებების აღდგენას, არამედ მის დროებით დაცვასაც, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე არ მოხდეს პირის არახელსაყრელი ფაქტის წინაშე დაყენება. თუმცა, პალატა აქვე მიუთითებს, რომ კანონმდებლის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის დაწესება არ გულისხმობს მის ავტომატურ გამოყენებას ნებისმიერი სარჩელის მიმართ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ხდება ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლოს მსჯელობის შედეგად და მტკიცების ტვირთი კი ეკისრება შუამდგომლობის ავტორს.
13. დავის საგნიდან გამომდინარე პალატა მიუთითებს შემდეგს: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილება სარჩელის უზრუნველოფის ღონისძიების გამოყენების ფარგლებში, შესაძლებლობას იძლევა, დასაქმებული აღდგენილი იქნეს იმავე თანამდებობაზე, რამდენადაც სადავო თანამდებობაზე არ მომხდარა სხვა პირის დანიშვნა. ხოლო თუ ეს უფლება არ არის გამოყენებული და დასაქმებულის დაკავებულ თანამდებობაზე დანიშნულია სხვა პირი, ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს სამსახურში აღდგენილი პირის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნა იმავე დაწესებულების სისტემაში.
14. პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია, ასევე დადგენილია, რომ საჯარო სამსახურის ბიუროდან მოსარჩელის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადებული არ არის და შესაბამისად, იგი დღემდე ვაკანტურია. პალატა ეთანხმება და იზიარებს საჩივრის ავტორის იმ მოსაზრებას, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება სხვა პირის დანიშვნა, მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში, მისი აღდგენა ვერ განხორციელდება, იმ მიზეზის გამო, რომ აღარ იარსებებს ვაკანტური თანამდებობა, რაც შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენას. ამდენად, ცალსახაა, რომ საფრთხე შეექმნება მიმდინარე დავაზე სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას - თანამდებობაზე აღდგენას, რაც მოსარჩელისათვის ცალსახად ზიანის მომტანი იქნება. შესაბამისად პალატა ვერ გაიზიარებს საქმის განმხილველი სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ დაკმაყოფილების შემთხვევაში, იარსებებს რისკი იმისა, რომ საფრთხე შეექნას ორგანოს გამართული, ხარისხიანი და შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფას, რაც გამოიწვევს არა მხოლოდ მოპასუხის უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას და იწვევს მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენებას, ასევე ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესების დაცვის პრინციპს.
15. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელით სადავოდ არის გამხდარი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება და მის საბოლოო ინტერესს სამსახურში აღდგენა წარმოადგენს. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სამუშაოზე აღდგენა დაკავშირებულია სამუშაო ადგილის ვაკანტურობასთან. სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ შესაძლებელია სარჩელის უზრუნველყოფის ასეთი ღონისძიება მიჩნეული იქნეს მოპასუხის საქმიანობაში ჩარევად, თუმცა სწორედ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზიანი არ მიადგეს მას, სასამართლო უვადოდ დანიშვნის ნაწილში შეზღუდავს დამსაქმებელს, რაც ნიშნავს, რომ ამ უკანასკნელს შეეძლება თავისი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება გადაწყვეტილების საბოლოოდ მიღებამდე, რაც მისთვის ზიანის გამომწვევი ვერ იქნება. საქართველოს შრომის კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად მოპასუხეს შესაძლებლობა ექნება განსაზღვრული ვადით შრომითი ხელშეკრულებით დანიშნოს პირი სადავო პოზიციაზე.
16. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართებულობის შეფასებისას საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადაწყვეტილების მეორე პუნქტის საფუძველზე მოსარჩელე აღდგენილ იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, პალატას მიაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახედ, მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა, წარმოადგენს თანაზომიერ და მოთხოვნის პროპორციულ ღონისძიებას. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე დავის დასრულებამდე, სადავო თანამდებობის შენარჩუნებით დაცული იქნება ორივე მხარის ინტერესი სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით.
17. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971, 411-ე, 419ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ა–ძის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.02.2022წ. განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ.ა–ძის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გაუქმდეს: აეკრძალოს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კონკურსის ან შიდა დაწინაურების წესით სამოქალაქო აქტების და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა, გარდა დროებითი მოვალეობის შემსრულებლისა, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი