Facebook Twitter

საქმე №ას-1099-2025 6 ოქტომბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ი.ჯ–ის“ განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე 2024 წლის 26 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის კანონიერების შესახებ და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აპელანტის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ - მოპასუხე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შპს „ი.ჯ–ის“ (შემდგომ - მოსარჩელე, განმცხადებელი) შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოპასუხე სამსახურის 2021 წლის 18 მარტის №64325//01 წერილის საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლო - 21923.18 ლარი, რაც მოსარჩელეს დაერიცხა კვების მენიუში, წინასწარი წერილობითი შეთანხმების გარეშე, ცვლილების შეტანისთვის, მოპასუხე სამსახურის 2021 წლის 18 მარტის №64325/014 და №64324/01 წერილების საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლო 48846.36 ლარიდან შემცირდა 14615.48 ლარამდე, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის 26 დეკემბერს ამავე წლის 29 თებერვლის ზემოხსენებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.3 პუნქტის აღსასრულებლად (რომლითაც მოპასუხე სამსახურის 2021 წლის 18 მარტის №64325/014 და №64324/01 წერილების საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლო 48846.36 ლარიდან შემცირდა 14615.48 ლარამდე) ამოწერა სააღსრულებო ფურცელი.

3. მოსარჩელის წარმომადგენელმა კერძო საჩივრით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სააპელაციო პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის სააღსრულებო ფურცლისა და იმ განჩინების გაუქმება, რომლის საფუძველზეც იგი ამოიწერა. მხარემ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და სააღსრულებო წარმოების დაწყების წინაპირობა არ არსებობს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია მოსარჩელის აღიარებითი სარჩელის საფუძველზე. მოპასუხეს არც სარჩელით და არც შეგებებული სარჩელით მოსარჩელისათვის თანხის დაკისრება არ მოუთხოვია, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 248-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელისათვის სადავო პირგასამტეხლოს დაკისრება მოცემული დავის ფარგლებში შეუძლებელი იყო.

4. მოსარჩელემ იხელმძღვანელა სსსკ-ის 2671 მუხლით და განმარტა, რომ სასამართლოს უნდა მიეღო განჩინება სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, რაზეც დასაშვებია კერძო საჩივრის შეტანა.

5. საკასაციო სასამართლო აფასებს რა განსახილველი კერძო საჩივრის მოთხოვნასა და საფუძვლებს, მიიჩნევს, რომ თავისი შინაარსით წინამდებარე კერძო საჩივარი წარმოადგენს განცხადებას სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ, რადგან არ არსებობს კერძო საჩივრის ობიექტი, ანუ სასამართლოს განჩინება, რაზეც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

6. საკასაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე (შემდგომ - სპეციალური კანონი), რომელიც გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების საკითხის მარეგულირებელი ნორმატიული აქტია. დასახელებული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

7. სპეციალური კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა.

8. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილია, რომ სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების, სსსკ-ის 2581 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის, იმავე კოდექსის 5808 მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის მოწმობის, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებისა და აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე.

9. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ სააღსრულებო ფურცელს გასცემს სასამართლოს ის ინსტანცია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც კანონიერი ძალაში შევიდა და დავის არსებითად გადაწყვეტის საბოლოო დოკუმენტს წარმოადგენს. ამასთან, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ სასამართლოს კანონიერი ძალაში შესული და აღსასრულებელი გადაწყვეტილებით მკაფიოდაა განსაზღვრული კრედიტორი და მოვალე, ასევე, ის ვალდებულებები, რომლებიც მხარეებს ეკისრებათ. მხარეთა მიერ ამ ვალდებულებების ნებაყოფლობით შეუსრულებლობისასაა საჭირო სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების განხორციელება.

10. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს პირგასამტეხლოს გაუქმება. მოსარჩელედ წინამდებარე დავაში გვევლინება ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობებში მოვალის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევის საფუძვლით დაერიცხა გარკვეული მოცულობის პირგასამტეხლო. თავის მხრივ, მოპასუხეს (მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებში - კრედიტორს) დამოუკიდებელი სარჩელის ან შეგებებული სარჩელის აღძვრის გზით სადავო ოდენობის პირგასამტეხლოს მოვალისათვის დაკისრება არ მოუთხოვია. შესაბამისად, მოვალისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინების საკითხზე, სსსკ-ის 248-ე მუხლის დაცვით (სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა), არც სასამართლოს უმსჯელია.

11. მსგავს ვითარებაში საკასაციო სასამართლომ (საქმე №ას-344-2023, 19.09.2025წ.), ზემოღნიშნულის მიუხედავად, მიიჩნია, რომ წინამდებარე საქმეზე სამართლებრივი და პრაქტიკული მიზეზების გათვალისწინებით სააღსრულებო ფურცლის გაცემა მიზანშეწონილია და სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობის ამ მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის სასარგებლოდ მოვალისათვის გადასახდელად დაკისრება გამართლებულია სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – საპროცესო ეკონომიის რეალიზაციის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რაც, თავის მხრივ, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა და უზრუნველყოფს მხარეთა უფლებების თანასწორ დაცვას. აღსანიშნავია, რომ სარჩელის უარყოფილი ნაწილი წარმოადგენს ფაქტობრივად მოპასუხის სასარგებლო შედეგს, რადგან გადაწყვეტილებით დადგენილია პირგასამტეხლოს ის ოდენობა, რომლის გადახდის ვალდებულებაც წინამდებარე დავის მოსარჩელეს რეალურად ეკისრება. მოპასუხემ განცხადების წარმოდგენით გამოხატა დისპოზიციური ნება, მიიღოს მოსარჩელისაგან მათ შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობისას წარმოშობილი ვალდებულების შესრულება - პირგასამტეხლოს დადგენილი ოდენობის თანხა. შესაბამისად, ამჟამად მოთხოვნილი სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლოა დაიწყოს ახალი სასარჩელო წარმოება, რომლის ფარგლებშიც სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს ამჟამინდელი მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მართებულობა, თუმცა აღნიშნული საკითხი უკვე გამოკვლეულია, მეტიც, პირგასამტეხლოს ოდნეობა უკვე განსაზღვრულია მოცემული სამართალწარმოებისას, რასაც პრეიუდიციული ძალა ექნება ამავე მხარეებს შორის მიმდინარე ზემოხსენებული დავისათვის (სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). ამდენად, ახალ სასარჩელო წარმოებას ექნება სრულიად ფორმალური სახე, ვინაიდან დავის როგორც საპროცესო, ისე მატერიალურ-სამართლებრივი ბედი წინასწარ განსაზღვრული იქნება და ამჟამინდელი მოსარჩელე რამდენამდე კვალიფიციურ შესაგებელს მოპასუხის სასარჩელო მოთხოვნის საწინააღმდეგოდ ვერ წარადგენს, შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლის გაცემით აცილებული იქნება ახალი დავის წამოწყება (იმავე საკითხზე), რაც პროცესს უფრო ეფექტურს და ეკონომიურს ხდის. ამასთან, მოპასუხე, რომლის სასარგებლოდაც ნაწილობრივ გადაწყდა საკითხი, მიიღებს აღსრულებად დოკუმენტს და უზრუნველყოფილი იქნება სასამართლოს მიერ დადგენილი რეალური შედეგის აღსრულება.

12. საკასაციო სასამართლომ გაითვალისწა მოცემული დავის განხილვისას როგორც მხარეების, ისე სასამართლოს მიერ გაღებული ფინანსური, ადამიანური და დროის რესურსები, შესაბამისად, მათი ფორმალური, გაუმართლებელი სამართალწარმოებაზე ხარჯვის აღსაკვეთად, საპროცესო ეკონომიის პრინციპის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება და, სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის გადახდევინების მიზნით, სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

13. ამავდროულად, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, მისგან გამომდინარე მოთხოვნების შეფასებისას, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მხარეთა კეთილსინდისიერებას, ვინაიდან, მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზეა დაფუძნებული. სსკ-ის 8.3-ე და 115-ე მუხლები საფუძველზე ნებისმიერი ურთიერთობის სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასებისას, მხედველობაში მიიღება სამოქალაქო უფლებათა გონივრული, სამართლიანი, თანაზომიერი განხორციელება. კეთილსინდისიერების პრინციპს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მარტო მხარეთა უფლებებისა და მოვალეობის დადგენის (წარმოშობის) დროს, არამედ უფლებებისა და მოვალეობის განხორციელების დროსაც. კერძო-სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ უპირობოდ მაინც მას ეფუძნება. არაერთ საქმეშია განმარტებული, რომ კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა (შეადრ.: სუსგ-ები №ას-226-2019, 24.04.2020წ.; №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.). მოცემულ შემთხვევაში დადგენილია მოსარჩელის ვალდებულება მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს გადახდასთან დაკავშირებით. ასევე, როგორც აღინიშნა, სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა პირგასატეხლოს ოდენობაც. ხსენებულის მიუხედავად, მოსარჩელეს საკუთარი ნებით პირგასამტეხლო მოპასუხისათვის არ გადაუხდია, შესაბამისად, მისი ქმედება სამოქალაქო უფლების კეთილსინდისიერად განხორციელებად ვერ შეფასდება და სადავო სააღსრულებო ფურცლის გაცემის დამატებით საფუძვლად უნდა ჩაითვალოს.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის განხილვისას სასამართლოთა ინსტანციურობის დაცვის მიზნით, მიზანშეწონილია, წარმოდგენილი განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ თავდაპირველად განსახილველად გადაეცეს სადავო სააღსრულებო ფურცლის გამომწერ - სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს, რომელმაც, ზემოთ მოყვანილი მსჯელობის გათვალისწინებით, უნდა შეაფასოს, რამდენად არსებობდა, მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობის დადგენისა და მითითებული ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ მოთხოვნის არარსებობის პირობებში, სააღსრულებო ფურცლის გაცემის საჭიროება. ასევე, იმსჯელოს განმცხადებაში წარმოდგენილ სხვა შუამდგომლობებზეც.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ი.ჯ–ის“ განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე 2024 წლის 26 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის იმავე შემადგენლობას.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა