Facebook Twitter

საქმე№ას-859-2025 8 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე

კასატორი – ვ.გ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – იურიდიული დახმარების საბჭოს სხდომის ოქმის და მასზედ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა, აღდგენის შეუძლებლობის კომპენსაციის დაკისრება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მიუღებელი სახელფასო დანამატის დაკისრება, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა, მორალური ზიანის ანაზღაურება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ვ.გ–მა (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული ან კასატორი) სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი) წინააღმდეგ, მოითხოვა:

1.1.1. ბათილად იქნას ცნობილი იურიდიული დახმარების საბჭოს 19.07.2023 წლის N113 სხდომის ოქმი და მის საფუძველზე იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ 19.07.2023 წელს მიღებული გადაწყვეტილება N113.

1.1.2. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე დამსაქმებლის დირექტორის 18.07.2023 წლის ბრძანება მოსარჩელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

1.1.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის 100 000 ლარის გადახდა.

1.1.4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შემდეგი ოდენობით: 01.08.2023 წლიდან - 01.06.2024 წლამდე პერიოდზე დარიცხული 29 935 ლარის ოდენობით; 01.06.2024 წლიდან - სამუშაოზე აღდგენამდე (სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე) პერიოდზე განაცდური მოპასუხე ორგანიზაციის ადვოკატის შტატზე განსაზღვრული დარიცხული ხელფასის ოდენობით.

1.1.5. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2023 წლის დეკემბრის თვეში მიუღებელი სახელფასო დანამატის დარიცხული 1 200 ლარის ანაზღაურება.

1.1.6. დადგინდეს მოპასუხე სამსახურის მხრიდან მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციის განხორციელების ფაქტი და მოპასუხეს დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 3 000 ლარის ოდენობით.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხე შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით სარჩელს არ ცნობს უსაფუძვლობის მოტივით და ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. მოპასუხემ ასევე მიუთითა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის ნაწილში სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

4.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

5.1.1. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება დასაქმებულის სამსახურიდან საქართველოს შრომის კოდექსის 47.1. მუხლის „ო“ პუნქტით სამსახურიდან განთავისუფლებაზე ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;

5.1.2. ვ.გ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

5.1.3. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი: იურიდიული დახმარების საბჭოს 2023 წლის 19 ივლისის N113 სხდომის ოქმი და მის საფუძველზე იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ 2023 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება N113, ასევე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის 2023 წლის 18 ივლისის ბრძანება სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის ვ.გ–ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს შრომის კოდექსის 47.1. მუხლის „ო“ პუნქტის საფუძველზე (თავშესაფრის მაძიებლის საქმე) ნაწილში;

5.1.4. ვ.გ–ის სარჩელი სხვა ნაწილში (იურიდიული დახმარების საბჭოს 2023 წლის 19 ივლისის N113 სხდომის ოქმის და მის საფუძველზე იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ 2023 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება N113, ასევე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის 2023 წლის 18 ივლისის ბრძანების სსიპ იურდიული დახმარების სამსახურის თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის ვ.გ–ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს შრომის კოდექსის 47.1. მუხლის „ზ“ პუნქტით გათვალისწინებული ეთიკის წესების დარღვევის ნაწილში, ასევე თანხის დაკისრების და დისკრიმინაციის დადგენის ნაწილში) არ დაკმაყოფილდა.

5.2. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 15.04.2015 წელს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე დასაქმდა მოპასუხის თბილისის ბიუროში ადვოკატის პოზიციაზე. იგი საქმიანობას ახორციელებდა სამოქალაქო-ადმინისტრაციულ სპეციალიზაციით. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება 2015 წლის 15 აპრილიდან 2016 წლის 15 აპრილამდე.

5.3. მხარეთა შორის 15.04.2016 წელს კვლავ დაიდო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება იმავე პოზიციაზე 15.04.2017 წლამდე.

5.4. მხარეთა შორის 13.04.2017 წელს მხარეთა შორის კვლავ დაიდო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება 13.04.2018 წლამდე.

5.5. 13.04.2018 წელს მხარეთა შორის კვლავ დაიდო შრომითი ხელშეკრულება, ამჯერად უკვე უვადო სშკ-ის მე-6 მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად, რომლის საფუძველზეც დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 1 900 ლარით.

5.6. 05.02.2022 წლის იურიდიული დახმარების საბჭოს N99 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დამტკიცდა საკონსულტაციო ცენტრისა და იურიდიული დახმარების ბიუროს ანგარიშგების წესი და ფორმა იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემის სახით (case-bank).

5.7. გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის თანახმად, საკონსულტაციო ცენტრისა და იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლებს დაევალათ (სპეციალისტები, კონსულტანტები, ადვოკატები, ბიუროს უფროსები) დროულად, სრულყოფილად და კეთილსინდისიერად შეეყვანათ საქმის მონაცემები/საქმეზე განხორციელებული აქტივობები, მათ შორის საქმის დასრულების შესახებ ინფორმაცია და აეტვირთათ მომზადებული დოკუმენტები (სარჩელი, შესაგებელი, საჩივარი, შუამდგომლობა, განცხადება და ა.შ.) იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემაში, მასში მითითებული ველების შესაბამისად.

5.8. გადაწყვეტილების 3.4. პუნქტის თანახმად, თანამშრომლებს დაევალათ საქმეზე განსახორციელებელი ან/და განხორციელებული აქტივობები (რიცხვისა და საათის მითითებით), მათი შედეგები და აღწერა; 3.5. პუნქტის თანახმად, საქმეში ადვოკატის ჩართვამდე არსებული მდგომარეობა; 3.6. პუნქტის შესაბამისად, საქმის დასრულების შესახებ ინფორმაცია (საფუძველი, სტადია, შედეგი, შესაბამისი დროის მითითებით).

5.9. გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის თანახმად, ადვოკატთა თანაბარი დატვირთულობის მიზნებისათვის, იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ადვოკატზე განაწილებულ ახალ საქმეზე უარის თქმა დასაშვებია მხოლოდ: 5.1. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში; 5.2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, კერძოდ ა) როდესაც ახალი საქმე საჭიროებს ადვოკატის დაუყოვნებლივ გამოცხადებას პროცესის მწარმოებელ ორგანოში (საგამოძიებო ორგანო, დროებითი მოთავსების იზოლატორი, პენიტენციური დაწესებულება, სასამართლო ან/და სხვა ადმინისტრაციული ან/და ორგანო), ამ ორგანოს მიერ დაგეგმილ გადაუდებელ მოქმედებებში (საგამოძიებო ან/და საპროცესო მოქმედებები ან/და სასამართლოს სხდომა) მონაწილეობისათვის და ადვოკატი სხვა მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით ახალი საქმის დაწერის მომენტისათვის იმყოფება პროცესის მწარმოებელ ორგანოში და ობიექტურად შეუძლებელია ახალი საქმის აქტივობებზე დაუყოვნებლივ გამოცხადება (პროცესი, აქტივობა, რომელზეც ადვოკატი იმყოფება მიმდინარეა/გრძელდება და მისი დასრულება არ არის გათვალისწინებული იმ შუალედით, რომ ადვოკატს ჰქონდეს ახალი საქმის აქტივობაზე დაუყოვნებლივ წასვლის საშუალება); გ) როდესაც ახალი საქმე, საჭიროებს ადვოკატის გამოცხადებას პროცესის მწარმოებელ ორგანოში, ამ ორგანოს მიერ დაგეგმილი გადაუდებელ მოქმედებებში მონაწილეობისათვის ამავე ორგანოს მიერ კონკრეტულად განსაზღვრულ დროს და სწორედ ამ დროს, ადვოკატი სხვა მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით უნდა გამოცხადდეს პროცესის მწარმოებელ ორგანოში სხვა გადაუდებელ აქტივობაზე და რომლის სხვა დროისთვის გადადებაც შეუძლებელია. დ) როდესაც ახალი საქმე საჭიროებს ადვოკატის დაუყოვნებლივ გამოცხადებას პროცესის მწარმოებელ ორგანოში, ამ ორგანოს მიერ დაგეგმილი გადაუდებელ მოქმედებებში მონაწილეობისათვის და ადვოკატის მიერ ახალ საქმეზე ამ მოქმედების განხორციელება და საჭირო დრო ობიექტურად შეუძლებელს გახდის სხვა მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით პროცესის მწარმოებელი ორგანოს მიერ დაგეგმილ გადაუდებელ აქტივობაში ადვოკატის დროულ მონაწილეობას (ობიექტურად შეუძლებლად არ განიხილება შემთხვევა, როდესაც აქტივობებს შორის შუალედი 4 საათს აღემატება). გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის თანახმად, მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით საქმის წარმოებაში მიღებაზე ადვოკატის მიერ უარის თქმის შემთხვევაში, ადვოკატი ვალდებულია მიუთითოს იმ საქმის მონაცემები, რომელთან დაკავშირებული გადაუდებელი აქტივობის გამო ხდება საქმის მიღებაზე უარის თქმა.

5.10. გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის თანახმად, ადვოკატთა თანაბარი დატვირთულობის სწორად განსაზღვრის მიზნებისათვის, ადვოკატი ვალდებულია, საქმეზე დაგეგმილი აქტივობები case-bank-ში ასახოს დროულად, კეთილსინდისიერად ასევე არ მოახდინოს საქმეზე აქტივობების უსაფუძვლოდ შეყვანა მისი დატვირთულობის ხელოვნურად გაზრდისა ან/და ახალი საქმის მასზე განაწილებისგან თავის არიდების მიზნით.

5.11. საქმეზე დაგეგმილი (case-bank-ში ასახული) აქტივობის გაუქმების/გადადების/განხორციელების შემთხვევაში, ადვოკატი ვალდებულია case-bank-ში დაუყოვნებლივ (გაუქმების/გადადების საფუძვლების შეტყობისთანავე ან განხორციელებისთანავე) მიუთითოს მისი გაუქმების/გადადების მიზეზი და საფუძველი, ასევე განხორციელებული აქტივობის შედეგი, ხოლო სამსახური უფლებამოსილია გადაამოწმოს გაუქმების/გადადების საფუძვლიანობა ასევე განხორციელებული აქტივობის შედეგი და საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს ადვოკატისგან დამატებითი ინფორმაცია.

5.12. გადაწყვეტილების მე-9 პუნქტის თანახმად, იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემის (case-bank) სატესტო რეჟიმში მუშაობიდან გამომდინარე, ამ რეჟიმის მიმდინარეობისას, პრაქტიკაში წარმოქმნილ საკითხებზე დროული რეაგირებისათვის და საქმიანობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსს მიეცა უფლება, რომ დაედგინა გამონაკლისები ან/და შეეტანა ცვლილება გადაწყვეტილების 3-8 პუნქტებით დადგენილ წესებში, რომელიც ეცნობებოდა იურიდიული დახმარების ბიუროს.

5.13. გადაწყვეტილების მე-10 პუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება ასევე ამ გადაწყვეტილების მე-9 პუნქტის საფუძველზე დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება/ბრძანება სავალდებულოა შესასრულებლად საკონსულტაციო ცენტრებისა და იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლებისათვის და მათი შეუსრულებლობა, მათ შორის ადვოკატის მიერ case-bank-ში საქმეზე აქტივობების უსაფუძვლოდ შეყვანა დატვირთულობის ხელოვნურად გაზრდისა ან/და ახალი საქმის ადვოკატზე განაწილებისაგან თავის არიდების მიზნით განხილულ იქნება სამსახურის საქმისწარმოების ხელშეშლად და სამსახურისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებად.

5.14. მოპასუხე იურიდიული დახმარების სამსახურის სადავო პერიოდში მოქმედი შინაგანაწესის 4.1.3. პუნქტის თანახმად, თანამშრომელი ავსებს შვებულების შესახებ განცხადების სტანდარტულ ფორმას (დანართი 2) და მიმართავს სამსახურის დირექტორს. სადაო პერიოდში მოქმედი შინაგანაწესის 4.1.5. პუნქტის თანახმად, თანამშრომელი თავის უშუალო ხელმძღვანელს წარუდგენს შვებულების პერიოდის განმავლობაში დაგეგმილი საქმიანობის გრაფიკს. ბიუროს უფროსი მიზანშეწონილობიდან გამომდინარე წყვეტს თანამშრომელზე დაკისრებული ფუნქციების გადანაწილების ან სხვა თანამშრომლისთვის მოვალეობის შესრულების დაკისრების საკითხს.

5.15. სადავო პერიოდში მოქმედი შინაგანაწესის 5.2.1. პუნქტის თანახმად, სამსახურში დოკუმენტბრუნვა ხორციელდება საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამით, რომელიც დამტკიცებულია სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის ბრძანებით. სადაო პერიოდში მოქმედი შინაგანაწესის 5.2.2. პუნქტის თანახმად, შემოსული, გასული და შიდა კორესპონდენცია ტარდება ელექტრონულ საქმისწარმოების პროგრამაში, ხოლო მატერიალური სახით შემოსული და გასული დოკუმენტაცია ინახება სამსახურის აპარატში, ბიუროებში/საკონსულტაციო ცენტრებში, საქაღალდეებში შესაბამისი ნომენკლატურის ინდექსების მითითებით.

5.16. სადავო პერიოდში მოქმედი შინაგანაწესის 5.2.3. პუნქტის თანახმად, სამსახურში დოკუმენტები ინახება შესაბამისი ვადებით და მათი განადგურება ხორციელდება სამსახურის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ნომენკლატურის შესაბამისად. სადაო პერიოდში მოქმედი შინაგანაწესის 6.1.3 პუნქტის თანახმად, სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან: ა) კეთილსინდისიერად შეასრულონ შრომითი ვალდებულებები თანამდებობის, სპეციალობის, კვალიფიკაციის შესაბამისად; დაიცვან შრომითი ხელშეკრულებით (დანიშვნის ბრძანებით) გათვალისწინებული პირობები: ბ) დროულად შეატყობინონ ხელმძღვანელს თავიანთი სამუშაოს შესაძლო შეუსრულებლობის შესახებ; გ) შეასრულონ დებულების, შინაგანაწესის მოთხოვნები, ხელმძღვანელის ბრძანებები და სხვა აქტები; დ) დაიცვან ტექნიკური მოწყობილობების გამოყენების წესები, ასევე მატერიალურ ფასეულობათა და დოკუმენტაციის შენახვის დადგენილი წესები; ე) მუდამ იზრუნონ სამსახურის საქმიანი რეპუტაციის ამაღლებაზე, ღირსებასა და პრესტიჟზე; ვ) დროულად და გულისყურით შეასრულონ სამუშაო, დავალებები, მითითებები, იზრუნონ შესრულებული სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესებაზე.

5.17. სადაო პერიოდში მოქმედი შინაგანაწესის 6.1.4. პუნქტის თანახმად, სამსახურის ადვოკატები, საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისას ემორჩილებიან ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ნორმებს და საზოგადოებრივი ადვოკატების საქმიანობის სახელმძღვანელო წესებს.

5.18. სადავო პერიოდში მოქმედი შინაგანაწესის 6.3.1. პუნქტის თანახმად, დისციპლინური წარმოების მიზანია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის დროულად და სრულყოფილად გამოვლენა და დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა.

5.19. სადავო პერიოდში მოქმედი შინაგანაწესის 6.3.2.1. პუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობა თანამშრომელს შეიძლება დაეკისროს წინამდებარე შინაგანაწესით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. სადაო პერიოდში მოქმედი შინაგანაწესის 6.3.3.1. პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომებია: ა) სამსახურებრივი მოვალეობების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურის შინაგანაწესის, სამსახურის დებულების, იურიდიული დახმარების საბჭოს გადაწყვეტილებების, დირექტორის ბრძანებებისა და სამსახურის სხვა აქტების დარღვევა, მათი შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; ე) ეთიკის ნორმების ან/და ქცევის ზოგადი წესების უგულვებელყოფა ან დარღვევა, ასევე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც მიმართულია თანამშრომლის ან/და სამსახურის დისკრედიტაციისაკენ ან/და ლახავს სამსახურის რეპუტაციას, მიუხედავად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.

5.20. სადაო პერიოდში მოქმედი შინაგანაწესის 6.3.4.1. პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომა შეიძლება იყოს მძიმე ან მსუბუქი. შინაგანაწესის 6.3.4.2. პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ: ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას ან/და სამსახურს აკარგვინებს ნდობას დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ; ე) თანამშრომელმა არ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა იურიდიული დახმარების საბჭოს გადაწყვეტილებები ან/და ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე სამსახურის დირექტორის მიერ გამოცემული აქტები; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა.

5.21. შინაგანაწესის 6.3.5.1. პუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50%-მდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით; დ) სამსახურიდან გათავისუფლება. სადაო პერიოდში მოქმედი შინაგანაწესის 6.3.5.2. პუნქტის თანახმად, თანამშრომლის მიერ ერთდროულად რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მას დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა უფრო მძიმე დისციპლინური გადაცდომისათვის ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებით. შინაგანაწესის 6.3.6. პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, თანამშრომლის უშუალო უფროსი ვალდებულია სამსახურის დირექტორს მიმართოს წარდგინებით, რომელშიც აღწერილი იქნება, თუ რა ტიპის გადაცდომა ჩაიდინა თანამშრომელმა, მისი ჩადენის დრო და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. შინაგანაწესის 6.3.7.1. პუნქტის თანახმად, თანამშრომელს დისციპლინური გადაცდომისათვის შეეფარდება დისციპლინური პასუხისმგებლობის თანაზომიერი სახდელი. შინაგანაწესის 6.3.7.2. პუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას სამსახური ითვალისწინებს: ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით; ბ) დისციპლინური გადაცდომის სახეს ან/და მნიშვნელობას ან/და გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმეს; გ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა; დ) სამსახურებრივ მოვალეობათა ან სამსახურის აქტებით დადგენილ ვალდებულებათა დარღვევის, შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულების მიზეზს; ე) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობას.

5.22. შინაგანაწესის 6.3.8. პუნქტის თანახმად, თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.

5.23. შინაგანაწესის 6.3.10.6 პუნქტის თანახმად, დისციპლინური წარმოება წყდება, თუ აღარ არსებობს დისციპლინური წარმოების ობიექტური საფუძველი ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან გასულია 3 წელი. შინაგანაწესის 6.3.11.1 პუნქტის თანახმად, თანამშრომელი დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან 1 წლის განმავლობაში.

5.24. შინაგანაწესის 6.3.12.1. პუნქტის თანახმად, დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველია სავარუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე საჩივრის ან განცხადების ან სხვა დოკუმენტის ან ინფორმაციის არსებობა.

5.25. შინაგანაწესის 6.3.13.1. პუნქტის თანახმად, დისციპლინური წარმოების საფუძველზე დისციპლინური სახდელის შეფარდებას ახორციელებს სამსახურის დირექტორი. შინაგანაწესის 6.3.13.8. პუნქტის თანახმად, სამსახურის დირექტორის ბრძანება ან გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან 1 თვის ვადაში. სადაო პერიოდში მოქმედი შინაგანაწესის 6.3.14.1. პუნქტის თანახმად, დისციპლინური წარმოების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს, რომელიც აითვლება დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ სამსახურის დირექტორის ბრძანების მიღებიდან. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ერთ თვეზე მეტი ვადა, სამსახურის დირექტორი 1 თვიანი ვადის გასვლამდე, საკუთარი ინიციატივით ან შესაბამისი სამმართველოს უფროსის მოთხოვნით იღებს ბრძანებას დისციპლინური წარმოების ვადის გაგრძელების თაობაზე. ამ შემთხვევაში, დისციპლინური წარმოების საერთო ვადა არ უნდა აღმატებოდეს 3 თვეს, დისციპლინური წარმოების დაწყებიდან. სადაო პერიოდში მოქმედი შინაგანაწესის 6.3.14.2. პუნქტის თანახმად, თანამშრომელს, რომლის მიმართაც დაწყებულია დისციპლინური წარმოება უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. საჭიროებიდან გამომდინარე, მას შესაძლოა დაევალოს ცალკეული დოკუმენტების წარდგენაც. წერილობითი ახსნა-განმარტება შესაძლოა დამატებით ჩამოერთვას ყველა იმ პირს, ვისთვისაც შესაძლოა ცნობილი იყოს ინფორმაცია და გარემოებები, დისციპლინური გადაცდომის არსებობის ან არარსებობის შესახებ. კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, შესაძლოა სათანადო პირებიდან ან/და უწყებებიდან დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებული დოკუმენტების/ინფორმაციის გამოთხოვა.

5.26. შინაგანაწესის 6.3.14.3. პუნქტის თანახმად, დისციპლინური წარმოების დაწყებიდან 3 დღის ვადაში, დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს ეცნობება დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ და მიეცემა შეტყობინების ჩაბარებიდან არანაკლებ 7 სამუშაო დღის ვადა ახსნა-განმარტებებისა და საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციის წარდგენისათვის. დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს, დისციპლინური წარმოების დაწყებასთან ერთად განემარტება მისი უფლებები და მოვალეობები, დისციპლინური წარმოების წესი, ვადა და გადაეცემა საქმის მასალების ასლები.

5.27. შინაგანაწესის 6.3.17.1. პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი ადვოკატის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ ბრძანების მიღების შემთხვევაში, სამსახურის დირექტორი იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად მიმართავს იურიდიული დახმარების საბჭოს თანხმობის მისაღებად. საზოგადოებრივი ადვოკატი სამსახურიდან გათავისუფლებულად ჩაითვლება იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ თანხმობის გაცემის დღეს.

5.28. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2023 წლის 18 ივლისის ბრძანების საფუძველზე სშკ-ის 47.1 მუხლის „ზ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად.

5.29. სადავო ბრძანების მიხედვით ირკვევა, რომ მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორის 2023 წლის 20 აპრილის ბრძანებით მოსარჩელის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება.

5.30. საქმის მასალებით დგინდება, რომ იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემის (case-bank) თანახმად, მოსარჩელეს 2023 წლის 28 მარტს, პროგრამის მიერ ავტომატურად გაუნაწილდა - ბენეფიციარი ნინო ზურაბაშვილის საქმე. რადგან საქმის ავტომატური განაწილებისას მოსარჩელეს ჰქონდა ყველაზე დაბალი კოეფიციენტი, იმავე სპეციალიზაციით მომუშავე ადვოკატებს შორის.

5.31. იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემის ჩანაწერების თანახმად დგინდება, რომ მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დანიშნული იყო 2023 წლის 30 მარტს 15:40 საათზე. მოსარჩელემ უარი თქვა საქმის მიღებაზე 2023 წლის 28 მარტს 16:39 საათზე იმ მიზეზით, რომ 2023 წლის 30 მარტს მას ჰქონდა სხვა აქტივობა (პროცესი), რომელიც არ იყო იურიდიული საქმის წარმოების მართვის საინფორმაციო სისტემა „case-bank“-ში შეყვანილი. მოსარჩელეს საქმის განაწილებამდე, 2023 წლის 28 მარტამდე დარეგისტრირებული ჰქონდა 2023 წლის 30 მარტს განსახორციელებელი ორი აქტივობა (სასამართლო პროცესები). ხოლო საქმის განაწილების შემდეგ 2023 წლის 28 მარტს 17:20:45 საათზე და 2023 წლის 29 მარტს 12:00:38 საათზე დაარეგისტრირა 30 მარტს განსახორციელებელი კიდევ ორი აქტივობა - სასამართლო პროცესი. მოსარჩელე ახსნა-განმარტებით აღნიშნავს, რომ სამუშაო რეჟმიდან გამომდინარე როგორც კი ეძლევა შესაძლებლობა საქმის წარმოების საინფორმაციო სისტემაში შეჰყავს აქტივობები. შესაბამისად უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ ადვოკატმა ისე განაცხადა უარი ახალი საქმის მიღებაზე, რომ იურიდიული საქმის წარმოების მართვის საინფორმაციო სისტემა „case-bank“-ში არ ჰქონდა შეყვანილი აქტივობა.

5.32. მოპასუხე ორგანიზაციის ბიუროს სპეციალისტის 2023 წლის 29 მარტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად დგინდება, რომ 2023 წლის 28 მარტს თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ჩაბარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ადმინისტრაციულ საქმეზე ნინო ზურაბაშვილისათვის ადვოკატის დანიშვნის თაობაზე. თბილისის იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალისტმა აღნიშნული საქმე დაარეგისტრირა იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემა „case-bank“-ში, რომელიც ავტომატური განაწილებით გაუნაწილდა მოსარჩელეს. სპეციალისტმა სატელეფონო საუბრით ადვოკატს შეატყობინა პროცესის თარიღის და დროის შესახებ. საუბრის შემდგომ მოსარჩელემ მონიშნა უარი, რის მიზეზადაც სხვა საქმეზე დანიშნული პროცესი მიუთითა. კალენდარში მისი აქტოვობების გადამოწმების შემდეგ სპეციალისტმა გაარკვია, რომ მოცემული აქტივობა „პროცესი“ არ ჰქონდა შეყვანილი პროგრამაში. ინფორმაციის მიწოდების მიზნით სპეციალისტი კვლავ დაუკავშირდა მოსარჩელეს და აცნობა, რომ კალენდარში შეეყვანა აქტივობა, რადგან საქმის განაწილება მომხდარიყო შემდეგ ადვოკატზე.

5.33. სპეციალისტის, ა.ო–ის მიერ წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათის თანახმად მოსარჩელემ დაიწყო მისი მისამართით ხმამაღალი ყვირილი და ჩხუბი, ჰქონდა არაადეკვატური და აგრესიული რეაქცია მიწოდებულ ინფორმაციაზე. გამოვარდა ბიუროს დერეფანში და ხამამაღლა ყვიროდა მოქალაქეების და თანამშრომლების თანდასწრებით საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ბილწსიტყვაობდა სამსახურის მისამართით, კერძოდ „დედის“ მისამართით და ასევე იყენებდა ფრაზას „არამზადები“. სპეციალისტის მითითებით ადვოკატის მოქმედებამ შეუშალა ხელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში, მისმა ქმედებამ გამოიწვია ძლიერი შიშის განცდა, რის გამოც ვეღარ განახორციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას მოსარჩელის ნაწილში. ადრეც ჰქონდა ადგილი ბიუროს ხელმძღვანელ თ.კ–ძესა და მოსარჩელეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას, თუმცა რა საკითხზე მისთვის ცნობილი არ არის. სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ინციდენტის დროს ბიუროს შენობაში ბევრი ბენეფიციარი იმყოფებოდა და ყვირილის გაგონებისას ინტერესით იხედებოდნენ სპეციალისტების ოთახში.

5.34. მოპასუხე ორგანიზაციის სპეციალისტის 2023 წლის 29 მარტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად დგინდება, რომ 2023 წლის 28 მარტს სამსახურში ყოფნის დროს მისმა კოლეგამ ა.ო–მა ჩვეულებისამებრ დაარეგისტრირა ახალი საქმე იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემაში „case-bank“-ში. ავტომატური განაწილების შედეგად საქმე დაეწერა მოსარჩელეს, ინფორმაციის მიწოდების მიზნით ა–მ მოახდინა სატელეფონო კომუნიკაცია ადვოკატთან, რის შემდგომაც ბიუროში გაისმა ყვირილის ხმა. მოსარჩელე გამოვიდა მწყობრიდან და თანამშრომლების და მოქალაქეების თანდასწრებით არაადეკვატურად იმოქმედა, კერძოდ იყენებდა სამსახურისათვის შეუსაბამო და უხამს სიტყვებს, ყვიროდა საკმაოდ ხმამაღლა. სპეციალისტმა ვერ გაარკვია თუ ვის მიმართ იყო კონკრეტულად ეს სიტყვები მიმართული - მისი კოლეგის თუ სამსახურის მიმართ, რადგან ყვირილში ვერ გაარჩია უარყოფითი სიტყვების ნამდვილი ადრესატი. ადვოკატის სიტყვებიდან გაარკვია შემდეგი: ის ვერ ასწრებდა საქმეებს და ყოველდღე 3 საქმის დაწერა ძალიან ბევრი იყო მისთვის, დანარჩენი მისი სიტყვები იყო გინებით გამოხატული. სპეციალისტის მითითებით ის და მისი კოლეგები თავიდან დაიბნენ ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა, რა ქმედებას ჰქონდა ადგილი. შემდგომ ა.ო–მა მალევე გათიშა ტელეფონი, თუმცა ეს ხმაური კიდევ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ა.ო–ი გავიდა ადვოკატთან რომ ეთქვა ეს სიტყვები ვის მიმართ იყო გამოყენებული და ტონისთვის დაეწია, თუმცა მოსარჩელე უფრო აგრესიული გახდა რის შემდგომაც ჩაერია სპეციალიზებულ საქმეთა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელი თ.კ–ძე და მოახერხა სიტუაციის განმუხტვა. ბიუროს შენობაში ყვირილი და ქაოსი ართულებს სამუშაო პროცესს.

5.35. მოპასუხე ორგანიზაციის ბიუროს სპეციალისტის 2023 წლის 29 მარტის სამსახურებრივი ბარათით დგინდება, რომ სამუშაო საათებში ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელ ფრაზებს მოსარჩელის მიერ, რომელიც მიმართული იყო სპეციალისტ ა.ო–ის მიმართ. შეესწრო თუ როგორ ყვიროდა მოსარჩელე, ასევე აღნიშნავს მის დამოკიდებულებას საქმის დაწერის პროცესში და როგორ იყენებდა უხამს ფრაზებს, მოქალაქეების და კოლეგების თანდასწრებით. ამ დროისათვის ბიუროს შენობაში იმყოფებოდა რამდენიმე მოქალაქე. მისთვის რთული იყო ინციდენტის შემდეგ საქმეზე ორიენტირება, ვინაიდან შეიქმნა დაძაბული სიტუაცია.

5.36. მოპასუხე ორგანიზაციის ბიუროს სპეციალისტის 2023 წლის 29 მარტის სამსახურებრივი ბარათით დგინდება, რომ 2023 წლის 28 მარტს სპეციალისტი იმყოფებოდა თავის სამუშაო ოთახში, რა დროსაც გაიგო განწირული ყვირილი, დაუყოვნებლივ გავიდა სამუშაო ოთახიდან და დაინახა, რომ თავისი კაბინეტიდან გამოდიოდა მოსარჩელე, რომელიც ბოლო ხმაზე ღრიალებდა (იგინებოდა), ვის მიემართებოდა „გინება“ ვერ გაარკვია, თუმცა სამსახურს აყენებდა შეურაცხყოფას, რადგან მიიჩნევდა რომ საქმეები ეწერებოდა არასწორად.

5.37. თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელის თ.კ–ძის 2023 წლის 31 მარტის სამსახურებრივი ბარათით დგინდება, რომ 2023 წლის 28 მარტს შუადღის საათებში ბიუროში შემოსვლისას დახვდა მოქალაქეთა მისაღებში გაოგნებული მომლოდინე ხალხი, რის შემდეგაც შევიდა კანცელარიის ოთახში ვითარების გასარკვევად. იქ იმყოფებოდნენ ბიუროს თანამშრომლები, კანცელარიის 4 სპეციალისტი და ადვოკატი ლ.კ–ძე. სპეციალისტების შეშინებული სახეების დანახვისას დაინტერესდა მომხდარი შემთხვევით, ა.ო–მა მიაწოდა ინფორმაცია, რომ მოსარჩელეზე საქმის განაწილებისას მიიღო უარი. გადამოწმებისას გაირკვა, რომ საქმის დაწერაზე მითითებული უარის საფუძველი ადვოკატს (კონკრეტული აქტივობა) არ ჰქონდა ასახული იურდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემაში „case-bank“-ის კალენდარში. ა–გან განხორციელდა ზარი ადვოკატთან, რომელმაც სთხოვა შეეყვანა აქტივობა, თუ რა თქმა უნდა ჰქონდა ასეთი. ზარს მოჰყვა მოსარჩელის მხრიდან აგრესია, შეურაცხმყოფელი ფრაზები და ყვირილი. ყველა სპეციალისტისგან მიიღო ერთი და იგივე ინფორმაცია და სთხოვა სიმშვიდის შენარჩუნება. რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ დერეფანში კვლავ ხმამაღალი საუბრის ხმის გაგონებისას შეესწრო ფატს, რომ ანა ცუდად, უხეშად ეკითხებოდა რატომ იგინებოდა. ანამ მიუთითა, რომ დაეწია ხმის ტონზე რაზეც ვლადიმერი უფრო გაღიზიანდა, გახდა უფრო აგრესიული და ყვირილის ფონზე მისი მისი სიტყვების ფორმულირება და შინაარსი იყო გაურკვეველი. ჩაერია საქმეში ვითარების განმუხტვის მიზნით და ორივეს მიუთითა, რომ სამუშაო საათებში ბიუროში იმყოფებოდნენ მოქალაქეები, ასევე სხვა თანამშრომლები რომლებსაც შეეშლებოდათ ხელი მუშაობაში. ა.ო–ი იყო შეშინებული და განერვიულებული ტიროდა და შიშისგან ცახცახებდა, რის გამოც შეიყვანა სხვა ოთახში დასამშვიდებლად.

5.38. სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალიზებულ საქმეთა თბილისის იურდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის ლ.კ–ძის 2023 წლის 5 მაისის მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ ინციდენტის დროს იმყოფებოდა ბიუროს ოფისში, სამუშაო ოთახიდან გამოსვლისას დერეფანში შეხვდა მოსარჩელე, რომელიც ყვიროდა ხმამაღლა. ზუსტი სიტყვები არ ახსოვს, მაგრამ მიხვდა, რომ საქმის განაწილებასთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა და გაბრაზებას გამოხატავდა ზოგადად სამსახურის მიმართ, ამბობდა დაამატონ ადვოკატებიო. აღნიშნულიდან რამდენიმე წუთში თბილისის ბიუროს სპეციალისტი ა.ო–ი და მოსარჩელე დერეფანში შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც გაგრძელდა კონფლიქტი და მოსარჩელე საუბრობდა ხამამაღლა. მისთვის უცნობია პირადი შეურაცხყოფა მიაყენა თუ არა მოსარჩელემ ა.ო–ს, ასევე არ დაუნახავს დერეფანში იყვნენ თუ არა ბენეფიციარები. რაც შეეხება ბიუროს თანამშრომლებს - ფაქტს შეესწრო სპეციალიზებული ბიუროს უფროსი თ.კ–ძე და ამავე ბიუროს ადვოკატი გ.ჩ–ძე.

5.39. სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალიზებულ საქმეთა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატ გ.ჩ–ძის 2023 წლის 5 მაისის ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის ინციდენტის დროს გაიგო მამაკაცის ხმამაღალი საუბრისა და ყვირილის ხმა, ზუსტად არ ესმოდა საუბრის შინაარსი. აღნიშნულ ხმაურზე გამოვიდა სამუშაო ოთახიდან და დაინახა, რომ ადვოკატ მოსარჩელესა და სპეციალისტ ა.ო–ს შორის მიმდინარეობდა სიტყვიერი დაპირისპირება.

5.40. ბიუროს ადვოკატ ნ.კ–ის 2023 წლის 5 მაისის ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ ინციდენტის დროს იმყოფებოდა ბიუროს ოფისში. ორდერის გამოსაწერად შევიდა სპეციალისტ ა.ო–ის სამუშაო ოთახში, რომელიც ამ დროს ტელეფონზე ესაუბრებოდა ადვოკატ ვ.გ–ს. საუბრისას ტელეფონიდან ისმოდა მამაკაცის ყვირილი და ამის პარალელურად ყვირილი ისმოდა დერეფნიდან. როგორც მისთვის ცნობილი გახდა მოსარჩელეს არ ჰქონდა აქტივობა შეტანილი „case-bank“-ში, შესაბამისად სპეციალისტი სხვა ადვოკატზე ვერ ანაწილებდა საქმეს. აღნიშნულ ინციდენტს ადგილი ჰქონდა სამუშაო საათებში, სიტყვიერი დაპირისპირება გაგრძელდა ბიუროს დერეფანშიც სხვა თანამშრომლებისა და ბენეფიციარების თანდასწრებით. მოსარჩელის ყვირილი და შეურაცხყოფა მიმართული იყო სამსახურის მიმართ. სიტუაციის განმუხტვაში ჩაერივნენ სხვა პირები. არ ახსოვს მოქალაქეთა რაოდენობა ბიუროს შენობაში, ახსოვს, რომ მოქალაქემ იკითხა „რა ამბავია?“ ასევე ინციდენტის გამო შეფერხდა მისთვის ორდერის გამოწერა.

5.41. მოპასუხე ორგანიზაციის ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერის 2023 წლის 19 აპრილის სამსახურებრივი ბარათით წარმოდგენილია თბილისის იურიდიული დახმარების ოფისში არსებული ვიდეო სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები. ჩანაწერი არის მხოლოდ ვიზუალური, ხმის თანხლების გარეშე. აღნიშნული ჩანაწერებით დგინდება, რომ 2023 წლის 28 მარტს თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში ადგილი ჰქონდა თანამშრომელთა შორის სიტყვიერ დაპირისპირებას. შენობის დერეფანში ფიქსირდება მოსარჩელის აღელვებული გადაადგილება (28.03.2023 წ. კამერა N2 17:12:43 სთ), ჟესტიკულაცია და ემოციური საუბარი თანამშრომლებთან (28.03.2023 წ. კამერა N217:17:01 სთ). უტყუარად დასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა ემოციური დაპირისპირების ფაქტს, რასაც მოჰყვა თანამშრომელთა მხრიდან მუშაობის შეწყვეტა და დერეფანში თავმოყრა. ასევე უტყუარად დასტურდება, რომ სპეციალიზებულ საქმეთა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელმა თ.კ–ძემ განმუხტა სიტუაცია (28.03.2023 წ. კამერა N217:17:01 სთ). სპეციალისტი ა.ო–ი იყო დათრგუნული, სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების მიხედვით იგი ხელჩაკიდებული მიჰყავდა დერეფანში ადვოკატ ნ.კ–ს. ასევე ვიდეოკამერებში ასახულია ბიუროში ამ დროს მყოფი მომლოდინე მოქალაქეები და მათი გადაადგილება (კამერა N5 17:12:15). ადვოკატ ვ.გ–ის მიერ 2023 წლის 4 აპრილს წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით ბარათში მოყვანილი გარემოება, თითქოს არანაირ დაპირისპირებას, ჩხუბს და ბილწსიტყვაობას ადგილი არ ჰქონდა მასსა და სპეციალისტ ა.ო–ს შორის ვერ იქნება გაზიარებული სსიპ იურდიული დახმარების სამსახურის მიერ, ვინაიდან ის წინააღმდეგობაშია მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ თვითმხილველების და მონაწილეების ახსნა-განმარტებით ბარათებთან და თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ოფისში არსებული ვიდეო სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებთან.

5.42. მოპასუხე ორგანიზაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მიმართვებით დასტურდება, რომ დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებული არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და დამსწრეთა პოზიციების ურთიერთშეჯერების მიზნით დაინიშნა ზეპირი მოსმენა, რომელიც გადაიდო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე და ჩატარდა 2023 წლის 4 მაისს, რის შესახებაც გაფრთხილებული იყვნენ ინციდენტის მონაწილეები.

5.43. მოპასუხე ორგანიზაციაში 2023 წლის 4 მაისს დანიშნულ ზეპირ მოსმენაზე გამოცხადდა თბილისის იურდიული დახმარების ბიუროს სპეციალისტი ა.ო–ი, არ გამოცხადდა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ვ.გ–ი. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ თბილისის იურიდიული დახმარების ადვოკატ ვ.გ–ის 2023 წლის 1 მაისის სამსახურებრივი ბარათი შეეხება 2023 წლის 24 აპრილიდან 29 აპრილამდე მის მიერ გამოყენებულ მოკლევადიან დათხოვნისა და ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს კანცელარიაში შემოსული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დარღვევას. კერძოდ, სამსახურში 1 მაისს დაბრუნებისას მას გადაეცა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს კანცელარიაში შემოსული კორესპონდენციები, საიდანაც გაირკვა, რომ 2023 წლის 24 აპრილს თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს კანცელარიაში შემოსული იყო სასამართლო გადაწყვეტილება არასრულწლოვან ბ.ნ–ის საქმეზე, გადაწყვეტილების გასაჩივრება შედიოდა არასრულწლოვნის ინტერესებში და მისი გასაჩივრების ვადა იყო 3 დღე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს კანცელარიას ჩაბარდა 2023 წლის 24 აპრილს. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 3 (სამი) დღე. ადვოკატის შვებულებაში ყოფნის დროს მის სახელზე შემოსული კორესპონდენციას იბარებდა ბიუროს სპეციალისტი ქ.მ–ი. ამავე წლის 26 აპრილს ქ.მ–ისთვის გახდა ცნობილი ვ.გ–ის შვებულებაში ყოფნის შესახებ და მოახდინა რეაგირება, დაურეკა ტელეფონზე, აცნობა შემოსული კორესპონდენციის შესახებ. ადვოკატმა მოსთხოვა მისთვის გადაეცათ მხოლოდ ორშაბათის შეტყობინებები სასამართლო სხდომებთან დაკავშირებით. ქ.მ–მა შემოსული განჩინების შესახებ 2023 წლის 27 აპრილს დამატებით კვლავ აცნობა სოციალური ქსელის „მესენჯერის“ მეშვეობით, რის შემდეგაც მოსარჩელემ მიწერა, რომ მას არ სჭირდებოდა სხვა დღის ინფორმაცია და მხოლოდ ორშაბათის აქტივობები ეცნობებინა. მოხსენებით ბარათში ქ.მ–ი უთითებს, რომ აქვს მოსარჩელესთან მიმოწერის ამსახველი ე.წ. სქრინი სადაც ატყობინებს, რომ არ სჭირდება სხვა დოკუმენტები. მოსარჩელე შვებულებიდან დაბრუნდა 2023 წლის 1 მაისს ჩაიბარა კორესპონდენცია. არასრულწლოვან ბ.ნ–ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლის მიუხედავად მაინც შეადგინა სააპელაციო საჩივარი და წარადგინა სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრა გ.ნ–მაც, მაგრამ არა როგორც ბავშვის კანონიერმა წარმომადგენელმა, არამედ დამცავი ორდერის გამოცემის ნაწილში. გ.ნ–ის საჩივართან დაკავშირებით გაიმართა სასამართლო პროცესი. თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელის 2023 წლის 19 მაისის სამსახურებრივი ბარათით დგინდება, რომ ამავე ბიუროს ადვოკატს (მოსარჩელეს) 2023 წლის 24 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით მოკლევადიანი დათხოვნის და ანაზღაურებადი შვებულების განაცხადში არ ჰქონდა მითითებული მოვალეობის შემსრულებელი. მას უშუალო ხელმძღვანელისათვის არ წარუდგენია შვებულების პერიოდის განმავლობაში დაგეგმილი საქმიანობის გრაფიკი. ასევე საჭიროებიდან გამომდინარე არ დაჰკავშირებია ბიუროს ხელმძღვანელს, რომ მოეხდინა თანამშრომელზე დაკისრებული ფუნქციების გადანაწილება. 2023 წლის 29 ივნისის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე დაიწყო მოსარჩელის მიმართ დისციპლინური წარმოება. წინამდებარე დისციპლინური წარმოება გაერთიანდა 2023 წლის 20 აპრილის ბრძანების საფუძველზე მიმდინარე წარმოებასთან და აქტის გამოცემის ვადად განისაზღვრა 2023 წლის 19 ივნისის ბრძანებით დადგენილი ვადა. თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელის 2023 წლის 29 ივნისის სამსახურებრივი ბარათით წარმოდგენილი ა.ხ.ჰ.ა–ის 2023 წლის 28 ივნისის განცხადება შეეხება თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის (მოსარჩელის) მიმართ გამოთქმულ არაერთ პრეტენზიას. კერძოდ, ადვოკატმა ინფორმაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნული სხდომის შესახებ ბენეფიციარს მიაწოდა 2023 წლის 27 ივნისის პროცესამდე რამდენიმე წუთით ადრე. განცხადების ავტორი აღნიშნავს, რომ ადვოკატს მასთან კომუნიკაცია არ აქვს. იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემაში ხ. ჰ.ა. ა–ის ადმინისტრაციული წარმოების საქმეზე რეგისტრირებული აქტივობებიდან ადვოკატს განხორციელებული არ აქვს: სასამართლო პროცესში მონაწილეობა - 4-ჯერ (1 ინსტანცია), აქედან მხოლოდ ერთზე არის მითითებული მიზეზი - გადაიდო, ხოლო დანარჩენ 3 შემთხვევაში - აქტივობის ბარათი შეუვსებელია და მიზეზი დაფიქსირებული არ არის; საქმის მასალების გაცნობა - 2 ჯერ, ორივე შემთხვევაში აქტივობის ბარათი შეუვსებელია და მიზეზი დაფიქსირებული არ არის; დასაცავ პირთან შეხვედრა ბიუროში - 1, აქტივობის ბარათი შეუვსებელია და მიზეზი დაფიქსირებული არ არის; სასამართლო პროცესში მონაწილეობა - 1- აქტივობის ბარათი შეუვსებელია და მიზეზი დაფიქსირებული არ არის. ა.ხ.ჰ.ა–მა წარმოადგინა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, ეს იყო პირველი მოსმენა, ადვოკატმა მას შეატყობინა პროცესამდე ოციოდე წუთით ადრე, სხვა დროს ადვოკატს მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ადვოკატი ვ.გ–ი ახსნა-განმარტებით უთითებს, რომ ბენეფიციარ ა.ხ. პროცესის შეტყობინების თაობაზე ურეკავდა რამდენიმე საათით ადრე. 2023 წლის 27 ივნისს პროცესზე ის იყო დისტანციურად ჩართული, ბენეფიციარს ასევე შესთავაზა, რომ ჩართულიყო ისიც დისტანციურად, მაგრამ მან უარი განაცხადა. ადვოკატი განმარტავს, რომ აქედან გამომდინარე მან იშუამდგომლა პროცესის გადადების თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა და პროცესი გადაიდო 2023 წლის 5 ივლისს, 17:00 სთ-ზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 27 ივნისს დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე ადვოკატ ვ.გ–ს ეცნობა სამსახურებრივი ტელეფონით 2023 წლის 22 ივნისს 14:18 საათზე, რაზედაც გაფორმდა სატელეფონო აქტი. წარმოდგენილი დოკუმენტი მოწმობს, რომ მოსარჩელეს დასაცავ პირთან კომუნიკაცია 2023 წლის 27 ივნისამდე არ ჰქონია, დროულად არ უზრუნველყო დასაცავი პირის ინფორმირება პროცესის შესახებ, რის გამოც ბენეფიციარმა ვერ შეძლო სასამართლო პროცესზე მონაწილეობა. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სამსახურის დირექტორი მიიჩნევს, რომ თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით უნდა იქნეს გამოყენებული სამსახურიდან გათავისუფლება. სამსახური მიიჩნევს, რომ გადაცდომის ჩადენისას დასაქმებულის მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული შესაბამისი სახდელი. ადვოკატის მიერ განსახილველ შემთხვევებამდე ასევე ჩადენილია არაერთი დისციპლინური გადაცდომა და სამსახურის მიერ დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე მიღებული ბრძანებები პირველი ინსტანციის სასამართლომ დატოვა ძალაში. დისციპლინური გადაცდომები შეეხებოდა იურიდიული საქმის წარმოების მართვის საინფორმაციო სისტემის შეუვსებლობას ან არასათანადო შევსებას, სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადის გაშვებას, სარჩელის ფორმალურად შედგენას, კლიენტებთან არასათანადო კომუნიკაციას. შესაბამისად, ადვოკატი ინფორმირებული იყო თუ რა სტანდარტი გააჩნდა სამსახურს და რას მოითხოვდა დასაქმებული პირისაგან. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა ადვოკატი კვლავ აგრძელებს სამსახურის დებულებითა და შინაგანაწესით დადგენილი ნორმების უგულებელყოფას.

5.44. მხარეთა ურთიერთობა მათ შორის ნდობის არსებობას გამორიცხავს. რაც თავის მხრივ განაპირობა ვ.გ–ის მიერ ჩადენილმა არაერთმა დისციპლინურმა გადაცდომამ და სამსახურის მიმართ არაკეთილსინდისიერმა დამოკიდებულებამ.

5.45. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით დადგენილია, რომ კანონით იურიდიული დახმარების საბჭო წარმოადგენს მოპასუხესთან შექმნილ კოლეგიურ სათათბირო ორგანოს და იგი კოლეგიურად იღებს გადაწყვეტილებებს/რეკომენდაციებს, მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან მიმართებით, შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით პროცედურულ ნაწილში საბჭოს მხრიდან რაიმე დარღვევა (არასათანადო ქვორუმი გადაწყვეტილების მისაღებად, არაუფლებამოსილი დამსწრე პირები, საბჭოს კომპეტენციაში არარსებული საკითხის განხილვა-გადაწყვეტა, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო დადგენილი პროცედურების დაუცველობა და სხვა) მოსარჩელის გათავისუფლებაზე თანხმობის გაცემის ნაწილში მოსარჩელის მხრიდან ვერ დადასტურდა/მიეთითა. მოსარჩელე ბათილობას ითხოვს მხოლოდ იმ საფუძვლებით, რომ იგი მიწვეული განხილვაზე არ ყოფილა და საბჭოს წევრების მიერ საკითხთან დაკავშირებით ოქმში დაფიქსირებული პოზიციები - მოსაზრებები სინამდვილეს არ შეესაბამება, ასევე ჯერ საბჭოს უნდა გაეცა თანხმობა, ხოლო შემდეგ მომხდარიყო მოპასუხის მიერ მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ წერილობითი ნების გამოვლენა, რაც არ წარმოადგენს საბჭოს სხდომის ოქმის და მასზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებულ რომელიმე საფუძველს, ვინაიდან მოსარჩელე მხარემ ვერ მიუთითა ნორმატიული ან სამართლებრივი აქტი, რომლითაც საბჭოს ევალებოდა მისი სხდომაზე საკითხის განხილვისას მიეწვია მოსარჩელე და მან აღნიშნული დანაწესი დაარღვია. ასევე იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონით საბჭო წარმოადგენს ერთგვარ ბერკეტს/დაცვას/გარანტიას მოპასუხე დაწესებულებაში დასაქმებული ადვოკატების საქმიანობასთან დაკავშირებით, რათა მოპასუხე დაწესებულების უფლებამოსილმა პირმა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის უფლება ბოროტად რომ არ გამოიყენოს პირადი მოსაზრებებიდან გამომდინარე, რასთან დაკავშირებითაც საბჭო გასცემს თანხმობას, ან არ გასცემს თანხმობას ადვოკატთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. თანხმობის შემთხვევაში მოპასუხის უფლებამოსილი პირის ნება ადვოკატთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ იძენს იურიდიულ ძალას, ხოლო თანხმობის გაცემაზე უარის შემთხვევაში შრომითი ურთიერთობა არ ითვლება შეწყვეტილად მოპასუხის უფლებამოსილი პირის მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რის გამოც მოპასუხის დასაბუთებული გადაწყვეტილება ადვოკატთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ წინ უნდა უსწრებდეს საბჭოს მხრიდან თანხმობის გაცემას, რათა საბჭოს წევრებმა შეაფასონ, ადგილი ხომ არ ქონდა მოპასუხის უფლებამოსილი პირის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც შეეხება საბჭოს წევრების მიერ საკითხის განხილვისას გამოთქმულ მოსაზრებებს სასამართლო მათ მართლზომიერების კვლევაში ვერ/არ შევა და აღნიშნული საკითხის შემოწმებისას მხოლოდ პროცედურული საკითხების დაცვის მართლზომიერებით შემოიფარგლება, რაც ამ შემთხვევაში დაცული იყო როგორც განხილვის, ასევე გადაწყვეტილების მიღების დროს. ამდენად, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და მიიჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რის გამოც მის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას. რაც შეეხება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს, უდავოა, რომ ბრძანება 3 ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების ერთობლიობას მოიცავს. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მოხდა საქართველოს შრომის კოდექსის 47.1. მუხლის „ზ“ პუნქტით, რომელიც უხეში დარღვევის ინციდენტს, კერძოდ, მოსარჩელის მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევას შეეხება, ხოლო 47.1. მუხლის „ო“ პუნქტი მოიცავს არასრულწლოვანთან დაკავშირებული დავის წარმოებას, ასევე თავშესაფრის მაძიებლის საქმეს, რასაც პალატა ცალ-ცალკე შეაფასებს.

5.46. არასრულწლოვანის საქმისწარმოებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში შრომის კოდექსის 46.2 მუხლის „მ“ პუნქტით დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა ჩერდება, ანაზღაურებადი შვებულება წარმოადგენს კონსტიტუციით და შრომის კოდექსით გარანტირებულ დასაქმებულის დასვენების უფლებას, შესაბამისად დამსაქმებელმა ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში ისე უნდა უზრუნველყოს შრომითი ურთიერთობის უწყვეტობა, რომ დასაქმებულს დასვენების დროს (შვებულებით სარგებლობისას) ფიქრი არ მოუწიოს მასზე შვებულებამდე განაწილებულ სამუშაოზე.

5.47. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის შესახებ დამსაქმებულისათვის ცნობილი იყო, რის გამოც მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეჩერებული იყო, შესაბამისად სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არამართლზომიერია შვებულების პერიოდში დასაქმებულისათვის სასამართლოდან შემოსულ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირება და მისი დავალდებულება, რათა მან, რა აღმატებული ინტერესიც არ უნდა იკვეთებოდეს შეასრულოს სამუშაო, გადაუდებელ ან/და ფორსმაჟორულ მდგომარეობაში მხოლოდ იშვიათი გამონაკლისის სახით შესაძლებელია დასაქმებული დამსაქმებლის მხრიდან „გამოძახებულ“ იქნეს შვებულებიდან კონკრეტული გადაუდებელი სამუშაოს შესასრულებლად, რის შესრულების შემდეგაც დასაქმებულს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაასრულოს მისი შვებულება, ამასთან, დამსაქმებელმა უნდა აუნაზღაუროს დასაქმებულს ასეთის არსებობის და მოთხოვნის შემთხვევაში ის მატერიალური დანაკლისი/ზარალი, რაც შეიძლება დასაქმებულმა განიცადოს შვებულების უეცარი და მოულოდნელი შეწყვეტის შემთხვეაში. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის სპეციალისტის მიერ მოპასუხის კანცელარიაში გასაჩივრების მოკლევადიანი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოხდა შვებულებაში მყოფ მოსარჩელესთან სატელეფონო კომუნიკაცია, ასევე უდავოა, რომ მოსარჩელე არ დაინტერესდა მიწოდებული ინფორმაციის შინაარსით, შესაბამისად, მოპასუხეს, როგორც დამსაქმებელს, აღნიშნული სამუშაოს შესრულება მოპასუხესთან დასაქმებულ სხვა ადვოკატისათვის უნდა გაენაწილებინა ან მოსარჩელე შვებულებიდან გამოეძახა, რაც მოპასუხეს არ გაუკეთებია.

5.48. სააპელაციო სასამართლომ განმარტა რომ დამსაქმებლის ქმედება არამართლზომიერია და სახდელის დაკისრების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, აღნიშნული მსჯელობა განვითარებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ხოლო მოპასუხე მხარე არ წარმოადგენს აპელანტს. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება დადასტურებულია. რაც შეეხება საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის საქმეს, საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელეს სასამართლოს პირველი სხდომის შესახებ სააპელაციო სასამართლოში შეატყობინეს 5 დღით ადრე, ხოლო ბენეფიციარს მოსარჩელემ აცნობა პროცესის დღეს. ბენეფიციარმა მონაწილეობა ვერ მიიღო სხდომაში, ხოლო სხდომა მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო 1 კვირით. პალატა აღნიშნული ქმედების შეფასებაში ვერ დაეთანხმება მოპასუხეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიაჩნია, რომ მოსარჩელის ქმედება არ შეიცავს არამართლზომიერ ქმედებას, ვინაიდან, როგორც დგინდება, სასამართლო სხდომა გადაიდო მოკლე ვადით, სხდომის გადადებას არანაირი ზიანი არ მიუყენებია ბენეფიციარისთვის. პირიქით, როგორც მოსარჩელე აღნიშნავს, სხდომის გადადება შედიოდა მის ინტერესებში, რადგან გაუხანგრძლივდა საქართველოში კანონიერად ყოფნის დრო. პალატას მიაჩნია, რომ, მართალია, უმჯობესია, ბენეფიციარს სხდომის შესახებ ეცნობოს რამდენიმე დღით ადრე, თუმცა შესაძლებელია აღნიშნული ყოველთვის ვერ მოხერხდეს. შესაბამისად, სასამართლომ ქმედების შეფასებისას უნდა იხელმძღვანელოს იმ პრინციპით, რამდენად დადგა უარყოფითი შედეგი იმის გამო, რომ ბენეფიციარს სხდომის დღეს ეცნობა პროცესის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში 1 კვირით სხდომის გადადებას არანაირი უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია ბენეფიციარის უფლებებსა და ინტერესებზე. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ თავშესაფრის მაძიებლის ნაწილში დამსაქმებლის მიერ შრომის კოდექსის 47.1 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტით სამსახურიდან გათავისუფლება არამართლზომიერია და აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის/აპელანტის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება შრომის კოდექსის 47.1. მუხლის „ზ“ პუნქტით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც შრომის შინაგანაწესით, ისე ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულია გარკვეული ქცევის სტანდარტი, რისი დაცვაც ევალებოდა ყველა დასაქმებულს, მათ შორის მოსარჩელეს.

5.49. საქმის მასალებით, კერძოდ, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით და ვიდეო მასალით დასტურდება, რომ ჯერ მოპასუხის სპეციალისტის მიერ განმეორებით სატელეფონო ზარის დროს, ხოლო შემდგომ დერეფანში როგორც გამოსვლისას, ასევე ოთახში დაბრუნებისას მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა მინიმუმ ყვირილს. სპეციალისტის მხრიდან ადგილი ჰქონდა რჩევას, რომ ადვოკატს აქტივობა შეევსო, რათა შემოწმების შემთხვევაში დარღვევა არ გამოვლენილიყო, რამაც მოსარჩელე წყობიდან გამოიყვანა.

5.50. დადგენილია, რომ მოსარჩელე და სპეციალისტი ურთიერთდაქვემდებარებულები არ იყვნენ, მოწმე ა.ო–ის ჩვენებით „მოსარჩელეს რა უფლება ჰქონდა ეყვირა“. პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალებით და მტკიცებულების ერთობლიობით დგინდება მოსარჩელის მხრიდან უხამსი სიტყვების გამოყენება დამსაქმებლის მისამართით, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება სამუშაო გარემოზე და ადასტურებს სამუშაო სივრცეში დადგენილ ეთიკის ნორმების დარღვევას. ხოლო აღნიშნული ამართლებს შრომის კოდექსის 47.1. მუხლის „ზ“ პუნქტის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებით დგინდება 47.1. მუხლის „ზ“ პუნქტის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერება, უსაფუძვლოა მოსარჩელის/აპელანტის მოთხოვნები კომპენსაციის, განაცდურის, სახელფასო დანამატის ანაზღაურებაზე.

5.51. რაც შეეხება დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. სშკ-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ წესრიგდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს. ამავე კანონის 10.1 მუხლის თანახმად კი ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა უფლებით აღჭურავს პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, მიმართოს სასამართლოს.

5.52. ამდენად, კანონი ადგენს, რომ დისკრიმინაციის ფაქტები სასამართლოს მხარემ (დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლმა) უნდა დაუსახელოს, რათა prima facie დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის პრეზუმფცია შეიქმნას. რაც შეეხება აღნიშნული ფაქტების მტკიცებას, მოსარჩელემ მის ხელთ არსებული და მისთვის მოპოვებადი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, ხოლო მოსარჩელის შესაძლებლობის მიღმა მტკიცებულებების წარმოდგენა მოპასუხეს ევალება. უფრო მეტიც, დისკრიმინაციის ფაქტი, სასამართლოს მხრიდან ex officio, საკუთარი ინიციატივით, საკვლევი კატეგორია არ არის.

5.53. დისკრიმინაციის შესახებ დავის დროს აღნიშნულის ამსახველი ფაქტების წარდგენაზე ვალდებული სუბიექტი მოსარჩელეა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, მოსარჩელემ არა მხოლოდ უნდა განსაზღვროს შესადარებელ პირთა წრე, არამედ ასევე დაასაბუთოს აღნიშნულ პირებს შორის არსებითად თანასწორობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება N2/1/536). კომპარატორის განსაზღვრაც და კომპარატორის სათანადოობის დასაბუთებაც მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა.

5.54. დასაქმებულმა უნდა მიუთითოს ფაქტები, თუ რაში მდგომარეობდა მის მიმართ (ვისთან შედარებით) არათანაბარი მოპყრობა და რატომ იყო აღნიშნული მოპყრობა მისთვის დისკრიმინაციული (დაცული ნიშანი). სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო მტკიცება წარმოადგენს მტკიცებულებათა შეგროვების, შემოწმებისა და შეფასებისათვის სასამართლოსა და მხარეების სამართლით მოწესრიგებულ საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს მხარემ დამტკიცების მოვალეობის შესასრულებლად - ესაა მტკიცებულებათა წარმოდგენა სასამართლოში იმ ფაქტის დადგენის მიზნით, რომლის დამტკიცების მოვალეობაც მას ეკისრება. წარმოდგენილი მტკიცებულება ისეთ კავშირში უნდა იყოს დასადგენ გარემოებასთან, რომ შეიძლებოდეს ამ გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ უტყუარი დასკვნის გაკეთება. მხარე საქმის შედეგით დაინტერესებული პირია, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მისი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე. მხარის ყოველი განმარტება ფაქტების შესახებ, რომელიც გაკეთებულია მის სასარგებლოდ, მართალია მტკიცებულებაა, მაგრამ არასაკმარისია, რომელიც მოითხოვს დადასტურებას სხვა მტკიცებულების მეშვეობით.

5.55. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას. მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა მის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ფაქტზე, კერძოდ, მოსარჩელე სარჩელში დისკრიმინაციის ფაქტად უთითებს, რომ მას სხვა თანამშრომელთან შედარებით განსახვავებულად მოეპყრნენ და აღნიშნა, რომ ს.კ–ძე და თ.კ–ძე არიან შესადარებელი პირები, რომლებიც როგორც საქმის მასალებით და თავად მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება, წარმოადგენენ მოპასუხე ორგანიზაციაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დასაქმებულ პირებს. შესაბამისად, მათზე ვრცელდება გარკვეული შეღავათები საქმეების განაწილების და შრომის დისციპლინის დაცვის თვალაზრისით, რაც თავად ბიუროს მიერ დადგენილი შინაგანაწესითაც არის განსაზღვრული. კერძოდ, მათზე ნაწილდება უფრო ნაკლები რაოდენობით საქმეები, ვიდრე იმ პირებზე, რომლებიც არ ასრულებენ ადმინისტრაციულ ფუნქციებს. შესაბამისად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული პირები არ წარმოადგენენ შესადარებელ პირებს. შესაბამისად, ამ მოცემულობაში მოსარჩელემ ვერ შეძლო მიეთითებინა ფაქტები მის მიმართ განხორციელებულ არათანაბარ მოპყრობასთან დაკავშირებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ როგორც მოსარჩელე უთითებს მის მიმართ არათანაბარი მოპყრობის განხორციელებას ადგილი ჰქონდა 01.04.2022 წლამდეც, რა დროსაც თ.კ–ძეს არ ეკავა ადმინისტრაციული პოზიცია და იგი შესადარებელი პირია. დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის მოთხოვნით საქმის წარმოება სასამართლოში მოსარჩელის მხრიდან დაიწყო 03.06.2024 წელს, რის გამოც პალატა ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივებს, რომ სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში 01.04.2022 წლამდე პერიოდი ასევე ხანდაზმულია.

5.56. შესაბამისად, არ არსებობს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის საფუძველი, რაც ასევე გამორიცხავს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც.

6. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

6.1. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

6.2. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაუსაბუთებელია, კერძოდ, გადაწყვეტილებაში არ მოიპოვება, თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე და რა უშვერი და უხამსი სიტყვების გამოყენებას ჰქონდა კასატორის მიერ ადგილი.

6.3. სააპელაციო სასამართლომ, ვერ დაასაბუთა თუ რა ზიანი გამოიწვია კასატორის ქმედებამ და ვის მიადგა ზიანი, სამსახურის თანამშრომელს თუ სამსახურს.

6.4. კასატორის განმარტებით, მის მიერ ჩადენილი ქმედება არ ყოფილა ისეთი ხასიათის, რომ სამსახურს დაეკარგა მის მიმართ ნდობა. შრომის პირობებთან დაკავშირებით აზრის გამოხატვა არ არის ნდობის დაკარგვის საფუძველი.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ი) 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. წინამდებარე შემთხვევაში საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ შედავებას, რის გამოც საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ძალისაა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი და გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული გარემოებები.

13. საკასაციო სასამართლო უპირველესად განმარტავს, რომ წინამდებარე საქმეზე, კასატორი წარდგენილი სარჩელით ითხოვდა მოპასუხე ორგანიზაციის სხდომის ოქმისა და მის საფუძველზე გამოცემული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, ასევე მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, კომპენსაციის - 100 000 ლარის დაკისრებას, იძულებითი განაცდურის დაკისრებას, მიუღებელი სახელფასო დანამატის დაკისრებას და მის მიმართ დისკრიმინაციის განხორციელების ფაქტის გამო, მოპასუხისთვის მორალური ზიანის 3 000 ლარის დაკისრებას.

14. მოსარჩელე, მოპასუხე ორგანიზაციიდან გათავისუფლდა სშკ-ის 47-ე მუხლის „ზ“ და „ო“ ქვეპუნქტების საფუძველზე. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაზეც სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი ნაწილობრივ შეიცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, კერძოდ: დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სშკ-ის 47-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი და ამავე ნაწილში გაუქმდა დამსაქმებელი ორგანიზაციის შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება 47.1 „ზ“ პუნქტის საფუძველზე, თანხის დაკისრებისა და დისკრიმინაციის დადგენის ნაწილში უცვლელად დარჩა. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი მხოლოდ მოსარჩელემ (დასაქმებულმა წარმოადგინა).

15. ამდენად, საკასაციო საჩივრის განხილვის საგანია დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასება მხოლოდ სშკ-ის 47.1 „ზ“ (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა) პუნქტის გათვალისწინებით, აგრეთვე დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და თანხების დაკისრების შესახებ მისი პრეტენზიები.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების თანახმად, უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც გასათვალისწინებელია „უხეში დარღვევის“ საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების კანონიერების შეფასებისას, არის პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება (იხ. სუსგ-ები №ას-106-101-2014, 2.10.2014წ.; №ას-1183-1125-2014, 13.02.2015წ.; Nას-1300-2022, 25.05.2023წ.; Nას-1446-2023, 27.12.2023წ.; Nას-650-2023, 7.07.2023წ.; Nს-1446-2023, 27.12.2023წ.; Nას-1501-2023, 9.02.2024წ.; №ას-1526-2023 22.03.2024 წ.).

17. საქართველოს სასამართლოების მიერ, შრომით დავებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებში განმარტებულია, რომ პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასებისას მნიშვნელოვანია შრომის სამართალში მოქმედი პრინციპის „Ultima Ratio“-ს დაცვა, რომელიც გულისხმობს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ზომა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაქმებულის მიერ დარღვევის ჩადენისას დამსაქმებელმა უნდა გამოიყენოს ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს (იხ. სუსგ-ები: №ას-1183-1125-2014, 13.02.2015 წ.; №ას-1276-1216-2014, 18.03.2015 წ.; №ას-127-123-2016, 13.06.2016 წ.; Nას-253-253-2018, 30.04.2020წ.; Nას-1259-2019, 28.02.2020წ.; Nას-124-2020, 30.09.2020წ.; Nას-521-2022, 7.07.2022წ.; Nას-463-2023, 16.06.2023წ.; Nს-1284-2023, 26.12.2023წ.; , Nას-1526-2023, 22.03.2024წ.; №ას-283-2024 26.04.2024წ.). 31. ამდენად, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს რამდენად მართლზომიერად გამოიყენა დამსაქმებელმა უფლება, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მოთხოვნის მართებულობას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის გათავისუფლების მართლზომიერების შემოწმების მიზნით დადგინდეს დასაქმებულის მიერ, მასზე დაკისრებული მოვალეობის უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ორგანიზაციის მიერ გამოცემულ ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლების კვლევის შედეგად (იხ. სუსგ-ები: №ას-1391-1312-2012, 10.01.2014 წ.; №ას-483-457-2015, 07.10.2015 წ.; №ას-127-123-2016, 13.06. 2016 წ.; Nას-932-2022, 11.11.2022წ.; Nას-1446-2023, 27.12.2023წ.; Nას-1110-2023, 11.20.2023წ.; Nას-1392-2023, 25.01.2024წ.;).

18. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე უთითებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მტკიცება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (იხ. სუსგ-ები: N ას-475-456-2016, 24.06.2016 წ; N ას-890-857-2016, 9.10.2017 წ; N ას-641-2020, 18.09.2020წ; N ას-1746-2019, 09.10.2020წ N ას-259-2020, 29.12.2020წ; N ას-1726-2018, 05.02.2021წ; N ას-1208-2018, 18.02.2021წ; N ას-1280-2021, 11.03.2022წ.; Nას-703-2023, 30.10.2023წ.; Nას-983-2023, 26.01.2024წ.).

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემის (case-bank) თანახმად, მოსარჩელეს 2023 წლის 28 მარტს, პროგრამის მიერ ავტომატურად გაუნაწილდა - ბენეფიციარი ნ.ზ–ის საქმე. რადგან საქმის ავტომატური განაწილებისას მოსარჩელეს ჰქონდა ყველაზე დაბალი კოეფიციენტი, იმავე სპეციალიზაციით მომუშავე ადვოკატებს შორის. იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემის ჩანაწერების თანახმად დგინდება, რომ მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დანიშნული იყო 2023 წლის 30 მარტს 15:40 საათზე. მოსარჩელემ უარი თქვა საქმის მიღებაზე 2023 წლის 28 მარტს 16:39 საათზე იმ მიზეზით, რომ 2023 წლის 30 მარტს მას ჰქონდა სხვა აქტივობა (პროცესი), რომელიც არ იყო იურიდიული საქმის წარმოების მართვის საინფორმაციო სისტემა „case-bank“-ში შეყვანილი. მოსარჩელეს საქმის განაწილებამდე, 2023 წლის 28 მარტამდე დარეგისტრირებული ჰქონდა 2023 წლის 30 მარტს განსახორციელებელი ორი აქტივობა (სასამართლო პროცესები). ხოლო საქმის განაწილების შემდეგ 2023 წლის 28 მარტს 17:20:45 საათზე და 2023 წლის 29 მარტს 12:00:38 საათზე დაარეგისტრირა 30 მარტს განსახორციელებელი კიდევ ორი აქტივობა - სასამართლო პროცესი. კასატორი (მოსარჩელე) ახსნა-განმარტებით აღნიშნავს, რომ სამუშაო რეჟმიდან გამომდინარე როგორც კი ეძლევა შესაძლებლობა საქმის წარმოების საინფორმაციო სისტემაში შეჰყავს აქტივობები. შესაბამისად უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ ადვოკატმა ისე განაცხადა უარი ახალი საქმის მიღებაზე, რომ იურიდიული საქმის წარმოების მართვის საინფორმაციო სისტემა „case-bank“-ში არ ჰქონდა შეყვანილი აქტივობა.

20. მოპასუხე ორგანიზაციის ბიუროს სპეციალისტის 2023 წლის 29 მარტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად დგინდება, რომ 2023 წლის 28 მარტს თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ჩაბარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ადმინისტრაციულ საქმეზე ნ. ზ–ის ადვოკატის დანიშვნის თაობაზე. თბილისის იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალისტმა აღნიშნული საქმე დაარეგისტრირა იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემა „case-bank“-ში, რომელიც ავტომატური განაწილებით გაუნაწილდა მოსარჩელეს. სპეციალისტმა სატელეფონო საუბრით ადვოკატს შეატყობინა პროცესის თარიღის და დროის შესახებ. საუბრის შემდგომ მოსარჩელემ მონიშნა უარი, რის მიზეზადაც სხვა საქმეზე დანიშნული პროცესი მიუთითა. კალენდარში მისი აქტოვობების გადამოწმების შემდეგ სპეციალისტმა გაარკვია, რომ მოცემული აქტივობა „პროცესი“ არ ჰქონდა შეყვანილი პროგრამაში. ინფორმაციის მიწოდების მიზნით სპეციალისტი კვლავ დაუკავშირდა მოსარჩელეს და აცნობა, რომ კალენდარში შეეყვანა აქტივობა, რადგან საქმის განაწილება მომხდარიყო შემდეგ ადვოკატზე.

21. სპეციალისტის, ა.ო–ის მიერ წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათის თანახმად მოსარჩელემ დაიწყო მისი მისამართით ხმამაღალი ყვირილი და ჩხუბი, ჰქონდა არაადეკვატური და აგრესიული რეაქცია მიწოდებულ ინფორმაციაზე. გამოვარდა ბიუროს დერეფანში და ხამამაღლა ყვიროდა მოქალაქეების და თანამშრომლების თანდასწრებით საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ბილწსიტყვაობდა სამსახურის მისამართით, კერძოდ „დედის“ მისამართით და ასევე იყენებდა ფრაზას „არამზადები“. სპეციალისტის მითითებით ადვოკატის მოქმედებამ შეუშალა ხელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში, მისმა ქმედებამ გამოიწვია ძლიერი შიშის განცდა, რის გამოც ვეღარ განახორციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას მოსარჩელის ნაწილში. ადრეც ჰქონდა ადგილი ბიუროს ხელმძღვანელ თ.კ–ძესა და მოსარჩელეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას, თუმცა რა საკითხზე მისთვის ცნობილი არ არის. სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ინციდენტის დროს ბიუროს შენობაში ბევრი ბენეფიციარი იმყოფებოდა და ყვირილის გაგონებისას ინტერესით იხედებოდნენ სპეციალისტების ოთახში.

22. მოპასუხე ორგანიზაციის სპეციალისტის 2023 წლის 29 მარტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად დგინდება, რომ 2023 წლის 28 მარტს სამსახურში ყოფნის დროს მისმა კოლეგამ ა.ო–მა ჩვეულებისამებრ დაარეგისტრირა ახალი საქმე იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემაში „case-bank“-ში. ავტომატური განაწილების შედეგად საქმე დაეწერა მოსარჩელეს, ინფორმაციის მიწოდების მიზნით ა–მ მოახდინა სატელეფონო კომუნიკაცია ადვოკატთან, რის შემდგომაც ბიუროში გაისმა ყვირილის ხმა. მოსარჩელე გამოვიდა მწყობრიდან და თანამშრომლების და მოქალაქეების თანდასწრებით არაადეკვატურად იმოქმედა, კერძოდ იყენებდა სამსახურისათვის შეუსაბამო და უხამს სიტყვებს, ყვიროდა საკმაოდ ხმამაღლა. სპეციალისტმა ვერ გაარკვია თუ ვის მიმართ იყო კონკრეტულად ეს სიტყვები მიმართული - მისი კოლეგის თუ სამსახურის მიმართ, რადგან ყვირილში ვერ გაარჩია უარყოფითი სიტყვების ნამდვილი ადრესატი. ადვოკატის სიტყვებიდან გაარკვია შემდეგი: ის ვერ ასწრებდა საქმეებს და ყოველდღე 3 საქმის დაწერა ძალიან ბევრი იყო მისთვის, დანარჩენი მისი სიტყვები იყო გინებით გამოხატული. სპეციალისტის მითითებით ის და მისი კოლეგები თავიდან დაიბნენ ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა, რა ქმედებას ჰქონდა ადგილი. შემდგომ ა.ო–მა მალევე გათიშა ტელეფონი, თუმცა ეს ხმაური კიდევ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ა.ო–ი გავიდა ადვოკატთან რომ ეთქვა ეს სიტყვები ვის მიმართ იყო გამოყენებული და ტონისთვის დაეწია, თუმცა მოსარჩელე უფრო აგრესიული გახდა რის შემდგომაც ჩაერია სპეციალიზებულ საქმეთა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელი თ.კ–ძე და მოახერხა სიტუაციის განმუხტვა. ბიუროს შენობაში ყვირილი და ქაოსი ართულებს სამუშაო პროცესს.

23. მოპასუხე ორგანიზაციის ბიუროს სპეციალისტის 2023 წლის 29 მარტის სამსახურებრივი ბარათით დგინდება, რომ სამუშაო საათებში ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელ ფრაზებს მოსარჩელის მიერ, რომელიც მიმართული იყო სპეციალისტ ა.ო–ის მიმართ. შეესწრო თუ როგორ ყვიროდა მოსარჩელე, ასევე აღნიშნავს მის დამოკიდებულებას საქმის დაწერის პროცესში და როგორ იყენებდა უხამს ფრაზებს, მოქალაქეების და კოლეგების თანდასწრებით. ამ დროისათვის ბიუროს შენობაში იმყოფებოდა რამდენიმე მოქალაქე. მისთვის რთული იყო ინციდენტის შემდეგ საქმეზე ორიენტირება, ვინაიდან შეიქმნა დაძაბული სიტუაცია.

24. მოპასუხე ორგანიზაციის ბიუროს სპეციალისტის 2023 წლის 29 მარტის სამსახურებრივი ბარათით დგინდება, რომ 2023 წლის 28 მარტს სპეციალისტი იმყოფებოდა თავის სამუშაო ოთახში, რა დროსაც გაიგო განწირული ყვირილი, დაუყოვნებლივ გავიდა სამუშაო ოთახიდან და დაინახა, რომ თავისი კაბინეტიდან გამოდიოდა მოსარჩელე, რომელიც ბოლო ხმაზე ღრიალებდა (იგინებოდა), ვის მიემართებოდა „გინება“ ვერ გაარკვია, თუმცა სამსახურს აყენებდა შეურაცხყოფას, რადგან მიიჩნევდა რომ საქმეები ეწერებოდა არასწორად.

25. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, მოპასუხე ორგანიზაციის სხვა თანამშრომლების მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებების შეფასებას და დამატებით განმარტავს, რომ საქმეზე გამოკითხულმა ყველა მოწმემ, ერთმნიშვნელოვნად და ერთგვარად მიუთითა მოსარჩელის მიერ ჩადენილ ქმედებაზე, კერძოდ თითოეულმა მათგანმა განმარტა, რომ ბიუროს სპეციალისტის თხოვნაზე მოსარჩელე შესაბამის სისტემაში შეეყვანა დატვრთვა, აგრესიულად და შეურაცხმყოფელად უპასუხა, ყვიროდა და უშვერი სიტყვებით მიმართავდა. იგივე დაადასტურა მოპასუხე ორგანიზაციის ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერმა, რომლის სამსახურებრივი ბარათითაც დგინდება, რომ ვიდეო ჩანაწერებში ასახული იყო მოსარჩელის აღელვებული გადაადგილება, ჟესტიკულაცია და ემოციური საუბარი თანამშრომლებთან.

26. ამდენად, საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებით განმარტავს, რომ საქმის მასალებით, კერძოდ, მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით და ვიდეო მასალებით დასტურდება, რომ ჯერ მოპასუხის სპეციალისტის მიერ განმეორებით სატელეფონო ზარის დროს, ხოლო შემდგომ დერეფანში როგორც გამოსვლისას, ასევე ოთახში დაბრუნებისას მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა მინიმუმ ყვირილს. სპეციალისტის მხრიდან ადგილი ჰქონდა რჩევას, რომ ადვოკატს აქტივობა შეევსო, რათა შემოწმების შემთხვევაში დარღვევა არ გამოვლენილიყო, რამაც მოსარჩელე წყობიდან გამოიყვანა. დადგენილია, რომ მოსარჩელე და სპეციალისტი ურთიერთდაქვემდებარებულები არ იყვნენ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მხრიდან დასაქმებულის მისამართით უხამსი სიტყვების გამოყენება ცალსახად დგინდება, რაც წარმოადგენს დადგენილი ეთიკური ნორმების დარღვევას და მოცემულ შემთხვევაში დასახელებული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებითს გათვალისწინებით ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნის სამართლებრივი საფუძველს (სშკ-ის 47.1 „ზ“).

27. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და შეფასებას და განმარტავს, რომ ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებით დგინდება 47.1. მუხლის „ზ“ პუნქტის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერება, უსაფუძვლოა მოსარჩელის/აპელანტის მოთხოვნები კომპენსაციის, განაცდურის, სახელფასო დანამატის ანაზღაურებაზე.

28. საკასაციო სასამართლო, კასატორის მოთხოვნის პასუხად, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის თაობაზე განმარტავს - საკასაციო სასამართლომ თავის არაერთ განჩინება/გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობების სუბორდინაციული ბუნება დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტობრივ შესაძლებლობას ანიჭებს ურთიერთობის ძლიერ მხარეს - დამსაქმებელს, სწორედ ამიტომ, შრომის კოდექსი შრომითი ურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შეიცავს ანტიდისკრიმინაციულ დებულებებს, რომლებიც შეესაბამება (დასაქმებასა და საქმიანობაში) დისკრიმინაციის შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 111-ე კონვენციის პრინციპებს.

29. საგულისხმოა, რომ შრომითი დისკრიმინაციის მომწესრიგებელმა ნორმებმა მნიშვნელოვანი სახეცვლილება განიცადეს შრომის კოდექსში, თუმცა ახლებური მოწესრიგების გავრცელება უკვე დასრულებულ სამართალურთიერთობაზე ეწინააღმდეგება რა კანონის დროში მოქმედების წესს, წინამდებარე საქმის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ნორმები ცვლილებამდელი რედაქციით. დისკრიმინაციის ამკრძალავ გენერალურ დათქმას შეიცავს ძირითადი კანონი - საქართველოს კონსტიტუცია, რომლის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი აღიარებს რა ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორობას, კრძალავს დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით საკასაციო შედავებაზე სასამართლო განმარტავს, რომ სშკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით. ამავე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, დისკრიმინაციად (მათ შორის, სექსუალურ შევიწროებად) მიიჩნევა პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.

30. სსსკ-ის 3632 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს ამ მუხლით გათვალისწინებული სარჩელით მოითხოვოს: ა) დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტა ან/და მისი შედეგების აღმოფხვრა; ბ) მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 3633 მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

31. ამდენად, დისკრიმინაციის ფაქტების დასახელებისა და იმ მასშტაბით მტკიცების ვალდებულება, რათა „prima facie“ დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის პრეზუმფცია შეიქმნას, დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლის მოვალეობას წარმოადგენს. სწორედ მას შემდეგ, რაც მოსარჩელე დაძლევს „ერთი შეხედვით“ დისკრიმინაციული მოპყრობის დადასტურების ვალდებულებას, მტკიცების ტვირთი გადაინაცვლებს მოპასუხის მხარეს, რათა მან დაადასტუროს, რომ განსხვავებულ მოპყრობას მოსარჩელის მიერ მითითებული ნიშნით ადგილი არ ჰქონია, ან განსხვავება გამართლებული იყო ობიექტური და აუცილებელი ფაქტორებით.

32. დისკრიმინაციული საფუძვლით გათავისუფლების ამსახველი ფაქტების წარდგენაზე ვალდებული სუბიექტი მოსარჩელეა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ არა მხოლოდ უნდა განსაზღვროს შესადარებელ პირთა წრე, არამედ ასევე დაასაბუთოს აღნიშნულ პირებს შორის არსებითად თანასწორობა. კომპარატორის განსაზღვრაც და კომპარატორის სათანადოობის დასაბუთებაც, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა. უფრო მეტიც, სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომით ურთიერთობაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს განსხვავებულ მოპყრობას, თუმცა, აღნიშნული გამოწვეული იყოს სამუშაოს სპეციფიკით, დასაქმებულის უნარ-ჩვევებით, კვალიფიკაციით, შესრულებული სამუშაოს ხარისხით და ა.შ. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/1/536; 04.02.2014წ). შესაბამისად, ასეთ ვითარებაში დასაქმებულმა უნდა მიუთითოს ფაქტები, თუ რაში მდგომარეობდა მის მიმართ (ვისთან შედარებით) არათანაბარი მოპყრობა და რატომ იყო აღნიშნული მოპყრობა მისთვის მისთვის დისკრიმინაციული (იხ. სუსგ-ები: №ას-1042-2018, 28 თებერვალი, 2019წ; №ას-79-2022, 13 მაისი, 2022წ; №ას-1167-2021, 15 მარტი, 2023 წ.).

33. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ყოველგვარი განსხვავებული მოპყრობა არ ქმნის დისკრიმინაციის შემადგენლობას, არამედ, განსხვავებული მოპყრობა მოტივირებული უნდა იყოს აკრძალული ნიშნით. შესაბამისად, ქმედების დისკრიმინაციად კვალიფიკაციისათვის აუცილებელია არათანაბარი მოპყრობის საფუძველი იყოს აკრძალული ნიშანი (იხ. დამატებით: ზ. შველიძე, შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვის რეგულირება ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის „სამართლის ჟურნალი“ №2, 2012, 249).

34. შესაბამისად, პირი, რომელიც თავს უთანასწორო მოპყრობის მსხვერპლად განიხილავს, სასამართლოს წარუდგენს ფაქტებს და ამავე ფაქტების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რომლებმაც ნეიტრალურ მესამე პირს _ საქმის განმხილველ მოსამართლეს, უნდა ჩამოუყალიბოს ვარაუდი, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული განმასხვავებელი ნიშნის გამო მის მიმართ განხორციელებულია უთანასწორო მოპყრობა. ევროსასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მტკიცებულება შეიძლება, გამომდინარეობდეს ძლიერი, ნათელი და შესაბამისი დასკვნების ერთობლიობიდან ან ფაქტის მსგავსად გაუბათილებელი დაშვებიდან. ამასთანავე, კონკრეტული დასკვნის მისაღებად საჭირო დარწმუნების ხარისხი და ამ მხრივ მტკიცების ტვირთის დაკისრება ურთიერთდაკავშირებულია ფაქტების კონკრეტიკასთან, ბრალდების ბუნებასა და კონვენციით განსახილველ უფლებასთან (Salman v. Turkey [GC], no. 21986/93, § 100, ECHR 2000-VII; და Anguelova v. Bulgaria, no. 38361/97, § 111, ECHR 2002-IV).

35. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს დისკრიმინაციული მოპყრობის კონკრეტულ გარემოებებზე, მხოლოდ ამის შემდეგ გადადის მოპასუხეზე აღნიშნულის საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი. მოსარჩელე ვალდებულია მიუთითოს კონკრეტულ პირთა წრეზე, რომელთან შედარებითაც ის იმყოფება არასათანადო მოპყრობაში (იხ. სუსგ-ები №ას-1599-2023, 26.01.2024; №ას-123-2024 22.05.2024წ.; №ას-351-2024 26.06.2024 წ.).

36. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს ვერ დაეკისრება შებრუნებული მტკიცების ტვირთი, ხოლო მოსარჩელის მიერ მითითებული ზოგადი გარემოებები არ არის საკმარისი დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დასადასტურებლად. შესაბამისად, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას შრომის კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა, არ შეიძლება ჩაითვალოს მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობად.

37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა მის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ფაქტზე, კერძოდ, მოსარჩელე სარჩელში დისკრიმინაციის ფაქტად უთითებს, რომ მას სხვა თანამშრომელთან შედარებით განსახვავებულად მოეპყრნენ და აღნიშნა, რომ ს.კ–ძე და თ.კ–ძე არიან შესადარებელი პირები, რომლებიც როგორც საქმის მასალებით და თავად მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება, წარმოადგენენ მოპასუხე ორგანიზაციაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დასაქმებულ პირებს. შესაბამისად, მათზე ვრცელდება გარკვეული შეღავათები საქმეების განაწილების და შრომის დისციპლინის დაცვის თვალაზრისით, რაც თავად ბიუროს მიერ დადგენილი შინაგანაწესითაც არის განსაზღვრული. კერძოდ, მათზე ნაწილდება უფრო ნაკლები რაოდენობით საქმეები, ვიდრე იმ პირებზე, რომლებიც არ ასრულებენ ადმინისტრაციულ ფუნქციებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული პირები არ წარმოადგენენ შესადარებელ პირებს. ამდენად, მოსარჩელემ ვერ შეძლო მიეთითებინა ფაქტები მის მიმართ განხორციელებულ არათანაბარ მოპყრობასთან დაკავშირებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ როგორც კასატორი უთითებს მის მიმართ არათანაბარი მოპყრობის განხორციელებას ადგილი ჰქონდა 01.04.2022 წლამდეც, რა დროსაც თ.კ–ძეს არ ეკავა ადმინისტრაციული პოზიცია და იგი შესადარებელი პირია. დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის მოთხოვნით საქმის წარმოება სასამართლოში მოსარჩელის მხრიდან დაიწყო 03.06.2024 წელს, რის გამოც საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივებს, რომ სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში 01.04.2022 წლამდე პერიოდი ასევე ხანდაზმულია.

38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ დგინდება მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი, საკასაციო სასამართლო მორალური ზიანის დაკისრების საკითხზე უსაფუძვლობის გამო აღარ იმსჯელებს.

39. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. ვ.გ–ს (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №27720645163, გადახდის თარიღი 9.06.2025) 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე