Facebook Twitter

13 დეკემბერი 2024 წელი საქმე №ას-1224-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შ.პ.ს. „ტ.კ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე - მ.მ–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - საკრედიტო დავალიანების გადახდევინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ს.ს. „თ.ბ–მა“ სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე - მ.მ–ის მიმართ, შემდეგი მოთხოვნებით:

1.1. მოპასუხე მ.მ–ს მოსარჩელე შ.პ.ს. ,,ტ.კ–ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 10 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის - 1102.71 ლარის, პროცენტის - 509.32 ლარის, პირგასამტეხლოს - 394.07 ლარის და დაზღვევის - 2.62 ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხე მ.მ–ს მოსარჩელე შ.პ.ს. ,,ტ.კ–ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 10 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 1102.71 ლარზე, 2019 წლის 10 ოქტომბრიდან - ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 33.08 ლარს.

1.3. მოპასუხე მ.მ–ს მოსარჩელე შ.პ.ს. ,,ტ.კ–ის“ სასარგებლოდ 2018 წლის 14 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის - 1200 ლარის, ყოველთვიური საკომისიოს (სარგებლის) - 757.03 ლარის და პირგასამტეხლოს - 400 ლარის გადახდა.

1.4. მოპასუხე მ.მ–ს მოსარჩელე შ.პ.ს. ,,ტ.კ–ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 04 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის - 631.54 ლარის, პროცენტის - 181.69 ლარის და პირგასამტეხლოს - 210 ლარის გადახდა.

1.5. მოპასუხე მ.მ–ს მოსარჩელე შ.პ.ს. ,,ტ.კ–ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 04 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 631.54 ლარზე, 2019 წლის 10 ოქტომბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 48% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 25.26 ლარს.

1.6. მოპასუხე მ.მ–ს მოსარჩელე შ.პ.ს. ,,ტ.კ–ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 31 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის - 603.77 ლარის, პროცენტის - 331.83 ლარის და პირგასამტეხლოს - 200 ლარის გადახდა.

1.7. მოპასუხე მ.მ–ს მოსარჩელე შ.პ.ს. ,,ტ.კ–ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 31 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 603.77 ლარზე, 2019 წლის 10 ოქტომბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 48% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 24.15 ლარს.

(მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში შეამცირა 24.02.2023 წლის სხდომაზე (იხ. სხდომის ოქმი).

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ - ძირითადი თანხის ნაწილში ცნო, ხოლო დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში სარჩელს არ დაეთანხმა.

3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. ,,ტ.კ–ის“ (ს.ს. “თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე) სარჩელი, მოპასუხე მ.მ–ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მ.მ–ს 2017 წლის 10 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შ.პ.ს. ,,ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1714,65 ლარის გადახდა, საიდანაც 1102,71 ლარი ძირითადი თანხაა, 509,32 ლარი - პროცენტი, 2,62 ლარი - დაზღვევა, ხოლო 100 ლარი - პირგასამტეხლო; მ.მ–ს 2018 წლის 14 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შ.პ.ს. ,,ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2057,03 ლარის გადახდა, საიდანაც 1200 ლარი ძირითადი თანხაა, 757,03 ლარი - პროცენტი, ხოლო 100 ლარი - პირგასამტეხლო; მ.მ–ს 2017 წლის 04 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შ.პ.ს. ,,ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 863,23 ლარის გადახდა, საიდანაც 631,54 ლარი ძირითადი თანხაა, 181,69 ლარი - პროცენტი, ხოლო 50 ლარი - პირგასამტეხლო; მ.მ–ს 2017 წლის 31 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შ.პ.ს. ,,ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 985,6 ლარის გადახდა, საიდანაც 603,77 ლარი ძირითადი თანხაა, 331,83 ლარი - პროცენტი, ხოლო 50 ლარი - პირგასამტეხლო; მოსარჩელეს უარი ეთქვა 2017 წლის 10 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან, 2017 წლის 04 აგვისტოს და 2017 წლის 31 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისთვის დაკისრებაზე; ძალაში დარჩა ამ საქმეზე გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგი ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლებით:

5.1. ს.ს. „თ.ბ–სა“ და მ.მ–ს შორის, 2017 წლის 10 მაისს, ინტერნეტ ბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის #3593381-8926260 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოპასუხეზე გაიცა კრედიტი - 2000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა - 36%-ით, კრედიტის ვადა - 2019 წლის 19 მაისამდე. კრედიტი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 19 რიცხვში. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ. მ.მ–მა, 2017 წლის 10 მაისს, აითვისა საკრედიტო ლიმიტი 2000 ლარის ოდენობით, შემდგომ უკვე ყოველთვიურად სესხის თანხას ნაწილობრივ აბრუნებდა. (მტკიცებულება: ტომი I, ს.ფ. 24; 25-42; სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება).

5.2. საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, მსესხებელსა და ბანკს შორის წარმოშობილი ურთიერთობები წესრიგდება ს.ს. ,,თ.ბ–ის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ხელშეკრულებით ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ, რომლის 16.8 პუნქტი პირდაპირ უთითებს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე მსესხებლის მიერ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში. პირგასამტეხლოს ოდენობა კი განისაზღვრება ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად, რომელიც ასევე განთავსებულია ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და რომელთაც აქვთ მტკიცებულებითი ძალა იმავე ხელშეკრულების 8.11.2 პუნქტის შესაბამისად. მოცემულ საკრედიტო ბარათზე დადგენილი ტარიფების მიხედვით, ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს 20 ლარს და 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. (მტკიცებულება: ტომი I, ს.ფ. 24-41; მხარეთა ახსნა-განმარტება).

5.3. 2017 წლის 10 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება მოპასუხემ დაარღვია და 2018 წლის 19 ივნისის შემდეგ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ ასრულებს ვალდებულებას. (მტკიცებულება: ტომი I, ს.ფ. 48; სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება).

5.4. მ.მ–ს 2017 წლის 10 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2019 წლის 09 ოქტომბრის მდგომარეობით, ერიცხება დავალიანება - 2008.72 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1102.71 ლარი, პროცენტი - 509.32 ლარი, პირგასამტეხლო - 394.07 ლარი და დაზღვევა - 2.62 ლარი. (მტკიცებულება: ტომი I, ს.ფ. 68).

5.5. ს.ს. „თ.ბ–სა“ და მ.მ–ს შორის 2018 წლის 14 მარტს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოპასუხეზე გაიცა კრედიტი - 1200 ლარის ოდენობით. ყოველთვიური შენატანი (მომსახურების ყოველთვიური საკომისიო) განისაზღვრა - 60 ლარით, სულ უნდა განხორციელებულიყო 12 შეტანა, ჯამში, მსესხებელს უნდა დაებრუნებინა 1920 ლარი. კრედიტის ვადად განისაზღვრა - 365 დღე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის არსებული ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა წესრიგდება ს.ს. ,,თ.ბ–ის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbcbank.ge განთავსებული ,,ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ“ ხელშეკრულებით. (მტკიცებულება: ტომი I, ს.ფ. 25-41; 45-47).

5.6. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია. მოპასუხემ სულ მცირე 2-ჯერ გადააცილა გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ ვადას და 2018 წლის 14 ივნისის შემდეგ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ ასრულებს ვალდებულებას. (მტკიცებულება: ტომი I, ს.ფ. 45-47; 48; სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება)

5.7. მ.მ–ს 2018 წლის 14 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2019 წლის 09 ოქტომბრის მდგომარეობით, ერიცხება დავალიანება 3949.85 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1200 ლარი, ყოველთვიური საკომისიო (სარგებელი) - 757.03 ლარი და პირგასამტეხლო - 1992.82 ლარი, რომელიც მოსარჩელემ შეამცირა პირგასამტეხლოს ნაწილში - 400 ლარამდე და დავალიანებამ ჯამში 2357,03 ლარი შეადგინა. (მტკიცებულება: ტომი I, ს.ფ. 68).

5.8. ს.ს. „თ.ბ–სა“ და მ.მ–ს შორის, 2017 წლის 04 აგვისტოს, დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი ერთგული 1000-ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 48%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. კრედიტი პერიოდულად უნდა დაფარულიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს, დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 1-ლი რიცხვი. მხარეებმა ხელშეკრულებით ასევე გაითვალისწინეს ფიქსირებული პირგასამტეხლო - 20 ლარი, გრაფიკის ყოველი დარღვევისას და აღნიშნულს დამატებული პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა წესრიგდება ს.ს. ,,თ.ბ–ის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbcbank.ge განთავსებული ,,ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ“ ხელშეკრულებით. (მტკიცებულება: ტომი I, ს.ფ. 25-41; 49-54).

5.9. 2017 წლის 04 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დარღვეულია და 2018 წლის 30 მაისის შემდეგ მოპასუხე, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, აღარ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას, ასევე მან, სულ ცოტა, ზედიზედ ორჯერ გადააცილა გადახდის ვადას. (მტკიცებულება: ტომი I, ს.ფ. 55-57; სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება).

5.10. მ.მ–ს 2017 წლის 04 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2019 წლის 09 ოქტომბრის მდგომარეობით, ერიცხება დავალიანება - 1259.32 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 631.54 ლარი, პროცენტი - 181.69 ლარი და ჯარიმა - 446.09 ლარი, რომელიც მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე, პირგასამტეხლოს ნაწილში, 210 ლარამდე შეამცირა, შესაბამისად, დავალიანებამ ჯამში 1023,23 ლარი შეადგინა. (მტკიცებულება: ტომი I, ს.ფ. 68).

5.11. ს.ს. „თ.ბ–სა“ და მ.მ–ს შორის, 2017 წლის 31 ოქტომბერს, დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი ერთგული 1000-ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 48%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 48%-ით კრედიტის ს.ს. „თ.ბ–ის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. კრედიტი პერიოდულად უნდა დაფარულიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს, დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 27 რიცხვი. მხარეებმა ხელშეკრულებით ასევე გაითვალისწინეს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის, გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 1 ლარი და დავალიანების 1.5%. (მტკიცებულება: ტომი I, ს.ფ. 58-63).

5.12. 2017 წლის 31 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დარღვეულია და 2019 წლის 06 თებერვლის შემდეგ მოპასუხე, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, აღარ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას, ასევე მან, სულ ცოტა, ზედიზედ ორჯერ გადააცილა გადახდის ვადას. (მტკიცებულება: ტომი I, ს.ფ. 64; სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება).

5.13. მ.მ–ს 2017 წლის 31 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2019 წლის 09 ოქტომბრის მდგომარეობით, ერიცხება დავალიანება - 1359.38 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 603.77 ლარი, პროცენტი - 331.83 ლარი და ჯარიმა - 423.78 ლარი, რომელიც მოსარჩელემ პირგასამტეხლოს ნაწილში 200 ლარამდე შეამცირა, რამაც ჯამში, 1135,6 ლარი შეადგინა. (მტკიცებულება: ტომი I, ს.ფ. 68).

5.14. ს.ს. „თ.ბ–სა“ (ს.კ. ........) და შ.პ.ს. „ტ.კ–ს“ (ს.კ. .......) შორის, 2022 წლის 21 იანვარს, დაიდო შეთანხმება სესხზე მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე, კერძოდ, ს.ს. „თ.ბ–მა“ გადასცა შ.პ.ს. „ტ.კ–ს“ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი უფლებები და მოთხოვნები, რომელიც დაიდო ს.ს. „თ.ბ–სა“ და მ.მ–ს (პ.ნ .......) შორის, როგორც 2017 წლის 10 მაისს, საბანკო კრედიტის N3593381-8926260 ხელშეკრულება, ასევე 2018 წლის 14 მარტს დადებული N3593381-9692525 ხელშეკრულება, 2017 წლის 04 აგვისტოს დადებული საბანკო კრედიტის N338145064100038 ხელშეკრულება, 2017 წლის 31 ოქტომბერს დადებული საბანკო კრედიტის N338145064100039 ხელშეკრულება და 2017 წლის 20 იანვარს დადებული საბანკო კრედიტის N338145064100030 ხელშეკრულება, რომელიც ეკუთვნოდა ს.ს. „თ.ბ–ს“, შესაბამისად, შ.პ.ს. ,,ტ.კ–ი“ არის ს.ს. ,,თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე. (მტკიცებულება: ტომი I, ს.ფ. 152-154; 73-74; 76-77).

5.15. მხარეთა შორის არსებული საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე და 873-ე მუხლებზე მითითებით პალატამ აღნიშნა დადგენილი გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში საბანკო დაწესებულებას, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, ხელშეკრულების შეწყვეტის და შესაბამისად, კრედიტის თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა.

5.16. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ სარგებლის დარიცხვის გაგრძელების მოლოდინის შესაფასებლად, პალატამ მიუთითა, რომ 2017 წლის 04 აგვისტოსა და 2017 წლის 31 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებების 2.1. პუნქტით, იმავე ხელშეკრულების 6.5.2. პუნქტით, ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების 18.4. პუნქტით, გათვალისწინებული სტანდარტული პირობები კეთილსინდისიერების პრინციპზე დაყრდნობით უნდა განმარტებულიყო. ვინაიდან მხარისთვის პირდაპირ, ნათლად არ იყო გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, როდესაც არსებობდა საფუძველი იმისა, რომ კრედიტის გამცემს მთლიანად დაებრუნებინა საკრედიტო თანხა, მას საკრედიტო ვალდებულების სრულად შესრულებამდე დაეკისრებოდა მიუღებელი შემოსავლის სახით დარიცხული სარგებლის ანაზღაურება, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ თანხის დაბრუნების შემთხვევაში საბანკო კრედიტის გამცემს შეეძლო კვლავ სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად ექცია დაბრუნებული თანხა. ამ თვალსაზრისით, მხედველობაში იყო მისაღები მოვალის მოლოდინი ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობასთან მიმართებით.

5.17. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე, 411-ე, 412-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ზოგადად, საკრედიტო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემდგომაც დასაშვები იყო მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლიდან გამომდინარე, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ხელშეკრულების მხარეების სტატუსზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ როდესაც ხელშეკრულების ერთი მხარე არის მომხმარებელი (ე.წ. სუსტი მხარე) და ძირითად ხელშეკრულებაზე მიერთებულია სტანდარტული პირობებით, მისთვის ნათლად უნდა იყოს გასაგები ყველა იმ პირობის სიცხადე, რომელიც შემდგომში მისთვის ვალდებულების დაკისრების საფუძველი გახდება. ასეთი პირობები უნდა იყოს მარტივად გასაგები, არაორაზროვანი და ხელშეკრულებებს შორის არსებული ბმით განსასაზღვრი შედეგი იურიდიული განათლების მქონე პირის მიერ არ უნდა საჭიროებდეს განმარტებას, ვინაიდან მომხმარებელს, როგორც ხელშეკრულების მხარეს, თვითონვე უნდა ჰქონდეს ხელშეკრულების პირობების ნათლად გააზრების შესაძლებლობა და ამ შესაძლებლობას ხელშეკრულების პირობები, ხელშეკრულების დადების მომენტშივე, ობიექტურად უნდა ქმნიდეს. მოცემულ შემთხვევაში კი ხელშეკრულების სადავო პირობები აღნიშნულ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდა, ვინაიდან არასაკმარისი იყო ხელშეკრულებაში მხოლოდ იმის თაობაზე მითითება, რომ ძირითადი ხელშეკრულება ,,საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულებაა“ (2.1. პუნქტი), კლიენტი დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტ გვერდზე www.tbcbank.ge განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებასა და დამატებას), (6.5.2. პუნქტი) და რომ სწორედ ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ვებგვერდზე განთავსებული ხელშეკრულების 18.4. პუნქტი განსაზღვრავს მომხმარებლის ვალდებულებას, ათვისებული საკრედიტო ლიმიტის სარგებელი (პროცენტი) ბანკს მისი სულად დაფარვის (ფაქტობრივად გადახდის) თარიღამდე გადაუხადოს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანი, მოცემულ პირობებში მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო არ იყო. შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით დასარიცხი პროცენტის თანხის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში სარჩელი მართებულად არ დაკმაყოფილდა.

5.18. პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერებასთან დაკავშირებით აპელანტის პრეტენზიაზე მსჯელობისას სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით განმარტა პირგასამტეხლოს არსი, ფუნქცია, მისი განსაზღვრის კრიტერიუმები და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მიუხედავად, საკრედიტო ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საფუძველი არსებობდა, იმავდროულად გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა პირგასამტეხლოს ფუნქციას უზრუნველყოფდა. სააპელაციო პალატამ იმსჯელა, რა შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევის იშვიათი გამონაკლისი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლიდან გამომდინარე და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართლზომიერად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

6.1. კასატორის პირველი პრეტენზია ეხება პირგასამტხელოს შემცირების მართლზომიერებას. კასატორისათვის გაუგებარია კონკრეტული მიზეზი რის გამოც სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილში. იმ პირობებში, როდესაც პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის აუცილებელი ორივე პირობა - მხარეთა შეთანხმება და ვალდებულების დარღვევა სახეზე იყო, უდავო იყო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება. აქვე კასატორი ითვალისწინებდა სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილებას, თუმცა აღნიშნავდა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ იყო შეუსაბამოდ მაღალი, ის სასამართლოს ზოგადი პრაქტიკით აღიარებული ძირის 1/3-ის ტოლი იყო, შესაბამისად, ბუნდოვანი იყო, რატომ მიიჩნია სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ. სასამართლოს, მისი დისკრეციული უფლებამოსილება უნდა გამოეყენებინა შემდეგი პირობების გათვალისწინებით: სესხის ძირი თანხა, დარიცხული პროცენტის ოდენობა, გასული იყო თუ არა ხელშეკრულების მოქმედების ვადა. კასატორის აზრით, მოთხოვნილი პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის შესაბამისი და გონივრული იყო. მხარემ ხელშეკრულების დადებისას იცოდა, თუ რა შედეგები მოჰყვებოდა ვალდებულების შეუსრულებლობას. ამდენად კასატორის აზრით, მოთხოვნილი პირგასამტეხლო მხარეს სრულად უნდა დაკისრებოდა.

6.2. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არც მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და განმარტავს, რომ შ.პ.ს. ტ.კ–ს“ ს.ს. „თ.ბ–თან“ დადებული ცესიის ხელშეკრულების საფუძველზე სრული უფლებამოსილება ჰქონდა მოვალისათვის დაეყენებინა ზუსტად იგივე მოთხოვნები, რაც თავდაპირველ მოსარჩელეს ჰქონდა. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მოთხოვნის დამთმობმა და მოთხოვნის შემძენმა მთელი რიგი ეტაპები გაიარეს, მათ შორის მთავარი წინაპირობა იყო ის, რომ ორივე მათგანი სესხის გამცემი სუბიექტები უნდა ყოფილიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნის დათმობა ვერ მოხდებოდა. აქედან გამომდინარე, კასატორს, როგორც სესხის გამცემ სუბიექტს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლიდან გამომდინარე აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს ზიანი არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. კასატორი მიუთითებს, რომ გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა ფიზიკური პირების საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულებათა განმარტებასთან მიმართებით, სადაც ის აღნიშნავს, რომ ის კონკრეტული პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს სარგებლის დარიცხვას იმ დრომდე სანამ არ დაიფარება ძირი თანხა, სათანადოდ უნდა ყოფილიყო ახსნილი და განმარტებული მხარისათვის. ამ საკითხთან მიმართებით კასატორი განმარტავს, რომ ყოველი ადამიანის ქმედება მისი ნების გამოვლენაზეა დამოკიდებული და ის თავად წყვეტს რომელ ურთიერთობაში შევიდეს და რომელია მისთვის მიუღებელი. თუ მოვალეს სურს ისარგებლობს ამა თუ იმ ფორმის კრედიტით, მან უნდა გამოიჩინოს წინდახედულება და თუ სათანადოდ არ არის ინფორმირებული ამა თუ იმ საკითხზე თავად უზრუნველყოს ამის მოგვარება იურიდიული კონსულტაციის გავლის გზით. მითითებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით იქმნება პრეცედენტი იმისა, რომ ყველა დამრღვევ მსესხებელს ექნება მოლოდინი, რომ მის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს, იქნება ეს სარგებელი თუ ჯარიმა, სასამართლო მოხსნის ან შეამცირებს იმის გამო, რომ კლიენტმა თავის დროზე ვერ აღიქვა კონკრეტულად რას აწედა ხელს. სასამართლო გადაწყვეტილება გაუგებარი და არასამართლიანია იმ კუთხითაც, რომ ქვემდგომმა ინსტანციამ არცერთი სანქცია არ ჩათვალა სამართლიანად და კეთილსინდისიერი გადამხდელი გაუთანაბრა არაკეთილსინდისიერ გადამხდელს. გადაწყვეტილება არასამართლიანია კრედიტორისთვისაც, რომელმაც სარგებლის ოდენობის გათვლა გააკეთა ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესაბამისად. მიღებული გადაწყვეტილებით აზრი ეკარგება ხელშეკრულების მოქმედების ვადის დადგენასაც, რადგან სასამართლო მოვალეს აძლევს უფლებას სესხად აღებული თანხა დააბრუნოს მაშინ, როცა მოესურვება და ამისათვის მას სანქციაც არ დაეკისრება.

კასატორმა მიუთითა სასამართლო პრაქტიკაზე სადაც განმარტებულია, რომ საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესი კრედიტის გაცემა და ამით გარკვეული მოგების მიღებაა. ამასთან, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება როგორც წესი მხოლოდ სასყიდლიანი ფორმით არსებობს. შესაბამისად, საბანკო დაწესებულების მხრიდან ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ამასთან, მიუღებელი შემოსავალი თანხის კრედიტის გამცემისათვის სარეალიზაციო დაბრუნებას უკავშირდება, კონკრეტული საპროცენტო განაკვეთი კი მოქმედებს მხოლოდ იმ პერიოდისათვის როდესაც ფულადი რესურსი ბანკის სარგებლობაში არ იმყოფება. იმ მომენტიდან როდესაც სესხის თანხა კრედიტის გამცემს უბრუნდება, მიუღებელი შემოსავალი აღარ არსებობს, რადგან კრედიტორს სრული შესაძლებლობა აქვს სხვაგვარად განკარგოს ეს თანხა, თავიდან გასცეს კრედიტი, ან სხვა საშუალებით მიიღოს მოგება. ამის გარდა სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტს, მისი კომერციული ინტერესიდან გამომდინარე, გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში კვლავ შეუძლია მიიღოს ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და სასამართლოს მსჯელობა არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, ფაქტობრივი გარემოებებიდან და არც სამართლიანობის პრინციპიდან.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

9. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორადვე განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ გასაზიარებელია.

10. კასატორის საკასაციო პრეტენზიებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, არსებობს თუ არა მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით, თანხის დაკისრების საფუძველი, ასევე პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერება.

11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

12. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ სარჩელში, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში მოცემული სამართლებრივი შეფასებები მბოჭავი არ არის სასამართლოსთვის და მას ყოველთვის შეუძლია, განსხვავებული შეფასება მისცეს სადავო სამართალურთიერთობას.

13. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სესხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით) 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 868-ე (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი), 873-ე (კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა) 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), ასევე 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 411-ე და-412-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო; ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) მუხლები.

14. უპირველესად სასამართლო მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის მართლზომიერებაზე იმსჯელებს.

15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ საქმე №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი).

17. ამასთან, ფულადი ვალდებულების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოს გააჩნია მყარად დადგენილი პრაქტიკა, რომლის თანახმად, ფული ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამგვარად, ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც მისი ოდენობის დადგენას (იხ. სუსგ საქმე №ას-254-241-2015, 06 მაისი, 2015 წელი).

18. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.

19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს (იხ. სუსგ საქმე Nას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015წ.). საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავების შემთხვევაში, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, კრედიტორს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეუძლია მიიღოს ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება (იხ. სუსგ საქმე Nას-1385 -1307-2012, 7 თებერვალი, 2013 წ.).

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

21. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.

22. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის არსებობდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლისთვისაც გათვალისწინებული იყო საპროცენტო სარგებლის, ასევე ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები მან სულ მცირე ორჯერ გადააცილა გადახდის გრაფიკებით განსაზღვრულ ვადებს და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ შეასრულა ვალდებულებები.

23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის გაცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

24. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, გამსესხებელი მსესხებლის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა (იხ. სუსგ. საქმე №ას-1385-1307-2012, 07.02.2013წ; №ას-725-693-2014, 03.07.2015წ. #ას-156-2024, 15.04.2024,).

25. ზემოაღნიშნული ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების (2017 წლის 10 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება მოპასუხემ დაარღვია და 2018 წლის 19 ივნისის შემდეგ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ შეასრულა ვალდებულება; 2018 წლის 14 მარტის ხელშეკრულება მოპასუხემ დარღვია, სულ მცირე ორჯერ გადააცილა გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ ვადას და 2018 წლის 14 ივნისის შემდეგ შემდეგ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ შეასრულა ვალდებულება; 2017 წლის 04 აგვისტოს ხელშეკრულება მოპასუხემ დაარღვია და 2018 წლის 30 მაისის შემდეგ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ შეასრულა ვალდებულება; 2017 წლის 31 ოქტომბრის ხელშეკრულება მოპასუხემ დაარღვია, სულ მცირე ზედიზედ ორჯერ გადააცილა გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ ვადას და 2019 წლის 06 თებერვლის შემდეგ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ შეასრულა ვალდებულება) მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები შესრულებულია, კერძოდ ხელშეკრულებების ფარგლებში გაცემული თანხები მოპასუხეს სრულად არ დაუბრუნებია. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო სესხის სარგებელი, ხოლო ამავე ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებების დარღვევისათვის - პირგასამტეხლო.

ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ მოვალემ ვალდებულებები დაარღვია, რომელთა სახელშეკრულებო ვადებში დაბრუნების შემთხვევაშიც ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებელ სარგებელსაც მიიღებდა ფულადი თანხის კრედიტის სახით კვლავ გაცემის გზით, ეს გარემოება მოვალისათვის მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი) დაკისრების საფუძველს განაპირობებს. შესაბამისად, ყოველივე ეს მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველია.

26. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საკასაციო სასამართლოს მრავალჯერ განუმარტავს პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის მოვალეობის წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...“ (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-1373-2018, 17.01.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.; №ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; №ას-953-918-2016, 22.11.2016წ.).

27. “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).

28. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

29. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს (იხ. სუსგ საქმე №ას-1686-2019, 8 მაისი, 2020 წელი).

30. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერია.

31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ: პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება. შ.პ.ს. „ტ.კ–ის“ სარჩელი მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. მ.მ–ს შ.პ.ს. „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2017 წლის 10 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 1102.71 ლარზე, 2019 წლის 10 ოქტომბრიდან - ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 33.08 ლარს; 2017 წლის 04 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 631.54 ლარზე, 2019 წლის 10 ოქტომბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 48% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 25.26 ლარს; 2017 წლის 31 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 603.77 ლარზე, 2019 წლის 10 ოქტომბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 48% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 24.15 ლარს.

32. რაც შეეხება საპროცესო ხარჯის განაწილებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ზემოაღნიშნულის თანახმად, მ.მ–ს შ.პ.ს. „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 501.81 ლარის გადახდა (პირველი ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 151.57 ლარი, სააპელაციო სასამართლოში - 118.78 ლარი, საკასაციო სასამართლოში - 231.46 ლარი); შ.პ.ს. „ტ.კ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ს.ს. „თ.ბ“-ს მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 158.04 ლარი.

33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1 მუხლის მიხედვით, სასამართლო ხარჯებს განეკუთვნება სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო, ამავე კოდექსის 37.3 მუხლის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებაზე, რომლის მიხედვით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ.მ–ს შ.პ.ს. „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარისა და იურიდიული მომსახურების საფასურის - 343.62 ლარის და გადახდა რაც წარმომადგენლის ჩართულობის ხარისხისა და საქმიანობის მოცულობის გათვალისწინებით, წარმოადგენს სამართლიან დაკმაყოფილებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შ.პ.ს. „ტ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის № 2ბ/6757-23 განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. შ.პ.ს. „ტ.კ–ის“ სარჩელი მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს სრულად.

4. მ.მ–ს შ.პ.ს. „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 10 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 1102.71 ლარზე, 2019 წლის 10 ოქტომბრიდან - ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 33.08 ლარს.

5. მ.მ–ს შ.პ.ს. „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 04 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 631.54 ლარზე, 2019 წლის 10 ოქტომბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 48% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 25.26 ლარს.

6. მ.მ–ს შ.პ.ს. „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 31 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 603.77 ლარზე, 2019 წლის 10 ოქტომბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 48% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 24.15 ლარს.

7. მ.მ–ს შ.პ.ს. „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 501.81 ლარის გადახდა (პირველი ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 151.57 ლარი, სააპელაციო სასამართლოში - 118.78 ლარი, საკასაციო სასამართლოში - 231.46 ლარი).

8. მ.მ–ს შ.პ.ს. „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის, იურიდიული მომსახურების საფასურის - 343.62 ლარის და აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის გადახდა.

9. შ.პ.ს. „ტ.კ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ს.ს. „თ.ბ“-ს მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 158.04 ლარი (გადახდის თარიღი 04.10.2019 წ. სახაზინო კოდი: 300503150).

10. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი