№ა-3096-შ-83-2025 09 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
შუამდგომლობის ავტორი – შპს „დ.ხ.კ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „პ.ი–ი“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე - ლვოვის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2023 წლის 9 მაისის №914/780/22 გადაწყვეტილება და ლვოვის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის №914/780/22 დამატებითი გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „დ.ხ–სა“ (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი, გამყიდველი ან მოსარჩელე) და შპს „პ.ი–ს“ (შემდეგში: მყიდველი, მოწინააღმდეგე მხარე) შორის 2018 წლის 14 მაისს დაიდო მიწოდების ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, გამყიდველი ვალდებული იყო მყიდველისთვის მიეწოდებინა გაყინული ხორცი, სუბპროდუქტები, ტყავის ნედლეული, ხოლო, მყიდველი ვალდებული იყო მიეღო პროდუქცია და გადაეხადა საფასური.
2. ლვოვის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2023 წლის 9 მაისის №914/780/22 გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 382 703.56 აშშ დოლარისა და 167 939.33 გრივნის გადახდა. იმავე სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლო ხარჯების განაწილების შესახებ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 50 008.83 გრივნა პროფესიული იურიდიული დახმარებისთვის, ხოლო 20 070 გრივნა დოკუმენტების თარგმნისთვის და მათი ნოტარიულად დამოწმებისთვის.
3. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შპს „დ.ხ.კ–ის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა უკრაინის, ლვოვის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2023 წლის 9 მაისის №914/780/22 გადაწყვეტილებისა და ლვოვის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის №914/780/22 დამატებითი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
4. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 04 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.
4.1. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს - შპს „პ.ი–ს“ გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
4.2. 2025 წლის 06 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს მომართა შპს „პ.ი–ის“ დირექტორმა და მიუთითა, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს იმ საფუძვლით, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება შპს „პ.ი–ის“ სათანადო ინფორმირება უკრაინის სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უკრაინის, ლვოვის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2023 წლის 9 მაისის №914/780/22 გადაწყვეტილებისა და ლვოვის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის №914/780/22 დამატებითი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქმის მასალებით დგინდება, რომ უკრაინის, ლვოვის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2023 წლის 9 მაისის №914/780/22 გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 382 703.56 აშშ დოლარისა და 167 939.33 გრივნის გადახდა. იმავე სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლო ხარჯების განაწილების შესახებ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 50 008.83 გრივნა პროფესიული იურიდიული დახმარებისთვის, ხოლო 20 070 გრივნა დოკუმენტების თარგმნისთვის და მათი ნოტარიულად დამოწმებისთვის.
7. საქმეში წარმოდგენილი მასალებით ასევე დგინდება, რომ უკრაინის, ლვოვის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2023 წლის 9 მაისის №914/780/22 გადაწყვეტილება და ლვოვის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის №914/780/22 დამატებითი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული; მოპასუხე (მოწინააღმდეგე მხარე) ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე; გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიაზე სრულად არ აღსრულებულა და მოწინააღმდეგე მხარე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა - აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებულია ხელშეკრულება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ (ძალაშია 1996 წლის 6 დეკემბრიდან).
10. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ. კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.
11. გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საწინააღმდეგოდ მოპასუხე უთითებს, რომ იგი უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ საქმის განხილვაზე მიწვეული არ ყოფილა, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ მოპასუხე ჯეროვნად და სათანადო წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილის, დროის, მხარეებისა და დავის საგნის შესახებ, ამ გარემოების გაქარწყლება კი მოპასუხის ტვირთია. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი შეტყობინებით დოკუმენტის გადაცემის შესახებ, დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს N14550 მიმართვის საფუძველზე შესრულდა დავალება დოკუმენტების გადაცემის შესახებ და შპს „პ.ი–ის“ დირექტორს - გ.თ–ს 2022 წლის 29 დეკემბერს ჩაჰბარდა დოკუმენტაცია 355 ფურცლად.
13. სასამართლო აქტის მაღალი ლეგიტიმაციიდან გამომდინარე, მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის მითითება, რომ იგი არ იყო სათანადოდ ინფორმირებული ურკაინაში საქმის განხილვის შესახებ, არასაკმარისი მტკიცებულებაა. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაქარწყლებას დასაბუთებული მტკიცებულება სჭირდება. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას, როდესაც შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიცავს მკაფიო მითითებას კანონით დადგენილი წესით მოპასუხის ინფორმირების თაობაზე, მოპასუხეა ვალდებული ამტკიცოს, რომ მას არ მიუღია მონაწილეობა საქმის განხილვაში, იმის გამო, რომ კანონით დადგენილი წესით არ გადასცეს უწყება სასამართლოში გამოძახების შესახებ (სუსგ №ა-4330-შ-121-2016, 26.02.2018წ.). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს რაიმე მტკიცებულება, თავისი პოზიციის დასადასტურებლად და შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებების გასაბათილებლად, არ წარმოუდგენია (შდრ. სუსგ №ა-3680-შ-85-2020, 04.06.2021წ; №ა-4687-შ-141-2021, 29.09.2022წ.). შესაბამისად, გადაწყვეტილების ცნობასა და აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება შუამდგომლობაზე წარმოდგენილ შესაგებელში დაფიქსირებული პოზიცია.
14. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან, არ არსებობს ამავე კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს). შუამდგომლობა აკმაყოფილებს საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებსაც და არც ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-2 (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს) პუნქტით უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ განიხილა შუამდგომლობა ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში და მიიჩნევს, რომ კონვენციით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაცულია, შესაბამისად, უკრაინის, ლვოვის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2023 წლის 9 მაისის №914/780/22 გადაწყვეტილება და ლვოვის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის №914/780/22 დამატებითი გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე უნდა მიექცეს აღსასრულებლად, უკრაინის, ლვოვის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2023 წლის 9 მაისის №914/780/22 გადაწყვეტილება მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 382 703.56 აშშ დოლარისა და 167 939.33 გრივნის დაკისრების შესახებ და ამავე სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის დამატებითი გადაწყვეტილება მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 50 008.83 გრივნისა (პროფესიული იურიდიული დახმარებისთვის) და 20 070 გრივნის (დოკუმენტების თარგმნისთვის და მათი ნოტარიულად დამოწმებისთვის) დაკისრების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერობის შესახებ“ კონვენციის 51-ე, 53-ე, 55-ე მუხლებით, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „დ.ხ.კ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს უკრაინის, ლვოვის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2023 წლის 9 მაისის №914/780/22 გადაწყვეტილება და ლვოვის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის №914/780/22 დამატებითი გადაწყვეტილება.
3. საქართველოს ტერიტორიაზე მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის, ლვოვის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2023 წლის 9 მაისის №914/780/22 გადაწყვეტილება მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 382 703.56 აშშ დოლარისა და 167 939.33 გრივნის დაკისრების შესახებ და ამავე სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის დამატებითი გადაწყვეტილება მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 50 008.83 გრივნისა (პროფესიული იურიდიული დახმარებისთვის) და 20 070 გრივნის (დოკუმენტების თარგმნისთვის და მათი ნოტარიულად დამოწმებისთვის) დაკისრების შესახებ.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი