ბს-1123-1074(კ-07) 4 ივნისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ა. კ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.07წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. კ.-მ სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და !. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 15 დეკემბრის ¹207 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა, 2. სამსახურში აღდგენა, 3. იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 4. 2002-2003 წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების 721.59 ლარის და 2002 წლის 9 თვის ხელფასის 85 ლარის ანაზღაურება, 5. კადრების განკარგულებაში ყოფნის 2 თვის კომპენსაციის 250 ლარის ანაზღაურება, 6. 2004 წლის 12 ივლისიდან 5 ოქტომბრამდე სამი თვის ხელფასის მომატებული ტარიფით, თვეში 350 ლარის ოდენობით ანაზღაურება (სულ 1050 ლარი), 7. დათხოვნის ბრძანების თარიღში შესწორების შეტანა, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე მუშაობდა არა 2004 წლის 12 ივლისამდე, არამედ 2004 წლის 5 ოქტომბრამდე, 8. 2001 წლის ოქტომბრიდან - 2004 წლის ოქტომბრამდე პერიოდის 3 წლიან უწყვეტ სტაჟად ჩათვალა და 9. სპეციალური წოდების ,,პოლიციის მაიორის” მინიჭება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით ა. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 15 დეკემბრის ¹2047 პ/შ ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი დასაბუთებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, სადაც გამოკვლეული იქნებოდა ასევე მოსარჩელისთვის 2001 წლის ოქტომბრიდან 2004 წლის ოქტომბრამდე 3 წლიანი სტაჟის ჩათვლისა და სპეციალური წოდების მინიჭების საკითხი. დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში და მოპასუხეს დაეკისრა ა. კ.-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 721.59 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა შემდეგი მოსაზრებებით:
სადავო ბრძანებას საფუძვლად დაედო ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებების 67-ე მუხლის ,,ე” პუნქტი, რომლის თანახმად, უმცროს, უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის პირები შს ორგანოებიდან შეიძლებოდა დაეთხოვათ სამხედრო ძალების თადარიგში შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, სამსახურში გამოყენების შეუძლებლობის გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხსენებული მუხლი თავისი ხასიათით წარმოადგენდა დისპოზიციურ ნორმას, რომლის გამოსაყენებლად კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მისაღებად მინიჭებული ჰქონდა დისკრეციული უფლებამოსილება. სასამართლოს აზრით, აღნიშნულ ურთიერთობებზე უნდა გავრცელებულიყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97.2 მუხლის 2006 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია, რომლის თანახმად, მოხელე არ შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, თუ იგი თანახმა იყო დაენიშნათ სხვა თანამდებობაზე. აქედან გამომდინარე, რეორგანიზაციის დროს მოხელის გათავისუფლება დასაშვები იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა შტატების შემცირებას, იმ პირობით, თუ მოხელისათვის შეთავაზებული იქნებოდა შესაბამისი თანამდებობა აღნიშნულ დაწესებულებაში მოხელეთა უპირატესი დარჩენის საკითხის გათვალისწინებით და ამის შემდგომ გამოვლინდებოდა, რომ დაწესებულებაში არ არსებობდა შესაბამისი ვაკანსია ან მოხელეს არ ჰქონდა შემოთავაზებული თანამდებობის დაკავების სურვილი, რაც უნდა ასახულიყო მოხელის გათავისუფლების შესახებ ბრძანების დასაბუთებულ ნაწილში. ამდენად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, რეორგანიზაცია შტატების შემცირების გზით გამორიცხავდა მოხელის უპირობო გათავისუფლებას.
სასამართლოს აზრით, საფუძვლიანი იყო მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების, 721.59 ლარის ანაზღაურების ნაწილშიც. საქართევლოს შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს მისი დათხოვნისას დაწესებულებისაგან კუთვნილი მთელი თანხა მიეცემოდა დათხოვნის დღეს. ამ მუხლის საფუძველზე მოსარჩელეს აღნიშნული თანხის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა მაშინ, როდესაც გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის, 2001 წლის ოქტომბრიდან 2004 წლის ოქტომბრამდე პერიოდის 3 წლიან უწყვეტ სტაჟად ჩათვლისა და სპეციალური წოდების ,,პოლიციის მაიორის” მინიჭების საფუძვლიანობის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ემსჯელა ახალი დასაბუთებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან ერთად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. კ.-მ, აპელანტმა მოითხოვა: 1. იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2004 წლის 12 ოქტომბრიდან სამსახურში აღდგენამდე; 2. დათხოვნის ბრძანების ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ: 2004 წლის 12 ოქტომბრის მითითება 12 ივლისის ნაცვლად და განაცდურის ანაზღაურება 2004 წლის 12 ნოემბრიდან, ასევე აღნიშნული 3 თვის ხელფასის ანაზღაურება თვეში 350 ლარის ოდენობით; 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალება აპელანტისათვის ჩაეთვალა ზემდგომი სპეციალური წოდების 3 წლიანი სტაჟი 2001 წლის ოქტომბრიდან უწყვეტად, წელთა ნამსახურობის პროცენტული გადახდა 200 ლარის ოდენობით და ყველა ზემოაღნიშნულ ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.07წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც არ იქნა განხილული ა. კ.-ის მოთხოვნები: იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ; 2004 წლის 12 ივლისიდან 12 ოქტომბრამდე _ თვეში 350 ლარის ანაზღაურების შესახებ; 7 წლის მანძილზე წელთა ნამსახურობის, პროცენტული დანამატის _ 200 ლარის ანაზღაურების შესახებ და აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნათა ნაწილში ა. კ.-ის სარჩელი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ა. კ.-ის მიერ დანარჩენ გასაჩივრებულ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქალაქო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სადაო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი, რომელიც შტატების შემცირების შემთხვევაში ითვალისწინებდა გარკვეული კატეგორიის მუშაკებისათვის სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ “პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონი სპეციალურად აწესრიგებს შს სამინისტროს სისტემაში მომუშავე მუშაკების სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებსა და წესს, შესაბამისად, არ არსებობს სასამართლოს მიერ აღნიშნულ საკითხზე შრომის კანონთა კოდექსის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. საპოლიციო საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შტატების შემცირების შემთხვევაში შს სამინისტროს უფლებამოსილ პირებს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება თავისი გადაწყვეტილებით შს სამინისტროს რიგებიდან უპირობოდ დაითხოვოს პილიციელი. (სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზეც, კერძოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 12.06.07წ. ¹ბს-146-157 (კ-07) განჩინებაზე).
მოცემული დავის გადაწყვეტისას, სასამართლოს აზრით, არ უნდა იქნეს გამოყენებული "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97.2 მუხლი, რომლის თანახმად, მოხელე არ შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან თუ იგი თანახმა იყო დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე. "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97.2 მუხლის მოქმედება ვრცელდებოდა საჯარო მოხელეებზე, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ა. კ.-ე იყო არა შტატში მყოფი თანამშრომელი _ საჯარო მოხელე, არამედ კადრების განკარგულებაში მყოფი შტატგარეშე მოსამსახურე. ასეთ პირობებში კი, დაწესებულების ადმინისტრაციას არ გააჩნდა შტატგარეშე მოსამსახურისათვის სხვა, ალეტრნატიული თანამდებობის შეთავაზების ვალდებულება, რამდენადაც ამგვარი “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით შტატგარეშე მოსამსახურეთათვის დადგენილი არ იყო (სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზეც, კერძოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებაზე, საქმე ¹ბს-932-891(კ-06)).
სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქალაქო სასამართლოს თავად უნდა მიეღო გადაწყვეტილება 2001 წლის ოქტომბრიდან 2004 წლის ოქტომბრამდე 3 წლიან სტაჟში ჩათვლისა და სპეციალური წოდების მინიჭების სასარჩელო მოთხოვნებზე, სააპელაციო სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლოს არ დაურღვევია კანონი, როდესაც მან ხსენებული საკითხების გამოკვლევა დაავალა შს სამინისტროს ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემასთან ერთად, ვინაიდან, სწორედ, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი დასაბუთებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას უნდა გადაწყდეს ხსენებული საკითხებიც.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელია პროცესუალურად ჯერ კიდევ არსებულ შემდეგ სასარჩელო მოთხოვნებზე: მოპასუხისათვის 2004 წლის 12 ივლისიდან 12 ოქტომბრამდე 3 თვის ხელფასის _ თვეში 350 ლარის ანაზღაურების (სააპელაციო სასამართლოში აპელანტმა დააზუსტა მოთხოვნა და მიუთითა 12 ნოემბრამდე ხელფასის ანაზღაურებაზე) შესახებ; 7 წლის მანძილზე წელთა ნამსახურობის, პროცენტული დანამატის _ 200 ლარის ანაზღაურების შესახებ. ასევე, საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელია ა. კ.-ის სასარჩელო მოთხოვნაზე: იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ, რომელზეც მას უარი არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას განუცხადებია. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაბრუნებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. კ.-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობდა არსებითი დარღვევებით, კერძოდ მას სასამართლო სხდომაზე საშუალება არ მიეცა სრულად გამოეხატა თავისი მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. კასატორის აზრით, გარკვეული უზუსტობა არის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელს შორის. ა. კ.-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სამსახურში აღდგენას, შს სამინისტროსათვის 2004 წლის 12 ივლისიდან 2004 წლის 12 ნოემბრამდე 4 თვის ხელფასის, იმ დროს შესაბამისი ტარიფისთ: თვეში დაახლოებით 350 ლარის, გადახდის დავალებას, შემდგომი სპეციალური წოდების 3 წლიანი სტაჟის 2001 წლის ოქტომბრიდან 2004 წლის 12 ნოემბრამდე უწყვეტად ჩათვლის და 2004 წლის ოქტომბრის მდგომარეობით მორიგი სპეციალური წოდების “პოლიციის მაიორის” მინიჭების დავალებას, გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის ურთიერთშესაბამისობაში მოყვანას, დაუყოვნებლივ აღსრულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ა. კ.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. კ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.