30 მაისი 2025 წელი №ას-537-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შ.პ.ს. ,,ს.ტ.ა–ია“
მოწინააღმდეგე მხარე - მ.შ–ძე, ნ.ც–ია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2023 წლის 02 ოქტომბერს მ.შ–ძემ და ნ.ც–იამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე შ.პ.ს. ,,ს.ტ.ა–ია“-ს მიმართ, ქ. თბილისში, .......... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ............) მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემის შესახებ.
2. მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. 2024 წლის 25 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ქ. თბილისში, .......... მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ..........) და ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცათ მოსარჩელეებს.
4. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 მაისის განჩინებით შ.პ.ს. ,,ს.ტ.ა–ია“-ს წარმომადგენლის ნ.ჩ–ას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმისწარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კოლეგიის 2024 წლის 25 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 15 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 15 მაისის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. განჩინება დაეფუძნა შემდეგს:
7.1. მოპასუხის წარმომადგენელი ნ.ჩ–ა გაფრთხილებული იქნა 2024 წლის 14 თებერვალს სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის შესახებ კანონით დადგენილი წესით.
7.2. 2024 წლის 25 მარტს 12:30 საათზე დანიშნულ, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე მხარე, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის შესახებ.
7.3. სასამართლომ მოპასუხის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა მოპასუხე შ.პ.ს. „ს.ტ.ა“-ს დირექტორის ავადმყოფობის გამო სასამართლოს სხდომის გადადების თაობაზე, არ მიიჩნია მოპასუხის წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად.
7.4. სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგი:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 25.03.2024 წელს 11:08 საათზე მოპასუხის წარმომადგენელმა ქ-მა ნ.ჩ–ამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს სხდომის გადადების თაობაზე, იმაზე მითითებით, რომ შ.პ.ს. ,,ს.ტ.ა–ია“-ს დირექტორი 11 საათზე გადაყვანილ იქნა კლინიკაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რის თაობაზეც ცნობას წარმოადგენდა დამატებით. 2024 წლის 12 აპრილს წარდგენილ საჩივარში საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ ის გამოცხადებული იყო სასამართლოში, თუმცა შ.პ.ს.-ს დირექტორის ჯ.ა–ძის არასრულწლოვანი შვილიშვილის სატელეფონო ზარის შემდგომ მოუწია წასვლა არასრულწლოვანი ბავშვის დასახმარებლად, ვინაიდან ბავშვი მარტო იმყოფებოდა სახლში (ს.ფ. 113).
7.5. სააპელაციო პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მაისის განჩინებაში ასახული სამართლებრივი შეფასებები და დასკვნები და მიუთითა მხარეთა უფლებამოსილებაზე საქმის სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით წარმოების შესახებ. აგრეთვე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობაზე იმ შემთხვევაში, თუ მხარე მოწვეული არ იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე იურიდიული პირი სასამართლოში საქმეს აწარმოებდა წარმომადგენლის ნ.ჩ–ას მეშვეობით, რომელიც სხდომის შესახებ კანონით დადგენილი წესით იყო გაფრთხილებული. სასამართლოს მხრიდან შესაფასებელი იყო ის ფაქტობრივი გარემოება, სასამართლოს შენობაში გამოცხადებული მოპასუხის წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობა (მისი მხრიდან სხდომის გადადების შუამდგომლობა იმაზე მითითებით, რომ სახლში მარტოდ დარჩენილი არასრულწლოვანის დასახმარებლად უწევს მასთან წასვლა) რამდენად შეიძლება ჩათვლილიყო საპატიო მიზეზად.
7.6. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებზე და 233-ე მუხლით გათვალისწინებულ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის წინაპირობებზე და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, უდავო იყო, რომ შ.პ.ს. ,,ს.ტ.ა–ია“-ს დირექტორის ჯ.ა–ძის გამოუცხადებლობა სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული, რაც დასაბუთებული იყო საქმის მასალებში წარმოდგენილი შესაბამისი ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 116), ამასთან, ჯ.ა–ძის ავადმყოფობა, რასაც შედეგად მოჰყვა მისი წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე არდასწრება ვერ შეფასდებოდა მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, იმ მოცემულობის პირობებში, როდესაც დადგენილი იყო, რომ სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად სასამართლოში გამოცხადებული იყო მოპასუხის წარმომადგენელი-ადვოკატი, რომლის მეშვეობითაც მხარე საქმეს აწარმოებდა სასამართლოში.
7.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორმა ვერ მიუთითა ისეთ გარემოებებზე და ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებები, რაც მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდებოდა. ყოველივე ეს კი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველი იყო.
8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ დაუშვებელი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, რადგან არ არსებობდა სარჩელის აღძვრის წინაპირობები, მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები თანხის გადახდის სანაცვლოდ უძრავი ქონების გათავისუფლების შესახებ. სასამართლო სხდომაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით, მოსარჩელემ ფაქტობრივად მოატყუა მოპასუხე. კასატორის განმარტებით, სხდომის გადადების საფუძველი იყო მოპასუხის ავადმყოფობა და აქედან გამომდინარე მისი სასწრაფოს მეშვეობით საავადმყოფოში გადაყვანა და არა მოპასუხის წარმომადგენლის მოპასუხის შვილიშვილთან წასვლა, როგორც სასამართლომ მიუთითა. კასატორისთვის გაუგებარია, რატომ არ დააკმაყოფილა სასამართლომ სხდომის გადადების შუამდგომლობა, მაშინ როცა დასტურდებოდა, რომ მოპასუხის წარმომადგენელი სხდომის დღეს იმყოფებოდა სასამართლოში, თუმცა იძულებული გახდა წასულიყო ბავშვთან, რის თობაზეც წერილობითაც და სატელეფონო შეტყობინებითაც ეცნობა სასამართლოს.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. განსახილველ დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მოპასუხის/მისი წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც უცვლელად დარჩა როგორც იმავე, ასევე - ზემდგომი სასამართლოს მიერ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი სწორედ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებების კანონიერებაა.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე №121-117-2016). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი წარმოადგენს შეჯიბრებითობის პრინციპის განხორციელების, მხარეთა მოქმედების/უმოქმედობის გამო პასუხისმგებლობის დონის ამაღლების დამატებით გარანტიას (იხ: ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა (შევსებული და გადამუშავებული), გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი 2015, გვ.632).
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (სუსგ №ას-738-2019, 19.12.2019წ.).
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
17. თავის მხრივ, იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
18. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2024 წლის 25 მარტს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხის წარმომადგენელი, რომელიც კანონით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე. მოსარჩელემ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება - სარჩელის დაკმაყოფილება. სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
19. კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლებით, რომ არ არსებობდა სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები თანხის გადახდის სანაცვლოდ უძრავი ქონების გათავისუფლების შესახებ და სასამართლო სხდომაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით, მოსარჩელემ ფაქტობრივად მოატყუა მოპასუხე. სხდომის გადადების საფუძველი კი იყო მოპასუხის ავადმყოფობა და არა მისი წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობა.
20. უპირველესად, პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან მოპასუხისათის ცნობილი იყო მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელისა და 2024 წლის 25 მარტს 12:30 საათზე დანიშნული სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის შესახებ, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული მისი მითითება, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რაც გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას.
21. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ მოპასუხის ავადმყოფობა სხდომის გადადების საფუძველი იყო, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ შ.პ.ს. „ს.ტ.ა“-ს დირექტორის ავადმყოფობა არ მიიჩნეოდა მოპასუხის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად.
22. საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ 25.03.2024 წელს 11:08 საათზე მოპასუხის წარმომადგენელმა ნ.ჩ–ამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს სხდომის გადადების თაობაზე, იმაზე მითითებით, რომ შ.პ.ს. „ს.ტ.ა–ია“-ს დირექტორი 11 საათზე გადაყვანილ იქნა კლინიკაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ხოლო 12.04.2024 წელს წარმოდგენილ საჩივარში ის მიუთითებდა, რომ სხდომის დღეს სასამართლოში იმყოფებოდა, თუმცა ჯ.ა–ძის არასრულწლოვანი შვილიშვილის სატელეფონო ზარის შემდგომ მოუწია წასვლა ბავშვის დასახმარებლად, ვინაიდან ის სახლში მარტო იყო.
23. ვინაიდან დავა უკავშირდება იურიდიული პირის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობით მხარისათვის არასასურველი შედეგის დადგომას, პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს საპროცესო წარმომადგენლობის ინსტიტუტზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. მხარეებს, შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს - თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მარწმუნებლის უფლების კვალიფიციურად დაცვაზე (შდრ. სუსგ №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018).
24. მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადება უფლებას ანიჭებს მხარეს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხარის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი წარმომადგენელი არაა ვალდებული, გამოცხადდეს საქმის განხილვაზე. თუ თავად წარმომადგენელს არ გააჩნია სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, იგი ვალდებულია, გამოცხადდეს სასამართლოში და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. ამ საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტა აზრს დაუკარგავდა საპროცესო წარმომადგენლობის ინსტიტუტის არსებობას. (შდრ. სუსგ №ას-1666-1654-2011, 8 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-227-214-2015, 16 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას - 678-649-2016, 16 დეკემბერი, 2016).
25. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე იურიდიული პირი, სასამართლოში საქმეს აწარმოებდა წარმომადგენლის მეშვეობით, რომელიც სხდომის დანიშვნის თაობაზე კანონით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული. ამასთან, უდავოა, რომ შ.პ.ს. „ს.ტ.ა–ია“-ს დირექტორის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული, რაც დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით. ხოლო მისი წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობა ვერ ჩაითვლება საპატიოდ იმ პირობებში, როცა დადგენილია, რომ სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად სასამართლოში გამოცხადებული იყო მოპასუხის წარმომადგენელი-ადვოკატი რომლის მეშვეობითაც მხარე საქმეს აწარმოებდა სასამართლოში და ის სხდომაზე არ გამოცხადდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ბავშვთან წავიდა.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარემ ვერ წარადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების წინაპირობა გახდებოდა.
27. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამრიგად, შ.პ.ს. ,,ს.ტ.ა“-ს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70%, რაც შეადგენს 105 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. ,,ს.ტ.ა“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შ.პ.ს. ,,ს.ტ.ა“-ს (ს/ნ ........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის (საგადახდო დავალება № 27199694040, გადახდის თარიღი: 08.05.2025წ, გადამხდელი: ა–ე ჯ. (პ/ნ ......) გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი