საქმე № ას-555-2025 2 ოქტომბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს ,,ლ–ი’’ (აპელანტი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ბ.კ–ი’’ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს ,,ლ–ის’’ და სს ,,ბ.კ–ს’’ შორის 2022 წლის 17 მაისს დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, ასევე, საკრედიტო ხელშეკრულება. კრედიტის თანხის ოდენობა განისაზღვრა - 130 000 ლარით, საპროცენტო განაკვეთი - 26%-ით, კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 30,96%, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 36 თვე. პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,27%.
2. 2022 წლის 17 მაისს შპს ,,ლ–ის’’ და სს ,,ბ.კ–ს’’ შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ლ.ჯ–ის (მოსარჩელე მხარის დირექტორი) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ..........., ს/კ: ..........;
3. 2022 წლის 10 ნოემბერს, სს ,,ბ.კ–ის’’ მიმართვის საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად კრედიტორს წარმოადგენს სს ,,ბ.კ–ი’’, ხოლო, მოვალეს შპს ,,ლ–ი’’. აღსასრულებელ დოკუმენტად განისაზღვრა 2022 წლის 17 მაისის იპოთეკის ხელშეკრულება, სადაც მესაკუთრედ მითითებულია ლ.ჯ–ი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია; იპოთეკის საგანია უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისი, ............, ს/კ: .........;
4. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2022 წლის 09 ნოემბრის მდგომარეობით განისაზღვრა - 130 000 ლარით, პროცენტი - 7 685,37 ლარით, ხოლო, პირგასამტეხლო - 4 214,63 ლარით.
5. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
5.1. ნოტარიუს ქ.ტ–ის მიერ 2022 წლის 10 ნოემბერს გაცემულ N221542998 სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა და გადასახდელი თანხის შემცირება პროცენტის ნაწილში - 7 685 ლარიდან - 3 842 ლარამდე, ხოლო, პირგასამტეხლოს ნაწილში - 4 214 ლარიდან, - 42,14 ლარამდე.
5.2. 2022 წლის 17 მაისს, მოდავე მხარეებს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება. ამავე დღეს, მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კრედიტის თანხის ოდენობა განისაზღვრა - 130 000 ლარით, საპროცენტო განაკვეთი - 26%-ით, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 36 თვე. პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,27%. ასევე, ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ იქნა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ლ.ჯ–ის (მოსარჩელე მხარის დირექტორი) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ს/კ: ..........
5.3. 2022 წლის 10 ნოემბერს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა შემდეგნაირად: ძირი თანხა - 130 000 ლარი, პროცენტი - 7 685 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 4 214 ლარი. პროცენტის და პირგასამტეხლოს დაანგარიშება განისაზღვრა 2022 წლის 19 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე.
5.4. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პროცენტის და პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნა არის შეუსაბამოდ მაღალი და ეწინააღმდეგება კანონს.
5.5. მოპასუხის შესაგებელი
შპს ,,ლ–ის’’ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით, მოპასუხე სს ,,ბ.კ–ის’’ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, და განმარტა, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი იყო მოსარჩელე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა. პირგასამტეხლოს და ასევე საპროცენტო განაკვეთი კი შეთანხმებული იყო ხელშეკრულებით.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,ლ–ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა ქ.ტ–ის მიერ 2022 წლის 10 ნოემბერს გაცემული N221542998 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.
7. სააპელაციო საჩივარი
აპელანტი გადაწყვეტილებას ასაჩივრებს იმ ნაწილში, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა 2022 წლის 10 ნოემბერს ნოტარიუს ქ.ტ–ის მიერ გაცემულ N221542998 სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის თაობაზე პირგასამტეხლოს ნაწილში - 4 214 ლარიდან, - 42,14 ლარამდე, გადასახდელი თანხის შემცირების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
9. საკასაციო საჩივარი
9.1. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც განჩინების გაუქმება პირგასამტეხლოს ნაწილში მოითხოვა.
9.2. კასატორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და უსაფუძვლო. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა მოსარჩელის დასაბუთება პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით, მისი ოდენობა კი უნდა შემცირდეს 4214 ლარიდან 42,14 ლარამდე, რათა არ მოხდეს მოწინააღმდეგე მხარის უსაფუძვლო გამდიდრება.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
11. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
14. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
16. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
17. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
18. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
19. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
20. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოსთვის განსახილველ მთავარ სამართლებრივ საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის ის მოთხოვნა, რომლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელში უნდა შემცირდეს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
21. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. განსახილველ შემთხვევაში პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.
22. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა). პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ). დარღვევის სიმძიმეს, მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ). ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ). პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები # ას 848-814-2016, 28.12.2016; #ას-816-767-2015, 19.11.2015; #ას-953-918-2016, 22.11.2016).
23. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (შდრ. სუსგ.-ებები. №ას-1292-2019, 24.12.2020წ.; Nას-386-2019, 02.04.2021წ. №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.). საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკით, სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში (იხ. სუსგ საქმე №ას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი). მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის არარსებობის პირობებში მოითხოვოს პირგასამტეხლოს შემცირება (იხ. სუსგ საქმე №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი). როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. პალატა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა (იხ. სუსგ საქმე №ას-889-2022, 23 მარტი, 2023 წელი).
24. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ რომ შპს ,,ლ–ის’’ და სს ,,ბ.კ–ს’’ შორის 2022 წლის 17 მაისს დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, ასევე საკრედიტო ხელშეკრულება. კრედიტის თანხის ოდენობა განისაზღვრა - 130 000 ლარით, საპროცენტო განაკვეთი - 26%-ით, კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 30,96 %, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 36 თვე. პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,27%. 2022 წლის 17 მაისს, შპს ,,ლ–ის’’ და სს ,,ბ.კ–ს’’ შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ლ.ჯ–ის (მოსარჩელე მხარის დირექტორი) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, .........., ს/კ: ..........; მოსარჩელემ დაარღვია მოდავე მხარეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და შეთანხმება, რის საფუძველზეც გაიცა სადავო - 2022 წლის 10 ნოემბრის N221542998, სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2022 წლის 09 ნოემბრის მდგომარეობით განისაზღვრა ძირი თანხით - 130 000 ლარით, პროცენტი - 7 685,37 ლარით, ხოლო, პირგასამტეხლო - 4 214,63 ლარით. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დადგინდა იპოთეკის საგნის (უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისი, ............, ს/კ: .........) რეალიზაცია. მხარეებმა წერილობით გაითვალისწინეს ხელშეკრულებით მოვალის მიერ გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში სესხის დაუბრუნებლობისათვის, პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,27%-ის ოდენობით. დადგენილია, რომ სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, დაკისრებულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 4214 ლარი. სააღსრულებო ფურცელი გაცემულია 2022 წლის 10 ნოემბერს, რის შემდგომაც შეწყდა პირგასამტეხლოს დარიცხვა.
25. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (შდრ. სუსგ.-ებები. №ას-1292-2019, 24.12.2020წ.; Nას-386-2019, 02.04.2021წ. №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.). საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკით, სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში (იხ. სუსგ საქმე №ას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი). მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის არარსებობის პირობებში მოითხოვოს პირგასამტეხლოს შემცირება (იხ. სუსგ საქმე №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი). როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. პალატა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა (იხ. სუსგ საქმე №ას-889-2022, 23 მარტი, 2023 წელი).
26. თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (ჩიტაშვილი ნ., პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17)
27. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, იურიდიულ პირს, მეწარმე სუბიექტს ფიზიკურ პირთან შედარებით მაღალი სტანდარტით მოეთხოვება შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს არსებობის დადასტურება და მისი შემცირების მართლზომიერების დამტკიცება. აღნიშნული საქმის ფარგლებში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ისეთი სახის არგუმენტები, რომლითაც დასაბუთდებოდა პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობა, ამიტომ, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლო ვერ იქნება მიჩნეული შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად,
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას, იმისთვის, რომ ის დასაშვებად იქნეს ცნობილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ლ–ი’’-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს ,,ლ–ი’’-ს (ს.კ. ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ლ.ჯ–ის (პ.ნ. ........) მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება: N27299288950; გადახდის თარიღი: 14.05.2025) 300 ლარის 70% - 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი