საქმე №ას-344-2023 12 სექტემბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის საკითხზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს „ი.ჯ–ის“ (შემდგომ - მოსარჩელე) საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ - მოპასუხე, განმცხადებელი) საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე გათავისუფლდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, 2021 წლის 6 მაისის №105159/01 წერილით პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული 14 615 ლარის გადახდისგან, ანუ საქართველოს უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს „ი.ჯ–ი“ გათავისუფლდა პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული 29 230.91 ლარიდან 14 615 ლარის გადახდისგან;
2. მოპასუხემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის ანაზღაურების შესახებ იმ ნაწილში, რა ოდენობაც საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ გაუქმებულა.
3. საკასაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე (შემდგომ - სპეციალური კანონი), რომელიც გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების საკითხის მარეგულირებელი ნორმატიული აქტია. დასახელებული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
4. სპეციალური კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა.
5. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილია, რომ სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების, სსსკ-ის 2581 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის, იმავე კოდექსის 5808 მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის მოწმობის, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებისა და აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე.
6. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ სააღსრულებო ფურცელს გასცემს სასამართლოს ის ინსტანცია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც კანონიერი ძალაში შევიდა და დავის არსებითად გადაწყვეტის საბოლოო დოკუმენტს წარმოადგენს. ამასთან, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ სასამართლოს კანონიერი ძალაში შესული და აღსასრულებელი გადაწყვეტილებით მკაფიოდაა განსაზღვრული კრედიტორი და მოვალე, ასევე, ის ვალდებულებები, რომლებიც მხარეებს ეკისრებათ. მხარეთა მიერ ამ ვალდებულებების ნებაყოფლობით შეუსრულებლობისასაა საჭირო სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების უზრუნველყოფა.
7. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია პირგასამტეხლოს გაუქმება. მოსარჩელეს წინამდებარე დავაში წარმოადგენს ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობებში მოვალის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც მოპასუხის მხრიდან დაერიცხა გარკვეული მოცულობის პირგასამტეხლო. თავის მხრივ, მოპასუხეს (მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებში - კრედიტორს) დამოუკიდებელი სარჩელის ან შეგებებული სარჩელის აღძვრის გზით სადავო ოდენობის პირგასამტეხლოს მოვალისათვის დაკისრება არ მოუთხოვია. შესაბამისად, მოვალისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინების საკითხზე, სსსკ-ის 248-ე მუხლის დაცვით (სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა), არც სასამართლოს უმსჯელია.
8. აღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეზე სამართლებრივი და პრაქტიკული მიზეზების გათვალისწინებით სააღსრულებო ფურცლის გაცემა მიზანშეწონილია და სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობის ამ მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის სასარგებლოდ მოვალისათვის გადასახდელად დაკისრება გამართლებულია სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – საპროცესო ეკონომიის რეალიზაციის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რაც, თავის მხრივ, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა და უზრუნველყოფს მხარეთა უფლებების თანასწორ დაცვას. აღსანიშნავია, რომ სარჩელის უარყოფილი ნაწილი წარმოადგენს ფაქტობრივად მოპასუხის სასარგებლო შედეგს, რადგან გადაწყვეტილებით დადგენილია პირგასამტეხლოს ის ოდენობა, რომლის გადახდის ვალდებულებაც წინამდებარე დავის მოსარჩელეს რეალურად ეკისრება.
9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხემ განსახილველი განცხადების წარმოდგენით გამოხატა დისპოზიციური ნება, მიიღოს მოსარჩელისაგან მათ შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობისას წარმოშობილი ვალდებულების შესრულება - პირგასამტეხლოს დადგენილი ოდენობის თანხა. შესაბამისად, ამჟამად მოთხოვნილი სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლოა დაიწყოს ახალი სასარჩელო წარმოება, რომლის ფარგლებშიც სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს ამჟამინდელი მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მართებულობა, თუმცა აღნიშნული საკითხი უკვე გამოკვლეულია, მეტიც, პირგასამტეხლოს ოდნეობა უკვე განსაზღვრულია მოცემული სამართალწარმოებისას, რასაც პრეიუდიციული ძალა ექნება ამავე მხარეებს შორის მიმდინარე ზემოხსენებული დავისათვის (სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). ამდენად, ახალ სასარჩელო წარმოებას ექნება სრულიად ფორმალური სახე, ვინაიდან დავის როგორც საპროცესო, ისე მატერიალურ-სამართლებრივი ბედი წინასწარ განსაზღვრული იქნება და ამჟამინდელი მოსარჩელე რამდენამდე კვალიფიციურ შესაგებელს მოპასუხის სასარჩელო მოთხოვნის საწინააღმდეგოდ ვერ წარადგენს, შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლის გაცემით აცილებული იქნება ახალი დავის წამოწყება (იმავე საკითხზე), რაც პროცესს უფრო ეფექტურს და ეკონომიურს ხდის. ამასთან, მოპასუხე, რომლის სასარგებლოდაც ნაწილობრივ გადაწყდა საკითხი, მიიღებს აღსრულებად დოკუმენტს და უზრუნველყოფილი იქნება სასამართლოს მიერ დადგენილი რეალური შედეგის აღსრულება.
10. არსებულ ვითარებაში საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს მოცემული დავის განხილვისას როგორც მხარეების, ისე სასამართლოს მიერ გაღებულ ფინანსურ, ადამიანურ და დროის რესურსებს, შესაბამისად, მათი ფორმალურ, გაუმართლებელ სამართალწარმოებაზე ხარჯვის აღსაკვეთად, საპროცესო ეკონომიის პრინციპის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნევს განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და, სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის გადახდევინების მიზნით, სააღსრულებო ფურცლის გაცემას.
11. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, მისგან გამომდინარე მოთხოვნების შეფასებისას, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მხარეთა კეთილსინდისიერებას, ვინაიდან, მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზეა დაფუძნებული. სსკ-ის 8.3-ე და 115-ე მუხლები საფუძველზე ნებისმიერი ურთიერთობის სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასებისას, მხედველობაში მიიღება სამოქალაქო უფლებათა გონივრული, სამართლიანი, თანაზომიერი განხორციელება. კეთილსინდისიერების პრინციპს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მარტო მხარეთა უფლებებისა და მოვალეობის დადგენის (წარმოშობის) დროს, არამედ უფლებებისა და მოვალეობის განხორციელების დროსაც. კერძო-სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ უპირობოდ მაინც მას ეფუძნება. არაერთ საქმეშია განმარტებული, რომ კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა (შეადრ.: სუსგ-ები №ას-226-2019, 24.04.2020წ.; №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.).
12. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია მოსარჩელის ვალდებულება მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს გადახდასთან დაკავშირებით. ასევე, როგორც აღინიშნა, სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა პირგასატეხლოს ოდენობაც. ხსენებულის მიუხედავად, მოსარჩელეს საკუთარი ნებით პირგასამტეხლო მოპასუხისათვის არ გადაუხდია. შესაბამისად, მისი ქმედება სამოქალაქო უფლების კეთილსინდისიერად განხორციელებად ვერ შეფასდება და სადავო სააღსრულებო ფურცლის გაცემის დამატებით საფუძვლად უნდა ჩაითვალოს.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ წარმოდგენილი განცხადება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაიცეს სააღსრულებო ფურცელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ას-344-2023), რომლითაც შპს „ი.ჯ–ი“ გათავისუფლდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, 2021 წლის 6 მაისის №105159/01 წერილით პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული 29 230.91 ლარიდან 14 615 ლარის გადახდისგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა