Facebook Twitter

საქმე ას-975-2022

10 მარტი 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - კომპანია „ჰ.ჰ.ტ.ი.ვ.დ.ჯ.ლ.შ.ფ.ს–ში“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1.სასარჩელო მოთხოვნა

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი აღძრა მოპასუხე ,,კომპანია ჰ.ჰ.ტ.ი.ვ.დ.ჯ.ლ.შ.ფ.ს–ში-ს მიმართ და მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით, 38 885 ლარის დაკისრება.

2. სარჩელის საფუძვლები

2.1 საჩხერის მუნიციპალიტეტსა და საქართველოში, „კ.ჰ.ჰ.ტ.ი.ვ.დ.ჯ.ლ.შ.ფ.ს–“-ს ფილიალს, შორის 2019 წლის 30 სექტემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N233 ხელშეკრულება. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქ. საჩხერეში საავტომობილო გზებზე რკინა ბეტონით მოწყობის სამუშაოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 327 250 ლარს.

2.2 შესყიდვის ობიექტის პირველი ეტაპის მომსახურების მიწოდების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო მეორე ეტაპის მომსახურების მიწოდების ვადა 2020 წლის 01 თებერვლის ჩათვლით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 3 მარტის ჩათვლით.

2.3 შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადაში მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რის გამოც 2020 წლის 10 თებერვალს, ხელშეკრულების მე-11 მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა მოპასუხეს შეუწყვიტა ხელშეკრულება და დააკისრა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დეტალური ტექნიკური დავალებით განსაზღვრული სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების 0,02%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 6160 ლარს, ხოლო ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 32 725 ლარს. სარჩელის წარდგენის მომენტისთვის პირგასამტეხლოს თანხები მოპასუხეს მოსარჩელისთვის არა აქვს ანაზღაურებული.

3. მოპასუხის პოზიცია

3.1 მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე არასწორად უთითებს მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების დარღვევას. კომპანიამ, ჯერ კიდევ ხელშეკრულების გაფორმებამდე მიმართა მოსარჩელე მხარეს წერილობით, რომლითაც ითხოვა დეტალური ტექნიკური დავალების მიწოდება და ასევე პროექტის ნიმუშის წარმოდგენა, რათა შემდგომში შეესრულებინა სამუშაო.

3.2 მოსარჩელემ არ მიაწოდა აღნიშნული დოკუმენტაცია.

3.3 კომპანიის მიერ თავად იქნა შედგენილი პროექტების ნიმუშები და წარდგენილი მოსარჩელისათვის, რაც მიმართული იყო დროის გაჭიანურებისთვის. აღნიშნულმა ხელი შეუშალა კომპანიას მუშაობაში და პროექტების სრულად მომზადებაში. თუმცა, კომპანიას შესასრულებლად ჰქონდა დარჩენილი დრო პროექტების სრულად და ხარისხიანად მომზადებისთვის, მაგრამ მოსარჩელემ სრულიად უმიზეზოდ შეატყობინა კომპანიას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

4.1 საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი ,,კომპანია ჰ.ჰ.ტ.ი.ვ.დ.ჯ.ლ.შ.ფ.ს–ში“-ს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ,,კ.ჰ.ჰ.ტ.ი.ვ.დ.ჯ.ლ.შ.ფ.ს–ს ფილიალს საქართველოში“, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 32 725 (ოცდათორმეტიათას შვიდას ოცდახუთი) ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

4.2 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

5.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 მაისის განჩინებით კომპანია ,,კ.ჰ.ჰ.ტ.ი.ვ.დ.ჯ.ლ.შ.ფ.ს–ში“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

5.2 პალატამ მიუთითა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა ნარდობის - სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2019 წლის 30

სექტემბრის N233 ხელშეკრულებიდან, რომლის ფარგლებშიც მხარეთა შორის სადავო იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისა და ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერება.

5.3 პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის წარმოადგენდა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქ. საჩხერეში საავტომობილო გზებზე რკინა-ბეტონით მოწყობის სამუშაოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის

მომზადება. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 327 250 ლარს. შესყიდვის ობიექტის პირველი ეტაპის მომსახურების მიწოდების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო მეორე ეტაპის მომსახურების მიწოდების ვადა 2020 წლის 01 თებერვლის ჩათვლით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 3 მარტის ჩათვლით.

5.4 სატენდერო წინადადების (2.4.1 მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ) თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაო ეწარმოებინა მოთხოვნილი კვალიფიკაციისა და საპროექტო სამუშაოების ჩატარების გამოცდილების მქონე, შესაბამისი რაოდენობის ძირითადი სპეციალისტების მეშვეობით. ამასთან, ნებისმიერი პროექტი შესრულებული უნდა იყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად (წესებში იგულისხმება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 11 აპრილის 1-1/970 ბრძანებით განსაზღვრული პირობები, რაც თავის მხრივ მოიაზრებს საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროში, მათ შორის პროექტირებაში, 1992 წლამდე მოქმედი ნორმების, წესებისა და რეგლამენტების გამოყენებას, რომლებიც 1992 წლის შემდეგ ქვეყანაში შემუშავებულ ნორმებთან ერთად, განსაზღვრავენ მშენებლობასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს).

5.5 პალატამ დადგენილად მიიჩნია, ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა ქ. საჩხერეში საავტომობილო გზებზე რკინა ბეტონით მოწყობის სამუშაოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შედგენისთვის საჭირო ტექნიკური დავალებები, ხოლო მოპასუხეს შესრულებული 46 პროექტი მოსარჩელისთვის უნდა წარედგინა 2020 წლის 01 თებერვლის ჩათვლით. მოპასუხემ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების მხოლოდ ნაწილი (21 პროექტი წარადგინა) შეასრულა და ისიც ხარვეზით.

5.6 პალატამ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა მისი მხრიდან, დეტალური ტექნიკური დავალების არქონამ გამოიწვია, რისი, მიწოდებაც მერიის ვალდებულება იყო. პალატამ განმარტა, რომ დეტალური ტექნიკური დავალდება შემსყიდველს მიწოდებული ჰქონდა კომპანიისათვის, ამის და მიუხედავად კომპანიამ ვერ შეძლო დათქმულ ვადაში ჯეროვნად ნაკისრი ვალდებულებების შერულება, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის შპს ს.მ.ჯ. დასკვნითა და ლევან სამხარაულის სახელობის

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 15 მარტის, N001714121 ექსპერტის დასკვნით, რომელთა შინაარსით დასტურდება, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ნაკისრი ვალდებულება არასრულად და არაჯეროვნად

შეასრულა.

5.7 პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ კომპანია „ჰ.ჰ.ტ.ი.ვ.დ.თ.ლ.შ.ფ.ს–ში“ დაარღვია მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა, რის გამოც არსებობდა მასზე ხელშეკრულების მე-11 (ხელშეკრულების შეწყვეტა) პუნქტებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

5.8 პალატამ განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-11 მუხლის (ხელშეკრულების შეწყვეტა) თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილი იყო, ვადამდე, ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება, თუ მიმწოდებელი დაარღვევდა (არ ასრულებდა ან არაჯეროვნად ასრულებდა) ხელშეკრულებითა და დეტალური ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ ვალდებულებას; პროექტირებას დაქვემდებარებულ კონკრეტულ ობიექტზე მიღებული დეტალური ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადა მიმწოდებლის მიერ დაირღვა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარდგენის ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენდა 15 კალენდარულ დღეს; ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული საფუძვლებით ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით.

5.9 პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ნაწილობრივ შესრულებული სამუშაო იმდენად ხარვეზიანი აღმოჩნდა, რომ არ შეესაბამებოდა შეთანხმებულ და დადგენილ სტანდარტებს. მოპასუხეს ფაქტობრივად ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაო არ შეუსრულებია. შესაბამისად, უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოს მოცულობის, 327 250 ლარის 10%-ის პროცენტის ოდენობით, რაც შეადგენს 32725 ლარს.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

6.1 სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6.2 კასატორი განმარტავს, რომ მათ სასამართლოში ახსნა-განმარტების ეტაპზე არაერთხელ მიუთითეს, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში (2020 წლის 3 მარტის ჩათვლით), წარადგენდნენ გამზადებულ პროექტს სრულად, თუმცა მოწინააღმდეგე მხარის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო აღნიშნული ვერ განხორციელდა.

6.3 კასატორი აღნიშნავს, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ მოწოდებული ყოფილიყო დამკვეთის მხრიდან უშუალოდ, თუ რომელ ნორმაზე დაყრდნობით შესრულებულიყო სამუშაო, შემკვეთმა აღნიშნული უგულებელყო (დეტალური ტექნიკური დათვალიერება), რაზედაც თავად შემსრულებელს ეძლეოდა უფლება შეეწყვიტა ხელშეკრულება, თუმცა არ გამოიყენა ეს უფლება, ვინაიდან ცდილობდა მასზე მიწოდებული მცირე დავალების თანახმად, შეესრულებინა სამუშაო, რაც შემკვეთის მხრიდან იყო ხელშეკრულების პირობების დარღვევა.

6.4 კასატორმა აღნიშნა, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მოწინააღმდეგე მხარეს კომპანიისთვის არ გადმოუცია დეტალური ტექნიკური დავალება. აღნიშნული დავალების მიღებისას აპელანტი დროულად მოახდენდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.

6.5 ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ კასატორის მიერ აღძრული სარჩელი სასამართლოდან გამოხმობილ იქნა, შესაბამისად, გადაწყვეტილების 4.18 პუნქტში მითითებული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შესრულებულ იქნა კასატორის შუამდგომლობის საფუძველზე მის მიერ აღძრულ სარჩელზე, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კანონიერ მტკიცებულებად.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

11. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

12.სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოების ფარგლებში, პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხისთვის (შემკვეთისათვის) თანხის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის (მენარდის) მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 361.2 (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და 418-ე (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში მიიღწევა.

14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისა და ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერება.

15. საკასაციო პალატა უპირველესად განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361.2 მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებულ ჩარჩოშია მოქცეული ხელშემკვრელ მხარეთა პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაც არის ნარდობის ხელშეკრულებაც.

ამგვარად, შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, პირგასამტეხლოს სახით – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016). აქვე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გააჩნია ორმაგი მნიშვნელობა, ის წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, არამედ, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობის საფასურის გამორკვევის მექანიზმს. პირგასამტეხლოს ორი ძირითადი ფუნქცია გააჩნია: 1. მოვალეს უბიძგოს ვალდებულების შესრულებისკენ (ჯარიმა შეუსრულებლობლობისათვის); 2. წინასწარ განსაზღვროს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის მოცულობა.

24. საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. „თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი“ (იხ. სერგი ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი, 2019 წელი, მუხლი 417, გვ. 789). ამდენად, მოვალის ვალდებულებისგან გათავისუფლებისთვის საჭიროა ისეთი ობიექტური გარემოების არსებობა, რაც გამორიცხავს მოვალის ბრალეულობას ვალდებულების შეუსრულებლობისთვის.

16. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

17. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (შდრ: სუსგ-ებს Nას-1298-2018, 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; Nას-1610-2019, 07.02.2020წ. №ას-1241-2022, 18.01.2023წ.).

18. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორს უნდა დაემტკიცებინა ვალდებულების დარღვევისა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა.

19. სსიპ თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიასა და „კ.ჰ.ჰ.ტ.ი.ვ.დ.ჯ.ლ.შ.ფ.ს–“-ს ფილიალი საქართველოში, შორის 2019 წლის 30 სექტემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N233 ხელშეკრულება. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქ. საჩხერეში საავტომობილო გზებზე რკინა ბეტონით მოწყობის სამუშაოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. შესყიდვის ობიექტის პირველი ეტაპის მომსახურების მიწოდების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო მეორე ეტაპის მომსახურების მიწოდების ვადა 2020 წლის 1 თებერვლის ჩათვლით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის მარტის ჩათვლით.

მხარეთა შორის 2019 წლის 30 სექტემბრის დადებული № 233 ხელშეკრულების ხელშეკრულების მე-11 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ. ამავე მუხლის, მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ვადამდე ცალმხრივად შეწყვიტოს ეს ხელშეკრულება, თუ მიმწოდებელი არღვევს (არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს) ხელშეკრულებითა და დეტალური ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ ვალდებულებებს. მე-6 პუნქტის შესაბამისად კი, მე-5 პუნქტში მოცემული საფუძვლებით ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

20. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მართებულად დადგინდა და მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო გამაქარწყლებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომ მენარდემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რამაც თავისთავად წარმოშვა პირგასამტეხლოს დაკისრების სახელშეკრულებო საფუძველი. კასატორმა, ასევე, ვერ შეძლო მისი ბრალეულობის გამორიცხვა. კერძოდ, დადგენილია, რომ 2019 წლის 16 დეკემბერს, კომპანიამ მიმართა მერიას და წარუდგინა N233 ხელშეკრულების შესაბამისად საჩხერისა მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქ.საჩხერეში საავტომობილო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია (არასრული სახით 21 პროექტი). 2021 წლის 17 დეკემბერს, მოსარჩელემ ექსპერტიზის ჩასატარებლად მიმართა შპს ს.მ. ჯ–ს და გაუგზავნა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია. მონიტორინგის ჯგუფმა მიუთითა, რომ შემსრულებელ კომპანიას 2019 წლის ნოემბერში გადაეგზავნა შენიშვნები და რეკომენტაციები, მათვე გადაეგზავნათ ნიმუში, თუ როგორ უნდა მომზადებულიყო გზების პროექტები. მოპასუხის მიერ მიწოდებულ პროექტებში არ არის ასახული ეს შენიშვნები და რეკომენდაციები, შესაბამისად, ვერ მოხდება მათი განხილვა; საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 17 იანვრის წერილის თანახმად, მოპასუხეს წარსადგენი აქვს 46 საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციები. 17.01.2020 წლის მდგომარეობით მერიაში არცერთი სრულყოფილი პროექტი არ არის წარდგენილი, ხოლო ხელშეკრულების ვადა იწურებოდა 01.02.2020 წელს; 2020 წლის 17 იანვრის წერილის თანახმად, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი მოპასუხეს აფრთხილებს დოკუმენტაციის სრულად წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციების გატარების თაობაზე.

21. შპს ს.მ.ჯ.2020 წლის 07 თებერვლის დასკვნის თანახმად, მოპასუხის მიერ 21 ობიექტისთვის შედგენილი საპროექტო დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებდა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს და მიეცა უარყოფითი (საექსპერტო) შეფასება, რაც გახდა 2019 წლის 30 სექტემბრის N233 ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხელშეკრულების შეწყვეტის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძველი.

22. მოპასუხის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების ფაქტობრივად შეუსრულებლობას ადასტურებს ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული 2021 წლის 15 მარტის N5001532521 ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქ. საჩხერეში საავტომობილო გზებზე რკინაბეტონით მოწყობის სამუშაოების 21 პროექტი არ შეესაბამება 2019 წლის 30 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების ძირითად მოთხოვნებს.

23. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, იმ გარემოების შესახებ, რომ მერიამ არ მიაწოდა კომპანიას დეტალური ტექნიკური დავალება, რისი ვალდებულებაც მას აღებული ჰქონდა 30.09.2019 წლის ხელშეკრულებით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია (ტ.2 ს.ფ. 147-167), მხარეთა შეთანხმების თანახმად, პროექტირებას დაქვემდებარებული არეალის თითოეული უბნისთვის განსაზღვრული ტექნიკური დავალებები, რომლებიც გამოქვეყნდა და მოპასუხისთვის ცნობილი იყო ტენდერში მონაწილეობის პერიოდიდან, შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმად, დეტალური ტექნიკური დავალება მოიცავს მომსახურების გაწევის ვადებს, დასაპროექტებელი ობიექტის დასახლებას, მის ადგილმდებარეობას, საპროექტო მომსახურების ძირითად სახეობებს, პროექტით განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების ჩამონათვალს და მათ საორიენტაციო ღირებულებას (ტ. 1. ს.ფ. 27, 1.2.3. პუნქტი).

24. საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ კომპანია „ჰ.ჰ.ტ.ი.ვ.დ.თ.ლ.შ.ფ.ს–ში“ დაარღვია მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და საჩხერისა მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქ.საჩხერეში საავტომობილო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგინა არასრულად (მხოლოდ 21 პროექტი), რომელიც ამავდროულად არ აკმაყოფილებდა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს, რის გამოც არსებობდა მასზე ხელშეკრულების მე-11 (ხელშეკრულების შეწყვეტა) პუნქტით საფუძველზე პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

25. საკასაციო პალატას, ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან, საქართველოში, კომპანია ,,ჰ.ჰ.ტ. ი.ვ.დ.თ. ლ.შ. ფ–მა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ წარდგენილი სარჩელი გაიხმო, შესაბამისად, აღნიშნული სარჩელის ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის შედეგები სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა. პალატა განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი, პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს. საბოლოოდ, როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის იურიდიული ძალას აფასებს სასამართლო. რაც შეეხება ექსპერტის დასკვნის იურიდიულ ძალას, იგი თანაბარი იურიდიული ძალის მქონეა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან მიმართებით. ამ შემთხვევაშიც სსსკ-ის 105-ე მუხლის მიხედვით, მოქმედებს მტკიცებულებათა სასამართლოს შინაგანი რწმენის საფუძველზე შეფასების პრინციპი.

26. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც პასუხს სცემს საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს, საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, მიუხედავად იმისა, რომ მხარემ თავისი სარჩელი გაიხმო. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა მხარის მითითება, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი შეეფასებინა ექსპერტიზის დასკვნა და თავისი შეფასებები ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაემყარებინა.

27. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, აღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

30. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს, გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1 636.25 ლარის 70% 1 145.35 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კომპანია „ჰ.ჰ.ტ.ი.ვ.დ.ჯ.ლ.შ.ფ.ს–ში“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ, სს „ზ.ბ–ში“, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით, 2022 წლის 12 სექტემბერს, №110152 საგადახდო დავალებით გადახდილი 1 636.25 ლარის 70% - 1 145.35 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე