საქმე №ას-319-2024 15 ოქტომბერი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – ნ.ქ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სს „თ.ბ–ის“ განცხადება დაკმაყოფილდა - ნ.ქ–ძეს აეკრძალა საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში კუთვნილ ანგარიშებზე ყოველთვიურად ჩარიცხული თანხიდან 1430 ლარის განკარგვა, მაგრამ არაუმეტეს ყოველთვიურად ჩარიცხული თანხის 50%-ისა, ჯამურად 77 113.40 ლარის ფარგლებში.
2. ზემოაღნიშნული განჩინება ნ.ქ–ძემ საჩივრით გაასაჩივრა და უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
4. ნ.ქ–ძემ განცხადებით მომართა საქარველოს უზენაეს სასამართლოს და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეთა შორის შედგა შეთანხმება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე მისი საჩივრის განუხილველად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. 2025 წლის 10 ოქტომბერს ნ.ქ–ძემ განცხადებით მომართა სასამართლოს, განაცხადა, რომ აღარ აქვს საჩივრის განხილვის ინტერესი და მოითხოვა საჩივრის განუხილველად დატოვება.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. ამავე კოდექსის 1971 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
9. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოსთვის დადგენილი წესით, საქმის განხილვის მომწესრიგებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
10. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
11. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჩივრის ავტორმა უარი განაცხადა საჩივარზე, პალატა მიიჩნევს, რომ ნ.ქ–ძის საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 1971 -ე, 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ქ–ძის შუამდგომლობა საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს წარმოება ნ.ქ–ძის საჩივარზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა