Facebook Twitter

23 ივლისი 2025 წელი

№ას-822-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ლ.პ–ვა

მოწინააღმდეგე მხარე - კ.ზ–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ლ.პ–ვამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე კ.ზ–ის მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის ა.ზ–ის სასარგებლოდ, სარჩელის შეტანის დღიდან, მოპასუხისათვის ალიმენტის 1000 ლარის დაკისრება. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის წინა წლების ალიმენტის დაკისრება, რაც მას ნაკისრი ჰქონდა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე და არ გადაუხდია, 2021 წლის 08 სექტემბრიდან 2024 წლის ივნისის ჩათვლით (33 თვის) - 350 ლარი, სულ 11 550 ლარი.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, ალიმენტის ოდენობის ნაწილში მოთხოვნას არ ეთანხმება, ხოლო წარსული დროის ალიმენტზე არავითარი შეთანხმება ან/და დავა მხარეთა შორის არ ყოფილა. მოპასუხეს არანაირი შემოსავალი, არც გაქირავებული ქონება არ აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ვერ საქმიანობს წლების განმავლობაში. მისივე განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ძველი ინფორმაცია, მან გაასხვისა რუსეთში საცხოვრებელი სახლი, ხოლო დარჩენილ ქონებებზე მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება. ამასთან, ის შეძლებისდაგვარად ზრუნავდა ბავშვზე და უზრუნველყოფდა მის საჭიროებებს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილებით - ლ.პ–ვას სარჩელი მოპასუხე კ.ზ–ის მიმართ, ალიმენტის დაკისრებისა და წარსული დროის ალიმენტის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: კ.ზ–ს (პ/ნ .........) დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - 2015 წლის 08 სექტემბერს დაბადებული ა.ზ–ის (პ/ნ .........) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად - 300 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2024 წლის 22 ივლისიდან - ბავშვის სრულწლოვანებამდე. გათვალისწინებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ნოემბრის დროებითი განკარგულების მიღების თაობაზე განჩინების (საქმე N2/18185-24) შესაბამისად, კ.ზ–ის მიერ გადახდილი ალიმენტის ოდენობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ლ.პ–ვას სარჩელი მოპასუხე კ.ზ–ის მიმართ, წარსული დროის ალიმენტის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ნოემბრის დროებითი განკარგულების მიღების თაობაზე განჩინება (საქმე N2/18185-24). ალიმენტის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივსამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. დადგენილი არის, რომ ლ.პ–ვა და კ.ზ–ი დაქორწინდნენ 2014 წლის 23 ნოემბერს და 2015 წლის 08 სექტემბერს შეეძინათ შვილი, ა.ზ–ი.

5.2. 2021 წლის 08 სექტემბერს მხარეები განქორწინდნენ. ბავშვი ცხოვრობს დედასთან ერთად.

5.3. მოპასუხე ხელმეორედ დაქორწინდა და 2021 წლის სექტემბრიდან ცხოვრობს საქართველოში. მამა-შვილი 2021 წლიდან ერთმანეთთან პერიოდულად ურთიერთობდნენ, შაბათ-კვირას მამას ბავშვი თავის საცხოვრებელში მიჰყავდა.

5.4. მოპასუხის დასაბეგრი შემოსავლის თაობაზე ინფორმაცია სსიპ შემოსავლების სამსახურს არ გააჩნდა.

5.5. მოპასუხეს 19.08.2021 წელს რუსეთის ფედერაციაში დაუდგინდა მესამე ჯგუფის ინვალიდის სტატუსი ვადით 01.09.2022 წლამდე. 22.10.2024 წლის მდგომარეობით იგი დაავადებული იყო დისკექტომიის შემდგომი მდგომარეობით, მწვავე მარცხენამხრივი ცერვიკო-ბრახიალგიით, დისკის თიაქარითა და ვერტებროსტენოზით; საჭიროებდა ოპერაციულ ჩარევას, დისკის თიაქრის ამოკვეთას, ამბოცეპტორის მაფიქსირებელი იმპლანტების შეყვანით, სასწრაფო დაუყოვნებლივი წესით, ასევე - ოპერაციამდე ფიზიკური აქტივობისგან თავის შეკავებას.

5.6. საქართველოში მოპასუხეს არ ეკუთვნის უძრავი ქონება და იგი არ არის რეგისტრირებული რომელიმე სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორად.

5.7. მოპასუხეს 2019 წლის 20 მაისიდან ეკუთვნის ავტომობილი - ,,TOYOTA LAND CRUISER PRADO 2.7", გამოშვებული 2008 წელს.

5.8. 2021 წლის 30 ივლისს მოპასუხემ რუსეთის ფედერაციაში კუთვნილი უძრავი ნივთები გაყიდა. კერძოდ, მიწის ნაკვეთი - 685 კვ.მ. გაასხვისა 1 500 000 რუბლად, ხოლო საცხოვრებელი სახლი - 151.2 კვ.მ. - 6 000 000 რუბლად.

5.9. რუსეთის ფედერაციაში მოპასუხეს ასევე დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა შვილის, 2011 წლის 21 ივლისს დაბადებული ს.ზ–ის სასარგებლოდ, თუმცა ეს ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებია. 2024 წლის 05 მარტის მდგომარეობით, მისი საალიმენტო დავალიანება 918460,34 რუბლი იყო. ამ ვალდებულების შესრულება უძრავი ქონების ხარჯზე დადგინდა და რუსეთის ფედერაციის სასამართლო აღმასრულებლის ფედერალური სამსახურის მოსკოვის ოლქის მთავარი სამმართველოს სოლნეჩნოგორსკის რ-ნის განყოფილების 2024 წლის 05 მარტის დაადგენილებით, ყადაღა დაედო მოპასუხის კუთვნილ უძრავ ნივთებს: 1) მიწის ნაკვეთს 17 900 კვ.მ. (საკადასტრო N....), 2) მიწის ნაკვეთს 12 600 კვ.მ. (საკადასტრო N...........), 3) მიწის ნაკვეთს 187 137 კვ.მ. (საკადასტრო N..........) და 4) მიწის ნაკვეთს 90 000 კვ.მ. (საკადასტრო N..........).

5.10. პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, და 1214-ე მუხლებზე მითითებით განმარტა ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმები და მიიჩნია, რომ ქვემდგომი ინტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოპასუხის მიერ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა.

5.11. პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტსა და ამავე კოდექსის 375-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ ვინაიდან მოპასუხეს გადაწყვეტილება მისთვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე არ გაუსაჩივრებია, ამ ნაწილში ის კანონიერ ძალაში იყო შესული, პალატა აღარ იყო უფლებამოსილი შეემოწმებინა აღნიშნული, რაც ნიშნავს იმას, რომ მოპასუხე ვალდებულია ბავშვს ალიმენტი გადაუხადოს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი მხოლოდ მისი ოდენობა იყო.

5.12. პალატამ განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა მის მიერ მითითებული ოდენობით - 1000 ლარი - ალიმენტის განსაზღვრის თაობაზე, „მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე“ არ გაიზიარა. სასამართლომ დაადგინა, რომ დედის მიერ დასახელებული ალიმენტი ბავშვის მოთხოვნილებებსა და მატერიალურ მდგომარეობას შეესაბამებოდა, თუმცა მამას მისი გადახდა არ შეეძლო. რადგან მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია და ეს ფაქტი სადავოდ არ გაუხდია, მას აღნიშნულ გარემოებაზე შედავების უფლება დაკარგული ჰქონდა და პალატამ იგი დადგენილად მიიჩნია.

5.13. ამდენად, სააპელაციო პალატის დასადგენი გარემოება იყო მხოლოდ ის, შეესაბამებოდა თუ არა აპელანტის მიერ მოთხოვნილი ალიმენტი მოპასუხის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ანუ შეეძლო თუ არა მას, ყოველთვიურად, ალიმენტის სახით 300 ლარზე მეტის გადახდა.

5.14. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე“ ქვეპუნქტსა და ამავე კოდექსის 377-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ ვინაიდან სააპელაციო საჩივარი მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე მითითებას საერთოდ არ შეიცავდა და აღნიშნულის შესახებ აპელანტს არც სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის დროს არ მიუთითებია, აღნიშნული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო.

5.15 პალატის მითითებით, აღნიშნულს ის ფაქტიც ადასტურებდა, რომ საქართველოში მოპასუხის შემოსავლების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება საქმეში არ იყო. ამასთან, რუსეთში მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება მას ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის დადგენილ ვადაში არ შეუსრულებია და არც საპატიო მიზეზი არ მიუთითებია, რის გამოც, სააღსრულებო ორგანომ, ორივე შემთხვევაში, ყადაღა მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებას დაადო. პალატის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ ალიმენტის გადახდევინება, უპირატესად, ალიმენტვალდებული პირის ფინანსური შემოსავლებიდან ხდება, საალიმენტო დავალიანების გადასახდევინებლად მოპასუხის ქონებაზე ყადაღის დადება ფინანსური შემოსავლების არარსებობას ადასტურებდა, ყოველ შემთხვევაში, ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებები საქმეში არ იყო და არც აპელანტი მიუთითებდა მათზე. შესაბამისად, პალატის აზრით, ის, რომ მოპასუხეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებულზე მეტი ოდენობით ალიმენტის გადახდა ხელეწიფებოდა, აპელანტმა ვერ დაამტკიცა.

5.16. რაც შეეხება წარსული დროის ალიმენტის დაკისრების მოთხოვნას, პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელის წარდგენამდე სარჩოს მისაღებად აპელანტს რაიმე ზომები არ მიუღია. აღნიშნული გარემოება მას არც გაუსაჩივრებია და არც საქმის მასალებით დგინდებოდა საწინააღმდეგო. ამდენად, არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ან გაუქმების საფუძვლები.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, მან მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი, რომელსაც ყოველთვიურად სჭირდება მეორე მშობლის მხრიდან მატერიალური დახმარება. ალიმენტის სახით დაკისრებული 300 ლარი კი ვერ დააკმაყოფილებს ამ საჭიროებებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე 1202-ე 1214-ე, 1221-ე და 1231-ე მუხლებზე მითითებით კასატორმა განმარტა მშობლების უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ და რომ ალიმენტის ოდენობაზე მშობლების შეუთანხმებლობისას დავას გადაწყვეტს სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად. ამასთან, დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა, თუმცა აღნიშნული უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე ორგანოები უპირველეს ყურადღებას უთმობენ ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი კონკრეტული საქმის მიხედვით. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისთვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. იგივე კოდექსი დამატებით გამოყოფს ბავშვის უფლებას დასვენებასა და კულტურულ თუ სპორტულ ცხოვრებაში მონაწილეობაზე. ამავე კოდექსის 46-ე 47-ე მუხლების თანახმად, ბავშვს უფლება აქვს ცხოვრების ისეთ სტანდარტზე, რომელიც შეესაბამება მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების საჭიროებებს. ბავშვს უფლება აქვს ჰქონდეს ისეთი პირობები, რაც ხელს უწყობს მის სრულფასოვან ფიზიკურ, ინტელექტუალურ, გონებრივ, სოციალურ და მორალურ განვითარებას. მსგავს პრინციპს აღიარებს „ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლიც. მშობელთა პასუხისმგებლობას, ვალდებულებებსა და უფლებებს განსაზღვრავს ევროსაბჭოს კომისიის წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის პრინციპები. ის მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა. პირველი პრინციპის თანახმად, მშობელს ევალება უზრუნველყოს ბავშვის მოვლა, მასთან პირადი ურთიერთობის შენარჩუნება, მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობითა და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მეორე პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. მეუღლეთა თანასწორი უფლებების უზრუნველყოფასა და განქორწინების შემთხვევაში ბავშვის საჭირო დაცვას ითვალისწინებს 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტიც. აღსანიშნავია, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. აღნიშნულში კი მოიაზრება მიიღოს მშობლისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის. ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია არამარტო ეროვნული კანონმდებლობით, არამედ უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებითაც. აღნიშნული კი მოიცავს იმას, რომ სახელმწიფომ არა თუ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები, არამედ, უნდა განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის. სასამართლოს გადაწვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას, მათთვის არამარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც ექნებოდათ მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ამავდროულად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიაანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია ის სამართლებრივი დანაწესიც, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვზე ზრუნვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა და არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილურად მაღალი მატერიალური შემოსავალი ან აქვს სხვა ხარჯები, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. მშობლის პოზიტიური ვალდებულებაა იხმაროს ყოველი ღონე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად. განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი განვითარებისათვის, რის გამოც ის ორივე მშობლის სტაბილურ ფინანსურ თანადგომას საჭიროებს. სასამართლომ დაადგინა, რომ არასრულწლოვნის რჩენა-აღზრდაზე და განვითარებაზე მატერიალურად ზრუნავს დედა. მამის მხრიდან არ ხდება არასრულწლოვანი შვილის საჭიროებების ნაწილის უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება. არასრულწლოვნის საჭიროებებიდან გამომდინარე, ერთი მშობლის ზრუნვა საკმარისი არ არის. ამასთან, ასაკის მატებასთან ერთად გაიზარდა არასრულწლოვანის საჭიროებები, შეიცვალა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და დაკისრებული ალიმენტი - 300 ლარი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის გონივრულობა.

11. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

12. ალიმენტის გადახდის დაკისრების კონტექსტში არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების კვლევისას აღსანიშნავია, რომ მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე - მამას, მიუხედავად იმისა, ისინი დაქორწინებული არიან თუ არა. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში (შდრ: სუსგ-ები: №ას-733-733-2018, 11 ივლისი, 2018 წ, პ.128; №ას-541-509-2012, 30 აპრილი, 2021 წ.; №ას-1122-1069-2013, 10 თებერვალი, 2014 წ.; №ას-204-191-2014, 20 ოქტომბერი, 2014 წ.; №ას-495-469-2015, 01 ივლისი, 2015 წ.; №ას-1173-1128-2016, 30 ივნისი, 2017 წ.; №ას-861-2019, 03 დეკემბერი, 2019 წ.; №ას-148-2020, 20 მაისი, 2020 წ.).

13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა იყოს ფორმალური და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ანუ ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად (შდრ: სუსგ-ები: №ას-358-2023, 27 ივნისი, 2023 წ. პ.16; №ას-767-2021, 18 ნოემბერი, 2021 წ.; №ას-1355-2019, 25 თებერვალი, 2020 წ.; №ას-463-463-2018, 14 იანვარი, 2020 წ; №ას-495-469-2015, 01 ივლისი, 2015 წ.; №ას-1610-1511-2012, 04 თებერვალი, 2013 წ).

15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთის მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვის ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მისი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორეს მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა, რამდენადაც უნდა დადგინდეს გონივრული ბალანსი არასრუწლოვანთა ინტერესებსა (რაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს ბავშვების საჭიროებებს) და მშობელთა სოციალურ თუ სხვა პასუხისმგებლობას შორის საზოგადოებაში“ (იხ. სუსგ -ები: №ას-319-319-2018, 15 მაისი, 2018 წ.; №ას-619-619-2018, 12 სექტემბერი, 2018 წ; №ას-829-2019, 11 ივლისი, 2019 წ.).

16. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელით მოთხოვნილი ალიმენტის - 1000 ლარის სრულად დაკმაყოფილება, იმ საფუძვლით, რომ არასრულწლოვნის რჩენა-აღზრდაზე და განვითარებაზე მატერიალურად ზრუნავს დედა. მამის მხრიდან არ ხდება არასრულწლოვანი შვილის საჭიროებების ნაწილის უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება. მისი საჭიროებებიდან გამომდინარე, ერთი მშობლის ზრუნვა საკმარისი არ არის. ამასთან, ასაკის მატებასთან ერთად გაიზარდა არასრულწლოვანის საჭიროებები, შეიცვალა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და დაკისრებული ალიმენტი - 300 ლარი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია.

17. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ ალიმენტის სახით დაკისრებული 300 ლარი ვერ დააკმაყოფილებს არასრულწლოვანის საჭიროებებს, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ერთი მხრივ დედის მიერ დასახელებული ალიმენტი ბავშვის მოთხოვნილებებსა და მატერიალურ მდგომარეობას შეესაბამებოდა, თუმცა, მეორე მხრივ მამას მისი გადახდა არ შეეძლო. გამომდინარე იქიდან, რომ სააპელაციო საჩივარი მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე მითითებას საერთოდ არ შეიცავდა და ამის შესახებ აპელანტს არც სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის დროს არ მიუთითებია, აღნიშნული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო. ყოველივე ამას ადასტურებდა ისიც, რომ საქართველოში მოპასუხის შემოსავლების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება საქმეში არ იყო. ხოლო სხვა ქვეყანაში მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად, საალიმენტო დავალიანების გადასახდევინებლად, მოპასუხის ქონებაზე ყადაღის დადება ფინანსური შემოსავლების არარსებობას ადასტურებდა, ყოველ შემთხვევაში, ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებები საქმეში არ იყო და არც აპელანტი მიუთითებდა მათზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სრულყოფილად გამოიკვლიეს ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, კასატორს კი აღნიშნულის საწინააღმდეგოდ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარუდგენია.

18. ზემოაღნიშნულის თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო ითვალისწინებს ალიმენტვალდებული პირის მატერიალურ მდგომარეობას, ასევე, აანალიზებს იმ ფაქტს, რომ სასამართლო აქტის ფუნქციური დანიშნულება სადავო უფლების რეალური დაცვა და ამ თვალსაზრისით აღსრულებადი გადაწყვეტილების გამოტანაა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბავშვის ასაკის, ჯანმრთელობის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, ასევე მშობლებისა და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე და 1212-ე მუხლებით განსაზღვრული მშობელთა თანაბრობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოებმა გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე დაადგინეს ალიმენტის თანხა 300 ლარამდე, რის წინააღმდეგაც კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. მოცემულ ეტაპზე, მითითებული ოდენობის გაზრდის საფუძველი, არ ვლინდებოდა.

19. რაც შეეხება წარსული დროის ალიმენტის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის უსაფუძვლობას იგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234.2 (ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას) მუხლის შემადგენლობის არარსებობამ განაპირობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის დანაწესი ადგენს ალიმენტის დაკისრების ზოგად წესს, რომელიც როგორც წესი განსაზღვრულია სარჩელის აღძვრის მომდევნო პერიოდით. თუმცა, საგამონაკლისო შემთხვევაში ამავე ნორმით, დასაშვებია, სარჩელის აღძვრამდე წინა სამი წლის პერიოდის ალიმენტის დაკისრებაც, დასახელებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭიროა დავადგინოთ შემდეგი წინაპირობანი: ა) მოსარჩელე იღებდა ზომებს სარჩოს მისაღებად; ბ) სარჩოს მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა იმის გამო, რომ ალიმენტვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. აღნიშნული გარემოებების დამტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია.

20. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელის წარდგენამდე სარჩოს მისაღებად აპელანტს რაიმე ზომები არ მიუღია. აღნიშნული გარემოება მას არც სადავოდ გაუხდია და არც საქმის მასალებით დგინდებოდა საწინააღმდეგო.

გამომდინარე იქიდან რომ მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოს ვერ დაუდასტურა, რომ რეალიზებული იყო სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული უმნიშვნელოვანესი პირობა, კერძოდ: კასატორმა სარჩელის წარდგენამდე მიიღო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა გადახდილი იმის გამო, რომ ვალდებულმა პირმა თავი აარიდა მის ანაზღაურებას. შესაბამისად, კასატორს სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილებაზე სწორად ეთქვა უარი.

21. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

22. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

23. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.პ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი