საქმე №ას-959-2025 30 სექტემბერი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
არჩილ კოჭლამაზაშვილი, თეა ძიმისტრაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები - ა.მ–ძე, ნ.მ–ძე, დ.მ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.მ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ნ.მ–ძის (შემდეგ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე; კანონიერი წარმომადგენელი - ს.ჩ–ი) სარჩელი ა.მ–ძის (შემდეგ - პირელი მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი), ნ.მ–ძის (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი) და დ.მ–ძის (შემდგომ - მესამე მოპასუხე, მესამე აპელანტი, მესამე კასატორი) მიმართ, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, ........... (ახალი ნუმერაციით N142) მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონების (დაზუსტებული ფართობი 1467 კვ.მ, ს/კ .........) გამოთხოვნისა და მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხეებმა საჩივრით გაასაჩივრეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხეთა საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 მაისის განჩინებით, აპელანტთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
4. კასატორთა მითითებით, სარჩელი ჩაიბარა პირველმა მოპასუხემ, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აღენიშნება, კერძოდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას კონცენტრირება მოახდინოს ყოფით საკითხებზე, რომლის დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტაცია წარმოდგენილია სასამართლოში. დანარჩენმა მოპასუხეებმა არ იცოდნენ სასამართლოში მათ წინააღმდეგ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით. აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო.
5. გასათვალისწინებელის ის ფაქტი, რომ მეორე და მესამე მოპასუხეები პენსიონერები არიან, პირველ მოპასუხე კი ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების გამო ვერ ახერხებს მუშაობას და პენსიონერი მშობლების კმაყოფაზეა. აღნიშნული საცხოვრებელი მათთვის ერთანდერი თავშესაფარია.
6. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხეებს ასევე დაეკისრათ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 60 ლარის გადახდა და ადვოკატის მომსახურების ხარჯის 160 ლარის გადახდა, რაც მათთვის ფინანსურად მძიმე ტვირთს წარმოადგენს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
11.1 მოსარჩელე აღრიცხულია სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ, რომელსაც მოპასუხეები მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობენ.
11.2 2024 წლის 28 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ შესაგებლის წარუდგენლობის გამო მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მესაკუთრეს (მოსარჩელეს).
12. საკასაციო პალატის შეფასების საგანია სსსკ-ის 2321 მუხლის (მოპასუხეთა მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შედეგები) შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება, ანუ რამდენად მართებულად შეაფასა თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საპროცესოსამართლებრივი წინაპირობები და არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ით გათვალისწინებული საფუძვლები.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 2321 მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის ვლინდებოდა ყველა კანონისმიერი წინაპირობა, კერძოდ, სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოპასუხე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, მას სარჩელი და თანდართული მასალები დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული და ამომწურავად განმარტებული - 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ეს ფაქტობრივი წინაპირობები განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა მოთხოვნას იურიდიული თვალსაზრისით. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელ მატერიალურსამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება ქმნის თუ არა მოთხოვნის მომწესრიგებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დავის საგნის გათვალისწინებით მართებულად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 170-ე, 172-ე მუხლების თანახმად, სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ვლინდებოდა ყველა ის წინაპირობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.
15. კასატორები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ გზავნილი ჩაიბარა პირველმა მოპასუხემ, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლება იმის საშუალებას, რომ კონცენტრირება მოახდინოს ყოფით საკითხებზე, რის გამოც, ვერ მოხერხდა სარჩელის გაცნობა და განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარდგენა.
16. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს, კერძოდ, სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
17. იმავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
18. ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს იმის შესაძლებლობას, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში, გზავნილი ჩაჰბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, რაც ამავე დოკუმენტის თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება (ითვლება გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად) და სასამართლოს შეუძლია, განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება.
19. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლითაც დასტურდება, რომ პირველ მოპასუხეს შესაგებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დახმარებით 2024 წლის 29 მაისს ჩაჰბარდა სამ ეგზემპლარად, რაც ამ უკანასკნელმა ხელწერილით დაადასტურა.
20. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ შესაძლებლობას სსსკ-ის 241-ე მუხლი განსაზღვრავს (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის), საპატიო გარემოებათა სამართლებრივ წრეს კი, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს (რომლის შესატყვისად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა უნდა დადასტურდეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე).
21. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამასთან, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
22. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორთა პრეტენზიებზე სადავო საკითხთან მიმართებით და განმარტავს, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად არ დასტურდება შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა. საკასაციო პალატა პირველ მოპასუხის სახელზე გაცემულ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებს, მსგავსად ნებისმიერი მტკიცებულებისა, აფასებს სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით და მიიჩნევს, რომ შესაგებლის წარუდგენლობის საპატიოობის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა, რადგან საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის შესახებ ცნობები არ ადასტურებს პირველი მოპასუხის ისეთ მდგომარეობას, რაც შეუძლებელს გახდიდა მოპასუხეთათვის ინფორმაციის მიწოდებას, კერძოდ, საქმეში არსებული №1042 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომელიც გაცემულია 2021 წლის 20 მაისს, მაშინ როდესაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თარიღია 2024 წლის 28 ივნისი (სარჩელი ჩაბარდა 2024 წლის 29 მაისს), არ ადასტურებს სადავო გარემოებას (ანამნეზის მიხედვით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში აღენიშნებოდა პირის სიმშრალე, გახშირებული წყურვილი, წონაში კლება და ა.შ), ისევე როგორც დანარჩენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები, რომლებიც გაცემულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ 2024 წლის 1 და 2 აგვისტოს, მოკლე ანამნეზში კი მითითებულია დიაბეტი და მისი თანმდევი სიმპტომები, ხოლო ჩატარებულ დიაგნოსტიკური გამოკვლევებსა და კონსულტაციებში - ენდოკრინოლოგისა და ნევროლოგის კონსულტაცია. პენიტენციური დეპარტამენის №8 დაწესებულების მიერ გაცმულ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაც იმავე ანამნეზზე მიუთითებს, მისი გაცემის თარიღი კი არ დგინდება.
23. პალატა აღნიშნავს, რომ გზავნილი ჩაიბარა პირველმა მოპასუხემ, როგორც პირადად ასევე როგორც მოპასუხეთა ოჯახის წევრმა (შვილმა) და გზავნილის ადრესატებისათვის გადაცემის დროს დამაბრკოლებელ გარემოებებზე არ მიუთითებია. ამათან, საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის შესახებ ცნობები კასატორთა მიერ მითითებულ გარემოებას არ ადასტურებს, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, კასატორებმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთეს ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად შეფასდებოდა, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
24. რაც შეეხება საკასაციო პრეტენზიებს, რომლის თანახმად, პირველ მოპასუხეს აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო მეორე და მესამე მოპასუხეები პენსიონერები არიან, აღნიშნული გარემოებები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება. დაკისრებულ სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან დაკავშირებით კი პალატა მიუთითებს, რომ ხარჯები კანონმდებლობის (სსსკ-ის მე-14, 38-39, 41-ე, 53-54-ე მუხლები) შესაბამისად იქნა დაკისრებული და მისი გაუქმების წინაპირობების არ იკვეთება.
25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
26. საკასაციო პალატის მითითებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხილეთ: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.).
27. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ (Gakharia v Georgia N30459/13, 06/12/2016), მიიჩნია, რომ სასამართლოს უნდა შეესწავლა ორი ძირითადი საკითხი: პირველი - გამოიჩინა თუ არა საქართველოს სახელმწიფომ საკმარისი გულმოდგინება ყველა საჭირო ზომის მიღებით, რათა ეცნობებინა მომჩივნისთვის (განმცხადებლისათვის) საქმის წარმოების დაწყების თაობაზე, რომელიც შეეხებოდა მისთვის მშობლის უფლებების შესაძლო შეზღუდვას და ამასთან დაკავშირებით მომჩივანმა (განმცხადებელმა) განაცხადა თუ არა უარი საკუთარ უფლებაზე, წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე და დაეცვა თავი; და მეორე - უზრუნველყო თუ არა ეროვნულმა კანონმდებლობამ მომჩივანი (განმცხადებელი) შესაბამისი სამართლებრივი საშუალებებით, რათა დაცული ყოფილიყო შეჯიბრებითობის პრინციპი ახალ სასამართლო სხდომაზე, როდესაც მან შეიტყო მის წინააღმდეგ დაუსწრებლად გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ (§38). საქმეზე დადგინდა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა (Gakharia v Georgia N30459/13, 06.12.2016, § 49-51). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „ბართაია საქართველოს წინააღმდეგ“ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ფორმალისტური და მოუქნელი მიდგომა ეწინააღმდეგება გულმოდგინების პრინციპს; ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გამოიჩინონ გულმოდგინება, რათა უზრუნველყონ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებებით ეფექტიანი სარგებლობა (იხ.: „ბართაია საქართველოს წინააღმდეგ“ (Bartaia v Georgia/საჩივარი N10978/06, ECHR). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით საქმეზე „ავოტინში ლატვიის წინააღმდეგ“, რომელშიც განმცხადებლის ერთ-ერთი პრეტენზია იყო, მის წინააღმდეგ მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე მითითების არარსებობა, არ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა და განმარტა, რომ განმცხადებელი უნდა გაცნობოდა კვიპროსის სასამართლოებში შესაძლო განხილვის წესს. არ მოიპოვა რა აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია, მან, თავისი უმოქმედობითა და მონდომების არარსებობით, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმ ვითარების შექმნას, რომელზეც იგი ჩიოდა ევროპულ სასამართლოში და რომელიც შეეძლო აეცილებინა ზიანის გარეშე (CASE AVOTIŅŠ v. LATVIA, Application no. 17502/07, [დიდი პალატა], JUDGMENT, 2016 წლის 23 მაისი, §123-124) - (იხ. თენგიზ ლილუაშვილი, გია ლილუაშვილი, ვალერი ხრუსტალი, ზურაბ ძლიერიშვილი - სამოქალაქო საპროცესო სამართალი, ნაწილი II, გვ.255-257; თბილისი, 2023წ.).
28. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
29. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
31. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ.: სუსგ №ას-604-2020, 21.09.2021წ.; №ას-1078-998-2017, 25.11.2017წ.).
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. კასატორები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.მ–ძის, ა.მ–ძისა და დ.მ–ძე საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი