Facebook Twitter

საქმე № ას-365-2025 2 ოქტომბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ო.რ–ვა (აპელანტი, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ა–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 იანვრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 25.03.2017 წელს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. მარნეული, ........, (ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 192.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N01, ს/კ N..........), რეგისტრირებულია ს.ს–ის საკუთრების უფლება. უფლების რეგისტრაციის თარიღია 25.03.2017 წ, ხოლო, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 15/03/2017 წლის N4 საკუთრების უფლების მოწმობა წარმოადგენს.

2. საჯარო რეესტრის ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული, ქ. მარნეულში, .......... მდებარე სასურსათო მაღაზიისა და ა/სახელოსნოს ტექნიკური პასპორტი, გაცემულია, ს.ს–ის სახელზე, საიდანაც ირკვევა, რომ ქ. მარნეულში, ............ მდებარე სასურსათო მაღაზიის, ა/სახელოსნოს მშენებლობა (ლიტერი ,,ა“ და ლიტერი ,,ბ“) დაწყებულია 1991 წლიდან და ირიცხება ს.ს–ის სახელზე.

3. მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 15 მარტის N31 განკარგულებისა და N4 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, აღიარებულია, ს.ს–ის საკუთრება უძრავ ქონებაზე, ს.კ. ......... აღნიშნულის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.03.17წ გადაწყვეტილებით, უძრავ ქონებაზე, ს.კ. ......, აღრიცხულია ს.ს–ის საკუთრება.

4. 2017 წლის 27 მარტს, N.......საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, ს.ს–სა და ო.რ–ვას შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 41 ლარით.

5. 30.03.2017 წელს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. მარნეული, ........., (ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 192.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N01, ს/კ N.........), რეგისტრირებულია ო.რ–ვას საკუთრების უფლება. უფლების რეგისტრაციის თარიღია 30.03.2017 წ, ხოლო, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს 2017 წლის 27 მარტის N.......ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს.

6. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით, მ.ა–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 15 მარტის მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N2 სხდომის ოქმი, 2017 წლის 15 მარტის მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის N31 განკარგულება და საკუთრების უფლების მოწმობა N4. დაევალა მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და საჭიროების შემთხვევაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამავე გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 მარტის N882017235124-03 და 2017 წლის 25 მარტის N882016833111-16 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები. დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და საჭიროების შემთხვევაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივლისის განჩინებით, ო.რ–ვას; ს.ს–ის უფლებამონაცვლე ო.რ–ვას და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება.

8. ზემოაღნიშნული სასამართლო აქტების საფუძველზე, დასტურდება, რომ მარნეული, ......... (ყოფილი .........) ქუჩა N7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, მარნეულის რაიონის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში, 1991 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით ირიცხებოდა ა.ბ–ის სახელზე. 1991 წლის 27 დეკემბრიდან, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე - სიმონ ხოსროშვილის, ხოლო, 1995 წლის 20 დეკემბრიდან - გ.ქ–ძის სახელზე.

9. 1996 წლის 09 ივლისს, გ.ქ–ძესა და მ.ა–ს შორის, სანოტარო წესით დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გ.ქ–ძემ გაყიდა და მ.ა–მა იყიდა საცხოვრებელი სახლი, მდებარე: ქ.მარნეული, ........... (ყოფილი ..........) ქუჩა N7, რომელიც შედგება სამი საცხოვრებელი ოთახისაგან, საცხოვრებელი ფართით - 23,94 კვ.მ. განაშენიანების ფართი (შენობის ქვეშ) შეადგენს 60 კვ.მ.

10. 2008 წლის 29 მაისის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემებით, მ.ა–ზე, 09.07.1996 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა 23,94 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, ხოლო უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე დამხმარე ნაგებობა - 18,7 კვ.მ და აბანო 7,0 კვ.მ. მიწის ფართად, უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე მიეთითა 1150 კვ.მ. 13.06.2017 წლის ცნობა-დახასიათებით, ........ (.........) ქ.7-ში მდებარე 1090 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე, 1959 წლიდან აღრიცხულია ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში.

11. 2017 წლის 7 ივნისს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა მ.ა–მა და ქ. მარნეულში, .......... ქ.N7-ში მდებარე უძრავ ნივთზე (1031 კვ.მ.-ზე) სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სარეგისტრაციო წარმოებისას, სარეგისტრაციო მოთხოვნასა და უძრავ ნივთს - ს.კ. .......შორის, დადგინდა ზედდება.

12. 01.06.2022 წლის მდგომარეობით, N.......საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრედ, რომლის საფუძველს, როგორც აღინიშნა სადავო 2017 წლის 27 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს, კვლავ ო.რ–ვა ფიქსირდება

13. 15. 09.06.22წ., მ.ა–ის მიერ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილია N882022411272 განცხადება, ს/კ .......რეგისტრირებული უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ, გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.

14. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N882022411272-03 (16.06.2022) გადაწყვეტილებით, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს დაევალა, უძრავ ქონებაზე ს/კ ......., 27.03.17წ ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ამასთან, ვინაიდან, განმცხადებლის მიერ, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

15. 09.06.22წ., საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა განცხადება (N882022411323; განმცხადებელი: ბოლნისის რაიონული სასამართლო). განცხადებით მოთხოვნილია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მდებარე: ქალაქი მარნეული, ქუჩა ........., N7.სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 882022411323-05 (18.07.2022) გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა N882022411272 განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

16. N882022411323-16 (23.09.2022) გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს დაევალა, უძრავ ქონებაზე, ს/კ ........, 27.03.17წ ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ამასთან, ვინაიდან განმცხადებლის მიერ, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

17. 07.06.17 წ, მ.ა–ის მიერ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილია N882017483216 განცხადება, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, მდებარე ქალაქი მარნეული, ...... ქ. N7. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულის სააგენტოს N882017483216-33 (27.10.2022) გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ დაინტერესებული პირის სახელზე გაცემული ტექბიუროს საინვენტარიზაციო გეგმაზე ასახული ნაკვეთის კონფიგურაცია შეუსაბამოა ფაქტობრივ მდგომარეობასთან. სადავო მიწის ნაკვეთი, რომელიც რეგისტირებულია ს.კ .......კოდზე, არ შედის დაინტერესებული პირის სახელზე გაცემული ტექბიუროს საინვენტარიზაციო გეგმის საზღვრებში. ამასთან, საქმეზე წარდგენილი იყო ს.კ. .......რეგისტრაციის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი, ბოლნისის რაიონული სასამართლომ N 3/124-17 გადაწყვეტილება, თუმცა, სასამართლოს არ ჰქონდა ნამსჯელი უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის შესახებ. განცხადებელს დაევალა წარედგინა, კორექტირებული აზომვითი ნახაზი ს.კ .......ზედდების ნაწილში ან უძრავ ქონებაზე (ს/კ .........) 27.03.17წ ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, ვინაიდან, განმცხადებლის მიერ, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

18. ინდ. მეწარმე დამოუკიდებელი ექსპერტი, აუდიტორი ,,დ.რ–ის’’ 2022 წლის 02 ივნისის N005/1-8 დ.რ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, N.......საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების (რომელიც თავის თავში მოიცავს 192 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზედ განთავსებულ 100 კვ.მ. ფართის მქონე შენობა-ნაგებობას, რომელიც კომეტციული ტიპის ნაგებობაა და ამორტიზირებულია) ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება განისაზღვრება 24 000 ლარით, საიდანაც, 21 000 ლარი - მიწის ნაკვეთის, ხოლო, 3 000 ლარი, - შენობა-ნაგებობების ღირებულებებია.

19. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები

19.1. მ.ა–მა სარჩელი აღძრა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში ო.რ–ვას, როგორც მოპასუხე და ს.ს–ის უფლებამონაცვლე პირის მიმართ, და მოითხოვა N.......საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, ს.ს–სა და ო.რ–ვას შორის დადებული 2017 წლის 27 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

19.2. მ.ა–ი სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა: მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ, მიღებულია გადაწყვეტილება, N.......საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, ს.ს–ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

19.3. N.......საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, ს.ს–ის საკუთრების უფლება სადავო გახადა მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელის აღძვრის გზით. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით (რაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივლისის განჩინებით), ბათილად იქნა ცნობილი, სადავო უძრავ ქონებზე ს.ს–ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტები, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები ს.ს–ის, ო.რ–ვას საკუთრების რეგისტრაციის შესახებ.

19.4. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მოსარჩელემ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. გადაწყვეტილების აღსრულება ვერ შეძლო მარეგისტრირებელმა ორგანომ სადავო უძრავ ქონებაზე, ს.ს–სა და ო.რ–ვას (მეუღლე) შორის დადებული 2017 წლის 27 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების გამო.

19.5. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა რაიმე სამართლებრივ შედეგს, იგი დადებულია მოსაჩვენებლად, მხოლოდ იმ განზრახვით, რომ მოპასუხეს მიეთვისებია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ის უძრავი ქონება, რაც მის მფლობელობაში არასოდეს ყოფილა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ოჯახის წევრებს შორის სადავო უძრავი ქონების გასხვისებას ჰქონდა მხოლოდ ერთადერთი მიზანი, - უძრავ ქონებას ჰყოლოდა კეთილსინდისიერი შემძენი. მოპასუხეები თავიდანვე იყვნენ ინფორმირებულები, რომ სადავო უძრავი ქონება მათ არ ეკუთვნოდათ და შეცდომით იყო რეგისტრირებული მათ საკუთრებაში. სწორედ ამიტომ, ს.ს–ზე საკუთრების რეგისტრაციიდან 5 დღეში, ქონება გასხვისდა ო.რ–ვაზე (მეუღლე), 41 ლარად, როცა, სადავო ქონების ღირებულება, არსებული მდგომარეობით 24 000 ლარია.

20. მოპასუხის შესაგებელი

სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით, მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, და აღნიშნა, რომ სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება არ დგინდებოდა, შესაბამისად, მას განსახილველი დავისადმი იურიდიული ინტერესი არ გააჩნდა. მოპასუხე მხარის განმარტებით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით საკუთრების უფლების აღიარების კომისიის აქტები, სადავო საკითხის გადაუწყვეტლადაა ცნობილი ბათილად, რის გამოც, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საჯარო რეესტრში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. შესაბამისად, ამ ეტაპამდე, მარეგისტრირებელ ორგანოს არ განუსაზღვრავს მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ. ასევე, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სადავო ქონებაზე მისი საკუთრების უფლება, გარდა ბათილად ცნობილი საკუთრების უფლების აღიარების კომისიის აქტებისა, ასევე, დგინდება ტექნიკური ინვენტარიზაციის აღრიცხვის მონაცემებით, რომელიც 1991 წლით თარიღდება. მოპასუხე ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ დაცული არ არის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

21. ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით მ.ა–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი, 2017 წლის 27 მარტს, ერთი მხრივ, ს.ს–სა, და მეორე მხრივ, ო.რ–ვას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. მარნეული, ........, ს.კ. ........

22. სააპელაციო საჩივარი

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

23. სააპელაციო სასამართლოს განჩინება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

24. საკასაციო საჩივარი

24.1. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით მოპასუხემ, რომელმაც განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

24.2. კასატორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და უსაფუძვლო. სასამართლომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შედეგად, არასწორად შეაფასა. სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებებზე, რომლებსაც მოპასუხე სადავოდ ხდიდა. სასამართლო ურთიერთგამომცხავად უთითებს, რომ ქონების მესაკუთრის ვინაობა საჯარო რეესტრის კომპეტენციაა, თუმცა სევე უთითებს, რომ საინვენტრიზაციო გეგმებით ნახაზები, განმარტებითი ბარათითდა ადგილზე დათვალიერების ოქმით დაადგინა, რომ დაინტერესებული პირის მ.ა–ის სახელზე გაცემულ გეგმაზე ნაკვეთის კონფიგურაცია შეუსაბამოა ფაქტობრივ გარემოებეთან. სადავოა მიწის ნაკვეთიც, რომელიც არ შედის დაინტერესებული პირის, მ.ა–ის სახელზე გაცმული ტექბიუროს საინვენტარიზაციო გეგმის საზღვრებში. შესაბამისად, დადგენილია, რომ მოსარჩელეს არ აქვს და ვერც ექნება რამე სხვა სახის პრეტენზია იმ ქონებაზე, რომელიც მას ტექბიუროს საინვენტარიზაციო გეგმით არც სხვა რამე სახის დოკუმენტით სადაქოქონება საკუთრებაში არ ჰქონია. ამიტომ გაუგებარია სასამართლოს არგუმენტი, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობით თითქოს მოხდება ადრინდელი გადაწყვეტილებისა და განჩინების აღსრულება. ეს კი არანაირ კავშირშია მ.ა–თან ან მის საკუთრებასთან, რადგანნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა ვერ გამოიწვევს მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენას, ამიტომ მოსარჩელის სამართლებრივი ინტერესიც კი ვერ დგინდება სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ, ეს კი სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი უნდა ყოფილიყო.

24.3. ასევე არასწორადაა შეფასებული ხანდაზმულობის საკითხი. სასამართლოს არა თუ 6 წლიანი, არამედ 1 წლიანი ხანდაზმულობა უნდა გაევრცელებინა, სარჩელი კი ხუთი წლის გასვლის შედეგ არის სასამართლოში წარდგენილი.

24.4. სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ სადავო ხელშეკრულება მოჩვენებითია რაც დაადასტურა გარიგების ფასით, გარიგების მხარეების ნათესავური კავშირით. სასამართლომ ვერ უპასუხა, თუ რატომ გაასხვისა მაღალი ღირებულების ნივთი შეუსაბამო ფასად. ქონება შეფასებულია 24 000 ლარად 2022 წლის მონაცემებით, მაშინ, როდესაც ნასყიდობა დაიდო 2017 წელს, შესაბამისად, ნასყიდობის ოფიციალური ფასი სიმბოლურია.

24.5. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა იმ გარემოებას, რომ მ.ა–ის იურიდიული ინტერესი ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით უკავშირდებოდა მოცემულ საქმეს იმდაგვარად, რომ სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოსარჩელეს მიეცემა შესაძლებლობა, აღმოფხვრას მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი, წარადგინოს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მტკიცებულება და ამგვარად, სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების მოტივით, მარეგისტრირებელი ორგანომ, ყოველმხრივ, სრულად გამოიკვლიოს სადავო უძრავი ქონების ნამდვილი მესაკუთრის ვინაობის საკითხები.

24.6. კასატორის მითითებით, სასამართლო სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგოდ მსჯელობებს უთითებს გადაწყვეტილებაში, კერძოდ, ერთი მხრივ სასამართლო უთითებს იმ გარემოებაზე, რომ უძრავი ქონების მესაკუთრის ვინაობა საჯარო რეესტრის კომპეტენციაა, ხოლო, მეორე მხრივ, - საჯარო რეესტრმა საინვენტარიზაციო გეგმებით, ნახაზებით, განმარტებითი ბარათით და ადგილზე დათვალიერების ოქმით ცალსახად დაადგინა, რომ დაინტერესებული პირის, - მ.ა–ის სახელზე გაცემული ტექბიუროს საინვენტარიზაციო გეგმაზე ასახული ნაკვეთის კონფიგურაცია შეუსაბამოა ფაქტობრივ მდგომარეობასთან. სადავო მიწის ნაკვეთი, რომელიც რეგისტირებულია ს.კ ....... კოდზე, არ შედის დაინტერესებული პირის-მ.ა–ის სახელზე გაცემული ტექბიუროს საინვენტარიზაციო გეგმის საზღვრებში. ამდენად, დადგინდა, რომ მ.ა–ს არ აქვს და ვერც ექნება რაიმე პრეტენზია იმ ქონებაზე, რომელზეც მას ტექბბიუროს საინვენტარიზაციო გეგემით და არც სხვა რაიმე სახის დოკუმენტით სადავო ქონება საკუთრებაში არასოდეს ჰქონია და არც არასოდეს შეუძენია. შესაბამისად, სრულიად გაურკვეველი და უსაფუძვლოა სასამართლოს არგუმენტი, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობით მოხდება ბოლნისის რაიონული სასამართლოს 04.07.18 წლის გადაწყვეტილების, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.07.19 წლის განჩინების აღსრულება, რაც ფაქტია რომ არანაირ კავშირში არ არის მ.ა–თან ან მის საკუთრებასთან, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა ვერ გამოიწვევს მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენას, რის გამოც ვერ დგინდება მ.ა–ის სამართლებრივი/იურიდიული ინტერესი სადავო ხელშეკრულების ბათილობასთან მიმართებაში.

25. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

26. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

27. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

29. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

30. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

31. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

32. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

33. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

34. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

35. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოსთვის განსახილველ მთავარ სამართლებრივ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითობის გამო მისი ბათილად ცნობის, ასევე, ხანდაზმულობისა და იურიდიული ინტერესის მიმართ არსებული შედავების მართლზომიერების კვლევა. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, სწორედ ამ უკანასკნელ ორ საკითხზე იმსჯელებს, რადგან ერთ-ერთი მათგანის დადასტურება გამორიცხავს მთავარი სამართლებრივი პრობლემის განხილვის საფუძველს.

36. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და, აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე (იხ.: სუსგ №ას-1920-2018, 31.05.2019წ.). კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად: მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება, დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02.03.2017წ.; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: №ას-437-409-17, 29.09.2017წ., №ას-916-857-17 12.09.2017წ.; №ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; №ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.).

37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფა (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობისაა და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და, ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს (იხ.: სუსგ №ას-1389-2018, 30.11.2018წ.; №ას-1920-2018, 31.05.2019წ.). სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რისი დადგომაც სურს მოსარჩელეს ამგვარი აღიარებით. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოვლენაა. ასეთი ინტერესის არსებობა ყოველთვის გულისხმობს, რომ მხარე გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს ინტერესის ობიექტს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ - აუცილებელია მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით, ინტერესი მოიცავს შედეგებს, რომელიც კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად ობიეტურად მიღწევადი უნდა იყოს (იხ.: სუსგ №ას-1059-2019, 20.09.2019წ.).

38. პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად, მხარე სრულად გარკვეულ შედეგს უნდა იღებდეს, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა... (იხ. სუსგ №ას-838-802-2014, 19.03.2015წ.).

39. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილადაა ცნობილი, ს.კ. .......უძრავ ქონებაზე, ს.ს–ისა და ო.რ–ვას საკუთრების რეგისტრაციები, ასევე, ს.ს–ის შემთხვევაში, საკუთრების უფლების მდგენი დოკუმენტები (საკუთრების უფლების აღიარების კომისიის აქტები); თუმცა, სადავო ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების არსებობა დაფუძნებულია წინამდებარე საქმეში სადავოდ გამხდარ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე. საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით მოსარჩელის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი განცხადება დახარვეზდა იმ მოტივით, რომ განმცხადებელს დაევალა ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა. რადგან განმცხადებელმა (მოსარჩელემ) ვერ წარადგინა ასეთი სახის დოკუმენტი, რეესტრმა წარმოება შეწყვიტა, ამიტომ, ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილება ამ მომენტისთვის აღუსრულებელი რჩება სწორედ იმ მიზეზით, რომ ძალაშია წინამდებარე საქმეში სადავოდ გამხდარი ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული დასაბუთებით, უკვე ცალსახადაა თუ რა არის მოსარჩელის იურიდიული ინტერესი - სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაბათილდება ნასყიდობის ხელშეკრულება და იარსებებს საკუთრების რეგისტრაციის შესახებ შეწყვეტილი წარმოების განახლებისა და მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის სამართლებრივი წინაპირობები.

40. სასარჩელო მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითობის გამო ბათილად ცნობაა, რაც აღიარებითი სარჩელის სახეა. თუ კი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება, მოსარჩელეს მიეცემა შესაძლებლობა, აღმოფხვრას მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი, წარადგინოს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მტკიცებულება და შესაბამისად, სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების მოტივით, მარეგისტრირებელი ორგანომ, ყოველმხრივ, სრულად გამოიკვლიოს სადავო უძრავი ქონების ნამდვილი მესაკუთრის ვინაობის საკითხები. აღნიშნული ცალსახად მეტყველებს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობაზე, აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის შედავება ამ ნაწილში ვერ იქნება გაზიარებული.

41. რაც შეეხება ხანდაზმულობის საფუძვლით შედავებას, სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს.

42. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია 2017 წლის 27 მარტს, ხოლო სარჩელი წარდგენილია 2022 წლის 27 ივნისს, შესაბამისად, ცალსახაა, რომ დაცულია უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნის 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილშიც ვერ გაიზიარებს საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიას.

43. რადგან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი ზემოაღნიშნულ ნაწილებში ვერ იქნა დაკმაყოფილებული, სასამართლო განიხილავს უშუალოდ მთავარ სამართლებრივ პრობლემას, რაც გარიგების ბათილობას შეეხება ნების გამოვლენის მოჩვენებითობის გამო.

44. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხს სსკ-ის 56-ე მუხლი აწესრიგებს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

45. მოჩვენებითია გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი გარეგნულად კი გამოხატავენ ნებას, იქცევიან ისე, თითქოს ნამდვილად სურდეთ ამ გარეგნულად გამოხატულის მიღწევა, სინამდვილეში კი არც ფიქრობენ ამ შედეგის დადგომაზე (ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2011, გვ. 361).

46. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში განმარტებულია, რომ მოჩვენებით გარიგებას ორი ძირითადი ნიშანი ახასიათებს: პირველი, ის დადებულია მოსაჩვენებლად და, მეორე, მხარეებს არა აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს (სუსგ-ები №ას-976-908-2017, 22.01.2018წ; №ას-366-2019, 17.05.2019წ; №ას-603-562-2017, 10.07.2019წ; №ას-1483-2020, 19.03.2021წ.).

47. მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ.).

48. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია, ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას (სუსგ-ები №ას-571-879-2009, 30.04.2010წ; №ას-1439-1357-2012, 01.07.2013წ; №ას-171-159-2015, 29.04.2015წ; №ას-921-861-2017, 28.11.2017წ; №ას-1305-2018, 21.12.2018წ; №ას-366-2019, 17.05.2019წ; №ას-928-2019, 22.10.2019წ.).

49. პრაქტიკის თანახმად, საკასაციო სასამართლოს სსკ-ის 56.1-ე მუხლის საფუძველზე პრეზუმირებულად მიაჩნია მხარეთა (პაპისა და შვილიშვილის) საერთო მიზნით მოქმედება, რადგან ასეთ დროს ივარაუდება, რომ ერთი ოჯახის წევრებს ერთმანეთის განზრახვის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა, ამ შემთხვევაში ნათესაური კავშირი მხოლოდ ერთ-ერთი ელემენტია, რადგან ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული წინაპირობაა გადამწყვეტი, რომ ფიქტიურად გაფორმებული ხელშეკრულებას არ მოჰყოლია ის სამართლებრივი შედეგი, რაც უნდა დამდგარიყო (იხ. სუსგ-ები: N ას-1257-2022, 23.06.2023წ; N ას-136-2021, 05.04.2022წ; N ას- 1314-2020, 22.02.2022წ; N ას-976-908-2017, 22.01.2018წ; შეად. სუსგ-ებს: N ას-1212-1138-2015, 06.06.2016წ; N ას 871-821-2015, 05.02.2016წ; N ას-487-461-2015, 17.06.2015წ; წN ას-1266-1195-2012, 14.11.2013 წ.).

50. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთი მოჩვენებითი გარიგებების შემთხვევაში იმ პირს ეკისრება, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას. თუნდაც, მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, მოსარჩელის მტკიცების ტვირთია (შდრ. სუსგ №ას-1439-1357-2012, 01.07.2013წ; №ას-862-812-2015, 11.11.2015წ.).

51. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პოზიცია სწორედ ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურებაა. მოსარჩელის მხარეს კი ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ არსებული მტკიცების ტვირთია, რომლითაც უნდა დაესაბუთებინა გარიგების მოჩვენებითობა. მოსარჩელე მტკიცების ტვირთის ამ ვალდებულებას აფუძნებს იმაზე, რომ გარიგების მხარეები არიან ოჯახის წევრები - ცოლ-ქმარი, ხოლო ხელშეკრულების დადების მიზანი რეალურად იყო მესამე პირთა მოტყუება. ამავდროულად, ცოლ-ქმარს შორის ნასყიდობის ხელშეკრულებასთან ერთად დადგენილია, რომ ნასყიდობის ფასი შეადგენდა 41 ლარს, მაშინ, როდესაც მისი საბაზრო ღირებულება 24 000 ლარადაა შეფასებული. აღნიშნული გარემოებები, ზემოაღნიშნული დასაბუთების შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ნამდვილად საკმარისია იმისათვის, რომ სადავო გარიგება მიჩნეული იყოს მოჩვენებითად, განსაკუთრებით ისეთ ვითარებაში, როდესაც მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია სასამართლოში რამე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარიგების ნამდვილობას. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა.

52. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას, იმისთვის, რომ ის დასაშვებად იქნეს ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო.რ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი