Facebook Twitter

საქმე №ას-854-2025 30 სექტემბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

არჩილ კოჭლამაზაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – კ.რ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.რ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა (ძირითადი სარჩელით) თანხის დაკისრება (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. კ.რ–ძემ (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) კერძო საჩივარი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ივნისის განჩინებაზე, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებაზე წარდგენილ მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა, ნ.რ–ძის (შემდგომ - მოპასუხე) შუამდგომლობა ექსპერტიზის ჩატარების ხარჯის - 450 ლარის აპელანტისათვის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა.

2. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და მიუთითა, რომ აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, ხოლო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სრულად დაბრუნება. აღნიშნული მოთხოვნა უკანონოდ არ დაკმაყოფილდა. ასევე, სააპელაციო პალატამ არასწორად დააკისრა აპელანტს მოპასუხის მიერ გაღებული ექსპერტიზის ხარჯის ანაზღაურება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

3. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი ნაწილობრივ გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

4. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო პალატის მიერ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტისა და აღნიშნულის შედეგად წარმოშობილი სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხები.

5. განსახილველი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივრით აპელანტი გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა ნ.რ–ძის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. სააპელაციო პალატის 2024 წლის 10 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დაიწყო დავის არსებითად განხილვა.

6. სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე საქმეზე დანიშნა განმეორებითი ექსპერტიზა, რისი ხარჯი - 450 ლარი გადაიხადა მოპასუხემ. აღნიშნული დადასტურდა მის მიერ წარდგენილი გადახდის ქვითრით (იხ. ტომი 2, ს.ფ 48).

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მთავარ სხდომაზე განხილვის ეტაპზე აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა პალატას, რომლითაც მოითხოვა თავისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 370,08 ლარის სრულად დაბრუნება (იხ. სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, ტომი 1, ს.ფ 253).

8. მოცემული საქმის კონკრეტული გარემოებების (სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მიმდინარეობდა მისი არსებითად განხილვა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, სააპელაციო პალატამ განახორციელა რიგი საპროცესო მოქმედებანი, - მოისმინა მხარეთა პოზიციები, დანიშნა განმეორებით ექსპერტიზა) შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აპელანტის მოთხოვნა, თავისი სამართლებრივი შინაარსით, წარმოადგენს უარს სააპელაციო საჩივრის განხილვაზე.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

10. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

11. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ადგენს საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობებს, რომლებიც მითითებულია სსსკ-ის 272-ე მუხლში. აღნიშნული ნორმის „გ“ ქვეპუნქტის ძალით სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა. მეტიც, სსსკ-ის 378-ე მუხლის ძალით სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

13. სარჩელზე უარის თქმის ინსტიტუტი საპროცესო კანონმდებლობაში განსხვავდება სარჩელის გამოხმობის ინსტიტუტისაგან, რამდენადაც სარჩელზე უარის თქმას უკავშირდება საქმის წარმოების შეწყვეტა, რა დროსაც მოსარჩელე კარგავს უფლებას, აღძრას სარჩელი იმავე მოთხოვნით, იმავე საფუძვლით, იმავე მხარეების მიმართ. აღნიშნულისაგან განსხვავებით სარჩელის გამოხმობის შემთხვევაში, მოსარჩელე ინარჩუნებს უფლებას, აღძრას იმავე სახის სარჩელი.

14. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელის მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე წარმოება მართებულად შეწყდა და აპელანტს მოწინააღმდეგე მხარის მიერ განმეორებითი სასამართლო ექსპერტიზის ჩატარებაზე გაღებული ხარჯი კანონიერად დაეკისრა. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო პალატის განჩინებით ექსპერტიზის ხარჯის გადახდა ორივე მხარეს სოლიდარულად დაეკისრა, თუმცა საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ 450 ლარი სრულად გადახდილია მოწინააღმდეგე მხარის მიერ. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო წარმოება მოპასუხის ინიციატივით დაიწყო და შეწყდა, მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯი უნდა აუნაზღაურდეს.

15. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას აპელანტისათვის მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე.

16. სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

17. განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ მოთხოვნით სააპელაციო პალატას მთავარ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის პერიოდში მიმართა, შესაბამისად, მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ი.ბ–ძის მიერ 09.12.2024წ, №24975290378 საგადახდო დავალებით სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 370,08 ლარის ნახევარი - 185,04 ლარი.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის ნახევრის აპელანტისათვის დაბრუნების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, დანარჩენ ნაწილში კი სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ.რ–ძის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ივნისის განჩინება გაუქმდეს კ.რ–ძისათვის სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევრის დაბრუნებაზე უარის თქმის ნაწილში და კ.რ–ძეს (პირადი №........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ი.ბ–ძის მიერ 09.12.2024წ, №24975290378 საგადახდო დავალებით სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 370,08 ლარის ნახევარი - 185,04 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი