Facebook Twitter

საქმე №ა-3946-შ-101-2025 8 ოქტომბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ.მ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - რ.ა–ნი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს ლოს ანჯელესის ოლქის 2025 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2025 წლის 8 აგვისტოს შუამდგომლობით მომართა მ.მ–ძემ, მოითხოვა კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს ლოს ანჯელესის ოლქის 2025 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

2. შუამდგომლობის ავტორის განმარტებითა და წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ მ.მ–ძე არის ა.მ–ძის შვილი (ა.მ–ძის მეორე მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი შვილი). ამავე დოკუმენტებითა და წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით ირკვევა, რომ ა.მ–ძე გარდაიცვალა 2025 წლის 26 აპრილს.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისთვის წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ განქორწინების თაობაზე სარჩელი წარდგენილია რ.ა–ნის (წინამდებარე შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარე) მიერ.

4. წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით მხარეებმა მიიღეს განქორწინებულის სტატუსი. დასახელებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2025 წლის 6 მაისს.

5. წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ გარდაცვლილსა და რ.ა–ნს, ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - ა.მ–ძე (7/17/18) და გ.მ–ძე (6/17/14).

6. წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებითა და თანდართული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ა.მ–ძემ და რ.ა–ნმა იქორწინეს საქართველოში 2013 წლის 12 ივნისს, ხოლო ფაქტობრივად დაშორდნენ 2020 წლის 18 აგვისტოდან.

7. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მამის გარდაცვალების შემდეგ მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მიღების მიზნით, განცხადებაშივე მიუთითა, რომ გარდაცვლილ მამას ჰყავდა სხვა პირველი რიგის მემკვიდრეებიც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

10. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.

11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.მ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს ლოს ანჯელესის ოლქის 2025 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ქორწინება ა.მ–ძესა და რ.ა–ნს შორის;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე