Facebook Twitter

საქმე№ას-835-2025 23 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი), თეა ძიმისტარაშვილი, ლევან მიქაბერიძე

კასატორი – მ.წ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – მ.კ–ძე, ვ.კ–ძე, თ.კ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. მ.წ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოითხოვა:

1.1.1. მ.კ–ძეს, არასრულწლოვანი ძმისშვილების - 2008 წლის 15 ნოემბერს დაბადებული ნ.კ–ძის, 2010 წლის 2 აპრილს დაბადებული ნ.კ–ძის და 2012 წლის 15 ივნისს დაბადებული ა.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტი ყოველთვიურად თითოეულისათვის 2 000 ლარი, სარჩელის აღძვრის მომენტიდან ბავშვების სრულწლოვნებამდე.

1.1.2. ვ.კ–ძეს არასრულწლოვანი შვილიშვილების - 2008 წლის 15 ნოემბერს დაბადებული ნ.კ–ძის, 2010 წლის 2 აპრილს დაბადებული ნ.კ–ძის და 2012 წლის 15 ივნისს დაბადებული ა.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტი ყოველთვიურად თითოეულისათვის 175 ლარი, სარჩელის აღძვრის მომენტიდან ბავშვების სრულწლოვნებამდე.

1.1.3. თ.კ–ძეს არასრულწლოვანი შვილიშვილების - 2008 წლის 15 ნოემბერს დაბადებული ნ.კ–ძის, 2010 წლის 2 აპრილს დაბადებული ნ.კ–ძის და 2012 წლის 15 ივნისს დაბადებული ა.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტი ყოველთვიურად თითოეულისათვის 175 ლარი, სარჩელის აღძვრის მომენტიდან ბავშვების სრულწლოვნებამდე.

2. მოპასუხეების პოზიცია

2.1. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, მ.წ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

5.2. მოსარჩელე 2007 წლიდან ფაქტობრივ, ხოლო 2012 წლის 2 ივლისიდან - რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ა.კ–ძესთან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: 2008 წლის 15 ნოემბერს დაბადებული ნ.კ–ძე, 2010 წლის 2 აპრილს დაბადებული ნ.კ–ძე და 2012 წლის 15 ივნისს დაბადებული ა.კ–ძე. (ქოწინების მოწმობა (ს. ფ. 28); დაბადების მოწმობები (ს. ფ. 29, 30, 31); მხარეების ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-10, 130, 2024 წლის 5 თებერვლის და 2024 წლის 28 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმები).

5.3. ა.კ–ძე გარდაიცვალა 2019 წლის 9 იანვარს. იმავე დღეს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის დეპარტამენტის მე-4 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ქ. თბილისში, ......... მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „რომპეტროლის“ ტერიტორიაზე ა.კ–ძის გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. (იხ. გარდაცვალების მოწმობა (ს. ფ. 32); სისხლის სამართლის საქმის თავფურცელი (ს. ფ. 50); გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი (ს. ფ. 51).

5.4. არასრულწლოვანი ბავშვები ნ.კ–ძე, ნ.კ–ძე და ა.კ–ძე ცხოვრობენ დედასთან - მ.წ–ძესთან ერთად. (ს. ფ. 3-10, 130, 2024 წლის 5 თებერვლის და 2024 წლის 28 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმები).

5.5. არასრულწლოვნები - ნ.კ–ძე, ნ.კ–ძე და ა.კ–ძე ირიცხებიან თბილისის არქიმედეს სკოლაში. ნ.კ–ძე ირიცხება მე-9 კლასში და მისი სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს 5000 ლარს, ნ.კ–ძე ირიცხება მე–8 კლასში და მისი სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს 4500 ლარს, ა.კ–ძე ირიცხება მე-6 კლასში და მისი სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს 4 050 ლარს. (შპს თბილისის არქიმედეს სკოლის 2023 წლის 12 სექტემბრის ცნობა (ს. ფ. 103-104).

5.6. მოპასუხე მ.კ–ძე არის 2019 წლის 9 იანვარს გარდაცვლილი ა.კ–ძის ძმა და არასრულწლოვანი ბავშვების ბიძა, ხოლო ვ.კ–ძე და თ.კ–ძე არიან ა.კ–ძის მშობლები და არასრულწლოვნების პაპა-ბებია. მტკიცებულება: ა.კ–ძის დაბადების მოწმობა (ს. ფ. 36); მხარეების ახსნა[1]განმარტება (ს. ფ. 3-10, 130, 2024 წლის 5 თებერვლის და 2024 წლის 28 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმები).

5.7. მ.წ–ძის მამა - ვ.წ–ძე გარდაიცვალა 2019 წლის 1 ივლისს. მტკიცებულება: მ.წ–ძის დაბადების მოწმობა (ს. ფ. 33); ვ.წ–ძის და თ.წ–ძის ქორწინების მოწმობა (ს. ფ. 34); ვ.წ–ძის გარდაცვალების მოწმობა (ს. ფ. 35).

5.8. 2019 წლის 7 აგვისტოს ნოტარიუს ზ.ზ–ის მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად მ.წ–ძე, ნ.კ–ძე, ნ.კ–ძე და ა.კ–ძე არიან 2019 წლის 9 იანვარს გარდაცვლილი კ–ძის პირველი რიგის მემკვიდრეები, რომლებმაც მიიღეს ა.კ–ძის დანაშთი სამკვიდრო ქონება თითოეულმა: 1. შპს L. N-ის ა.კ–ძის კუთვნილი 100%-იანი წილის 1/12 ნაწილი, 2. სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის მოდელია LAND ROVER RANGEROVER SPORT, ტიპი - მაღალი გამავლობის, გამოშვების წელი - 2011, სარეგისტრაციო ნომერი - AA008NN, 1/12 ნაწილი, 3. სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის მოდელია LEXUS LS 460 I, სედანი, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2008, სარეგისტრაციო ნომერი - ANN012, 1/12 ნაწილი, მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში. (2019 წლის 7 აგვისტოს სამკვიდრო მოწმობა (ს. ფ. 79-83).

5.9. 2019 წლის 20 აგვისტოს თ.კ–ძემ და ვ.კ–ძემ განცხადებითმიმართეს ნოტარიუსს და დაადასტურეს, რომ ა.კ–ძის სამკვიდრო ქონება მიღებული არ აქვთ. აღნიშნული განცახდების საფუძველზე 2019 წლის 2 სექტემბერს სამკვიდრო მოწმობაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, მ.წ–ძე, ნ.კ–ძე, ნ.კ–ძე და ა.კ–ძე თანაბარ წილებში მიიღებენ გარდაცვლილი ა.კ–ძის დანაშთ ღიად დატოვებულ წილს, შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობა ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: მ.წ–ძე, ნ.კ–ძე, ნ.კ–ძე და ა.კ–ძემ, როგორც ა.კ–ძის პირველმა რიგის მემკვიდრეებმა, ამ სამკვიდრო მოწმობით მიიღეს გარდაცვლილი ა.კ–ძის დანაშთი 4 სამკვიდრო ქონება თითოეულმა: 1. შპს „L“-ის ა.კ–ძის კუთვნილი 100%-იანი წილის ნახევრის (1/2 წილზე გაიცა საკუთრების მოწმობა) ¼ ნაწილი, რაც შეადგენს 100%-იანი წილის 1/8 ნაწილს, 2. სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის მოდელია LAND ROVER RANGEROVER SPORT, ტიპი - მაღალი გამავლობის, გამოშვების წელი - 2011, სარეგისტრაციო ნომერი - AA008NN, ნახევრის (1/2 წილზე გაიცა საკუთრების მოწმობა) ¼ ნაწილი, რაც შეადგენს მთლიანი სატრანსპორტო საშუალების 1/8 ნაწილს, 3. სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის მოდელია LEXUS LS 460 I, სედანი, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2008, სარეგისტრაციო ნომერი - ANN012, ნახევრის (1/2 წილზე გაიცა საკუთრების მოწმობა) ¼ ნაწილი, რაც შეადგენს მთლიანი სატრანსპორტო საშუალების 1/8 ნაწილს (2019 წლის 2 სექტემბერის ნოტარიუს ზ.ზ–ის სამკვიდრო მოწმობის გაცემის ცვლილება (ს. ფ. 85-89); თ.კ–ძისა და ვ.კ–ძის განცხადება (ს. ფ. 89-90).

5.10. 2023 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით, სსიპ შემოსავლების სამსახურში მ.წ–ძის მიერ 2022 წლის ოქტომბრიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. (სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 აგვისტოს ცნობა (ს. ფ. 102); სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 დეკემბრის წერილი (ს. ფ. 207).

5.11. მ.წ–ძე სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრში იმყოფება აღრიცხვაზე, შვილების - ნ.კ–ძის, ნ.კ–ძის და ა.კ–ძის, როგორც მარჩენალის გარდაცვალების გამო, სოციალური პაკეტის მიმღები. ის ღებულობს თვეში 300 ლარს. (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრის 2023 წლის 27 სექტემბრის ცნობა (ს. ფ. 100).

5.12. მ.წ–ძის სახელზე ირიცხება უძრავ ქონება: - მის.: ქ. თბილისი, ........... (ს.კ. .............); - მის.: ქ. თბილისი, ........... (ს.კ. ...........); - მის.: მცხეთა, .......... (ს.კ. ........). უძრავი ქონება - მის.: ქ. თბილისი, ......... (სკ .........) ირიცხებოდა მ.წ–ძის (5/8 წილი), ა.კ–ძის (1/8 წილი), ნ.კ–ძისა (1/8 წილი) და ნ.კ–ძის (1/8 წილი) თანასაკუთრებაში, საკუთრების მოწმობისა (ცოცხლად დარჩენილი მეუღლის წილზე) და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. აღნიშნული უძრავი ქონება 2021 წლის 16 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა შპს „კ ს“-ს. უძრავი ქონება - მის.: ქ. თბილისი, ........ (ს.კ. ..........) და მის.: ქ. თბილისი, ........., ავტოსადგომი №30 (ს.კ. ...........) ირიცხება მ.წ–ძის, ა.კ–ძის, ნ.კ–ძისა და ნ.კ–ძის თანასაკუთრებაში, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. უძრავი ქონება - მის.: ქ. თბილისი, ....... (ს.კ. ........) ირიცხება ა.კ–ძის, ნ.კ–ძისა და ნ.კ–ძის თანასაკუთრებაში, სამკვიდრო მოწმობის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. (საჯარო რეესტრის ამონაწერები (ს. ფ. 161-170).

5.13. მ.წ–ძე 2002 წლის 1 აპრილიდან დასაქმებული იყო „თ–ში“, საიდანაც გათავისუფლდა 2004 წლის 26 ივლისს. მ.წ–ძე ასევე დასაქმებული იყო საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, 2004 წლის 16 აგვისტოდან 2005 წლის 14 აპრილამდე. 2006 წლის 1 აგვისტოდან 2009 წლის 28 თებერვლის ჩათვლით ის მუშაობდა სს „თ.ბ–ში“ მოლარე-ოპერატორის და ფრონტ-დესკის ოფიცრის თანამდებობაზე. სს ,,საქართველოს ბანკის“ 2023 წლის 26 ოქტომბრის წერილი და ,,თ–ის“ ბრძანება (ს. ფ. 477, 478), - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის 2023 წლის 25 ოქტომბრის ცნობა (ს. ფ. 479); - სს ,,თ.ბ–ის“ 2023 წლის 13 ოქტომბრის ცნობა (ს. ფ. 480).

5.14. შპს „L.N“-ის დირექტორს და 62,5% წილის მქონე პარტნიორს წარმოადგენს მ.წ–ძე, ხოლო არასრულწლოვანი შვილები: ნ.კ–ძე, ნ.კ–ძე და ა.კ–ძე, არიან ამავე კომპანიის თითოეული 12.5 % წილის მფლობელი პარტნიორები. (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს. ფ. 159-160, 481-482).

5.15. 2019 წლის 1-ელი აპრილის, 2022 წლის 21 ოქტომბრის, 2023 წლის 26 იანვრის მდგომარეობით, შპს ,,L.N”-ის სახელზე რეგისტრირებულია ოთხი სატრანსპორტო საშუალება, რომელთა რეკვიზიტებია: 1. DOOSAN DAEW00 DX300LC, სახ. ნომერი - ..., სარეგისტრაციო მოწმობა - TV0342548, გამოშვების წელი - 2006, რეგ. თარიღი - 06.11.2014წ., 2. HYUNDAI R22OLC-9S, სახ. ნომერი - ...., სარეგისტრაციო მოწმობა - ALO262927 გამოშვების წელი - 2012, რეგ. თარიღი - 06.01.2013წ., 3. MAN33. 464 , სახ. ნომერი - ...., სარეგისტრაციო მოწმობა - TVO341555, გამოშვების წელი - 1999, რეგ. თარიღი - 06.11.2014წ., 4. GOLDHOFER STZ-L3-36/80, სახ. ნომერი - ..., სარეგისტრაციო მოწმობა - TVO348556 გამოშვების წელი - 1999, რეგ. თარიღი - 06.11.2014წ. (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 1 აპრილის, 2022 წლის 21 ოქტომბრის, 2023 წლის 26 იანვრის ცნობები (ს. ფ. 483-484, 485-486, 487-489).

5.16. 2019 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით, შპს „L.N“-ის სახელზე რეგისტრირებულ 2 (ორი) ერთეულ ექსკავატორს, 1 (ერთი) ერთეულ უნაგირა საწევარას, 1 (ერთი) ერთეულ სპეციალიზებულ ნახევარმისაბმელს, 1 (ერთი) ერთეულ პიკაპის ტიპის ავტომობილს, აღენიშნებოდათ ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის დამახასიათებელი კვლები. ისინი წარმოდგენილი სახით იყვნენ ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში. (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 აგვისტოს დასკვნა (ს. ფ. 490-502).

5.17. 2019 წლის 4 სექტემბერს მ.წ–ძემ განცხადებით მიმართა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებას შპს „L.N“-ის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების უნებართვო გადაადგილებასთან და ადგილზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიტყო მისი გარდაცვლილი მეუღლის ყოფილი პარტნიორისაგან. (განცხადება, ზეპირი გასაუბრების ოქმი, რეაგირების ოქმი (ს. ფ. 6 50, 504-505, 506-507).

5.18. 2022 წლის 5 იანვარს, ერთის მხრივ შპს „L.N“-მა, როგორც „გამყიდველმა“, და მეორეს მხრივ გ.ბ–ძემ, როგორც „მყიდველმა“ გააფორმეს შეთანხმება სატრანსპორტო საშუალებების განვადებით გაყიდვის შესახებ, რომლის თანახმად, გამყიდველი ყიდის შპს „L.N“-ის სახელზე რიცხულ ორ სატრანსპორტო საშუალებას, კერძოდ, 1. MAN 33. 464 ტიპი - უნაგირა საწევარა, გამოშვების წელი - 1999, 15 000 აშშ დოლარად და GOLDHOFER STZ-L3-36/80, ტიპი - სპეციალიზებული ნახევარმისაბმელი, სახ. გამოშვების წელი - 1999, 10 000 აშშ დოლარად. მყიდველმა გამყიდველს 2022 წლის 5 იანვარს გადაუხადა 10 000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა გადაეხადა 2022 წლის 30 აპრილის ჩათვლით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დარჩენილ 15 000 აშშ დოლარზე გააფორმებენ აღიარების ხელშეკრულებას სანოტარო აქტით. ამავე დღეს 2022 წლის 5 იანვარს შპს „L.N“-ის დირექტორმა და 62,5% წილის მფლობელმა პარტნიორმა მ.წ–ძემ გასცა მინდობილობა გ.ბ–ძის სახელზე, გასხვისებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის (გასხვისების უფლების გარეშე), საზღვარგარეთ გაყვანის, სამუშაოდ გამოყენების და ა.შ. სხვადასხვა უფლებამოსილების მინიჭების უფლებით (ტ.1,ს. ფ. 508-511).

5.19. 2023 წლის 16 თებერვალს შპს ,,L.N”-მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე გ.ბ–ძის მიმართ ხელშეკრულების მოშლის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით (ტ.1,ს.ფ.512-519).

5.20. შპს „თ.ე–ის“ აბონენტის ბარათის მიხედვით, მისამართზე: ქ. თბილისი, ........., ბინა 10-ის გაზმომარაგების ხარჯი 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით შეადგენს 0 ლარს, ხოლო მისამართზე: ქ. თბილისი, .........., 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით ჯამში შეადგენს 486,66 ლარს. ,,თელმიკოს“ აბონენტის ბრუნვის ისტორიის მიხედვით მისამათზე: ქ. თბილისი, ........., სხვენი, 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით დავალიანებამ ჯამში შეადგინა 724,69 ლარი. მისამართზე: ქ. თბილისი, ........., 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით დავალანებამ ჯამში შეადგინა 214,64 ლარი. მისამართზე: .........., 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით დავალანებამ ჯამში შეადგინა 324,58 ლარი (ტ.1, ს. ფ. 560-534).

5.21. მ.კ–ძე არის შპს „ა. ტ–ის“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი და შპს „კ.მ.კ.კ–ას“ დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი. ა.კ–ძე წარმოადგენდა შპს „ა“-ს დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს. შპს „რ–ის“ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს წარმოდგენს დ.ქ–ძე. აღნიშნულ კომპანიაში წილების კუთვნილებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო დავა მ. წ–ძის მოთხოვნის საფუძველზე. მ.წ–ძემ, ნ.კ–ძემ, ნ.კ–ძემ და ა.კ–ძემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მ.კ–ძის, დ.ქ–ძის, შპს „ა.მ.ტ–ის“, შპს „A.M.D.“ დ.ბ–ძის, შპს „რ–ის“, შპს „კ.მ.კ.კ–ის“ მიმართ კომპანიების წილების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით (ს. ფ. 42-49).

5.22. 2023 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის ნოემბრის ჩათვლით მ.კ–ძის მიერ მიღებული დეკლარირებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 180 683,46 ლარს.

5.23. 2023 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით, სსიპ შემოსავლების სამსახურში 2022 წლის 1 ოქტომბრიდან მ.წ–ძის, ვ.კ–ძისა და თ.კ–ძის მიღებული დასაბეგრი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.

5.24. 2023 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით, თ.კ–ძის ძირითადი დიაგნოზი იყო: OS-susp. ქორიოდალური mbl, მეორადი გართულებებით (ბადურის ჩამოცლა, ოფთალმოჰიპერტენზია) c69,3, თანმხლები დიაგნოზი: OU0-ბლეფარიტი, H01.0, სხვა მოხუცებულობითი კატარაქტა H25.8. 2024 წლის 29 იანვრის მდგომარეობით, თ.კ–ძის ძირითადი დიაგნოზი არის ქორიოიდული გარსის (სისხძარღვოვანი გარსი) ავთვისებიანი სიმსივნე, მარცხენამხრივი თითისტარაუჯრედოვანი და ეპითელოიდური ტიპის შეუღლებული მელანომა.

5.25. მ.კ–ძის სახელზე ირიცხება უძრავი ქონება: - მის.: ქ. თბილისი, ........ ტერიტორია, 1461.00 კვ.მ. ს/კ ........., - მის.: ქ. თბილისი, ............. ტერიტორია, 1200.00 კვ.მ., ს/კ ........... მ.კ–ძის შვილის - თ. კ–ძის სახელზე ირიცხება უძრავი ქონება: - მის.: ქ. თბილისი, .........., ს/კ ...........; - მის.: ქ. თბილისი, ..........., ავტოფარეხი #95, ს/კ ........... მ.კ–ძის შვილის - გ. კ–ძის სახელზე ირიცხება უძრავი ქონება: - მის.: ქ. თბილისი, .........., ს/კ ..........; - მის.: ქ თბილისი, ..........., 7000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს/კ ..........; მ.კ–ძის დის მ. კ–ძის შვილის - ლ.მ–ძის საკუთრებაშია 55.20 კვ.მ. ბინა, მისამართზე: ქ. თბილისი, .........., ს/კ ........... ვ.კ–ძის, თ.კ–ძის, მ. კ–ძისა და ლ.მ–ძის საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე 3000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მისამართზე: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, .........., ს/კ ..........

5.26. მ.კ–ძემ და მისმა შვილმა გ. კ–ძემ სს „ს.ბ–ში“ მ.წ–ძის ანგარიშზე 2019 წლის 5 აპრილიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ჩარიცხეს (გარდა პირად ანგარიშებს შორის თანხების გადატანისას) და თვით მომსახურების ტერმინალის საშუალებით შეიტანეს 37 150 ლარი. მ. კ–ძემ დაფარა ფულადი ვალდებულება, რომელიც უკავშირდებოდა მოსარჩელის ბინას, ასევე იხდიდა არასრულწლოვნების სწავლის გადასახადს.

5.27. აპელანტი, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სადავოდ ხდის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სააპელაციო საჩივარი, ძირითადად, ემყარება იმ არგუმენტს, რომ ალიმენტის/სარჩოს დაკისრების საფუძვლები არსებობდა. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა არასრულწლოვნების საჭიროებები და გადაწყვეტილება არ გამოიტანა ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე დაყრდნობით. აპელანტი მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნის იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ არასრულწლოვნების პაპა-ბებიას აქვს საკმარისი შემოსავალი იმისათვის, რომ ობლად დარჩენილი შვილიშვილებისათვის ალიმენტის გადახდა უზრუნველყონ, თითოეულისათვის 175 ლარის ოდენობით. აპელანტის განმარტებით, მართალია, მას აქვს ქონება, თუმცა არ აქვს შემოსავალი. მ.კ–ძესთან მიმართებით, აპელანტმა აღნიშნა, რომ მან არასრულწლოვნების მამის გარდაცვალების შემდეგ, მათი რჩენის ვალდებულება იკისრა; მ.კ–ძემ არასრულწლოვანი ძმისშვილების რჩენა შეწყვიტა მ.წ–ძის მიერ ა.კ–ძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოთქმული საჯარო პოზიციისა და საგამოძიებო უწყებაში დაფიქსირებული პოზიციის გამო, მაშასადამე, მიზანმიმართულად და არა ფინანსური საჭიროებების არქონის გამო. აპელანტის მითითებით, მ.კ–ძეს ნაკისრი ჰქონდა მარჩენალის დაკარგვის გამო ძმისშვილების რჩენის ვალდებულება, რასაც ნებაყოფლობით ასრულებდა, ამჟამად კი აღნიშნულ ვალდებულებას აღარ ასრულებს. აპელანტის განმარტებით, მართალია, მ.კ–ძე არ მიეკუთვნება იმ პირთა წრეს, რომელსაც კანონმდებელი ალიმენტვალდებულ პირად განსაზღვრავს, თუმცა მიაჩნია, რომ მ.კ–ძე, არასრულწლოვნების რჩენის თაობაზე მის მიერ ნაკისრი ვალდებულების საფუძველზე, არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1232-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტი, რომელიც მოვალეა იხადოს ალიმენტი (ვინაიდან მან ეს ვალდებულება იკისრა და ნებაყოფლობით ასრულებდა კიდეც).

5.28. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მშობლების საალიმენტო მოვალეობის გარდა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს ოჯახის სხვა წევრების საალიმენტო მოვალეობებს, თუმცა სათანადო წინაპირობების არსებობისას. მოცემულ შემთხვევაში, მოსაჩელის მოთხოვნა მიემართება არასრულწლოვნების პაპისა და ბებიის, ასევე მათი ბიძისათვის, ბავშვების სასარგებლოდ, რჩენის მოვალეობის დაკისრებას.

5.29. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ ფაქტებზე: არასრულწლოვნები - ნ.კ–ძე, ნ.კ–ძე და ა.კ–ძე ირიცხებოდნენ თბილისის არქიმედეს სკოლაში. ნ.კ–ძის სწავლის წლიური ღირებულება შეადგენდა 5 000 ლარს, ნ.კ–ძის სწავლის წლიური ღირებულება - 4 500 ლარს, ხოლო ა.კ–ძის სწავლის წლიური ღირებულება - 4 050 ლარს. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე აპელანტმა წარმოადგინა ცნობები, რომლითაც დასტურდება, რომ არასრულწლოვნები ამჟამად სწავლობენ სსიპ ქალაქ თბილისის N165-ე საჯარო სკოლაში. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე აპელანტმა ყურადღება გამხვილა იმ თვალსაზრისით, რომ მოსარჩელემ მაღალი გადსახადის გამო ვეღარ შეძლო კერძო სკოლაში შვილებისათვის სწავლის საფასურის გადახდა. ასევე დადგენილია, რომ არასრულწლოვნების დედა - მ.წ–ძე არ მუშაობს და 2022 წლის ოქტომბრიდან დეკლარირებული შემოსავალი არ მიუღია. მოსარჩელე სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრში იმყოფება აღრიცხვაზე, შვილების როგორც მარჩენალის გარდაცვალების გამო, სოციალური პაკეტის მიმღები. იგი იღებს თვეში 300 ლარს. ამასთან, ა.კ–ძის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელე მ.წ–ძემ და არასრულწლოვანმა შვილებმა მიიღეს მამის სამკვიდრო უძრავი და მოძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივ სიკეთე კომპანიაში წილის სახით. მ.წ–ძის კუთვნილი წილი ა.კ–ძის სახელზე რიცხულ ქონებაში ასევე განისაზღვრა მეუღლეთა თანასაკუთრებაში მისი უფლების გათვალისწინებით. აღნიშნული ქონების ნაწილი მ. წ–ძემ გაასხვისა და მიიღო შესაბამისი შემოსავალი (იხ. გადაწყვეტილების 3.1.11. და 3.1.17. პუნქტები).

5.30. მოსარჩელის მითითებით, მის შემოსავალს შეადგენს შპს „L.N“-ის საკუთრებაში რიცხული ავტოსარტანსპორტო საშუალების გაქირავებით მიღებული შემოსავალი, რაც არ აღემატება 1 500 ლარს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომპანიის სახელზე ასევე ირიცხება მეორე სატრანსპორტო საშუალება, ხოლო მოსარჩელისა და არასრულწლოვნების საკუთრებაშია უძრავი ნივთები, რომლებიც შეიძლება იყოს შემოსავლის წყარო. გარდა ამისა, როგორც ირკვევა, მოსარჩელეს დავა აქვს დაწყებული სასამართლოში შპს „L.N“-ის ორი ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნების მოთხოვნით, რაც, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაზრდის შემოსავლის წყაროს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შპს „L.N“-ის სახელზე რეგისტრირებული დარჩენილი ორი სატრანსპორტო საშუალებიდან ერთ-ერთი ამორტიზებულია.

5.31. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის მიხედვით, 2019 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით, შპს „L.N“-ის სახელზე რეგისტრირებულ 2 (ორი) ერთეულ ექსკავატორს, 1 (ერთი) ერთეულ უნაგირა საწევარას, 1 (ერთი) ერთეულ სპეციალიზებულ ნახევარმისაბმელს 1 (ერთი) ერთეულ პიკაპის ტიპის ავტომობილს, აღენიშნებოდათ ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის დამახასიათებელი კვლები. ისინი წარმოდგენილი სახით იყვნენ ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში (იხ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 აგვისტოს დასკვნა (ს. ფ. 490-502). სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში აპელანტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აღნიშნული კომპანიიდან შემოსავლის მიღება შესაძლებელი არ არის, ვინაიდან მის ბალანსზე არსებული 4 ერთეული ტექნიკა სახეზე არ არის, ვინაიდან ზოგი გასხვისებულია, ერთი ამორიტიზირებულია და ერთიც ვალდებულების შესრულების ანგარიშში მოიპოვა მოვალემ. (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 მარტის სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 10:52:50-11:05:12 სთ.).

5.32. რაც შეეხება არასრულწლოვანი ბავშვების პაპასა და ბებიას, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ვ. კ–ძე არის 86 წლის, ხოლო თ.კ–ძე - 81 წლის. ისინი არიან პენსიონერები და იღებენ კანონით განსაზღვრული ოდენობის პენსიას. სხვა სახის ფულადი შემოსავალი საქმის მასალებით არ დასტურდება. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მათ ფინანსური ხელშეწყობა აქვთ შვილისაგან, თუმცა, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც აღნიშნული მიუთითებს არა მათ გადახდისუნარიანობაზე, არამედ იმ გარემოებაზე, რომ თავად არიან დამოკიდებული სხვა პირზე მატერიალურად. ასევე საყურადღებოა თ.კ–ძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც მკურნალობისთვის დამატებითი ფულადი სახსრების მობილიზებას მოითხოვს.

5.33. ასევე გასათვალისწინებელია, რომ თ.კ–ძემ და ვ. კ–ძემ პრეტენზია არ განაცხადეს შვილის სამკვიდროზე, რის გამოც ქონება სრულად გადაეცა მ.წ–ძეს და მის არასრულწლოვან შვილებს. მართალია, აპელანტის განმარტებით, არასრულწლოვნების პაპასა და ბებიას, თავიანთი სამეურნეო საქმიანობიდან გამომდინარე, აქვთ საკმარისი შემოსავალი იმისათვის, რომ შვილიშვილებისათვის ალიმენტის გადახდა უზრუნველყონ, თითოეულისათვის 175 ლარის ოდენობით, თუმცა ამ თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლზე მიუთითა და კვლავ აღნიშნა, რომ პაპასა და ბებიას რჩენის ვალდებულება ეკისრებათ თუ სახეზეა ორი კუმულატიური პირობა: მათ აქვთ საკმაო შემოსავალი, რათა უზრუნველყონ შვილიშვილისთვის სარჩოს მიცემა და ამასთან სარჩოს მიმღები პირის მშობელი ვერ უზრუნველყოფს შვილის რჩენას. ამასთან, წარმოდგენილი უნდა იყოს უტყუარი მტკიცებულებები პაპისა და ბებიის ფინანსური შესაძლებლობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები, რომლებიც აპელანტის/მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს დაადასტურებდა არასრულწლოვნების პაპისა და ბებიის შემოსავალთან მიმართებით.

5.34. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა, არასწრულწლოვნების ბიძისთვის საალიმენტო/რჩენის მოვალეობის დაკისრების შესახებ არ გაიზიარა და განმარტა, რომ საალიმენტო მოთხოვნა არ ვრცელდება გვერდითი ხაზის ისეთ ნათესავებზე, როგორებიც არიან ბიძა, მამიდა, ბიძაშვილი და ა. შ.

6. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

6.1. მოსარჩელემ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის განჩინებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

6.2. კასატორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ გააჩნია მემკვიდრეობით მიღებული ქონება, მას არ აქვს შემოსავალი, რის გამოც, ბავშვების ბებია, ბაბუა და ბიძა ვალდებული არიან გადაიხადონ ალიმენტი.

6.3. საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბავშვების ბებია-ბაბუას საკმარისი შემოსავალი აქვთ, სარჩელით მოთხოვნილი ალიმენტის დასაკისრებლად.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (იხ. სუსგ საქმეზე Nას-251-2018, 08.02.2022 წ.).

14. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (იხ.: სუსგ-ები საქმეებზე: Nას-1163-2018, 08.02.2019 წ.; Nას-495-2020, 23.10.2020 წ).

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მიხედვით, კასატორი სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც მოპასუხეებისთვის (ბავშვების ბიძას და ბებია-ბაბუას), არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრებას ითხოვს.

16. სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. სსკ-ის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

17. სსკ-ის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

18. სსკ-ის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.

19. ბავშვის უფლებათა კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის. იმავე კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია აღზარდოს ბავშვი, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდოს ის საზოგადოების ღირსეულ წევრად, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნებად, ხოლო 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, ყოველ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრების ისეთ სტანდარტზე, რომელიც შეესაბამება მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების საჭიროებებს. დასახელებული კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი პირობები, რომლებიც ხელს უწყობს მის სრულფასოვან ფიზიკურ, ინტელექტუალურ, გონებრივ, სოციალურ და მორალურ განვითარებას, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, ბავშვის ცხოვრების სათანადო სტანდარტი ითვალისწინებს ბავშვის სულ მცირე საკვებით, სუფთა სასმელი წყლით, ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემოთი, პირველადი ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობით, ჯანსაღი ცხოვრების წესის, კატასტროფისა და უბედური შემთხვევისგან დაცვის შესახებ საბაზისო ინფორმაციითა და შესაბამისი მექანიზმებით უზრუნველყოფას.

20. „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (რატიფიცირებულია 01.07.1994) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. ამავე კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქართული კანონმდებლობა, მშობლების საალიმენტო მოვალეობის გარდა, განსაზღვრავს ოჯახის სხვა წევრების საალიმენტო მოვალეობებს, თუმცა, სათანადო წინაპირობების არსებობის პირობებში. მოცემულ შემთხვევაში, მოსაჩელის მოთხოვნა მიემართება არასრულწლოვნების პაპისა და ბებიის, ასევე მათი ბიძისათვის, ბავშვების სასარგებლოდ, რჩენის მოვალეობის დაკისრებას.

22. სსკ-ის 1225-ე მუხლის თანახმად, პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია მიიღოს სარჩო თავისი მშობლების, მეუღლის ან შვილებისაგან. აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, პაპასა და ბებიას რჩენის ვალდებულება ეკისრებათ, თუ სახეზეა ორი კუმულატიური პირობა: მათ უნდა გააჩნდეთ საკმაო შემოსავალი, რათა უზრუნველყონ შვილიშვილისთვის სარჩოს მიცემა და ამასთან, სარჩოს მიმღები პირის მშობელი ვერ უნდა უზრუნველყოფდეს შვილის რჩენას. ამდენად, ბებია და პაპა ვალდებული არიან, გადაიხადონ ალიმენტი შვილიშვილის რჩენისათვის არა ყველა შემთხვევაში, არამედ იმ შემთხვევაში, თუკი შვილიშვილის სარჩოს მიღების პირველადი (მშობლისაგან) შესაძლებლობა არ არსებობს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის №ას-957-2022 განჩინება). პაპისა და ბებიის საალიმენტო ვალდებულება არის სუბსიდიური ხასიათის, რაც ნიშნავს, რომ იგი წარმოიშობა მხოლოდ მაშინ, თუ შვილიშვილს არ შეუძლია მიიღოს სარჩო თავისი მშობლებისაგან (მეუღლის ან შვილებისაგან). (იხ. რუსიაშვილი/ბიგვავა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი VII, თბილისი, 2021, მუხლი 1225, ველი 2).

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პაპა-ბებიისთვის ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელი არ დაკმაყოფილდება თუ სასამართლო დაადგენს, რომ მშობლები ან ერთ-ერთი მათგანი შრომისუნარიანია ან შრომისუუნაროა, მაგრამ გააჩნია საკმაო სახსრები შვილის სარჩენად“. (იხ. შენგელია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი V, თბილისი, 2000, 219).

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვნების მამა - ა.კ–ძე გარდაიცვალა 2019 წლის 9 იანვარს. 2019 წლის 9 იანვარს, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის დეპარტამენტის მე-4 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ქ. თბილისში, ......... მდებარე ბენზინგასამათ სადგურ „რ–ის“ ტერიტორიაზე ა.კ–ძის გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

25. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: ბებიისა და პაპისათვის შვილიშვილისადმი ვალდებულებათა დაკისრების დროს სასამართლო ცდილობს დაიცვას შეპირისპირებულ კონფლიქტურ ღირებულებათა ურთიერთბალანსი, რა დროსაც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბავშვის უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, გაუმართლებლად არ უნდა მოხდეს ბებიისა და პაპის უფლებებში ჩარევა, შესაბამისად, სასამართლოსთვის მთავარი ამოსავალი საკითხი უნდა იყოს ბავშვის უფლებათა პოტენციური დარღვევის ინტენსივობის შეფასება და მისი დაცვის უზრუნველყოფა სხვათა უფლებების შეზღუდვის ხარჯზე, რასაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებული შედეგი შესაძლოა ჰქონდეს იმის მიხედვით, თუ რომელ უფლებათა როგორ ხარისხობრივ კონკურენციას ეხება საქმე. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის №ას-957-2022 განჩინება).

26. საკასაციო სასამართლომ სხვა საქმეზე მიუთითა, რომ პაპისა და ბებიის მიერ შვილიშვილზე ზრუნვისა და მისი რჩენის მოვალეობა უცხო არ არის არც ევროპული სამართლის ქვეყნებისთვის. მაგალითად, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის (BGB) 1601-ე პარაგრაფის მიხედვით, პირდაპირი ხაზით ნათესავები ვალდებული არიან, არჩინონ ერთმანეთი. გერმანიის უზენაესმა ფედერალურმა სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, პაპა და ბებია მოვალენი არიან დაეხმარონ დამატებითი სახსრებით მის არასრულწლოვან შვილიშვილს, მაშინაც კი, როდესაც ბავშვის მშობლებს აქვთ გარკვეული სახის შემოსავალი. განქორწინებული მშობლები, კონკრეტული გარემოებების არსებობისას, ნაკლები სახსრებით უნდა დაეხმარონ თავიანთ შვილს, როდესაც პაპა და ბებია ფინანსურად იმგვარ მდგომარეობაში არიან, რომ მათ ასევე შეუძლიათ შვილიშვილების რჩენისა და ზრუნვისთვის სახსრები გაიღონ. სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლის მიერ ნათესაური კავშირების გამო რჩენისა და ზრუნვის მოვალეობის დაწესება თაობათაშორისი სოლიდარობის პრინციპის გამოხატულებაა. ამდენად, პაპა და ბებია მოვალენი არიან იზრუნონ შვილიშვილზე და მათ სასიკეთოდ სოციალური ვალდებულები იკისრონ, რაც სამოქალაქოსამართლებრივი ზრუნვის მოვალეობაში გამოიხატება (Beschluss vom 27. Oktober 2021 - XII ZB 123/21). (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის №ას-957-2022 განჩინება). საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ საქმეში (სუსგ. №ას-220-2022 28 აპრილი, 2022 წელი) განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, პაპასა და ბებიას შვილიშვილების რჩენის ვალდებულება ეკისრებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ საკმაო შემოსავალი, რათა უზრუნველყონ შვილიშვილისთვის სარჩოს მიცემა და, ამასთან, სარჩოს მიმღები პირის მშობელი ვერ უზრუნველყოფს შვილის რჩენას, ანუ პაპისა და ბებიის საალიმენტო ვალდებულება არის სუბსიდიური და წარმოიშობა მხოლოდ მაშინ, თუ შვილიშვილს არ შეუძლია მიიღოს სარჩო თავისი მშობლებისგან. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის №ას-957-2022 განჩინება).

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პაპისა და ბებიის მიერ შვილიშვილის რჩენის საკითხი დგება მხოლოდ მაშინ, თუ მას არ შეუძლია მიიღოს ალიმენტი საკუთარი მშობლებისგან, რაც წარმოადგენს მათი მოთხოვნის რიგის განმსაზღვრელ დათქმას. ზოგადად, საალიმენტო მოთხოვნათა რანგის მიხედვით, აღმავალი ხაზის ნათესავების რიგითობას მშობელთა საალიმენტო ვალდებულება წინ უსწრებს პაპისა და ბებიის საალიმენტო ვალდებულებას. თუ წინა რიგის ალიმენტის მოვალე ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას ან მის მიმართ შეუძლებელია სამართლებრივი მოთხოვნის განხორციელება, მას ანაცვლებს შემდეგი რიგის მოვალე, რისი გათვალისწინებითაც გამოდის, რომ ბებია და პაპა მხოლოდ მაშინ არიან პასუხისმგებლები, როდესაც მშობლებს სარჩოს მიცემა შვილებისათვის არ შეუძლიათ. მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში მოსარჩელეზეა და მან უნდა წარმოადგინოს სსკ-ის 1225-ე მუხლით განსაზღვრული კუმულაციური პირობების დამადასტურებელი მტკიცებულებები. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის №ას-957-2022 განჩინება).

28. ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 1225-ე მუხლის გამოყენებისას სასამართლო უპირველესად აფასებს არასრულწლოვნის ინტერესებისა და უფლებების განსაკუთრებულ, ინტენსიურ კავშირს ბებიისა და პაპის უფლებებთან და როდესაც ნაკლებია არასრულწლოვნის უფლებათა ბებიასა და პაპის უფლებებზე დამოკიდებულების ინტენსივობის ხარისხი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვის მშობლებს აქვთ ობიექტური შესაძლებლობა არჩინონ თავიანთი შვილი, სასამართლო ვერ ცდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლით განსაზღვრულ წინაპირობებს და ვერ აკმაყოფილებს სარჩელს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არასრულწლოვნის უფლებები იზღუდება, რადგან ასეთ დროს ბავშვის უპირატესი ინტერესი მიემართება უშუალოდ მის მშობლებს.

29. ამდენად, საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეულ ფაქტებს, კერძოდ: არასრულწლოვნები - ნ.კ–ძე, ნ.კ–ძე და ა.კ–ძე ირიცხებოდნენ თბილისის არქიმედეს სკოლაში. ნ.კ–ძის სწავლის წლიური ღირებულება შეადგენდა 5 000 ლარს, ნ.კ–ძის სწავლის წლიური ღირებულება - 4 500 ლარს, ხოლო ა.კ–ძის სწავლის წლიური ღირებულება - 4 050 ლარს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე აპელანტმა წარადგინა ცნობები, რომლითაც დასტურდება, რომ არასრულწლოვნები სწავლობენ სსიპ ქალაქ თბილისის N165-ე საჯარო სკოლაში. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე კასატორმა ყურადღება გამხვილა იმ თვალსაზრისით, რომ მაღალი გადასახადის გამო ვეღარ შეძლო კერძო სკოლაში შვილებისათვის სწავლის საფასურის გადახდა. ასევე დადგენილია, რომ არასრულწლოვნების დედა - მ.წ–ძე არ მუშაობს და 2022 წლის ოქტომბრიდან დეკლარირებული შემოსავალი არ მიუღია. მოსარჩელე სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრში იმყოფება აღრიცხვაზე, შვილების როგორც მარჩენალის გარდაცვალების გამო, სოციალური პაკეტის მიმღები. იგი იღებს თვეში 300 ლარს. ამასთან, ა.კ–ძის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელე მ.წ–ძემ და არასრულწლოვანმა შვილებმა მიიღეს მამის სამკვიდრო უძრავი და მოძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე კომპანიაში წილის სახით. მ.წ–ძის კუთვნილი წილი ა.კ–ძის სახელზე რიცხულ ქონებაში ასევე განისაზღვრა მეუღლეთა თანასაკუთრებაში მისი უფლების გათვალისწინებით. აღნიშნული ქონების ნაწილი მ. წ–ძემ გაასხვისა და მიიღო შესაბამისი შემოსავალი (იხ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების 3.1.11. და 3.1.17. პუნქტები).

30. მოსარჩელის მითითებით, მის შემოსავალს შეადგენს შპს „L.N“-ის საკუთრებაში რიცხული ავტოსარტანსპორტო საშუალების გაქირავებით მიღებული შემოსავალი, რაც არ აღემატება 1 500 ლარს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომპანიის სახელზე ასევე ირიცხება მეორე სატრანსპორტო საშუალება, ხოლო მოსარჩელისა და არასრულწლოვნების საკუთრებაშია უძრავი ნივთები, რომლებიც შეიძლება იყოს შემოსავლის წყარო. გარდა ამისა, როგორც ირკვევა, მოსარჩელეს დავა აქვს დაწყებული სასამართლოში შპს „L.N“-ის ორი ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნების მოთხოვნით, რაც, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაზრდის შემოსავლის წყაროს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შპს „L.N“-ის სახელზე რეგისტრირებული დარჩენილი ორი სატრანსპორტო საშუალებიდან ერთ-ერთი ამორტიზებულია. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 2019 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით, შპს „L.N“-ის სახელზე რეგისტრირებულ 2 (ორი) ერთეულ ექსკავატორს, 1 (ერთი) ერთეულ უნაგირა საწევარას, 1 (ერთი) ერთეულ სპეციალიზებულ ნახევარმისაბმელს 1 (ერთი) ერთეულ პიკაპის ტიპის ავტომობილს, აღენიშნებოდათ ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის დამახასიათებელი კვლები. ისინი წარმოდგენილი სახით იყვნენ ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში (იხ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 აგვისტოს დასკვნა (ს. ფ. 490-502). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აპელანტის წარმომადგენელმა აღნიშნა, კომპანიიდან შემოსავლის მიღება შესაძლებელი არ არის, ვინაიდან მის ბალანსზე არსებული 4 ერთეული ტექნიკა სახეზე არ არის, ვინაიდან ზოგი გასხვისებულია, ერთი ამორიტიზირებულია და ერთიც ვალდებულების შესრულების ანგარიშში მოიპოვა მოვალემ. (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 მარტის სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 10:52:50-11:05:12 სთ.).

31. რაც შეეხება არასრულწლოვანი ბავშვების პაპასა და ბებიას, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ერთმნიშვნელოვნად დაადგინეს, რომ ვილგემ კ–ძე არის 86 წლის, ხოლო თ.კ–ძე - 81 წლის. ისინი არიან პენსიონერები და იღებენ კანონით განსაზღვრული ოდენობის პენსიას. სხვა სახის ფულადი შემოსავალი საქმის მასალებით არ დასტურდება. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მათ ფინანსური ხელშეწყობა აქვთ შვილისაგან, რაც არ მიუთითებს მათ გადახდისუნარიანობაზე. ასევე საყურადღებოა თ.კ–ძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც მკურნალობისთვის დამატებითი ფულადი სახსრების მობილიზებას მოითხოვს.

32. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ თ.კ–ძემ და ვ. კ–ძემ პრეტენზია არ განაცხადეს შვილის სამკვიდროზე, რის გამოც ქონება სრულად გადაეცა მ.წ–ძეს და მის არასრულწლოვან შვილებს. მართალია, აპელანტის განმარტებით, არასრულწლოვნების პაპასა და ბებიას, თავიანთი სამეურნეო საქმიანობიდან გამომდინარე, აქვთ საკმარისი შემოსავალი იმისათვის, რომ შვილიშვილებისათვის ალიმენტის გადახდა უზრუნველყონ, თითოეულისათვის 175 ლარის ოდენობით, თუმცა როგორც აღინიშნა, სახეზე არ არის არასრულწლოვნების სასარგებლოდ ბებიისა და პაპისთვის ალიმენტის დაკისრების წინაპირობა, მათი და უპირატესად თავად მოსარჩელის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.

33. საკასაციო სასამართლო, განსხვავებით ბებიისა და პაპის შესახებ ზემოაღნიშნულ მსჯელობისა, ბიძისთვის ალიმენტის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნას დაუსაბუთებლად მიიჩნევს, ვინაიდან არსებული კანონმდებლობის მიხედვით საალიმენტო მოთხოვნა არ ვრცელდება გვერდითი ხაზის ისეთ ნათესავებზე, როგორებიც არიან ბიძა, მამიდა, ბიძაშვილი და ა. შ. (იხ. რუსიაშვილი/ბიგვავა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი VII, თბილისი, 2021, მუხლი 1223, ველი 3). ამ კუთხით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ამომწურავად არის განსაზღვრული იმ პირთა წრე, რომელთაც რჩენის ვალდებულება ეკისრებათ: მშობლები, შვილები, ბებია, პაპა, შვილიშვილები, და, ძმა, დედინაცვალი, მამინაცვალი, გერი, ფაქტობრივი აღმზრდელი (იხ. სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1223-1129-ე მუხლები). ძმისშვილის/დისშვილის რჩენის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს. ამგვარი ვალდებულება გათვალისწინებული არ არის არც საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას არსებითად ემსჯელა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

34. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას აპელანტის იმ არგუმენტის შესახებ, რომ მართალია, მ.კ–ძე არ მიეკუთვნება იმ პირთა წრეს, რომელსაც კანონმდებელი ალიმენტვალდებულ პირად განსაზღვრავს, თუმცა მ.კ–ძე, არასრულწლოვნების რჩენის თაობაზე მის მიერ ნაკისრი ვალდებულების საფუძველზე, არის სსკ-ის 1232-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტი, რომელიც მოვალეა იხადოს ალიმენტი (ვინაიდან მან ეს ვალდებულება იკისრა და ნებაყოფლობით ასრულებდა კიდეც). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარი განმარტების შესაძლებლობას აღნიშნული ნორმის დისპოზიცია არ ქმნის და არც ნორმის მიზნიდან გამომდინარეობს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამომწურავად ადგენს იმ პირთა წრეს, რომელთაც ურთიერთრჩენის მოვალეობა ეკისრებათ. იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლის მიზანი გამოკვეთილია და ეს მიზანი საალიმენტო მოვალეობის ოჯახის კონკრეტულ წევრების შორის დადგენაა, ნორმის მოქმედების არეალის გაფართოება და საალიმენტო მოვალეობის სხვა პირებზეც გავრცელება დასაშვები არ არის. რაც შეეხება მოცემულ შემთხვევაზე კანონის ანალოგიის გამოყენებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია).

35. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ანალოგია მოითხოვს განსაკუთრებულ არგუმენტაციას. ანალოგია უნდა განხორციელდეს ნორმის მიზნის ღირებულებითი შეფასების საფუძველზე. ნორმის ღირებულებითი მასშტაბის გადატანა სხვა ურთიერთობებზე უნდა დასაბუთდეს არსებული მართლწესრიგიდან გამომდინარე და არა ინდივიდუალური, სუბიექტური შეხედულებების საფუძველზე. ანალოგიის პროცესში ნორმის შემფარდებელი ერთმანეთთან ადარებს ურთიერთობას, რომელიც კანონითაა რეგულირებული და ურთიერთობას, რომელიც კანონით არააა რეგულირებული. მოსამართლემ უნდა განსაზღვროს, თუ სავარაუდოდ როგორ შეაფასებდა კანონმდებელი იურიდიულად მოუწესრიგებელ ურთიერთობას. ამ შემთხვევაში შედარების მასშტაბის როლს ასრულებს სამართლის „შინაგანი სისტემა“, სამართლებრივი ნორმების სისტემა და არა ნორმის შემფარდებლის ინდივიდუალური შეფასების სისტემა.

36. ანალოგია არ ნიშნავს ახალი ნორმის დადგენას. ანალოგიის დროს ნორმის შემფარდებელი ადგენს არა ახალ ნორმას, არამედ ცდლობს პოზიტიური სამართლის სისტემაში „იპოვოს“ კანონმდებლის რამდენადმე „დაფარული“, ბუნდოვნად ფორმულირებული შეფასება. ანალოგიის დროს მოდავე მხარე, ჩვეულებრივ უარყოფს კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობის ფაქტს და ცდილობს დაასაბუთოს, რომ საქმე ეხება კანონმდებლის კვალიფიციურ დუმილს (Argumentum e contario - ანალოგიის საწინააღმდეგო ცნება, რომელიც გულისხმობს, რომ თუ რომელიმე ურთიერთობა სამართლებრივად მოწესრიგებული არ არის, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ იგი შეესაბამება კანონმდებლის ნებას.) ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს Argumentum per analogiam და Argumentum e contrario-ის მეთოდების შეპირისპირების საფუძველზე. ანალოგიის სპეციალურ შემთხვევას წარმოადგენს Argumentum a fortiori ad maius, რომელიც გულისხმობს, რომ კანონით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი უნდა გავრცელდეს უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე ურთიერთობებზეც. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის №ას-559- 2019 განჩინება). კანონის ანალოგიის გამოყენებისას თვალსაჩინო ხდება სამართლის ფუნქციური დამოკიდებულება.

37. თუ კანონი სამართლებრივი პრობლემის სამართლიანად გადაწყვეტის ფუნქციას ვერ ასრულებს, მაშინ საჭიროა მისი განვრცობა. ასეთი ხარვეზის დადგენის დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანონის კონტექსტის შედარებითი ანალიზი: ხარვეზის დადგენა იწყება მაშინ, როცა გვხვდება კანონით მოუწესრიგებელი შემთხვევა, რომლის მოსაწესრიგებლადაც მართებული იქნებოდა კანონით მოწესრიგებული მსგავსი შემთხვევის წესის გამოყენება. ანუ ადგილი აქვს შემთხვევას, როცა არსობრივად ერთნაირს თანაბარი მოპყრობა არა აქვს. მსგავსი შემთხვევების თანაბარი მოპყრობის პრინციპი წარმოადგენს კანონის ხარვეზის აღმოფხვრის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. საჭიროა თუ არა საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა ( de laga lata), დამოკიდებულია იმაზე, რომ მოსამართლე თავის საქმიანობაში ემორჩილება არა მხოლოდ კანონს, არამედ იმ სამართლებრივ პრინციპებსაც, რომლებიც მოცემულია როგორც საქართველოს კონსტიტუციაში, აგრეთვე სხვა სამართლებრივ წყაროებში ან გამოხატულებას ჰპოვებს „საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებულ წარმოდგენებში სამართლიანობის შესახებ“. მოსამართლეებს უფლება ეძლევათ ამ „მართალი სამართლით“ დაწერილი კანონები შემდგომ განავითარონ არა მხოლოდ კანონთა ინტერპრეტაციის გზით, არამედ, ასევე, კანონის ხარვეზის შევსებისა და რესტრიქციის გზითაც. „სამოსამართლეო სამართლის“ მიერ სამართლის განვითარება დასაშვებია, თუ კანონის სიტყვითი მნიშვნელობა იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ კანონმდებელმა ესა თუ ის პრობლემატური შემთხვევა არასაკმარისად გაიაზრა და ამიტომ იგი კანონის რეგულირების სფეროში არ გაითვალისწინა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის №ას-559- 2019 განჩინება).

38. კანონის ხარვეზის მნიშვნელოვან ტიპს წარმოადგენს ის შემთხვევა, როდესაც სამართლის ნორმა არ მოიცავს ისეთ ურთიერთობას, რომელიც, სამართლიანობის თვალსაზრისიდან გამომდინარე, ამ კანონის რეგულირების სფერო უნდა ყოფილიყო. კანონის ანალოგიით გამოყენება გულისხმობს ამ ნორმის განზოგადებას, რომელიც ხდება შეფასებით: ნორმის შინაარსით დგინდება, რომ განსხვავება კანონით მოწესრიგებულ და მოუწესრიგებელ შემთხვევებს შორის იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რომელიც გაამართლებდა მათ განსხვავებულად გადაწყვეტას, ანუ გამოსაყენებელი ნორმის საერთო, ზოგადი ნიშნები, საკმარისი უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის გამოყენების დასასაბუთებლად.

39. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა არა კანონმდებლობაში ხარვეზი, არამედ კანონმდებელმა ამგვარად განსაზღვრა რჩენაზე ვალდებულ პირთა წრე და ჩამონათვალი შესაბამისად მოაწესრიგა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არც მ.კ–ძესთან მიმართებით არსებობს.

40. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების, საქმეზე დადგენილი გარემოებების, სასამართლო პრაქტიკისა და კანონმდებლობის გაანალიზების შედეგად საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს მართლზომიერად ეთქვა უარი მოპასუხეებისათვის ალიმენტის დაკისრებაზე, ბებიისა და პაპის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ მართალია პაპა-ბებია ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი შვილიშვილები, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით აღნიშნული საჭიროება არ არსებობს, ხოლო, ბავშვების ბიძის ნაწილში, იმ საფუძვლით, რომ ქართული კანონმდებლობით ბიძა საერთოდ არაა ის პირი რომელსაც სარჩელით განსაზღვრული ვალდებულება შეიძლება დაეკისროს.

41. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.წ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები თ. ძიმისტარაშვილი

ლ. მიქაბერიძე