საქმე Nას-559-2025
29 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი.ბ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - სს „თ.ბ–ი“, შპს „ა.ჯ–ია“, შპს „კ.გ–ს“ (მოპასუხეები)
დავის საგანი – იპოთეკის ხელშეკრულების და სპეციალისტის განკარგულების ბათილად ცნობა, მესაკუთრდ აღრიცხვა, სამართალურთიერთობის განსაზღვრა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი.ბ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი სს „თ.ბ–ის“, შპს „ა.ჯ–იასა“ და შპს „კ.გ–ის“ წინააღმდეგ, იპოთეკის ხელშეკრულების და სპეციალისტის განკარგულების ბათილად ცნობის, მესაკუთრედ აღრიცხვისა და სამართალურთიერთობის განსაზღვრის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2025 წლის 2 აპრილს 12:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე სატელეფონო შეტყობინებით ეცნობათ მხარეთა წარმომადგენლებს (ტ. 4, ს/ფ 266-268).
5. სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 2 აპრილის სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის წარმომადგენელი, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენელბმა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება იშუამდგომლეს.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, აპელანტის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, განუხილველად იქნა დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2025 წლის 02 აპრილს 12:00 საათზე, დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი მხარე, რომელსაც არც გამოუცხადებლობის მიზეზის და არც სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარეების წარმომადგენლებმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს, აპელანტი მხარის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე;
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (სსსკ-ის 229-242 მუხლები). შესაბამისად, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს შეუძლია სსსკ-ის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
6.3. სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული;
6.4. სასამართლო სააპელაციო საჩივარს განუხილველად დატოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ მხარისათვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, იგი სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა;
6.5. სსსკ-ის 70-ე მუხლით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2025 წლის 02 აპრილს, 12:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე აპელანტის წარმომადგენელ ნ.გ–ძეს ეცნობა სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია სასამართლოს მოხელის მიერ შედგენილი სატელეფონო აქტი, რომლიდანაც დგინდება, რომ 2025 წლის 25 თებერვალს 14:41 საათზე სამსახურებრივი ტელეფონით (ნომერი 1474), აპელანტის წარმომადგენელ ნ.გ–ძეს ეცნობა სასამართლო უწყების შინაარსი, „რომ სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით - 2025 წლის 02 აპრილს 12:00 საათზე N6 დარბაზში, მხარის წარმომადგენელს განემარტა, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგები“;
6.6. ასევე უდავოა ის გარემოებაც, რომ აპელანტის ან/და აპელანტის წარმომადგენლის მიერ არ არის წარმოდგენილი განცხადება/შუამდგომლობა, რომელიც სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლებოდა ყოფილიყო მიჩნეული.
7. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითი განხილვა მოითხოვა.
8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2025 წლის 2 აპრილს აპელანტის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა, რადგან მას სახლში ჰყავს უმძიმესი ავადმყოფი და მის გადასარჩენად, წარმომადგენლს, გამოძახებული ჰყავდა ოჯახის ექიმი და სასწრაფო დახმარება. აღნიშნულის თაობაზე ტელეფონით ეცნობა მოსამართლის თანაშემწეს და მოწინააღმდეგე ბანკის წარმომადგენელს. აპელანტის წარმომადგენელმა სხდომის სხვა დროისათვის გადადება იშუამდგომლა.
9. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას საქმისადმი ინტერესი არ დაუკარგავს. წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობა კი ადვოკატისათვის შექმნილი ფორსმაჟორული გარემოებით იქნა გამოწვეული. საქმის განხილვის დღეს ნ.გ–ძესთან მცხოვრები პირის მომვლელი არ მივიდა, ნ. გ–ძემ კი ავადმყოფი მარტო ვერ დატოვა, რადგან მისი მარტო დატოვება დაუშვებელი იყო. ოჯახის ექიმმა ფეხი მოიტეხა, რის გამოც 2025 წლის 2 აპრილს ცნობა ვერ გასცა.
10. კერძო საჩივარს ერთვის სასწრაფო დახმარების ექიმის მიერ, 2025 წლის 2 აპრილს 12:35 საათზე, შედგენილი სამედიცინო ბარათი.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 მაისის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში არსებითად განსახილველად.
12. საკასაციო სასამართლოს, 2025 წლის 6 აგვისტოს, განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა გაიმეორა კერძო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები და დამატებით აღნიშნა, რომ მისი მარწმუნებელი არის შშმ პირი და წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო იგი სამართლებრივი დაცვის გარეშე არ უნდა დარჩეს. ნ.გ–ძის განმარტებით, მან ტელეფონით შეატყობინა მოსამართლის თანაშემწეს, რომ სხდომაზე გამოცხადება არ შეეძლო. წერილობით განცხადება კი ინტერნეტის არქონის გამო ვერ წარადგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია აპელანტის გამოუცხადებლობის საფუძვლით გამოტანილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი.
15. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
16. სსსკ-ის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. ანალოგიური შინაარსისაა სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.
17. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (სუსგ №ას-1668-2019, 28.02.2020წ.) მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მოპასუხეთა წარმომადგენლებმა მოითხოვეს მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ (შდრ. სუსგ #ას-904-2025, 18.09.2025 წ., Nას-1274-2019, 31.07.2020წ., Nას-1265-2019, 27.12.2019წ.).
19. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. სსსკ-ის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
20. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება წარმოადგენს მხარის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის პროცესუალურ შედეგს და მისი გამოყენების მართლზომიერება პირდაპირ უკავშირდება საკითხს, იყო თუ არა მხარე ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის მიხედვით.
21. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის ის გარემოება, რომ აპელანტი მხარე კანონით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ (იხ. ამ განჩინების 4 და 6.5 პუნქტები).
22. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
23. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის პრეტენზიას, რომ მას ობიექტურად არ შეეძლო წერილობით ეცნობებინა სასამართლოსათვის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ, სარწმუნოდ არ მიიჩნევს და არ იზიარებს. აპელანტის წარმომადგენელი ნ.გ–ძე მიუთითებს მასთან მცხოვრები პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც 2025 წლის 2 აპრილს, სხდომის დღეს, დამძიმდა და მისი მარტო დატოვება დაუშვებელი იყო, ამასთან, მან სასწრაფო დახმარება 2025 წლის 2 აპრილს 12:35 საათზე გამოიძახა, ოჯახის ექიმს ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ცნობა ვერ გასცა. ასევე, ადვოკატს არ ჰქონდა ინტერნეტი, რომ განცხადებით მიემართა სასამართლოსათვის.
24. საკასაციო პალატა, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტებები, განკუთვნადი მტკიცებულებებით გამყარების გარეშე, საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს აპელანტის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისათვის. საქმეში მხოლოდ წარმოდგენილია ქ.ჯ–ისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევის თაობაზე სამედიცინო ბარათი.
25. საკასაციო სასამართლო მოიხმობს ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას, რომლის თანახმად სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გაცემული სამედიცინო ბარათით შესაძლოა დადასტურდეს მხარის ან მისი წარმომადგენლის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობა, თუმცა ამისათვის ფასდება თითოეული გარემოება და მტკიცებულება. (შდრ. სუსგ №ას-607-566-2017, 16.10.2017წ.; Nას-354-336-2015, 29.01.2016წ.; №ას-159-155-2016, 28.07.2016წ.)".
26. კერძო საჩივარზე დართული სამედიცინო ბარათით დასტურდება რომ 2025 წლის 2 აპრილს, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია ქ.ჯ–ს, საქმის მტკიცებულებებით არ დასტურდება, რა ნათესაური კავშირია ნ.გ–ძესა და ქ.ჯ–ს შორის. ასევე, ისეთ მოცემულობაში, როცა სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 2025 წლის 2 აპრილს 12.სთ-ზე, საგულისხმოა ის გარემოება, რომ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ნ.გ–ძის შეტყობინება 2025 წლის 2 აპრილს, 12:35 საათზე მიიღო.
27. იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ასეთ შემთხვევაში, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
28. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას ვერ გაიზიარებს, რადგან კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, მხოლოდ ახსნა-განმარტება კი, საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სწორედ იმ მიზნით აწესებს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის მიზეზის შეფასების ზემოთ მოყვანილ წესს, რომ მხარეებმა საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და მხოლოდ ობიექტურად გამოუვალი მდგომარეობა იქნეს მიჩნეული დასახელებული მოვალეობების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად (იხ. სუსგ №ას-455-2024, 14.06.2024 წ.).
30. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, გარანტირებულია პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით კი, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით, სახელმწიფო რეგულირებას ექვემდებარება. რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ.: Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5).
31. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აპელანტი სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის შესახებ შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ბ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი