Facebook Twitter

საქმე №ა-4036-შ-102-2025 30 სექტემბერი, 2025 წელი

თბილისი

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

არჩილ კოჭლამაზაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.მ–ძე (ი.მ–უ)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ს. მ–უ

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს კინგსის ოლქის სასამართლოს 2009 წლის 18 დეკემბრის №53664/09 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი.მ–ძემ (ი.მ–უმ) შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს კინგსის ოლქის სასამართლოს 2009 წლის 18 დეკემბრის №53664/09 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, რომლითაც ი.მ–უ და ს. ს. მ–უ განქორწინდნენ, შუამდგომლობის ავტორს მიენიჭა უფლება, დაებრუნებინა ქალიშვილობის გვარი - მ–ძე.

2. საქმის მასალებით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და, შუამდგომლობის ავტორის მითითებით, აღსრულდა აშშ-ს ტერიტორიაზე.

3. შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რომელითაც დასტურდება რომ ამჟამად მისი სახელი და გვარია ი.მ–ძე.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, საქმე №ა-4035-შ-103-2025, №010270025900183907, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს კინგსის ოლქის სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ი.მ–უმ შეიცვალა სახელი და იწოდება „ი–დ“.

5. ამდენად, დგინდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს კინგსის ოლქის სასამართლოს 2009 წლის 18 დეკემბრის №53664/09 გადაწყვეტილებაში დასახელებული ი.მ–უ არის განსახილველი შუამდგომლობის ავტორი ი.მ–ძე.

6. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა. მისივე განმარტებით, მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით, თუმცა მხარეს განემარტა, რომ ესაჭიროებოდა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება.

7. საკასაციო სასამართლოს 2025 წლის პირველი სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე დგინდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს კინგსის ოლქის სასამართლოს 2009 წლის 18 დეკემბრის №53664/09 გადაწყვეტილებით შეწყდა ქორწინება ი.მ–უსა და ს. ს. მ–უს შორის, შუამდგომლობის ავტორს მიენიჭა უფლება, დაებრუნებინა ქალიშვილობის გვარი - მ–ძე. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, აშშ-ს ტერიტორიაზე აღსრულებულია. მოპასუხე ესწრებოდა განქორწინების საქმის წარმოებას და სარჩელის საწინააღმდეგო შესაგებელი არ წარუდგენია.

10. საქართველოს მოქალაქე ი.მ–ძემ შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.მ–ძის (ი.მ–უს) შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს კინგსის ოლქის სასამართლოს 2009 წლის 18 დეკემბრის №53664/09 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს კინგსის ოლქის სასამართლოს 2009 წლის 18 დეკემბრის №53664/09 გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ქორწინება ი.მ–უსა და ს. ს. მ–უს შორის, ი.მ–უს მიენიჭა უფლება, დაებრუნებინა ქალიშვილობის გვარი - მ–ძე.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი