№ას-627-2025
29 სექტემბერი, 2025 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ფ.გ–ვი (მოსარჩელე)
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ფ.გ–ვმა (შემდეგში: „მოსარჩელე" ან “დაზარალებული”) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის (შემდეგში: „მოპასუხე", „აპელანტი“ ან „კასატორი“) მიმართ, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილის პირვანდელ ტექნიკურ მდგომარეობამდე აღდგენისთვის საჭირო თანხის - 9 631 ლარის, საჯარიმო დგომისთვის გადასახდელი თანხის 5 947 ლარის და მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ საჯარიმო სადგომისთვის გადასახდელი თანხის ყოველთვიურად 8 ლარის სარჩელის სასამართლოში წარდგენის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (09.06.2022 წლიდან), დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2019 წლის 25 აგვისტოს, ხოლო, ზიანის განსაზღვრის ნაწილში ექსპერტიზა დანიშნულია 2021 წლის მაისის თვეში, საიდანაც გასულია 3 (სამი) წელი, რაც წარმოადგენს სადავო გარემოებას. ამასთან, მოპასუხის მითითებით, საჯარიმო სადგომისათვის გადასახდელი თანხების ანაზღაურება სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული. მოპასუხემ დამატებით მიუთითა, რომ შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი მოსამსახურის - რ.კ–ძის ქმედების შედეგად დაზიანდა მოპასუხის საკუთრებაში რიცხული ავტომობილი, რითაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიადგა ქონებრივი ზიანი. რ.კ–ძეს დაევალა სამინისტროს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების აღდგენა, რაც მას არ განუხორციელებია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის თანახმად, ქმედება შეფასდა სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარ დამოკიდებულებად, ხოლო, რ.კ–ძე 2019 წლის 15 სექტემბრის ბრძანების თანახმად, გადანიშნულ იქნა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოპასუხის მითითებით, დეპარტამენტი თავად არის დაზარალებული და არ წარმოადგენს ბრალეულ პირს. მას აქვს სამართლებრივი საფუძველი, მოითხოვოს რ.კ–ძისგან სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის 9631 ლარის ანაზღაურება. ასევე, დაეკისრა ავტომანქანის, მარკა: „ტოიოტა“, სახელმწიფო ნომრით: ......, საჯარიმო სადგომზე დგომის საფასურის ანაზღაურება 2019 წლის 25 აგვისტოდან, - 2022 წლის 9 ივნისამდე პერიოდში 5 947 ლარის ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ავტომანქანის, მარკა: „ტოიოტა“, სახელმწიფო ნომრით: ........, საჯარიმო სადგომზე დგომის საფასურის ანაზღაურება 2022 წლის 9 ივნისიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 8 ლარის ოდენობით. ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 730.14 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაღებული ხარჯის ანაზღაურება 1 200 ლარის ოდენობით, მოსარჩელის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების საფასურის ანაზღაურება 934 ლარის ოდენობით.
3.2 პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.
4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.2.1 2019 წლის 25 აგვისტოს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 23-ე კილომეტრზე რ.კ–ძის მართვის ქვეშ მყოფი, მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანა „ტოიოტა კოროლა“, სახელმწიფო ნომრით: ........., შეეჯახა ა.გ–ევის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, სახელმწიფო ........
4.2.2. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ N0014434943 დადგენილების თანახმად, რ.კ–ძის მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, ხოლო, ა.გ–ევს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო. დადგენილებით ასევე დასტურდება რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება.
4.2.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს 2020 წლის 4 სექტემბრის Nარ194286 დადგენილებით, რ.კ–ძეს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი 2019 წლის 25 აგვისტოს სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, რომლის კვალიფიკაციაც თანამდევი შედეგის სახით მოიცავს ქონების დაზიანებას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის დადების აქტის არსებობა კი თავისთავად ადასტურებს ქმედების მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ხასიათს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლი).
4.2.4. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რ.კ–ძის ბრალით, რის შედეგადაც დაზიანდა ა.გ–ევის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა. თუმცა აპელანტი არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და სადავოდ გახადა როგორც დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე მისი პასუხისმგებლობის საკითხი ასევე, ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული ზიანის ოდენობა.
4.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დავის საგანია ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, კერძოდ მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისთვის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილის პირვანდელ ტექნიკურ მადგომარეობამდე აღდგენისთვის საჭირო თანხის - 9 631 ლარის დაკისრება. შესაბამისად მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ი) 992-ე, 999-ე, 408-ე, 409-ე და 412-ე მუხლებიდან.
4.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დადგენილია, რომ ავტომანქანა „TOYOTA COROLLA“, სახელმწიფო ნომრით ……., საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 13 იანვრის N6 ბრძანების საფუძველზე, გადაეცა შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს. მძღოლი, რ.კ–ძე, რომელიც მართავდა ავტომობილს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი იყო და ავტომანქანაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად ჰქონდა სამართავად გადაცემული. შესაბამისად, დეპარტამენტი, როგორც ავტომანქანის მფლობელი, პასუხისმგებელია დამდგარ ზიანზე. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ აპელანტს (მოპასუხეს) იმგვარ მტკიცებულებაზე რომელიც სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის იურიდიულ პასუხისმგებლობას გააქარწყლებდა არ მიუთითებია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა დასკვნა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი სუბიექტია მოპასუხე, როგორც სატრანსპორტო საშუალების მფლობელი.
4.5. სააპელაციო სასამართლომ, ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინა მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობის დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ-ალტერნატივას 2022 წლის 11 მაისის N01/03 ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 20-26), რომლის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ავტომობილის TOYOTA SPRINTER სახელმწიფო ნომრით: …… პირვანდელ ტექნიკურ მდგომარეობამდე აღდგენის (მიყენებული ზიანის ოდენობის) ღირებულება 2019 წლის 25 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს დაახლოებით ავტომობილის ღირებულების 65%-ს, შესაბამისად, 3 250 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში და მიუთითებს: ექსპერტიზის დასკვნას თან ერთვის დაზიანებული ავტომანქანის ამსახველი ფოტომასალა, დადგენილია ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის დათვალიერებისა და შემოწმების შედეგად გამოვლენილი დაზიანებები და სწორედ აღნიშნულის საფუძველზე დაანგარიშებულია 2019 წლის 25 აგვისტოს სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიყენებული დაზიანებების აღდგენის ღირებულება. ამასთან, ცალსახაა, რომ დასკვნაში ზიანის ოდენობა 2019 წლის 25 აგვისტოს მდგომარეობით (სატრანსპორტო შემთხვევის დადგომის თარიღი) არის განსაზღვრული, მიუხედავად იმისა რომ ავტომობილის დათვალიერება ექსპერტის მიერ ფაქტობრივად განხორციელებულია 2022 წლის 17 მარტს შპს „ს–ის“ ტერიტორიაზე.
4.6. სააპელაციო სასამართლომ, ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულ ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, აპელანტის შედავების პასუხად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიუთითა, რომ მოპასუხეს შეეძლო სასამართლოსათვის წარედგინა ალტერნატიული მტკიცებულებით გამყარებული არგუმენტირებული მსჯელობა ზიანის ოდენობასთნ დაკავშირებით, კერძოდ, ისეთი მტკიცებულებები რომელიც საფუძველს გამოაცლიდა, გააქარწყლლებდა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ-ალტერნატივას 2022 წლის 11 მაისის N01/03 ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ოდენობით ზიანის მოცულობის განსაზღვრას, თუმცა, გარდა მხარის ზეპირი განმარტებისა საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რაც სასამართლოსათვის ზიანის განსხვავებული ოდენობით დადგენის საფუძველი გახდებოდა და შესაბამისად ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას განაპირობებდა.
4.7. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე დგომის თახის - 5 947 ლარის დაკისრების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი შპს “ს.ც–ის” ცნობის თანახმად, დაზიანებული ავტომობილი 2019 წლის 25 აგვისტოს მიიყვანეს ავტოსადგომზე, სადგომის ყოველდღიური ღირებულება შეადგენდა - 8 ლარს, ხოლო 2022 წლის 19 მაისისთვის დავალიანება შეადგენდა - 5 779 ლარს. შესაბამისად, იმ უდავო ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება 2019 წლის 25 აგვისტოდან ცნობის გაცემის დრომდე - 2022 წლის 19 მაისამდე, უწყვეტად იმყოფებოდა შპს „ს.ც–ის“ საჯარიმო სადგომზე და მოსარჩელისათვის ქონებრივი ზიანის გამომწვევი მდგომარეობა, რომელიც წარმოიშვა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომანქანის საჯარომო სადგომზე გადაყვანის დღიდან მოყოლებული, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროისთვისაც უცვლელია, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელისათვის დამდგარი ფინანსური ზიანის საკომპენსაციოდ, საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა საჯარიმო სადგომზე ავტომანქანის დგომის საფასურის დაკისრების თაობაზე, როგორც განვლილ პერიოდზე - 5947 ლარის ოდენობით თანხის დაკისრების ნაწილში, ასევე აღსრულებამდე, ყოველდღიურად 8 ლარის დაკისრების ნაწილში.
5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
5.2. კასატორის განმარტებით, ავტომანქანის დაზიანების თარიღი იყო 2019 წლის 25 აგვისტო, ხოლო ექსპერტიზის დასკვნა შედგენილია 2022 წლის 11 მაისს, ავტომობილი დათვალიერდა 2022 წლის 17 მარტს, ფაქტობრივად ავტოსაგზაო შემთხვევიდან 3 წლის შემდეგ. ამასთან, დასკვნის თანახმად, ექსპერტიზა ჩატარდა მოქალაქე დ.ს–ის 2022 წლის 5 მაისის განცხადების საფუძველზე, შესაბამისად 2022 წლის 17 მარტს ავტომობილის დათვალიერების საფუძველი არ არსებობდა.
5.3. კასატორი არ ეთანხმება ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული თანხას -3250 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს (9 631 ლარი), ვინაიდან, საქმის მასალებით არ დგინდება, თუ რის საფუძველზე მოხდა აღნიშნული თანხის დაანგარიშება. სარჩელს არ ერთვის ფასების ცხრილი, ასევე, არ არის შეფასებული მანქანის თითოეული ნაწილის მდგომარეობა და ღირებულება, რითაც ცხადი იქნებოდა ორივე მხარისთვის დაანგარიშებული ზიანის ოდენობა. ამასთან, საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ საჯარიმო ავტოსადგომისათვის გადასახდელი თანხის გადახდის ფაქტს. კასატორის განმარტებით, საჯარიმო სადგომიდან ავტომანქანის გაყვანა ავტომატურად არ გულისხმობს სადგომის საფასურის გადახდას, აღნიშნული გარემოება დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით - ქვითრებით, რაც მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის. ამდენად, კასატორის შეფასებით, საჯარიმო სადგომისათვის გადასახდელი თანხის 5947 ლარის, მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული, მით უფრო, რომ მოპასუხე თავად წარმოადგენს დაზარალებულ მხარეს.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილის პირვანდელ ტექნიკურ მდგომარეობამდე აღდგენისთვის საჭირო თანხის - 9631 ლარის დაკისრება.
11. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სსკ-ის 992-ე (თავდაპირველი მოპასუხის მიმართ) [პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი], 999.1. [მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი], 408.1. მუხლი [იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება], 409-ე მუხლი [თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება] მუხლებიდან.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას-1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.)
13. სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება. რაც გულისხმობს, რომ პირს ვალდებულება ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად წარმოეშობა. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის შემდეგი ელემენტების კუმულაციური არსებობაა საჭირო: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს), დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები აღნიშნული ნორმის დისპოზიციას უნდა შეესაბამებოდეს. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას გამორიცხავს(იხ. სუსგ-ები: N ას-912-2021, 08.02.2022წ; N ას-1285-2018, 1.04.2022წ; N ას-1614-2022, 17.03.2023წ; N ას-934-2023, 3.10.2024წ;).
14. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ 2019 წლის 25 აგვისტოს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 23-ე კილომეტრზე რ.კ–ძის მართვის ქვეშ მყოფი მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანა „ტოიოტა კოროლა“, სახელმწიფო ნომრით: ......., შეეჯახა ა.გ–ევის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით: ......... სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ N0014434943 დადგენილების თანახმად, რ.კ–ძის მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, ხოლო, ა.გ–ევს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო. დადგენილებით ასევე დასტურდება რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება.
15. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს 2020 წლის 4 სექტემბრის Nარ194286 დადგენილებით, რ.კ–ძეს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი 2019 წლის 25 აგვისტოს სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, რომლის კვალიფიკაციაც თანამდევი შედეგის სახით მოიცავს ქონების დაზიანებას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის დადების აქტის არსებობა კი თავისთავად ადასტურებს ქმედების მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ხასიათს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლი).
16. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სსკ-ის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო, იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით, უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს, ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელთაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ-ები №ას- 494-463-2010, 9.11.2010 წ.; Nას-630-2019, 30.09.2020წ; ას-1158-2020, 12.07.2021წ; N ას-589-2021, 14.09.2021წ.; № ას-784-2021, 5.04.2022წ.; N ას-1311-2021, 21.04.2022წ; N ას-1911-2018, 31.05.2022წ; ას-135-2022, 03.06.2022წ.; Nას-1219-2022, 09.12.2022წ.; №ას-1038-2024 11.10.2024წ.).
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტურ სამართალში, მტკიცების ტვირთი შემდეგნაირად ნაწილდება: 1) მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის ფაქტი; 2) მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ქმედებით მიყენებული ზიანის ფაქტი, ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; 3) მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება; მოპასუხემ უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი.“ (იხ. მესხიშვილი ქ. კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, თეორია და სასამართლო პრაქტიკა, ტომი I, თბილისი, 2020, გვ. 186)
18. კასატორი სადავოდ ხდის დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე მისი პასუხისმგებლობის საკითხს, ვინაიდან დეპარტამენტი თავად წარმოადგენს დაზარალებულ მხარეს, ამასთან არ ეთანხმება ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულ ზიანის ოდენობას.
19. საკასაციო სასამართლო, კასატორის პრეტენზიის პასუხად, მიუთითებს სსკ-ის 999.4. მუხლის პირველი წინადადებაზე, რომელიც იურიდიულ მფლობელს ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან იმ შემთხვევისათვის, როცა მოსარგებლე მისი ნებისგან დამოუკიდებლად დაეუფლა სატრანსპორტო საშუალებას, თუმცა კანონმდებელი, აქვე, შემდგომი წინადადებების სახით, პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებას უპირისპირებს შემთხვევას, როდესაც იურიდიული მფლობელის ბრალით მოხდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუფლება მოსარგებლის მხრიდან ან მოსარგებლე თავად იურიდიული მფლობელის გადაწყვეტილებით აღმოჩნდა ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატატორი (იხ. სუსგ საქმე №ას-630-2019, 30.09.2020წ.).
20. სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადების თანახმად შესაძლებელია გამოვყოთ ორი შემთხვევა, როდესაც პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს: როდესაც მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა ენიჭება მომეტებული საფრთხის წყაროთი ზიანის მიყენების ინსტიტუტის თავისებურებას, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს (მფლობელს), რომელიც არ წარმოადგენს ზიანის მიმყენებელს, არ მიუძღვის ბრალი ზიანის დადგომაში (იხ. სუსგ საქმე №ას-254-239-2010, 20.07.2010წ.).
21. ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დაზარალებულ პირს არ ეკრძალება, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, რომელიც ზიანის მიმყენებელია სსკ-ის 999.4. მუხლის მესამე წინადადების საფუძველზე, ისე - სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლეს, რომელიც ბრალეულად მოქმედებდა და ზიანის მიმყენებელია სსკ-ის 992-ე მუხლის საფუძველზე (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-254-239-2010, 20.07.2010 წელი).
22. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ავტომანქანა „TOYOTA COROLLA“, სახელმწიფო ნომრით ......, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 13 იანვრის N6 ბრძანების საფუძველზე, გადაეცა შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს. მძღოლი, რ.კ–ძე, რომელიც მართავდა ავტომობილს, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი იყო და ავტომანქანაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად ჰქონდა სამართავად გადაცემული. შესააბამისად, დეპარტამენტი, როგორც ავტომანქანის მფლობელი, პასუხისმგებელია დამდგარ ზიანზე. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოპასუხეს იმგვარ მტკიცებულებაზე რომელიც სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის იურიდიულ პასუხისმგებლობას გააქარწყლებდა, არ მიუთითებია.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი სუბიექტია მოპასუხე, როგორც სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, შესაბამისად ვერ გაიზიარებს აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზიას.
24. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, ავტოსატრანსპორტო ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ-ალტერნატივას 2022 წლის 11 მაისის N01/03 ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ავტომობილის TOYOTA SPRINTER სახელმწიფო ნომრით: ........ პირვანდელ ტექნიკურ მდგომარეობამდე აღდგენის ღირებულება 2019 წლის 25 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს დაახლოებით ავტომობილის ღირებულების 65%-ს, შესაბამისად 3 250 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში და მიუთითებს: ექსპერტიზის დასკვნას თან ერთვის დაზიანებული ავტომანქანის ამსახველი ფოტომასალა, დადგენილია ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის დათვალიერებისა და შემოწმების შედეგად გამოვლენილი დაზიანებები და აღნიშნულის საფუძველზე დაანგარიშებულია 2019 წლის 25 აგვისტოს სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიყენებული დაზიანებების აღდგენის ღირებულება. ამასთან, დასკვნაში ზიანის ოდენობა 2019 წლის 25 აგვისტოს მდგომარეობით (სატრანსპორტო შემთხვევის დადგომის თარიღი) არის განსაზღვრული, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის დათვალიერება ექსპერტის მიერ ფაქტობრივად განხორციელებულია 2022 წლის 17 მარტს შპს „ს–ის“ ტერიტორიაზე.
25. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული ზიანის ოდენობაზე, კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით. კერძოდ, კასატორს შეეძლო სასამართლოსთვის წარმოედგინა ალტერნატიული მტკიცებულებებით გამყარებული მოსაზრება ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, ისეთი მტკიცებულებებით რომლებიც გააქარწყლებდა დამოუკიდებელი ექსპერტიზის ცენტრ-ალტერნატივას 2022 წლის 11 მაისის N01/03 ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ზიანის ოდენობას. თუმცა, კასატორს, გარდა ზეპირი განმარტებისა, დამატებით რაიმე მტკიცებულება ან ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ზიანის განსხვავებულ ოდენობას დაადასტურებდა არ წარმოუდგენია.
26. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხისთვის ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე დგომის თანხის 5 947 ლარის დაკისრება, ასევე, სარჩელის სასამართლოში წარდგენის დღიდან 2022 წლის 9 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 8 ლარის დაკისრება. აღნიშნულ მოთხოვნას საკასაციო სასამართლო იზიარებს და მიიჩნევს, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
27. საქმეში წარმოდგენილია შპს „ს.ც–ი“-ს მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც, დაზიანებული ავტომანქანა 2019 წლის 25 აგვისტოს მიიყვანეს ავტოსადგომზე; სადგომის ყოველდღიური ღირებულება შეადგენს _ 8 ლარს, ხოლო, 2022 წლის 19 მაისისათვის დავალიანება შეადგენს _ 5 779 ლარს. შესაბამისად, აღნიშნული ცნობის გათვალისწინებით, ავტომობილი 2019 წლის 25 აგვისტოდან ცნობის გაცემის დრომდე 2022 წლის 19 მაისამდე უწყვეტად იმყოფებოდა შპს “ს.ც–ის” საჯარიმო სადგომზე და მოსარჩელისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის გამომწვევი გარემოება, რომელიც წარმოიშვა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის დღიდან მოყოლებული საქმის სასამართლოში განხილვის დროისთვისაც უცვლელი იყო, შესაბამისად საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ მოსარჩელისთვის მიყენებული ფინანსური ზიანის საკომპენსაციოდ საჯარიმო სადგომზე ავტომანქანის დგოის საფასურის 5 947 ლარის და ასევე აღსრულებამდე ყოველდღიურად 8 ლარის დაკისრება მართლზომიერია.
28. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
29. ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
30. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
31. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. პროცესის ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, პირველი პუნქტის, „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი