№ას-1264-2025 08 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
საჩივრის ავტორი – ო.ო–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.კ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით ო.ო–ის (მ.ო–ის უფლებამონაცვლე) სარჩელი დაკმაყოფილდა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გაუქმდა 2015 წლის 18 იანვარს შპს „ა–ის“ და მ.ო–ს შორის დადებული აღნაგობის ძირითადი ხელშეკრულება, უძრავი ქონების გაცვლის/ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება და უძრავი ქონების ნასყიდობის/სანაცვლო ვალდებულების დადგენის შესახებ ხელშეკრულება. ყადაღისაგან გათავისუფლდა აღსრულების ეროვნული ბიუროს NA20004223, NA19210279, N A19187795, N A19176291, N A19129592, N A19128312, N A19104753, NA191102467, N A190943588 მიმართვის საფუძველზე დაყადაღებული უძრავი ქონება,მდებარე: ქ. თბილისი, ........, ფართი 162.37 კვ.მ, საკადასტრო კოდი .......... უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, .........., ფ 162,37 კვ.მ, ს/კ ........ ნაწილში, გაუქმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რეესტრის N170938047, დამოწმების თარიღი 17/08/2017, იპოთეკარი თ.კ–ძე (კ.კ–ძის და დ.დ–ძის უფლებამონაცვლე). უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისის, ......, ფ 162,37 კვ.მ, ს/კ ........ მესაკუთრედ ცნობილი იქნა ო.ო–ი (მ.ო–ის უფლებამონაცვლე).
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა თ.კ–ძემ.
3. 2025 წლის 08 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. შუამდგომლობის შინაარსი 2025 წლის 11 აგვისტოს დააზუსტა განმცხადებელმა და განმარტა, რომ სადავო ქონების მიმართ მიმდინარე იძულებითი აღსრულება ქონების რეალიზაციის გარდაუვალ საფრთხეს მოასწავებს და თუ იგი აუქციონზე რეალიზაციას დაექვემდებარება, წინამდებარე სარჩელის განხილვა აზრს დაკარგავს, რადგან აუქციონზე მონაწილე სუბიექტი, რომელიც რელიზაციას დაქვემდებარებულ ქონებას შეიძენს, გარანტირებულად იქნება დაცული, შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება ვერ დაექვემდებარება აღსრულებას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 აგვისტოს განჩინებით, ო.ო–ის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
5. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა განმცხადებლის (მოსარჩელის) წარმომადგენელმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
5.1. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც სარჩელი დაკმაყოფილდა, მისთვის გაუგებარია, რა კავშირი აქვს სამართლიანი ბალანსის დაცვას. მინიმუმ იმ დროით, ვიდრე ეს შედეგი ძალაშია, თუ ვინმეს ინტერესი უნდა იქნას გათვალისწინებული, ეს მოსარჩელეა, რადგან საქმის განხილვის შედეგად მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რომელიც აღსრულებადი უნდა იყოს, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა კი, ეჭვგარეშე გამორიცხავს მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ო.ო–ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 აგვისტოს განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
6.1. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დავის არსებითად გადაწყვეტამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოდავე მხარეთა ინტერესებს შორის ბალანსის დაცვა. პალატამ განმარტა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის ადეკვატური. დაუშვებელია უზრუნველყოფის ღონისძიებით მოწინააღმდეგე მხარის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამ კუთხით არათანაბარ პირობებში ჩაყენება. შესაბამისად, აუცილებელია, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე დაბალანსებული იყოს უფლებრივი მდგომარეობა და გამოყენებული იქნას იმგვარი სახის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც მართებულად შეზღუდავს პირის უფლებას და გავლენას არ მოახდენს მესამე პირების ინტერესებზე. მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს ორივე მხარის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. რომ უზრუნველყოფის ღონისძიების შერჩევისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დაწესებული აკრძალვის სამართლებრივი შედეგი, რათა გაუმართლებლი არ აღმოჩნდეს დამდგარი რეზულტატი. კონკრეტული უფლების შეზღუდვის დროს, როგორც უკვე აღინიშნა დაცული უნდა იყოს სამართლიანობის ბალანსი, რადგან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება - შერჩეულ საგანზე, ყოველთვის იწვევს განსხვავებული შედეგების დადგომას მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე და მოქმედების არეალიც (ფართო/ვიწრო) განსხვავებულია. შესაბამისად, მისი გამოყენება უნდა მოხდეს, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ის უალტერნატივოა იმ სიკეთის დასაცავად, რომლის დაცვის მიზნითაც გამოყენებულია იგი. ამასთან, დავის არსებითად განხილვამდე, სამართლიანობის აღდგენის გარდა, სასამართლოს ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი.
6.2. პალატამ განმარტა, რომ საჩივარში მითითებული ფაქტები გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლის თავიდან აცილების შესახებ, არ შეიძლებოდა ავტომატურ რეჟიმში ქცეულიყო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების უპირობო გარემოებად.
6.3. სააპელაციო სასამართლომ მიინია, რომ წარმოდგენილი საჩივრით მოთხოვნის საპროცესო სამართლებრივი საშუალებით უზრუნველყოფის საჭიროება არ იკვეთებოდა, რის გამოც არ არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. სსსკ-ის 1971 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას.
9. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
10. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე მოსარჩელის განცხადებაზე უარის თქმის კანონიერება. მოსარჩელე (განმცხადებელი) მოითხოვს სადავო ქონების მიმართ მიმდინარე იძულებითი აღსრულების შეჩერებას.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო იმ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხს, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული არ არის, განიხილავს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად.
12. სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ქონების რეალიზაციის შეჩერება, თუმცა უზრუნველყოფის ღონისძიების ამ სახის გამოყენებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) დავა, რომლის გამოც უზრუნველყოფის ზომად ქონების რეალიზაციის შეჩერება გამოიყენება, აღძრული უნდა იყოს ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების თაობაზე და ბ) სახეზე არ უნდა იყოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა (იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე). გარდა ამისა, სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერებას ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ან, რომლებზეც შეტანილია განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩლის წარდგენისას, რომელზედაც მიქცეულია გადახდა - სადავო ქონებაზე აღსრულების ნაწილში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.
14. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ სახეზე არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.
15. განსახილველ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ საკითხი შეეხება სხვა დავის ფარგლებში არსებული კრედიტორის ინტერესებს, რომლის უფლება იზღუდება, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში. შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც უნდა მიექცეს ყურადღება, მხარეთა ინტერესებს შორის ბალანსის დაცვას.
16. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სადავო საკითხზე და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის ადეკვატური. დაუშვებელია უზრუნველყოფის ღონისძიებით მოწინააღმდეგე მხარის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამ კუთხით არათანაბარ პირობებში ჩაყენება. შესაბამისად, აუცილებელია, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე დაბალანსებული იყოს უფლებრივი მდგომარეობა და გამოყენებული იქნას იმგვარი სახის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც მართებულად შეზღუდავს პირის უფლებას და გავლენას არ მოახდენს მესამე პირების ინტერესებზე. მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს ორივე მხარის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება მოთხოვნის პროპორციული უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. უზრუნველყოფის ღონისძიების შერჩევისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დაწესებული აკრძალვის სამართლებრივი შედეგი, რათა გაუმართლებლი არ აღმოჩნდეს დამდგარი რეზულტატი. კონკრეტული უფლების შეზღუდვის დროს, დაცული უნდა იყოს სამართლიანობის ბალანსი. მისი გამოყენება უნდა მოხდეს, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ის უალტერნატივოა იმ სიკეთის დასაცავად, რომლის დაცვის მიზნითაც გამოყენებულია იგი. ამასთან, დავის არსებითად განხილვამდე, სამართლიანობის აღდგენის გარდა, სასამართლოს ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნებისა და ამ ინსტიტუტის დანიშნულებაზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს, რაც ასახულია წინამდებარე განჩინებაში, სავსებით იზიარებს საკასაციო სასამართლო და დამატებით აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი მსჯელობა უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას შეესაბამება (იხ. სუსგ: Nას-975-939-2016, 26.10.2016წ.).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო.ო–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი