Facebook Twitter

ბს-1122-1073(კ-07) 23 აპრილი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. გ-ის, თ. კ-ის და ი. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.10.07წ განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი. გ-ემ, თ. კ-ემ, ი. ბ-ემ და გ. მ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ და ადმინისტრაციული აქტის – რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 09.01.07წ. ¹ 3-9 ბრძანების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა მოითხოვეს.

მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ იყვნენ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 09.01.07წ. ¹ 3-9 ბრძანებით სტუდენტთა გარკვეულ კატეგორიას, მათ შორის მოსარჩელეებს შეუწყდათ სტუდენტის სტატუსი დიდი ოდენობით აკადემიური და ფინანსური დავალიანების გამო. მოსარჩელეთა განმარტებით მოპასუხემ გადააჭარბა დისკრეციული უფლებამოსილებას და მისი განხორციელებისას უგულებელყო კერძო ინტერესი, რითაც დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მოთხოვნა. მოსარჩელეთა განმარტებით გარიცხვის შესახებ მათ შეიტყვეს დაგვიანებით, როდესაც უკვე გამოცემული იყო სადავო ბრძანება. მოპასუხე ვალდებულ იყო წინასწარ გაეფრთხილებინა ისინი მოსალოდნელი გარიცხვის შესახებ და განესაზღვრა ვადა დავალიანების დასაფარავად. მოსარჩელეთა განმარტებით, აკადემიური დავალიანება მათ გააჩნიათ ფინანსური დავალიანების გამო, რადგან ისინი არ არიან შეყვენილი უწყისებში, ფაქტობრივად კი ჩაბარებული აქვთ ყველა გამოცდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29.03.07წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ, სტუდენტები უნივერსიტეტთან ხელშეკრულების დადების დროს იყვნენ გაფრთხილებული აკადემიური დავალიანების არსებობის უარყოფით სამართლებრივ შედეგებზე. ასევე, სადავო აქტის გამოცემამდე რექტორის 15.09.06 წ. ¹ 1-170 ბრძანებით დამტკიცდა 2006-2007 სასწავლო წლისათვის სწავლების ტარიფები, არასაბიუჯეტო სწავლების სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესი და სხვა. მითითებული ბრძანების თანახმად, 2006-2007 წლამდე არსებული ყველა სახის ფინანსური დავალიანების დაფარვის ბოლო ვადად დაწესდა დღის სწავლების სტუდენტთათვის 15 ოქტომბერი, ხოლო დაუსწრებელი სწავლების სტუდენტებისათვის 25 დეკემბერი, ამავე ბრძანებით ფასიანი სექტორის სტუდენტებისათვის დადგინდა საფასურის გადახდა სემესტრების მიხედვით პირველი სემესტრის საფასურის გადახდის ბოლო ვადად განისაზღვრა 30 ნოემბერი, ხოლო მეორე სემესტრის საფასურისა - 30 აპრილი. ამავე ბრძანებით სტუდენტები გაფრთხილებული იყვნენ, რომ საფასურის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში ამოღებული იქნებოდნენ სტუდენტთა სიიდან. კანცელარიას დაევალა ბრძანების გამოკვრა თვალსაჩინო ადგილას და მისი გადაგზავნა ყველა დეკანატისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არ იცოდნენ მოსალოდნელი გარიცხვის შესახებ და სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემული იყო მათი კერძო ინტერესის გაუთვალისწინებლად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.10.07წ განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ი. გ-ემ, თ. კ-ემ და ი. ბ-ემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვეს. კასატორებმა აღნიშნეს, რომ სადავო აქტის გამოცემა მოხდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, არ ჩატარებულა საჯარო განხილვა, მოსარჩელეებს არ მიცემიათ თავიანთი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. უნივერსიტეტს ქონდა მათთვის კურსზე დარჩენის შეთავაზების ვალებულება და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო მათი გარიცხვა თუ ისინი უარს იტყოდნენ კურსზე დარჩენაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ირმა გ-ის, თ. კ-ის და ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ირმა გ-ის, თ. კ-ის და ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. გ-ის, თ. კ-ის და ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.