საქმე №ას-597-2025 15 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ვ.გ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.გ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.02.2025წ. განჩინებით ვ.გ–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.01.2024წ. გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ზ.გ–ის (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ შპს ,ვ–ოს’’ (შემდეგში - კომპანია) 50%-იანი წილის მოპასუხისათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ 13.07.2018წ. ჩუქების გარიგების გაუქმების და წილზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დარეგისტრირების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელე წარმოადგენდა კომპანიის 33%-იანი წილის მესაკუთრეს, რომელმაც 04.05.2015წ. დაიკავა ამავე კომპანიის დირექტორის თანამდებობა; მოგვიანებით, 17.12.2015წ. მდგომარეობით, მოსარჩელე ხდება კომპანიის 100% წილის მესაკუთრე;
2.2. 13.06.2018წ. კრების ოქმის საფუძველზე, მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული კომპანიის 100%-იანი წილიდან 50% მოპასუხეს უსასყიდლოდ გადასცა;
2.3. 15.05.2019წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ახალ დირექტორად არჩეულ იქნა მოპასუხე;
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა კომპანიის სარჩელი ამავე კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი - წინამდებარე საქმეში მოსარჩელე, მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება თანხის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.12.2022წ. გადაწყვეტილებით და მოპასუხეს - წინამდებარე საქმეში მოსარჩელეს კომპანიის სასარგებლოდ 110 168,75 ლარის გადახდა დაეკისრა;
2.5. 5.03.2022წ. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას კომპანიის მიმართ 1 451 866,9 ლარის დაკისრების მოთხოვნით, რაც იმავე სასამართლოს 15.12.2023წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა;
3. გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე, განსახილველ დავაში, იმ საფუძვლით მოითხოვდა 13.07.2018წ. ჩუქების გარიგების გაუქმებას, რომ გარიგების დადების შემდეგ დასაჩუქრებულმა დიდი უმადურობა გამოიჩინა და მჩუქებელს მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე, გარიგების დადების შემდეგ, მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის რჩენა, სააპელაციო პალატამ სადავო ჩუქების გარიგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 529-530-ე მუხლებით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლებით შეამოწმა.
4. მოპასუხის მხრიდან, მოსარჩელის მიმართ გამოჩენილ დიდი უმადურობასთან დაკავშირებით მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხემ მის მიმართ სარჩელი აღძრა სასამართლოში; ასევე, საგამოძიებო ორგანოებს საჩივრით მიმართა, რითაც მოსარჩელეს ზიანი მიაყენა. მოსარჩელე ასევე მიუთითებდა მოპასუხის დირექტორობის პერიოდში კომპანიის ფინანსების შემცირებასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
5. სადავო გარემოებების დასადასტურებლად პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელემ მიუთითა მოწმეთა ჩვენებებზე (იხ. 2023 წლის 28 ნოემბრის სხდომის ოქმი), თუმცა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მათი ჩვენებებიდან არ დგინდებოდა მოპასუხის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის ან უმადურობის ფაქტი.
6. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, მართალია სადავო არ არის საგამოძიებო ორგანოსათვის და სასამართლოსთვის მიმართვის ფაქტი, თუმცა, საყურადღებოა, რომ აღნიშნული სამართლებრივი ქმედებები განხორციელდა მოპასუხის, არა როგორც ფიზიკური პირის, არამედ, მისი, როგორც კომპანიის დირექტორის მიერ, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. შესაბამისად, აღნიშნული ქმედება, სსკ-ის 529.1 მუხლით განსაზღვრულ დიდ უმადურობად ვერ შეფასდება. გარდა ამისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.12.2022წ. გადაწყვეტილებით მოპასუხეს (წინამდებარე საქმეში მოსარჩელეა), კომპანიის სასარგებლოდ 110 168,75 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული კი, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმას ადასტურებს, რომ მოპასუხის, როგორც კომპანიის დირექტორის სარჩელმა კომპანიას იურიდიული შედეგი მოუტანა და ეს გარემოება მოსარჩელის მიმართ გამოვლენილ დიდ უმადურობად ვერ შეფასდება.
7. ამასთან, მოსარჩელე მძიმე მატერიალურ მდგომარეობაზე მიუთითებდა, თუმცა, აღნიშნული საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულებით, მოსარჩელემ განკარგა საზოგადოებაში მისი კუთვნილი წილის მხოლოდ ნახევარი, შესაბამისად, მას დარჩენილი წილის შესაბამისად კომპანიიდან მოგების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიღების უფლება დარჩენოდა. ეს კი, მიუთითებდა, რომ სადავო გარიგების დადებით, მოსარჩელეს საარსებო წყარო არ მოესპო, მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩნდა.
8. ამასთან, მოსარჩელე დავობდა, რომ სადავო გარიგების გაფორმების დროისთვის მისი ფინანსური მდგომარეობა შემდგომ წლებში არსებული მდგომარეობისაგან განსხვავდებოდა, კერძოდ, 2017-2018 წლის პერიოდში მასზე გასაცემი დივიდენდი 2 857 083 (ორი მილიონ რვაას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხმოცდა სამი) ლარს შეადგენდა. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული 25.10.2023წ. ცნობის თანახმად, 2017-2019 წლებში დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 2 096 662,52 ლარი, ხოლო, შემოსავლების სამსახურის 24.20.2023 წლის ცნობის შესაბამისად, 2020-2023 წლის პერიოდში შემოსავლის მიღება არ ფიქსირდება). სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები კომპანიის საქმიანობის სფეროს მოიცავდა და წინამდებარე დავის ფარგლებში განხილვის საგანი ვერ იქნებოდა.
9. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ 15.03.2022წ. მოსარჩელემ, როგორც კომპანიის მოწილემ, სარჩელით მიმართა სასამართლოს კომპანიის მიმართ 1 451 866,9 ლარის დაკისრების მოთხოვნით, რაც 15.12.2023წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით აპელანტმა (მოსარჩელე) საკასაციო საჩივარი წამოადგინა.
11. კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეზე არსებობს სადავო ჩუქების გარიგების გაუქმების და მოპასუხისთვის ნაჩუქარი წილის უკან დაბრუნების ფაქტობრივი გარემოებები, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს.
12. კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო გარიგების დადების შემდგომ, მჩუქებლის მატერიალური მდგომარეოების გაუარესდა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, სადავო გარიგების დადებამდე მოსარჩელეზე გასაცემი დივიდენდი და დასაბეგრი შემოსავლები არსებობდა, ხოლო 2020-2023 წლის შემდგომ პერიოდზე მოსარჩელის მიერ შემოსავლების მიღება არ ფიქსირდება.
13. სასამართლომ უგულვებელყო, კასატორის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის რომ მას მკურნალობისთვის არ გააჩნია შესაბამისი ფინანსური სახსრები.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
16. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. კასატორი, ჩუქების გარიგების გაუქმების მოთხოვნის საფუძვლად, ჩუქების გარიგების გაფორმების შემდეგ, მისი მდგომარეობის დამძიმებასა და დასაჩუქრებულის უმადურობაზე, უთითებს. შესაბამისად, ის სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სსკ-ის 529-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ), 530-ე (თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში) მუხლიდან გამომდინარეობს.
19. განსახილველ საქმეში, რამდენადაც, სადავოა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების და ნაჩუქარი ქონების (წილი სამეწარმეო საზოგადოებაში) გამოთხოვის წინაპირობების არსებობა, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ჩუქების გარიგების სამართლებრივ ბუნებაზე, მისი გაუქმებისა და ქონების გამოთხოვნის წინაპირობების არსებობაზე.
20. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებათა შორის ჩუქების ხელშეკრულება მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ესაა განკარგვითი ხასიათის გარიგება და შედეგად შემძენისათვის საკუთრების უფლების გადაცემას იწვევს.
21. ჩუქება, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობა, გარკვეულწილად ავალდებულებს დასაჩუქრებულს, რაც სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კონკრეტული პირობის სახით კი არაა მოცემული, არამედ ზნეობრივსამართლებრივი ვალდებულების სახით არსებობს. ეს ვალდებულება მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი უმადურობის გამოჩენისაგან თავის შეკავებაში მდგომარეობს და ვადით შეზღუდული არაა.
22. ჩუქების გაუქმებით კი, სასამართლო ასრულებს ზნეობრივ ფასეულობათა მხარდაჭერისა და დაცვის ფუნქციას (იხ. სუსგ №ას-655-2024, 26.07.2024წ.). სსკ-ის 529.1 მუხლი განსაზღვრავს მოთხოვნის წარმოშობისთვის აუცილებელ წინაპირობებს: მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის მიერ „მძიმე შეურაცხყოფის მიყენება“ ან „დიდი უმადურობის გამოჩენა“. აღნიშნული წინაპირობების არსებობისას მჩუქებელი სსკ-ის 529.2 მუხლის საფუძველზე უფლებამოსილია გააუქმოს ჩუქების ხელშეკრულება დასაჩუქრებულისთვის შესაბამისი შეტყობინებით.
23. ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელე განსაზღვრავს, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა, კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია.
24. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას მჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი.
25. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ სსკ-ის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა (იხ. სუსგ №ას-1500-2023, 27.06.2024წ.).
26. საკონსტიტუციო სასამართლომ, 2003 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებაში, საქართველოს მოქალაქეები გ.მ–ძე და ა.ს–ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, განმარტა, ჩუქების მოშლას იწვევს არა ყოველგვარი შეურაცხყოფა და უმადურობა, რაც თავისთავად ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედებად ითვლება, არამედ დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების არსებობის ზნეობრივ საფუძვლებს. ასეთად კი 529.1 მუხლი მიიჩნევს მძიმე შეურაცხყოფასა და დიდ უმადურობას.
27. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი არ ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების წინაპირობების არარსებობასთან მიმართებით, თუმცა, საკასაციო საჩივარი დასაბუთებულ (დასაშვებ) საკასაციო პრეტენზიას არ შეიცავს; კასატორი იმავე პრეტენზიებზე მიუთითებს, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა და რომლებზეც ნამსჯელია სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებაში.
28. მოსარჩელე, მოპასუხის მხრიდან გამოჩენილ დიდი უმადურობად იმ გარემოებას მიიჩნევს, რომ მოპასუხემ 27.08.2020წ. თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ, 1 074 759 ლარის დაკისრების მოთხოვნით და სადავო თანხის ფარგლებში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოსარჩელის საბანკო ანგარიშების დაყადაღება მოითხოვა. მოპასუხე ცდილობს ზიანი მიაყენოს მოსარჩელეს, რომელმაც უსასყიდლოდ გადასცა წილის ნახევარი კომპანიაში (იხ., სარჩელი - ტ.1. ს.ფ. 4, 5).
29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც ეს საქმის მასალებითაა დადგენილი მოსარჩელისათვის კომპანიის სასარგებლოდ თანხის დაკისრების მოთხოვნით სარჩელის აღძვრის უფლება გამოყენებულია კომპანიის მიერ, სარჩელის უზრუნველყოფის საშუალებაც ამავე სარჩელის ფარგლებშია გამოყენებული, რაც პირის საპროცესო უფლებაა და გარანტირებულია არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით (იხ., ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხ.; საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხ.; სსსკ-ის მე-2 და მე-3 მუხ.). კანონით მინიჭებული უფლებით სარგებლობა კი, მჩუქებლის მიმართ უმადურობის გამოვლენის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ შეფასდება. ამასთან, მოსარჩელის მოსაზრების საპირისპიროდ დგინდება, რომ ხსენებულ სამოქალაქო დავაში, სარჩელის ავტორი კომპანიაა, რომლის სასარგებლოდაც მოსარჩელეს თანხის გადახდა აქვს დაკისრებული (იხ., ამ განჩინების პ.7). შესაბამისად, კასატორმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მოპასუხის მხრიდან მჩუქებლის მიმართ მძიმე ფორმის უმადურობა და შეურაცხყოფა.
30. კასატორის მორიგი პრეტენზიის თანახმად, სადავო გარიგების დადების შემდგომ, მჩუქებლის მატერიალური მდგომარეოება გაუარესდა; სადავო გარიგების დადებამდე მოსარჩელე დივიდენდს და შემოსავალს იღებდა, ხოლო 2020-2023 წლის შემდგომ პერიოდზე მოსარჩელის მიერ შემოსავლების მიღება არ ფიქსირდება. ამასთან, მოსარჩელე ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, საჭიროებს ფინანსურ სახსრებს.
31. კასატორის ზემომითითებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 530-ე მუხლი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როცა ჩუქების გაუქმება გამოწვეულია მჩუქებლის მძიმე მატერიალური მდგომარეობით. დასაჩუქრებულის ბრალი ამ დროს გამორიცხულია. მჩუქებელს ხელშეკრულების დადების დროს არავითარი მატერიალური ხასიათის პრობლემა არ აქვს. იგი ნებაყოფლობით გადასცემს სხვა პირს ქონებას საკუთრებაში, თუმცა გაჩუქების შემდეგ თუკი მჩუქებელი აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, რომ არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს, დასაჩუქრებულს გაჩუქებული ნივთის დაბრუნება მოსთხოვოს.
32. იგულისხმება, რომ საჩუქრის უკან მოთხოვნის უფლება მჩუქებელს გააჩნია იმ დროის განმავლობაში, ვიდრე გაჩუქებული ნივთი რეალურად არსებობს დასაჩუქრებულის მფლობელობაში.
33. გარდა აღნიშნულისა, მჩუქებელს ეს უფლება მხოლოდ მაშინ წარმოეშობა, თუ საჩუქრის დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.
34. გამჩუქებელს უფლება არ აქვს, დასაჩუქრებულს მოსთხოვოს ნაჩუქარი ნივთის დაბრუნება, თუ ასეთი მოთხოვნის საფუძველი მან ხელოვნურად შექმნა, კერძოდ, თუ მძიმე მდგომარეობა, რომელშიც იგი აღმოჩნდა, გამოწვეულია მისი განზრახი მოქმედებით, ან უხეში გაუფრთხილებლობით. მძიმე მდგომარეობის ხარისხი, რამაც სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება შეცვალოს ჩუქებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს (სუსგ №ას-1333-2019, 27 ნოემბერი, 2019წ.).
35. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, სსსკ-ის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებზე მითითებით, კასატორმა ვერ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზება და ვერ წარუდგინა სასამართლოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები საზოგადოებიდან დივიდენდის მიღების, გარკვეულ პერიოდში არსებული დასაბეგრი შემოსავლების არსებობის და გარკვეულ პერიოდში, ასეთი შემოსავლების არარსებობის შესახებ, განეკუთვნება კომპანიისა და პარტიორის სამართლებრივ ურთიერთობას და არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სადავო ჩუქების გარიგების გაფორმების შემდგომ, მოსარჩელის ფინანასური მდგომარეობა იმდენად შეცვლა, რომ იგი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში და არ შეუძლია როგორც მისი, ასევე მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა. ამასთან, საკასაციო პალატა პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო პალატის დადგენილ გარემოებაზე, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულებით, მოსარჩელემ განკარგა საზოგადოებაში მისი კუთვნილი წილის მხოლოდ ნახევარი, შესაბამისად, მას დარჩენილი წილის შესაბამისად კომპანიიდან მოგების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიღების უფლება დარჩა. ეს კი, მიუთითებს, რომ სადავო გარიგების დადებით, მოსარჩელეს საარსებო წყარო არ მოესპო.
36. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ ჩუქება კანონით ნებადართული ერთ-ერთი ხელშეკრულებაა, რომელიც მხარეთა ნების ავტონომიის პირობებში შეიძლება დაიდოს. მიუხედავად ჩუქების უსასყიდლო და უანგარო ხასიათისა, მჩუქებელმა უნდა გაითვალისწინოს მისი მხრიდან ნების გამოხატვის იურიდიული შედეგი და მხედველობაში მიიღოს, რომ გაჩუქებული ნივთის დაბრუნებას, კანონით განსაზღვრული წინაპირობების არსებობის გარეშე, ვერ შეძლებს.
37. შესაბამისად, მოსარჩელემ მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ შეძლო სასარჩელო მოთხოვნების დამფუძნებელი ნორმის დადგენილი იმ მნიშვნელოვანი ფაქტობრივი ელემენტის დადასტურება, რაც მისი მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოშობდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
39. კასატორს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარი, ხოლო დარჩენილი 5900 ლარი გადავადებული აქვს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის პირობებში, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1700 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ვ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ვ.გ–ს (პ.ნ:.........) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, საკასაციო სასამართლოს მიერ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის თანხა 1700 ლარის ოდენობით. თანხა გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე