Facebook Twitter

საქმე №ას-691-2025

2 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ.კ–ია (მხარდაჭერის მიმღები)

II საკასაციო საჩივრის ავტორი - ნ.ს–ია (განმცხადებელი)

მესამე პირი – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განჩინება

I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება

II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით განცხადების სრულად დაკმაყოფილება.

დავის საგანი – პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა და მხარდამჭერის დანიშვნა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ.ს–იამ (შემდგომში - „განმცხადებელი“, „მხარდაჭერის მიმღების შვილი“, „მეორე კასატორი“) განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა - ზ.კ–იას (შემდგომში - „მხარდაჭერის მიმღებად საცნობი პირი“, „განმცხადებლის დედა“, „მხარდაჭერის მიმღები“, „აპელანტი“, „პირველი კასატორი“) მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა და განმცხადებლის მხარდამჭერად დანიშვნა, შემდეგ სფეროებში: მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა (მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება, გაყვანა, გადაყვანა, მედიკამენტების შეძენა სამედიცინო მომსახურების მიღება); სამედიცინო დაწესებულებაში წარმომადგენლობის განხორციელება (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის განსაზღვრა და გადასინჯვა); ზიანის თავიდან აცილება. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში, მხარდაჭერის მიმღების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად. სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან წარმომადგენლობა. საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ამავე სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურში წარმომადგენლობა (მათ შორის, პასპორტის/პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღების მიზნით შესაბამისი განცხადების წარდგენა, საჭირო დოკუმენტებზე ხელმოწერა). სოციალური მომსახურების სააგენტოში სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში წარმომადგენლობა, მხარდაჭერის მიმღების ინტერესების შესაბამისად, სახელმწიფო გასაცემლის საპენსიო პაკეტის თანხის დანიშვნასთან, აღდგენასთან, გაუქმებასთან, განკარგვასთან დაკავშირებით ნების გამოხატვა. პერსონალური მონაცემებით სარგებლობა. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში მათი პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად. ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში, მათ შორის, სს ,,ლ.ბ–ში“ წარმომადგენლობა (მათ შორის, ყველა საჭირო დოკუმენტაციაზე, ხელშეკრულებაზე, თანხმობაზე, განცხადებაზე ხელმოწერა). პლასტიკური/ელექტრონული ბარათის დამზადება, აღება, გაუქმება და საბანკო ანგარიშზე, მათ შორის, დაგროვებით ანგარიშზე არსებული ფულადი თანხის მიღება, განკარგვა, თანხის გამოტანა, გადარიცხვა. მხარდაჭერის მიმღები პირების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები.

2. მხარდაჭერის მიმღებად საცნობი პირი არ დაეთანხმა განცხადებას.

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელმა განმცხადებლის მოთხოვნას მხარი დაუჭირა, გარდა განმცხადებლის მიერ დამოუკიდებლად, მხარდაჭერის მიმღებად საცნობი პირის გარეშე, სარჩელის ცნობის, სარჩელზე უარის თქმის, მორიგების, გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმისა.

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით: განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. განმცხადებლის დედა ცნობილი იქნა მხარდაჭერის მიმღებად და განმცხადებელი დაინიშნა მის მხარდამჭერად შემდეგ სფეროებში: მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა, მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება, გაყვანა, გადაყვანა, მედიკამენტების შეძენა სამედიცინო მომსახურების მიღება; სამედიცინო დაწესებულებაში წარმომადგენლობის განხორციელება, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის განსაზღვრა და გადასინჯვა; ზიანის თავიდან აცილება; მხარდაჭერის მიმღების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება ნებისმიერ სასამართლოში. მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების სფეროში, გარდა, ნ.ს–იას მიერ დამოუკიდებლად, ზ.კ–იას გარეშე, სარჩელის ცნობის, სარჩელზე უარის თქმის, მორიგების, გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმისა; სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან წარმომადგენლობა; საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ამავე სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურში წარმომადგენლობა, მათ შორის, პასპორტის/პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღების მიზნით შესაბამისი განცხადების წარდგენა, საჭირო დოკუმენტებზე ხელმოწერა; სოციალური მომსახურების სააგენტოში სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში წარმომადგენლობა, მხარდაჭერის მიმღების ინტერესების შესაბამისად, სახელმწიფო გასაცემლის საპენსიო პაკეტის თანხის დანიშვნასთან, აღდგენასთან, გაუქმებასთან, განკარგვასთან დაკავშირებით ნების გამოხატვა; პერსონალური მონაცემებით სარგებლობა; ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში, მათ შორის, სს „ლ.ბ–ში“ წარმომადგენლობა, მათ შორის, ყველა საჭირო დოკუმენტაციაზე, ხელშეკრულებაზე, თანხმობაზე, განცხადებაზე ხელმოწერა. პლასტიკური/ელექტრონული ბარათის დამზადება, აღება, გაუქმება და საბანკო ანგარიშზე, მათ შორის, დაგროვებით ანგარიშზე არსებული ფულადი თანხის მიღება, განკარგვა, თანხის გამოტანა, გადარიცხვა. მხარდაჭერის მიმღები პირის ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, ნ.ს–იამ ზ.კ–იას უნდა გაუწიოს დახმარება და მხარდაჭერის მიმღების ინტერესებიდან გამომდინარე, განახორციელოს სამოქალაქო უფლება–მოვალეობანი ზ.კ–იასთან ერთად, მისი ინტერესების შესაბამისად; მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან; მხარდამჭერს განესაზღვრა და განემარტა მისი უფლება-მოვალეობები: მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს; მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს; 6. მხარდაჭერის გადასინჯვის პერიოდულობა განისაზღვრა 5 (ხუთი) წლით.

5. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მხარდაჭერის მიმღებმა.

6. 2025 წლის 18 მარტის სხდომაზე აპელანტმა დააზუსტა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მხარდაჭერის მიმღები პირის მხარდამჭერად განმცხადებლის დანიშვნის ნაწილში და ამ ნაწილში საქმის მოსამზადებელი ეტაპიდან იმავე სასამართლოსთვის განსახილველად დაბრუნება.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განჩინებით დაზუსტებული (შემცირებული) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება მხარდაჭერის მიმღები პირის მხარდამჭერ პირად განმცხადებლის დანიშვნის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე მოსამზადებელი ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8.1. განმცხადებელი არის მხარდაჭერის მიმღებად საცნობი პირის შვილი;

8.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 აგვისტოს განჩინებით, საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე. ექსპერტიზის ჩატარება დაევალა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ექსპერტს დაევალა პასუხების გაცემა შემდეგ კითხვებზე: დადგინდეს მხარდაჭერის მიმღებად საცნობი პირის ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევის ხარისხი; დადგინდეს მისი მოქმედებების და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის შეზღუდვის ხარისხი; შეფასდეს გარემოსთან ურთიერთქმედება, მათ შორის, შეუძლია თუ არა აღიქვას და სათანადოდ შეაფასოს მისი საკითხის გადაწყვეტისათვის ჩატარებულ სასამართლო სხდომების დანიშნულება და მონაწილეობა მიიღოს მათში; დადგინდეს სოციალური ადაპტაციის ხარისხი; შეფასდეს მდგომარეობის გაუმჯობესების/გაუარესების შესაძლებლობა, ასევე, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე რა პერიოდულობითაა საჭირო პირის შემოწმება; დადგინდეს სოციალური პაკეტის დანიშვნის, შესაბამისი თანხის მიღებისა და განკარგვის სფეროში მხარდაჭერის აუცილებლობა (თუ ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დადგინდება, რომ აუცილებელია პირის მხარდაჭერა სხვა სფეროში, გარდა განცხადებაში აღნიშნულისა, მიუთითოს შესაბამისი სფერო);

8.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 26.11.2024წ. №008187124 დასკვნის (შემდგომში - „ექსპერტიზის დასკვნა“) თანახმად, განმცხადებლის დედას აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. მისი ფსიქიკური დარღვევების ხარისხი მნიშვნელოვნადაა გამოხატული. მისი მოქმედებები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა შეზღუდულია მნიშვნელოვნად. მისი გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მნიშვნელოვნად. მისი სოციალური ადაპტაციის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული. ესაჭიროება მხარდამჭერი სოციალური პაკეტის დანიშვნის, შესაბამისი თანხის მიღებისა და განკარგვის სფეროში და სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განხორციელების სხვა სფეროში, მისი მდგომარეობის გაუმჯობესება-გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია, პრაქტიკულად არ არის მოსალოდნელი, განმცხადებლის დედას არ შეუძლია დამოუკიდებლად/გააზრებულად განახორციელოს სამოქალაქო უფლებები, შეუძლია მხარდამჭერის დახმარებით განახორციელოს სამოქალაქო უფლებები, არ შეუძლია სრულად გააცნობიეროს სასამართლო განხილვის დანიშნულება და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდებულია განისაზღვროს ხუთი წლით;

8.4. ექსპერტიზის დასკვნას თან ერთვის 2024 წლის 20 ნოემბრის სამეგრელო ზემო სვანეთის რაიონული ცენტრის სოციალური მუშაკის მიერ შედგენილი SCA72401231232 დასკვნა, რომლის თანახმად, მხარდაჭერის მიმღებად საცნობი პირის მხარდამჭერის დანიშვნის საჭიროება იკვეთება, პირს აქვს F22.08 ინვოლუციური პარანოია, რაც გამოიხატება გონებრივ და ინტელექტუალურ დარღვევებში, რომელსაც ემატება პირადი საჭიროებების გათვითცნობიერების და მოგვარების შეუძლებლობა, შესაბამისად, ამ პრობლემათა ერთობლიობამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში და შესაძლოა საფრთხე შეექმნას მის ჯანმრთელობას, პირის ინტერესებიდან გამომდინარე სოციალური მუშაკს მიზანშეწონილად მიაჩნია განმცხადებლის დედა ცნობილ იქნას მხარდაჭერის მიმღებად;

8.5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მხარდაჭერის მიმღების განცხადება დაკმაყოფილდა და ჯ.ს–ა (წინამდებარე საქმეში განმცხადებლის მამა) ცნობილი იქნა მხარდაჭერის მიმღებ პირად, მის მხარდამჭერად, 5 წლის ვადით, ცნობილი იქნა მისი მეუღლე - ზ.კ–ია;

8.6. განმცხადებელსა და განმცხადებლის მამას შორის მიმდინარეობს ქონებრივი დავა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე;

8.7. განმცხადებლის მამამ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის (წინამდებარე დავაში განმცხადებელი) მიმართ და მოითხოვა მამა-შვილს შორის 2019 წლის 28 მარტს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ზუგდიდი, ......... (ს/კ ........) და მის მესაკუთრედ ჯ.ს–ას აღრიცხვა; მოსარჩელის მტკიცებით, განმცხადებლის მამას გარიგების დადებისას არ ჰქონდა გარიგების შედეგების სწორად განსაზღვრის შესაძლებლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რაც ცნობილი იყო მოპასუხისთვის, სხვა შემთხვევაში მისი ერთადერთი საცხოვრებლის (სადაც ამჟამადაც ცხოვრობს) გაჩუქების ფაქტი აუცილებლად ცნობილი იქნებოდა მასთან მცხოვრები და გაჩუქებული ქონების შეძენაში ფინანსური და ფიზიკური წვლილის შემტანი მეუღლისთვისაც;

8.8. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით: განმცხადებლის მამის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მამა-შვილს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება;

8.9. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ (წინამდებარე დავაში განმცხადებელმა) და დავა ამჟამად სააპელაციო წარმოების ეტაპზეა;

8.10. ზემოაღნიშნულ დავაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარჩელის მხარდამჭერს წარმოადგენს ზ.კ–ია;

8.11. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა მ.ს–ამ განმარტა, რომ მხარდაჭერის მიმღებად საცნობი პირი არის მისი ბებია, მას დამოუკიდებლად შეუძლია თავისი ყველა უფლების დაცვა, არ არის მისთვის ცნობილი, რომ სხვისთვის ან საკუთარი თავისათვის ზიანი მიეყენებინოს, ბებიასთან აქვს კარგი ურთიერთობა, მამიდასთან ნ.ს–იასთან ბებიას აქვს დაძაბული ურთიერთობა, აქვს ქონებრივი დავა. ბებია დამოუკიდებლად სარგებლობს სოციალური ქსელით, უკავშირდება ვიდეოზარით, სარგებლობს ბანკომატით, თანხის ჩარიცხვის აპარატებით;

8.12. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ბ.გ–ამ განმარტა, რომ მხარდაჭერის მიმღებად საცნობი პირი არის მისი გამზრდელი ბებია, განმცხადებლის შვილია, მას დამოუკიდებლად შეუძლია თავისი ყველა უფლების დაცვა, უვლის მეუღლეს ჯ.ს–ას, არის მისი მხარდამჭერი, ბებიასთან აქვს კარგი ურთიერთობა, განმცხადებელს ბებიასთან აქვს დაძაბული ურთიერთობა, აქვს ქონებრივი დავა. ბებია დამოუკიდებლად სარგებლობს სოციალური ქსელით, უკავშირდება ვიდეოზარით, სარგებლობს ბანკომატით, თანხის ჩარიცხვის აპარატებით, საფრანგეთში ამანათებს უგზავნის შვილიშვილს, სტრესის გამო მომატებული აქვს ემოციური ფონი, ნ–თან აქვს ქონებრივი დავა და ამ დავამ გამოიწვია მისი ემოციური ფონის მომატება.

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტის მიერ დაზუსტებული/შემცირებული სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს შესაფასებელია - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება განმცხადებლის მხარდამჭერად დანიშვნის ნაწილში და ამ ნაწილში განცხადების განსახილველად დაბრუნება.

10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა აპელანტის პოზიციაზე, რომლის თანახმად, განმცხადებელს აქვს ინტერესთა კონფლიქტი და ზოგადად კონფლიქტური ურთიერთობა, რის გამოც ის არ უნდა დაინიშნოს მხარდამჭერად. აპელანტის მოთხოვნა მის მხარდამჭერად შვილიშვილის - ბ.გ–ას დანიშვნაა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ მხარდაჭერის მიმღებს გარკვეულ სფეროებში სჭირდება მხარდაჭერა, გადაწყვეტილებით დადგენილია და დაზუსტებული/ შემცირებული სააპელაციო საჩივრით შედავებული არ არის. სსკ-ის 12771 მუხლის თანახმად კი, მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი.

11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარდაჭერა გულისხმობს მხარდამჭერის მიერ მხარდაჭერის მიმღების სათანადო რჩევის მიცემასა და დახმარებას, მიიღოს ინფორმირებული და გააზრებული გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროში (სსკ-ის მე-12, 1289-ე მუხლები). ამ თვალსაზრისით, მხარდაჭერა მნიშვნელოვნად განსხვავდება მზრუნველობისა და მეურვეობისაგან, რა დროსაც მეურვე/მზრუნველი წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი და მისი ფუნქცია არა სამზრუნველო/სამეურვეო პირის სათანადო რჩევაში, არამედ მის ნაცვლად ნების გამოვლენაში ან გარიგების დადებისას თანხმობის მიცემაშია (სსკ-ის 1290-ე მუხლი). თუმცა, არსებობს გამონაკლისიც. იმ შემთხვევაში, თუ მხარდაჭერის მიმღების მიერ პირადად ნების გამოვლენა ობიექტურად შეუძლებელია ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში და ეს საზიანოა მხარდაჭერის მიმღების ინტერესებისთვის, სასამართლო მხარდამჭერს უფლებას აძლევს, მხარდაჭერის მიმღების სახელით დადოს აუცილებელი გარიგებები. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მხარდამჭერი ავლენს ნებას მხარდაჭერის მიმღების ნაცვლად, რითაც იგი წარმომადგენლობითი ფუნქციით მეურვესა და მზრუნველს უტოლდება.

12. სააპელაციო პალატის მითითებით, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს განხილვის საგანია მხოლოდ ის, თუ ვინ განახორციელებს უკეთესად მხარდაჭერას, ვისი დანიშვნა შეესაბამება მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს - კერძოდ, აპელანტი კატეგორიული წინააღმდეგია განმცხადებლის მის მხარდამჭერად დანიშვნისა, მისი სურვილია მისი შვილიშვილის - ბ.გ–ას მის მხარდამჭერად დანიშვნა.

13. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარდამჭერი პირის არჩევისას, სასამართლო ყურადღებას აქცევს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მხარდამჭერად დასანიშნი პირის პიროვნული თვისებები, მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების უნარი, მხარდაჭერის მიმღების ინტერესები, ნება და ა.შ.

14. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი გარემოებებით დასტურდება, რომ ზ.კ–ია დანიშნულია მისი მეუღლის ჯ.ს–ას მხარდამჭერად, დადგენილია, რომ ისინი (მეუღლეები) ცხოვრობენ ერთად; დადგენილია, რომ დედა-შვილს - ზ.კ–იასა და ნ.ს–იას ერთმანეთთან არ აქვთ დედაშვილური ურთიერთობა, ისინი კონფლიქტში არიან ერთმანეთთან, ყოველივე აღნიშნულს ემატება ის გარემოება, რომ ჯ.ს–ას ქონებრივი სასამართლო დავა აქვს ნ.ს–იასთან. აღნიშნულ დავაში კი ჯ.ს–ას მხარდამჭერს და შესაბამისად, მისი ინტერესების დამცველს ნ.ს–იას წინააღმდეგ, წარმოადგენს ზ.კ–ია.

15. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ სახეზეა მხარეთა შორის ინტერესთა კონფლიქტი, რაც გამორიცხავს ნ.ს–იას ზ.კ–იას მხარდამჭერ პირად დანიშვნას. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ირკვევა, ზ.კ–იას ისედაც კონფლიქტური ურთიერთობა აქვს ნ.ს–იასთან, რაც, ცხადია, გამორიცხავს მხარდამჭერის უფლება-მოვალეობების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობას. ეს გარემოება, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება მხარდასაჭერი პირის - ზ.კ–იას ინტერესებს, რადგან მთელი რიგი უფლებები, რომელიც მხარდაჭერის მიმღებმა პირმა უნდა განახორციელოს მხარდამჭერის მეშვეობით, ვერ განხორციელდება ან და არასრულყოფილად განხორციელდება სწორედ მათ შორის კონფლიქტის არსებობის გამო, რაც დაუშვებელია. აღნიშნული გარემოებები კი ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

16. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რამდენადაც განმცხადებელი არ მიაჩნია სათანადო კანდიდატად განმცხადებლის დედის მხარდაჭერისათვის, საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს, სხვა მხარდამჭერის (გასათვალისწინებელია ზ.კ–იას მითითება მისი შვილიშვილის - ბ.გ–ას მხარდამჭერად დანიშვნის შესახებ) კანდიდატის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით.

17. ზემოაღნიშნული განჩინებაზე ორივე მხარემ წარადგინა საკასაციო საჩივარი.

18. პირველი საკასაციო საჩივრის თანახმად, გასაჩივრებული განჩინება გასაჩივრებულია სრულად, კერძოდ, მხარე მოითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების სრულად გაუქმებას ზ.კ–იას მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობისა და მხარდამჭერის დანიშვნის თაობაზე.

19. მეორე საკასაციო საჩივრის ავტორმა მოითხოვა წინამდებარე საქმეზე მისი მხარდამჭერად დანიშვნა და მიუთითა შემდეგ საკასაციო პრეტენზიებზე:

19.1. პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ სსკ-ის 1277 და 1280 მუხლი, მაგრამ არასწორად განმარტა ის. მითითებული ნორმის თანახმად, „სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი.“ პალატამ გასაჩივრებული განჩინებით პირი ცნო, დაადგინა მხარდაჭერის მიმღებად, (ამ ნაწილში ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება) მაგრამ არ დაუნიშნა მხარდამჭერი, რაც აღნიშნული იმპერატიული ნორმის და სსსკ-ის 36321 მუხლის პირველი ნაწილის უხეში დარღვევაა. პალატის მითითებული კანონშეუსაბამო მოქმედების შედეგად მხარდაჭერის მიმღები პირი დარჩა მხარდაჭერის გარეშე;

19.2. პალატას არ შეუსწავლია ბ.გ–ას პიროვნება, საქმეში არ მოიპოვება ბ. გ–ას ცნობა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ (მას არ გააჩნია საკუთრებაში სახლი და ცხოვრობს მამამთილის სახლში); ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ (ის მუდმივად ცხოვრობს თბილისში და არა ზუგდიდში); ცნობა ნარკოლოგიურიდან; ცნობა ფსიქიატრიულიდან; ცნობა ნასამართლობის შესახებ. ე.ი. არავითარი პიროვნული მახასიათებლები, რაც დაარწმუნებდა სასამართლოს მისი კანდიდატურის სათანადობაში. პალატამ არ გაითვალისწინა გ–ას პოზიცია პირველი ინსტანციის სასამართლოში, სადაც მან კატეგორიული უარი განაცხადა ყოფილიყო მხარდამჭერი; ასევე არ იქნა გათვალისწინებული მხარდაჭერის მიმღებ პირად საცნობი პირის პოზიცია;

19.3. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ინტერესთა კონფლიქტის არსებობა. 2024 წლის 14 დეკემბერს საქმეში წარდგენილია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამართალდამრღვევს (მხარდაჭერის მიმღებ პირად საცნობი პირი) ნევროლოგიური გამოკვლევით დაუდგინდა მწვავე ფსიქოზური აშლილობა, რეკომენდებულია ფსიქიატრის კონსულტაცია; ამავე საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, ზ. კ–ას დაუდგინდა „ინვოლუციური პარანოია“, იქვე აღნიშნულია, რომ განმცხადებლის დედას არ შეუძლია გააცნობიეროს სასამართლო განხილვის დანიშნულება და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში; მითითებულიდან გამომდინარე, დოკუმენტურად დასტურდება, რომ 22.11.2023 წელს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით (მოსამართლე ირაკლი აფშილავა; #2/1963-23 საქმე) დემენციითა და ალცჰაიმერით დაავადებულ, ფსიქიკურად ავადმყოფ, მხარდაჭერის მიმღებ ჯ.ს–ას, მხარდამჭერად დაუნიშნეს ჯერ კიდევ 2015 წლიდან მწვავე ფსიქოზური აშლილობით დაავადებული, ხოლო 2024 წლიდან ინვოლუციური პარანოიით დაავადებული ზ.კ–ია, რაც აშკარად დასტურია ფაქტისა რომ ზ. კ–ა 2024 წელს ექსპერტიზის ჩატარებამდე წინა დღით არ გამხდარა ფსიქიკურად ავად და, რომ ჯ. ს–ას სახელით ნ.ს–იას მიმართ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (საქმე განიხილა იმავე მოსამართლე ირაკლი აფშილავამ) 2024 წელს სარჩელი აღძრა ფსიქიკურად ავადმყოფმა პირმა, რომელსაც დასკვნის თანახმად „არ შეუძლია გააცნობიეროს სასამართლო განხილვის დანიშნულება და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში“. მითითებულიდან გამომდინარე, ხსენებული დავა პროვოცირებულია არა დავის რეალურად არსებობით, არამედ ზ. კ–ას ფსიქიკური მდგომარეობით;

19.4. აღნიშნულიდან და უკვე ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ზ. კ–ა მხარდაჭერის მიმღებია და შესაბამისად ზ. კ–ას მიერ ჯ. ს–ას სახელით აღძრული სარჩელი განუხილველად უნდა დარჩეს. აგრესია და კონფლიქტი ზ. კ–ას თავისი ავადმყოფობიდან გამომდინარე გააჩნია ყველას მიმართ, მათ შორის, საკუთარი თავის მიმართ (ამონაწერები 112 სამსახურიდან, 6 სუიციდის მუქარა, 200 ზარი წელიწადში) და ამის არაერთი ფაქტია წარდგენილი საქმეში ის ედავება მეზობლებს, ნათესავებს, პოლიციას, სოციალურ სამსახურს. მის მიმართ აღძრულია არაერთი საქმე. რაც შეეხება კონფლიქტს განმცხადებელთან, „კონფლიქტი“ არ ცდება ზემოთ მითითებული ე.წ. სასამართლო დავის ფარგლებს სადაც ზ. კ–ა გვევლინება ჯ. ს–ას არაუფლებამოსილ წარმომადგენლად სასამართლოში, სადაც, განმცხადებლის დედას არ შეუძლია გააცნობიეროს სასამართლო განხილვის დანიშნულება და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში. საქმეში არაა წარდგენილი არცერთი მტკიცებულება სიტყვიერი და ან ფიზიკური დაპირისპირებისა დედა-შვილს შორის, არასდროს ქონია ადგილი ძალადობას ან სხვაგვარ ფაქტს. ნ. ს–ას მხრიდან არ ქონია ადგილი არც ფაქტობრივ და არც სამართლებრივ ქმედებას, რაც მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებდა დამსაჩუქრებელს და ზ.კ–იას. რომ არა ზ. კ–ას ფსიქიკური ავადმყოფობა სასამართლო დავა „კონფლიქტი“ არ იარსებებდა. ხოლო ფაქტი შვილის მზრუნველობისა დედის მიმართ, მათი დედა-შვილური ურთიერთობისა, გადასახადების გადახდა, რემონტის ჩატარება, მშობლების მკურნალობა, წარმომადგენლობა სასამართლოში და სხვა. (საბანკო ამონაწერები, გადაწყვეტილება) წარმოდგენილია საქმეში.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

21. საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ პირველი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ხოლო მეორე საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - „სსსკ“) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

23. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

24. სსსკ-ის 391-ე მუხლის პირველი ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამდენად, მითითებული ნორმა ადგენს საკასაციო საჩივრის სუბიექტთა წრეს. პალატა განმარტავს, რომ „მხარეში“ იგულისხმება მხარე, რომლის წინააღმდეგაც მიღებულია გადაწყვეტილება/განჩინება (მაგ.: მოსარჩელე, რომლის სარჩელი/სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ან მოპასუხე, რომლის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი/სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა). მხარის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების/ განჩინების ამავე მხარის მიერ გასაჩივრება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის დანაწესს, ვინაიდან ეს ნორმა ადგენს უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ეს უფლება დარღვეულია ან სადავოდაა ქცეული.

25. ამავე კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი.

26. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2025 წლის 18 მარტის სხდომაზე აპელანტის (პირველი კასატორი) წარმომადგენელმა დააზუსტა სააპელაციო მოთხოვნა და გასაჩივრებული განჩინების მხარდაჭერის მიმღები პირის მხარდამჭერად განმცხადებლის დანიშვნის ნაწილში გაუქმება და ამ ნაწილში საქმის მოსამზადებელი ეტაპიდან იმავე სასამართლოსათვის განსახილველად დაბრუნება მოითხოვა. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით კი, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად, ფაქტობრივად, კასატორი ასაჩივრებს მის სასარგებლოდ მიღებულ განჩინებას.

27. სსსკ-ის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ გასაჩივრების უფლების მქონე პირმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სადავოდ არ გახადა კანონით დადგენილ ვადაში, მაშინ გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და მხარე კარგავს მისი გასაჩივრების უფლებას. გათვალისწინებით იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, ხოლო მეორე მხარემ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მხოლოდ მხარდამჭერის ვინაობა გახადა სადავოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება განმცხადებლის დედის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე, სააპელაციო მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ შევიდა კანონიერ ძალაში, აღნიშნული კი პირველი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია (სუსგ საქმეზე №ას-614-584-2013, 22 ივლისი, 2013 წელი).

28. სსსკ-ით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (სსკ-ის 264-ე მუხლი) და მატერიალური (სსკ-ის 266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც პირველ შემთხვევაში, გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არამარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. კერძოდ, სსსკ-ის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. მითითებული ნორმის ანალიზი იძლევა შემდეგი დასკვნის საფუძველსაც: გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი შედეგი. მხარეს, რომლის წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, არა აქვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების უფლება. შესაბამისად, პირველი კასატორი არ არის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების სუბიექტი (იხ. სუსგ საქმე Nას-55-2020, 27 იანვარი, 2020 წელი).

29. რაც შეეხება მეორე საკასაციო საჩივარს, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

30. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

31. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

32. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მეორე საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, რამდენად მართლზომიერად ეთქვა განმცხადებელს უარი მხარდამჭერად ცნობაზე და რამდენად მართლზომიერია საქმის ხელახალი განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება, სხვა მხარდამჭერის (გასათვალისწინებელია ზ.კ–იას მითითება მისი შვილიშვილის - ბ.გ–ას მხარდამჭერად დანიშვნის შესახებ) კანდიდატის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით.

33. განსახილველ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ მხარდაჭერის მიმღებს გარკვეულ სფეროებში სჭირდება მხარდაჭერა, გადაწყვეტილებით დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის.

34. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12771 მუხლის თანახმად, მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი. საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს მხოლოდ ის, თუ ვინ განახორციელებს უკეთესად მხარდაჭერას, ვისი დანიშვნა შეესაბამება მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს უფრო მეტად.

35. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების“ კონვენციის (ძალაშია 2014 წლის 12 აპრილიდან) (შემდეგში - „კონვენცია“) პრეამბულით კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები ითვალისწინებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში ჩამოყალიბებულ პრინციპებს, რომლებიც ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელ ღირსებასა და ფასეულობას, ასევე, მათ თანასწორობასა და განუყოფელ უფლებებს აღიარებენ თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძვლად; აღიარებენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა და ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტებში განაცხადა და დაადასტურა ყველა ადამიანის უფლება, ყოველგვარი განსხვავებულობის გარეშე ისარგებლოს აღნიშნული დოკუმენტებით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით. კონვენციის პრეამბულით აღიარებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსხვავებულობა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის აუცილებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირის, მათ შორის, ინტენსიური დახმარების საჭიროების მქონეთა მიმართ. კონვენცია აწესებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებების და ძირითად თავისუფლებათა სრული რეალიზების ხელშეწყობას, ყოველი პიროვნების თანასწორობას კანონის წინაშე და კანონის ძალით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებაუნარიანობას სხვებთან თანასწორად, ცხოვრების ყველა სფეროში. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის და ეფექტურ ზომას, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება საკუთრების ფლობასა და მემკვიდრეობის მიღებაზე, საკუთარი ფინანსური საქმეების მართვაზე, საბანკო სესხების, საიპოთეკო, სხვა ფინანსური კრედიტების თანაბარ მისაწვდომობაზე და უზრუნველყოფენ, რომ არ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის საკუთრების თვითნებურად ჩამორთმევა.

36. კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის“ პრინციპს განამტკიცებს, რომლითაც განისაზღვრა მხარდაჭერის მიმღებ პირთა აქტიური მონაწილეობა სამართალწარმოების პროცესში. აქტიური საპროცესო ქმედუნარიანობა რეფორმის შემდეგ მხარდაჭერის მიმღებ პირთა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საპროცესო უფლებაა (იხ., ი. ხურციძე, ფიზიკური პირის ქმედუნარიანობის შეზღუდვის ფარგლები ქონებრივ ურთიერთობებში, 2021, გვ. 20).

37. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2015 წლის 20 მარტს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირად მიჩნევა ხდება ინდივიდუალური შეფასების მიხედვით. პირის ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირად მიჩნევისათვის აუცილებელია სამი ელემენტის ერთობლივად არსებობა: ა) ფიზიკურ პირს აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები; ბ) ეს დარღვევები სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებაში ხელს უშლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას; გ) სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მოქმედების შეუძლებლობა. (ბ. ზოიძე, თ. კორძაია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I , 2017, მუხლი 12, ველი 12-14.).

38. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებელმა საკანონმდებლო ნოვაციით ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა ქმედუნარიანობა მიიჩნია მათი სამართალსუბიექტობის აუცილებელ ნიშნად. მხარდაჭერის ინსტიტუტის შემოღებით კანონმდებელმა შექმნა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის ნების გამოხატვისა და სწორად წარმართვის მექანიზმი, რომელიც როგორც ითქვა, ხელს უწყობს მის სამოქმედო მდგომარეობაში მოყვანას. სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებებიდან ჩანს, რომ აღნიშნული ინსტიტუტის მიზანია არა ერთი ნების მეორე ნებით ჩანაცვლება, არამედ სამართლებრივად ჯანსაღი და შედეგუნარიანი ნების გამოვლენისათვის ხელის შეწყობა. „მხარდამჭერი ვალდებულია მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადებისას დაეხმაროს მას გარიგების პირობებისა და სამართლებრივი შედეგების სრულ აღქმაში“ (იხ., ბ.ზოიძე, „ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის სამართალსუბიექტობა„ თსუ სამართლის მიმოხილვა, 2016 (N1) გვ. 40- 41).

39. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ“ კონვენციის მიხედვით, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირები მიეკუთვნებიან ადამიანებს, რომელთა ხანგრძლივმა ფიზიკურმა, მენტალურმა, ინტელექტუალურმა და სენსორულმა დარღვევებმა დამატებით ბარიერებთან ურთიერთქმედებით შეიძლება, შეაფერხოს მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორი, სრულფასოვანი და ეფექტიანი მონაწილეობა. სახელმწიფოს მთავარი მიზანი ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის რეგულირებისას უნდა იყოს იმ დამატებითი ბარიერების მოხსნა ან მაქსიმალურად „შერბილება“, რომლებიც ხელს უშლის მათ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მხარდამჭერის მთავარი ფუნქცია და როლი კი სწორედ ასეთი ბარიერების გადალახვაში დახმარების გაწევას გულისხმობს (იხ., კორკელია კ. (რედ.), ადამიანის უფლებათა დაცვა: მიღწევები და გამოწვევები, თბილისი, 2012, 94; Carnaby S., Designs for living: a comparative approach to normalisation for the new millenium, Aldershot, 1999, 187.).

40. სსკ-ის 1280-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას.

41. ამდენად, მხარდამჭერი პირის არჩევისას, სასამართლო ყურადღებას აქცევს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მხარდამჭერად დასანიშნი პირის პიროვნული თვისებები, მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების უნარი, მხარდაჭერის მიმღების ინტერესები, ნება და ა.შ.

42. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, წინამდებარე საქმეზე დადგენილია, რომ განმცხადებელსა და განმცხადებლის მამას შორის მიმდინარეობს ქონებრივ-სამართლებრივი დავა. დასახელებულ დავაში განმცხადებლის მამის მხარდამჭერი არის ზ. კ–ა (წინამდებარე საქმეზე მხარდამჭერის მიმღებად საცნობი პირი). სარჩელის თანახმად, განმცხადებლის მამას გარიგების დადებისას არ ჰქონდა გარიგების შედეგების სწორად განსაზღვრის შესაძლებლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რაც ცნობილი იყო მოპასუხისთვის, სხვა შემთხვევაში, მისი ერთადერთი საცხოვრებლის (სადაც ამჟამადაც ცხოვრობს) გაჩუქების ფაქტი აუცილებლად ცნობილი იქნებოდა მასთან მცხოვრები და გაჩუქებული ქონების შეძენაში ფინანსური და ფიზიკური წვლილის შემტანი მეუღლისთვისაც. გასათვალისწინებელია ასევე მოწმეთა ჩვენება, რომელთა მიხედვით, განმცხადებელსა და მხარდაჭერის მიმღებად საცნობ პირს აქვთ დაძაბული ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია ქონებრივ დავასთან (იხ. წინამდებარე განჩინების 8.11.-8.12 პუნქტები). საყურადღებოა ასევე, რომ ქონებრივი დავა მიმდინარეა და არ დასრულებულა, ამასთან, მხარდაჭერის მიმღებად საცნობმა პირმა სასამართლო მიმდინარეობისას თავადაც გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება განმცხადებლის მიმართ. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართლზომიერად დაადგინა, რომ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი. ამასთან, მხარდაჭერის მიმღები პირის პოზიციის გათვალისწინებით, იგი სააპელაციო განხილვის ეტაპზე თანახმა იყო მხარდამჭერად დანიშნულიყო მისი შვილიშვილი - ბ.გ–ა.

43. რაც შეეხება წინამდებარე განჩინების 19.1-19.2 პუნქტებში მითითებულ საკასაციო პრეტენზიას. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორედ იმ მოტივით არ დანიშნა მხარდამჭერი, რომ არ იყო გამოკვლეული ის საკითხები რაც მითითებულია 19.2 პუნქტში აღწერილ საკასაციო პრეტენზიაში. იმ პირობებში კი, როდესაც არ იყო გამოკვლეული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას თავად ემსჯელა მხარდამჭერად ბ.გ–ას დანიშვნის თაობაზე.

44. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარდამჭერისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარის, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღებად საცნობი პირის ურთიერთდამოკიდებულების, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებისა და ნების, ასევე, თავად მხარდაჭერის მიმღების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლომ მართებულად მიიჩნია მიზანშეწონილად მხარდამჭერის დანიშვნისათვის აუცილებელი საკითხების გამოსაკვლევად საქმის ქვედა ინსტანციაში განსახილველად დაბრუნება.

45. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შესაბამისობაშია უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან (იხ. სუსგ საქმე Nას-1595-2023, 21 მარტი, 2024 წელი; საქმე Nას-136-2022, 15 აპრილი 2022 წელი; საქმე Nას-1025-2022, 29 ნოემბერი 2022 წელი), ხოლო კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არის არაკვალიფიციური და დაუსაბუთებელი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

46. კასატორები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე, 372-ე, 399-ე, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ზ.კ–იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. ნ.ს–იას საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე