Facebook Twitter

№ას-908-2025 08 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი

კასატორი – შპს „ჯ.ლ–კა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ–ია“ (მოსარჩელე), შპს „გ–ია“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მოძრავი ნივთების მესაკუთრედ ცნობა, ყადაღისგან გათავისუფლება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „გ–იამ“ (ს/კ .......) (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „გ–იისა“ (ს/კ ......) და შპს „ჯ.ლ–კის“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოძრავი ნივთების მესაკუთრედ ცნობა და მათი ყადაღისგან გათავისუფლება.

1.1. მოპასუხე შპს „გ–იამ“ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო.

1.2. მოპასუხე შპს „ჯ.ლ–კმა“ სასამართლოში წარადგინა ფორმალური შესაგებელი და მიუთითა, რომ სარჩელს არ ცნობდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. თბილისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს „გ–იას“ (ს/კ ........) სარჩელი, მოპასუხეების - შპს „გ–იას“ (ს/კ .......) და შპს „ჯ.ლ–კას“ მიმართ, დაკმაყოფილდა. მოსარჩელე შპს „გ–ია“ (ს/კ ..........) 2023 წლის 27 მარტიდან ცნობილი იქნა შემდეგი ავტომობილების მესაკუთრედ: 1) FORD TRANSIT (ტიპი - ფურგონი), სახელმწიფო ნომრით - ......; 2) FORD TRANSIT (ტიპი-ფურგონი), სახელმწიფო ნომრით - ......... №A23234961 სააღსრულებო წარმოების ქონებრივი ნუსხიდან ამორიცხული იქნა ავტომობილები - FORD TRANSIT (ტიპი - ფურგონი), სახელმწიფო ნომრით - ...... და FORD TRANSIT (ტიპი - ფურგონი), სახელმწიფო ნომრით - ...... და ორივე მათგანი გათავისუფლდა ამავე წარმოების (№A23234961) ფარგლებში №A23234961-MR/3633501 და №A23234961 - MR/3633502 ბრძანების საფუძველზე გამოყენებული ყადაღისაგან.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შს „ჯ.ლ–კამ“, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 აპრილის განჩინებით შპს „ჯ.ლ–კის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იზიარებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, გასაჩივრებულ ნაწილში საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5.1. 2022 წლის 01 ოქტომბერს მოსარჩელე შპს „გ–იასა“ (ს/კ ......) და მოპასუხე შპს „გ–იას“ (ს/კ ......) შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გამსესხებელმა (მოსარჩელემ) მსესხებელს (მოპასუხეს) სესხის სახით გადასცა 95 000 ლარი, 6 თვის ვადით, ძირითადი თანხის დაბრუნებასთან ერთად 5% სარგებლის (რაც შეადგენს 4750 ლარს) გადახდის პირობით. ხელშეკრულება ხელმოწერილია ორივე მხარის დირექტორების მიერ, ხოლო მათი ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებულია ნოტარიულად.

5.2. 2023 წლის 27 მარტს მოპასუხე შპს „გ–იამ“ (ს/კ .......) მოსარჩელე შპს „გ–იას“ (ს/კ .......) ზედნადების საფუძველზე გადასცა შემდეგი სამი სატრანსპორტო საშუალება: FORD TRANSIT 2003 (სახელმწიფო ნომრით - ........; ფასი - 2000 ლარი); FORD TRANSIT 2013 (სახელმწიფო ნომრით - .........; ფასი - 5000 ლარი); NISSAN PRIMASTAR 2009 (სახელმწიფო ნომრით - .......; ფასი - 2500 ლარი). აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დღემდე აღრიცხულია მოპასუხე შპს „გ–იას“ (ს/კ .......; შპს „გ–ლი სხვენის“ უფლებამონაცვლის) სახელზე.

5.3. შპს „ჯ.ლ–კამ“ 2023 წლის 03 ოქტომბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 28.09.2023 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (საქმე №2/12965-21) საფუძველზე, მოპასუხე შპს „გ–იას“ (ს/კ ........) მიმართ სააღსრულებო წარმოების დაწყების მოთხოვნით. აღნიშნული განცხადება თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ ამავე თარიღში იქნა მიღებული, რის თაობაზეც მოვალეს - შპს „გ–იას“ (ს/კ ........) გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (№A23234961-005/001). აღნიშნული წინადადება მოვალის წარმომადგენელმა ჩაიბარა 2023 წლის 05 ოქტომბერს. შპს „გ–იას“ (ს/კ .........) წარმომადგენელმა თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადებით მიმართა და განუმარტა, რომ მის სახელზე რეგისტრირებულია ოთხი სატრანსპორტო საშუალება (1. FORD TRANSIT - მარკის ფურგონი (სახელმწიფო ნომრით - OI284OO); 2. FORD TRANSIT - მარკის ფურგონი (სახელმწიფო ნომრით - ........); 3. NISSAN PRIMASTAR - მარკის ფურგონი (სახელმწიფო ნომრით - .........); 4. ROHR RSK 30 IV - სპეციალიზებული ნახევარმისაბმელი (სახელმწიფო ნომრით - .......)), რომლებიც არსებული ვალდებულებებიდან გამომდინარე გადაეცა მესამე პირს. თუმცა, რეგისტრაციის განუხორციელებლობა განპირობებული იყო მათზე რეგისტრირებული საგადასახადო იპოთეკა/გირავნობით. მიუხედავად აღნიშნულისა, მიმდინარე №A23234961 სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოვალეს - შპს „გ–იას“ (ს/კ ......) შეეზღუდა რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების განკარგვის უფლება, მათ შორის, მის სახელზე რიცხული სამი ავტომობილი (1. FORD TRANSIT - მარკის ფურგონი (სახელმწიფო ნომრით - .........); 2. FORD TRANSIT - მარკის ფურგონი (სახელმწიფო ნომრით - ........); 3. NISSAN PRIMASTAR - მარკის ფურგონი (სახელმწიფო ნომრით - ......) შეტანილია მის ქონებრივ ნუსხაში, 04.10.2023 წლიდან რეგისტრირებულია ყადაღა და 16.10.2023 წლიდან გადაცემულია ძებნა/დაკავებაზე.

5.4. სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონული რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, FORD TRANSIT - მარკის ფურგონი, სახელმწიფო ნომრით - ......., დაყადაღებულია №A23234961-MR/3633501 ბრძანების საფუძველზე. FORD TRANSIT - მარკის ფურგონი, სახელმწიფო ნომრით - ......... კი დაყადაღებულია №A23234961- MR/3633502 ბრძანების საფუძველზე.

5.5. 2023 წლის 15 ნოემბერს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული №307073760583533 ცნობისა და თანდართული დოკუმენტების თანახმად, FORD TRANSIT - მარკის ფურგონზე, სახელმწიფო ნომრით - ........, უფლებრივი შეზღუდვების (გარდა საგადასახადო გირავნობის) რეგისტრაცია განხორციელდა 2023 წლის 25 სექტემბერსა და შემდგომ პერიოდში, ხოლო FORD TRANSIT - მარკის ფურგონზე, სახელმწიფო ნომრით - ........– 2023 წლის 06 ოქტომბერსა და შემდგომ პერიოდში.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.6. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რო აპელანტი სადაოდ ხდიდა მოსარჩელე შპს „გ–იასა“ და მოპასუხე შპს „გ–იას“ შორის 01.10.2022 წელს დადებულ სესხის ხელშეკრულებას, ავტომანქანების გადაცემის თაობაზე გაფორმებულ 27.03.2023 წლის ზედნადებს და აღნიშნულ მოძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადასვლას.

5.7. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სასამართლოში შესაგებლის წარდგენის მნიშვნელობაზე და მიუთითა, რომ მოპასუხე შპს „გ–ია“ აღიარებდა სარჩელში მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, ხოლო მოპასუხე შპს „ჯ.ლ–კა“ მხოლოდ არაკვალიფიციური შესაგებლით განხორციელებული შედავებით შემოიფარგლა. 2024 წლის 17 ივლისს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მისი მოსაზრებით, ერთი მხრივ, ზედნადები არ უნდა იქნეს მიჩნეული სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას სადავო ავტომობილების მოპასუხე შპს „გ–იას“ სახელზე რეგისტრირებულობის, შესაბამისად, ავტომობილებზე საკუთრების უფლების მისთვის კუთვნილების ფაქტის გაქარწყლებისათვის ვარგის დოკუმენტად, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნული ზედნადების საფუძველზე ავტომობილების გადაცემა სავარაუდოდ მოჩვენებით/თვალთმაქცურ ხასიათს ატარებდა და უპირატესად მის მიმართ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზანს ემსახურებოდა.

5.8. პალატამ აღნიშნა, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე, როგორც მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობა დაკავშირებული არ არის სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციასთან. აღნიშნულის შესაბამისად კი გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ზედნადები, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს ამა თუ იმ საქონლის ან/და მომსახურების მიწოდების დამადასტურებელ მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, სრულიად დასაშვებია, რომ მიჩნეულ იქნას იმ სახის მტკიცებულებად, რომელიც გაამყარებს 2023 წლის 27 მარტიდან მოპასუხე შპს „გ–იას“ მიერ მოსარჩელე შპს „გ–იასთვის“ მოძრავი ნივთის საკუთრების უფლებით გადაცემის ფაქტს, მით უფრო მაშინ როცა მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ გაუხდია სადავით ზედნადებების დადასტურება. მართალია მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრის პასუხად წამოადგინა დადასტურებული ანგარიშფაქტურები, თუმცა პალატას არ მიიჩნია მათი მტკიცებულების სახით დაშვება/შეფასება მიზანშეწონილად, ვინაიდან როგორც ზემოდ არაერთხელ აღინიშნა მოპასუხეს შედავება ზედნადებების დადასტურებაზე პირველი ინსტანციის სასამართლოში არ განუხორციელებია.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 02 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ჯ.ლ–კმა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

7.1. კასატორი მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად გამოიკვლიეს საკითხი იმის შესახებ, მოხდა თუ არა სესხის ხელშეკრულების დადება, გაიცა თუ არა სესხის თანხა, შეთანხმდნენ თუ არა მხარეები სესხის სანაცვლოდ ავტომანქანების გადაცემაზე, არსებობდა, თუ არა ავტომანქანების გადაცემის დამაბრკოლებელი გარემოებები 2023 წლის მარტი-ოქტომბრის პერიოდში.

7.2. სასამართლო გადაწყვეტილებით სათანადოდ არ არის გამოკვლეული მოძრავი ნივთების გადაცემის ინსტიტუტი. თეორიულად ზედნადები შესაძლოა იყოს საკუთრების შეძენის ინსტრუმენტი, თუმცა არა იმგვარად, როდესაც ორივე მხარე არ ადასტურებს მას. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი მიიჩნევს, რომ ორივე მხარის ნება არ დგინდება და შესაბამისად, გაუგებარია როგორ გახდა მოსარჩელე ავტომანქანების მესაკუთრე.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 07 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

13. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

14. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობას იმ მიზეზით, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტი და სარჩელში მითითებული გარემოებების სისწორე.

15. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის შედავებას, რომელიც ფაქტობრივად შეეხება მტკიცების ტვირთის განაწილების არასწორ სტანდარტს და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის სწორად არის გადანაწილებული.

16. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხის მხოლოდ ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ №ას-1465-2020, 18.03.2021წ., პ. 48). მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ.

17. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - მოსარჩელე კომპანიასა და მოპასუხე შსპ „გ–იას“ შორის სესხის ხელშეკრულების არსებობის დადასტურება, ასევე უზრუნველყო იმ ფაქტის დადასტურება რომ მოპასუხე შპს „გ–იამ“ მოსარჩელეს ზედნადების საფუძველზე გადასცა სატრანსპორტო საშუალებები, ხოლო, მოპასუხემ, მტკიცების ტვირთის შებრუნებისა და კვალიფიციური შედავების პირობებში, ვერ შეძლო სასარჩელო მოთხოვნების მართლზომიერების გამორიცხვა.

18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეს (კასატორს), მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაქარწყლებლად, თავად უნდა წარმოედგინა საპირისპირო გარემოების დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულება ან დამაჯერებელი არგუმენტებით შედავებოდა მათ. თუმცა, კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება დამაჯერებელი/სარწმუნო არგუმენტებითა და მტკიცებულებებით, მოპასუხემ ვერ შეძლო. საკასაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში. მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი, ასევე, დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპის ერთგვარი გამოხატულებაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავასა და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან. შესაგებლის შინაარსიდან უნდა მიხვდეს მოსამართლე, რომელია უდავო და რომელია სადავო მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება. შესაგებელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს შესაგებელი წარმოდგენილი აქვს, თუმცა, საგულისხმოა წარმოდგენილი შესაგებლის შინაარსობრივი მხარე. შესაგებლით მოპასუხე მიუთითებდა მხოლოდ იმაზე, რომ არ ცნობდა სარჩელს. მას დაზუსტებული შესაგებლით სასამართლოსთვის არ მიუმართავს და არათუ დასაშვები მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსთვის, არამედ, ისეთ გარემოებაზეც არ მიუთითებია, რაც მისი პოზიციის სისწორეს დაადასტურებდა და სასარჩელო მოთხოვნის განხორციელებას შეუშლიდა ხელს. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მოპასუხის არაკვალიფიციური შედავების შედეგად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებულად მიჩნევას.

19. პალატა მიუთითებს სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეზღუდული არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით ვერ განაცხადეს. ზემოაღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ მოპასუხე შეზღუდულია შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით და მას არ აქვს უფლება შემდგომში, საქმის არსებითად (მთავარ სხდომაზე) განხილვის დროს ან სააპელაციო და საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას სადავოდ გახადოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა თაობაზეც შესაგებელში მითითებული არ ჰქონია. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხე მხარე მხოლოდ იმას მიუთითებდა, რომ არ ცნობდა სარჩელს. მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები კი, თავისი პასიური მოქმედებით, პრაქტიკულად სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, სააპელაციო და შემდგომ უკვე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში მოპასუხემ დაკარგა სარჩელზე დართულ მტკიცებულებებზე შედავების საპროცესო უფლება, რის გამოც ვერ აბათილებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე კომპანია შპს „გ–იას“ შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა და მოვალის მიერ ვალდებულების ნაწილის შესრულების მიზნით, მოსარჩელეს გადაეცა სატრანსპორტო საშუალებები. ამდენად, იმ გარემოებასთან ერთობლიობაში შეფასებით, რომ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებდა სარჩელის საფუძვლიანობას.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით, სავსებით დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრებისას, მოპასუხემ ვერ დაძლია მასში ასახული მსჯელობა/დასკვნები და ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით.

21. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

22. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

24. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 475 ლარის 70% – 332.5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჯ.ლ–კის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. შპს „ჯ.ლ–კას“ (..........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 475 ლარის (საგადახდო დავალება N27310072947, გადახდის თარიღი 15.05.2025) 70% – 332.5 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

თეა ძიმისტარაშვილი