ბს-1124-1075(კ-07) 28 მაისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე – გ. პ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი _ გასასვლელი დახმარების, სანივთე ქონების კომპენსაციისა და სამივლინებო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 2 თებერვალს გ. პ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ გასასვლელი დახმარების, სანივთე ქონების კომპენსაციისა და სამივლინებო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2005 წლის 7 ნოემბრის ¹2956 ბრძანებით დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, 2005 წლის 11 ოქტომბრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვით და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს მის მიმართ ერიცხება დავალიანება წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარება _ 3840 ლარი, სანივთე ქონების კომპენსაცია _ 445 ლარი და 39 თეთრი, 2003 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში მივლინების დავალიანება _ 2315, სულ 6240,39 ლარის ოდენობით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა (გასასვლელი) დახმარების _ 3840 ლარის, სანივთე ქონების კომპენსაციის _ 445,39 ლარისა და 2003 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში მივლინების დავალიანების _ 2315 ლარის, სულ - 6240,39 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით გ. პ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. პ-ის სასარგებლოდ დაეკისრა გასასვლელი დახმარების, სანივთე ქონების კომპენსაციისა და სამივლინებო დავალიანების ანაზღაურება, სულ – 6240,39 ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს.
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე პუნქტის შესაბამისად, შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს, ნამსახური წლების მიხედვით ეძლევა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება, ფულადი სარგოების, ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული წესით.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი მოქმედების განხორციელების შესახებ უკანონოა, ვინაიდან ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემის უფლების დამდგენი ნორმა არ იყო გაუქმებული, არამედ იყო შეჩერებული 2006 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2005 წელს სამსახურიდან დათხოვნილებზე ასეთი დახმარების აკრძალვის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის ¹640 ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება კი არ უნდა შეჩერებულიყო, არამედ მისი ძალაში შესვლის თარიღად დადგენილი უნდა ყოფილიყო 2006 წლის 1 იანვარი, რაც არ განხორციელებულა.
ამრიგად, საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულების 611-ე პუნქტით, სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებზე გასაცემი ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემის ნორმა 2005 წელს არ გაუქმებულა, არამედ ამ დახმარების გაცემა შეჩერდა და იგი უპირობოდ უნდა განახლებულიყო 2006 წლის 1 იანვრიდან, მათ შორის, წინა წელს დათხოვნილებზეც.
ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად იქნა ცნობილი "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლისა და 109-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც მიუთითებდა სამსახურიდან დათხოვნილ მოსამსახურეებზე შესაბამისი დახმარების გაცემის 2006 წლის 1 იანვრამდე შეჩერებას.
სასამართლოს მოსაზრებით, ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების მიღების უფლება სამხედრო მოსამსახურეებმა ჯერ კიდევ მოიპოვეს 1994 წლიდან, ხოლო მოპოვებული უფლებების გაუარესება და მით უფრო, მისი გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და გარანტიების დაცვის თაობაზე მიღებულ საერთაშორისო ნორმატიულ აქტებს.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების მე-9 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგო მოიცავს თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოებს. საქმის გარემოებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე სამხედრო წოდებისათვის იღებდა სარგოს _ 60 ლარს, სარგოს თანამდებობისათვის _ 230 ლარს, რაც შეადგენს 290 ლარს.
სსიპ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2007 წლის 16 იანვრის ¹705/05-432 ცნობის თანახმად, მოსარჩელე კომპენსაციას იღებს თავდაცვის ხაზით წელთა ნამსახურობით _ 31 წელი, 10 თვე და 29 დღე.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელეს აქვს სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობის 20 წელზე მეტი სტაჟი, მას “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე პუნქტის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე ეკუთვნის ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოს თორმეტმაგი ოდენობით, რომელიც შეადგენს 3480 ლარს.
,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს აქვს მისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით, ხოლო “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 50-ე პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებს მივლინებისას აუნაზღაურდებათ მგზავრობის ღირებულება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის აღნიშნული მიზნით გამოყოფილი ასიგნებებიდან.
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ჩეხეთის რესპუბლიკაში სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია.
ამასთან, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებს სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევათ სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოშობილია პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია, რომლის ათვლაც იწყება თითოეული შესასრულებელი ვალდებულების დარღვევის შეტყობის ან იმ მომენტიდან, როცა პირს უნდა შეეტყო ასეთის დარღვევის თაობაზე. ამავე კოდექსის 137-ე მუხლით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას, ხოლო 144-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არ აქვს უფლება მოთხოვნის შესრულების დაბრუნება მოითხოვოს, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართ, სხვაგვარად, ვალდებული პირის მიერ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალის აღიარების შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენა თავიდან იწყება და მოვალეს უფლება არა აქვს, უარი განაცხადოს მათზე.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 611-ე პუნქტით, 2006 წლის 1 იანვრამდე მოქმედება შეუჩერდა 331-ე პუნქტს, შესაბამისად, 2004 წლის 31 დეკემბრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე არ მოქმედებდა ნორმა, რომელიც შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევისას, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო, დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებზე ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემას ითვალისწინებდა.
აპელანტის განმარტებით, აღნიშნული ბრძანებულების 331-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება უნდა გავრცელდეს მხოლოდ 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და ვინაიდან გ. პ-ი შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ იქნა 2005 წელს, მასზე 331-ე მუხლის ნორმა არ უნდა გავრცელებულიყო.
ამასთან, “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმას უკუქცევითი ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
აპელანტი ასევე მიუთითებდა, რომ "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც სამხედრო მოსამსახურეს სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, ეხება მხოლოდ მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს და არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ყოფილ სამხედრო პირებზე, შესაბამისად კომპენსაციის მოთხოვნა მოსარჩელის მხრიდან უსაფუძვლო იყო.
რაც შეეხება სამივლინებო ხარჯებს, აპელანტის განმარტებით, გ. პ-ს არ წარმოუდგენია მის მიერ სამივლინებო ხარჯების გაწევის დამადასტურებელი ქვითრები, რაც თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მასთან ფინანსური ანგარიშსწორების საფუძველი გახდებოდა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება.
მითითებული გაჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ
კასატორი საკასაციო საჩივარს ფაქტობრივად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში, ამასთან, კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინების მიღებისას არ გამოიყენა და უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი, ვინაიდან სანივთე ქონება მიეკუთვნება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომელზედაც ვრცელდება ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, სასარჩელო მოთხოვნა ეხება 2002-2003 წლების სანივთე კომპენსაციას, ხოლო მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა 2007 წლის 2 თებერვალს, ანუ სასამართლოს ამ მოთხოვნის მიმართ უნდა გაევრცელებინა სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე უკანონოდ ჩათვალა ვალდებულების აღიარებად საქმეში არსებული ცნობები, რადგან, კასატორის განმარტებით, მათ ინფორმაციული ხასიათი ჰქონდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრებას ერთჯერადი დახმარების გაცემის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიღებულია ნორმის სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე.
“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე მუხლის შესაბამისად დადგინდა, რომ სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო ან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახური წლების მიხედვით ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოს სახით.
ბრძანებულება ამოქმედდა 2004 წლის 15 ნოემბრიდან.
2004 წლის 31 დეკემბრის საქართველოს პრეზიდენტის ¹640 ბრძანებულებით ცვლილება შევიდა ¹493 ბრძანებულებაში, რის საფუძველზეც, ზემოაღნიშნული 33-ე პუნქტი ფაქტობრივად გაიყო ორ პუნქტად და ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი იმ პირებზე, ვინც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, განისაზღვრა ბრძანებულების 331-ე პუნქტით. იმავე ¹640 ბრძანებულების 611-ე პუნქტით ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას ნორმის მოქმედებასთან დაკავშირებით და ამ უკანასკნელის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე შემთხვევაში სახეზეა ნორმის მოქმედების შეჩერების ფაქტი და არა მისი ამოქმედება, რაც პრინციპულად ცვლის ნორმის შეფარდების საკითხს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე შემთხვევაში ნორმები პირობითად დაიყო ორ ნაწილად, კერძოდ, პირველი ნაწილით მოხდა უფლების აღიარება (სამხედრო მოსამსახურეებს აქვთ ერთჯერადი დახმარების ფულადი სარგოს სახით მიღების უფლება), ხოლო მეორე ნაწილში ჩაიდო უფლების რეალიზების მექანიზმი, რომლითაც დადგინდა, რომ აღიარებული უფლების რეალიზება მოხდებოდა 2006 წლის 1 იანვრიდან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ერთჯერადი დახმარების სახით გ. პ-თვის ფულადი სარგოს დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინებას მიიჩნევს კანონშესაბამისად და თვლის, რომ არ არსებობს ამ ნაწილში საკასაციო პრეტენზიის გაზიარების სამართლებრივი საფუძველი.
იმავდორულად საკასაციო სასამართლო არგუმენტირებულად მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას მისთვის სამივლინებო თანხების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და აღნიშნულთან მიმართებაში განმარტავს შემდეგს: მართალია, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მივლინების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება მოხელის ან დამხმარე მოსამსახურის დაკავებული თანამდებობა და შესაბამისი შრომითი გასამრჯელო, მაგრამ სამივლინებო თანხების ანაზღაურება წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, ვინაიდან, მოსამსახურის მივლინებაში გაშვება და შესაბამისი სამივლინებო თანხების ანაზღაურება დაკავშირებულია დროის გარკვეულ პერიოდთან. სამივლინებო თანხა, ხელფასის თანხისაგან განსხვავებით, არ არის მოქცეული "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში. ამდენად, სამივლინებო თანხის, როგორც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების, მოთხოვნა ექვემდებარება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულ ხანდაზმულობის 3-წლიან ვადას.
იმის გათვალისწინებით, რომ გ. პ-მა წინამდებარე სარჩელი აღძრა 2007 წლის 2 თებერვალს, ხოლო ჩეხეთის რესპუბლიკაში მისმა მივლინებამ მოიცვა პერიოდი 2003 წლის 5 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა სამივლინები თანხების ანაზღაურების ნაწილში აღძრულია მოთხოვნის 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გაშვებით, რაც სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ხანდაზმულობის მოტივით მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის საფუძველს.
რაც შეეხება სანივთე ქონების კომპენსაციის ნაწილში გ. პ-ის მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც იზიარებს კასატორის პრეტენზიას და აღნიშნავს შემდეგს: "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
ამდენად, უდავოა, რომ ზემოაღნიშნული ორი კომპონენტი კანონმდებლობის მიერ გამოყოფილია ცალკე და არ მოიაზრება ფულად სარგოში.
“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ასევე ერთმანეთისაგან მიჯნავს ფულად სარგოსა და სანივთე ქონების კომპენსაციის საკითხს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ვალდებულება მიეკუთვნება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებათა კატეგორიას, რომლის მიმართაც ასევე გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.
იმის გათვალისწინებით, რომ გ. პ-ის მოთხოვნა სანივთე ქონების კომპენსაციის ნაწილში მოიცავს 2002-2003 წლებს, ხოლო სარჩელი აღძრულია 2007 წელს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე უფლებამოსილია, უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს თავდაცვის სამინისტროსათვის სამივლინებო დავალიანებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის დაკისრების ნაწილში და მითითებულ მოთხოვნებზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი ხანდაზმულობის მოტივით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინება სანივთე ქონების კომპენსაციისა და სამივლინებო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ. პ-ის მოთხოვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სანივთე ქონების კომპენსაციის _ 445,39 ლარისა და სამივლინებო დავალიანების _ 2315 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 3480 ლარის დაკისრების ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.