15 ივლისი 2025 წელი
საქმე №ას-254-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შ.პ.ს. „N. G.”
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მოპასუხე - შ.პ.ს. „N. G.”-ს მიმართ პირგასამტეხლოს - 850 201.36 ლარის დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N888 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 850 201.36 ლარის ანაზღაურება.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგი ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლებით:
5.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2021 წლის 15 დეკემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N888 ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით - 4 137 234.17 ლარი. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, .......... მდებარე (ს/კ .......) N15(1) და N28(1) შენობების სადემონტაჟო და ახალი სასაწყობე შენობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა.
5.2. ხელშეკრულების 3.1. პუნქტით, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 კალენდარული დღის განმავლობაში შეესრულებინა სამუშაოები.
5.3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N888 ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის (ხელშეკრულების 3.1 პუნქტი), მათ შორის - ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.15%.
5.4. ამავე ხელშეკრულების 13.5. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება განისაზღვრებოდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამისად, რაც არ საჭიროებდა დამატებით შეთანხმებას.
5.5. ხელშეკრულების დადების შემდგომ, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე რამდენჯერმე შეიცვალა ხელშეკრულებით განსაზღვრული არსებითი პირობები. მათ შორის - 2022 წლის 12 ივლისის N3 შეთანხმებით, მხარეებმა N888 ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2021 წლის 15 დეკემბრიდან - 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განსაზღვრეს. ამავე შეთანხმებით, ხელშეკრულების 3.1 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა გაგრძელდა 65 კალენდარული დღით და განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით.
5.6. 2022 წლის 2 სექტემბერს მხარეთა შორის დაიდო N4 შეთანხმება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, სამუშაოების შესრულების ვადის 20 კალენდარული დღით - 2022 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელებაზე.
5.7. მოგვიანებით, 2022 წლის 7 ოქტომბერს მხარეთა შორის დაიდო N5 შეთანხმება, რომლის საფუძველზე, სამუშაოების შესრულების ვადა დამატებით გაგრძელდა 25 კალენდარული დღით და განისაზღვრა 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.
5.8. 2022 წლის 29 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო N6 შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა N888 ხელშეკრულების 2.5 პუნქტში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა შემდეგი სახით: ხელშეკრულება ძალაში იყო 2021 წლის 15 დეკემბრიდან - 2023 წლის 01 მარტის ჩათვლით, მაგრამ არაუადრეს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე.
5.9. მხარეთა შორის 2023 წლის 28 მარტს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის შესაბამისად, 2021 წლის 15 დეკემბრის N888 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 17 მარტით.
5.10. მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების (N2 ფორმა) ღირებულებამ A-ტიპის ინსპექტირების ორგანოს შ.პ.ს. „რ“-ს 2023 წლის 22 მარტის ინსპექტირების ანგარიშის N RE.TP.G04.FA.326.23 გათვალისწინებით, შეადგინა 4137232.90 ლარი.
5.11. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N888 ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადის გადაცილებისათვის, მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ფაქტობრივად შესრულებული ღირებულების 4137232.90 ლარის 0.15% - 850 201.36 ლარი (4 137 232.9*0,15%*137).
5.12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის განხილვის საგანი იყო, სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი (არადროული) შესრულებისა და მისგან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი წინაპირობების არსებობა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების ფაქტი და სრულად იქნა დაკმაყოფილებული მოსარჩელის მოთხოვნა N888 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს - 850 201.36 ლარის დაკისრების ნაწილში.
5.13. სააპელაციო საჩივრით სადავო იყო, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი წინაპირობების არსებობა, ასევე - დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულობა ვადის გადაცილებასა და დარღვევის ხარისხთან მიმართებით.
5.14. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, პირი ვალდებულია, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის მიზნებისათვის კი, მნიშვნელოვანია იმ პირობების დაცვა, რაც ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს და, შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობას გამორიცხავს. სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლი განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ვალდებულება, ისე, რომ არ მოხდეს ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის რღვევა და აწესებს ვალდებულების შესრულების ისეთ სტანდარტს, რომლითაც დაცულია არა მხოლოდ ვალდებულების შესრულება, არამედ - მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერი მოპყრობა. ყოველი მოქმედება არ იწვევს ვალდებულების შესრულებას და, შესაბამისად, ვალდებულების შესრულების სამართლებრივი შედეგის დადგომას (სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლი). ვალდებულების შესრულება ნიშნავს იმ მოქმედების შესრულებას (ან მოქმედებისაგან თავის შეკავებას), რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტორს აქვს. სწორედ ასეთი მოქმედება წარმოადგენს ვალდებულების ობიექტს. სახელშეკრულებო ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის შეფასებისათვის, მნიშვნელოვანია მისი არსებითი პირობების განსაზღვრა, ის თუ ხელშეკრულების ფარგლებში, რა უფლება-მოვალეობები წარმოეშვათ მხარეებს იმ არსებითი პირობების მიხედვით, რაზეც მოხდა მხარეთა ნების (ოფერტისა და აქცეპტის) თანხვედრა და რაც საფუძვლად დაედო ხელშეკრულების დადებას (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).
5.15. ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულება მოიცავს ვალდებულების დათქმული ვადის დაცვით შესრულებასაც. თავად ვალდებულების შესრულების ვადა კი, ხელშეკრულების ის არსებითი პირობაა, რომელზედაც სავალდებულოა მხარეთა თანმხვედრი ნების გამოვლენა. ნების ავტონომიისა და ხელშეკრულების თავისუფლების ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების დროს განსაზღვრავენ ვალდებულების სუბიექტები. სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს საკუთარი ნებისა და თავიანთი ინტერესების შესაბამისად შეუძლიათ დაადგინონ შესრულების დრო კონკრეტული ვალდებულებისთვის, რომელიც უკვე წარმოშობილია ან/და მომავალში წარმოიშობა მათ შორის.
5.16. კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელი ეფუძნება მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დათქმული ვადის დაცვით შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრებას, რასაც თავის მხრივ უპირისპირდება ვალდებულების დროული და ჯეროვანი შესრულების შესახებ მოპასუხის შედავება.
5.17. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლზე მიუთითა, რომლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. 401-ე მუხლის თანახმად კი, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. მხოლოდ ის გარემოება, რომ მხარემ ვალდებულება დაგვიანებით შეასრულა, არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ეს გარემოება სამართლებრივი თვალსაზრისით მივიჩნიოთ სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლში მითითებულ გარემოებად. მე-400 მუხლი მართლაც უთითებს, რომ ვალდებულების ვადის გადაცილებად ითვლება შესრულება, თუ შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ სრულდება. მაგრამ ამავე კოდექსის 401-ე მუხლი უთითებს, რომ თუ ვალდებულების შეუსრულებლობა მოხდება მოვალის ბრალის გამომრიცხავი გარემოების გამო ვადა გადაცილებულად არ ითვლება. ამ ორი ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ფიზიკურად ვადის გადაცილებასა და სამართლებრივი თვალსაზრისით ვადაგადაცილებას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა და იგი დამოკიდებულია იმ გარემოებაზე, თუ რამ განაპირობა ასეთი შედეგი (ს.უ.ს.გ. საქმე Nას-954-1260-07, 23.01.2008 წ.).
5.18. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს, როგორც მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, თუმცა სამუშაოები დასრულდა და ჩაბარდა მოსარჩელეს 2023 წლის 17 მარტს - 137 კალენდარული დღის დაგვიანებით. კერძოდ, საქმეზე წარმოდგენილი ხელშეკრულებითა და დამატებითი შეთანხმებებით დგინდებოდა, რომ სამუშაოების შესრულების ბოლო თარიღად, N5 შეთანხმებით დადგინდა 2022 წლის 31 ოქტომბერი, ხოლო N6 შეთანხმებით ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 15 დეკემბრიდან 2023 წლის 01 მარტის ჩათვლით პერიოდი.
5.19. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საგულისხმო იყო, რომ მხარეები ერთმანეთისგან განსხვავებულად აფასებენ სამუშაოს შესრულებისა და ხელშეკრულების მოქმედების ვადებს. კერძოდ, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მოპასუხეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა სამუშაოს შესრულების ვადაში, ანუ არაუგვიანეს 2022 წლის 31 ოქტომბრისა, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გახანგრძლივება კი, განპირობებული იყო ხელშეკრულებით თავდაპირველად განსაზღვრული ვადის დაუცველობით. აღნიშნულისაგან განსხვავებით, მოპასუხის მტკიცებით, სამუშაოები უნდა დაესრულებინა ხელშკრულების მოქმედების ვადაში, ანუ არაუგვიანეს 2023 წლის 01 მარტისა, შესაბამისად, 137-დღიან ვადაგადაცილებაზე მითითება, აპელანტის მოსაზრებით, დაუსაბუთებელი იყო.
5.20. მხარეთა ურთიერთდაპირისპირებული პოზიციების გათვალისწინებით, კერძოდ, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დათქმული ვადის დაცვით შესრულების შეფასებისათვის, უპირველესად დასადგენი იყო, მხარეთა შეთანხმება ვალდებულების შესრულების დროსთან მიმართებით, შესაბამისად, განსამარტი იყო ხელშეკრულებასა და შეთანხმებებში ასახული ჩანაწერი - ,,სამუშაოს შესრულების ვადასა’’ და ,,ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან’’ მიმართებით.
5.21. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი განმარტა და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების განმარტების საფუძვლებთან დაკავშირებით საინტერესო იყო ევროპული სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი პრინციპების (დებულებების) 5:101-5:107 მუხლების დანაწესები, რომლის მიხედვით, ხელშეკრულება უნდა განიმარტოს მხარეთა საერთო ნების შესაბამისად იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი განსხვავდება სიტყვასიტყვითი მნიშვნელობისაგან. მხარეთა საერთო ნების დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, განმარტების კრიტერიუმად მიიჩნევა ხელშეკრულების მხარეთა მსგავსი გონივრული აზროვნების მქონე პირთა შეფასება მოცემულ გარემოებებში. ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამი (პირობა) უნდა განიმარტოს იმ მთლიანი ხელშეკრულების ჭრილში, რომელშიც ისინი არის მოცემული. ხელშეკრულებათა განმარტების საკითხებს აწესრიგებს, მაგალითად, 338-ე მუხლიც, რომლის ძალითაც, ხელშეკრულებაში ურთიერთგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს.
5.22. სააპელაციო პალატამ შეაფასა რა წარმოდგენილი ხელშეკრულება და დამატებითი შეთანხმებები და მასში მითითებული ჩანაწერები ხელშეკრულების მოქმედებისა და სამუშაოების შესრულების ვადასთან მიმართებით, არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა მოიაზრებდა სამუშაოების შესრულების ვადას, რადგანაც დასახელებული დოკუმენტები, ხელშეკრულების მოქმედების ვადისა და სამუშაოების შესრულების ვადის განსხვავებულ ჩანაწერებს შეიცავენ. მაგ: N3 შეთანხმებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადა ამავე შეთანხმებით დადგინდა 2022 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით. ასევე, N4 და N5 შეთანხმებით გახანგრძლივდა მხოლოდ სამუშაოების შესრულების ვადა და საბოლოოდ განისაზღვრა 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. ხოლო, N6 შეთანხმებით გახანგრძლივდა არა სამუშაოების შესრულების ვადა, არამედ - ხელშეკრულების მოქმედების ვადა, რომელიც დადგინდა 2023 წლის 1-ელი მარტის ჩათვლით.
5.23. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ვალდებულების დროულ შესრულებასთან დაკავშირებით აპელანტის მტკიცება. ამ მხრივ საგულისხმო იყო ის გარემოება, რომ თავად სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N888 ხელშეკრულება შეიცავს ორ დამოუკიდებელ ჩანაწერს ხელშეკრულების მოქმედებისა და სამუშაოების შესრულების ვადასთან მიმართებით, კერძოდ, ხელშეკრულების 2.5 პუნქტით ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო ამავე ხელშეკრულების 3.1 პუნქტით დადგინდა სამუშაოს შესრულების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 კალენდარული დღე. შესაბამისად, ცალსახა იყო, რომ მხარეებმა ხელშეკრულებისა და შეთანხმებების ფარგლებში განსაზღვრეს როგორც ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ასევე - სამუშაოების შესრულების ვადა, ხოლო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება დაუკავშირეს ხელშეკრულების 3.1 პუნქტით განსაზღვრულ სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილებას (ხელშეკრულების 9.1 პუნქტი).
5.24. 2023 წლის 28 მარტს მხარეებს შორის გაფორმებული N MIA 1 23 00871780 მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების (ფორმა N2) ღირებულებამ, A-ტიპის ინსპექტირების ორგანოს შ.პ.ს. „რს“ 2023 წლის 22 მარტის ინსპექტირების ანგარიშის N R-E.TP.G04.FA.326.23 გათვალისწინებით შეადგინა 4 15 137 232.90 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდებოდა, რომ ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა - 0.15% უნდა დაანგარიშებულიყო ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან - 4 137 232.90 ლარიდან, რაც ვადაგადაცილებული 137 დღის გათვალისწინებით, 850 201.36 ლარი (4 137 232.9*0,15%*137) იყო.
5.25. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით, აპელანტი გარდა მოთხოვნის უსაფუძვლობისა, მიუთითებდა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობაზეც. კერძოდ, აპელანტის მტკიცებით, სასამართლოს პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა დაეანგარიშებინა არა მთლიანად ხელშეკრულების ღირებულების გათვალისწინებით, არამედ - შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობის შესაბამისად. ასევე, აპელანტის მოსაზრებით, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით, არაგონივრულია და არ შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.
5.26. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე, ასევე, 420-ე მუხლებზე მიუთითა და აღინიშნა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობის შეფასებისას, პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილეები არიან ერთი მხრივ სამინისტრო (მოსარჩელე), ხოლო მეორე მხრივ - მეწარმე სუბიექტი (მოპასუხე), რომლებმაც სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის შესაბამისად შეათანხმეს პირგასამტეხლოს ოდენობა. მოპასუხემ, როგორც მეწარმე სუბიექტმა, დაარღვია თავისუფალი და გაცნობიერებული ნების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულება, რისთვისაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს გამოყენებას, რაც პალატის მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაზე გამორიცხავდა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოსათვის მინიჭებული დისკრეციის ამოქმედების საფუძველსა და მხარეთა შეთანხმებული პირობების დარეგულირების მართებულობას. გარდა აღნიშნულისა, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მოპასუხე მხარის შესაძლებლობიდან, დარღვევის ხასიათიდან და ხელშეკრულებების ფასიდან გამომდინარე, ვერ მიიჩნეოდა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, რაც ასევე გამორიცხავდა დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირებას. ამრიგად, პალატამ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობის პირგასამტეხლო.
5.27. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობის დაანგარიშების შესახებ შედავებას, პალატამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო შესყიდვის კონკრეტული ხელშეკრულება ითვალისწინებდა შენობა-ნაგებობის აშენებასა და გადაცემას, შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობის გამოანგარიშება ფაქტობრივად შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო. ვინაიდან შესასრულებელი იყო ერთიანი ვალდებულება, შემკვეთის მხრიდან შესრულების ნაწილობრივ მიღება ვერ მოხდებოდა.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მტკიცებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ მიმწოდებელს არ დაურღვევია ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ვადა. შესასრულებელი სამუშაოს ვადების გაგრძელება, ასევე, მიმწოდებლის მიერ სამუშაოების შესრულების შეჩერება ხდებოდა უშუალოდ შემსყიდველის და არა მიმწოდებლის ინიციატივით, შემსყიდველის მხრიდან თანხის გადაუხდელობის, ობიექტის დაუცლელობის, სამუშაო პროცესში დამატებითი სამუშაოების შესრულების აუცილებლობისა და სხვა საფუძვლებით. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ შემსყიდველმა უკან დააბრუნა საბანკო გარანტია, სწორედ მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების საფუძვლით, შესაბამისად, დაუსაბუთებელია სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნა. გასათვალისწინებელია, რომ 12.12.2022წ. მდგომარეობით (შემსყიდველის მიზეზითა და მოთხოვნით ხელშეკრულების ვადის გაგრძელებამდე) ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლის მხრიდან შესრულებული სამუშაოს ღირებულება და მიმწოდებლისათვის შემსყიდველის მხრიდან ფაქტობრივად გადახდილი თანხა შეადგენდა 3 309 683.47 ლარს, მიუხედავად ამისა, პირგასამტეხლო გამოანგარიშებულია ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, რაც უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, დაუშვებელია. გარდა აღნიშნულისა, კასატორს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო - 0.15%, შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.
12. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერება, ასევე, განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობა.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ:ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. ს.უ.ს.გ. Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
14. პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის, ამავდროულად, უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (ს.უ.ს.გ. Nას-1928-2018, 31.10.2019წ.). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (ს.უ.ს.გ. Nას-1511-2018, 26.03.2019წ.; Nას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
15. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის 2021 წლის 15 დეკემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოპასუხეს ქ. თბილისში ქიზიყის ქუჩის N5-ში მდებარე შენობების სადემონტაჟო და ახალი სასაწყობე შენობის სამშენებლო სამუშაოები უნდა შეესრულებინა. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 კალენდარული დღის ვადის დაცვით დაესრულებინა სამუშაოები. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%. დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული დამატებითი შეთანხმებებით სამუშაოების შესრულების ვადა 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2023 წლის 01 მარტის ჩათვლით, გაგრძელდა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები დაასრულა 2023 წლის 17 მარტს, 137 დღის დაგვიანებით.
16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ დაურღვევია, ვინაიდან შესასრულებელი სამუშაოების ვადების გაგრძელება განპირობებული იყო თავად შემსყიდველის მიზეზითა და მოთხოვნით. სახელდობრ:
16.1. საკასაციო პალატის მოსაზრებით, პირველ რიგში, შესაფასებელია, ხელშეკრულების მოქმედებისა და სამუშაოების შესრულების ვადებს შორის ურთიერთმიმართება და მათი სამართლებრივი შინაარსის გამიჯვნა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მხარეებმა ხელშეკრულებით მკაფიოდ განასხვავეს მისი მოქმედებისა და სამუშაოების შესრულების ვადა, კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N888 ხელშეკრულების 2.5 პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების, ხოლო 3.1 პუნქტით - სამუშაოების შესრულების ვადა, რაც შემდგომი დამატებითი შეთანხმებებითაც (N3, N4, N5, N6) განმტკიცდა. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული შეთანხმებებით ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2023 წლის 1-ელ მარტის ჩათვლით, სამუშაოების შესრულების საბოლოო ვადა განისაზღვრა 2022 წლის 31 ოქტომბრით. ამრიგად, მოქმედებისა და შესრულების ვადების შინაარსობრივი გამიჯვნა ცხადყოფს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების 2023 წლის 17 მარტს დასრულება, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად შეფასდა ვალდებულების ვადის დარღვევით (137 დღის დაგვიანებით) შესრულებად.
16.2. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლზე, რომლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. 401-ე მუხლის თანახმად კი, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. მხოლოდ ის გარემოება, რომ მხარემ ვალდებულება დაგვიანებით შეასრულა, არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ეს გარემოება სამართლებრივი თვალსაზრისით მივიჩნიოთ სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლში მითითებულ გარემოებად. მე-400 მუხლი მართლაც უთითებს, რომ ვალდებულების ვადის გადაცილებად ითვლება შესრულება, თუ შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ სრულდება. მაგრამ ამავე კოდექსის 401-ე მუხლი უთითებს, რომ თუ ვალდებულების შეუსრულებლობა მოხდება მოვალის ბრალის გამომრიცხავი გარემოების გამო ვადა გადაცილებულად არ ითვლება. ამ ორი ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ფიზიკურად ვადის გადაცილებასა და სამართლებრივი თვალსაზრისით ვადაგადაცილებას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა და იგი დამოკიდებულია იმ გარემოებაზე, თუ რამ განაპირობა ასეთი შედეგი (ს.უ.ს.გ. Nას-954-1260-07, 23.01.2008 წ).
საკასაციო პალატის განმარტებით, დასახელებული მუხლის ნორმატიული შინაარსი განსაზღვრავს, რომ მოვალეს შეუძლია ვადის გადაცილებისათვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არადროული შესრულება განპირობებულია ბრალის გამომრიცხველი გარემოებებით, რომელთა არსებობა უნდა დაამტკიცოს თავად მოვალემ. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმგვარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სამუშაოები დაგვიანებით დასრულდა ისეთ ობიექტურ გარემოებათა გამო, რომლებიც მისი ბრალით არ იყო გამოწვეული.
17. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა პირგასამტეხლო არასწორად გამოიანგარიშეს, კერძოდ:
17.1. საკასაციო პალატამ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არაერთხელ განმარტა, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ - მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ. ს.უ.ს.გ. №ას-164-160-2016, 28.07.2016წ., ას-971-2019, 28.10.2019წ.). ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას. დაუშვებელია, პირგასამტეხლო მხარეს ეკისრებოდეს იმ ვალდებულების პროპორციული ღირებულებიდანაც, რომელიც მას არ დაურღვევია (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016).
17.2. აქვე უნდა განიმარტოს, რომ პირგასამტეხლოს დაანგარიშება მთლიანი შესრულების ღირებულებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთიანი შესრულების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი იკვეთება, როდესაც ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობა საფუძველს აცლის ძირითად შესრულებას, ე.ი, როდესაც, ვალდებულების ნაწილობრივი შეუსრულებლობა, თავისი არსით, მთლიანი ვალდებულების შეუსრულებლობას უთანაბრდება.
17.3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები წარმოადგენდა ერთიან, კომპლექსურ ვალდებულებას, რომელიც ითვალისწინებდა არა ცალკეული სამუშაოების ეტაპობრივ შესრულებასა და მიღებას, არამედ - შენობა-ნაგებობის აშენებასა და დასრულებულ მდგომარეობაში ჩაბარებას. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობის დარიცხვა მხოლოდ შეუსრულებელი ნაწილის ღირებულებიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლებრივად უსაფუძვლოა, ვინაიდან ხელშეკრულების ობიექტი იყო დასრულებული სამშენებლო სამუშაოს - ახალი სასაწყობე შენობის სრულად ჩაბარება.
17.4. 2023 წლის 28 მარტს მხარეებს შორის გაფორმებული N MIA 1 23 00871780 მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების (ფორმა N2) ღირებულებამ, A-ტიპის ინსპექტირების ორგანოს შ.პ.ს. „რ“-ის 2023 წლის 22 მარტის ინსპექტირების ანგარიშის N R-E.TP.G04.FA.326.23 გათვალისწინებით შეადგინა 4137232.90 ლარი. შესაბამისად, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა 0.15% ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაიანგარიშეს მითითებული თანხიდან და ვადაგადაცილებული 137 დღის გათვალისწინებით, სწორად დააკისრეს მიმწოდებელს 850 201.36 ლარის (4 137 232.9*0,15%*137) შემსყიდველისათვის ანაზღაურება.
18. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს - 0.15%-ის არაგონივრულობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (ს.უ.ს.გ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; ს.უ.ს.გ. №ას-535-2021, 29.10.2021წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (ს.უ.ს.გ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.; №ას-535-2021, 29.10.2021წ).
18.1. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკას, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარე მეწარმე სუბიექტის პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას, შესაძლოა ვერ აცნობიერებდეს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. „განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება.“ (შდრ: ს.უ.ს.გ.-ები: №ას-189-2022, 16 სექტემბერი, 2022წ.; №ას-310-2022, 16 დეკემბერი, 2022წ; №ას-889-2022, 23 მარტი, 2023წ.; №ას-65-2024, 15 აპრილი, 2024წ.; №1519-2023, 21 ივნისი, 2024წ.; №485-2024, 28 ივნისი, 2024წ.).
18.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ, როგორც მეწარმე სუბიექტმა, დაარღვია თავისუფალი და გაცნობიერებული ნების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულება, რისთვისაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრებას, რაც პალატის მოსაზრებით, არსებულ შემთხვევაზე გამორიცხავს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოსათვის მინიჭებული დისკრეციის ამოქმედების საფუძველსა და მხარეთა შეთანხმებული პირობების მოწესრიგების მართებულებას. გარდა აღნიშნულისა, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მოპასუხე მხარის შესაძლებლობიდან, დარღვევის ხასიათიდან და ხელშეკრულებების ფასიდან გამომდინარე, ვერ მიიჩნევა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, რაც ამ თვალსაზრისითაც გამორიცხავს დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირებას.
18.3. როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით უნდა ეწარმოებინა. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ნაკისრი ვალდებულება 137 დღის დაგვიანებით შეასრულა. შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულებით შეთანხმებული 0.15%-ის გათვალისწინებით გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა 850 201.36 ლარია (4 137 232.9*0,15%*137), რაც სრულად უზრუნველყოფს დარღვეული ვალდებულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი სანქციის ფუნქციის შესრულებას, ამასთან, არ გამოიწვევს მოსარჩელის უსაფუძვლოდ გამდიდრებას.
19. საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის პოზიცია, რომ შემსყიდველის მიერ საბანკო გარანტიის დაბრუნება, ადასტურებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებას.
19.1. პირველ რიგში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც გადაიხდება როგორც კომპენსაცია ძირითადი კონტრაქტის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას. შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთ-ერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას ემსახურება, რაც შეიძლება კონტრაქტის არასათანადო შესრულებით წარმოიშვას, ასევე, ფარავს იმ რისკს, რაც მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან არის დაკავშირებული. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას წარმოადგენს (შდრ. ს.უ.ს.გ. №ას-968-2021 17 დეკემბერი 2021წ.).
19.2. საბანკო გარანტია წარმოადგენს დამატებით ფინანსურ უზრუნველყოფას, რომლის მიზანიც არის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა, მისი დაბრუნება კი, თავისთავად არ განაპირობებს ძირითადი ვალდებულების შეწყვეტას და არ ნიშნავს მისი სრულად შესრულების დადასტურებას.
19.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.
ამრიგად, საბანკო გარანტია დამოუკიდებელი სამართლებრივი ინსტრუმენტია, რომლის მოქმედება არ არის მიბმული ძირითადი ვალდებულების შესრულების ხარისხზე ან დროზე.
19.4. საკასაციო პალატის განსჯით, გარანტიის დაბრუნება მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ბენეფიციარმა აღარ მიიჩნია აუცილებლად უზრუნველყოფის შენარჩუნება, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ ძირითადი ვალდებულება შესრულდა დაგვიანებით და, შესაბამისად, წარმოიშვა პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, საბანკო გარანტიის დაბრუნება, ვერ შეცვლის ვადაგადაცილების სამართლებრივ შედეგს და ვერ გამორიცხავს პირგასამტეხლოს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დაკისრების შესაძლებლობას.
20. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კრედიტორისა და მოვალის მტკიცების ფარგლების, არაჯეროვანი შესრულებისა და ამით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, სასამართლომ პირგასამტეხლო განსაზღვრა გონივრული და სამართლიანი ოდენობით და აღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულად დააკისრა მოპასუხეს ფაქტობრივად ჩატარებული სამუშაოების ღირებულებიდან - 4137232.90 ლარიდან გამომდინარე დაანგარიშებული პირგასამტეხლო - 850 201.36 ლარი.
21. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „N. G.”-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შ.პ.ს. „N. G.”-ს (ს/ნ ..........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 8000 ლარის (საგადახდო დავალება № 26394742951, გადახდის თარიღი: 17.03.2025წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი