Facebook Twitter

საქმე № ას-879-2025 2 ოქტომბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–ია“, შპს „ნ.მ.გ მ–ი“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2022 წლის 29 დეკემბერს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N1/291222/18 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებებისთვის სადაზღვევო მომსახურების გაწევა, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებითა და ტარიფებით.

2. 2023 წლის 09 ოქტომბერს მოსარჩელეს ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალება („FORD RANGER”, სახელმწიფო ნომერი ..........) დაზიანდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად. ხელშეკრულების 5.1. მუხლის შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების შეფასება განხორციელდა პირველი მოპასუხის ქვეკონტრაქტორ სერვის ცენტრში - მეორე მოპასუხე, რის შემდეგაც ხელი მოეწერა ზარალის დარეგულირების აქტს.

3. 2024 წლის 26 თებერვალს მოსარჩელემ მიმართა პირველ მოპასუხეს და აცნობა, რომ მეორე მოპასუხემ ზიანის შეფასებისას, საჭიროდ ჩათვალა საჭის მართვის მექანიზმის შეცვლა მეორადი დეტალით, რომლის ღირებულება შეადგენდა 6500 ლარს. აღნიშნული დეტალის შეცვლის შემდეგ, მოსარჩელეს სატრანსპორტო და ტექნიკურ საშუალებათა უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომლების მიერ განხორციელდა შეკეთებული ავტომანქანის შემოწმება, რა დროსაც აღმოჩენილ იქნა საჭის მართვის მექანიზმის ხარვეზი. აღნიშნული დეტალი, კომუნიკაციის შემდეგ დახარვეზებულ იქნა სადაზღვევო კომპანიის მიერაც, რა დროსაც მოხდა დეტალის გახსნა და მექანიკური ჩარევა. მიუხედავად შეკეთებისა, საჭის მართვის მექანიზმი გამოვიდა მწყობრიდან, რის გამოც მოსარჩელე ითხოვდა დეტალის შეცვლა ისეთი კომპლექტით, რომელიც იქნება ქარხნულ მდგომარეობაში და რომელზეც შესაძლებელი იქნება გარანტიის გავრცელება.

4. მოპასუხეს სრულად აქვს შესრულებული სადაზღვევო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

5. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები

5.1. სს „რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იას“ (შემდეგ - პირველი მოპასუხე) და შპს „ნ.მ.გ. მ–ს“ ( შემდეგ - მეორე მოპასუხე) სსიპ შემოსავლების სამსახურის ( შემდეგ - მოსარჩელე) სასარგებლოდ დაევალოს მოსარჩელის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალების („FORD RANGER”, სახელმწიფო ნომერი .......) შეკეთება (საჭის გამაძლიერებელი ღვედის შეკეთება);

5.2. პირველ და მეორე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, შეუსრულებელი ვალდებულების (6500 ლარი) 0.2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

5.3. 2023 წლის 09 ოქტომბერს მოსარჩელეს ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალება („FORD RANGER”, სახელმწიფო ნომერი ........) დაზიანდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად. ხელშეკრულების 5.1. მუხლის შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების შეფასება განხორციელდა პირველი მოპასუხის ქვეკონტრაქტორ სერვის ცენტრში - მეორე მოპასუხის მიერ, რის შემდეგაც ხელი მოეწერა ზარალის დარეგულირების აქტს. მეორე მოპასუხემ ზიანის შეფასებისას, საჭიროდ ჩათვალა საჭის მართვის მექანიზმის შეცვლა მეორადი დეტალით, რომლის ღირებულება შეადგენდა 6500 ლარს. აღნიშნული დეტალის შეცვლის შემდეგ, მოსარჩელეს სატრანსპორტო და ტექნიკურ საშუალებათა უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომლების მიერ განხორციელდა შეკეთებული ავტომანქანის შემოწმება, რა დროსაც აღმოჩენილ იქნა საჭის მართვის მექანიზმის ხარვეზი. აღნიშნული დეტალი, კომუნიკაციის შემდეგ დახარვეზებულ იქნა სადაზღვევო კომპანიის მიერაც, რა დროსაც მოხდა დეტალის გახსნა და მექანიკური ჩარევა. კერძოდ, მოხდა ე.წ. ელ.გამაძლიერებელი ღვედის შეცვლა. ზემოთ ხსენებული ავტომანქანის გონივრულ ვადებში ექსპლუატაციის შედეგად, შეცვლილი საჭის მართვის მექანიზმი სრულად გამოვიდა მწყობრიდან.

5.4. მოსარჩელემ 2024 წლის 26 თებერვალს წერილით მიმართა სადაზღვევო კომპანიას და აცნობა, რომ ავტომანქანის შეკეთების შემდეგ, საჭის მართვის მექანიზმი გამოვიდა მწყობრიდან და მოითხოვა დეტალის შეცვლა, თუმცა პირველ მოპასუხეს წერილზე რეაგირება არ ჰქონია, რის შემდეგაც მოხდა სატელეფონო კომუნიკაცია მეორე მოპასუხის წარმომადგენლებთან, რა დროსაც მათ მიეცათ გონივრული ვადა, ხარვეზის გამოსასწორებლად. კომპანიამ გამოცვალა საჭის გამაძლიერებელი ღვედი (2024 წლის 19 მარტს), თუმცა ღვედი ავტომობილის ექსპლუატაციისას გაწყდა, შესაბამისად, ავტომანქანა გაუმართავ მდგომარეობაშია. მოპასუხეები უარს აცხადებენ საჭის მექანიზმის შეცვლაზე.

6. მოპასუხის შესაგებელი

6.1. მოპასუხეებმა წარდგენილი მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებლებით, ასევე სასამართლო სხდომაზე ახსნა-განმარტებებით, სარჩელი არ ცნეს.

6.2. პირველი მოპასუხის განმარტებით, ხელშეკრულების მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ, მზღვეველის მიერ შესაბამისი დადასტურების/აღიარების შემდეგ, წარმოიშობა მზღვეველის ვალდებულება, გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება ხელშეკრულებითა და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად და რომელიც დასტურდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის ხელმოწერილი სადაზღვევო შემთხვევის აქტით. სადაზღვევო კომპანიის ვალდებულება შემოიფარგლება ანაზღაურების გაცემით და მისი პასუხისმგებლობა ავტომობილის სათანადო შეკეთებაზე, სახელოსნოთა მეთვალყურეობაზე ვერ დადგება. მისი ვალდებულება შესრულებულია მას შემდეგ, რაც ჩაურიცხა დარეგულირების აქტით განსაზღვრული თანხა.

6.3. მეორე მოპასუხის მითითებით, ავტომანქანის შეფასება და აღდგენა მეორადი სათანადო ნაწილებით განხორციელდა და ამაზე სადაზღვევო შემთხვევის აქტზე ხელმოწერით დაეთანხმა დამზღვევი. დეფექტური აქტის შედგენის შემდეგ გაფორმდა ზარალის რეგულირების აქტი და ამ აქტზე ხელმოწერით მოსარჩელემ დაადასტურა მისი ნების აღდგენა მომხდარიყო მეორადი ნაწილებით. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ინსპექტირებისას აღმოჩნდა ხარვეზი. არ არის წარმოდგენილი გამაძლიერებელი ღვედის შეცვლის დამადასტურებელი მტკიცებულება, ასევე, მტკიცებულება, თუ როდის მოხდა დეტალის გახსნა და მექანიკური ჩარევა. არ არის მითითებული საჭის მართვის მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლის თარიღი და მიზეზი. არ დასტურდება, გამოცვლის დროს ნაწილი იყო თუ არა ექსპლუატაციისთვის ვარგისი და იგი მწყობრიდან გამოვიდა ამ მიზეზით და არა ჩვეულებრივი ცვეთის/ექსპლუატაციის გამო. ავტომანქანა მოსარჩელეს ჩაბარდა 2023 წლის 28 ნოემბერს. შესაბამისად, რის შედეგად დაზიანდა საჭის მართვის მექანიზმი, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

8. სააპელაციო საჩივარი

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელის წარმომადგენელმა და მოითხოვა: გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 დეკემბრის N16908-24 გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდეს.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

10. საკასაციო საჩივარი

10.1. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

10.2. კასატორის მითითებით, სასამართლოებმა დაუსაბუთებლად მიიჩნიეს, რომ ვერ დასტურდებოდა მოპასუხის ბრალი, ასევე მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის. სარჩელზე თანდართულია შპს „გ.ს–ის“ 2024 წლის 5 აპრილის წერილი, სადაც მითითებულია, რომ ავტომობილს საჭის მექანიზმის პრობლემა აღმოაჩნდა, კერძოდ გაწყვეტილია საჭის გამაძლიერებლის ღვედი. ასევე მითითებულია შეკეთების ხარჯი - 7942.64 ლარი. მოცემული მტკიცებულებით დგინდება ავტომობილის გაუმართავობა და მიზეზი, ხოლო ის ფაქტი, რომ მოპასუხემ შეცვალა საჭის გამაძლიერებელი ღვეედი, სადავო არ გამხდარა. აქედან გამომდინარე, ცხადია მიზეზობრივი კავშირი და მოპასუხის ბრალეულობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

12. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

15. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

17. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

18. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

19. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

20. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

21. სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

22. სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ხოლო 396-ე მუხლის მიხედვით, მოვალემ იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს.

23. სსკ-ის 417-ე მიხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების(სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე (სუსგ-ები №ას-535-2020, 5 ოქტომბერი, 2021, პ. 11; №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.).

25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს. იმავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში (შდრ: ი. გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრატიკა, 2017, გვ.119).

26. დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85.).

27. სსკ-ის 799-ე მუხლით ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრული, რომ დაზღვევის მიზანი ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესების დაცვაა. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სსკ-ის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (შდრ: სუსგ №ას-663-624-2011, 17 თებერვალი, 2012 წ; №ას-882-2023, 12 სექტემბერი, 2023 წ; №ას-948-2023, 10 ოქტომბერი, 2023 წ.).

28. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად უნდა შეფასდეს წინამდებარე დავის სამართლებრივ საკითხებზე სააპელაციო სასამართლოს პოზიციის მართლზომიერება.

29. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, ავტომანქანის შეფასება და აღდგენა მეორადი სათადარიგო ნაწილებით განხორციელდა, რასაც სადაზღვევო შემთხვევის აქტზე ხელმოწერით დამზღვევი დაეთანხმა. დადგენილია, რომ დეფექტური აქტის შედგენის შემდეგ გაფორმდა ზარალის რეგულირების აქტი და ამ აქტზე ხელმოწერით მოსარჩელემ დაადასტურა მისი ნება, აღდგენა მომხდარიყო მეორადი ნაწილებით.

30. სასამართლოს მოსაზრებით, მოსაჩელე ვალდებული იყო დაესაბუთებინა ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზეც ის საკუთარი მოთხოვნას აფუძნებდა. მოთხოვნის წარმატებული დასაბუთებისთვის აუცილებელია მოსარჩელის მხარეს არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში იმ ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რაც დასაბუთების არგუმენტირებას წარმატებულს გახდის და გაამართლებს მას. სხვაგვარად, ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების გარეშე, მოთხოვნა იურიდიულად ავტომატურად დაუსაბუთებელი იქნება. მოცემულ შემთხვევაშიც, მოსარჩელე მხარეს უნდა წარედგინა შესაბამისი სახის მტკიცებულებები, რეალურად აღმოჩნდა თუ არა ავტომობილის ხარვეზი ტექნიკური ინსპექტირებისას, საქმეში უნდა წარმოდგენილიყო მტკიცებულება შეიცვალა თუ არა გამაძლიერებელი ღვედი მისი გაუმართაობის გამო, სახეზე იყო თუ არა დეტალის გახსნა, მექანიკური ჩარევა და დროში ემთხვევა თუ არა ეს ტექნიკური ხარვეზები მხარეთა შორის არსებულ სადავო ფაქტობრივ გარემოებებს - სადაზღვევო შემთხვევის დადგომას. ასევე დაუდგენელია (და მოსარჩელეს ევალებოდა დამტკიცება) საჭის მართვის მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლის როგორც მიზეზი, ასევე პერიოდი. მოსარჩელის მიერ მტკიცებულების წარუდენლობის გამო დაუდგენელია გამოცვლილი ნაწილი გამოცვლილას იყო თუ არა ისევ ვარგისი გამოსაყენებლად, ამავდროულად, თუ კი ვარგისი იყო, მისი მწყობრიდან გამოყვანა რამ გამოიწვია.

31. დადგენილია, რომ ავტომანქანა მიღება-ჩაბარების აქტით მოსარჩელეს ჩაბარდა 2023 წლის 28 ნოემბერს. მოსარჩელემ სადაზღვევო კომპანიას პრობლემის შესახებ აცნობა 2024 წლის 26 თებერვალს - დაახლოებით სამი თვის შემდეგ, შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებული იყო დაესაბუთებინა, რომ დაზიანებასა და შეკეთებას შორის გასული დროის მანძილის მიუხედავად, დაზიანება მაინც უკავშირდებოდა შეცვლილი ნაწილის ხარვეზს. ასევე, დაუდგენელია, თუ რა იყო დაზიანების მიზეზი, რისი დადგენისთვის აუცილებელი მტკიცებულებაც თავად მოსარჩელე მხარეს უნდა წარედგინა.

32. დასკვნის სახით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის გამართლებისთვის აუცილებელი მტკიცებითი გარემოებები მოსარჩელე მხარემ ვერ დაძლია, ვერ წარმოადგინა იმ ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მოწმობები, რომლებზეც თავად უთითებს, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები ისევ დაუმტკიცებელ ფაქტობრივ გარემოებებზეა დაფუძნებული, ასევე არ წარმოდგენილა დასაბუთება, რომელიც გაამართლებდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძვლებს.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას, იმისთვის, რომ ის დასაშვებად იქნეს ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი