საქმე №ას-1572-2024
29 სექტემბერი 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „თ.ბ.ს–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „თ.ბ.ს–მა“ (შემდეგში ტექსტში წოდებული, როგორც „მოსარჩელე", „მოწინააღმდეგე მხარე“ „მიმწოდებელი“), სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდეგში ტექსტში წოდებული, როგორც „მოპასუხე", „აპელანტი“, “კასატორი“ „შემსყიდველი“), მიმართ, 4756,20 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით, შპს „თ.ბ.ს–ის“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შპს „თ.ბ.ს–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 4756,20 ლარის გადახდა.
3.2 ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება.
4.2 სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.2.1 2019 წლის 8 მაისს, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის, NAT190006324 ტენდერის ფარგლებში, დაიდო N15/3-272 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც
მიმწოდებელი მთარგმნელობით/სათარჯიმნო მომსახურებას უწევდა შემსყიდველს.
4.2.2 ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 50 000 ლარს. ხელშეკრულების 3.2 პუნქტით პრეისკურანტის (დანართი N1, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს) საერთო ღირებულება შეადგენს 1064,72 ლარს. ამავე ხელშეკრულების 4.1 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს-ხელშეკრულების გაფორმებიდან - 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
4.2.3 ხელშეკრულების 7.2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს მიმწოდებელს მომსახურების ღირებულება ეტაპობრივად 2019 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, ყოველი კონკრეტული მომსახურების მიწოდებიდან კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღეში. თუ კი ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს. ამავე ხელშეკრულების 7.3 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, რომ 2019 წლის 20 დეკემბრის შემდეგ გასაწევი მომსახურების ანაზღაურება განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) სახით, რა შემთხვევაშიც შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, პრეტენდენტი ვალდებულია არაუგვიანეს 2019 წლის 17 დეკემბრისა წარმოადგინოს შესაბამისი ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში-ლარში, რომლის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის მიხედვით, არავითარი გადახრა ან ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვება ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შეთანხმების გარდა. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის მიხედვით, თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, გარდა სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’; საქართველოს კანონის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ხოლო ხელშეკრულების 8.4. პუნქტის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში შესაძლებელია ფასის გაზრდა. ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდა დაუშვებელია ხელშეკრულების ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით. ხელშეკრულების 8.7 პუნქტის მიხედვით ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება განისაზღვრება ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის ღირებულების შესაბამისად, რაც არ საჭიროებს დამატებით შეთანხმებას. ხელშეკრულების 9.2 პუნქტით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის.
4.2.4 მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო 5 შეთანხმება 2019 წლის 8 მაისის N15/3-272 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
4.2.5 მხარეებს შორის დადებული N1 შეთანხმების მიხედვით, შეიცვალა ხელშეკრულების 4.1 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს - ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის პირველი თებერვლის ჩათვლით ან/და შემსყიდველის მიერ ანალოგიური მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერის ხელშეკრულების გაფორმებამდე. შეიცვალოს დანართი N1-ით განსაზღვრული მიწოდების ვადები და განისაზღვროს შემდეგი სახით: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის პირველი თებერვლის ჩათვლით ან/და შემსყიდველის მიერ ანალოგიური მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერის ხელშეკრულების გაფორმებამდე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 1 მარტის ჩათვლით, მაგრამ არაუადრეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვნად შესრულებამდე. სხვა დანარჩენი პირობები დარჩა უცვლელი.
4.2.6 მხარეებს შორის დადებული N2 შეთანხმების მიხედვით, შეიცვალა ხელშეკრულების 4.1 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად დღე-ღამის ნებისმიერ დროს-ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის პირველი აპრილის ჩათვლით ან/და შემსყიდველის მიერ ანალოგიური მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერის ხელშეკრულების გაფორმებამდე.შეიცვალოს დანართი N1-ით განსაზღვრული მიწოდების ვადები და განისაზღვროს შემდეგი სახით: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის პირველი აპრილის ჩათვლით ან/და შემსყიდველის მიერ ანალოგიური მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერის ხელშეკრულების გაფორმებამდე ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 1 მაისის ჩათვლით, მაგრამ არაუადრეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვნად შესრულებამდე. სხვა დანარჩენი პირობები დარჩა უცვლელი;
4.2.7 მხარეებს შორის დადებული 2020 წლის 1 აპრილის N3 შეთანხმების მიხედვით შეიცვალა ხელშეკრულების 4.1 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად დღე-ღამის ნებისმიერ დროს-ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის პირველი ივნისის ჩათვლით ან/და შემსყიდველის მიერ ანალოგიური მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერის ხელშეკრულების გაფორმებამდე. შეიცვალოს დანართი N1-ით განსაზღვრული მიწოდების ვადები და განისაზღვროს შემდეგი სახით: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის პირველი ივნისის ჩათვლით ან/და შემსყიდველის მიერ ანალოგიური მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერის ხელშეკრულების გაფორმებამდე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 1 ივლისის ჩათვლით, მაგრამ არაუადრეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვნად შესრულებამდე. სხვა დანარჩენი პირობები დარჩა უცვლელი;
4.2.8 მხარეებს შორის დადებული 2020 წლის 1 ივნისის N4 შეთანხმების მიხედვით შეიცვალა ხელშეკრულების 4.1 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად დღე-ღამის ნებისმიერ დროს-ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ან/და შემსყიდველის მიერ ანალოგიური მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერის ხელშეკრულების გაფორმებამდე. შეიცვალოს დანართი N1-ით განსაზღვრული მიწოდების ვადები და განისაზღვროს შემდეგი სახით: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ან/და შემსყიდველის მიერ ანალოგიური მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერის ხელშეკრულების გაფორმებამდე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 1 თებერვლამდე, მაგრამ არაუადრეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვნად შესრულებამდე. სხვა დანარჩენი პირობები დარჩა უცვლელი;
4.2.9 მხარეებს შორის დადებული N5 შეთანხმების მიხედვით, დანართი N1-ით განსაზღვრული ენების ჩამონათვალს მიმდინარე წლის 21 აგვისტოდან დაემატა შემდეგი ენა: პენჯაბური - 1 საათი თარგმანის მომსახურების ღირებულება 60 ლარი. სხვა დანარჩენი პირობები დარჩა უცვლელი;
4.2.10 2020 წლის 25 სექტემბერს მხარეებს შორის, NAT190006324 ტენდერის ფარგლებში, დაიდო N15/3-372 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მიმწოდებელი მიაწვდის, ხოლო შემსყიდველი შეისყიდის სათარჯიმნო მომსახურებას ხელშეკრულების დანართი N1-ით (პრეისკურანტი) გათვალისწინებული ტარიფებით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების 2.1 პუნქტით, ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულებაა 3000 ლარი. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გაუწიოს შემსყიდველს მომსახურება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით ან/და სასაზღვრო პოლიციის მიერ ანალოგიური მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერის შესყიდვის პროცედურების დასრულებამდე, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის მიწოდება განახორციელოს 24 საათის განმავლობაში საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის მიხედვით, მომსახურება ან მისი ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ სათანადო დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ. ხელშეკრულების 6.4 პუნქტის მიხედვით ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშფაქტურის დამოწმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 7.1. პუნქტის მიხედვით, არავითარი გადახრა ან ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვება ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორების გარდა. წერილობით შეტყობინების საფუძველზე ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია გარდა სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად. ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
4.2.11 მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო შეთანხმება N2, რომლის თანახმად
ცვლილება შევიდა N15/3-372 ხელშეკრულებაში და N1 დანართი ჩამოყალიბდა ამ დამატებითი შეთანხმების დანართი N1-ის შესაბამისად. დანარჩენი პირობები დარჩა უცვლელი;
4.2.6.12 მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად, კერძოდ, 2020 წლის N15/3-372 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება შეადგენს 680,87 ლარს, ხოლო 2019 წლის N15/3-272 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2019 წლის ოქტომბრის და 2020 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის დავალიანება - 4075,33 ლარს, სულ - 4756.20 ლარს.
4.3 სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე/მოსარჩელე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხის წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.
4.4 სააპელაციო პალატამ განმარტა - მიუხედავად იმისა, რომ არ იკვეთება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, სააპელაციო სასამართლო ვერ გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე, რადგან სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებენ აპელანტის მოთხოვნას. კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ (მიმწოდებელმა, მენარდემ) აპელანტს (შემსყიდველს, შემკვეთს) მიაწოდა შეთანხმებული მომსახურება, რომელიც ამ უკანასკნელმა პრეტენზიის გარეშე მიიღო. ეს გარემოება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით. აპელანტის ერთ-ერთი პრეტენზია ისაა, რომ სადავო მომსახურება გაწეულია ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ და აჭარბებს ხელშეკრულების ჯამურ ღირებულებას, ამიტომ შემკვეთს მისი ანაზღაურების ვალდებულება არ გააჩნია. პალატამ აპელანტის აღნიშნული პრეტენზია არ გაიზიარა და განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და არც აპელანტი შედავებია იმ ფაქტს, რომ თითოეული შესრულების (მათ შორის, სადავო მომსახურების) მიწოდებას მენარდე ახდენდა შემკვეთის მოთხოვნის საფუძველზე (სხვაგვარად შეუძლებელიც იყო ხელშეკრულების საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით, რადგან მიმწოდებელი შემკვეთს უწევდა სათარჯიმნო მომსახურებას). შესაბამისად, რაკი შემკვეთმა, თუნდაც ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, მაგრამ თავისივე მოთხოვნის საფუძველზე მიიღო დამატებითი შესრულება მენარდისაგან, იგი ვალდებულია, აანაზღაუროს ამ შესრულების ღირებულება სსკ-ის 629.1 მუხლის საფუძველზე, ხოლო, თუკი სადავო მომსახურება გაწეულია/მიწოდებულია არასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, შემკვეთი მაინცაა ვალდებული აანაზღაუროს ამ შესრულების ღირებულება სსკ-ის 976.1.„ა“ მუხლის საფუძველზე.
4.5 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება, ასევე, აპელანტის ის პრეტენზია, სადაც იგი მიუთითებს, რომ იგი მოკლებულია შესაძლებლობას, ბიუჯეტიდან იმაზე მეტი თანხა მიიღოს, რაც ხელშეკრულებით იყო შეთანხმებული. ეს არგუმენტი, პალატის მოსაზრებით, არ ამართლებს დამატებითი შესრულების ანაზღაურებაზე უარის თქმას, რადგან მენარდე სამუშაოს ასრულებდა შემკვეთის მოთხოვნით, რომელიც ვალდებული იყო ამ შესრულების ასანაზღაურებელი სახსრების ბიუჯეტიდან მიღებაზე ეზრუნა (მაგ. ცვლილებები შეეტანა მოქმედ ხელშეკრულებაში, გამოეცხადებინა ახალი ტენდერი ან სხვა კანონიერი ზომებისათვის მიემართა).
5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5.2 კასატორის განმარტებით, სადავო თანხის გადახდის ვალდებულება მას არ აქვს, რადგან ხელშეკრულება გაფორმებულია 2019 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში და არ წარმოადგენს მრავალწლიან შესყიდვას. შესაბამისად, ამ ხელშეკრულების მე-8 მუხლით გათვალისწინებული ჯამური ღირებულების გაზრდა შეუძლებელია. ამასთან, კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს შეფასებას, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება სსკ-ის 629-ე მუხლით გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულებაა.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლომ საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ის დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
11. საკასაციო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას, რომლის თანახმადაც აპელანტს(მოპასუხე) უარი ეთქვა, სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სასამართლო სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელე) გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებაზე, კერძოდ, აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რაც სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებენ აპელანტის მოთხოვნას.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. 13. ანალოგიური პრინციპით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელი გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნორმით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დადგენილ და გაზიარებულ იქნას სააპელაციო საჩივარში დასახელებული გარემოებები. თუ ისინი იურიდიულად ამართლებენ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება. 14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, სასამართლო არ იხედება საქმეში, არ ამოწმებს და არ აფასებს მტკიცებულებებს, ვინაიდან ეს საჭირო არაა, რადგან გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები დამტკიცებულად ითვლება, მაგრამ „იხედება კანონში,“ რათა მისცეს ამ დამტკიცებულად ჩათვლილ ფაქტებს იურიდიული შეფასება. თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ აღნიშნული ფაქტები ამართლებენ შესაბამისი კანონის თანახმად მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიტანოს ჩვეულებრივი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბ., 2005, გვ. 399-400).
15. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურსამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან მტკიცებულებები არ მიიღება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენის უფლება აქვს, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება (იხ. სუსგ საქმე №ას-975-2019, 5 ივნისი, 2020 წელი).
16. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს და არ შედის მათ არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტებზე და, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
17. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე). აპელანტმა (მოპასუხე) მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რაც სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური წინაპირობები დაუსწრებელი გადაწყვეტილების მისაღებად სახეზე იყო, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მართებულად არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა, ვინაიდან, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებენ აპელანტის მოთხოვნას. კერძოდ, თითოეული შესრულების (მათ შორის, სადავო მომსახურების) მიწოდებას მენარდე ახდენდა შემკვეთის მოთხოვნის საფუძველზე (მიმწოდებელი შემკვეთს უწევდა სათარჯიმნო მომსახურებას). შესაბამისად, რაკი შემკვეთმა, თუნდაც ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, მაგრამ თავისივე მოთხოვნის საფუძველზე მიიღო დამატებითი შესრულება მენარდისაგან, იგი ვალდებულია, აანაზღაუროს ამ შესრულების ღირებულება სსკ-ის 629.1 მუხლის საფუძველზე, ხოლო, თუკი, სადავო მომსახურება გაწეულია/მიწოდებულია არასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, შემკვეთი მაინც ვალდებულია სსკ-ის 976.1 „ა“ მუხლის (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) საფუძველზე აანაზღაუროს ამ შესრულების ღირებულება. მოპასუხეს შეეძლო მოსარჩელისგან მთარგმნელობით და სათარჯიმნო მომსახურების მიღებაზე განეცხადებინა უარი, მაგრამ მან მიიღო მოსარჩელისგან შესრულება, მომსახურება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ შემკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს მიღებული მომსახურების შესაბამისი საზღაური.
18. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, ასევე, მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაცია. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რასაც კასატორი არ ეთანხმება, მისი მტკიცებით, მათ შორის დადებული იყო მომსახურების ხელშეკრულება.
19. სსსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 630-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ ჩვეულებრივი ანაზღაურება.
20. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად შესრულებული უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს ნარდობის ხელშეკრულება; ბ) მენარდეს შესრულებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო; გ) შემკვეთს არ უნდა ჰქონდეს ანაზღაურებული შესრულებული სამუშო.ნარდობის სამართალურთიერთობის განმსაზღვრელი ზემოხსენებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი, მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას (იხ.სუსგ № ას-1646-2019, 30.09.2020წ). 21. „ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური, როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ“ (იხ., ზურაბ ძლიერიშვილი, „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016 წ., გვ. 288; Nას-308-2023, 30.11.2023წ).
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებასთან ახლოს დგას მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე მომსახურებას უწევს მეორე მხარეს სათანადო ანაზღაურების მიღებით. განსხვავება ამ ორ ხელშეკრულებას შორის შემდეგია: ნარდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგი (რეზულტატი). მაშასადამე, ნარდობის ხელშეკრულება აგებულია შემდეგი ფორმულით: თუ არ არის სახეზე შესრულებული შედეგი, მაშინ ადგილი აქვს სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობას. რაც შეეხება მომსახურების ხელშეკრულებას, მისი შედეგი ატარებს არამატერიალურ ხასიათს (იხ. ზ. ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულება თბილისი, 2016წ. გვ. 156).
22. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა. როგორც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, სახეზეა ნარდობის ხელშეკრულების შემადგენლობა. (იხ. სუსგ-ები: 07.09.2022, საქმე №ას-639-2922; 07.03.2024 წ. №ას-1643-2023წ).
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
24. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
25. კასატორმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. პროცესის ხარჯები
კასატორი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, პირველი პუნქტის, „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი