ას-1001-2025 08 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
კერძო საჩივრის ავტორები – ე.ქ–ძე, გ.ქ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საბანკო ნკრედიტის ხელშეკრულების შესრულება და უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „ს.ბ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ე.ქ–ძისა და გ.ქ–ძის (შემდეგში: მოპასუხეები, კერძო საჩივრის ავტორები) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
მოპასუხე ე.ქ–ძეს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2020 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით N3768680 სესხთან დაკავშირებით გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის წინაშე არსებული დავალიანების 33 521.21 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი შეადგენს 19 390.19 აშშ დოლარს, საპროცენტო სარგებელი 4027,10 აშშ დოლარს, ვალდებულებასთან დაკავშირებული საკომისიო 103,92 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 10 000 აშშ დოლარს.
მოპასუხე ე.ქ–ძეს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულებიდან (სესხის N3768680) გამომდინარე არსებულ დავალიანების ძირ თანხაზე - 19390.19 აშშ დოლარზე, წლიური 18%-ის გადახდა, რაც ყოვედღიურად შეადგენს 9.6 აშშ დოლარს, 20/10/2020 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (დავალიანების გადახდამდე).
მოპასუხე ე.ქ–ძეს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე (სესხის N3768680) ძირ თანახაზე 19390.19 აშშ დოლარზე და დარიცხულ პროცენტზე 4027.10 აშშ დოლარზე (ჯამში 23417.29 აშშ დოლარი) პირგასამტეხლოს გადახდა 0.05%-ის ოდენობით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 12 აშშ დოლარს, 20/10/2020 წ-დან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (დავალიანების დაფარვამდე).
მოპასუხე ე.ქ–ძეს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 20/10/20 წლის მდგომარეობით №5367717 სესხთან დაკავშირებით გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის წინაშე არსებული დავალიანების 6269.6 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი შეადგენს 3149.6 ლარს, საპროცენტო სარგებელი 1045.9 ლარს, ვალდებულებასთან დაკავშირებული საკომისიო 74.1 ლარს, პირგასამტეხლო 2000 ლარს.
მოპასუხე ე.ქ–ძეს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულებიდან (სესხის N 5367717) გამომდინარე არსებულ დავალიანების ძირ თანხაზე 3149.6 ლარზე, წლიური 30%-ის გადახდა, რაც ყოვედღიურად შეადგენს 2.6 ლარს. 20/10/2020 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (დავალიანების გადახდამდე).
მოპასუხე ე.ქ–ძეს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე (სესხის N5367717) ძირ თანახაზე 3149.6 ლარზე და დარიცხულ პროცენტზე 1045.9 ლარზე (ჯამში 4195.5 ლარი) პირგასამტეხლოს გადახდა 0.05%-ის ოდენობით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2 ლარს, 20/10/2020 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (დავალიანების დაფარვამდე).
სასარჩელო მოთხოვნებში მითითებული ფულადი ვალდებულებების შესრულების, ასევე მასთან დაკავშირებული ვალდებულებების (მათ შორის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული თანხების და სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების) მიზნით მოხდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების, მდებარე - ქ. ბათუმი, .......... (საკადასტრო კოდი: ........),იძულებით რეალიზაცია.
ამასთან, იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარავად, გადახდევინება მიექცეს (აღსრულება განხორციელდეს) მოპასუხე ე.ქ–ძის ნებისმიერ სხვა ქონებაზე.
მოპასუხე ე.ქ–ძეს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 20/10/20 წლის მდგომარეობით N4736260 სესხთან დაკავშირებით გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის წინაშე არსებული დავალიანების 3802.57 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი შეადგენს 1899.6 ლარს, საპროცენტო სარგებელი 283.21 ლარს, პირგასამტეხლო 1619.76 ლარს.
მოპასუხე ე.ქ–ძეს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 20/10/20 წლის მდგომარეობით N6760337 სესხთან დაკავშირებით გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის წინაშე არსებული დავალიანების 1948.18 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი შეადგენს 1333.29 ლარს, საპროცენტო სარგებელი 454.71 ლარს, პირგასამტეხლო 160.18 ლარს.
პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად;
1.1. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ე.ქ–ძეს და გ.ქ–ძეს სოლიდარულად დაეკისრათ სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ #3768680 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა 19390.16 აშშ დოლარი, პროცენტი - 4027.10 აშშ დოლარი, საკომისიო - 103.92 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 1000 აშშ დოლარი; ე.ქ–ძეს და გ.ქ–ძეს სოლიდარულად დაეკისრათ სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ #3768680 საკრედიტო ხელშეკრულების დავალიანების ძირ თანხაზე - 19390.19 აშშ დოლარზე, 20/10/2020 წლიდან, საპროცენტო სარგებელის წლიური 18%-ის ოდენობით გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 9.6 აშშ დოლარს, გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ე.ქ–ძეს დაეკისრა სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ #5367717 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა 3149.6 ლარი, პროცენტი-1045.9 ლარი, საკომისიო 74.1ლარი და პირგასამტეხლო 200 ლარი; ე.ქ–ძეს დაეკისრა სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ #5367717 საკრედიტო ხელშეკრულების დავალიანების ძირ თანხაზე - 3149.6 ლარზე, 20/10/2020 წლიდან, საპროცენტო სარგებელის წლიური 30%-ის ოდენობით გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2.6 ლარს, გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით დადგინდა მოპასუხეების საკუთრებაში რიცხული იპოთერკით დატვირთული ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი, .........., ბინა 16 ს/კ .........., რეალიზაცია. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი, სარეალიზაციოდ მიექცევა მოპასუხე ე.ქ–ძის ნებისმიერ სხვა ქონება; ე.ქ–ძეს დაეკისრა სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ #4736260 21 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა 1899.6 ლარი, პროცენტი-283.21ლარი, და პირგასამტეხლო 1619.76 ლარი; ე.ქ–ძეს დაეკისრა სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ #6760337 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა 1333.29 ლარი, პროცენტი - 454.71ლარი, და პირგასამტეხლო 160.18 ლარი.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მისი სრულად გაუქმება მოითხოვეს.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 04 მარტის განჩინებით ე.ქ–ძისა და გ.ქ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. აპელანტებს დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, ხარვეზის შევსების მიზნით: ა) წარმოედგინათ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშში მითითებული წესების დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების მითითებით, რომლის საფუძველზეც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, სადაც მითითებული იქნება კონკრეტულად რას მოითხოვს და რა ნაწილში ასაჩივრებს გადაწყვეტილებას. ასევე, იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს (იმდენი ასლის ოდენობით რამდენი მხარეც არის საქმეში); ბ) შესაბამის მტკიცებულებაზე დაყრდნობით დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა და ამ ღირებულების 4%-ის ოდენობით (არანაკლებ 150 ლარისა და არაუმეტეს 5000 ლარისა), სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
5. 2024 წლის 05 სექტემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მომართეს აპელანტებმა და მიუთითეს, რომ აპელანტი გ.ქ–ძე არის პენსიონერი და არ აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა. რაც შეეხება ე.ქ–ძეს, არის უმუშევარი, სურს ისარგებლოს სამართლიან სასამართლოს პრინციპით, ბოლომდე დაიცვას საკუთარი უფლებები და არ შეეზღუდოს მეორე ინსტანციით სარგებლობის უფლება გადახდისუუნარობის გამო. აღნიშნულის დასტურად აპელანტებმა წაადგინეს ცნობები შემოსავლების სამსახურიდან და ასევე პენსიონერის მოწმობის ასლი.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. ე.ქ–ძეს და გ.ქ–ძეს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა 10 დღით და დაევალათ შესაბამის მტკიცებულებაზე დაყრდნობით დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა და ამ ღირებულების 4%-ის ოდენობით (არანაკლებ 150 ლარისა და არაუმეტეს 5000 ლარისა), სახელმწიფო ბაჟის გადახდა. აპელანტებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მარტის განჩინებით ე.ქ–ძისა და გ.ქ–ძის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
7.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება, აპელანტებს გაეგზავნათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სააპელაციო საჩივარში, მათ მიერ მითითებულ ორივე მისამართზე (ქ. ბათუმი, ........; ალტ მის: ბათუმი .........), რამოდენიმეჯერ, თუმცა გზავნილი ადრესატებს არ ჩაჰბარდათ. მითითებული განჩინება მხარეებს გაეგზავნათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც.
7.2. პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.1-ე მუხლის შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ე.ქ–ძესა და გ.ქ–ძესათვის ჩაბარებულად ითვლებოდა 2025 წლის 21 თებერვალს (ე.ქ–ძესა და გ.ქ–ძესათან კურიერის ვიზიტის თარიღია 2025 წლის 21 თებერვალი), რომლის შესაბამისადაც აპელანტებს, ხარვეზის შევსებისათვის ვადა ჰქონდათ 2025 წლის 04 მარტის 24:00 საათამდე, რაც არ შეუვსიათ.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ე.ქ–ძემ და გ.ქ–ძემ, რომლებმაც მოითხოვეს აღნიშნული განჩინების გაუქმება.
8.1. კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. ე. და გ.ქ–ძეები აღნიშნავენ, რომ მათთვის გაუგებარია რატომ ვერ ჩაბარდა გზავნილი ადრესატებს, მაშინ, როდესაც სხვა გზავნილები უპრობლემოდ ბარდებოდათ.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით ე.ქ–ძისა და გ.ქ–ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს; სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება წარმოადგენს. კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ მათთვის გაუგებარია რატომ ვერ ჩაბარდა გზავნილი ადრესატებს, მაშინ, როდესაც სხვა გზავნილები უპრობლემოდ ბარდებოდათ.
14. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
15. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი საპროცესო მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი - სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
16. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორებს მათი პრეტენზიის პასუხად მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაშიც. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ადგენს, რომ, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე. ასეთ შემთხვევაში კორესპონდენცია ჩაბარებულად ითვლება. შესაბამისად, პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სასამართლო უწყება თუ გზავნილი გაუგზავნოს როგორც უშუალოდ მხარეს, ისე მის წარმომადგენელს, ასევე, გზავნილი გააგზავნოს აღნიშნულ პირთა მიერ საქმეში მითითებული მისამართებიდან ნებისმიერზე, საკუთარი შეხედულებით. აღნიშნული იმითაცაა განპირობებული, რომ მხარე ვალდებულია, მიუთითოს ისეთი მისამართი, სადაც მისთვის სასამართლო კორესპონდენციის მიღება ხელმისაწვდომი იქნება. სასამართლო უწყება/გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი მხარეს ან მის წარმომადგენელს გაეგზავნა მათ მიერ მითითებულ მისამართზე ორჯერ მაინც (იხ. სუსგ Nას-208-2022, 29.04.2022წ).
17. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ე. და გ.ქ–ძეებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა სააპელაციო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღი ვადაში შესაბამის მტკიცებულებაზე დაყრდნობით დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა და ამ ღირებულების 4%-ის ოდენობით (არანაკლებ 150 ლარისა და არაუმეტეს 5000 ლარისა), სახელმწიფო ბაჟის გადახდა. აპელანტებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. აპელანტებს განჩინება მათ მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართებზე (ქ. ბათუმი, .........., ბ. 1; ქ. ბათუმი, ..........) გაეგზავნათ რამდენიმეჯერ, თუმცა, როგორც საქმეში წარმოდგენილი უკუგზავნილებიდან ირკვევა, ადრესატებისათვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. უკუგზავნილებში მითითებულია, რომ მისამართი, ქ. ბათუმი, ......... ქ. N39 არასრულია და მდებარეობს კორპუსი, ხოლო მეორე მისამართზე (ქ. ბათუმი, ..........) არავინ იყო და კურიერმა დატოვა შეტყობინება. სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტებს დამატებით ასევე გაეგზავნათ მათ საქმეში არსებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზეც - e..@mail.ru, სწორედ აღნიშნულ ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზანათ აპელანტებს ხარვეზის დადგენის შესახებ 2024 წლის 04 მარტის განჩინება, რის შემდგომაც ადრესატებმა განახორციელეს შესაბამისი საპროცესო მოქმედება.
18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 70-ე, 71-ე და 73-ე მუხლებით დადგენილი წესით გაუგზავნა აპელანტ მხარეს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე განჩინება და იგი მხარისათვის ჩაბარებულად მართებულად მიიჩნია სსსკ-ის 71-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში) შესაბამისად, რამეთუ, მხარის მიერ მითითებულ მისამართზე გზავნილის გაგზავნა, მოხმობილი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო კორესპონდენციის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარებად განიხილება.
19. მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა სსსკ-ის მე-60 მუხლის 2-ე ნაწილის (წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი) თანახმად, დაიწყო 2025 წლის 22 თებერვალს (21 თებერვლიდან - აპელანტების მიერ მითითებულ მისამართზე ბოლო გზავნილის მიტანის მომდევნო დღიდან). აღნიშნული დღიდან 10 დღის განმავლობაში და არც მოგვიანებით აპელანტებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სააპელაციო სასამართლოსთვის, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი კანონიერად დარჩა განუხილველად.
20. კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზია ასევე შეეხება სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვას, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. 21. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე (სუსგ-ებს: N ას-619-619-2018, 12.09.2018წ; Nას-1397-2019, 21.11.2019 წ.).
22. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, გარანტირებულია პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით კი, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით, სახელმწიფო რეგულირებას ექვემდებარება. რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ.: Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (იხ. სუსგ Nას-1615-2019, 14.01.2020წ). ამდენად, საკასაციო სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ სასამართლოს გზავნილი აპელანტებს ჩაჰბარდათ კანონით დადგენილი წესით, იმ მისამართზე, რომელიც თავად დაასახელეს. შესაბამისად, აპელანტი მხარე ვალდებული იყო დადგენილ ვადაში შეევსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, რაც მას არ განუხორციელებია.
23. პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ქ–ძისა და გ.ქ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მარტის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი