საქმე№ას-943-2025 8 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე
კასატორი – სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.მ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ივნისის განჩინება
დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა დ.მ–მა (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული) სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ, მოითხოვა:
1.1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2022 წლის 6 მაისის N02-39/კ ბრძანება დ.მ–ის გათავისუფლების შესახებ;
1.1.2. მოსარჩელე აღდგენილ იქნეს ტოლფას - ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხარისხის უზრუნველყოფის, მონიტორინგისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე;
1.1.3. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2022 წლის 6 მაისიდან ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 5500 ლარის (დარიცხული) ოდენობით.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოხსენებით ბარათებში აღწერილი, სადავოდ გამხდარი ვალდებულებები/საკითხები წარმოადგენს მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობებს. მოსარჩელე იყო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი. დებულებით განსაზღვრულია, რომ დეპარტამენტის უფროსი ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას, პასუხს აგებს დეპარტამენტისთვის დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებაზე, ახორციელებს კანონმდებლობითა და დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასრულებს სააგენტოს დირექტორის ან/და სააგენტოს დირექტორის მოადგილის ცალკეულ დავალებებს და ა.შ.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ.მ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ რეგულირების სააგენტოს 2022 წლის 6 მაისის ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად დაეკისრა 7 000 ლარის გადახდა, ასევე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2022 წლის 6 მაისიდან ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 5 500 ლარის ოდენობით.
4. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
5. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე სააგენტომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის 2025 წლის 5 ივნისის განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2002 წლიდან, მოსარჩელე დასაქმებული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ სსიპ-ებთან.
6.3. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 20 დეკემბრის N02-186/კ ბრძანებით, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების ოქმის საფუძველზე, მოსარჩელე დაინიშნა რეგულირების სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, 2020 წლის პირველი იანვრიდან განუსაზღვრელი ანაზღაურება შეადგენდა 5 500 ლარს (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
6.4. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, კ.შ–ძემ 2022 წლის 4 მაისს N02-1767 მოხსენებითი ბარათით მიმართა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის მარტის N0 0l-163/ო ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შესათანხმებლად წარადგინა სამინისტროს შიდა აუდიტის, მონიტორინგისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მ.ქ–ას 2022 წლის 27 აპრილის N 01-3205 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, მოსარჩელის საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძვლით თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი.
6.5. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2022 წლის 6 მაისის N02-39/კ ბრძანებით მოსარჩელე - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, 2022 წლის 6 მაისიდან, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და 31-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.
6.6. ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 აპრილის N01-3205 მოხსენებითი ბარათი; სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2022 წლის 4 მაისის 23 N02-1767 მოხსენებითი ბარათი.
6.7. მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მითითებული - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის, მონიტორინგისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მ.ქ–ას 2022 წლის 27 აპრილის მოხსენებითი ბარათით ირკვევა შემდეგი: 2022 წლის 7 თებერვლის N01-64/ო ბრძანების შესაბამისად, შიდა აუდიტის დეპარტამენტი ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შიდა აუდიტის, შიდა კონტროლისა და მონიტორინგის მიმართულებით მომუშავე სამსახურების კოორდინაციისა და საზედამხედველო ფუნქციებს.
6.8. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში, სამედიცინო დაწესებულებებში განხორციელდა კოვიდინფიცირებულ პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის საკითხის მონიტორინგი. მონიტორინგის პროცესში, გამოიკვეთა გარკვეული შეუსაბამობები, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 19 სექტემბრის N01-467/ო ბრძანების შესაბამისად მობილიზებულ დაწესებულებაში - შპს "M. G."-ში დაფიქსირებულ ფაქტობრივ მდგომარეობასა და დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებს შორის. საკითხის მოკვლევით დადგინდა შემდეგი: 2021 წლის 26 აგვისტოს სამინისტროში შემოვიდა შპს „M. G.“-ის დირექტორის ქ.ა–ძის N83862 განცხადება, კოვიდ მართვის პროგრამაში 200 სტაციონარული საწოლით (198 თერაპია + 2 რეანიმაცია) ჩართვის მზაობაზე და მოითხოვა 2021 წლის 24 აგვისტოდან სტაციონარული საქმიანობის დროებითი ნებართვის გაცემა მისამართი: ქ.თბილისი, ........), რის საფუძველზეც სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს“ ყოფილმა დირექტორმა ზ. კ–ძე) 2021 წლის 27 აგვისტოს გამოსცა უკანონო ბრძანება შპს „M. G.“-ისთვის 2021 წლის 24 აგვისტოდან დროებითი საქმიანობის ნებართვის თაობაზე, 6 (ექვსი) თვის ვადით. თუმცა, აღნიშნული ნებართვა ეწინააღმდეგებოდა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილების მე-18 მუხლის მე-12 პუნქტს, ვინაიდან, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დაჩქარებული წესით დროებითი ნებართვის გაცემა შესაძლებელი იყო მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებისათვის და ისიც, შესაბამისი შემოწმების პროცედურების განხორციელების შემდგომ. გარდა იმისა, რომ შპს „M. G.“ არ წარმოადგენდა სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელ იურიდიულ პირს, პასუხისმგებელ თანამშრომლებზე ჩამორთმეული ახსნა-განმარტებებით დგინდება, რომ სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს" მიერ სამედიცინო საქმიანობის დროებითი ნებართვის გაცემამდე შპს „M. G.“-ში არ განხორციელებულა შესაბამისი შემოწმების პროცედურები. მაგალითად, მოთხოვნილი საწოლფონდის შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო პერსონალის არსებობა და სხვა. უფრო მეტიც, ნებართვის გაცემამდე და ოპერირების მთელი პერიოდის განმავლობაში, არ მომხდარა ადგილზე ერთი ვიზიტიც კი.
6.9. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილების მე-18 მუხლის, მე-9 პუნქტის, „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ევალებოდა სამედიცინო დაწესებულებების მზადყოფნის მონიტორინგი ინფექციის კონტროლისა და სუნთქვის აპარატების გამართულობის კუთხით. მიუხედავად აღნიშნულისა, სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა შპს „M. G.“-ის მზადყოფნისა და საქმიანობის არანაირი ზედამხედველობა. მაგალითად, შემოწმებით დგინდება, რომ შპს „M. G.“-ს 2021 წლის 16 სექტემბრამდე არ გააჩნდა ხელოვნური სუნთქვის აპარატი. მიუხედავად აღნიშნულისა, 2021 წლის 21 აგვისტოდან ახორციელებდა კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მართვას, ხოლო 27 აგვისტოს გაცემულია საქმიანობის დროებითი ნებართვა. შემოწმების ფარგლებში, დაწესებულების ვიზუალურად დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ მოცემულ ფართზე ფიზიკურად ვერ განთავსდებოდა მინისტრის (ე. ტ–ძე) ბრძანებით მობილიზებული 200 საწოლი და მაქსიმალური საწოლების რაოდენობა ვერ იქნებოდა 70 ერთეულზე მეტი. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მობილიზების პერიოდში (2021 წლის 24 აგვისტოდან 2022 წლის 24 თებერვლამდე) სულ, მკურნალობა ჩაუტარდა მხოლოდ 299 პაციენტს. მობილიზების პერიოდში, დაწესებულებაში ერთდროულად განთავსებული იყო არაუმეტეს 40 პაციენტისა, ხოლო საშუალო დღიური მიმართვიანობა იყო 1.66 პაციენტი. ეს იმ დროს, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველდღიურად გაიცემოდა 200 კოვიდსაწოლის მობილიზების და შესაბამისი სახელფასო დანამატის ხარჯი.
6.10. 2021 წლის 24 აგვისტოდან 2022 წლის 1 თებერვლამდე შპს „M. G.“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 200 საწოლის მობილიზების თანხა - 3 864 000.00 ლარი; ამავე პერიოდში სახელფასო დანამატი - 882 602.00 ლარი; ხოლო 2021 წლის 24 აგვისტოდან 2021 წლის 1 დეკემბრამდე კოვიდპაციენტების მართვაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურებული აქვს 211 966.41 ლარი. ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 4 958 568.41 ლარი, ხოლო უშუალოდ კოვიდპაციენტების მართვაზე გახარჯულია მიღებული თანხის მხოლოდ - 4.27%.
6.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოიკვეთა შემდეგი მნიშვნელოვანი დარღვევა-ნაკლოვანებები: შპს „M. G.“-მა საქმიანობა დაიწყო 2021 წლის 21 აგვისტოს ისე, რომ არ წარმოადგენდა სამედიცინო დაწესებულებას, არ ფლობდა შესაბამის ნებართვას, ამდენად, არ იყო სამედიცინო საქმიანობის განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი; 2021 წლის 27 აგვისტოს, მომსახურების დეპარტამენტის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს მიერ მომზადებული, მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მიერ ვიზირებული დოკუმენტების საფუძველზე გამოიცა სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს“ დირექტორის ბრძანება შპს „M. G.“-ისთვის 2021 წლის 24 აგვისტოდან დროებითი საქმიანობის ნებართვის გაცემის თაობაზე, 6 (ექვსი) თვის ვადით ისე, რომ არანაირი კონტროლის ღონისძიება არ განხორციელებულა; საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილების მე-18 მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ ევალებოდა სამედიცინო დაწესებულებების მზადყოფნის მონიტორინგი ინფექციის კონტროლისა და სუნთქვის აპარატების გამართულობის კუთხით. თუმცა, მიუხედავად იმ რისკებისა, რომ შპს „M. G.", დროებითი ნებართვის მიღებამდე, არ წარმოადგენდა სამედიცინო პროფილის დაწესებულებას, ხოლო დროებითი ნებართვა, როგორც უკვე აღინიშნა, გაიცა ყოველგვარი კონტროლის გარეშე, არ დაქვემდებარებია მზადყოფნის მონიტორინგს.
6.12. როგორც შესწავლით გაირკვა, სააგენტო „სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგს ახორციელებდა მხოლოდ სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ან/და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე. თავად მას დადგენილებით განსაზღვრული, აღნიშნული ვალდებულების შესრულების მექანიზმი არ შეუმუშავებია. აღნიშნული უმოქმედობის შედეგად შპს „M. G.“ 2021 წლის 21 აგვისტოდან 2021 წლის 16 სექტემბრამდე ახორციელებდა კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მართვას 2 რეანიმაციულ საწოლზე ისე, რომ არ გააჩნდა ხელოვნური სუნთქვის აპარატი.
6.13. ამდენად, სახეზეა სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ შესაბამისი პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა მხრიდან საკუთარ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება. რაც გამოიხატა შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი აღჭურვილობისა და მზადყოფნისთვის საჭირო პირობების არმქონე დაწესებულებისთვის დროებითი ნებართვის გაცემაში, ასევე შემდგომი მონიტორინგის განუხორციელებლობაში. შედეგად კი არამიზნობრივად დახარჯულია საბიუჯეტო სახსრები.
6.14. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შინაგანაწესის, სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებისა და თანამშრომელთა ეთიკისა და ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 14 ნოემბრის No2-77/ო ბრძანებით დამტკიცებული მომსახურების დეპარტამენტის დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, სტაციონარული დაწესებულების ნებართვის/ნებართვის დანართების გაცემასთან დაკავშირებული პროცესის (სანებართვო განაცხადის განხილვა; საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოძიება; არასრულფასოვანი დოკუმენტაციის შემთხვევაში, განმცხადებლისათვის წერილობითი შეტყობინების მომზადება; სანებართვო პირობების ადგილზე შემოწმება; შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადება) ორგანიზაციული უზრუნველყოფა მომსახურების დეპარტამენტის, კერძოდ, ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს უფლებამოსილებაა. ხოლო სალიცენზიო, სანებართვო და ტექნიკური რეგლამენტის პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლა, იმავე ბრძანებით დამტკიცებული მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციას წარმოადგენს.
6.15. ამდენად, ზემოთ წარმოდგენილი დარღვევების მასშტაბისა და შედეგების, ასევე დებულებებით განსაზღვრული პასუხისმგებლობების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, განხილულ იქნეს სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქშიანობის რეგულირების სააგენტოს“ მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის დ.მ–ის, მომსახურების დეპარტამენტის უფროსის ჯ.ვ–ისა და მომსახურების დეპარტამენტის ლიცენზირებისა და აკრედიტაციის სამმართველოს
6.16. დადგენილია, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის“ მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული, დაფიქსირებული შემთხვევების რევიზიის შედეგად, 2022 წლის 18 მაისს შედგა #შ-რ/კ-1454-1 კონტროლის აქტი, რომლითაც შპს „M. G.“-ს დაევალა ანაზღაურებული თანხის 365 514,66 ლარის უკან დაბრუნება და დამატებითი ფინანსური ჯარიმის 160 847,1 ლარის გადახდა. უფროსის ი.ბ–ძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი.
6.17. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს სამედიცინო, საექიმო საქმიანობის, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის, სააღმზრდელო საქმიანობის, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში წარმოდგენს კომპეტენტურ ეროვნულ ორგანოს გაეროს ნარკოტიკების და კონტროლის საერთაშორისო კომიტეტთან ურთიერთობისას, იგი წარმოადგენს საქმიანობის სფეროდან გამომდინარე მაკონტროლებელ ორგანოს. ამასთან, სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინაშე (პირველი მუხლი) (ტ.1. ს.ფ. 123-131). ამავე დებულებით განსაზღვრული კომპეტენციისა და საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, სააგენტოს ჯეროვანი საქმიანობის მნიშვნელობასა და მაღალკვალიფიციურად საქმიანობის შესრულების მიმართ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესზე, რაც პირდაპირ კავშირშია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ჯანმრთელობის დაცვის უფლებასთან, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის წარმოშობილი შრომითი დავის გადაწყვეტისათვის, სასამართლოს მსჯელობის საგანია მოსარჩელის მიმართ გამოყენებული ღონისძიება - სამსახურიდან გათავისუფლება, რამდენად პროპორციული იყო მისი ქმედებისა. გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოსარჩელის ქმედებასა და მომხდარ ფაქტს შორის მიზეზობრივი კავშირი, ბრალი, გამომწვევი მიზეზები, დამდგარი შედეგი და სხვა ფაქტორები.
6.18. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილების მე-18 მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით, სამედიცინო დაწესებულებებისთვის დადგინდა ლიცენზიის/ნებართვის გაცემის განსხვავებული წესი და, სამინისტროსთან შეთანხმებით, სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიეცა უფლება, კანონმდებლობით დადგენილი განსხვავებული ვადებითა და პირობებით, შესაბამისი აქტით გაეცა დროებითი სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია/ნებართვა. მე-9 პუნქტის თანახმად კი, სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაევალა უზრუნველეყო სამედიცინო დაწესებულებების მზადყოფნის მონიტორინგი ინფექციის კონტროლისა და სუნთქვის აპარატების გამართულობის კუთხით;
6.19. ამდენად, აღნიშნული დადგენილებით, მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირებისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სამართავად განისაზღვრა დროებითი ღონისძიებები, რის ფარგლებშიც დადგინდა სააგენტოს უფლებამოსილება სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე, დაჩქარებული წესით, სამედიცინო დაწესებულებებზე გაეცა დროებითი ნებართვები. ამავე დროს, დადგინდა ინფექციის კონტროლისა და სუნთქვის აპარატების გამართულობის კუთხით სამედიცინო დაწესებულებების მზადყოფნის კონტროლის თაობაზე სააგენტოს ვალდებულება. ცხადია, დადგენილებით განსაზღვრული უფლებებისა და ვალდებულებების შესრულება სააგენტოს უნდა უზრუნველეყო შესაბამისი კომპეტენციისა და ფუნქციის მქონე სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ.
6.20. როგორც წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, სააგენტოში შემავალი დეპარტამენტების დებულებებით გამიჯნული იყო თითოეულის საქმიანობის სფერო, ფუნქციები და მოვალეობები. დროებითი ნებართვის გაცემა და ამავე ეტაპზე, სანებართვო პირობების მდგომარეობის შემოწმება, არ შედიოდა მოსარჩელის ფუნქციებში. მომსახურების დეპარტამენტის დებულების შესაბამისად, ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული პროცესის წარმართვა, მათ შორის, სანებართვო პირობების ადგილზე შემოწმების ჩათვლით, ამავე დეპარტამენტის უფლებამოსილებებს განეკუთვნებოდა. შესაბამისად, მითითებული დებულებისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილების მე-18 მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი წესით დროებითი ნებართვის გაცემა, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეთანხმების საფუძველზე გააჩნდა სააგენტოს, სწორედ მომსახურების დეპარტამენტის მიერ საკითხის შესწავლის შედეგად უნდა უზრუნველეყო. მოცემულ შემთხვევაში, როგორც მოხსენებით ბარათშიც აღნიშნულია, სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს“ დირექტორის ბრძანება შპს „M. G.“-ისთვის 2021 წლის 24 აგვისტოდან დროებითი საქმიანობის ნებართვის თაობაზე, გამოიცა კიდეც მომსახურების დეპარტამენტის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს მიერ მომზადებული, მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მიერ ვიზირებული დოკუმენტების საფუძველზე. ნებართვის გაცემის ეტაპზე მონიტორინგის დეპარტამენტის (რომლის ხელმძღვანელსაც წარმოადგენდა მოსარჩელე) ჩართულობა, ამავე დეპარტამენტის დებულებით არ არის განსაზღვრული და ამასთან არც რაიმე დოკუმენტი, რაც დროებითი სამედიცინო საქმიანობის გაცემის თაობაზე მოსარჩელის ინფორმირების, ან ლიცენზიის გაცემისათვის მონიტორინგის დეპარტამენტისათვის დავალების მიცემის ფაქტებზე მიუთითებდა, საქმის მასალებით არ დასტურდება.
6.21. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილების მე-18 მუხლის მე-9 მუხლით გათვალისწინებული - ინფექციის კონტროლისა და სუნთქვის აპარატების გამართულობის კუთხით სამედიცინო დაწესებულებების მზადყოფნის მონიტორინგი გულისხმობს როგორც ნებართვის გაცემის დროს აღნიშნული საკითხის შემოწმებას, ისე, საქმიანობის მთელ პერიოდში მასზე ზედამხედველობას. როგორც აღინიშნა, დროებითი ნებართვის გაცემის საკითხის პროცესის წარმართვა (რასაც სააგენტო სამინისტროსთან შეთანხმების ახორციელებდა) სანებართვო პირობების ადგილზე შემოწმების ჩათვლით, სხვა დეპარტამენტის ფუნქციებში შედიოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი აღჭურვილობების, მზადყოფნისათვის საჭირო პირობებისა და შესაბამისი პროფილის არმქონე დაწესებულებისთვის დროებითი ნებართვის გაცემის ეტაპზე ვალდებულების დარღვევა, მოსარჩელეს ვერ შეერაცხება ბრალად. რაც შეეხება მოსარჩელის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი დეპარტამენტის ფუნქციებს მიკუთვნებულ, სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის, მათ შორის, კოვიდმართვაში ჩართული კლინიკების მხრიდან ინფექციის კონტროლისა და გამართულობის კუთხით შემდგომი მონიტორინგის საკითხს, მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 2021 წლის 24 აგვისტოდან 6 თვის ვადით გაცემული დროებითი საქმიანობის ნებართვის მოქმედების პერიოდში, მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 2022 წლის 22 თებერვლამდე არ განხორციელებულა შპს „M. G.“-ის შემოწმება. თუმცა, მოსარჩელე აღნიშნულთან დაკავშირებით მის ბრალეულობას უარყოფს.
6.22. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან შრომითი მოვალეობების იმ სახის დარღვევა, რაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სახით უკიდურესი ზომის გამოყენებას გაამართლებდა და იქამდე დისციპლინური ღონისძიების არარსებობის პირობებში, შრომითი ურთიერთობის გაგრძელებას გამორიცხავდა.
6.23. დადგენილია, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 6 მაისის N02-39/კ ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მ.ქ–ას 2022 წლის 27 აპრილის N01- 3205 მოხსენებითი ბარათში მითითებული გარემოებები.
6.24. მოხსენებითი ბარათის თანახმად, სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ შესაბამისი პასუხისმგებელი თანამდებობის პირების მხრიდან საკუთარ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება გამოიხატა: ა) შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი აღჭურვილობისა და მზადყოფნისთვის საჭირო პირობების არმქონე დაწესებულებისთვის დროებითი ნებართვის გაცემაში, ბ) ასევე შემდგომი მონიტორინგის განუხორციელებლობაში, რის შედეგად არამიზნობრივად იქნა დახარჯული საბიუჯეტო სახსრები.
6.25. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები და განმარტა, რომ მოსარჩელის მხრიდან რისკების შეფასების შედეგად დროებით სანებართვო პირობებში მოქმედი დაწესებულებების საქმიანობაზე ზედამხედველობის უპირატესად განუხორციელებლობის სახით პრიორიტეტების არასწორად დასახვა და წინდახედულების ნორმების დარღვევა, საქმის მასალებით არ იკვეთება.
6.26. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად მოპასუხის 2022 წლის 6 მაისის N02-39/კ ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ, როგორც კანონსაწინააღმდეგო ნების გამოვლენა, თანახმად სსკ-ის 54-ე მუხლისა.
6.27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და შეფასება და განმარტა, რომ დამსაქმებელთან ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად შეცვლილი გარემოებების გამო არ არსებობდა მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და გაზრდილი ხელფასის მოპასუხისთვის დაკისრების წინაპირობები, რის გამოც, მართებულად მიიჩნია მოპასუხისთვის დასაქმებული სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 7 000 ლარისა და იძულებითი განაცდურის სახით 2022 წლის 6 მაისიდან ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 5 500 ლარის ანაზღაურება.
7. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის 2025 წლის 5 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
7.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ დროებითი ნებართვის გაცემისას სანებართვო პირობების მდგომარეობის შემოწმება არ შედიოდა მოსარჩელის ფუნქციებში და აგრეთვე, მოსარჩელის მხრიდან რისკების შეფასების შედეგად დროებით სანებართვო პირობებში მოქმედი დაწესებულებების საქმიანობაზე ზედამხედველობის უპირატესად განუხორციელებლობის სახით პრიორიტეტების არასწორად დასახვა და წინდახედულების ნორმების დარღვევა არ მომხდარა. მოსარჩელეს დაკავებული ჰქონდა მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა. თანამდებობის პირის მიერ დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულება კი მნიშვნელოვანი და ამასთან საჯარო ინტერესის მატარებელია. მოსარჩელის მითითება, დაკისრებული ფუნქციის მხოლოდ მომართვის შემთხვევაში შესრულებაზე არის შაბლონური, რათა თავი აარიდოს მიერ მიმართ დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.
7.3. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია კომპენსაციის დაკისრების ნაწილშიც, კერძოდ, სასამართლოს დაუსაბუთებლად აქვს დაკისრებული სააგენტოსთვის კომპენსაციის სახით 7 000 ლარი, ისე, რომ საერთოდ არ ირკვევა თუ საიდან მოხდა აღნიშნული თანხის გამოანგარიშება.
8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
8.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ი) 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
13. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
14. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტი „სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“, 58-ე „ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“ და 408.1-ე „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ და 409-ე „თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება“ მუხლები.
15. მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლიანობის კვლევისას, უწინარესად, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რა ფაქტებსა და გარემოებებს დაეყრდნო დამსაქმებელი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილების მიღებისას. სასამართლო, როგორც დამსაქმებლის ნების მართლზომიერებაზე ზედამხედველობის ორგანო, შეზღუდულია სწორედ იმ ფაქტობრივი წინაპირობებით, რომელთა არსებობობის გამოც დამსაქმებელმა მიიჩნია, რომ კონკრეტულ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება გაუმართლებელი იქნებოდა. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ფაქტობრივი მიზეზების გამოსარკვევად, კი, სასამართლოსთვის სახელმძღვანელოა არგუმენტები, რომლებიც ასახულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში ან მოგვიანებით, სშკ-ის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გამოცემულ წერილობითი დასაბუთებაში (იხ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016წ.; №ას-235-2021, 18.06.2021წ.; №ას-877-2023, 20.10.2023წ.; №ას-1651-2023, 31.01.2024წ.; №ას-1494-2022, 31.01.2024წ.; №ას-175-2022, 28.06.2024წ.; №ას-157-2024, 22.07.2024წ.). მიზეზები, რომელთაც უშუალოდ არ განუპირობებიათ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება, არამედ, დამსაქმებლის მიერ მოშველიებულია დამატებით, სამართალწარმოების პროცესში, იმისთვის, რომ გაამყაროს სადავოდ ქცეული გადაწყვეტილების მართებულობა, სასამართლოს მხრიდან უნდა დარჩეს არსებითი შეფასების გარეშე.
16. განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც „შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა“.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების „უხეში“ დარღვევა საქართველოს შრომის კანონმდებლობის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების დარღვევას გულისხმობს, რაც შეიძლება გამოიხატოს თანამდებობრივი ინსტრუქციისა და/ან ნორმატიული აქტების დანაწესის შეუსრულებლობაში. ამასთან, მუშაკის სამუშაოდან განთავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-416-399-16, 29.06.16, №ას-812-779-2016, 19 ოქტომბერი, 2016 წ.; №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წ.; სუსგ №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015წ.).
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციური პრინციპის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და, რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შრომის სამართალში „Ultima Ratio“-ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზშედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას, შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას დამსაქმებლის მიერ გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის (სუსგ №ას-416-399-2016, 29.06.2016წ; №ას-724-2019, 26.07.2019წ; №ას-658-2020, 04.12.2020წ.).
19. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 აპრილის N01-3205 მოხსენებითი ბარათი; სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2022 წლის 4 მაისის 23 N02-1767 მოხსენებითი ბარათი.
20. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (იხ. სუსგ №ას-1276-1216-2014, 18.03.2015წ; №ას-122-114-2015, 23.03.2015წ; №ას-194-185-2016, 29.07.2019წ; № ას-1144-2024, 29.11.2024).
21. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხეს უნდა წარმოედგინა სასამართლოსთვის ის მტკიცებულებები, რომლებიც სარწმუნოდ დაადასტურებდა დასაქმებულის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა უხეშად დარღვევის ფაქტებს.
22. საკასაციო სასამართლო, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებზე მიუთითებს, იზიარებს მათ შეფასებას და განმარტავს სამედიცინო საქმიანობის დროებითი ნებართვის გაცემის ეტაპზე მოსარჩელის მონაწილეობის საკითხზე და აღნიშნულთან დაკავშირებულ პროცედურებში განსაზღვრულ, მისი თანამდებობისათვის დაწესებულ ფუნქცია-მოვალეობების შესახებ: - საქმის მასალებით დგინდება, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 14 ნოემბრის N02-77/ო ბრძანებით დამტკიცდა სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები (ტ.3. ს.ფ 124), რომლებითაც განისაზღვრა თითოეული დეპარტამენტის სამართლებრივი სტატუსი, სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. სადავო პერიოდში მოქმედი „სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შინაგანაწესის, სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებისა და თანამშრომელთა ეთიკისა და ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული მომსახურების დეპარტამენტის დებულების (ტ.3, ს.ფ. 139) მე-2 მუხლის შესაბამისად, სტაციონარული დაწესებულების ნებართვის/ნებართვის დანართების გაცემასთან დაკავშირებული პროცესის (სანებართვო განაცხადის განხილვა, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოძიება, არასრულფასოვანი დოკუმენტაციის შემთხვევაში, განმცხადებლისათვის წერილობითი შეტყობინების მომზადება, მათ შორის, სანებართვო პირობების ადგილზე შემოწმება, შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადება (2.2. პუნქტი) განეკუთვნება მომსახურების დეპარტამენტის უფლებამოსილებებს, რომელთაც უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემავალი ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველო (4.1. პუნქტი).
23. მოხსენებით ბარათშიც აღნიშნულია, რომ სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს“ დირექტორის ბრძანება შპს „M. G.“-ისთვის 2021 წლის 24 აგვისტოდან დროებითი საქმიანობის ნებართვის თაობაზე, გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს მიერ მომზადებული, მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მიერ ვიზირებული დოკუმენტების საფუძველზე. რაიმე დოკუმენტი, რაც დროებითი სამედიცინო საქმიანობის გაცემის თაობაზე მოსარჩელის ინფორმირების, ან ლიცენზიის გაცემისათვის მონიტორინგის დეპარტამენტისათვის დავალების მიცემის ფაქტებზე მიუთითებდა, საქმის მასალებით არ დასტურდება. ამასთან, ნებართვის გაცემის ეტაპზე მონიტორინგის დეპარტამენტის (რომლის ხელმძღვანელსაც წარმოადგენდა მოსარჩელე) ჩართულობა, ამავე დეპარტამენტის დებულებითაც არ არის განსაზღვრული (ტ.3. ს.ფ. 133-137).
24. ამდენად, გასაზიარებელია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა და შეფასება, რომ დროებითი ნებართვის გაცემისას სანებართვო პირობების მდგომარეობის შემოწმება არ შედიოდა მოსარჩელის ფუნქციებში, რის გამოც საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი აღჭურვილობისა და მზადყოფნისათვის საჭირო პირობების არმქონე დაწესებულებისთვის დროებითი ნებართვის გაცემა, მოსარჩელის ბრალეულ ქმედებად მიჩნეული ვერ იქნება. შესაბამისად, მოხსენებით ბარათში მითითებული გარემოება, რომ ნებართვის გაცემა ეწინააღმდეგებოდა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დანტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილების მე-18 მუხლის მე-12 პუნქტს, (რომლითაც ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დაჩქარებული წესით დროებითი ნებართვის გაცემა შესაძლებელი იყო მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებისათვის და ისიც, შესაბამისი შემოწმების პროცედურების განხორციელების შემდგომ), მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დარღვევად ვერ შეფასდება.
25. სააპელაციო სასამართლომ დროებითი ნებართვის მოქმედების პერიოდში, შემდგომი მონიტორინგის განუხორციელებლობის საკითხის შესახებ განმარტა: სადავო პერიოდში მოქმედი, დებულების (ტ.3, ს.ფ. 133-137;) თანახმად, სამედიცინო პროგრამებითა და სამედიცინო სტანდარტების ფარგლებში პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების მიმდინარეობის, მისი ხარისხის შესწავლა, სალიცენზიო, სანებართვო და ტექნიკური რეგლამენტის პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლა, მათი შეუსრულებლობის გამოვლენა და სხვა, მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციებს განეკუთვნება (მე-2 მუხლი). უდავოა, რომ 2021 წლის 24 აგვისტოდან 6 თვის ვადით გაცემული დროებითი საქმიანობის ნებართვის მოქმედების პერიოდში, მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 2022 წლის 22 თებერვლამდე არ განხორციელებულა შპს „M. G.“-ის შემოწმება, მხარეთა შორის სადავოა აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელის ბრალის საკითხი. მოპასუხე, მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობის დებულებით განსაზღვრულ მიზნებზე მითითებით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის #322 დადგენილების მე-18 მუხლი, სპეციალური დავალების გარეშე, ავალდებულებდა მოსარჩელეს სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის ზედამხედველობას და კონტროლის განხორციელებას. აღნიშნულს არ ეთანხმება დ.მ–ი და აღნიშნავს, რომ მარეგულირებელი წესების არარსებობის პირობებში, ზოგადად, დეპარტამენტის მიერ სამედიცინო დაწესებულებების შემოწმება ხორციელდებოდა შეტყობინების და/ან დავალების საფუძველზე. მოკვლევის პროცესში, სამინისტროს შიდა აუდიტის, მონიტორინგისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მიმართ 27.04.2022წ. წარდგენილ განმარტებაშიც, დ.მ–მა აღნიშნა, რომ დადგენილების თანახმად, რეგულირების სააგენტოს მიერ მონიტორინგი ხორციელდებოდა მომართვების საფუძველზე, მაგ. სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტიდან, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოდან და შპს „M. G.“-ის მონიტორინგის განუხორციელებლობა ახსნა მომართვის არარსებობით (ტ.1, ს.ფ. 101). როგორც, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის, მონიტორინგისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მ.ქ–ას 2022 წლის 27 აპრილის მოხსენებითი ბარათშიც იქნა აღნიშნული, სააგენტო სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგს ახორციელებდა მხოლოდ სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ან/და სსიპ-ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე. თავად მას დადგენილებით განსაზღვრული, აღნიშნული ვალდებულების შესრულების მექანიზმი არ ჰქონდა. აღნიშნული ფაქტი მან ასევე დაადასტურა 25.06.2024წ. სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხვისას.
26. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა გ.გ–ძე, რომელიც მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობის პერიოდში, იკავებდა რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილის თანამდებობას და ახორციელებდა მოსარჩელის დაქვემდებარებაში მყოფი დეპარტამენტის საქმიანობაზე უშუალო ზედამხედველობას. მოწმის განმარტებით, წინასწარ გაწერილი პროცედურა და წესი არ არსებობდა, შემოწმების დაწყების საფუძველი იყო სხვადასხვა, მათ შორის, შესრულების ეჭვის შემთხვევაში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (ჯესი) მომართვა, მისივე ჩვენების თანახმად, პანდემიიდან გამომდინარე ფორსმაჟორულ ვითრებაში, მომსახურების ხარისხთან ან სხვადასხვა საკითხზე შეტყობინებების/საჩივრების საფუძველზე ხდებოდა რეაგირება. ამასთან, აღნიშნა, რომ რამდენადაც სააგენტოს სტრუქტურით ტერიტორიული ორგანოები არ არის, რაიონებში შემოწმებასაც დეპარტამენტის თანამშრომლები აწარმოებდნენ. მოწმემ ყურადღება გაამახვილა პანდემიასთან დაკავშირებულ ახალ გამოწვევებზე და ადამიანურ რესურსთან შეუსაბამო საქმეთა სიმრავლეზე.
27. საქმეში წარმოდგენილი „საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შესაძლო შემთხვევების გავრცელების პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 19 სექტემბრის 01- 467/ო ბრძანებისა და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ ბრძანებებზე თანდართული ცვლადი ნუსხით (რომელიც, შესაბამისი ბრძანებებით, ელექტრონული მართვის პროგრამის (EMS) სისტემის მეშვეობით სააგენტოში დასაქმებულ ყველა თანამშრომელთან ერთად, გაეგზავნა მათ შორის, მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მოსარჩელეს) ირკვევა, რომ კოვიდის მართვის პროგრამაში ჩართული კლინიკების რაოდენობა ასეულს აღემატებოდა (ტ.1. ს.ფ. 89-102, 104-108, 228 (CD დისკი)).
28. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სხვა შემთხვევაში, უშუალოდ შპს „M. G.“-ის შემოწმება (ნებართვის ვადის ამოწურვამდე 2 დღით ადრე წარდგენილი, ჰიბრიდულ რეჟიმში სტაციონალური საქმიანობის გაგრძელების მოთხოვნის საფუძველზე), მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 22 თებერვალს განხორციელდა სააგენტოს დირექტორის შესაბამისი ბრძანებით დავალების საფუძველზე, რომლითაც მონიტორინგზე კონტროლის განხორციელება დაევალა მოსარჩელეს, რის შედეგად, შედგა 22.02.2022წ. #სსტ-411-59 შემოწმების აქტი (ტ.3, ს.ფ. 95-104, 105).
29. საქმეში ასევე წარმოდგენილია სხვა შემთხვევებთან დაკავშირებით დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება, რომ კომისიის შემადგენლობის შექმნისა და ამა თუ იმ სამედიცინო დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების საფუძველი გახდა სააგენტოს დირექტორის მიერ მონიტორინგის დაწყების შესახებ ბრძანებების სახით გაცემული დავალება (ტ.2, ს.ფ. 110, 111).
30. ყველა აღნიშნული გარემოების შეფასების შედეგად, გასაზიარებელია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და შეფასება, რომ როდესაც სხვა დეპარტამენტის მიერ, მისი უფლებამოსილების ფარგლებში დროებითი ნებართვის გაცემის ეტაპზე, მოსარჩელეს მონაწილეობა არ მიუღია (მის მოვალეობებში არც შედიოდა), ამასთან, აღნიშნულის თაობაზე მისი ფაქტობრივად ინფორმირებაც საქმის მასალებით არ დგინდება, კოვიდ მართვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობის გათვალისწინებით, დროებითი ნებართვის მოქმედების პერიოდში დაწესებულების საქმიანობის შემდგომი შემოწმების განუხორციელებლობა, შესაბამისი პროცედურებისა და დავალების არარსებობის პირობებში, ვერ შეფასდება იმ სახის უხეშ დარღვევად, რაც უპირობოდ სამსახურიდან გათავისუფლების სახით უკიდურესი ღონისძიების გატარებას განაპირობებდა.
31. პერსონალის რაოდენობის საკითხთან დაკავშირებით, მოპასუხემ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ დროებითი ნებართვა გაიცა მხოლოდ 8 დაწესებულებაზე (მათგან მხოლოდ 4 შემოწმდა), რომელთა რაოდენობა არ მოითხოვდა იმ მოცულობის სამუშაოს, რომლისთვისაც პერსონალი საკმარისი არ იყო.
32. აღნიშნული გარემოების, ასევე, მოსარჩელის მხრიდან რისკების შეფასების აუცილებლობის შესახებ მოპასუხის არგუმენტების შეფასების მიზნით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შესაძლო შემთხვევების გავრცელების პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის მობილიზებულ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, რაიმე აღნიშვნას დროებითი ნებართვის მქონე დაწესებულებებთან მიმართებით, არ შეიცავს. ამასთან, დროებითი ნებართვის საფუძველზე მოქმედი დაწესებულებების შემდგომი კონტროლის განსხვავებული რეჟიმი დადგენილი არ ყოფილა. როგორც მოწმის სახით დაკითხულმა გ.გ–ძემ (სააგენტოს დირექტორის ყოფილი მოადგილე) სასამართლოს სხდომაზე განმარტა, დროებითი ნებართვების ქვეშ მყოფ დაწესებულებებთან დაკავშირებით განსაკუთრებული დავალება არ მიუღიათ.
33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბრძანების არამართლზომიერად მიჩნევის პირობებში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, სწორად შეაფასა დასაქმებულის იმავე ორგანიზაციაში აღდგენის/აღდგენის ნაცვლად კომპენსაციის მიცემის საკითხი. მოცემულ შემთხვევაში ცხადია, რომ დასაქმებულია ვალდებული იმავე თანამდებობის არარსებობის პირობებში, ტოლფასი პოზიცია მიუთითოს.
34. ტოლფასი თანამდებობის მითითების შესახებ, მოსარჩელემ ვერ დაძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი, კერძოდ, მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, სააგენტოში განხორციელდა ორგანიზაციული ცვლილებები, რის შედეგად შეიცვალა მოპასუხე ორგანიზაციის სტრუქტურა (ტ. 2, ს.ფ. 132-144).
35. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 5 აპრილის №REG 9 2300000893 ბრძანებით დამტკიცდა სააგენტოში შექმნილი შემდეგი ქვედანაყოფების: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტის, ბ) ხარისხის უზრუნველყოფის, მონიტორინგის და ანალიტიკის დეპარტამენტის, გ) იურიდიული დეპარტამენტის, დ) სამედიცინო საქმიანობის რეგულირების დეპარტამენტის, ე) ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების დეპარტამენტის და ვ) წამლის ხარისხის ლაბორატორიის - დებულებები (ტ.2. ს.ფ. 155-156).
36. საქმეში წარმოდგენილი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხარისხის უზრუნველყოფის, მონიტორინგის და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულების (ტ.2. ს.ფ. 170-176) 2.1. მუხლით, ხარისხის უზრუნველყოფის, მონიტორინგის და ანალიტიკის დეპარტამენტის ამოცანაა სააგენტოს წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება; სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (სოპ) სახელმძღვანელოს შემუშავება; სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესაბამისი სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება და სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შესრულების მონიტორინგი. სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი, რეკომენდაციების წარდგენა ხელმძღვანელობისთვის. დეპარტამენტში, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ამოცანათა განხორციელების მიზნით, გათვალისწინებულია შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები: ა) ხარისხის უზრუნველყოფის, ბ) მონიტორინგის და გ) სტატისტიკისა და ანალიტიკის სამმართველოები.
37. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული ამოცანები კი, რომლის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა მოსარჩელე, ძირითადად, სამედიცინო მომსახურების ხარისხის, სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს უკავშირდებოდა, რა ამოცანების შესრულებასაც დეპარტამენტი უზრუნველყოფდა მის სტრუქტურაში შემავალი - ა) სამედიცინო საქმიანობის ინსპექტირების და ბ) წამლის ინსპექტირების სამმართველოების მეშვეობით (ტ.132-137).
38. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხარისხის უზრუნველყოფის, მონიტორინგის და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულების 2023 წლამდე არსებული სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის დებულებასთან შედარების საფუძველზე, მათი ფუნქციები, ამოცანები და სტრუქტურა არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან. შესაბამისად, ხარისხის უზრუნველყოფის, მონიტორინგის და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა არ არის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის ტოლფასი, რომლის მოვალეობებსაც დეპარტამენტის ფუნქციური მიმართულებების შესაბამისად საქმიანობის ხელმძღვანელობა წარმოადგენს და არ არსებობს მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და გაზრდილი ხელფასის ოდენობის მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი, რის გამოც სასამართლომ უნდა იმსჯელოს კომპენსაციის დაკისრებაზე.
39. საკასაციო სასამართლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითებს და განმარტავს, რომ „კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც, გასათვალისწინებელია, რომ შრომით სამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამუშაოს მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა (იხ. სუსგ. №ას-1067-2021, 25.10.2022წ .).
40. შესაბამისად, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომა, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან. საგულისხმოა, რომ სშკ-ის 48.8 მუხლი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას. ამ მოცემულობაში, კომპენსაციის ოდენობა ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ხორციელდება“ (იხ. სუსგ. Nას-792-2019, 2021 წლის 18 თებერვალი).
41. არც შრომის კოდექსი და არც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტი განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას და/ან მისი გამოანგარიშების წესს. სხვადასხვა ქვეყნების სასამართლო პრაქტიკის განზოგადება კი იძლევა კომპენსაციის გამოთვლის შესაძლებლობას შემდეგი კრიტერიუმებით: კომპანიის ლიკვიდურობა; პირის შანსები შრომის ბაზარზე; პირის სოციალური მდგომარეობა; დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა; პირი სხვაგან დასაქმდა თუ არა დავის პერიოდში; სამუშაო სტაჟი; დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა; პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან (იხ. სუსგ. საქმე №ას-1339-1259-2017, 30 ივლისი, 2018 წელი).
42. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტის ნორმატიული მიზანი სწორედ ის არის, რომ ბრძანების ბათილობის შედეგად მოსარჩელემ მიიღოს იურიდიული შედეგი და იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი შედეგი სამუშაო ადგილზე აღდგენაში არ მდგომარეობს, მოსარჩელეს მიეკუთვნება კომპენსაცია. ხოლო რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს, აღნიშნულს კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს და იგი ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება და სხვა. ერთი რამ ცხადია, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. სასამართლო არ არის შეზღუდული კომპენსაციის განსაზღვრაში, რადგან შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა (სუსგ. 21.06.2019წ., საქმეზე Nას-632-2019წ.). პალატა მიუთითებს, რომ კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (სსკ-ის 976-991-ე მუხლები) (შდრ: სუსგ. 10.11.2017წ., საქმეზე №ას-787-736-2017; სუსგ. 21.06.2019წ., საქმეზე Nას-632-2019წ.; სუსგ საქმე Nას-1339-1259-2017, 30 ივლისი, 2018 წელი; Nას-1263-2018, 14 დეკემბერი, 2018 წელი; Nას-1329-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი; Nას-1189-2020, 04 თებერვალი, 2021 წელი; №ას-361-2022, 10.06.2022წ.).
43. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი გარემოებების, მოსარჩელის სააგენტოში მუშაობის, მის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების არარსებობის და სხვა გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად კომპენსაციის სახით დაეკისრა 7 000 ლარის (ხელზე მისაღები ოდენობა) ანაზღაურება; მოპასუხეს ასევე დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2022 წლის 6 მაისიდან ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 5 500 ლარის (დარიცხული) ოდენობით.
44. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
45. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (205035120) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №05828, გადახდის თარიღი 11/08/2025) 8 000 ლარის 70% - 5 600 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე