Facebook Twitter

ბს-1123-1085(კ-08) 11 დეკემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა კ. ტ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 9 აგვისტოს კ. ტ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ...-ის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და ამავე უნივერსიტეტის ... პასუხისმგებლობის კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2007 წლის 11 ივლისს ...-ის აკადემიური საბჭოს ¹22 დადგენილებით, სრულიად უკანონოდ, მეორედ იქნა გათავისუფლებული ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობიდან. პირველად იგი გათავისუფლდა მაშინდელი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის და დღევანდელი რექტორის, ზ. ც.-ის ¹1-09 ბრძანებით, ... პასუხისმგებლობის კომისიის დასკვნის საფუძველზე. აღნიშნული ბრძანება და ... კომისიის დასკვნა მის მიერ გასაჩივრებულ იქნა გორის რაიონულ სასამართლოში და სასამართლოს გადაწყვეტილებით. აღნიშნული ¹1-09 ბრძანება და ... კომისიის დასკვნა, როგორც უკანონო, გაუქმებულ იქნა. აღნიშნულ საკითხთთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ... პასუხისმგებლობის კომისიას, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ დაევალა გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე უნივერსიტეტში დაიწყო ახალი ადმინისტრაციული წარმოება და ხელახლა იქნა განხილული ზ. ც.-ის 2007 წლის 4 იანვირ ¹01 განცხადება, რომელიც მოსარჩელის წინააღმდეგ იყო მიმართული ... პასუხისმგებლობის კომისიის წინაშე, სადაც ზ. ც.-ი მას ადანაშაულებდა, რომ გაზეთ “...-ში” გამოქვეყნებული სტატიით შეურაცხყოფა მიაყენა უნივერსიტეტში მიმდინარე რეფორმებს და ინტერნეტცენტრის შექმნის იდეას ცილი დასწამა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან გაზეთის ფურცლებზე გამოხატა თავისი აზრი იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტში რეფორმებისათვის გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა და არ იყო საჭირო უნივერსიტეტში ინტერნეტცენტრის შექმნა, ვინაიდან სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები უნდა დახარჯულიყო რეფორმების განსახორციელებლად.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2007 წლის 3 ივლისს გაიმართა ... პასუხისმგებლობის კომისიის სხდომა, სადაც განხილულ იქნა რექტორის აღნიშნული განცხადება, რომელზედაც მან განმარტა, რომ მან გამოიყენა კონსტიტუციური უფლება სიტყვისა და აზრის გამოხატვაზე და გაზეთის ფურცლებზე გამოთქმული აზრები იყო მისი შეხედულება უნივერსიტეტში არსებულ მდგომარეობაზე და რომ აღნიშნული სტატიით მას არავისთვის შეურაცხყოფა და ზიანი არ მიუყენებია. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ კომისიიის წევრებმა არანაირი მისი არგუმენტი და პოზიცია არ გაიზიარეს და დაწერეს ალოგიკური დასკვნა, რომლითაც თითქოს მოსარჩელე არღვევდა უნივერსიტეტის შინაგანაწესს და “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის “გ” პუნქტის შესაბამისად, არსებული მასალების საფუძველზე გათავისუფლებულიყო დაკავებული აკადემიური თანამდებობიდან. ამ დასკვნაზე დაყრდნობით უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, რომელსაც ხელმძღვანელობდა რექტორი ზ. ც.-ი, 11 ივლისს გამოსცა დადგენილება, რომლითაც მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ... პასუხისმგებლობის კომისიის 9 ივლისის დასკვნა იყო ალოგიკური და ...-ის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 11 ივლისის ¹22 დადგენილება _ უკანონო, რადგან იგი არანაირ ფაქტებს არ ემყარებოდა და ძალაუფლების გადამეტებით იყო გამოცემული და მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ... პასუხისმგებლობის კომისიის 2007 წლის 9 ივლისის დასკვნა და ...-ის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 11 ივლისის ¹22 დადგენილება. ასევე მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იმ ფინანსური ზარალის ანაზღაურება, რომელიც მიადგა მიუღებელი ხელფასის სახით 2007 წლის 7 თებერვლიდან მოყოლებული, როდესაც პირველად გაათავისუფლეს დაკავებული აკადემიური თანამდებობიდან.

გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით 2007 წლის 9 ივლისის დასკვნის ბათილად ცნობის ნაწილში კ. ტ.-ის სასარჩელო მოთხოვნაზე შეწყდა საქმისწარმოება დაუშვებლობის მოტივით; 2007 წლის 11 ივლისის ¹22 დადგენილების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

გორის რაიონუილი სასამართლოს 2007 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ტ.-მ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის მთლიანად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინებით კ. ტ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ კ. ტ.-ის მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები უხეშად იქნა დარღვეული და შესაბამისად, მიიჩნია, რომ “განათლების შესახებ” კანონის 38-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტისა და ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესის 3.4 მუხლის “ა” პუნქტისა და 7.2 მუხლის მე-5, მე-6, მე-9, მე-10 და მე-12 პუნქტების თანახმად, მართებულად იქნა გათავისუფლებული ასოცირებული პროფესორის თანამდებობიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ი.-მ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და გასაჩივრებული განჩინების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ტ.-მ რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული კ. ტ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 20 ოქტომბრის განჩინებების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 11 დეკემბრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ტ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კ. ტ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.