საქმე №ას-700-2025
8 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – ს.გ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.გ–ვა (მოსარჩელე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.გ–ვა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – – ს.გ–ი (მოპასუხე)
არასრულწლოვანი - კ.გ–ვა
არარულწლოვანის საპროცესო წარმომადგენელი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ი.გ–ვამ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მეორე საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს.გ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „პირველი საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე.
2. სარჩელით მოთხოვნილი იყო მოსარჩელეს 2021 წლის 26 აგვისტოს დაბადებულ კ.გ–ვასთან (შემდგომში - „არასრულწლოვანი“, „ბავშვი“) განსაზღვროდა ურთიერთობა შემდეგი წესით: ა) ბავშვის სამ წლამდე ასაკის მიღწევამდე პერიოდში კვირაში 4 დღე შემდეგი წესით: სამშაბათი: 17:00-20:00 საათის შუალედში; ხუთშაბათი: 17:00-20:00 საათის შუალედში; შაბათი 10:00-18:00 საათის შუალედში; კვირა 10:00-18:00 საათის შუალედში, არანაკლებ სამი საათის. მამის საცხოვრებელ ადგილას წაყვანისა და მოპასუხის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით; ბ) სამიდან ექვს წლამდე პერიოდში, შემდეგი წესით: სამშაბათი: 17:00-20:00 საათის შუალედში; ხუთშაბათი: 17:00-20:00 საათის შუალედში; კვირა 10:00-18:00 საათის შუალედში არანაკლებ სამი საათის; ყოველი კვირის შაბათ დღეს 11:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე. მამის საცხოვრებელ ადგილას წაყვანისა და მოპასუხე ს.გ–ის (პ/ნ: ..........) საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით; გ) ექვსი წლის ასაკის შემდგომ პერიოდში, შემდეგი ორგანიზებით: სამშაბათი: 17:00-20:00 საათის შუალედში; ხუთშაბათი: 17:00-20:00 საათის შუალედში; ყოველი კვირის შაბათ დღეს 11 საათიდან კვირა დღის 12 საათამდე. მამის საცხოვრებელ ადგილას წაყვანისა და მოპასუხე ს.გ–ის (პ/ნ: ..........) საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით; დ) ექვსი წლის ასაკის შემდგომ პერიოდში, ბაღისა თუ სკოლის ყველა არდადეგების ნახევარი პერიოდი.
3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს მიეცა უფლება, იქონიოს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან ყოველ შაბათსა და კვირას 15:00 საათიდან - 18:00 საათამდე დროის მონაკვეთში.
5. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ორივე მხარემ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2023 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: სარჩელი ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელეს მიეცა უფლება ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან შვილთან შემდეგი წესით: 3 წლის ასაკიდან 6 წლამდე პერიოდში - ყოველი კვირის სამშაბათს 17:00 საათიდან 20:00 საათამდე და ყოველი კვირის შაბათს 11:00 საათიდან 19:00 საათამდე; 6 წლის ასაკის მიღწევის შემდგომ პერიოდში - ყოველი კვირის სამშაბათს 17:00 საათიდან -20:00 საათამდე და ყოველი კვირის შაბათს 11:00 საათიდან კვირას 12:00 საათამდე; 6 წლის ასაკის მიღწევის შემდგომ პერიოდში - საზაფხულო არდადეგებზე 1-10 ივლისის ჩათვლით და 1-10 აგვისტოს ჩათვლით, ზამთრის არდადეგებზე - 8- 15 იანვრის ჩათვლით.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. მოსარჩელე და მოპასუხე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში 2020 წლის 25 ოქტომბრიდან. მხარეებს თანაცხოვრებისას შეეძინათ ერთი შვილი - 2021 წლის 26 აგვისტოს დაბადებული არასრულწლოვანი;
7.2. ბავშვის დაბადებიდან 2022 წლის მარტის თვემდე მეუღლეები ცხოვრობდნენ მოპასუხის მშობლებთან - ზ.გ–თან და თ.გ–თან ერთად. (თბილისი, ..........). 2022 წლის მარტის თვიდან მხარეები აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად;
7.3. მოსარჩელის მიმართ 05.11.2022 წელს გაიცა შემაკავებელი ორდერი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.11.2022 წლის გადაწყვეტილებით, გაუქმდა საქართველოს შსს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მესამე სამმართველოს მიერ 2022 წლის 22 ოქტომბერს გამოცემული №022136 შემაკავებელი ორდერი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.12.2022 წლის გადაწყვეტილებით, უცვლელად დარჩა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მესამე სამმართველოს 2022 წლის 13 აგვისტოს შედგენილი №022087, №022088 და №022089 შემაკავებელი ორდერები;
7.4. არასრულწლოვანს დედასთან - მოპასუხესთან სანდო (საიმედო) მიჯაჭვულობა აქვს, მასთან თავს უსაფრთხოდ, კომფორტულად და დაცულად გრძნობს. მოსარჩელეს ბავშვთან ურთიერთობა ჰქონდა 2022 წლის ივლისის თვემდე მოპასუხის საცხოვრებელ სახლში;
7.5. მოსარჩელე დასაქმებულია შპს „ი.ვ.გ.ც–ში“ ფინანსური დირექტორის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური სარგო შეადგენს 7500 ლარს. თანამშრომლები მას ახასიათებენ კომუნიკაბელურ და დადებით პიროვნებად. გარდა ამისა, მოსარჩელე არის მეღვინე და აქვს ღვინის კომპანია;
7.6. მოსარჩელე არ იყო ნასამართლევი (პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს) და ძებნაში არ იმყოფება, მოსარჩელე არ იმყოფება ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე;
7.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 დეკემბრის დროებითი განკარგულებით, მოსარჩელეს მიეცა უფლება, ურთიერთობა ჰქონოდა არასრულწლოვანთან ყოველ სამშაბათს და შაბათს 16:00 საათიდან - 17:30 საათამდე, მოპასუხის დედის თ.გ–ის თანდასწრებით. სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის საოქმო განჩინებით, ცვლილება შევიდა 2022 წლის 2 დეკემბრის დროებითი განკარგულების მეორე პუნქტში და მოსარჩელეს უფლება მიეცა, ურთიერთობა ჰქონოდა არასრულწლოვან შვილთან - სამშაბათს და შაბათს 16:00 საათიდან - 17:30 საათამდე დროის მონაკვეთში, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლის და ფსიქოლოგის მონაწილეობით და უშუალო ჩართულობით;
7.8. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ,,ბავშვის უფლებების შესახებ‘’ კონვენციის მე-3, მე-9, მე-12, მე-13, მე-18 და 27-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 1197-ე-1999-ე, 1200-ე, 1202-ე, 1203-ე, 1205-ე მუხლებსა და „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-5, მე-12, მე-18, 24-ე, 25-ე, 46-ე და 47-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ საკითხის შესწავლისა და არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკის დასკვნა, რომლის თანახმად, მამას უნდა მიეცეს შვილთან ურთიერთობის უფლება, რაც დადებითად აისახება თავად არასრულწლოვანის განვითარებაზე. მამა-შვილის ურთიერთობა ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის ჯანსაღი განვითარების მნიშვნელოვანი ელემენტია, რათა მამა-შვილს შორის არ მოხდეს გაუცხოება. ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა მამასა და შვილს შორის ურთიერთობის განვითარების დადებით დინამიკას და მიუთითა, რომ მხარის მზაობა, მიმღებლობა სპეციალისტების მითითებისა ძალზედ ხელშემწყობ ფაქტორად უნდა იქნეს მიჩნეული. ამასთან, სასამართლომ შეაფასა სააგენტოს მიერ დროებითი განკარგულების აღსრულებისა და საქმის დამატებითი შეფასების ფარგლებში წარმოდგენილი სიტუაციური ანალიზიც. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მამისა და შვილის ურთიერთობა დინამიურად დადებითად ვითარდება, მამა ითვალისწინებს სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის რეკომენდაციებს, ცდილობს მოარიდოს შვილი საფრთხის შემცველ ატრაქციონებს, სათამაშოებს, ზრუნავს მის ჰიგიენაზე იმ გარემოს გათვალისწინებით, რა გარემოშიც ეძლევა მას ბავშვთან ურთიერთობის შესაძლებლობა. რაიმე საფრთხის შემცველი ფაქტორი მამა-შვილის ურთიერთობის შეზღუდვის ან გამორიცხვისათვის გამოვლენილი არ არის. სასამართლომ გაითვალისწინა მცირეწლოვანის დამოკიდებულება მამის მიმართ. მოპასუხე სასამართლო სხდომაზე აქტიურად აპელირებდა იმ საკითხზე, რომ მამას შვილთან დამოუკიდებლად არ ჰქონია ურთიერთობა და მათი კომუნიკაცია მხოლოდ გასართობი ცენტრით შემოიფარგლებოდა, სადაც ბავშვი ნებისმიერ შემთხვევაში გაერთობა. სასამართლომ შენიშნა, რომ მოსარჩელეს ფაქტობრივად არ ჰქონია სხვა გარემოში შვილთან კომუნიკაციის საშუალება სასამართლოს დროებითი განკარგულების მიღებამდე და მხოლოდ მოპასუხის საცხოვრებელში მისვლით ეძლეოდა ბავშვთან ურთიერთობის შესაძლებლობა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ მამას არ აქვს შვილთან სხვა სივრცეში ურთიერთობის გამოცდილება. თუმცა, აღნიშნული იმგვარად არ უნდა იქნეს აღქმული, რომ მამა ვერ შეძლებს შვილის საჭიროებების გათვალისწინებით მოქმედებას, მშობლის უნარების გამოვლენას, იქნება ეს საკვების მომზადება, ბავშვის დაბანა თუ გამოცვლა, მხოლოდ იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ ის მამაკაცია. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ რაიმე უპირატესობის მინიჭება სქესის ნიშნით დაუშვებელია და კანონს ეწინააღმდეგება. მამა, ისევე, როგორც დედა, სრული მოცულობით უნდა მონაწილეობდეს შვილის ცხოვრების ყველა ეტაპზე, მამასთან ურთიერთობა არ უნდა ასოცირდებოდეს ბავშვისათვის დასვენების, გართობის, თამაშის დროსთან და მასთან კომუნიკაცია მხოლოდ აღნიშნული აქტივობით არ უნდა შემოიფარგლოს. მამაც და დედაც აქტიურად უნდა მონაწილეობდეს ბავშვის ცხოვრების ყველა ასპექტში, ამასთანავე, საყურადღებოა, რომ მოსარჩელე მაქსიმალურად ცდილობს, მოერგოს იმ მოცემულობას, რაც დღეის მდგომარეობით არსებობს, ურთიერთობს შვილთან იმ მითითებების დაცვით, რაც მას ეძლევა სპეციალისტების მხრიდან. სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სარჩელის დაკმაყოფილებას ნაწილობრივ. კერძოდ, წარმომადგენლის განმარტებით, მამას უნდა ჰქონდეთ ბავშვთან ურთიერთობის და მის ცხოვრებაში ჩართულობის შესაძლებლობა, სხვა მესამე პირთა ჩარევის გარეშე. თუმცა, მეურვეობის წარმომადგენლის პოზიცია არ მოიცავდა სასარჩელო მოთხოვნის სრული მოცულობით დაკმაყოფილების მიზანშეწონილობას. მან განმარტა, რომ ბავშვის ასაკის, მისი მიჯაჭვულობის ხარისხის გათვალისწინებით, მამასთან ურთიერთობის ხანგრძლივობა უნდა გაიზარდოს ეტაპობრივად, თანდათანობით. ამ დროისათვის კი, მიზანშეწონილი არ არის მამისა და შვილის ურთიერთობა უფრო ხანგრძლივი დროით. ზემოაღნიშნულთან ერთობლიობაში, ამ ეტაპზე ბავშვის ასაკი და მისი დედასთან მიჯაჭვულობის ხარისხი არ იძლევა მამასთან ისეთი კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობას, როგორც მამას სასარჩელო მოთხოვნაში აქვს ასახული სამომავლო ურთერთობის პერსპექტივა. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანი მცირე ასაკისაა, უჭირს დედის გარეშე ყოფნა, ჯერჯერობით არ არის ჩამოყალიბებული მაღალი ხარისხის სანდო მიჯაჭვულობა ბავშვსა და მამას შორის, სასამართლო მოსარჩელეს ბავშვთან ურთიერთობისათვის, განუსაზღვრავს ყოველ შაბათს და კვირას 15:00 საათიდან - 18:00 საათამდე დროის მონაკვეთს. რაც შეეხება, სასარჩელო მოთხოვნის დანარჩენ ნაწილს, სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ვინაიდან ბავშვი მცირე ასაკისაა; მამა-შვილის ურთიერთობის აღდგენის პროცესი სასამართლოს დროებითი განკარგულების ფარგლებში დაიწყო. მშობლებს შორის დაძაბულობა უფრო გამწვავდა; მოსარჩელე არათუ უარყოფს, საერთოდ თავს არიდებს კითხვებზე პასუხს, რაც ურთიერთობის აღდგენის ერთერთი დამაბრკოლებელი გარემოებაა. ასევე, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს შესაძლებლობა ჰქონდა და ურთიერთობა ჰქონდა შვილთან 2022 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში (ამის დასადასტურებლად თავად წარმოადგინა ვიდეო ჩანაწერები) და კიდევ ერთხელ კითხვები ჩნდება შემდეგში განვითარებული მოვლენებთან მიმართებით, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე, არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, სასამართლოს მხრიდან გამოკვლეული და შეფასებული ყოფილიყო საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება, მიღწეულიყო მხარეთა შორის ურთიერთობის მეტ-ნაკლებად დარეგულირება, მოსარჩელის მხრიდან ხელშეწყობილი არ იქნა. სასამართლომ მოუწოდა მხარეებს პატივი სცენ ერთმანეთს, ურთიერთობა იქონიონ ერთმანეთთან დამამცირებელი და დამაკნინებელი ფრაზების გარეშე, შემდეგ კი, ბავშვის სათანადო ასაკის მიღწევისა და მეორე მშობლის მიმართ სათანადო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების შემდეგ, დამოუკიდებლად, არასრულწლოვნის რეჟიმის და უპირატესად კი, მისი ინტერესის, სურვილის შესაბამისად, ბუნებრივად გაზარდონ ურთიერთობის დრო და გადაწყვიტონ ურთიერთობის ჭრილში არსებული პრობლემები, ბავშვის ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში - სსკ) 1197-ე, 1198-ე, 1202-ე მუხლებით, ასევე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებული „ბავშვის უფლებათა კონვენციით“, განმარტა ბავშვის საუკეთესო ინტერესი და ოჯახური ცხოვრების კონცეფცია და მიუთითა, რომ არასრულწლოვნის კანონით დაცული უფლება, იქონიოს კავშირი მამასთან, თანხვედრაშია ამ უკანასკნელის ინტერესთან და მთლიანობაში ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე უთითებს, რომ ბავშვი კომფორტულად და ლაღად გრძნობდა მასთან თავს. ბავშვთან გატარებული ურთიერთობა იძლეოდა ბავშვთან ურთიერთობის დროის გაზრდის საფუძვლებს.
10. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხის ძირითადი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის დასკვნები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გადაწყვეტილებას, რადგან არცერთი მათგანი არ ადასტურებდა მოთხოვნის მართებულობას. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლებით მცდელობას მოტყუებით და სსკ-ის 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე). ამასთან, მოსარჩელის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერები მიუთითებს მოსალოდნელ რისკებსა და საფრთხეებზე, მის მიდრეკილებაზე როგორც ძალადობისაკენ, ასევე, დანაშაულებრივი ხასიათისაკენ, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს არასრულწლოვანზე.
11. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის ზემოაღნიშნული არგუმენტები და ყურადღება გაამახვილა მხარეებისგან დამოუკიდებელი სუბიექტების მტკიცებულებათა (ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკის დასკვნები) დამაჯერებელ, არაორაზროვან და სარწმუნო ხასიათზე, რომელთა შინაარსით ერთმნიშვნელოვნად დგინდება არასრულწლოვნის სურვილი მამასთან ურთიერთობის თაობაზე. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი სოციალური მუშაკის შეფასებით, არასრულწლოვანის კოგნიტური, სოციალური, ემოციური განვითარება შეესაბამება მის ასაკს. ოჯახში, სადაც ბავშვი ცხოვრობს, არის მისი განვითარებისთვის საჭირო გარემო პირობები. ბავშვი ძირითადად იმყოფება დედის ზედამხედველობის ქვეშ. მასზე ასევე სათანადოდ ზრუნავენ ოჯახის სხვა წევრები (ბებია, პაპა). ბავშვს აქვს ასაკის შესაბამისი სრულფასოვანი კვება და ადეკვატური საცხოვრებელი პირობები. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია, არასრულწლოვანის მამას მიეცეს ბავშვის მონახულების უფლება კვირაში რამდენიმე დღე, დედის სახლთან ახლოს, რაც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ბავშვის გრაფიკს, ძილის რეჟიმს. შემდეგ, ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად, როცა მამა-შვილს შორის იქნება მყარი ფსიქო-ემოციური კავშირი, მას უნდა მიეცეს უფლება არასრულწლოვანი წაიყვანოს მასთან სახლში, დღის განმავლობაში რამდენიმე საათით. ამასთან, არასრუწლოვანის დაკვირვების პროცესში წარმოდგენილი შეფასების თანახმად, სოციალური მუშაკის რეკომენდაციით მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იქნას ბავშვის უპირატესი ინტერესები, ასაკობრივი და ემოციური თავისებურებები, როგორც მშობლების, ასევე, მათი ოჯახის წევრების მხრიდან და ხელი შეეწყოს მამა-შვილს შორის ჯანსაღი, სტაბილური ურთიერთობის ჩამოყალიბებას/შენარჩუნებას (იხ. ტომი I, ს.ფ. 432-433). სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილი სააგენტოს 2025 წლის 24 თებერვლის „არასრულწლოვანისა და მოპასუხის შეხვედრაზე ურთიერთობის დაკვირვების ანგარიშის“ მიხედვით, სოციალური მუშაკის შეფასებით, შეხვედრების დროს მამა-შვილს შორის არანაირ ბარიერს ადგილი არ ჰქონია. შეხვედრის დაწყებიდან 40 წუთის შემდეგ დედა ოთახიდან გავიდა (დამკვირვებლების მითითებით) ბავშვმა შეამჩნია, რომ მამამ უთხრა, რომ დედა აქვე ახლოს იქნება მალე მოვაო. ბავშვმა ჩვეულებრივად გააგრძელა თამაში მამასთან. ათვალიერებინებდნენ ცხოველებს, გამოიკვეთა, რომ კ–ს უყვარს ცხოველები, მამამ შესთავაზა, რომ წაიყვანდა ზოოპარკში, არასრულწლოვანი სიხარულით დათანხმდა. მამა დაპირდა შვილს, რომ მომდევნო შეხვედრის დროს აუცილებლად წაიყვანდა ზოოპარკში. ბავშვი უკვე უღიმოდა მამას და კეთილგანწყობას გამოხატავდა მის მიმართ, მამამ უთხრა კ–ს გახსოვს, რომ გირეკავდიო? კ–მ უთხრა მახსოვსო. კ. მამას ფოტოს გადაღებაზე სიხარულით დათანხმდა. მამა ბავშვს ჩაეხუტა, აკოცა. კ. იღიმოდა. 16:10 წუთზე დედა შემოვიდა ოთახში. კ–მ დაინახა დედა, მაგრამ მამასთან გააგრძელა თამაში. შეფასების მიხედვით, მნიშვნელოვანია მხარეებმა შეძლონ პირადი ურთიერთობის გამიჯვნა ბავშვთან დაკავშირებული საკითხებისაგან. ასევე, მნიშვნელოვანია, მამა ჩაერთოს შვილზე ზრუნვის, მისი აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილების პროცესში, რადგან ორივე მხარის ფიზიკური, ფინანსური და მატერიალური რესურსის კეთილგონივრულად გამოყენება, ბავშვს შეუქმნის ჯანსაღი ზრდა-განვითარებისათვის შესაბამის გარემოს (იხ. ტომი III, ს.ფ. 58-59). სააპელაციო სასამართლოსთვის მიცემული განმარტებისას, არასრულწლოვანის წარმომადგენელი დაეთანხმა მოსარჩელის არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ 6 წლამდე პერიოდში, მიზანშეწონილია, მოსარჩელეს მიეცეს ერთი დასვენების დღეს და ერთი სამუშაო დღეს, თითოეულ შემთხვევაში ოთხი საათის განმავლობაში არასრუწლოვანთან დროის გატარების უფლება, ხოლო 6 წლის ასაკიდან შესაძლებელია მეტი დამატებითი დროის მიცემა, მათ შორის მამასთან დარჩენის უფლებით. რაც შეეხება არდადეგებს, წარმომადგენელმა განმარტა, რომ ორივე მშობელი უფლებამოსილი ისარგებლოს ამ პერიოდით და ბავშვთან გაატაროს დრო. (11.03.2025 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 12:15:05 წუთიდან). მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განმარტებითაც, მიზანშეწონილია მოსარჩელის არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესი განისაზღვროს კვირაში ორი დღე, ერთი სამუშაო და ერთი არასამუშაო დღეს, 16:00-17:00 საათიდან 4 საათის განმავლობაში, რაც შეეხება არდადეგების პერიოდს ორივე მშობელს უნდა მიეცეს უფლება ისარგებლოს ამ უფლებით (იხ. 11.03.2025 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 12:09:48). აღნიშნული შეფასებების საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მამისა და შვილის ურთიერთობა დინამიურად დადებითად ვითარდება, მამა ითვალისწინებს სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის რეკომენდაციებს, ზრუნავს მასზე იმ გარემოს გათვალისწინებით, რა გარემოშიც ეძლევა მას არასრულწლოვანთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ამდენად, რაიმე საფრთხის შემცველი ფაქტორი მამა-შვილის ურთიერთობის შეზღუდვის ან გამორიცხვისათვის გამოვლენილი არ არის.
12. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტები, რომ მოსარჩელის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერები და მისი ბრალდებულად ცნობა უარყოფითად მოქმედებს არასრულწლოვანზე. საყურადღებოა შემაკავებელი ორდერების გამოცემისას თავად მოპასუხის გასაუბრების ოქმები, საიდანაც ირკვევა, რომ მხარეებს შორის კონფლიქტის ძირითადი მიზეზი არასრულწლოვანთან ურთიერთობაა. მოპასუხე გასაუბრების ოქმში უთითებს, რომ ის არ აძლევდა მოსარჩელეს ბავშვის მასთან წაყვანის უფლებას, რასაც ხსნიდა ბავშვის ასაკისა და მასთან მიჯაჭვულობის გამო. მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელეს მხოლოდ მოპასუხის საცხოვრებელ ადგილას შეეძლო ბავშვის ნახვა. აღნიშნული გარემოება კი, იწვევდა მოსარჩელის გაღიზიანებას, ეს უკანასკნელი მოპასუხეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე. (იხ. ტომი I, ს.ფ. 52-65). ამდენად, აშკარაა, რომ მხარეებს შორის კონფლიქტის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, მოსარჩელის არასრულწლოვანთან ურთიერთობის მოუწესრიგებლობაა. ასეთ პირობებში, პალატის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, მოსარჩელის ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა მხარეთა შორის კონფლიქტის მოგვარებას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ბრალდებული იყო ფინანსური დანაშაულის ჩადენაში, რაც ბავშვთან ურთიერთობაზე ცუდ გავლენას ახდენს, პალატა ამ მოსაზრებასაც არ იზიარებს და მიაჩნია, რომ ფინანსური ხასიათის დანაშაული, რის ჩადენაშიც ბრალდებული იყო მოსარჩელე (ამჟამად პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების შესახებ ბრძანებულების საფუძველზე მოპასუხემ დატოვა პენიტენციური დაწესებულება), არ წარმოადგენს ისეთი სახის დანაშაულს, რამაც შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვანზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება ასეთი გარემოების დადასტურებას არ შეიცავს.
13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ორივე მხარემ.
14. პირველი საკასაციო საჩივრის თანახმად:
14.1. თბილისის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მიუთითებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა იგი ფინანსურად სრულად უზრუნველყოფდა როგორც ბავშვს, ისე კასატორს, რაც გახლავთ სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს. მოსარჩელეს არასოდეს უზრუნია შვილზე, არც მატერიალური და არც მორალური თვალსაზრისით. ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს იმ არასწორ ფაქტთან დაკავშირებით, რასაც მოსარჩელე საქმის სააპელაციო ინსტანციით განხილვის დროს მიუთითებდა და რასაც დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას. კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილებაში ციტირებულია მოწინააღმდეგე მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა მას ბავშვის ყოველდღიური საჭიროებისათვის გახსნილი აქვს ცალკე საბანკო ანგარიში, რომელზეც მუდმივად არის განთავსებული თანხა, ხოლო ბარათი, რომელზეც მის მიერ ჩარიცხული თანხები ისახება, აქვს მოპასუხეს, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია ბავშვის ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს აღნიშნული თანხა. სააპელაციო სასამართლოში წარდგენილია აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება, ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, რომელზეც დღეის მდგომარეობით არსებული ბალანსი გახლავთ ნული, ასევე, ხსენებული ბარათი არასოდეს გამოუყენებია ბავშვის საჭიროებებისათვის. აღნიშნული ქმედება მხოლოდ და მხოლოდ მიმართული იყო სასამართლოს შეცდომაში შეყვანისკენ, ხსენებული ანგარიში მოსარჩელემ გახსნა მხოლოდ მოჩვენებით, იმ განზრახვით, რომ სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ ის დედის თანაბარწილად ზრუნავდა შვილზე ფინანსურად, მაშინ, როდესაც სრულიად საპირისპიროდ მას არასოდეს გაუღია მატერაიალური ხარჯი ბავშვის საჭიროებისათვის. არც არასოდეს უკითხავს დედისათვის, თუ რა ეტაპზე რას საჭიროებდა არასრულწლოვანი. მოსარჩელე არასოდეს ყოფილა ჩართული შვილის აღზრდა-განვითარებაში, არა იმიტომ, რომ ამაში ხელს უშლიდა მოპასუხე, არამედ იმიტომ, რომ თავად არ იყო დაინტერესებული შვილის აღზრდა-განვითარებით. სწორედ ამიტომ, ის ფაქტი, რომ თითქოსდა მოსარჩელე ყოველთვის ზრუნავდა არასრულწლოვან შვილზე მატერიალურად და ამისათვის ცალკე საბანკო ანგარიშიც კი გაუხსნა მას, რომელზეც მუდმივად იყო განთავსებული თანხა, გახლავთ აბსოლუტური სიცრუე, რაც, სამწუხაროდ, სრულად გაიზიარა და რასაც დაეყრდნო თბილისის სააპელაციო სასამართლო თავისი გადაწყვეტილების გამოტანისას. თუმცა სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა მოპასუხის პოზიცია განსახილველ საქმეზე, საქმის ზეპირი განხილვისას ახსნა-განმარტებები სრულიად უგულებელყო და მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტებზე დაყრდნობით გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც ზღუდავს კასატორის როგორც დედის უფლებებს, ასევე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს, თანაბარწილად იქონიოს ურთიერთობა ორივე მშობელთან;
14.2. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაითვალისწინა ის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე გახლავთ მოძალადე, ამ ეტაპზე უკვე ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლის დარღვევისათვის, რომლის შესახებაც მოპასუხემ მოახდინა სასამართლოს ინფორმირება. ამას გარდა, აღნიშნული საქმე საყოველთაოდ ცნობილი გახდა მისი რეზონანსულობიდან გამომდინარე და გაშუქდა არაერთი სატელევიზიო მაუწყებლის მიერ. ბუნებრივია, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მოძალადე ადამიანი, ვერ მოახდენს არასრულწლოვან შვილზე დადებით და სასიკეთო გავლენას, განსაკუთრებით როდესაც ეს პირი უკვე თავისუფლებააღკვეთილი გახლავთ, მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას აღნიშნული ფაქტორი კიდევ უფრო გააღრმავებს, რაც ბუნებრივია ვერ აისახება დადებითად და პოზიტიურად არასრულწლოვან შვილზე;
14.3. გადაწყვეტილების დასაბუთებისას სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში, რომ კასატორი თავისი საქმიანობიდან და გადატვირთული სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, სამუშაო დღეების განმავლობაში ვერ ახერხებს შვილთან ჯანსაღ კომუნიკაციას, დროის უქონლობის გამო. მისთვის, როგორც დედისთვის, მნიშვნელოვანია სწორედ უქმე დღეები, შაბათი და კვირა, რათა ჯანსაღი კომუნიკაცია იქონიოს შვილთან, იზრუნოს მასზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, სადაც ის მოწინააღმდეგე მხარეს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისთვის განუსაზღვრავს 6 წლის ასაკამდე ყოველ შაბათს დილის 11:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე, ხოლო 6 წლის ასაკიდან ყოველ შაბათს დილის 11:00 საათიდან კვირას 12:00 საათამდე, აღნიშნული გადაწყვეტილებით ფაქტობრივად უზღუდავს დედას შვილთან ურთიერთობას, რითაც ირღვევა კასატორის როგორც მშობლის სამოქალაქო კანონმდებლობითა და კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები.
15. მეორე საკასაციო საჩივრის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა მაინც ირღვევა მშობელთან ურთიერთობის თანაფარდობის პრინციპი, მით უმეტეს, რომ მოსარჩელე დასაქმებულია ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, რის გამოც ხშირად უწევს ქალაქიდან გასვლა. შესაბამისად, შესაძლოა აღმოჩნდეს ისეთი გარემოება, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ რომელიმე დღეს ვერ შეძლოს შვილთან ურთიერთობა. სასამართლოს მიერ დადგენილი წესის შეცვლას კი არ დაეთანხმება მოპასუხე, შესაბამისად, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება უკეთესად იმოქმედებს ბავშვის ინტერესებზე, ფსიქიკაზე და აღარ დაირღვევა ბავშვთან ურთიერთობის თანაფარდობა.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისისა და 13 ივნისის განჩინებებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
21. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენიათ.
22. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მამისათვის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის განსაზღვრული წესის მართლზომიერება.
23. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა მამისათვის შვილთან ურთიერთობისათვის განსაზღვრულ წესთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ და ბავშვის უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის.
24. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში.
25. დასახელებული კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
26. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.
27. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც (იხ. სუსგ საქმე №ას-1112-1047-2015, 04 მარტი, 2016 წელი).
28. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, § 83). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, § 59) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy, § 66).
29. აღნიშნულმა პრინციპმა ასახვა ჰპოვა საქართველოს კანონმდებლობაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. იმავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
30. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს. იმავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის.
31. დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ საქმე №ას-458-440-2016, 15 ივლისი, 2016 წელი).
32. საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მშობლების განქორწინების შემდეგ ბავშვთან კონტაქტის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა, ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, რომელიც ეფექტური და, შეძლებისდაგვარად, რეგულარული უნდა იყოს. რასაკვირველია, ამ საკითხის გადაწყვეტის დროს, პირველ რიგში, ბავშვის ინტერესები უნდა გათვალისწინდეს, რომელიც ორ ასპექტს გულისხმობს: ერთი მხრივ, ბავშვის ინტერესებია, რომ განვითარდეს ჯანსაღ გარემოში და მშობელს არ მიეცეს ისეთი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, რომელიც ზიანს მიაყენებს მის ჯანმრთელობასა და განვითარებას; მეორე მხრივ, ცხადია, ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეუნარჩუნდეს კავშირი მამასთან, რათა გაძლიერდეს მამის როლი და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში (იხ.: სუსგ №ას-63-59-2017, 13 ნოემბერი 2018 წელი; №ას-434-2021, 30 ივლისი 2021 წელი; №ას-414-2024, 24 აპრილი 2024 წელი; ას-300-2024 22 ივლისი 2024 წელი).
33. მოცემულ შემთხვევაში, პირველი კასატორის ძირითადი პრეტენზიები მიმართულია მოსარჩელის პიროვნებისკენ, მითითებულია, რომ მამა არ იღებს არც ფინანსურ მონაწილეობას შვილის აღზრა-განვითარებაში, ნასამართლევია და მის მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერები.
34. ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ემყარება ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების დასკვნებს, არ მიუთითებს, რაიმე საფრთხის შემცველ ფაქტორზე მამა-შვილის ურთიერთობის შეზღუდვის ან გამორიცხვისთვის, შესაბამისად, ასეთ პირობებში, მარტოოდენ ნასამართლობა თუ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ყოფნა (განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების შესახებ ბრძანებულების საფუძველზე მეორე კასატორს დატოვებული აქვს საპატიმრო დაწესებულება), არ შეიძლება იყოს მამა-შვილს შორის დადგენილი ურთიერთობის წესის შეცვლის საფუძველი. რაც შეეხება მოსარჩელის მიმართ გამოცემულ შემაკავებელ ორდერებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის კონფლიქტის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ბავშვთან ურთიერთობის წესზე შეთანხმების მიუღწევლობა იყო, შესაბამისად, ამ საკითხის მოწესრიგება თავის მხრივ, დადებითად უნდა აისახოს მშობელთა ურთიერთობაზეც. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სათანადო საფუძვლის გარეშე, მოპასუხის პოზიციის გაზიარება დაარღვევს მშობელთა თანაბრობის პრინციპს და ბავშვის უფლებას ჰქონდეს სრულფასოვანი ურთიერთობა ორივე მშობელთან.
35. რაც შეეხება მეორე კასატორის პრეტენზიებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი დაუსაბუთებელია. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ბავშვთან ურთიერთობის წესის ცვლილებას საფუძვლად ვერ დაედება ისეთი აბსტრაქტული მითითებები, როგორიცაა მოსარჩელის სავარაუდო ქალაქიდან გასვლა და ის ფაქტი, რომ მამამ რაიმე სუბიექტური მიზეზით შეიძლება ვერ გამოიყენოს შვილის სანახავად განსაზღვრული დროის მონაკვეთი.
36. ზემოთ დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მამისათვის განსაზღვრული ბავშვთან ურთიერთობის წესი სრულად შეესაბამება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. მამას აქვს მართლზომიერი უფლება ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან შვილთან. ასეთი ურთიერთობის არ ქონა ან ხელშეშლა, პირველ რიგში, თავად არასრულწლოვნის ინტერესებს დააზარალებს.
37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები, რომლებიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრების არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
38. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ. სუსგ საქმე №ას-557-516-2017, 15 სექტემბერი, 2017 წელი; №ას-198-2019, 28 მაისი, 2019 წელი; №ას-1837-2019, 16 ივნისი, 2020 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ი.გ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. ს.გ–ს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2025 წლის 19 მაისს №4449 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. ი.გ–ვას (პ/ნ ..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს თ.მ–ის (პ/ნ .......) მიერ 2025 წლის 23 ივნისს №27952026922 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე