საქმე №ას-237-2023
20 დეკემბერი 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ.ბ.ს.გ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „კ.ბ.ს.გ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 52 947.83 ლარის ანაზღაურება.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „კ.ბ.ს.გ–ს“ შორის, 2019 წლის 3 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება NC1.01.01/30/238 ქ. თბილისში, ისნის რაიონში, დავითაიას ქუჩისა და მთისძირის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობის სამუშაოების შესახებ. მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში თბილისის მერიის შესაბამისი წერილის საფუძველზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2019 წლის ივნისიდან 120 კალენდარული დღე.
სამუშაოების დაწყებიდან, მალევე მოსარჩელემ, მოპასუხეს წერილობით აცნობა სამშენებლო მოედანზე არსებული შემაფერხებელი გარემოებების თაობაზე, რომლებიც ხელს უშლიდა სამუშაოების წარმოებას.
2.2 2109 წლის 14 ივნისის N0479 წერილით, დამკვეთს ეცნობა სამშენებლო მოედანზე არსებული შემაფერხებელი გარემოებების შესახებ. მერიის 17/09/2019 წლის N1401192603238 წერილით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული შემაფერხებელი გარემოებები, კომპანია GWP-ის მიერ აღმოიფხვრა 6 სექტემბერს, ხოლო უშიკოვის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების შეფერხების თაობაზე მოსარჩელის მიერ 2019 წლის 21 ოქტომბერს გაგზავნილ შეტყობინებაზე მერიამ პასუხი მხოლოდ 2019 წლის 5 ნოემბერს დააბრუნა. სამუშაოების შემაფერხებელი გარემოებების გარდა, შესრულების ვადის გაზრდა განაპირობა შემსყიდველის დამატებითმა დავალებებმა, რომელიც ხელშეკრულებით არ ყოფილა გათვალისწინებული. ქ. თბილისის მერიის 11/09/2019 წლის N14-0119254358 წერილით, მოსარჩელეს დაევალა სსიპ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან“ დავითაიასა და მთისძირის ქუჩების დამაკავშირებელი მისასვლელი გზის მოწყობა. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის შესაბამისად, აღნიშნული დავალებით გათვალისწინებული დამატებითი სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო ვადა შეადგენდა 84 სამუშაო დღეს. ამასთან, აღნიშნული დავალების სახელშეკრულებო ღირებულების ფარგლებში შესრულების მიზნით, მოსარჩელე იძულებული გახდა მთელი რიგი ცვლილებები შეეთავაზებინა შემსყიდველისთვის, რაც საბოლოოდ გათვალისწინებული იქნა მერიის მიერ. ზემოაღნიშნულის გარდა, მიმწოდებელს შემსყიდველისგან, ასევე დამატებით დაევალა დრენაჟის მოწყობა და გზის ღერძის შეცვლა. სავალი ნაწილის გარკვეული მონაკვეთის მიმდებარედ არსებული ფერდის გამაგრებისთვის დამატებითი გაბიონებით საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოების ჩატარება, რაც მოითხოვდა შესრულების დამატებით დროს. სამშენებლო ობიექტზე გამოვლენილი შემაფერხებელი გარემოებებისა და შემსყიდველის მიერ გაცემული დამატებითი დავალებების გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ არაერთი წერილი გაეგზავნა მოპასუხეს, შესრულების ვადის 2020 წლის თებერვლამდე გაზრდის მოთხოვნით, რაც მოპასუხის მიერ არ იქნა კეთილსინდისიერად გათვალისწინებული.
2.3 შემსყიდველმა 2019 წლის 9 ოქტომბრის შეთანხმებით, გაზარდა შესრულების ვადა 120 დღიდან 197 კალენდარულ დღემდე (2019 წლის 25 დეკემბრამდე), რაც არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ და დამატებითი სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო ვადას. მიუხედავად ზემოაღნიშნული სირთულეებისა, მოსარჩელის მიერ სამუშაოები შესრულდა 2020 წლის 20 იანვარს. ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2020 წლის 9 მარტის N12-01200693402 წერილით, მოსარჩელეს სამუშაოების დასრულების ვადის (20109 წლის 25 დეკემბერი) 32 კალენდარული დღით გადაცილების გამო, ხელშეკრულების 9.6 პუნქტის საფუძველზე დაეკისრა პირგასამტეხლო 52 947.83 ლარის ოდენობით. ამასთან, მოპასუხის ზემოაღნიშნულ წერილში სამუშაოების დასრულების ვადად მითითებულია 2020 წლის 26 იანვარი, თუმცა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად სამუშაოები დასრულდა 2020 წლის 20 იანვარს. გარდა ამისა, ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 2 515 252 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო მოპასუხის მიერ დათვლილია 2 757 699.40 ლარიდან, რაც ეწინააღმდეგება 9.6 პუნქტის მოთხოვნას პირგასამტეხლოს გამოთვლა მოხდეს „ხელშეკრულების ღირებულებიდან“. შესაბამისად, მოპასუხის მიერ პირგასამტეხლო არა მხოლოდ უსაფუძვლოდ იქნა დაკისრებული, არამედ შეცდომითაც იქნა დაანგარიშებული ყოველდღიურად 0.06%-ის ოდენობით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელდა ჯარიმის თანხის მთლიანი ოდენობის - 52 947.83 ლარის დაკავება შესრულებისთვის გადასახდელი თანხიდან. მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მერიის მიერ ჯარიმის დარიცხვა განხორციელდა უკანონოდ და დაუსაბუთებლად.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1 მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეებს შორის 2019 წლის 3 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N01
ხელშეკრულება ქ. თბილისში, ისნის რაიონში, დავითაიას ქუჩისა და მთისძირის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობის სამუშაოების შესახებ. მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში თბილისის მერიის შესაბამისი წერილის საფუძველზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშოების შესრულების ვადად განისაზღვრა წერილობითი დავალების მიცემიდან 120 კალენდარული დღე. მოსარჩელის მიერ მითითებული დამატებითი სამუშაოების და სამუშაოს შემაფერხებელი გარემოებების არსებობის გათვალისწინებით მხარის მოთხოვნით და ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი ანალიზის საფუძველზე შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის 2019 წლის 9 ოქტომბერს შედგა შეთანხმება, კერძოდ, სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა წერილობითი დავალების მიცემიდან 197 კალენდარული დღე (2019 წლის 25 დეკემბერი). ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიის მიერ 2020 წლის 26 იანვარს დადასტურებული შესრულებული სამუშაოს N6 აქტის (ფორმა N2) მიხედვით, შესრულებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა. კერძოდ, ნაცვლად 2019 წლის 25 დეკემბრისა, სამუშაოები დასრულდა 2020 წლის 26 იანვარს (ანუ 32 კალენდარული დღის ვადაგადაცილებით).
3.2 ამასთან, 2020 წლის 28 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე გაიზარდა ხელშეკრულების ღირებულება და ნაცვლად 2 662 459.55 ლარისა, განისაზღვრა 2 757 699.40 ლარით. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით ხელშეკრულების 9.6 პუნქტის საფუძველზე დაეკისრა მოსარჩელეს პირგასამტეხლო 52 947.83 ლარის ოდენობით (32 დღეზე - 2757 699.4 ლარის 0.06%). შესაბამისად, დარიცხული პირგასამტეხლოს თანხის დაქვითვა მოხდა შემსრულებლისთვის გადასახდელი თანხიდან.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
4.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით, შპს „ბ.ს.გ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, შპს „ბ.ს.გ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით, დაკავებული 9927,72 ლარის გადახდა. სარჩელი მოთხოვნის დარჩენილ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4.2 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, შპს „კ.ბ.ს.გ–ის“ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება.
5.2 სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე იურიდიულ ფაქტები, კერძოდ:
5.2.1 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა (დამკვეთი, მოპასუხე) და შპს „კ.ბ.ს.გ–ს“ (მენარდე, მოსარჩელე) შორის 2019 წლის 3 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N01.01.01/30/238 ხელშეკრულება (ნარდობის ხელშეკრულება). ხელშეკრულების ფარგლებში მენარდეს უნდა შეესრულებინა თბილისში, ისნის რაიონში, დავითაიას ქუჩისა და მთისძირის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობის სამუშაოები (პუნქტი 2.1.). სამუშაო უნდა შესრულებულიყო წერილობითი დავალების მიცემიდან 120 კალენდარული დღის ვადაში.
5.2.2 ნარდობის ხელშეკრულების 9.6 მუხლის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაოს დასრულების ვადის ან წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,06%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5.2.3 სამუშაოების შესრულებისას ადგილზე არსებული შემაფერხებელი გარემოებების არსებობის და მერიის მხრიდან დამატებითი სამუშაოების შესრულებაზე დავალების მიცემის გათვალისწინებით მხარეთა შორის 2019 წლის 9 ოქტომბერს გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა წერილობითი დავალების მიცემიდან 197 კალენდარული დღე - 2019 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. ვადის ცვლილებასთან დაკავშირებით სხვა შეთანხმება არ გაფორმებულა.
5.2.4 2020 წლის 13 მარტს გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, შესრულებული სამუშაოს N9 აქტთან (ფორმა 2) ერთად, რომელშიც პირდაპირ არის
მითითებული ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის მიერ 2020 წლის 20 იანვარს დადასტურებული შესრულებული სამუშაოს N9 აქტის (ფორმა N2) მიხედვით, შესრულებულია 2019 წლის 3 ივნისის სახელმწიფო შესყიდვის N01.01.01/30/238 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქ. თბილისში, ისნის რაიონში, დავითაიას ქუჩისა და მთისძირის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობის სამუშაოები.
5.2.5 2019 წლის 5 ნოემბრის მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე გაიზარდა ხელშეკრულების ღირებულება და ნაცვლად 2 525 252 ლარისა, განისაზღვრა 2 662 459.55 ლარით.
5.2.6 2020 წლის 28 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე გაიზარდა ხელშეკრულების ღირებულება და ნაცვლად 2 662 459.55 ლარისა, განისაზღვრა 2 757 699.40 ლარით.
5.2.7 ხელშეკრულების 9.6 პუნქტის საფუძველზე მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლო 52 947.83 ლარის ოდენობით (32 დღეზე - 2757 699.4 ლარის 0.06%) და დარიცხული პირგასამტეხლოს თანხის დაქვითვა მოხდა შემსრულებლისთვის
გადასახდელი თანხიდან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.
5.3 პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის/აპელანტის მოთხოვნის საფუძველზე მის მიერვე მითითებული სამუშაოების შემაფერხებელი გარემოებების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს გაზრდის გათვალისწინებით, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის გაზრდა, 2019 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
5.4 გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებად განსაზღვრული იქნა 2 757 699.4 ლარი, პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის განმარტება შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, მით უფრო მაშინ, როცა მოსარჩელე/აპელანტს, არც სარჩელით და არც სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია დაკისრებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა და არც მისი შემცირება მოუთხოვია.
5.5 პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ 2019 წლის 3 ივნისის სახელმწიფო შესყიდვის N01.01.01/30/238 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები მოსარჩელის მიერ დასრულებული იქნა 2020 წლის 26 იანვარს და დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დასრულებული იქნა 2020 წლის 20 იანვარს, 2020 წლის 13 მარტს გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ამდენად, პალატის შეფასებით, მართლზომიერად მოხდა პირგასამტეხლოს დარიცხვა „სახელშეკრულებო ღირებულების“ (2 757 699.4 ლარის) 0.06%-ის ოდენობით, ხოლო 2020 წლის 20 იანვრიდან 2020 წლის 26 იანვრამდე პირგასამტეხლოს დარიცხვა საფუძველს არის მოკლებული.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6.2 კასატორის განმარტებით, შპს "ბ.ს.გ–"-ის მიერ დარღვეული იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან 2019 წლის 3 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N01.01.01/30/238 ხელშეკრულების (ქ. თბილისში, ისნის რაიონში, დავითაიას ქუჩისა და მთისძირის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობის სამუშაოები) პირობები. კერძოდ, ხელშეკრულების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 10 ივნისის N14 01191612248 წერილით (აღნიშნული წერილი ადრესატს ხელზე ჩაბარდა 2019 წლის 11 ივნისს) დაევალა, ზემოაღნიშნულ ობიექტზე სამუშაოების წარმოება, ხოლო, აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად 2019 წლის 17 დეკემბრის შეთანხმებით განესაზღვრა, სამუშაოების წარმოების წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, წერილობითი დავალების მიცემიდან 197 კალენდარული დღე (2019 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით), თუმცა, აღნიშნული სამუშაოები მოსარჩელის მიერ დასრულებული იქნა 2020 წლის 26 იანვარს (32 კალენდარული დღის ვადის გადაცილება). სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N01.01.01/30/238 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.6 პუნქტის შესაბამისად, სამუშაოების დასრულების ვადის დარღვევისათვის, დაეკისრა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების (2757699.40 ლარი) 0,06%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (32 დღე), 52947.83 ლარი.
6.3 კასატორის განმარტებით, ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის მიერ 2020 წლის 26 იანვარს დადასტურებული შესრულებული სამუშაოს N6 აქტის (ფორმა N2) მიხედვით, შესრულებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. პირგასამტეხლოს დაკისრება და მისი დაანგარიშება განხორციელდა ხელშეკრულების შესაბამისად. კერძოდ, 2020 წლის 28 თებერვალს მხარეთა შორის შედგა შეთანხმება და გაიზარდა ხელშეკრულების ღირებულება 95 239.85 ლარით და ნაცვლად 2 662 459.55 ლარისა, დანართის შესაბამისად განისაზღვრა 2 757 699.40 ლარით. ამასთან, შეთანხმება წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მსჯელობა ვადაგადაცილებულ დღეების ოდენობასთან დაკავშირებით გაუგებარი და საფუძველს მოკლებულია.
6.4 კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება მართლაც რომ მიღებულია მხოლოდ სასამართლოს შინაგანი რწმენის საფუძველზე, რომელიც არ გამოხატულა მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაში.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მარტის განჩინებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა).
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
14. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, მხარეთა შორის სადავოდ ქცეული ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა, კერძოდ, 2020 წლის 20 იანვრიდან 2020 წლის 26 იანვრამდე პერიოდის ჩათვლით და შესაბამისად, ამ ნაწილში პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერება.
15. საკასაციო პალატა უპირველესად განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება.
16. სსკ-ის 361.2 მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებულ ჩარჩოშია მოქცეული ხელშემკვრელ მხარეთა პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაც არის ნარდობის ხელშეკრულებაც, სმკ-ის 629-ე მუხლის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
17. კასატორი სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად, სამუშაოების წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, მენარდეს განესაზღვრა წერილობითი დავალების მიცემიდან 197 კალენდარული დღე (2019 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით), თუმცა, აღნიშნული სამუშაოები მოსარჩელის მიერ დასრულებული იქნა 2020 წლის 26 იანვარს (32 კალენდარული დღის ვადის გადაცილება) და არა 20 იანვარს.
18. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, მასზედ, რომ სამუშაოები მოსარჩელის მიერ დასრულებული იქნა 2020 წლის 26 იანვარს და მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სამუშაოთა შესრულების N9 აქტზე, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, სამუშაოს დასრულების თარიღად მითითებულია 2020 წლის 20 იანვარი (იხ.ს.ფ.92,93-98 ტომი 1), აღნიშნული შუალედური აქტი დადასტურებულია მხარეთა შორის 2020 წლის 13 მარტს გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით, რომელსაც ერთვის ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის მიერ 2020 წლის 20 იანვარს დადასტურებული შესრულებული სამუშაოს N9 აქტი (ფორმა N2), რომლის მიხედვით შესრულებულია 2019 წლის 3 ივნისის სახელმწიფო შესყიდვის N01.01.01/30/238 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქ. თბილისში, ისნის რაიონში, დავითაიას ქუჩისა და მთისძირის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობის სამუშაოები. ამასთან, შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 2 652 931.49 ლარს. ამდენად, აღნიშნული აქტის მიხედვით დასტურდება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებულია 2020 წლის 20 იანვარს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის შედავებას, რომ 2019 წლის 3 ივნისის სახელმწიფო შესყიდვის N01.01.01/30/238 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა 2020 წლის 26 იანვარს, რადგან მის მიერ აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მითითებული მტკიცებულება წარმოადგენს შუალედურ მიღება-ჩაბარების აქტს(02.03.2020წ შუალედური მირება-ჩაბარების აქტი #6 ს.ფ. 264 ტომი 1), რომელიც შედგენილია 2020 წლის 2 მარტს. მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის, შესრულებული სამუშაოს N9 აქტის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომლითაც დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დასრულებული იქნა 2020 წლის 20 იანვარს.
19. მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო წესით გასაჩივრების გზით მოპასუხემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03).
21. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
22. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
25. პროცესის ხარჯები
კასატორი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, I ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე