Facebook Twitter

საქმე №ას-1248-2024 15 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნიკოლოზ მარსაგიშვილი (თავმჯდომარე),

მოსამართლეები:

გოჩა ჯეირანაშვილი (მომხსენებელი), ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ბ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით: სს „თ.ბ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე ბანკი ან აპელანტი ან კასატორი) სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შედეგად გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.11.2022წ. გადაწყვეტილება; ა.ბ–ძეს (შემდეგში: მოპასუხე ან თანამსესხებელი), როგორც თანამსესხებელს, მოსარჩელის სასარგებლოდ N6739863-11413815 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 19374,14 ლარის გადახდა დაეკისრა, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა-18248,94 ლარი, დარიცხული პროცენტი-1087,57ლარი და დაზღვევის თანხა-67,63 ლარი; მოპასუხეს, როგორც თანამსესხებელს, მოსარჩელე ბანკის სასარგებლოდ N6739863-11413815 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავალი დაეკისრა, სესხის ძირითადი თანხის 18248,94 ლარის წლიური 15,35 პროცენტი 11.05.2022 წლიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2534,50 ლარისა; გარდაცვლილი ლ.ბ–ძის საკუთრებაში არსებული ს.კ. ........ უძრავი ქონება აღირიცხა მემკვიდრის - მოპასუხის საკუთრებაში.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 14.02.2019წ. ბანკს და ლ.ბ–ძეს (შემდეგში - მოპასუხის მამკვიდრებელი) შორის, დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების N0279.6739863.011 ხელშეკრულება. ამავე დღეს, მოპასუხესთანაც გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N0279.6739915.001 ხელშეკრულება. ხელშეკრულებების 12.6.3. პუნქტით განისაზღვრა ბანკის უფლებამოსილება, შეწყვიტოს კლიენტთან არსებული საკრედიტო ურთიერთობა ან/და ნებისმიერი, რამდენიმე ან ყველა დამატებითი ხელშეკრულების მოქმედება ან/და მოსთხოვოს კლიენტს კრედიტის ძირითადი თანხის დაბრუნება მისთვის დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

2.2. ხელშეკრულებების ფარგლებში, ერთი მხრივ, ბანკსა და მოპასუხის მამკვიდრებელს და მეორე მხრივ, მოპასუხის მამკვიდრებელს და მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N6739863-11413815, რომლის თანახმად, ორივე მსესხებელმა აიღო სარგებლიანი კრედიტი 41000 ლარი, 727 დღის ვადით, 15.06.2023წ-მდე, წლიური 15,35 საპროცენტო სარგებლის დარიცხვით;

2.3. ხელშეკრულების 2.16 პუნქტით გათვალისწინებული იქნა სიცოცხლის სავალდებულო დაზღვევა, რომლის ფარგლებშიც, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სადაზღვევო ანაზღაურების პროცენტული ოდენობა განისაზღვრა შემდეგი სახით: მოპასუხის მამკვიდრებელი 50%, მოპასუხე-50%;

2.4. საბანკო კრედიტის N6739863-11413815 ხელშეკრულების ფარგლებში, სს „თ.დ–ვას“ (მზღვეველი ორგანიზაცია), მოსარჩელეს (მოსარგებლე/დაზღვევის აგენტი), მოპასუხის მამკვიდრებელს და მოპასუხეს შორის გაფორმდა ე.წ. „საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის პოლისი N6739863-11413815, რომლითაც განისაზღვრა, რომ წინამდებარე პოლისი ბანკის სესხზე მიბმული სიცოცხლის სავალდებულო დაზღვევის პირობებთან ერთად, წარმოადგენდა დაზღვევის ერთიან ხელშეკრულებას;

2.5. სიცოცხლის სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების მიხედვით, დაზღვეულ რისკებს მიეკუთვნებოდა დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის, უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება ან უბედური შემთხვევით გამოწვეული მუდმივი ქმედუუნარობა, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა და დაზღვევის პროცედურით გათვალისწინებული შემთხვევებისა... თუ მსესხებლის/თანამსესხებლის ასაკი სესხის გაცემის მომენტისათვის მეტია 65 წელზე, მიუხედავად სადაზღვევო თანხის ოდენობისა, პირის დაზღვევა ხორციელდება მხოლოდ უბედური შემთხვევით გამოწვეულ გარდაცვალების რისკზე. ამასთან, ანაზღაურდება მსესხებლის/თანამსესხებლის ჯამური დავალიანების შესაბამისი თანხა, მაგრამ არაუმეტეს 50000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, პოლისში მითითებული სადაზღვევო თანხის მიუხედავად. სესხის გაცემის მომენტში მსესხებლის/თანამსესხებლის მაქსიმალური შესაძლო ასაკია 70 წელი... თუ დაზღვეული პირის ასაკი 65 წელზე მეტია, იგი ავტომატურად დაზღვეულია მხოლოდ გარდაცვალების რისკზე, ხოლო თუ დაზღვეული პირის ასაკი მეტი იქნება 70 წელზე, პირი ავტომატურად დაზღვეულია, მხოლოდ უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალების რისკზე. აღნიშნული დაზღვევა მოქმედია 75 წლის ასაკის ჩათვლით. თუ მოსარგებლესა და თანამსესხებლის სიცოცხლე დაზღვეული იქნება სესხში მისი წილის პროპორციული სადაზღვევო თანხის ფარგლებში, წინამდებარე მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, მზღვეველის მიერ ანაზღაურდება სადაზღვევო თანხის ის წილი, რომელიც მითითებული იყო მოცემული თანამსესხებლის შესაბამის პოლისში;

2.6. გარდაცვალების მოწმობით, სიკვდილის მიზეზების შესახებ ინფორმაციითა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100-ით დგინდება, რომ მოპასუხის მამკვიდრებელი გარდაიცვალა 23.09.2021წ. ბიოლოგიური სიკვდილი კონსტატირებულია ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებით (COVID-19), ვირუსი, პნევმონია, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, სუნთქვის უკმარისობა;

2.7. მსესხებელის გარდაცვალების შემდეგ, ბანკმა მოთხოვნა წარუდგინა სადაზღვევო კომპანიას თანხის გადახდაზე, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა ბანკს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე იმ მიზეზით, რომ მსესხებლის ასაკიდან გამომდინარე, არ არსებობდა ანაზღაურების ვალდებულება. სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის მიღების შემდგომ, ბანკს არ გამოუყენებია სხვა სამართლებრივი საშუალება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად (არ აღუძრავს სარჩელი სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნით).

2.8. მსესხებლებმა დაარღვიეს კრედიტის თანხის გადახდის ვალდებულება - 2021 წლის ოქტომბრიდან სესხის დაფარვა არ განუხორციელებიათ; ამ დროისთვის სასესხო დავალიანება შეადგენდა ძირი თანხის სახით 36497,88 ლარს, საპროცენტო სარგებელი-460,47 ლარს;

2.9. ბანკმა მოპასუხეს დავალიანების არსებობის, მისი გადახდის ვალდებულებისა და სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილების თაობაზე, შეტყობინება გაუგზავნა 2021 წლის დეკემბერში (მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან სამ თვეში), რაც მოპასუხეს ჩაბარდა;

2.10. ბანკმა, საკრედიტო ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა 01.03.2022წ. ამ დროისთვის გადასახდელი ძირი თანხა შეადგენდა 36497,88 ლარს, ხოლო 6 თვის ვადაში (2021 წლის ოქტომბერი-2022 წლის მარტი) ამ თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი (თვეში 460,47 ლარზე გაანგარიშებით) -2762,82 ლარს (460,47*6=2762,82);

2.11. გარდაცვლილის სამკვიდრო მიიღო შვილმა-მოპასუხემ;

3. სააპელაციო სასამართლომ ბანკის სხვა მოთხოვნებს შორის, აგრეთვე იმსჯელა მოპასუხისათვის, როგორც თანამსესხებელისათვის, ასევე მამკვიდრებლის უფლებამონაცვლისათვის შემდეგი თანხის დაკისრების კანონიერებაზე:

3.1. N6739863-11413815 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 39 127,45 ლარის გადახდის დაკისრებას, საიდანაც ძირითადი თანხაა 36 497,88 ლარი, დარიცხული პროცენტი 2 561,94 ლარი, დაზღვევის თანხა 67,63 ლარი;

3.1 N6739863-11413815 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის, სესხის ძირითადი თანხის 36 497,88 ლარის წლიური 15,35 პროცენტის, 11.05.2022წ.დან ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 5 602,42 ლარისა;

4. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის შედავებაზე, რომელიც ბანკის მიმართ მისი პასუხისმგებლობის საკითხს შეეხებოდა - მოპასუხე დაზღვევის ხელშეკრულებაზე მითითებით განმარტავდა, რომ თანამსესხებელი გარდაიცვალა, ხოლო ბანკის მიმართ არსებული დავალიანება მზღვეველს უნდა დაეფარა.

5. მამკვიდრებლის (თანამსესხებელი) სიცოცხლე დაზღვეული იყო ბანკსა და სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმებული სიცოცხლის დაზღვევის №6739863-11413815 პოლისით. ვინაიდან, თანამსესხებლის, ასაკი სესხის გაცემის მომენტისათვის 65 წელზე მეტი იყო, პოლისის პირობების თანახმად, იგი ავტომატურად დაზღვეულად ითვლებოდა უბედური შემთხვევით გამოწვეულ გარდაცვალების რისკზე, რაც წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებისა და სიკვდილის მიზეზების შესახებ ინფორმაციით სახეზეა. შესაბამისად, მოსარჩელის მსჯელობა, რომ მოპასუხის მამკვიდრებლის ასაკი გამორიცხავდა მასთან დაკავშირებით მზღვეველისაგან სადაზღვევო თანხის ანაზღაურების მოთხოვნას, არ იქნა გაზიარებული.

6. იმის გათვალისწინებით, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისათვის სესხის დავალიანება შეადგენდა ძირ თანხას - 36437,88 ლარს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულებისა და სადაზღვევო პოლისის მიხედვით, სადაზღვევო ანაზღაურებას ექვემდებარებოდა ამ თანხის 50% -18218,94 ლარი.

7. თანამსესხებლის, გარდაცვალების შემდეგ, ბანკმა მოთხოვნა წარუდგინა სადაზღვევო კომპანიას თანხის გადახდაზე, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა ბანკს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე, იმ მიზეზით, რომ მსესხებლის ასაკიდან გამომდინარე არ არსებობდა ანაზღაურების ვალდებულება.

8. ვინაიდან, სადაზღვევო პოლისის თანახმად, მზღვეველის მხრიდან ანაზღაურებას ექვემდებარებოდა თანამსესხებლის წილი საკრედიტო დავალიანება, ამასთან, სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის მიღების შემდგომ, საკუთარი ინტერესების დასაცავად და საკუთარი მოთხოვნის განსახორციელებლად, ბანკს არ უსარგებლია სსკ-ის 799-ე, 844-ე მუხლებით მინიჭებული უფლებით, არ გამოუყენებია მის ხელთ არსებული სხვა სამართლებრივი საშუალება (არ აღუძრავს სარჩელი სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნით), ხოლო სადაზღვევო კომპანიის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემთხვევაში, აღარ იარსებებდა დამატებითი ვალდებულებების წარმოშობის წინაპირობები, პალატამ მიიჩნია, რომ ბანკის მოთხოვნა, მოპასუხისათვის, როგორც მსესხებლის მემკვიდრისათვის ძირითადი თანხის 50%-ის 18218,94 ლარის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლო იყო.

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა ბანკის მიერ.

10. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს არ შეუსწავლია ხელშეკრულება რომელშიც მითითებული იყო რა შემთხვევაში უნდა მომხდარიყო სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება. თუნდაც ბანკის მხრიდან განხორციელებულიყო სხვა სამართლებრივი საშუალებების გამოყენება ისინი შედეგს ვერ გამოიღებდა, რადგან ხელშეკრულების პირობების მიხედვით მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევა არ იძლევა სადაზღვევო თანხის ანაზღაურების გაცემის შესაძლებლობას, კერძოდ, თანამსესხებელი გარდაიცვალა კორონავირუსით გამოწვეული დაავადების და არა უბედური შემთხვევის შედეგად.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

13. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავა წარმოშობილია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (სსკ-ის 876-ე მუხ.), რომლის ფარგლებშიც მოპასუხის მამკვიდრებელი - დაზღვეული სარგებლობდა სიცოცხლის დაზღვევის პოლისით.

16. დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით კი მომწესრიგებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს.

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე.

18. დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85.).

19. ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს წარმოადგენს, მხარეთა მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში (შდრ: გაგუა ილონა, ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა, 2017, გვ.119).

20. მხარეთა მიერ დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებული პირობების დაცვა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან შეძლებისდაგვარად გამოირიცხოს სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობა, მაქსიმალურად შეიზღუდოს არაკეთილსინდისიერი მოქმედების წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს საკუთრივ დაზღვევის რეალურ დანიშნულებასა და მიზანს.

21. განსახილველ შემთხვევაში, ამ განჩინების პ.2.5 დადგენილია, რომ თანამსესხებლის, ასაკი სესხის გაცემის მომენტისათვის 65 წელზე მეტი იყო. შესაბამისად, სადაზღვევო პოლისის პირობების თანახმად, მოპასუხის მამკვიდრებელი ავტომატურად დაზღვეულად ითვლებოდა უბედური შემთხვევით გამოწვეულ გარდაცვალების რისკზე. გარდაცვალების მოწმობით, სიკვდილის მიზეზების შესახებ ინფორმაციითა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100-ით დგინდება, რომ მოპასუხის მამკვიდრებელი გარდაიცვალა 23.09.2021წ. ბიოლოგიური სიკვდილი კონსტატირებულია ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებით (COVID-19), ვირუსი, პნევმონია, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, სუნთქვის უკმარისობა.

22. შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში, გასაზიარებელია სააპელაციო პალატის დაასკვნა, რომ ასეთი რისკის არსებობა სახეზე იყო, რაც ბანკს წარმოუშობდა უფლებას მიემართა სადაზღვევო კომპანიისათვის თავისი უფლების რეალიზების მიზნით და გასაზიარებელი არაა კასატორის პოზიცია, რომ თუნდაც ბანკის მხრიდან განხორციელებულიყო სხვა სამართლებრივი საშუალებების გამოყენება ისინი შედეგს ვერ გამოიღებდა.

23. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მოპასუხისათვის, როგორც მსესხებლის მემკვიდრისათვის ძირითადი თანხის 50%-ის 18218,94 ლარის და ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის დაკისრების უსაფუძვლობასთან მიმართებით და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შდრ: სუსგ-ები №ას-629-2023, 26 იანვარი, 2024წ; Nას-461-435-2014, 30 აგვისტო, 2016წ.).

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. ამდენად საკასაციო პალატა კასატორთა არაძირითად არგუმენტებზე აღარ იმსჯელებს (იხ., „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

26. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სს „თ.ბ–ს“ (ს.კ: .........) დაუბრუნდეს 15.08.2024წ. №308198 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1141.06 ლარის 70% – 798.74 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნიკოლოზ მარსაგიშვილი

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ლაშა ქოჩიაშვილი