26 თებერვალი 2025 წელი
№ას-1056-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შ.პ.ს. „ჩ.წ–ბი"
მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს. „მ–ა"
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიწოდებული საქონლის ღირებულების გადაუხდელი ნაწილის ანაზღაურება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს.ს. „მ“-მ სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე შ.პ.ს. „ჩ.წ"-ს მიმართ შემდეგი მოთხოვნებით:
1.1. შ.პ.ს. „ჩ.წ“-ს ს.ს. „მ“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 22 308.13 ლარის გადახდა.
1.2. შპს „ჩ.წ“-ს ს.ს. „მ“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის შეტანამდე დარიცხული მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება 1459.12 ლარის ოდენობით.
1.3. შ.პ.ს. „ჩ.წ“-ს ს.ს. „მ“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 22 308.13 ლარის წლიური 3% სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა. შ.პ.ს. ,,ჩ.წ’’-ს მოსარჩელე ს.ს. ,,მ“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 22 308.13 ლარის გადახდა; შ.პ.ს. ,,ჩ.წ’’-ს მოსარჩელე ს.ს. ,,მ“-ს სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელის შეტანამდე დარიცხული მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება 1459.12 ლარის ოდენობით; შ.პ.ს. ,,ჩ.წ’’-ს (ს/კ ......) მოსარჩელე ს.ს. ,,მ“-ს (ს/კ ......) სასარგებლოდ დაეკისრა 22 308.13 ლარის წლიური 3% სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტა შემდეგი:
5.1. პირველი ინსტანციის მიერ საქმეზე დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებებია:
5.1.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2015-2018 წლებში არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მოპასუხეს აწვდიდა საქონელს, კერძოდ მინის ბოთლებს, მიწოდება ხორციელდებოდა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების და ზედნადებების საფუძველზე. საქონლის მიწოდების ადგილს წარმოადგენდა მცხეთა, სოფელი ქსანი, ტრანსპორტირებას ახორციელებდა მყიდველი, გამყიდველს ტრანსპორტირების ხარჯი არ ეკისრებოდა. სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, 2015-2018 წლებში მოსარჩელემ მოპასუხეს ჯამურად მიაწოდა 398 992.71 ლარის საქონელი, ყველა მიწოდებაზე გამოწერილი არის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც დადასტურებული აქვს მოპასუხე მხარეს. მოპასუხის მხრიდან დაფარულია დავალიანება 376 684,57 ლარი. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 22 308.13 ლარს. მტკიცებულებები: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ს.ფ. 18-30); სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 31-43).
5.1.2. მოსარჩელეს 2013 წელს გახსნილი აქვს მოთხოვნამდე ანაბარი ს.ს. „თ.ბ“-ში, ხოლო 2017 წელს დამატებით ასევე ს.ს. „ი“-ში, ორივე ხელშეკრულებაში წლიური პროცენტია 3%, რაც ნიშნავს, რომ თვეში საპროცენტო სარგებელი შეადგენს 0,25%- ს, მოცემულ ანაბარზე თანხის ბრუნვა შეუზღუდავია და ამის გამო ვაჭრობიდან მიღებული თანხების განთავსება დაუბრკოლებლად ხორციელდება. 2017 წლის 15 აგვისტოს მიწოდებაზე 2018 წლის 11 იანვრამდე მოხდებოდა 149 დღის სარგებლის დარიცხვა, 32 308.13 ლარზე მიცემული სარგებელი შეადგენდა 395.66 ლარს. 2017 წლის 15 აგვისტოს მიწოდებაზე 2018 წლის 11 იანვრიდან სარჩელის შეტანის დღემდე მოხდებოდა 580 დღის სარგებლის დარიცხვა, რაც 22,308,14 ლარზე შეადგენს 1063.46 ლარს, შესაბამისად მიუღებელი შემოსავალი სარჩელის შეტანამდე ჯამში შეადგენს 1459.12 ლარს. მტკიცებულებები: ანაბრის ხელშეკრულებები; მხარეთა ახსნა-განმარტება.
5.2. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327.1, 477-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება თავისი ბუნებით ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულების მხარეებმა რეალურად უნდა შეასრულონ ერთმანეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, ხოლო იმ მხარეს, რომელსაც საპასუხო შესრულება არ მიუღია, უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს. რაც შეეხება ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების მოთხოვნისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებას, პალატამ მიუთითა, რომ ხელშეკრულების დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას ან აძლევს შესრულების დაყოვნების (შესრულების გადადების) უფლებას. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ იყო, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელემ მოპასუხეს 398992.71 ლარის ღირებულების პროდუქცია მიაწოდა. მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან მოპასუხეს გადახდილი აქვს 376684.57 ლარი, ხოლო დარჩელი აქვს 22 308.13 ლარი, რომლის გადახდაზეც ის უარს აცხადებს მიწოდებული პროდუქციის ნაკლზე მითითებით.
5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1 და 102.1-102.2. მუხლებზე მითითებით, პალატამ განმარტა, რომ სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე და თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, პალატამ მიუთითა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც აპელანტი არ უარყოფდა საქონლის მიწოდების ფაქტს, თუმცა მიიჩნევდა, რომ საქონლის ნაკლის გამო, გადასახდელი არ ჰქონდა მიწოდებული საქონლის ღირებულება, სააპელაციო პალატის შესაფასებელ გარემოებას წარმოადგენდა ჰქონდა თუ არა მიწოდებული საქონლის ნაკლის გამო მოპასუხეს მისი ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის უფლება.
5.4. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 487-ე, 488.1, 488.2, 490-ე მუხლებზე, ნასყიდობის ხელშეკრულებასთან მიმართებით მყიდველის მეორადი მოთხოვნის ულებებზე და განმარტა, რომ ნივთის ნაკლის გამოსწორებისა და ნაკლიანი ნივთის შეცვლის მოთხოვნა უპირატესად გამოსაყენებელი მეორადი მოთხოვნებია, რომლებიც გამორიცხავს მყიდველის სხვა მეორად მოთხოვნებს. აღნიშნული მიდგომა კი ხელშეკრულების შესრულების ინტერესით არის განპირობებული. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ რაიმე სახის პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულება, გარდა მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებისა, რითაც უტყუარად დადასტურდებოდა მოპასუხის მიერ შედავებული გარემოების არსებობა, აპელანტს/მოპასუხეს არ წარმოუდგენია. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება კი, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლებოდა სადავო სამართალურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დადასტურდებოდა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას და მიიჩნია, რომ შ.პ.ს. „ჩ.წ–ბმა" სასამართლოს ვერ შესთავაზა რაიმე სახის ხელშესახები მტკიცებულება, რაც მყიდველის მხრიდან მიღებული საქონლის ან მისი ნაწილის რაიმე სახის ნაკლს ან/და ამ ნაკლთან დაკავშირებით მისი მხრიდან პრეტენზიის გამოთქმის ფაქტს დაადასტურებდა და ნასყიდობის ღირებულების სრულად ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა.
5.5. პალატამ ასევე გაიზიარა, მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებული, პირველი ინსტანციის მსჯელობა, რომელიც ემყარებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმად, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებულ ზიანთან მიმართებით მტიკიცების ტვირთი განსხვავებულად წესრიგდება, რაც ფულის განსაკუთრებული თვისებით კერძოდ, სყიდვითუნარიანობით არის გამოწვეული და, ყველა შემთხვევაში, ფულს სარგებლის მოტანის უნარს ანიჭებს. ამასთან, პრაქტიკითვეა დადგენილი, რომ თუკი დავა ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების არადროული შესრულების გამო გასესხებული თანხის მოცდენით (სარგებლის მიუღებლობა) კრედიტორის მიერ განცდილ ზიანს არ შეეხება, მოსარჩელის მტკიცების ტვირთში შედის სარჩელით მოთხოვნილი მიუღებელი შემოსავლის მიღების ფაქტის დადასტურება. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტა, თუ რა ითვლება მიუღებელ შემოსავლად და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის მქონე მოსარჩელემ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება - თანხის დეპოზიტზე განთავსების მტკიცებულებების წარმოდგენით დაედასტურებინა შემოსავლის დაკარგვის რეალურობა. ამასთან, მოსარჩელის საქმიანობის სპეციფიკა, რომელიც მეწარმე სუბიექტი იყო სარჩელით მოთხოვნილი მიუღებელი შემოსავლის მიღების საფუძვლიან ვარაუდს ქმნიდა. შესაბამისად, არ იყო გასაზიარებელი აპელანტის პრეტენზია, მიუღებელი შემოსავლის ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობის თაობაზე.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.1. კასატორის განმარტებით, მოსარჩელის მიერ მიწოდებული საქონელი არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებულ ხარისხს, შესაბამისად მოპასუხე არ იყო ვალდებული აენაზღაურებინა ნაკლიანი ნივთის ღირებულება. რაც შეეხება მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, მოსარჩელის არგუმენტი, რომ საკრედიტო დაწესებულებაში ანაბარზე განთავსების შემთხვევაში მიიღებდა შემოსავალს წლიურ 3%-ს, ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკმარისი საფუძველი არ არის. კასატორი ერთი მხრივ უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით და მეორე მხრივ განმარტავს, რომ მოსარჩელის ინტერესს არ წარმოადგენდა ფულის ბანკში ანაბარზე განთავსება და ამ გზით სარგებლის მიღება, არამედ - თანხის ყოველდღიურ საქმიანობაში ბრუნვა. შესაბამისად არ დასტურდება წინასწარი სავარაუდო ზიანის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლის არსებობა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
10. მოსარჩელის მოთხოვნის, კერძოდ მიწოდებული პროდუქციის საფასურის სრულად გადახდისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი; მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება; თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დაღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) და 412-ე (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) მუხლები.
11. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ურთიერთობა, რომელიც მოსარჩელის მიერ მინის ბოთლების მიწოდებასა და მოპასუხის მხრიდან სანაცვლო ანაზღაურებას გულისხმობდა, ნასყიდობის სამართლებრივ ურთიერთობას ეფუძნებოდა. დადგენილია, რომ მოსარჩელემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მიაწოდა მოპასუხეს მინის ბოთლები ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რაც შეეხება მოპასუხეს, მან გადაიხადა მხოლოდ მიღებული პროდუქციის ღირებულების ნაწილი, საქმის მასალების მიხედვით, მას გადასახდელი დარჩა 22 308.13 ლარი, რომლის გადაუხდელობა ნასყიდობის საგნის ნივთობრივ ნაკლს დაუკავშირა. ასეთ პირობებში, ნივთის ნაკლის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა სწორედ მყიდველს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი), რომელმაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის (ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე) წინაპირობების არსებობა ვერ დაადასტურა.
12. პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხეს მოცემული სამართალწარმოების ფარგლებში სასამართლოსათვის არ წარუდგენია პირდაპირი და სარწმუნო მტკიცებულებები, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა გამყიდველის მხრიდან ნაკლიანი ნივთის გადაცემაზე. მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება კი, როგორც სააპელაციო პალატამ განმარტა, არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას, ვინაიდან, ერთ-ერთი მხარის განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება სადავო სამართალურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო სამართალში დადგენილი მტკიცების სტანდარტით ჯეროვნად უზრუნველყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების - გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი - შესრულების დადასტურება, მოპასუხემ კი საწინააღმდეგოს დამტკიცება ვერ შეძლო.
13. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ნაკლიანი შესრულების მიღებისას კანონით განსაზღვრული მოქმედებების განხორციელების (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490-ე-494-ე მუხლები) ნაცვლად, კასატორმა მხოლოდ მაშინ მიიღო ზომები ნაკლის მქონე ნივთის მახასიათებლების კონტრაჰენტისათვის შეტყობინებაზე, როდესაც თანხის დაკისრების შესახებ გამყიდველმა სარჩელი აღძრა, რაც ქმნის გამყიდველის მხრიდან ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პრეზუმფციას. პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება დარჩენილი გადასახდელი თანხის ნაკლის გამოსწორების ანგარიშში ჩათვლის თაობაზე მხარეთა შორის რაიმე შეთანხმებაც, ასეთ ვითარებაში, შემძენი ვალდებული იყო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გადაეხადა ნასყიდობის საგნის დარჩენილი ღირებულება - 22 308.13 ლარი, რაც მან არ შეასრულა.
14. ვინაიდან მყიდველმა გადააცილა ფულადი ვალდებულების შესრულების ვადას, გამყიდველს უფლება ჰქონდა ვალდებულების შესრულებასთან ერთად მოეთხოვა ვადაგადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაც, რადგანაც მან ვერ მიიღო ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ჩვეულებრივ პირობებში ფულის გამოყენებით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 404-ე და 411-412-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი (ზოიძე ბ., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 411, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2001, გვერდი 462). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ-ები: №ას-945-895-2015, 14.03.2016წ; №ას-307-291-2011, 24.10.2011წ; №ას-899-845-2012, 22.11.2012წ; №ას-154-2021, 01.04.2022წ.).
ამდენად მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში. ესაა ანაცდენი მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული.
15. შესაბამისად, გასაზიარებელია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ მოსარჩელემ სათანადოდ უზრუნველყო მისი მტკიცების ტვირთის რეალიზება - თანხის დეპოზიტზე განთავსების მტკიცებულებების წარმოდგენით დაედასტურებინა შემოსავლის დაკარგვის რეალურობა. მიწოდებული პროდუქციის ღირებულების დროულად გადახდის შემთხვევაში, ის თანხას დეპოზიტზე განათავსებდა და მიიღებდა საბანკო საპროცენტო განაკვეთს წლიურ 3%-ს, რის შედეგადაც, დავალიანების თანხის გათვალისწინებით (22 308.13 ლარი) სარჩელის შეტანამდე მიიღებდა 1459.12 ლარს, ხოლო სარჩელის შეტანის შემდეგ გადაწყვეტილების აღსრულებამდე დავალიანების 3%-ს, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც უნდა დაკისრებოდა მყიდველს. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: „სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი არეგულირებს ვალდებულების დარღვევით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების წესს და მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს, და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას ვადიანი ხელშეკრულებების შესრულების ვადის დარღვევით გამოწვეული ზიანის ნაწილში და მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ ფულის თვისობრივი ფუნქციიდან გამომდინარე, მართებულად დაუკავშირა ამგვარი ზიანი საბანკო სფეროში ანაბარზე თანხის განთავსების შემთხვევაში მისაღებ სარგებელს“ (იხ. სუსგ #ას-725-693-2014, 03 ივლისი 2015 წელი).
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
17. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 902.13 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „ჩ.წ–ბი"-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შ.პ.ს. „ჩ.წ–ბს" (ს/კ .........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1288.75 ლარის (საგადასახადო დავალება № 6082, გადახდის თარიღი: 16.09.2024წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თ.ბ“) 70% – 902.13 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი