Facebook Twitter

№ა-3927-შ-100-2025 09 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ღია სააქციო საზოგადოება შ.ბ.ბ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – მინსკის საქალაქო სანოტარო რაიონის ნოტარიუსის მიერ 2024 წლის 1 აგვისტოს ქალაქ მინსკში შედგენილი სააღსრულებო წარწერა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2025 წლის 7 აგვისტოს შუამდგომლობით მომართა ღია სააქციო საზოგადოება „შ.ბ.ბ–მა“ მოითხოვა მინსკის საქალაქო სანოტარო რაიონის ნოტარიუსის მიერ 2024 წლის 1 აგვისტოს ქალაქ მინსკში შედგენილი სააღსრულებო წარწერის ცნობა და აღსრულება.

2. წარმოდგენილი შუამდგომლობითა და თანდართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ დავალიანება შეადგენს 7 209.28 რუბლს.

3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 აგვისტოს განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.

3.1. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს - გ.მ–ს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

3.2. 2025 წლის 06 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს მომართა გ.მ–მა, მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალები არ არის ნათარგმნი ქართულ ენაზე, ასევე წარმოდგენილი არ არის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ითხოვს შუამდგომლობის ავტორი თანხის დაკისრებას. წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც შუადგომლობის ავტორს უფლებას აძლევდა მიემართა ნოტარიუსისთვის და მოეთხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა. ამასთან, საქმის მასალებს არ ერთვის უკვე განხორციელებული გადახდები. გ.მ–ი აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება მოთხოვნას, მის ოდენობას და აღსრულების წესს, ასევე მიუთითებს, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის საქალაქო სანოტარო რაიონის ნოტარიუსის მიერ 2024 წლის 1 აგვისტოს ქალაქ მინსკში შედგენილი სააღსრულებო წარწერის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა - აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

6. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო ხელმძღვანელობს "სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით (შემდგომში "კონვენცია"). კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები.

7. კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს, მათ შორის, სასამართლოს მიერ ასეთ საქმეებზე დამტკიცებულ შეთანხმებებს მორიგების შესახებ და ნოტარიულ აქტებს ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით (კონვენციაში შემდგომ მოხსენიებული, როგორც "გადაწყვეტილებები").

8. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ. კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.

9. საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ე.წ. ზემდგომ ინსტანციას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის შემოწმების თვალსაზრისით, რადგან კიდევ ერთი დამატებითი ინსტანციით არსებითად არ იხილავს საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ გადაწყვეტილებას, არამედ მისი მსჯელობა მხოლოდ იმ საფუძვლების გარკვევით შემოიფარგლება, თუ რამდენად არსებობს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა ცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიული შედეგი უნდა გავრცელდეს საქართველოში (შეად. სუსგ N ა-3968-შ-107-2019, 14.02.2020წ.).

10. კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.

11. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.

12. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის საქალაქო სანოტარო რაიონის ნოტარიუსის მიერ 2024 წლის 1 აგვისტოს ქალაქ მინსკში შედგენილი სააღსრულებო წარწერის შესაბამისად, გ.მ–ის დავალიანება ღია სააქციო საზოგადოება შ.ბ.ბ–ის მიმართ შეადგენს 7 209.28 რუბლს. ასევე დასტურდება, რომ აღნიშნული სააღსრულებო წარწერა ბელარუსის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარე ცხოვრობს საქართველოში.

13. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს, ნოტარიუსის მიერ ფულად ვალდებულებებზე სააღსრულებო ფურცლების უდავო წესით გაცემის თავისებურების გათვალისწინებით, არ არსებობს მათ ცნობასა და აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის კონვენციის 55-ე მუხლში გათვალისწინებული რაიმე საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას. საკასაციო პალატის მსჯელობა შესაბამისობაშია ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით ნოტარიული აქტების ცნობა-აღსრულების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან (სუსგ №ა-2251-შ-49-2021, 24.09.2021წ., №ა-1540-შ-46-2022, 30.06.2022წ., №ა-4724-შ-114-2020, 12.03.2021წ., №ა-2432-შ-65-2017, 17.11.2017წ.).

14. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის პრეტენზიას, რომლის თანახმად, საქმეში წარმოდგენილი მასალები არ არის ნათარგმნი ქართულ ენაზე, საკასაციო პალატა აღნიშნულ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ მინსკის კონვენციის მე-17 მუხლი თანახმად, ერთმანეთთან ურთიერთობაში წინამდებარე კონვენციის აღსრულებისას ხელშეკმკვრელ მხარეთა იუსტიციის დაწესებულებები სარგებლობენ ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფო ენებით ან რუსული ენით. რაც შეეხება პრეტენზიებს იმის შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ითხოვს შუამდგომლობის ავტორი თანხის დაკისრებას, წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც შუადგომლობის ავტორს უფლებას აძლევდა მიემართა ნოტარიუსისთვის და მოეთხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა, საქმის მასალებს არ ერთვის უკვე განხორციელებული გადახდები. გ.მ–ი აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება მოთხოვნას, მის ოდენობას და აღსრულების წესს, ხოლო მოთხოვნა ხანდაზმულია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების ხელშემშლელ გარემოებებს. მოპასუხის პრეტენზიები უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებით მოიცავს არა იმ დამაბრკოლებელ გარემოებებზე მითითებას და შესატყვის მტკიცებულებებს, რომლებიც შესაძლოა საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების (სააღსრულებო ფურცლის) ცნობა-აღსრულებას გამორიცხავდეს, არამედ წარმოადგენს უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გადაწყვეტილი დავის წინააღმდეგ არსებით შედავებას სხვადასხვა საკითხების მიმართ, რაც მოწინააღმდეგე მხარეს შეეძლო (შეუძლია) გასაჩივრების შესაბამისი საპროცესო ეტაპების მიხედვით სადავო გაეხადა (გახადოს) ბელარუსის რესპუბლიკაში.

15. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. არ არსებობს ამავე კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები და არც ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტით უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კონვენციით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაცულია, შესაბამისად, ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის საქალაქო სანოტარო რაიონის ნოტარიუსის მიერ 2024 წლის 1 აგვისტოს ქალაქ მინსკში შედგენილი სააღსრულებო წარწერა ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე უნდა მიექცეს აღსასრულებლად, ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის საქალაქო სანოტარო რაიონის ნოტარიუსის მიერ 2024 წლის 1 აგვისტოს ქალაქ მინსკში შედგენილი სააღსრულებო წარწერა, რომლის თანხმად, გ.მ–ის დავალიანება ღია სააქციო საზოგადოება შ.ბ.ბ–ის მიმართ, შეადგენს 7 209.28 რუბლს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერობის შესახებ“ კონვენციის 51-ე, 53-ე, 55-ე მუხლებით, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ღია სააქციო საზოგადოება შ.ბ.ბ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის საქალაქო სანოტარო რაიონის ნოტარიუსის მიერ 2024 წლის 1 აგვისტოს ქალაქ მინსკში შედგენილი სააღსრულებო წარწერა.

3. საქართველოს ტერიტორიაზე მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის საქალაქო სანოტარო რაიონის ნოტარიუსის მიერ 2024 წლის 1 აგვისტოს ქალაქ მინსკში შედგენილი სააღსრულებო წარწერა, რომლითაც მოპასუხე გ.მ–ის დავალიანება ღია სააქციო საზოგადოება შ.ბ.ბ–ის მიმართ, შეადგენს 7 209.28 რუბლს.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

თეა ძიმისტარაშვილი