საქმე №ას-592-2025 30 სექტემბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ.გ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ჯ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – განქორწინება, არასრულწლოვან ბავშვებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა (ძირითად სარჩელში), ალიმენტისა და დამატებითი ხარჯის დაკისრება (შეგებებული სარჩელით)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ.გ–ძე (შემდგომ - მოპასუხე, დედა, შეგებებული სარჩელის ავტორი, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინებას ი.ჯ–ის (შემდგომ - მოსარჩელე, მამა) მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მხარეთა შორის ქორწინება შეწყდა, მოსარჩელეს განესაზღვრა არასრულწლოვან შვილებთან - 2015 წლის 27 ივნისს დაბადებულ ა.ჯ–თან და 2019 წლის 4 აპრილს დაბადებულ ლ.ჯ–თან ურთიერთობა შემდეგი სახით: ა) თავდაპირველად 1 (ერთი) თვის განმავლობაში ყოველი შაბათი დღის 10-11 საათიდან იმავე დღის 21:00 საათამდე არასრულწლოვნების დედის საცხოვრებელი ბინიდან წაყვანისა და უკან იმავე საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით; ბ) 1 (ერთი) თვის შემდგომ პარასკევი დღის 19:00 საათიდან, დედის საცხოვრებელი ადგილიდან ან სასწავლებლიდან (მათ შორის, იგულისხმება სასულიერო, შემეცნებითი, შემოქმედებითი, სპორტულ -- წრეზე ყოფნა) წაყვანისა და უკან შაბათი დღის 21:00 საათამდე დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით. არასრულწლოვნების - ა.ჯ–ის და ლ.ჯ–ის ღამე მამასთან დარჩენა წარიმართოს ბავშვების ნების გათვალისწინებით; გ) თუ მამისათვის განსაზღვრული პერიოდი შვილებთან ყოფნისა დაემთხვა სასწავლებელში (იგულისხმება მათ შორის სასულიერო, შემეცნებითი, შემოქმედებითი, სპორტული - წრე) ყოფნას, მოპასუხე ვალდებულია, მოსარჩელეს მიაწოდოს ინფორმაცია, არაუგვიანეს 7-9 საათისა, საკომუნიკაციო საშუალებით (ტელეფონის, მესენჯერის, ვაიბერის, ვოთსაფის ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით) „მოკლე ტექსტური“ შეტყობინების გზით, თუ ბავშვები საიდან უნდა იქნენ წაყვანილი მამის მიერ; დ) იმ შემთხვევაში თუ მამა ვერ ახერხებს შვილებთან მისვლას წაყვანის მიზნით (მამა-შვილებისთვის განსაზღვრული დროის მონაკვეთში), იგი ვალდებულია ამის შესახებ, არაუგვიანეს 5-7 საათისა, აცნობოს დედას საკომუნიკაციო საშუალების (ტელეფონის, მესენჯერის, ვაიბერის, ვოთსაფის ან სხვა საკომუნიკაციო საშუალების) „მოკლე ტექსტური“ შეტყობინების გზით; ე) ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების პერიოდში მამა-შვილების ურთიერთობა განისაზღვროს შემდეგი სახით: 1) 7 იანვარის 15:00 საათიდან 14 იანვრის 13:00 საათამდე - მამის მიერ არასრულწლოვნების საცხოვრებელი ბინიდან წაყვანის და უკან დაბრუნების ვალდებულებით; 2) ზაფხულის არდადეგებზე (იგულისხმება ივლის-აგვისტოს თვე) ყოველი თვის პირველი რიცხვიდან, დღის 12:00 საათიდან იმავე თვის 9 რიცხვის 12:00 საათამდე (ანუ პირველი ივლისის 12:00 საათიდან 9 ივლისის 12:00 საათამდე, პირველი აგვისტოს 12:00 საათიდან - 9 აგვისტოს 12:00 საათამდე) მამის მიერ არასრულწლოვნების წაყვანის და უკან დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით; 3) მამა-შვილებისთვის განსაზღვრული ურთიერთობის წესი (იგულისხმება ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2 პუნქტის ე) ქვეპუნქტი ზამთრის და ზაფხულის არდადეგების პერიოდში იმოქმედებს იმ შემთხვევაში თუ ორივე მშობელი - მოსარჩელე და მოპასუხე - იქნებიან თანახმა. სხვა შემთხვევაში იმოქმედებს 1.2 პუნქტის - ა) ბ) გ) და დ) ქვეპუნქტები. 4) მხარეთა შორის (იგულისხმება მოსარჩელე და მოპასუხე) დადგენილი ურთიერთობის წესი (დადგენილი დროის მონაკვეთი) შეიძლება შეიცვალოს მათი ურთიერთშეთანხმების გზით. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მამას არასრულწლოვანი შვილების - 2015 წლის 27 ივნისს დაბადებულ - ა.ჯ–ისა და 2019 წლის 4 აპრილს დაბადებულ - ლ.ჯ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა სარჩელის აღძვრიდან 2023 წლის 4 სექტემბრიდან 500-500 ლარი, სულ - 1000 ლარი, ხოლო 2024 წლის პირველი ოქტომბრიდან თითოეულ შვილზე 1300-1300 ლარი, სულ 2600 ლარი - ბავშვების სრულწლოვანებამდე. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მამისათვის დამატებითი ხარჯის დაკისრებისა და ოჯახის დამხმარე პოზიციაზე ბავშვების სასწავლო დაწესებულებაში წაყვანა-მოყვანის ასანაზღაურებელი თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ/დედამ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, არასრულწლოვან შვილებთან მამის ურთიერთობის დადგენილი წესისა და განსაზღვრული ალიმენტის ნაწილში შემდეგი საფუძვლებით:
3. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რა დროსაც დედის სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები მხედველობაში არ მიიღო. მოცემული დავის განხილვისას სასამართლო გასცდა ძირითადი მოსარჩელის მოთხოვნას ბავშვების ნახვის დღეების განსაზღვრასთან დაკავშირებით. ძირითადი სარჩელი არ შეიცავდა მოთხოვნას ზაფხულისა და ზამთრის არდადეგებთან დაკავშირებით. ამავდროულად, კასატორმა წინააღმდეგობა გამოთქვა, მამის მიერ შვილების სავარაუდოდ უცხო, მესამე პირთან ურთიერთობის გამო.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
7. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე მსჯელობის საგანს წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა და მამის არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესი.
8. სადავო საკითხის სამართლებრივი მოწესრიგების თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 1212-ე (მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1214-ე (თუ მშობლები ვერ შეთანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლის, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას), 1198.2 (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება), 1202.1 (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ) მუხლებზე და განმარტავს, რომ მოხმობილი საკანონმდებლო დანაწესები მშობლების მიერ შვილების რჩენის - ალიმენტის გადახდის კანონისმიერ ვალდებულებას აწესებს. არასრულწლოვნის რჩენის მოვალეობა ეკისრება როგორც დედას, ისე - მამას, მიუხედავად იმისა, ისინი დაქორწინებული არიან თუ არა, თუმცა ალიმენტის ზღვრულ ოდენობას კანონი არ ადგენს. მისი გონივრული და სამართლიანი ოდენობა, სასამართლომ თავისი დისკრეციის ფარგლებში, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა შეფასებით უნდა დაადგინოს.
9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ საქმეზე აქვს განმარტებული, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს, ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, ალიმენტის ოდენობის დადგენისას, უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (იხ. სუსგ-ები №ას-58-49-2011, 27/06/2011წ; №ას-1141-1061-2017, 17/10/2017წ.; №ას-ას-1301-2019, 13/03/2020წ.; №ას-878-2021, 27/10/2021წ. №ას-1262-2023, 08/11/2023წ.; №ას-1328-2023, 07/03/2024წ.; №ას-1606-2023, 10/04/2024წ.). ამდენად, სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვის ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მისი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა, რამდენადაც უნდა დადგინდეს გონივრული ბალანსი არასრულწლოვანთა ინტერესებსა (რაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს ბავშვების საჭიროებებს) და მშობელთა სოციალურ თუ სხვა პასუხისმგებლობას შორის საზოგადოებაში (იხ. სუსგ №ას-829-2019, 11/07/2019წ.). ამასთან, ალიმენტის განსაზღვრისას, სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ის, თუ რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და რომელს უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს (იხ. სუსგ №ას-159-2024; 23/01/2025წ.). როგორც წესი, იმ მშობლის მიერ გაწეული ხარჯები, რომელთანაც ბავშვი მუდმივად ცხოვრობს, გაცილებით მეტია, იგი მოიცავს ბავშვის სწავლა-განათლებისათვის, ჯანმრთელობისთვის, კვებისთვის, ჰიგიენისთვის, სოციალური აქტივობებისთვის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოქმედებებისთვის გაწეულ ხარჯებს. ამას ემატება ის მორალური თუ ემოციური მხარდაჭერაც, რაც როგორც წესი მეტი აქვს იმ მშობელს, ვისთანაც ბავშვები განქორწინების შემდგომ, მუდმივად ცხოვრობენ, აღნიშნული კი კომპენსირებული უნდა იყოს მეორე მშობლის მიერ გონივრული ფულადი დახმარებით (იხ. სუსგ №ას-341-2022, 14/06/2022წ.).
10. „ბავშვთა უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (რატიფიცირებულია 01/07/1994წ.) მონაწილე სახელმწიფოებიც აღიარებენ, რომ ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული ზრუნვისა და დახმარების უფლება. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან, ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
11. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვითაც, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია აღზარდოს ბავშვი, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდოს ის საზოგადოების ღირსეულ წევრად, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნებად.
12. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად კი, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით, უპირველესად, უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს (იხ. სუსგ №ას-334-2024; 16/05/2024წ.).
13. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც, მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე, არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII).
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საალიმენტო ვალდებულება სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის ნაირსახეობაა და გულისხმობს ალიმენტის მიმღების უფლებასაც - მოითხოვოს ალიმენტის გადახდა. მშობლები ვალდებულნი არიან მატერიალურად დაეხმარონ არასრულწლოვან შვილებს (იხ. დამატებით: რ. შენგელია, ე. შენგელია, საოჯახო სამართალი, თბილისი, 2009, გვ. 252; Corden A., Meyer D.R., Child Support Policy Regimes in the United States, United KLingdom, and other Countrises: Similar issues, Different approaches, University of Wisconsin-Madison Institute for Research on Poverty, Focus, Volume 21, Number 1, 2000, Spring, 75.). ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან მშობლების განქორწინების დროს. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც მათ, შესაძლოა, დაეხმაროს ამ სტრესული სიტუაციის დაძლევაში, არის ოჯახური და იმავე სოციალური გარემოს შენარჩუნება. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს პრინციპით - ბავშვს მაქსიმალურად შეუნარჩუნდეს ცხოვრების არსებული დონე, რომელიც მას მშობლების განქორწინებამდე ჰქონდა. სასამართლოს ამოცანაა, ბავშვის მატერიალური მდგომარეობა მშობლების განქორწინების გამო, რაც შეიძლება ნაკლებად გაუარესდეს (იხ. დამატებით: Kavacek-Stanic G., Child in Single (Absent) Parent family: Maintenance and Family Home: Family Finances, (Verschragen B (ed))., Jan Sramek Verlag, Vienna, 2009, P.637.; Stark B., Internacional Family Law, an Introduction, Ashgate Publishing Limited, Great Britain, Burlington, 2012, P.211.; Duncan W., Note on the desirability of revising the Hague Conventions on Maintenance Obligations, Hague Conferrence on Private International Law, January, 1999.
15. საკასაციო პალატა, სადავო საკითხის მართებულად შეფასებისთვის, მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამართლებრივ დანაწესებზე, კერძოდ, „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ.სუსგ №ას-1606-2023, 10/04/2024წ.).
16. ამდენად, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ ბავშვსა და მის ინტერესებზე ზრუნვა სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობაა. სახელმწიფო უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარებას. შესაბამისად, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში, უპირატესი ყურადღება ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას ეთმობა (იხ. სუსგ №ას-623-2025, 18/10/2025წ.).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
18. მხარეები 2013 წლის 18 ივნისს დაქორწინდნენ. ქორწინებაში მათ შეეძინათ ორი შვილი: 2015 წლის 27 ივნისს - ა.ჯ–ი, ხოლო 2019 წლის 4 აპრილს - ლ.ჯ–ი.
19. 2021 წლიდან მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და მათი ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. ბავშვები ცხოვრობენ და იზრდებიან დედასთან.
20. ცალ-ცალკე ცხოვრების მიუხედავად, ბავშვები მამასთან ურთიერთობას აგრძელებენ. გარდა ამისა, მამა დედას ყოველთვიურად ურიცხავდა და ურიცხავს, საშუალოდ, ჯერ 1430, ხოლო შემდეგ 1287 ლარს. იგი, ასევე, იხდის დედისა და ბავშვების სამედიცინო დაზღვევის საფასურს.
21. მამა დასაქმებულია რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში. 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის ნოემბრის ჩათვლით მისი საშუალო, ყოველთვიური, დარიცხული ხელფასი/მომსახურების ანაზღაურება/შემოსავალი შეადგენდა 10 076 ლარს; 2023 წლის ბოლოს - 7116,16 ლარს, ხოლო 2024 წლის იანვრიდან 2024 წლის აპრილის ჩათვლით - 11 743 ლარს.
22. დედა მუშაობს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ და მისი ყოველთვიური, საშუალო დარიცხული ხელფასი შეადგენს 2628 ლარს.
23. მხარეთა უმცროსი შვილი არის ბავშვთა აღზრდის და განვითარების ცენტრ შპს „ლ–ას“ აღსაზრდელი და მისი მომსახურების გადასახადი თანხა ყოველთვიურად შეადგენს 350 ლარს. 2023 წლის ნოემბრიდან იგი ირიცხება ა(ა)იპ ქ. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ძველი თბილისის ფილიალის მხატვრული ტანვარჯიშის წრეზე, სადაც სწავლის საფასური შეადგენს თვეში 60 ლარს.
24. უფროსი შვილი სწავლობს სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის პროექტ „რეგიონის შაბათის სკოლის“ ონლაინ კურსზე, მე-3 კლასში, ქალაქ მცხეთაში და მისი სწავლის ღირებულება თვეში 75 ლარია. ონლაინმეცადინეობები ტარდება კვირაში ორჯერ, ორშაბათს და პარასკევს 18:40 საათზე. გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1 სთ. და 20 წთ. ბავშვები სწავლობენ ილორის წმ. გიორგის ტაძრის საკვირაო სკოლაში. სასწავლო პროცესი ტარდება შაბათ-კვირას. ა.ჯ–ი დადის ქალაქ თბილისის მერიის ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის სტრუქტურული ერთეულის, სპორტული ცენტრი „იმედის“ ცურვის გაკვეთილებზე, რომლებიც ტარდება კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, 19:00 საათზე. აღნიშნული გაკვეთილების თვიური საფასური შეადგენს 80 ლარს.
25. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობა და მიიჩნია, რომ მამას არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სარჩელის აღძვრიდან, 2023 წლის 4 სექტემბრიდან 500-500 ლარი, სულ - 1000 ლარი, ხოლო 2024 წლის პირველი ოქტომბრიდან თითოეულ შვილზე - 1300-1300 ლარი, სულ 2600 ლარი ბავშვების სრულწლოვანებამდე.
26. საკასაციო სასამართლო დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეაფასებს კასატორის არგუმენტს, რომ, მამის შემოსავლის გათვალისწინებით, მას შვილების სარჩენად სულ უნდა დაკისრებოდა ყოველთვიურად 3000-3000 ლარის გადახდა.
27. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ობიექტურად განსაზღვრეს სადავო ალიმენტის ოდენობა არასრულწლოვანთა მოთხოვნილებების სრულყოფილად შესწავლისა და მშობლების მატერიალური მდგომარეობის საფუძველზე. კასატორმა კი ვერ დაადასტურა, რომ მხარეთა ორი არასრულწლოვანი შვილის რჩენა-განვითარება მამისაგან მეტ მატერიალურ მხარდაჭერას საჭირობდა.
28. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დასაშვები არ არის არც მამისა და მხარეთა შვილების ურთიერთობის წესის განსაზღვრასთან დაკავშირებით.
29. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის 2024 წლის 27 მარტის დასკვნით დგინდება, რომ მამა აქტიურად მიდის ბავშვების საცხოვრებელში და რამდენიმე საათს ატარებს მათთან. ბავშვებს აქვთ ემოციური კავშირი მამასა და მის ოჯახთან, აქვთ, დედის გარეშე, მათთან ღამე დარჩენის გამოცდილებაც. ბავშვებმა თქვეს, რომ უყვართ მამა, სურთ მასთან ურთიერთობა. აქტიური კომუნიკაცია აქვთ ბებია/პაპასთან (მამის მხრიდან).
30. ჩატარებული კვლევის საფუძველზე, სააგენტომ დაასკვნა, რომ: „მიზანშეწონილია, მათ (ბავშვებს) ურთიერთობა ჰქონდეთ მამასთან და მისი ოჯახის წევრებთან, მათი სასწავლო გრაფიკის და დამატებით წრეებზე მეცადინეობის გათვალისწინებით. მშობლებს თანაბრად შეეძლოთ შვილებთან დასვენების დღეების და არდადეგების პერიოდის გატარება. თუ არასრულწლოვნების სურვილი იქნება, შეეძლოთ მამის საცხოვრებელში სტუმრად წასვლა ან ღამე დარჩენა, მიეცეთ მათ ამის საშუალება“.
31. წინამდებარე საკასაციო საჩივრით მოპასუხემ სადავოდ გახადა არასრულწლოვანთა მამის საცხოვრებელ ადგილას წასვლა/დარჩენა იმ საფუძველით, რომ იქ ბავშვებს მესამე პირთანაც მოუხდებოდათ ურთიერთობა. იგულისხმება ის პირი, რომელზეც მოსარჩელე დაქორწინებას აპირებს და ამგვარი ურთიერთობა საზიანო შეიძლება გამხდარიყო არასრულწლოვანთა ფსიქიკისათვის.
32. უპირველესად, საკასციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვა თავის თავში მოიცავს ამა თუ იმ საკითხზე არასრულწლოვანის სურვილის გათვალისწინებას. შესაბამისად, მამასთან შეხვედრა, მის საცხოვრებელ ადგილას წასვლა, მათ შორის, ღამით დარჩენა, მხოლოდ ბავშვების თანხმობითაა შესაძლებელი. ცხადია, მამის მომავალ მეუღლესთან ურთიერთობის სურვილის არქონისას, მათ მიმართ რაიმე სახის ძალდატანება ვერ განხორციელდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კასატორმა ვერ მიუთითა ისეთ გარემოებაზე, რაც დადგენილი წესით მამისა და შვილების ურთიერთობის ხელშემშლელი გახდებოდა.
33. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობად ვერ მიიჩნევს მხარის პრეტენზიას ვერც მოსარჩელის მიერ არასრულწლოვან შვილებთან ზამთრისა და ზაფხულის არდადეგებზე ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე მოთხოვნის არარსებობასთან დაკავშირებით.
34. საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს არასრულწლოვანი ბავშვის უფლებაზე, ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან და გაიზარდოს ჯანსაღ, ოჯახურ გარემოში. აღნიშნული, თავისთავად, მოიაზრებს შვილებისა და მშობლების ურთიერთობას მთელი წლის და არა მხოლოდ სასწავლო პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, კასატორის პრეტენზია, სასამართლომ ღიად დატოვოს მამისა და შვილების ურთიერთობის განსაზღვრის საკითხი არდადეგების განმავლობაში შეცვლილი სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესის გათვალისწინებით, არასრულწლოვანთან საუკეთესო ინტერესს ეწინააღმდეგება. ასეთ შემთხვევაში ვერც დედა მოახერხებს შვილების დასასვენებლად ქალაქგარეთ, საკურორტო ზონაში წაყვანას, სასამართლოს მიერ მამისათვის გამოყოფილი ნახვის დროის გვერდის ავლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ბავშვების არდადეგების მშობლებთან გატარების საკითხი მართებულად გადაწყვიტა.
35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე ვერ იმსჯელებს შეგებებული სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, რაც შეეხება არასრულწლოვანთა რჩენისათვის საჭირო დამატებით ხარჯს, ვინაიდან მითითებული საკითხის არსებითად შეფასება დამოკიდებულია მოპასუხის კერძო საჩივრის განხილვის სამართლებრივ შედეგზე.
36. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
37. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
38. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
39. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
41. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 05/06/2025წ. №1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.გ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ თ.გ–ძეს (პირადი №......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 05/06/2025წ. №1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა