საქმე №ა-5134-შ-106-2025
15 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ს.ბ–ა
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ჟ–ი
გადაწყვეტილებები, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰატტინგენის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 მარტისა და ამავე სასამართლოს 2023 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებები
დავის საგანი – განქორწინება, არასრულწლოვნებზე მზრუნველის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰატტინგენის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით მოხდა 2014 წლის 2 ივლისს თბილისის (საქართველო) სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინების, ქორწინების სარეგისტრაციო ნომერი 01143003752 განქორწინება.
2. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰატტინგენის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება ძალაშია 2024 წლის 27 აპრილიდან. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ზეპირი მოსმენით, რომელსაც ესწრებოდა ორივე მხარე.
3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰატტინგენის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბავშვებზე ს.ჟ–ზე (დაბ. 01.07.2015), ს.ჟ–სა (დაბ. 18.12.2013) და ს.ჟ–ზე (დაბ. 07.02.2019) მზრუნველობა გადადის დედაზე.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ძალაშია 2023 წლის 7 ოქტომბრიდან. სასამართლო პროცესზე მოწინააღმდეგე მხარე წარმოდგენილი იყო ადვოკატის მეშვეობით.
5. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰატტინგენის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მეორე მშობელი (მოწინააღმდეგე მხარე) დაეთანხმა ამ განცხადებას.
6. 2025 წლის 27 აგვისტოს ს.ბ–ამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰატტინგენის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 მარტისა და ამავე სასამართლოს 2023 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
7. შუამდგომლობის ტექსტის თანახმად, განმცხადებლის იურიდიული ინტერესია ქორწინების შეწყვეტის დარეგისტრირება და არასრულწლოვანი ბავშვებისათვის პასპორტების აღება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰატტინგენის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 მარტისა და ამავე სასამართლოს 2023 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ: ა) ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო; ბ) მეუღლეს, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია საქმე, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს; გ) ერთ-ერთი მეუღლე მოქალაქეობის არმქონე პირია და ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს. ამავე კანონის მე-16 მუხლის მიხედვით, მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს [„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 16.1 პუნქტი]. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ როგორც მზრუნველი (არასრულწლოვნების დედა), ისე არასრულწლოვნები (ს. და ს.ჟ–ები) საქართველოს მოქალაქეები არიან.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.
13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით [ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს].
14. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰატტინგენის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 მარტისა და ამავე სასამართლოს 2023 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებები ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ბ–ას შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰატტინგენის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 მარტისა და ამავე სასამართლოს 2023 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰატტინგენის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მოხდა 2014 წლის 2 ივლისს თბილისის (საქართველო) სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინების, ქორწინების სარეგისტრაციო ნომერი 01143003752 განქორწინება;
3. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰატტინგენის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ბავშვებზე ს.ჟ–ზე (დაბ. 01.07.2015), ს.ჟ–სა (დაბ. 18.12.2013) და ს.ჟ–ზე (დაბ. 07.02.2019) მზრუნველობა გადადის დედაზე;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე