Facebook Twitter

№ას-1056-2025 08 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი

კასატორი – სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ-ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ნ-ას“ (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ, 15964.76 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი შპს „ნ-ას“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სასარგებლოდ დაეკისრა შემცირებული პირგასამტეხლოს - 6447.30 ლარის გადახდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ნ-ს“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „ნ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3046.74 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. 2021 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „ნ-ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N39, კონსოლიდირებული ტენდერი MIA 5 20 02385541. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შსს აკადემიის შენობების: სასწავლო-ადმინისტრაციული შენობის და კომპიუტერული ცენტრის შენობის, ფასადების სარემონტო სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულად განისაზღვრა 317 777 ლარი. ხელშეკრულების 8.3 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. ხელშეკრულებაში 2021 წლის 13 იანვრის შეთანხმების ოქმით შევიდა ცვლილება და სამუშაოს მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 115 კალენდარული დღე; 2021 წლის 30 დეკემბრის N6 შეთანხმებით ხელშეკრულების ღირებულება შემცირდა 307 014.71 ლარამდე.

6.2. 2021 წლის 15 მარტს შპს „ნ-მ“ აცნობა საქართველოს შსს აკადემიას, რომ N39 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებულია. 2021 წლის 23 მარტს მხარეთა შორის შედგა სამუშაოების დასრულების შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი N39-3; 2021 წლის 26 მარტს შპს „ნ-მ“ წერილით მიმართა საქართველოს შსს აკადემიას და წარუდგინა შპს „ზ. და კ–ას“ მიერ შედგენილი ინპექტირების ანგარიში; სამუშაოს დასრულების შესახებ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი მხარეთა შორის გაფორმდა 2021 წლის 29 მარტს. აღნიშნული აქტის თანახმად, 2020 წლის 7 ოქტომბერს გაფორმებული N39 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, შპს „ნ–ს“ მიერ შესრულდა N1 და N2 დანართებით გათვალისწინებული სამუშაოები.

6.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის 26 დეკემბრის პატაკით შპს „ნ–ს“ ეცნობა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულდა 42 კალენდარული დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების 8.3 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების ღირებულების 0.1% ყოველ გადაცილებულ დღეზე, რაც ჯამში შეადგენდა 12 894.61 ლარს. აღნიშნული შინაარსის წერილი შპს „ნ–ს“ გაეგზავნა 2024 წლის 9 იანვარს. 2024 წლის 30 აპრილის სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა და მიუთითა, რომ ვადაგადაცილებამ შეადგინა 52 დღე. შესაბამისად, დაკორექტირდა პირგასამტეხლოს ოდენობა და განსაზღვრა 15 964.76 ლარით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

6.4. ვინაიდან აპელანტი მხარე სადავოდ ხდიდა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ამ საკითხზე სასამართლო პრაქტიკის მიხედვით და მიუთითა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე განმარტავდა რომ ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო 115 დღეში ანუ არაუგვიანეს 2021 წლის 30 იანვრისა. სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილი იყო 2024 წლის 6 თებერვალს, ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის დარღვევით. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს და აღნიშნა, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა 2021 წლის 15 მარტს. შესაბამისად, ხანდაზმულობის ძველი ვადა, რომელიც დაიწყო 2021 წლის 31 იანვარს, შეწყდა 2021 წლის 15 მარტს შესრულებით და დაიწყო მისი ხელახალი ათვლა. სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2024 წლის 6 თებერვალს. ამდენად, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა იყო დაცული.

6.5. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხეზე დაკისრებული პირგასამტეხლო კიდევ უფრო უნდა შემცირებულიყო და მოპასუხე მხარეს უნდა დაკისრებოდა 3046.74 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ; პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობად უნდა განსაზღვრულიყო არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების - 307 014.71 ლარის 0.1%, არამედ შეუსრულებელი ვალდებულების - 58591 ლარის 0.1%.

6.6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გაანგარიშებასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად: ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან... პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო იყო გონივრული და სრულად შეესაბამებოდა მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ (6447.30 ლარის ოდენობით) დაკმაყოფილება.

8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და უხეშად ჩაერია სამოქალაქო სამართალში არსებულ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპში. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარე გაცნობიერებულად დასთანხმდა კონკრეტული ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდას, რაც არ ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას.

8.2. კასატორი მიიჩნევს რომ სასამართლომ ასევე თანხობრივად არასწორად გამოთვალა შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობა და შესაბამისად, არასწორი ოდენობით დააკისრა მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა, ვინაიდან ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებელი ვალდებულება შეადგენს 60542.78 ლარს და არა 58591 ლარს.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

15. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია უშუალოდ იმ გარემოებას შეეხება, რომ მოპასუხე წინასწარ, გაცნობიერებულად დათანხმდა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით გადახდას, რის გამოც სასამართლო არ იყო უფლებამოსილი შეემცირებინა მოთხოვნილი პირგასამტეხლო. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ მართალია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება არის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში (ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება) და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, შეამციროს იგი (იხ. ს. ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800).

16. სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) იმპერატიულია და მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო, თუნდაც დაადგინოს პირგასამტეხლოს გამოთვლის უსამართლო წესი. ასეთ შემთხვევაში, მართალია კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა (მისი გამოანგარიშების მეთოდის მიუხედავად) და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე, თუმცა, პალატა მიიჩნევს, რომ როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში, უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა.

17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი და ამ მხრივ საყურადღებოა ის გარემოება, რომ მიუხედავად სახელშეკრულებო ვალდებულების მხოლოდ ნაწილობრივ დარღვევისა, მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს გაანგარიშების ბაზას წარმოადგენდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება და არა ვადაში შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობა.

18. ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, სადაც განმარტებულია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას. დაუშვებელია, პირგასამტეხლო მხარეს ეკისრებოდეს იმ ვალდებულების პროპორციული ღირებულებიდანაც, რომელიც მან ჯეროვნად შეასრულა. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობიდან (იხ. სუსგ. №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016).

19. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მართებულად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 58591 ლარს (აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის), ხოლო ის გარემოება, რომ ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 52 დღე, მხარეთა შორის სადავო არ ყოფილდა. ამდენად, დგინდება, რომ მოპასუხის მიერ არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობა ხელშეკრულების საერთო ღირებულებაზე (307014.71 ლარი) გაცილებით ნაკლებია. პალატა განმარტავს, რომ კრედიტორს ხელშეკრულების დადების, ან სულ მცირე, პირგასამტეხლოს გაანგარიშების ეტაპზე რომ გაეთვალისწინებინა სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა პირგასამტეხლოს დარღვეული ვალდებულების ღირებულებიდან გამოთვლის შესახებ, აკუმულირებული პირგასამტეხლოს ოდენობა სასარჩელო მოთხოვნასთან შედარებით ბევრად მცირე იქნებოდა, რაც სწორედ მის არაგონივრულად მაღალ ოდენობაზე მეტყველებს. აღნიშნული კი, ეწინააღმდეგება კრედიტორისა და მოვალის ინტერესების სამართლიანად დაბალანსების სახელშეკრულებო მიზანს და დარღვეული წონასწორობის აღდგენისათვის, წარმოშობს მხარეთა ნების თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევის საფუძველს. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან აკუმულირებული პირგასამტეხლოს მოცულობა, როდესაც დარღვეულია ვალდებულების მხოლოდ ნაწილი, სანქციას იმთავითვე სძენს არაგონივრულად მკაცრი პასუხისმგებლობის შინაარსს, რა დროსაც, სასამართლოს ვალია, აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირგასამტეხლოს სამართლიან საწყისებთან შესაბამისობაში მოყვანის გზით.

20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

21. დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.

23. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს სასამართლოს მიერ არაგონივრულ ოდენობამდე შემცირების მტკიცების ტვირთი კასატორს ეკისრებოდა, რომელმაც სასამართლოს წინაშე დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, რომელიც პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა, ვერ წარმოადგინა.

24. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

25. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

26. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

27. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

29. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

თეა ძიმისტარაშვილი