30 მაისი 2025 წელი №ას-206-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „პ–ვა“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - შ.პ.ს. “პ“-ს მიმართ, პირგასამტეხლოს, 22 610.47 ლარის დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 4495.26 ლარის ანაზღაურება.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგი ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლებით:
5.1. 2022 წლის 20 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა N117 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე CVP-45400000. შემსყიდველმა ჩაატარა NAT220007257 ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის I სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშოების სახელმწიფო შესყიდვაზე და მიიღო მიმწოდებლისგან სატენდერო წინადადება სამუშაოების შესრულებაზე. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა - 461 440 ლარით.
5.2. №117 ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, ხარჯთაღრიცხვაში მითითებული სამუშაოები განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 130 კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 10.4. პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, მიმწოდებლის მხრიდან სამუშაოების შესრულების ვადის (ხელშეკრულების 5.1. პუნქტი), ასევე, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებლისათვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,10%. ხელშეკრულების 12.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში იყო ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან და მოქმედებდა 2023 წლის 30 მარტის ჩათვლით, ხოლო მხარეთა მიერ სხვა ვალდებულებების შესრულების ნაწილში ამ ვალდებულებების შესრულებამდე.
5.3. მოპასუხემ სამუშაოები დაასრულა 2022 წლის 16 დეკემბერს 49 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების 10.4. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, მიმწოდებლის მხრიდან სამუშაოების შესრულების ვადის, ასევე, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებლისათვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,10%. სულ საჯარიმო თანხამ შეადგინა - 22 610.47 ლარი (461 440 X 0.10 X 49 = 22 610.56).
5.4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხელშეკრულების შესრულების ვადა მხარეთა შორის განისაზღვრა 2022 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით. საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით დასტურდებოდა, რომ 2022 წლის 25 ოქტომბრის მდგომარეობით, მოპასუხემ ჯამურად შეასრულა 266 896,74 ლარის ღირებულების სამუშაოები. ასევე, 2022 წლის 26 დეკემბრის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით დგინდებოდა, რომ 2022 წლის 26 დეკემბრის დასკვნის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულება განისაზღვრა - 450 393,55 ლარით. ამდენად, ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოების ღირებულება იყო 183 496,81 ლარი (450393,55-266896,74).
5.5. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ სამუშაოები დაასრულა 2022 წლის 16 დეკემბერს, 49 დღის დაგვიანებით. მოსარჩელემ ხელშეკრულების 10.4 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხეს დაარიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,10%, მთლიანობაში - 22 610.47 ლარი, რაც მოპასუხეს არ გადაუხდია.
5.6. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა საქმის კონკრეტული გარემოებები, შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობას დარღვევების გათვალისწინებით და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,10% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, იყო არაგონივრული, მაღალი და ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების სტანდარტს. ამასთან, პირგასამტეხლო უნდა დარიცხულიყო არა ხელშეკრულების საერთო ღირებულების, არამედ - ვადაგადაცილებით შესრულებული ვალდებულებიდან გამომდინარე. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, პირგასამტეხლოს ოდენობა 0.05%-მდე მართებულად შემცირდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 49 დღის გადაცილებისათვის, სწორად დაეკისრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებით შესრულებული ვალდებულების - 183 496,81 ლარის 0.05%-ის - 4495.26 ლარის ანაზღაურება.
5.7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, წარმოადინა თავისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, ხოლო მტკიცების ტვირთის შებრუნების პირობებში, პალატამ მიუთითა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაქარწყლების თაობაზე მოპასუხის ვალდებულებაზე და აღნიშნა, რომ მოპასუხემ ვერ გაართვა თავი ამ ვალდებულების შესრულებას: მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა ვალდებულების ვადის დაცვით შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა უსაფუძვლოდ შეამცირეს. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია. როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობა აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე და ხელშეკრულებაზე ხელისმოწერისას ვერ აცნობიერებდეს პირგასამტეხლოს შინაარსსა და თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლო არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რამაც ნაწილობრივ არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.
10. კასატორის საკასაციო პრეტენზია შეეხება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების მართებულებას, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ვლინდებოდა თუ არა სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობები.
11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველ სამართლებრივ შედეგს.
12. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ სარჩელში, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში მოცემული სამართლებრივი შეფასებები სასამართლოს არ ბოჭავს და ყოველთვის შეუძლია, განსხვავებულად შეაფასოს სადავო სამართალურთიერთობა.
13. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები წარმოადგენს.
14. საკასაციო სასამართლოს მრავალჯერ განუმარტავს პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის მოვალეობის წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...“ (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-1373-2018, 17.01.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.; №ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; №ას-953-918-2016, 22.11.2016წ.).
15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე უფლება აქვს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის აშკარად შეუსაბამო პირგასამტეხლო საქმის გარემოებათა გათვალისწინებით დაიყვანოს თანაზომიერების ფარგლებამდე. პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ეს უფლებამოსილება არის ის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, ჩაერიოს მხარეთა ხელშეკრულების თავისუფლებაში და, მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, პირგასამტეხლო შეამციროს. პირველ რიგში, ასეთი წინაპირობა თავად მხარის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნაა კვალიფიციური შედავების ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვლინდება მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებაზე მსჯელობისას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ფასდება ვალდებულების დარღვევის ხარისხი, მათ შორის, მხარეთა სახელშეკრულებო ინტერესის განმარტების კონტექსტით. კვალიფიციური შედავების გარეშე კი, შეუძლებელია, დადგინდეს, რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსის, ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე - ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა, რაც ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის მაქსიმალურობას უწყობს ხელს (შდრ. იხ. ნათია ჩიტაშვილი „პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია“, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი, 2/2020).
16. ამდენად, მართალია, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაცული იყოს შინაარსობრივი ბალანსიც, ანუ სამართლიანი ბალანსი მხარეთა შორის, თუმცა სასამართლომ მხარეთა თანასწორობა მისთვის კანონით დაწესებული ჩარჩოს ფარგლებში უნდა დაიცვას. როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. ს.უ.ს.გ-ები: №ას-1033-2018, 30.10.2018წ. პ.23; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ., პ.17). სარჩელის აღძვრა და ამ სარჩელისაგან თავდაცვა მიმდინარეობს კანონით განსაზღვრული წესითა და საშუალებების გამოყენებით. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ საშუალებას, როგორიცაა - შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში. სწორედ მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი დისპოზიციურობის პრინციპის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი) ერთგვარი გამოხატულებაცაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც, გარკვეულწილად, დავაში ჩართვასა და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე. ამასთან, სწორედ შესაგებლის შინაარსიდან განისაზღვრება, რომელია უდავო და რომელია სადავო მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები. შესაგებლის ინსტიტუტი, სარჩელის ინსტიტუტთან ერთად, ერთგვარი გზამკვლევია მტკიცების სტადიისა, რომელიც ვერ გამოიყენება, ვიდრე არ ამოიწურება მხარეთა პოზიციების (სარჩელი, შესაგებელი, მოპასუხის მხრიდან არსებითი შედავების შემთხვევაში, მოსარჩელის პასუხი და ა.შ.) ურთიერთგაცვლა და უდავო გარემოებების იდენტიფიცირება (შდრ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები, თბილისი 2020, იხ. 201-ე და 2321 -ე მუხლების კომენტარები).
17. როგორც საკასაციო პალატამ ერთ-ერთ გაჩინებაში განმარტა, შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი, გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით), დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია, მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; განსხვავებით მტკიცების ტვირთისაგან, რომელსაც მოსამართლე აქტიურად ხელმძღვანელობს და კარნახობს მხარეებს, თუ ვინ უნდა ამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი, იგი პასიურია ფაქტების მითითებისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე ვერ დაეხმარება მხარეს სარჩელის/შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთების შედგენაში. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება შესაბამისი (რელევანტური) ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-354-2021, 25.06.2021წ. პ.101, 102).
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნას, როგორც შესაგებელში, ასევე - პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-328-2023, 20.06.2023წ.; №ას-576-2022, 07.07.2022წ.) ცალკეულ შემთხვევებში, ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება მოვალეს (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-888-2020, 10.12.2020წ.).
19. სასამართლოს პრაქტიკა, რომ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება წარმოიშობა მოვალის მიერ ამგვარი მოთხოვნის სასამართლოს წინაშე გაცხადებისას, აღიარებულია იურიდიულ ლიტერატურაშიც - „იმ შემთხვევაში, თუ მხარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას არ მოითხოვს ან მოითხოვს სამართალწარმოების იმ ეტაპზე, როდესაც ახალი მოთხოვნის წარდგენა დაუშვებელია, სასამართლო თავისი ინიციატივით, შესაბამისი პროცესუალურად ნამდვილი შეცილების უფლების გარეშე, პირგასამტეხლოს ვერ შეამცირებს, თუნდაც იგი შეუსაბამოდ მაღალი იყოს. უფრო მეტიც, მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი... შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ“ მიჩნევას, როგორც ზემოთ აღინიშნა, შეცილება და მტკიცება სჭირდება (იხ. მესხიშვილი ქ. „პირგასამტეხლო, თეორიული ასპექტები, სასამართლო პრაქტიკა“, ჟურნალი „ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა“, III გამოცემა, 2014, გვ. 23).
20. პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას იწყებს მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში. იმ შემთხვევაში, თუ მხარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას არ მოითხოვს ან მოითხოვს სამართალწარმოების იმ ეტაპზე, როდესაც ახალი მოთხოვნის წარდგენა დაუშვებელია, სასამართლო თავისი ინიციატივით, შესაბამისი პროცესუალურად ნამდვილი შეცილების უფლების გარეშე, პირგასამტეხლოს ვერ შეამცირებს, თუნდაც იგი შეუსაბამოდ მაღალი იყოს. უფრო მეტიც, მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი. ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის თაობაზე წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის პირობებში მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა თუ სხდომაზე გამოუცხადებლობა, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრებას იწვევს, თუნდაც ის იყოს შეუსაბამოდ მაღალი, ვინაიდან შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ“ მიჩნევას, როგორც ზემოთ აღინიშნა, შეცილება და მტკიცება სჭირდება (ქ. მესხიშვილი, ,,პირგასამტეხლო, თეორიული ასპექტები“, ,,სასამართლო პრაქტიკა“, ჟურნალი „ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა“, III გამოცემა, 2014, გვ. 23).
21. ამრიგად, შესაგებელი მოპასუხის უფლების დაცვის უმთავრესი ინსტრუმენტია, რომლის ჯეროვნად გამოყენება განაპირობებს საქმის საბოლოო შედეგს. უმრავლეს შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია საქმეში გამართული, არგუმენტირებული შესაგებლის არსებობა და საამისოდ შეგებებული სარჩელის აღძვრა არც არის საჭირო. შესაგებლის წარდგენის ვალდებულება მხარის მიერ დაძლეულად ვერ განიხილება, თუ იგი კვალიფიციურად, ამომწურავად და დასაბუთებულად არ ედავება მოსარჩელე მხარეს მის მიერ მოთხოვნის დასაფუძნებლად სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, აბსტრაქტული და სასარჩელო მოთხოვნასთან კავშირში არმყოფი შესაგებელი, ფორმალური თვალსაზრისით, შესაძლოა, იყოს კიდეც წარდგენილი სასამართლოსათვის სწორ საპროცესო დროს, მაგრამ თუ მას არ შესწევს უნარი, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც აფუძნებს სარჩელს, ამგვარი შესაგებლის პროცესუალური მნიშვნელობა უკიდურესად დაბალია და შემოიფარგლება უფლების დაცვის მხოლოდ იმ მასშტაბით, რომ აკავებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. არასათანადო შესაგებელი აფერხებს მოპასუხის უფლებას სასარჩელო ფაქტებზე მოგვიანებით შედავებისა და მტკიცებულებების მოგვიანებით წარდგენის შესაძლებლობის თვალსაზრისით. (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4-მე-5 ნაწილების თანახმად, თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს; მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა).
22. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2022 წლის 20 ივნისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოპასუხეს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის I სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშოები უნდა ჩაეტარებინა. ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, ხარჯთაღრიცხვაში მითითებული სამუშაოები შეესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 130 კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 10.4. პუნქტით, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, მიმწოდებლის მხრიდან სამუშაოების შესრულების ვადის, ასევე, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებლისათვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,10%. უდავოა, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადა მხარეთა შორის განისაზღვრა 2022 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით.
დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, სამუშაოების ნაწილი დაასრულა 2022 წლის 16 დეკემბერს, 49 დღის დაგვიანებით, რის გამოც, მოსარჩელემ, ხელშეკრულების 10.4 პუნქტიდან გამომდინარე, მოითხოვა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით, 22 610.47 ლარის დაკისრება.
23. საკასაციო პალატამ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არაერთხელ განმარტა, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ - მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ. ს.უ.ს.გ. №ას-164-160-2016, 28.07.2016წ., ას-971-2019, 28.10.2019წ.). ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას. დაუშვებელია, პირგასამტეხლო მხარეს ეკისრებოდეს იმ ვალდებულების პროპორციული ღირებულებიდანაც, რომელიც მას არ დაურღვევია (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016).
24. განსახილველ შემთხვევაში, წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხემ მუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 10 მიღება-ჩაბარების აქტიდან 6 შედგენილი და ხელმოწერილია 2022 წლის 04 აგვისტოდან იმავე წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით, ანუ, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დაცვით, 2022 წლის 28 ოქტომბრამდე. აღნიშნულის მიუხედავად, პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშებულია ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მოთხოვნებს.
25. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტებს, რომელთა საფუძველზე, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2022 წლის 25 ოქტომბრის მდგომარეობით, მოპასუხემ ჯამურად შეასრულა 266 896.74 ლარის სამუშაოები. ამასთან, 2022 წლის 26 დეკემბრის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებულია, რომ 2022 წლის 26 დეკემბრის დასკვნის საფუძველზე ჩატარებული სამუშაოების საერთო ღირებულება განსაზღვრული იყო 450 393.55 ლარით. ამრიგად, ვადაგადაცილებული სამუშაოების ღირებულება, კონკრეტულ შემთხვევაში, ხსენებულ თანხებს შორის სხვაობა - 183 496.81 ლარია (450393.55-266896,74 =183496.81 ლარი).
ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა პირგასამტეხლო სწორედ ვადაგადაცილებით შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან - 183 496.81 ლარიდან გამოიანგარიშეს, რაც საკასაციო სასამართლოს, დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, მართებულად მიაჩნია.
26. რაც შეეხება ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს - 0.10%-ის 0.05%-მდე შემცირებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირების კვალიფიციურ დასაბუთებას არც მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი შეიცავს და სააპელაციო სასამართლოს დასკვნაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობით შემცირებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია. სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური ღირებულებების - მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების გათვალისწინებით, სასამართლოს არ წარმოშობია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება, შეეფასებინა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობა და შეემცირებინა იგი. პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის და ვერ უზრუნველყოფს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას, მით უფრო, იმ ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით, რაც მოსარჩელეს ვალდებულების დროული შესრულების მიმართ ჰქონდა. ამდენად, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია, ხოლო გასაჩივრებული განჩინება - ნაწილობრივ დაუსაბუთებელი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
27. საკასაციო პალატა, აქვე მიაქცევს ყურადღებას, მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკას, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარე მეწარმე სუბიექტის პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას შესაძლოა ვერ აცნობიერებდეს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. „განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება.“ (შდრ: ს.უ.ს.გ.-ები: №ას-189-2022, 16 სექტემბერი, 2022წ.; №ას-310-2022, 16 დეკემბერი, 2022წ; №ას-889-2022, 23 მარტი, 2023წ.; №ას-65-2024, 15 აპრილი, 2024წ.; №1519-2023, 21 ივნისი, 2024წ.; №485-2024, 28 ივნისი, 2024წ.).
28. როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2022 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით უნდა შეესრულებინა. საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით, დასტურდება, რომ მან ხელშეკრულების ვადის დაცვით ჯამურად 266 896.74 ლარის სამუშაოები შეასრულა, ხოლო - 183 496.81 ლარის სამუშაოები - 49 დღის დაგვიანებით. შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულებით შეთანხმებული 0.10%-ის გათვალისწინებით გადასახელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 8991.50 ლარს, (183496.81*0.10%*49=8991.5), რაც სრულად უზრუნველყოფს დარღვეული ვალდებულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი სანქციის ფუნქციის შესრულებას, ამასთან, არ გამოიწვევს კასატორის გამდიდრებას.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.
30. საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტებისთვის სამართლებრივი შეფასების შეცვლით, საქმის ქვემდგომ სასამართლოში დაბრუნების გარეშე, შესაძლებლად მიიჩნევს სარჩელის დაკმაყოფილებას, ვინაიდან, საქმე არ საჭიროებს ფაქტების ხელახლა დადგენას ან მტკიცებულებათა ხელმეორედ გამოკვლევას.
31. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი (სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია) ნაწილის თანახმად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის _ 1078 ლარის და 99 თეთრის გადახდა (პირველი ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 269.75 ლარი, სააპელაციო სასამართლოში - 359.66 ლარი, საკასაციო სასასამართლოში - 449.58 ლარი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
4. შ.პ.ს. „პ–ვა“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 8991 (რვაათას ცხრაასოთხმოცდათერთმეტი) ლარის და 50 (ორმოცდაათი) თეთრის გადახდა.
5. შ.პ.ს. „პ–ვა“-ს (ს/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1078 ლარის და 99 თეთრის გადახდა (პირველი ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 269.75 ლარი, სააპელაციო სასამართლოში - 359.66 ლარი, საკასაციო სასასამართლოში - 449.58 ლარი).
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი