Facebook Twitter

საქმე №ას-938-2025

30 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – კ.ა–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ტ–ი“ (მოსარჩელე)

მოპასუხეები – რ.ა–ია, ნ.ჯ–ია

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „ტ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში კ.ა–იას (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“), რ.ა–იას (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) და ნ.ჯ–იას (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით.

2. შესაგებლის წარუდგენლობის გამო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ 2024 წლის 18 ივლისს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; პირველ და მესამე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 495 965,21 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 395 944,07 ლარი, პროცენტი 13 857,62 ლარი და პირგასამტეხლო 86 163,52 ლარი; პირველ და მესამე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ, 2027 წლის 01 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, არაუმეტეს ერთი წლისა, კრედიტის ძირ თანხაზე - 395 944,07 ლარზე წლიური 14.00% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 4 619,34 ლარს (არაუმეტეს 55 432,16 ლარისა); დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, იძულებით საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა პირველი და მეორე მოპასუხეების კუთვნილი უძრავი ქონება; ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უძრავი ნივთების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარად, მისი სრულად დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, დადგინდა აღსრულების მიქცევა პირველი და მესამე მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებასა და აქტივებზე.

3. პირველმა მოპასუხემ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარადგინა საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა.

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით პირველი მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 დეკემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით, დაევალა აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარედგინა: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშში მითითებული წესების დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი; ბ) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია შესრულებული word-ის ფაილში CD დისკის სახით და გ) სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 4%, მაგრამ არანაკლებ 150 ლარი და არაუმეტეს 5000 ლარი, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. აღნიშნული განჩინება ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს.

7. ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და ნაწილობრივ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი. კერძოდ, განცხადებას დაურთო დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია CD დისკის სახით და 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 იანვრის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა წინამდებარე საქმეზე იმავე სასამართლოს 2024 წლის 02 დეკემბრის განჩინებით ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადა და იგი განისაზღვრა ამ განჩინების ასლის აპელანტისათვის ჩაბარებიდან 14 დღით; აპელანტს განემარტა, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი სრულად არ შეივსებოდა, კერძოდ, წარდგენილი არ იქნებოდა სააპელაციო წარმოებისათვის სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის - 4 850 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დედნის სახით, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ განჩინებაში მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო მოთხოვნის ოდენობიდან (551 397,37 ლარი) გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 5 000 ლარს, შესაბამისად, ვინაიდან აპელანტს სააპელაციო წარმოებისათვის გადახდილი ჰქონდა სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით, გადასახდელად დარჩენილი იყო 4 850 ლარი. აღნიშნული განჩინება ჩაბარდა მოპასუხის წარმომადგენელს.

9. ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 04 მარტის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა წინამდებარე საქმეზე სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 იანვრის განჩინებით ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადა და იგი განისაზღვრა ამ განჩინების ასლის აპელანტისათვის ჩაბარებიდან 14 დღით; აპელანტს კვლავ განემარტა, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი სრულად არ შეივსებოდა, კერძოდ, წარდგენილი არ იქნებოდა სააპელაციო წარმოებისათვის სახელმწიფო ბაჟის - 4 850 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინება ჩაბარდა მოპასუხის წარმომადგენელს.

11. ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში აპელანტის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა განცხადებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე. განმცხადებელმა განმარტა, რომ აპელანტი არის აფხაზეთიდან დევნილი და მას არ გააჩნდა არანაირი შემოსავალი, გარდა თხილის ბიზნესისა, რომელიც გაჩერებული იყო და მისი მუშაობა განახლდებოდა მიმდინარე წლის აგვისტოში. შესაბამისად, განმცხადებელმა ითხოვა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება აგვისტოს თვემდე.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მარტის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა წინამდებარე საქმეზე იმავე სასამართლოს 2025 წლის 04 მარტის განჩინებით ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადა და იგი განისაზღვრა ამ განჩინების ასლის აპელანტისათვის ჩაბარებიდან 14 დღით; აპელანტს განემარტა, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი სრულად არ შეივსებოდა, კერძოდ, წარდგენილი არ იქნებოდა სააპელაციო წარმოებისათვის სახელმწიფო ბაჟის - 4 850 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინება ჩაბარდა მოპასუხის წარმომადგენელს.

13. ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და იმავე საფუძვლით იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

15. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, როგორც საქმის მასალებით ირკვეოდა, სააპელაციო საჩივრის წარდგენიდან (2024 წლის 22 ნოემბერი) გასული იყო 5 თვეზე მეტი და საქმე ამ დროის განმავლობაში ხარვეზის ეტაპზე იმყოფებოდა. აპელანტს სასამართლოს განჩინებით ერთი და იმავე საფუძვლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სამჯერ გაუგრძელდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა, თუმცა უშედეგოდ. აპელანტმა მეოთხედ წარდგენილ განცხადებაში ბაჟის გადაუხდელობისა და ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნის საფუძვლად კვლავ ეკონომიკური პრობლემები მიუთითა, თუმცა განცხადებაში მითითებული გარემოების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება სასამართლოსთვის კვლავ არ წარუდგენია. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე აპელანტის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე არსებული სასამართლოს გზავნილით ირკვევა, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მის მიერ მითითებულ მისამართზე (ზუგდიდი, ……….) და ჩაბარდა წარმომადგენლის ოჯახის წევრს (შვილი) 2025 წლის 28 აპრილს. სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის განჩინების შესაბამისად, აპელანტს ხარვეზის შევსებისათვის ვადა ჰქონდა 2025 წლის 13 მაისის 24:00 საათამდე, თუმცა მას ხარვეზი არ შეუვსია.

17. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1, 74.1, 368.5, 372-ე, 374-ე მუხლებით და ვინაიდან აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო, კერძოდ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარადგინა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის - 4 850 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, მიიჩნია, რომ მხარის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელებაზე და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე ერთი და იმავე საფუძვლით, რამდენჯერმე, ემსახურებოდა საქმის განხილვის გაჭიანურებას. შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, ხარვეზის შეუვსებლობისათვის პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩენილიყო განუხილველად.

18. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე აპელანტმა წარადგინა კერძო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა.

19. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოცემულ საქმეზე მიმდინარეობს მოსარჩელესთან მოლაპარაკება მორიგებაზე, რომლითაც პირველი მოპასუხე მოსარჩელეს სთავაზობს 2025 წლის ბოლომდე დავალიანების ნაწილის გადახდას 50 000 ლარის ოდენობით, ხოლო მოსარჩელემ უარი უნდა თქვას პირგასამტეხლოზე, ასევე, გაფორმდეს ახალი ხელშეკრულება პირველ მოპასუხეზე მორგებული გრაფიკით, 5-წლიანი ვადით, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის; პირველი მოპასუხე არის აფხაზეთიდან დევნილი, იქ აქვს თხილნარი, აწარმოებს თხილის მოვლა-პატრონობას და ემზადება მოსავლის ასაღებად, რათა თავი მოუყაროს ბანკში შესატან თანხას; როდესაც სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო, პირველი მოპასუხე აფხაზეთში იმყოფებოდა და მისთვის აღნიშნულის თაობაზე არავის უცნობებია. ინფორმაციის მიღების შემდგომ მოპასუხემ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა. მან ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდა და იშუამდგომლა მისი გადახდის გადავადების თაობაზე, თუმცა სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველი დატოვა.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 06 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

21. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

23. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

24. კერძო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სადავოა ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, იმსჯელებს აპელანტის შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი. სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. შესაბამისად, მარტოოდენ სიტყვიერი მითითება არ არის საკმარისი მხარის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დასადასტურებლად.

27. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 დეკემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით, მათ შორის, დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა; აპელანტმა, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის არაერთხელ გაგრძელების შემდგომ, კვლავ მიმართა სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელი ნაწილის გადავადება მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობის საფუძვლით, თუმცა მას სასამართლოსთვის აღნიშნულის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები არ წარუდგენია, რაც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა. კერძო საჩივარი აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგო შედავებას არ შეიცავს.

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დასახელებულ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის [სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა] შესაბამისად, დარჩება განუხილველი დაუშვებლობის გამო.

29. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. იმავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

31. მითითებული სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას. შესაბამისად, დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა (იხ. სუსგ საქმე Nას-237-225-2017, 16 მარტი, 2017 წელი). ამასთან, ობიექტური გარემოებების არსებობის დადასტურება თავად მხარის ვალდებულებას წარმოადგენს. აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებიდან, რომელთა თანახმად, თითოეულმა მხარემ, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

32. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ჯამში სამჯერ გაუგრძელდა. უკანასკნელ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მარტის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად (სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარსადგენად) განესაზღვრა დამატებით 14 დღე. აღნიშნულ ვადაში აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და კვლავ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე აპელანტის მძიმე ფინანსური მდგომარეობის საფუძვლით, თუმცა აპელანტს სასამართლოსთვის მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი სათანადო მტკიცებულებები არ წარუდგენია. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ გაითვალისწინა და ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით სააპელაციო საჩივარი განუხილველი დატოვა.

33. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადა არაერთხელ გაუგრძელდა. ამასთან, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ თავდაპირველი განჩინების მიღებიდან (02.12.2024წ.) სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებამდე (23.05.2025წ.) გასულია თითქმის ექვსი თვე და ამ დროის განმავლობაში სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის შემოწმების ეტაპზეა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს ხარვეზის შესავსებად საკმარისი ვადა მიეცა, ხოლო ვადის დამატებით გაგრძელება, საქმის განხილვის დაუსაბუთებელ გაჭიანურებას გამოიწვევდა, რაც ეწინააღმდეგება სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპს და ლახავს მოწინააღმდეგე მხარის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს.

34. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია, შესაბამისად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.

35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს“, აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, N8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).

36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3 და 368.1 მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისთვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5 და 374.1 მუხლები).

37. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. კ.ა–იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინება განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე