Facebook Twitter

საქმე №ას-1013-2025

30 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „გ.ფ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „სააგენტო“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „გ.ფ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. შესაგებლის წარუდგენლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2024 წლის 19 ნოემბერს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის - 13 693,35 ლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა 2018 წლის 22 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო პირგასამტეხლო, 2024 წლის 17 იანვრის მდგომარეობით, 4 860,11 ლარის ოდენობით და აგრეთვე მზარდი პირგასამტეხლო, 2024 წლის 18 იანვრიდან საიჯარო ქირის დავალიანების სრულ დაფარვამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით - 13,69 ლარი, რაც გამომდინარეობს ხელშეკრულების 22-ე პუნქტიდან.

3. მოპასუხემ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარადგინა საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 06 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის წარმოება განახლდა; მოპასუხეს განესაზღვრა ვადა შესაგებლის წარსადგენად.

5. მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2025 წლის 18 მარტს მიღებულ იქნა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სააგენტოს სარჩელი კვლავ სრულად დაკმაყოფილდა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი).

6. განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლის აღმოსაფხვრელად დაევალა წარედგინა: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 367-ე და 368-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც არის საქმეში, ასევე, საჩივრის ელექტრონული ვერსია და სახელმწიფო ბაჟის სახით 988,60 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. ხარვეზის აღმოსაფხვრელად აპელანტს განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე. აღნიშნული განჩინება ჩაბარდა მოპასუხის წარმომადგენელს 2025 წლის 25 აპრილს.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

9. სააპელაციო პალატის მითითებით, ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს შალვა კვესიტაძეს ჩაბარდა პირადად 2025 წლის 25 აპრილს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2025 წლის 26 აპრილს და დასრულდა იმავე წლის 05 მაისს. დროის ამ მონაკვეთში აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.

10. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 374-ე მუხლის პირველი ნაწილით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხლველად დატოვების საფუძველი.

11. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე აპელანტმა წარადგინა კერძო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა.

12. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოპასუხე კომპანია 2020 წლის შემდგომ (პანდემიის დაწყებიდან) აღარ ფუნქციონირებს და არ გააჩნია არანაირი ფულადი სახსრები, რის გამოც სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა ვერ მოხერხდა; მოპასუხეს, როგორც სააგენტოს, ისე სასამართლოს მხრიდან არასწორი დაანგარიშების შედეგად გაზრდილი და დაუზუსტებელი თანხები დაეკისრა, შესაბამისად, იმისათვის, რომ მოპასუხეს მიეცეს საშუალება გადაიხადოს თანხა და დადგინდეს გადასახდელი თანხის ზუსტი ოდენობა, საჭიროა საქმის განახლება და მისი პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

16. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება. გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დასახელებულ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად [სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა], დარჩება განუხილველი დაუშვებლობის გამო.

18. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

19. წინამდებარე საქმეში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მისი შევსების მიზნით დაევალა წარედგინა: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 367-ე და 368-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, საჩივრის ელექტრონული ვერსია და სახელმწიფო ბაჟის სახით 988,60 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. ხარვეზის აღმოსაფხვრელად აპელანტს განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე. დადგენილია, რომ აღნიშნული განჩინება ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს პირადად - 2025 წლის 25 აპრილს, შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან - 2025 წლის 26 აპრილიდან (სსსკ-ის 60.2 მუხლი) და ამოიწურა იმავე წლის 05 მაისს. თუმცა, აპელანტს აღნიშნულ ვადაში არც ხარვეზი შეუვსია და არც ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.

20. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

21. სააპელაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებაზე მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის თაობაზე, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის საფუძვლით, ხოლო აპელანტს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ ვადაში სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან/და ოდენობის შემცირების შუამდგომლობით არ მიუმართავს.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს“, აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, N8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3 და 368.1 მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისთვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5 და 374.1 მუხლები).

24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „გ.ფ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე