№ა-3926-შ-97-2025 09 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
შუამდგომლობის ავტორი – შპს „პ.ლ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „E. T.“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე - ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმათის სპეციალიზებული რაიონთაშორისი ეკონომიკური სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის N 7527-24-00-2/6741 გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმათის სპეციალიზებული რაიონთაშორისი ეკონომიკური სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის N 7527-24-00-2/6741 გადაწყვეტილებით მოპასუხე შპს „E. T.-ს“ მოსარჩელე შპს „პ.ლ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 15,529 ევროს გადახდა. ასევე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 465,86 ევროს და 87 ევრო ცენტის ოდენობის ხარჯის გადახდა.
2. 2025 წლის 7 აგვისტოს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით შემოვიდა შპს „პ.ლ–ის“ შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმათის სპეციალიზებული რაიონთაშორისი ეკონომიკური სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის N 7527-24-00-2/6741 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 აგვისტოს განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.
3.1. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს - შპს „E. T.“ გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
3.2. 2025 წლის 07 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს მომართა შპს „E. T.-ის“ დირექტორმა და მიუთითა, რომ მხარეთა შორის არსებობს შეთანხმება დავალიანების ტრანშებად დაფარვის შესახებ. განმცხადებელმა ასევე წარმოადგინა მის მიერ მითითებული შეთანხმება დავალიანების ტრანშებად დაფარვის შესახებ და 500 ევროს გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმათის სპეციალიზებული რაიონთაშორისი ეკონომიკური სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის N 7527-24-00-2/6741 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქმის მასალებით დგინდება, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმათის სპეციალიზებული რაიონთაშორისი ეკონომიკური სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის N 7527-24-00-2/6741 გადაწყვეტილებით, მოპასუხე შპს „E. T.-ს“ მოსარჩელე შპს „პ.ლ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 15.529 ევროს გადახდა. ასევე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 465.86 ევროს და 87 ევრო ცენტის ოდენობის ხარჯის გადახდა.
7. საქმეში წარმოდგენილი მასალებით ასევე დგინდება, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმათის სპეციალიზებული რაიონთაშორისი ეკონომიკური სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის N 7527-24-00-2/6741 გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და არ აღსრულებულა. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა - აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ. კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.
11. მოწინააღმედეგე მხარე შპს „E. T.“ უთითებს, რომ მხარეთა შორის არსებობს შეთანხმება დავალიანების ტრანშებად დაფარვის შესახებ. განმცხადებელმა ასევე წარმოადგინა მის მიერ მითითებული შეთანხმება და 500 ევროს გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შეთანხმება არ წარმოადგენს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების ხელშემშლელ მტკიცებულებას. აღნიშნული დოკუმენტით დგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ დავალიანების ტრანშებად დაფარვაზე, შედგენილი გრაფიკის შესაბამისად, ხოლო შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში, შპს „პ.ლ–ი“ იტოვებს მიმართვის უფლებას გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებაზე. შეთანხმების თანახმად, მოპასუხე მხარეს პირველი ტრანში 500 ევროს ოდენობით უნდა განეხორციელებინა 2025 წლის 30 ივლისს. საქმეში წარმოდგენილი გადარიცხვის დამადასტურებელი ერთადერთი დოკუმენტით კი დასტურდება, რომ ტრანში განხორციელდა 2025 წლის 30 სექტემბერს.
13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან, არ არსებობს ამავე კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს). შუამდგომლობა აკმაყოფილებს საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებსაც და არც ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-2 (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს) პუნქტით უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ განიხილა შუამდგომლობა და მიიჩნევს, რომ კონვენციით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაცულია, შესაბამისად, ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმათის სპეციალიზებული რაიონთაშორისი ეკონომიკური სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის N 7527-24-00-2/6741 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე უნდა მიექცეს აღსასრულებლად, ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმათის სპეციალიზებული რაიონთაშორისი ეკონომიკური სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის N 7527-24-00-2/6741 გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე შპს „E. T.-ს“ მოსარჩელე შპს „პ.ლ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 15.529 ევროს გადახდა. ასევე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 465.86 ევროს და 87 ევრო ცენტის ოდენობის ხარჯის გადახდა. აღსრულება უნდა განხორციელდეს შპს „ე.ტ–ის“ მიერ უკვე გადახდილი 500 ევროს გათვალისწინებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერობის შესახებ“ კონვენციის 51-ე, 53-ე, 55-ე მუხლებით, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „პ.ლ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმათის სპეციალიზებული რაიონთაშორისი ეკონომიკური სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის N 7527-24-00-2/6741 გადაწყვეტილება.
3. საქართველოს ტერიტორიაზე მიექცეს აღსასრულებლად ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმათის სპეციალიზებული რაიონთაშორისი ეკონომიკური სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის N 7527-24-00-2/6741 გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე შპს „E. T.-ს“ მოსარჩელე შპს „პ.ლ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 15.529 ევროს გადახდა. ასევე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 465.86 ევროს და 87 ევრო ცენტის ოდენობის ხარჯის გადახდა. აღსრულება უნდა განხორციელდეს შპს „ე.ტ–ის“ მიერ უკვე გადახდილი 500 ევროს გათვალისწინებით.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი