საქმე №ას-777-2024 31 ოქტომბერი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.წ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.ნ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.02.2024 წლის განჩინება
I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.06.2023 წლის გადაწყვეტილებით, შპს „ჯ.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „ბროკერი“) სარჩელი მოპასუხეების - ი.წ–ძისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“, „პირველი საკასაციო საჩივრის ავტორი“ ან „გამყიდველი“) და ი.ნ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, „მეორე საკასაციო საჩივრის ავტორი“, პირველ მოპასუხესთან ერთად - „მოპასუხეები“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 21240 აშშ დოლარის გადახდა; მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 17700 აშშ დოლარის გადახდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.02.2024 წლის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.06.2023 წლის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
3.1. მოსარჩელე საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი იურიდიული პირია, რომელიც ეწევა საშუამავლო-საბროკერო მომსახურებას.
3.2. 10.03.2022 წელს, მოსარჩელისა და პირველი მოპასუხის სახელით ხელმოწერილი „უძრავი ქონების გასხვისების საბროკერო მომსახურების თაობაზე“ ხელშეკრულებით დგინდება, რომ: შემკვეთი ავალებს ბროკერს, ხოლო ბროკერი იღებს ვალდებულებას, გასწიოს უძრავი ნივთის ნასყიდობასთან დაკავშირებით საშუამავლო მომსახურება, ხოლო შემკვეთი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს ბროკერს საზღაური შუამავლობის შედეგად გაწეული მომსახურებისათვის.
3.3. ხელშეკრულების:
- 1.2. პუნქტი: დამკვეთისათვის გასაწევი საშუამავლო მომსახურება მოიცავს უძრავი ნივთის გაყიდვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, კერძოდ: კლიენტებისთვის უძრავი ნივთის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიცემას; კლიენტებისთვის უძრავი ნივთის ფიზიკურად ნახვას; მოლაპარაკებების ორგანიზებასა და წარმოებას დამკვეთსა და კლიენტებს შორის;
- 1.3. პუნქტი: უძრავი ქონების რეკვიზიტებია: ქ. თბილისი, ქუჩა .........., ს/კ: ........., მესაკუთრე პირველი მოპასუხე. ბროკერის მხრიდან ხელშეკრულების საგანი - საშუამავლო მომსახურება ითვლება შესრულებულად და დამკვეთისათვის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოშობს ბროკერის ისეთი მომსახურება, რომელსაც მოჰყვა შეთავაზებული ქონების შეძენა კლიენტის ან მასთან დაკავშირებული პირის მიერ;
- 2.3.1. პუნქტი: დამკვეთი ვალდებულია გააცნოს „ბროკერს“ ფართის ტექნიკური მახასიათებლები - სავარაუდო ადგილმდებარეობა, ფართობი, მდგომარეობა, ფუნქციური დანიშნულება, ფასი და ა.შ. უზრუნველყოს არსებული მონაცემების სისწორის გარანტია;
- 2.3.2. პუნქტი: დამკვეთი ვალდებულია ბროკერის მიერ მოზიდული კლიენტის, კლიენტის წარმომადგენლის, კლიენტის ოჯახის წევრის ან/და კლიენტთან დაკავშირებული პირის მიერ ფართის ყიდვის შემთხვევაში, გადაუხადოს ბროკერს წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 მუხლში დაფიქსირებული შუამავლობის საფასური. მითითებული პირობის დარღვევის შემთხვევაში, დამკვეთს დაეკისრება ჯარიმა - წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 მუხლში დაფიქსირებული შუამავლობის ორმაგი ოდენობა, რომელიც გადახდილ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ ბროკერის სასარგებლოდ;
- 2.3.7. პუნქტი: დამკვეთი ვალდებულია დამოუკიდებლად (ბროკერის გვერდის ავლით) არ შევიდეს გარიგებაში ბროკერის მიერ მოზიდულ კლიენტებთან, მათ წარმომადგენლებთან, კლიენტის ოჯახის წევრებთან ან/და კლიენტთან დაკავშირებულ პირებთან;
- 2.3.8. პუნქტი: დამკვეთი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდის განმავლობაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბროკერს ყველა იმ შემთხვევის შესახებ, როდესაც მას ბროკერის გვერდის ავლით მიმართა ბროკერის მხრიდან მოზიდულმა/მოყვანილმა კლიენტმა, კლიენტის წარმომადგენელმა, კლიენტის ოჯახის წევრმა ან კლიენტთან დაკავშირებულმა პირმა კლიენტის მხრიდან ნებისმიერმა სხვა პირმა ფართზე გარიგების განსახორციელებლად. დამკვეთის მხრიდან ამ ინფორმაციის შეუტყობინებლობა ჩაითვლება საშუამავლო მომსახურების გადახდისაგან თავის არიდების მცდელობად, თუ მან იცოდა ან შეეძლო ევარაუდა ეს ფაქტი;
- 2.3.9. პუნქტი: დამკვეთი ვალდებულია ბროკერის გვერდის ავლით დამოუკიდებლად, ბროკერის მიერ მოზიდულ კლიენტებზე, მის წარმომადგენელზე, კლიენტის ოჯახის წევრებზე ან კლიენტთან დაკავშირებულ პირებზე უძრავი ქონების გასხვისების შემთხვევაში გადაიხადოს ჯარიმა ბროკერის სასარგებლოდ ფართის ღირებულების 5%;
- 4.1. პუნქტი: ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შუამავლობის საფასური შეადგენს ფართის შეთანხმებული ღირებულების (ნასყიდობის თანხის) 3%-ს;
- 4.3. პუნქტის თანახმად, ფართის განვადებით ნასყიდობის შემთხვევაში საშუამავლო საფასური შეადგენს ასევე 3%-ს, რომლის გადახდაც უნდა განხორციელდეს კლიენტის მიერ დამკვეთისათვის ან ფართის მესაკუთრისათვის ყოველი განხორციელებული გადახდის პარალელურად;
- 5.1. პუნქტი: თითოეული მხარე პასუხს აგებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობაზე. ხელშეკრულების დამრღვევმა მხარემ მეორე მხარეს უნდა აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი სრულად.
3.4. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი ........, დაზუსტებული ფართობი 2337 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №......., 10.03.2022 წლის მდგომარეობით, ირიცხებოდა პირველი მოპასუხის სახელზე.
3.5. 12.03.2022 წელს, მოსარჩელესა და მეორე მოპასუხის სახელით ხელმოწერილი ხელშეკრულებით უძრავი ქონების ნასყიდობის საბროკერო მომსახურების თაობაზე დგინდება, რომ შემკვეთი ავალებს, ხოლო ბროკერი იღებს ვალდებულებას უძრავი ნივთის ნასყიდობასთან დაკავშირებით, აუცილებელი სამართლებრივი მომსახურების გაწევაზე.
3.6. ხელშეკრულების:
- 2.2. პუნქტი: შემკვეთისათვის გასაწევი საშუამავლო მომსახურება მოიცავს უძრავი ნივთის შეძენასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, კერძოდ, უძრავი ნივთის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიცემას; უძრავი ნივთის ფიზიკურად ნახვას; ხელშეკრულების საგანი ჩაითვლება შესრულებულად, თუ ბროკერის მიერ შეთავაზებულ უძრავ ქონებას შეიძენს შემკვეთი ან მისი წარმომადგენელი (დაკავშირებული პირი);
- 3.1. პუნქტი: შეთავაზებული უძრავი ნივთის მონაცემებია - ს/კ: .........., მისამართი: .......... ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, შემკვეთის ან მასთან დაკავშირებული პირის (ოჯახის წევრი, ახლობელი და სხვა), მიერ ამ ხელშეკრულებით შეთავაზებული უძრავი ნივთის შეძენის შემთხვევაში, თუ შემკვეთი ბროკერის გვერდის ავლით (დამოუკიდებლად) შევა მესაკუთრესთან გარიგებაში, შემკვეთი დაჯარიმდება უძრავი ნივთის ღირებულების 5%-ით.
3.7. 29.09.2016 წლის მდგომარეობით, შპს „ნ.პ–ის“ დირექტორი, ასევე - 100%-იანი წილის მფლობელი, იყო მეორე მოპასუხე. დადგენილია, რომ 10.01.2019 წლის მდგომარეობით, შპს „ნ.პ–ის“ დირექტორს კვლავ მეორე მოპასუხე წარმოადგენდა, თუმცა იგი იყო 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი, ხოლო 50% წილის მფლობელი გახდა გ.მ–ა.
3.8. 19.02.2019 წლის მდგომარეობით, შპს „ნ.პ–ის“ დირექტორი იყო მეორე მოპასუხე, კომპანიის 50%-იანი წილი ეკუთვნოდა გ.მ–ას, ხოლო 50%-იანი წილი ნ.ნ–ს. 11.03.2019 წლის მდგომარეობით, შპს „ნ.პ–ის“ დირექტორი გახდა დ.ხ–ძე, კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი გ.მ–ა, ხოლო 50%-იანი წილის მფლობელი კვლავ ნ.ნ–ი.
3.9. 22.01.2021 წლის მდგომარეობით, შპს „ნ.პ–ის“ დირექტორი იყო კვლავ დ.ხ–ძე, კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი ნ.ნ–ი, ხოლო 50%-იანი წილის მფლობელი გახდა რ.მ–ძე. 09.05.2021 წლის მდგომარეობით, შპს „ნ.პ–ის“ დირექტორი არის თ.გ–ა, 50% წილის მფლობელი პარტნიორი ნ.ნ–ი, ხოლო ასევე 50% წილის მფლობელია რ.მ–ძე. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ამონაწერების მეორე გვერდზე გირავნობის გრაფაში, მითითებულია დაგირავებული მოძრავი ქონება, კერძოდ, პლასტმასის ბოთლის დამამზადებელი და საწარმოებელი დანადგარები. დადგენილია, რომ 24.06.2022 წელს კვლავ მოხდა ცვლილება საზოგადოების ხელმძღვანელი პირის და საზოგადოების დირექტორად დაინიშნა დ.ს–ი, თუმცა ცვლილება საზოგადოების პარტნიორებს და მათ წილებს არ შეხებია.
3.10. 18.03.2022 წელს შპს „ნ.პ–სა“ და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც პირველმა მოპასუხემ მის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ........, ს/კ: ........., საკუთრების უფლებით გადასცა შპს „ნ.პ–ის“. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა - 708 000 აშშ დოლარით, რაც დაჩქარებული წესით იმავე დღეს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
3.11. სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 25.01.2023 წლის ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ხელმოწერები პირველი მოპასუხის სახელით, განლაგებული ხელშეკრულებაზე უძრავი ქონების გასხვისების საბროკერო მომსახურების თაობაზე, შესრულებული 10.03.2022 წლის თარიღით, პირველ გვერდზე, ნაბეჭდი ტექსტის ბოლოს, მარჯვნივ და მეორე გვერდზე, გრაფაში: „დამკვეთი“, შესრულებულია ერთიდაიგივე პირის და პირველი მოპასუხის მიერ.
3.12. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 317-ე და 327-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ წინამდებარე საქმეში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი იყო მხარეთა შორის როგორც შუამავლობიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობების არსებობის ფაქტები, ასევე დადებული ხელშეკრულებების არსებითი პირობები. პალატამ დადგენილად მიიჩნია პირველ მოპასუხესა და შპს „ნ.პ–ის“ შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის მთავარ სადავო გარემოებას წარმოადგენდა იმის დადგენა, აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული იყო თუ არა მოსარჩელე კომპანიის, როგორც შუამავლის, მეშვეობით და დასტურდება თუ არა მხარეთა შორის საშუამავლო მომსახურების გაწევის თაობაზე რაიმე შეთანხმების არსებობა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან ბროკერის/შუამავლის სასარჩელო მოთხოვნა ემყარებოდა მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტს, ამ გარემოების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრებოდა.
3.13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 317-ე, 477-ე, 744-ე მუხლებით და განმარტა, რომ გასამრჯელოს/საზღაურის გადახდა დამოკიდებულია შუამავლობის შედეგად ხელშეკრულების დადებაზე ან გარკვეული სამუშაოს შესრულებაზე. საშუამავლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოითხოვს: სხვადასხვა პირთან ურთიერთობას, მოლაპარაკებების წარმოებას, შეხვედრების ორგანიზებას, რაც გარკვეული მატერიალური მტკიცებულებების შექმნასთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საკითხი ეხება უძრავ ქონებას. თუ ამ გარემოებებს ადგილი არ აქვს, მაშინ არც თანხის გადახდის ვალდებულება არ წარმოიშობა.
3.14. წინამდებარე საქმეში, სააპელაციო პალატამ საქმის მასალების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია შუამავლის მიერ საშუამავლო ვალდებულებების შესრულება, შესაბამისად, საზღაურის ანაზღაურების ვალდებულების არსებობა. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო გარემოება იმის თაობაზე, რომ საშუამავლო კომპანიის წინაშე პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენდნენ მოპასუხეები. ამასთან, პალატამ მიიჩნია, რომ სწორედ მეორე მოპასუხის მეშვეობით განხორციელდა პირველ მოპასუხესა და შპს „ნ.პ–ს“ შორის, 18.03.2022 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების (უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, ............) გაფორმება და მეორე მოპასუხისთვის სწორედ საშუამავლო მომსახურების გაწევის შედეგად გახდა ცნობილი ნასყიდობის საგნისა და გამყიდველის შესახებ სრული ინფორმაცია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველ მოპასუხესა და შპს „ნ.პ–ს“ შორის 18.03.2022 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა მოსარჩელე კომპანიის (მისი უფლებამოსილი პირის/პირების) მიერ საშუამავლო საქმიანობის (მომსახურების) გაწევის შედეგად და სწორედ ამ საშუამავლო მომსახურების გაწევის მიზნით, მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის, 10.03.2022 წელსა და 12.03.2022 წელს გაფორმდა საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებები.
3.15. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედ შეჯიბრებითობის პრინციპზე, მტკიცების ტვირთის განაწილებისა და მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და ყურადღება გაამახვილა საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ 10.03.2022 წლისა და 12.03.2022 წლის ხელშეკრულებებზე, რომლებიც დადებული იყო, ერთი მხრივ, მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის. მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო შუამავლობის ხელშეკრულება უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, ........ (ს/კ: .......), გაყიდვის შემთხვევაში მოსარჩელისთვის შესაბამისი ანაზღაურების გადაცემის პირობით. მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის კი დაიდო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა, რომ მოპასუხეს აღნიშნული უძრავი ქონება არ უნდა შეეძინა მოსარჩელის გვერდის ავლით. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ვალდებული იქნებოდა გადაეხადა მოსარჩელისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა.
3.16. მოპასუხეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სადავო გახადეს აღნიშნული ხელშეკრულებების დადება და მათზე არსებული ხელმოწერები. პირველმა მოპასუხემ მიუთითა მისი ხელმოწერის სიყალბის თაობაზე, თუმცა საქმეზე ჩატარებულმა კალიგრაფიულმა ექსპერტიზამ, რომელიც იყო კატეგორიული, დაადასტურა საპირისპირო. პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 25.01.2023 წლის ექსპერტიზის დასკვნით, ერთმნიშვნელოვნად დგინდებოდა, რომ ხელმოწერები პირველი მოპასუხის სახელით, განლაგებული ხელშეკრულებაზე უძრავი ქონების გასხვისების საბროკერო მომსახურების თაობაზე, შესრულებული 10.03.2022 წლის თარიღით, პირველ გვერდზე, ნაბეჭდი ტექსტის ბოლოს, მარჯვნივ და მეორე გვერდზე, გრაფაში: „დამკვეთი“, შესრულებული იყო ერთიდაიგივე პირის - პირველი მოპასუხის მიერ.
3.17. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და არ გაიზიარა მითითება მასზე, რომ ხელშეკრულების პირობების ნაწილი, რომელიც განთავსებული იყო პირველი ფურცლის მეორე გვერდზე მასთან შეთანხმებული არ ყოფილა და შემდგომ იყო ჩაბეჭდილი. აღნიშნული სადავო გარემოება მოპასუხის ზეპირსიტყვიერი განმარტების გარდა, სხვა რაიმე სახის სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. ამასთან, პალატის მითითებით, თუნდაც დავუშვათ, რომ მოპასუხესთან არ იყო შეთანხმებული ხელშეკრულების მეორე გვერდზე მითითებული პირობები, ხელშეკრულების პირველი გვერდი, რომელზეც განთავსებული იყო მოპასუხის ხელმოწერა, შეიცავდა დანაწესს - განმარტებას კლიენტთან დაკავშირებული პირის თაობაზე: „ამასთან კლიენტთან დაკავშირებულ პირად ითვლება ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელთანაც კლიენტს გააჩნია ახლო ნათესაური ან/და მეგობრული კავშირი, ასევე სამართლებრივი ან/და სამსახურებრივი კავშირი. მათ შორის, კლიენტის დები, ძმები, დისწულები, ძმისწულები და მათი შვილები, ბიძები, დეიდები, დისწულები, ძმისწულები და მათი შვილები...“. აპელანტის/მოპასუხის ზეპირსიტყვიერი განმარტების საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილი იყო 25.01.2023 წლის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც კატეგორიული შინაარსის იყო და ადასტურებდა სადავო ფაქტობრივ გარემოებას მასზე, რომ ხელშეკრულება (ორივე ფურცელზე ხელმოწერა) ხელმოწერილი იყო სწორედ პირველი მოპასუხის მიერ.
3.18. პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის საშუამავლო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ურთიერთობის არსებობის ფაქტი დასტურდებოდა მოწმეთა ჩვენებებითაც (ლ.და=ძე, გ.ბ–ძე). სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას სასამართლო ვალდებულია, ისევე, როგორც სხვა სახის მტკიცებულება, მოწმის ჩვენება შეაფასოს მისი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით, იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების (მხარეებთან დამოკიდებულება, ფიზიკური მდგომარეობა, ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მოწმის ჩვენებაზე და სხვა) გათვალისწინებით, რომელიც ამ მტკიცებულებისთვისაა დამახასიათებელი და სწორედ ამ გზით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც თავისუფალია და იმავდროულად კანონის დანაწესითაა შეზღუდული. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს (სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი) (შდრ. სუსგ №ას-279-264-2017, 21.04.2017წ; №ას-1186-2022, 25.11.2022წ.). სსსკ-ის 105-ე და 140-ე მუხლების ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ მოწმის ჩვენების მიღებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის, დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. სწორედ ამ კრიტერიუმებით განისაზღვრება მოწმის ჩვენებაში გადმოცემული ფაქტების იურიდიული სანდოობა (შდრ. სუსგ №ას-1698-1592-2012, 02.06.2014წ; №ას-1029-2022, 09.11.2022წ.). სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მოცემულ საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებების გაანალიზებასა და შეფასებასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ აპელანტებმა/მოპასუხეებმა ვერცერთი მტკიცებულებით ვერ გააბათილეს მოსარჩელის მტკიცება.
3.19. პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ სწორად მიაქცია ყურადღება იმ გარემოებასაც, რომ უძრავი ქონების გასხვისება საშუამავლო სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა მეორე მოპასუხის მიერ ხელშეკრულების გაფორმებიდან 06 დღეში - 18.03.2022 წელს. ნასყიდობის საგანი კი სწორედ მეორე მოპასუხის მიერ საშუამავლო მომსახურების საფუძველზე დათვალიერებული და მოწონებული უძრავი ქონება იყო (უძრავი ნივთი, მდებარე: თბილისი, .....). პალატამ მიუთითა 10.03.2022 წლის ხელშეკრულების 2.3.2. პუნქტზე, რომლის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია ბროკერის მიერ მოზიდული კლიენტის, კლიენტის წარმომადგენლის, კლიენტის ოჯახის წევრის ან/და კლიენტთან დაკავშირებული პირის მიერ ფართის ყიდვის შემთხვევაში, გადაუხადოს ბროკერს წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 მუხლში დაფიქსირებული შუამავლობის საფასური. მითითებული პირობის დარღვევის შემთხვევაში დამკვეთს დაეკისრება ჯარიმა - წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 მუხლში დაფიქსირებული შუამავლობის ორმაგი ოდენობა, რომელიც გადახდილ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ ბროკერის სასარგებლოდ. ამასთან, პალატამ მიუთითა 12.03.2022 წლის ხელშეკრულების მე-4 პუნქტზე, რომლის მიხედვით, შემკვეთის ან მასთან დაკავშირებული პირის (ოჯახის წევრი, ახლობელი და სხვა), მიერ ამ ხელშეკრულებით შეთავაზებული უძრავი ნივთის შეძენის შემთხვევაში, თუ შემკვეთი ბროკერის გვერდის ავლით (დამოუკიდებლად) შევა მესაკუთრესთან გარიგებაში, შემკვეთი დაჯარიმდება უძრავი ნივთის ღირებულების 5%-ით.
3.20. სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმეში არსებული სამეწარმეო რეესტრის ამონაწერებით ერთმნიშვნელოვნად დგინდებოდა, რომ მეორე მოპასუხე გარკვეულ პერიოდში წარმოადგენდა შპს „ნ.პ–ის“ დირექტორსა და 100%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს, მოგვიანებით კი, 50%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს, ხოლო უკანასკნელი მონაცემებით, 50% წილის მფლობელი პარტნიორი იყო ნ.ნ–ი. მოპასუხეს სარჩელზე შესაგებლით სადავო არ გაუხდია ნ.ნ–თან მისი ოჯახურ-ნათესაური კავშირი. მოპასუხის სტადიაზე მოწმდება არა მხოლოდ ის, წარადგინა თუ არა მოპასუხემ შესაგებელი, არამედ, ასევე, წარდგენილი შესაგებელი რამდენად აბათილებს და არყევს (მოსარჩელის განმარტების საფუძველზე შექმნილ) მოთხოვნის წარმოშობის ვარაუდს.
3.21. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები ერთობლიობაში ქმნიდა ლოგიკურ ჯაჭვს და ადგენდა სადავო ფაქტობრივ გარემოებას მასზე, რომ პირველმა მოპასუხემ დაარღვია 10.03.2022 წლის ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულება და საშუამავლო სააგენტოს გვერდის ავლით გააფორმა 18.03.2022 წლის ხელშეკრულება, რის გამოც, შეთანხმების 2.3.2. პუნქტის მიხედვით, შემკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა ჯარიმა; რაც შეეხება მეორე მოპასუხეს, მან დაარღვია 12.03.2022 წლის ხელშეკრულების მე-4 პუნქტით დადგენილი პირობები, მან მოიწონა ნასყიდობის საგანი, რომელიც, მისივე განმარტებით, ესაჭიროებოდა პლასტმასის საწარმოებლად და სწორედ მასთან დაკავშირებულმა კომპანიამ (რომლის დირექტორი და 100% წილის მფლობელი პარტნიორი იყო თავად მოპასუხე მხარე წლების განმავლობაში და რომელიც აწარმოებს პლასტმასს), ზუსტად 06 დღეში შეიძინა იგივე მიწის ნაკვეთი. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ადგილი ჰქონდა მეორე მოპასუხის მეშვეობით, მასთან დაკავშირებული პირის მიერ, ამ ხელშეკრულებით შეთავაზებული უძრავი ნივთის შეძენას, რაც განხორციელდა ბროკერის გვერდის ავლით მესაკუთრესთან. შესაბამისად, მეორე მოპასუხემ დაარღვია შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც ექვემდებარებოდა დაჯარიმებას 12.03.2022 წლის ხელშეკრულების მე-4 პუნქტის მიხედვით. პალატამ აღნიშნა, რომ მხოლოდ მოპასუხეების განმარტებები არ იძლეოდა, კონკრეტულ პირებსა და გარემოებებზე მიუთითებლობის გამო, იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ 18.03.2022 წლის ხელშეკრულება დაიდო არა აღნიშნული საშუამავლო ურთიერთობის ფარგლებში, არამედ სხვა გზით (მაგ. სხვა შუამავლისა თუ კონკრეტული პირის თუ სხვა მეშვეობით). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 18.03.2022 წლის ხელშეკრულება დაიდო სწორედ საშუამავლო მომსახურების გაწევის საფუძველზე. პალატის მითითებით, წარმოდგენილი ხელშეკრულებები, ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეების ჩვენება, ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან - წარმოადგენდა იმ ჯეროვან მტკიცებულებებს, რომლებსაც მართებულად დაეყრდნო პირველი ინსტანციის სასამართლო მხარეთა შორის საშუამავლო ურთიერთობის არსებობის დადასტურების მიზნით. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება კი მოპასუხეებმა ვერ შეძლეს რაიმე სახის სარწმუნო და ჯეროვანი მტკიცებულებით.
3.22. იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე საქმეში დადასტურდა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა, დადასტურდა ისიც, რომ მოპასუხეების მიერ დაირღვა ხელშეკრულებების პირობები, სააპელაციო პალატამ იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხეებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერებასა და კანონიერებაზე. პალატამ მხედველობაში მიიღო შესრულების ღირებულება, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ხანგრძლივობა, ვალდებულების მოცულობა, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათი, გაითვალისწინა პირგასამტეხლოს ფუნქცია და მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული/შემცირებული პირგასამტეხლო გონივრული იყო. იგი შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალი არ იყო და, შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლით განმტკიცებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.
საკასაციო საჩივრების მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. საკასაციო პალატის შეფასების საგანია მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის გაფორმებული უძრავი ქონების გასხვისების/ნასყიდობის საბროკერო მომსახურების თაობაზე ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების მოპასუხეების მიერ დარღვევისთვის ხელშეკრულებებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერება.
9. სსკ-ის 744-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისათვის, ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად დაიდო. პალატა განმარტავს, რომ შუამავლობა მიეკუთვნება მომსახურების ტიპის ხელშეკრულებას, რომლის საგანია საშუამავლო საქმიანობა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურება. საშუამავლო საქმიანობაში იგულისხმება საქმიანობა, რომელიც მიმართულია მესამე პირებთან შემკვეთის მიერ ხელშეკრულების დადებისაკენ. შუამავალი თავისი ვალდებულების შესრულებისას არ მოქმედებს შემკვეთის სახელით, მისი მთავარი დანიშნულება მესამე პირამდე იმ ძირითადი ინფორმაციის მიტანაა, რომლის საფუძველზეც შემკვეთსა და მესამე პირს შორის ძირითადი ხელშეკრულება უნდა დაიდოს. ამდენად, საშუამავლო საქმიანობა გამოიხატება შუამავლის (მაკლერის) მიერ მხოლოდ ფაქტობრივი და არა იურიდიული მოქმედებების შესრულებაში. მაკლერს საშუამავლო საქმიანობისათვის გასამრჯელოს მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაიდება ის ხელშეკრულება, რომელსაც მიზნად ისახავდა შუამავლობა. თუ გამიზნული ხელშეკრულება არ დაიდო, ანუ მაკლერის საშუამავლო საქმიანობა წარმატებით არ დასრულდა, მაკლერს არა აქვს უფლება მოითხოვოს გასამრჯელო. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ შუამავალი მესამე პირს ვერ მოიძიებს, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, ხოლო შემკვეთს - ანგარიშსწორების ვალდებულება (იხ: სუსგ №ას-898-848-2015, 09.03.2016წ; №ას-304-287-2017, 13.10.2017წ.).
10. შუამავლობა, ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის მსგავსად, საკანონმდებლო ბოჭვის ფარგლებში (სსკ-ის 319.1 მუხლი) დასაშვებად მიიჩნევს კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელ პირობებზე მხარეთა შეთანხმების შესაძლებლობას, რომლის მიმართაც სრულად ვრცელდება ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულების მოვალეობა (სსკ-ის 361.2 მუხლი). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 10.03.2022 წელს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის, ხოლო 12.03.2022 წელს მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებითაც:
10.1. მოსარჩელე და გასაყიდი უძრავი ქონების მესაკუთრე - პირველი მოპასუხე შეთანხმდნენ უძრავი ქონების (მდებარე: თბილისი, ........ (ს/კ: ........) გაყიდვასთან დაკავშირებით საშუამავლო მომსახურების გაწევაზე. დამკვეთისათვის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოშობდა ბროკერის ისეთი მომსახურება, რომელსაც მოჰყვა შეთავაზებული ქონების შეძენა კლიენტის ან მასთან დაკავშირებული პირის (ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელთანაც კლიენტს გააჩნია ახლო ნათესაური ან/და მეგობრული კავშირი, ასევე სამართლებრივი ან/და სამსახურებრივი კავშირი; მათ შორის, კლიენტის დები, ძმები, დისწულები, ძმისწულები და მათი შვილები, ბიძები, დეიდები, დისწულები, ძმისწულები და მათი შვილები. ასევე კლიენტის დამსაქმებელი ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი, კლიენტის მიერ დასაქმებული ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ასევე ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია: კლიენტის როგორც კომპანიის პარტნიორი/აქციონერის მონაწილეობით (პარტნიორული წილის/აქციის ოდენობის მიუხედავად), კლიენტის როგორც აღნიშნული კომპანიის დირექტორად, სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრად მონაწილეობით და ა.შ. (მითითებული ჩამონათვალი არ ამოწურავს კლიენტთან დაკავშირებული პირ(ებ)ის ჩამონათვალს) ხელშეკრულების 1.3. პუნქტი) მიერ. ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულია შუამავლობის გასამრჯელოს ოდენობა - ნასყიდობის თანხის 3% (ხელშეკრულების 4.1. პუნქტი), ასევე, შუამავლობის საფასურის გადახდის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო (ჯარიმა) შუამავლობის ანაზღაურების ორმაგი ოდენობით (ხელშეკრულების 2.3.2. პუნქტი) (იხ: ტ.1, ს.ფ.15-17).
10.2. მოსარჩელე და მეორე მოპასუხე შეთანხმდნენ უძრავი ქონების შეძენისათვის საჭირო საშუამავლო მომსახურების გაწევაზე. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ შემკვეთის ან მასთან დაკავშირებული პირის (ოჯახის წევრი, ახლობელი და სხვა) მიერ ამ ხელშეკრულებით შეთავაზებული უძრავი ნივთის შეძენის შემთხვევაში, თუ შემკვეთი ბროკერის გვერდის ავლით შევიდოდა მესაკუთრესთან გარიგებაში, შემკვეთი დაჯარიმდებოდა უძრავი ნივთის ღირებულების 5%-ით (ხელშეკრულების მე-4 პუნქტი) (იხ: ტ.1, ს.ფ.21-22).
11. მოცემულ შემთხვევაში, მოხდა მეორე მოპასუხის/მასთან დაკავშირებული პირის მიერ უძრავი ქონების შეძენა არა მაკლერის გამოუყენებლად, არამედ მაკლერის საშუამავლო საქმიანობის შედეგად შეთავაზებული და მოწონებული აქტივის შესყიდვა მაკლერისთვის ანაზღაურების მიცემის გარეშე. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ მეორე მოპასუხისთვის საშუამავლო მომსახურების გაწევის შედეგად გახდა ცნობილი ნასყიდობის საგნისა და გამყიდველის შესახებ სრული ინფორმაცია. 18.03.2022 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი მოსარჩელის საშუამავლო მომსახურების საფუძველზე მეორე მოპასუხის მიერ დათვალიერებული უძრავი ქონებაა, რომელიც მას ესაჭიროებოდა პლასტმასის საწარმოებლად. ნასყიდობის საგანი მეორე მოპასუხის მიერ ხელშეკრულების გაფორმებიდან 06 დღეში შეიძინა მასთან დაკავშირებულმა პირმა, რომელიც აწარმოებს პლასტმასს.
12. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზე, რომ 18.03.2022 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხესთან დაკავშირებულ პირს შორის დაიდო სწორედ მოსარჩელის მიერ გაწეული საშუამავლო მომსახურების შედეგად.
13. პირველი საკასაციო საჩივრის ავტორი უარყოფს მასსა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული უძრავი ქონების გასხვისების საბროკერო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შესაბამის პირობებზე ნების გამოვლენას. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული 25.01.2023 წლის კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ხელშეკრულების პირველ და ბოლო გვერდზე განთავსებული ხელმოწერები ეკუთვნის პირველ მოპასუხეს (ტ.1, ს.ფ.231-239). საქართველოს უზენაესი სასამართლო თავის ერთ-ერთ განჩინებაში აღნიშნავს, რომ ექსპერტის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ამასთან, ექსპერტი პროცესის მონაწილე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს. საბოლოოდ, სასამართლო განსაზღვრავს ექსპერტის დასკვნის იურიდიულ ძალას და ამ მტკიცებულების შეფასების შედეგად ადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს (სუსგ №ას-1152-2021, 31.01.2022წ.). პირველმა მოპასუხემ ვერ შეძლო თავის წილი მტკიცების ტვირთის წარმატებით რეალიზება და ვერ გააბათილა უძრავი ქონების გასხვისების საბროკერო მომსახურების თაობაზე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებებით ბოჭვის ფაქტი.
14. რაც შეეხება მოპასუხეებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას, კასატორებს არც ამ კუთხით არ აქვთ წარმოდგენილი დასაბუთებული პრეტენზია. აღსანიშნავია, რომ მოპასუხეების მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირების მიზნით გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) და შეამცირა მისი ოდენობა, რაც გონივრული ოდენობაა და მოპასუხეთა საკასაციო საჩივრების ფარგლებში არ არსებობს პირგასამტეხლოს დამატებით შემცირების რაიმე საფუძველი.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).
16. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ.
17. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებელია, პირველი საკასაციო საჩივრის ავტორს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2998 ლარის 70% – 2098.6 ლარი, ხოლო მეორე საკასაციო საჩივრის ავტორს - მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2424.81 ლარის 70% – 1697.36 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.წ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ი.ნ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
3. ი.წ–ძეს (პ/ნ:.......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2998 ლარის (საგადასახადო დავალება #6384, გადახდის თარიღი 27.06.2024წ.) 70% – 2 098.6 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. ი.ნ–ს (პ/ნ:.......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2424,81 ლარის (საგადასახადო დავალება #7359, გადახდის თარიღი 09.07.2024წ.) 70% – 1 697.36 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია