№ას-858-2025 8 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე
პირველი კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე – ვ.მ–ძე (მოსარჩელე)
მეორე კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.ჯ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 აპრილის განჩინება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
მეორე კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა, გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენა, იძულებით განაცდურის გადასახდელად დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ვ.მ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული, პირველი აპელანტი ან პირველი კასატორი), შპს „თ.ჯ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, მეორე აპელანტი ან მეორე კასატორი) წინააღმდეგ მოითხოვა:
1.1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 27.02.2024 წელს №234 ბრძანებით გამოვლენილი წერილობითი ნება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.
1.1.2. მოსარჩელე აღდგენილ იქნეს მოპასუხე კომპანიის საგზაო მონიშვნის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
1.1.3. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდური, თვეში დარიცხული 3 327 ლარის ოდენობით 27.02.2024 წლიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე არ ცნობს სასარჩელო მოთხოვნებს და ითხოვს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 27.02.2024 წელს №234 ბრძანებით გამოვლენილი წერილობითი ნება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობის გამო მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 6 654 ლარის გადახდა; მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით, თვეში დარიცხული 3 327 ლარის ოდენობით 27.02.2024 წლიდან ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის სრულად აღსრულებამდე პერიოდისათვის.
4. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 აპრილის განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
6.2. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებზე მიუთითა.
6.3. მოსარჩელე 02.08.2019 წლიდან დასაქმებული იყო მოპასუხე საწარმოში. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროისათვის მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობა ატარებდა უვადო ხასიათს და მას ეკავა საგზაო მონიშვნის სამსახურის უფროსის პოზიცია. მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროისათვის შეადგენდა დარიცხულ 3 327 ლარს.
6.4. მხარეთა შორის დადებული ბოლო შრომის ხელშეკრულების 3.2. პუნქტით, თანამდებობაზე ყოფნის დროს დასაქმებული ვალდებული იყო: განუხრელად დაეცვა ორგანიზაციის წესდება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება, ორგანიზაციაში მოქმედი სხვა აქტები, რომელიც უკავშირდებოდა მის შესასრულებელ სამუშაოს; განუხრელად დაეცვა ორგანიზაციის შინაგანაწესი, რომელიც წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;
6.5. დამსაქმებელი ვალდებული იყო დამსაქმებლისათვის ეცნობებინა იმ გარემოებათა შესახებ, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს შესასრულებელ სამუშაოზე ან საფრთხე შეუქმნან დამსაქმებლის ინტერესს. მოსარჩელის ფუნქცია-მოვალეობები განსაზღვრული იყო მოპასუხის სტრუქტურული ერთეულის საგზაო მონიშვნის სამსახურის დებულების 4.1. პუნქტში. ამ დებულების 4.1.3. პუნქტით, სამსახურის უფროსი იღებს გადაწყვეტილებებს, გასცემს დავალებებს, რეკომენდაციებს და სავალდებულო მითითებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. დებულების 4.1.6. პუნქტის თანახმად, სამსახურის უფროსი დირექტორს აწვდის ინფორმაციას სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ, ასევე რეკომენდაციებსა და წინადადებებს კომპანიის ეფექტურად მუშაობის თაობაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
6.6. დებულების 4.1.17. პუნქტის თანახმად, სამსახურის უფროსი კომპანიის დირექტორის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების, ტექნიკური საშუალებების და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად.
6.7. დებულების 4.1.18. პუნქტის თანახმად, სამსახურის უფროსი ახორციელებს შიდა სამართლებრივი აქტებითა და დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
6.8. დამსაქმებელი საწარმოს შინაგანაწესის 13.1. პუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების საფუძველია: ა) კომპანიის საქმიანობის სპეციალური მარეგულირებელი კანონმდებლობის, ან სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევა; ბ) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა, არაჯეროვანი შესრულება ან მათდამი დაუდევარი დამოკიდებულება; თ) კომპანიისათვის შეგნებულად ან დაუდევრობით მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან არსებითი ზიანის წარმოშობის საფრთხის შექმნა.
6.9. ამავე შინაგანაწესის 16.1. პუნქტის თანახმად, ამ შინაგანაწესის მე-13 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, კომპანიაში დასაქმებული პირის მიმართ დისციპლინური სახდელის წარმოების განხორციელების უფლებამოსილებით სარგებლობენ კომპანიის შიდა კონტროლის სამსახური/შიდაკონტროლის სამსახურის თანამშრომელი და შესაბამისი სამსახურის უფროსი.
6.10. შინაგანაწესის 16.2. პუნქტის თანახმად, კომპანიის შიდა კონტროლის სამსახურის თანამშრომელს/შესაბამისი სამსახურის უფროსს უფლება აქვს ახსნა-განმარტება ჩამოართვას დისციპლინური სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განცხადების (საჩივრის) ავტორს და ნებისმიერ პირს, რომელსაც შეიძლება შეხება ჰქონდეს გამოსარკვევ საკითხთან.
6.11. შინაგანაწესის 16.3. პუნქტის თანახმად, დისციპლინური წარმოებისას ახსნა-განმარტების წერილობით ჩამორთმევა დისციპლინური სამართალდარღვევის ჩამდენი პირისათვის სავალდებულოა. შინაგანაწესის 16.4. პუნქტის თანახმად, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა, შეამოწმოს საქმის მასალები, მოიწვიოს სხვა პირები ინფორმაციის მისაღებად.
6.12. შინაგანაწესის 17.1. პუნქტის თანახმად, შიდა კონტროლის სამსახური/შესაბამისი სამსახურის უფროსი, დირექტორის სახელზე ამზადებს მოხსენებით ბარათს დისციპლინური გადაცდომის დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ. შინაგანაწესის 17.2 პუნქტის თანახმად, შიდა კონტროლის სამსახურის/შესაბამისი სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნას ხელს აწერს შიდა კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელი/სამსახურის უფროსი და თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ ახორციელებდა დისციპლინური საქმის გამოკვლევას;
6.13. შინაგანაწესის 18.1. პუნქტის თანახმად, კომპანიის დირექტორი პირის მიმართ დისციპლინური სახდელის შერჩევისას, ითვალისწინებს დისციპლინური დარღვევის სიმძიმეს, მიზანს, მოტივს, შედეგს, რომელიც მას მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ასევე დისციპლინური დარღვევის ჩამდენის პიროვნებას, მის საქმიან და მორალურ რეპუტაციას. შინაგანაწესის 18.2. პუნქტის თანახმად, მოხსენებითი ბარათის განხილვის შედეგად დირექტორი გამოსცემს ბრძანებებს, რომლითაც დადასტურებულად თვლის კომპანიაში დასაქმებული პირის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს და აკისრებს დისციპლინურ სახდელს.
6.14. მოპასუხემ, 27.02.2024 წელს №234 ბრძანებით გამოავლინა წერილობითი ფორმით ნება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს შრომის კოდექსის 47.1 მუხლის „ზ“ პუნქტის საფუძველზე, რომელსაც საფუძვლად დაედო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 27.02.2024 წლის მოხსენებითი ბარათი, რაც მოსარჩელეს ეცნობა ელექტრონულ ფოსტაზე 27.02.2024 წელს.
6.15. 2024 წლის 27 თებერვლის მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ ვინაიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2024 წლის 22 თებერვლის N13-01240532907 წერილით გადმოგზავნილი 2024 წლის 19 თებერვლის დასკვნითა და თანდართული დოკუმენტაციით დადასტურებულია შპს თ.ჯ–ის საგზაო მონიშვნების სამსახურის უფროსის ვ.მ–ძის მიერ განხორციელებული ქმედებებით გზის საშრობი მაქნანის Zirocco M100 და გზის ხელის საშრობი მანქანის Zirocco Hammer Jet შესყიდვის ნაწილში, შპს თ.ჯ–ისთვის და შესაბამისად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისთვის მიყენებული ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ქონებრივი ზიანის საფრთხის შექმნა და სახეზეა მოსარჩელის მხრიდან საწარმოს დირექტორის 2015 წლის 10 ივლისის N01100 ბრძანებით დამტკიცებული შპს თ.ჯ–ის შინაგანაწესის 13.1. პუნქტის „ბ“ და „თ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს შრომის კოდექსის 47.1. მუხლის „ზ“ პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რამაც გამოიწვია მისი დისკრედიტაცია და რეპუტაციის იმგვარი შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას.
6.16. შესაბამისად, ყოველივე აღნიშნული წარმოადგენს მოპასუხე საწარმოს შინაგანაწესის 12.1. პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - სამსახურიდან დათხოვნის /შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს.
6.17. 2024 წლის 27 თებერვალს, მოსარჩელეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ასევე ჩაბარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 19.02.2024 წლის დასკვნა, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ და მიეცა არაერთგზის წინადადება წარმოედგინა საკუთარი ახსნა - განმარტება დასკვნაში მოყვანილ სავარაუდო გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებით. დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ NAT230007577 ელექტრონული ტენდერი გამოცხადებული იყო ცივი პლასტის სახაზი მანქანა - დანადგარისა და საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნის ხელის წამშლელი მანქანა-დანადგარის შესყიდვის მიზნით. აღნიშნული ელექტრონული ტენდერის გამოცხადებამდე, მოსარჩელემ 2023 წლის 29 მარტის N62-012308828 მოხსენებითი ბარათით მიმართა კომპანიის დირექტორს და მიაწოდა ინფორმაცია, რომ ზემოხსენებული მანქანა-დანადგარების საორიენტაციო ღირებულება შეადგენდა 1 985 000 ლარს. ზემოხსენებული ინფორმაციის საფუძველზე, კომპანიამ გამოაცხადა NAT230007577 ელექტრონული ტენდერი, რომელშიც გამარჯვებულ კომპანიად გამოვლინდა შპს ე-ტ–ი, ხოლო 2023 წლის 25 მაისს, აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმდა N30-272 ხელშეკრულება, ღირებულებით - 1 962 888 ლარი. რაც შეეხება მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებულ პროდუქციას, აღნიშნული წარმოადგენდა კომპანია BORUM A/S-ის წარმოების მანქანა-დანადგარებს.
6.18. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელს მოპასუხისთვის უნდა მიეწოდებინა ცივი პლასტის სახაზი მანქანა დანადგარი - BM 2500 CP T D AG, 1 829 394 ლარად და საგზაო მონიშვნის წამშლელი მანქანა-დანადგარი - BM LINE ERASER - 133 494 ლარად. ასევე მოპასუხის მიერ გამოცხადდა NAT230007587 ელექტრონული ტენდერი, გზის საშრობი მანქანა-დანადგარისა და გზის ხელის საშრობი მანქანა-დანადგარის შესყიდვის მიზნით. აღნიშნული ელექტრონული ტენდერის გამოცხადებამდე, მოსარჩელემ 2023 წლის 28 მარტის N62-01230872809 მოხსენებითი ბარათით მიმართა საწარმოს დირექტორს და მიაწოდა ინფორმაცია, რომ ზემოაღნიშნული მანქანა დანადგარების საორიენტაციო ღირებულება შეადგენდა 69 000 ლარს.
6.19. აღნიშნულის შემდეგ კომპანიამ გამოაცხადა NAT230007587 ელექტრონული ტენდერი, რომელშიც გამარჯვებულ კომპანიად გამოვლინდა შპს თ–სი, რომელთანაც 2023 წლის 19 მაისს გაფორმდა N30-260 ხელშეკრულება 681 500 ლარზე. რაც შეეხება მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებულ პროდუქციას, აღნიშნული წარმოადგენდა კომპანია Zirocco ApS-ის წარმოების მანქანა-დანადგარებს. კერძოდ, ხელშეკრულების დანართის თანახმად მიმწოდებელს მოპასუხე საწარმოსთვის უნდა მიეწოდებინა გზის საშრობი მანქანა Zirocco ApS M100, 592 600 ლარად და გზის ხელის საშრობი მანქანა Zirocco ApS Hammer Jet – 88 900 ლარად. შესყიდვის სპეციფიკური ხასიათისა და მისგან მომდინარე რისკების გათვალისწინებით, მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელდა ელექტრონულ ტენდერებში დაფიქსირებული ზემოხსენებული შესყიდვის ობიექტების ფასთა კვლევა, უშუალო მწარმოებელთან, მესამე პირთ საშუალებით. აღნიშნულის შედეგად სამსახურის მიერ დადგენილ იქნა მწარმოებლის ფასები იმ აპარატებზე, რომლებიც მიმწოდებელთა მიერ იქნა წარმოდგენილი ზემოაღნიშნულ ელექტრონულ ტენდერებში: 1) მანქანა Zirocco ApS Hammer Jet Dryer & Cleaner; 2) Zirocco ApS Hammer Jet და 3) Borum BM 2500 CP T AG. აღნიშნული პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის მიერ დადგინდა: გზის საშრობი მანქანა Zirocco M100 –ის ღირებულება შეადგენდა 33 500 ევროს, ხოლო მოპასუხე საწარმოსგან მიერ შპს თბილისისგან მისი შესყიდვა მოხდა 592 600 ლარად; გზის ხელის საშრობი მანქანა Zirocco Hammer Jet ღირებულება შეადგენდა 18 646 ევროს, ხოლო მოპასუხის მიერ შპს თბილისისგან მისი შესყიდვა მოხდა 88 900 ლარად. ცივი პლასტის სახაზი მანქანა-დანადგარი Borum BM 2500 CP T AG -ის ღირებულება შეადგენდა 261 290 ევროს, ხოლო მოპასუხის მიერ შპს ე-ტ–თან გაფორმებული ხელშეკრულებით მისი შესყიდვა უნდა მომხდარიყო 1 829 394 ლარად. მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესასყიდი ტექნიკის ტრანსპორტირების, განბაჟებისა და კომპანიის საშუალო მოგების გათვალისწინებით, აღნიშნული საქონლის შესყიდვა განხორციელებულ იქნა არაადეკვატურად მაღალ ფასად, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მწარმოებლებმა შემოგვთავაზეს სასტარტო ფასები, რომელიც რეალური შესყიდვის პირობებში, ექვემდებარებოდა შემდეგ კორექტირებას კლების თვალსაზრისით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ NAT230007587 ელექტრონული ტენდერის შედეგად შეძენილი Zirocco-ს პროდუქცია უკვე მიღებული ჰქონდა შპს თ.ჯ–ს და გაფორმებული იყო შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო NAT230007577 ელექტრონული ტენდერის შედეგად შეძენილი ცივი პლასტის სახაზი მანქანა-დანადგარი Borum BM 2500 CP T AG, რომელსაც მილიონ ლარზე მეტი ფასნამატი ჰქონდა არ იყო მიწოდებული მოპასუხე საწარმოსთვის, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა 2023 წლის 21 დეკემბრის წერილით მიმართა მოპასუხეს, მისთვის და შესაბამისად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით NAT230007577 ელექტრონული ტენდერის საფუძველზე მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით. აღნიშნული წერილის საფუძველზე, მოპასუხემ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას - შპს ე-ტ–ის შორის გაფორმდა 2023 წლის 26 დეკემბრის ურთიერთშეთანხმების აქტი N1, რომლის თანახმადაც ურთიერთშეთანხმებით მოხდა Borum BM 2500 CP T AG მანქანა-დანადგარის მიწოდების ვალდებულების გაუქმება, რითიც აღნიშნულ ნაწილში თავიდან იქნა აცილებული მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ზიანი.
6.20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ განხილულ ელექტრონულ ტენდერებში მოპასუხის მხრიდან დადგენილ იქნა არაადეკვატურად მაღალი სავარაუდო ღირებულებები, რამაც მთლიანობაში გამოიწვია მიმწოდებელ კომპანიებთან ხელშეკრულებების არაადეკვატურად მაღალ ფასებზე გაფორმება. აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურისათვის მიცემულ მოპასუხე საწარმოს დირექტორის დ.ფ–იას 2024 წლის 14 თებერვლის ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ ზემოხსენებული შესყიდვების დაგეგმვა დაიწყო მოსარჩელის მიერ მომზადებული პრეზენტაციის საფუძველზე, რომელიც მან პირველ ეტაპზე წარადგინა დედაქალაქის მერიაში.
6.21. მოპასუხე საწარმოს დირექტორი ასევე განმარტავს, რომ აღნიშნული პრეზენტაცია მოსარჩელემ მიაწოდა რამდენჯერმე პროგრამა whatsapp-ის საშუალებით. დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ მომზადებულ პრეზენტაციაში მითითებული იყო შესასყიდი მანქანა-დანადგარები, ფოტოსურათებითა და წინასწარ განსაზღვრული სავარაუდო ღირებულებებით. მოპასუხე საწარმოს დირექტორის ახსნა-განმარტებიდან დგინდება, რომ ზემოხსენებული შესყიდვების განხორციელებას საფუძვლად დაედო სწორედ ხსენებული პრეზენტაცია. ის ასევე განმარტავს, რომ პრეზენტაციაში წარმოდგენილი მანქანა-დანადგარების ფოტოები ემთხვეოდა იმ მანქანა-დანადგარების ვიზუალს, რაც განსახილველ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მიერ იყო შემოთავაზებული და ასევე, პრეზენტაციაში მითითებული სავარაუდო ღირებულებებიც იყო საკმაოდ მიახლოებული ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მიერ დაფიქსირებულ ღირებულებებთან, რაც აჩენს ეჭვს იმის თაობაზე, რომ პრეზენტაციის მომზადების ეტაპზევე წინასწარ იყო განსაზღვრული ის, თუ რომელ კომპანიებს უნდა გაემარჯვათ ელექტრონულ ტენდერებში, რა მოდელის პროდუქცია უნდა წარმოედგინათ შემსყიდველისათვის და რა ფასად.
6.22. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება, რომ NAT230007587 და NAT230007577 ელექტრონული ტენდერების არსებული სახით განხორციელებას საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ მომზადებული პრეზენტაცია, რასაც შედეგად მოჰყვა შესყიდვის განხორციელება არაადეკვატურ მაღალ ფასად, კონკრეტული მწარმოებლების პროდუქციაზე მორგებული პირობებით. ამასთან, ტენდერების კონკრეტული მწარმოებლების პროდუქციაზე მორგება გამოიწვია მანქანა-დანადგარების მიმართ ტენდერებით დადგენილი ტექნიკური მახასიათებლებით, რომლებიც შესწავლილი და დადასტურებული იყო მოსარჩელის, როგორც შესყიდვების ინიციატორი სამსახურის ხელმძღვანელის მიერ.
6.23. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხსენებულ საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პირველ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ განხორცილებულმა ქმედებებმა გზის საშრობი მანქანა გზის საშრობი მანქანების შესყიდვის ნაწილში, მოპასუხე საწარმოს და შესაბამისად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისათვის წარმოშვა ნახევარ მილიონზე მეტი ოდენობის ქონებრივი ზიანი, ხოლო ცივი პლასტის სახაზი მანქანა-დანადგარის შესყიდვის ნაწილში წარმოშვა მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ქონებრივი ზიანის საფრთხე. აღნიშნული ქმედებებით, მოსარჩელის მხრიდან ჩადენილია მოპასუხე საწარმოს დირექტორის 2015 წლის 10 ივლისის ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის 13.1. პუნქტის „ბ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც გულისხმობს სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებას და კომპანიისთვის შეგნებულად და დაუდევრობით მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენებას ან არსებითი ზიანის წარმოშობის საფრთხის შექმნას.
6.24. მოსარჩელის აღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია მისი დისკრედიტაცია და რეპუტაციის იმგვარი შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას. ყოველივე აღნიშნული წარმოადგენს მოსარჩელის მიმართ მოპასუხე საწარმოს შინაგანაწესის 12.1. პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - სამუშაოდან დათხოვნის/შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამოყენების საფუძველს.
6.25. საქართველოს მთავრობის 17.10.2023 წლის №405 დადგენილებით დამტკიცებული მოპასუხე საწარმოს მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის 1.3. პუნქტით, ამ წესების მიხედვით შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები, თუ შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილე რომელიმე ზემოაღნიშნული სუბიექტია. წესების 3.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. 3.2. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია: ა) რაციონალურად განახორციელოს შესყიდვები ბიზნესგეგმის ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით. წესების 4.1. პუნქტის თანახმად, ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. წესების 5.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ატარებს კომისია, რომელსაც არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველის ხელმძღვანელი. 5.2. პუნქტის თანახმად, კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული კომისიის ერთ-ერთი წევრი. 5.5. პუნქტის თანახმად, კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად მიიჩნევა კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ყველა ის სხდომის ოქმი, რომელიც შეიქმნება, ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში.
6.26. მოპასუხის 25.01.2024 წლის ბრძანებით შპს თ.ჯ–ის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით შეიქმნა სატენდერო კომისია, 14 წევრის შემადგენლობით, მათ შორის კომისიის წევრს წარმოადგენდა მოსარჩელე/საგზაო მონიშვნის სამსახურის უფროსი, შესყიდვებისა და ბაზრის კვლევის დეპარტამენტი.
6.27. შპს თ.ჯ–ის სტრუქტურული ერთეულის შესყიდვების ბაზრისა და კვლევის დეპარტამენტის დებულების 2.1.1. პუნქტის თანახმად, დეპარტამენტის ფუნქციებია: სამსახურის მიზანია ხელი შეუწყოს კომპანიის ბიუჯეტისა და ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას, შესყიდვის პროცედურების კანონიერების დაცვას, შესყიდვებში მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფას, შესყიდვების პროცესში ჯანსაღი კონკურენციის განვითარებასა და ამ პროცესის გამჭვირვალობის ამაღლებას. ამავე დებულების 2.1.2. პუნქტის თანახმად, კომპანიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწოდებული წლიური მოთხოვნის საფუძველზე, საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, განვლილი წლის განმავლობაში არსებული მოთხოვნებისა და კომპანიის საჭიროების გათვალისწინებით მომდევნო წლის წლიური შესყიდვის გეგმის პროექტის შედგენა, წლიური შესყიდვების გეგმის შეჯერება, დამტკიცების უზრუნველყოფა და კორექტირება, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსება, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. ამავე დებულების 2.1.3. პუნქტის თანახმად, წლის განმავლობაში შესყიდვის პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად - შესყიდვის შერჩეული საშუალების შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შედგენა, შესყიდვის პროცედურის მომზადება, სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციის შესრულება და სატენდერო პროცედურების ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფა.
6.28. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის გათავისუფლების მიზეზი გახდა, მის მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება, რამაც კომპანიისათვის მნიშვნელოვანი ოდენობის ზიანის მიყენების საფრთხე შექმნა. მოსარჩელის უფლება-მოვალეობიდან გამომდინარე, მის სამსახურეობრივ ვალდებულებებში შედიოდა დამსაქმებლისათვის მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურის საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ხელმძღვანელობის დავალებით ან საკუთარი ინიციატივით (აღნიშნულს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს) პრეზენტაციის მომზადება და მოპასუხის დირექტორისათვის მიწოდება ვერ ჩაითვლება სამსახურეობრივი ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებად, რაც შეეხება პრეზენტაციაში მითითებული სპეციფიკური ტექნიკის ღირებულებების მითითებას, აღნიშნული წარმოადგენდა საორიენტაციო ღირებულებებს და არა დადგენილ ღირებულებას. რაც შეეხება მოსარჩელის დაქვემდებარებული სამსახურის საჭიროებებიდან გამომდინარე სპეციალური დანიშნულების მქონე კონკრეტულ სპეციალური ტექნიკას, პრეზენტაციაში იგი ატარებდა ვიზუალიზაციის ხასიათს, რადგან არსად პრეზენტაციაში ტექნიკის კონკრეტული მოდელი და მწარმოებელი მითითებული ან დასახელებული არ ყოფილა.
6.29. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რაც შეეხებოდა მოთხოვნილი ტექნიკის სპეციფიკაციების შედგენას, მოპასუხე მხარის ახსნა - განმარტებით, აღნიშნულის ვალდებულება ტექნიკის მომთხოვნ სამსახურს ეკისრება, რაც მოსარჩელის უფლება მოვალეობებში მითითებული არ არის. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა, მოპასუხე კომპანიის მაშინდელმა ბაზრის კვლევის სამსახურის თანამშრომელმა მ.ღ–მა დაადასტურა, რომ მოსათხოვი ტექნიკის სპეციფიკაციების დადგენის მიზნით მოსარჩელემ მათ სამსახურს მიმართა და მათ ერთობლივად მოახდინეს აღნიშნული სპეციფიკაციების დადგენის მიზნით ერთ - ერთი კერძო მომწოდებელი კომპანიისაგან ინფორმაციის გამოთხოვა/მოთხოვნა, რომელთანაც დიდი ხნის სახელშეკრულებო ურთიერთობა აკავშირებდა მოპასუხე სამსახურს. მოწმისვე ჩვენებით, მას არ ახსოვს, რომ მოსარჩელეს მისთვის მიეთითებინოს კონკრეტული კომპანია, რომლიდანაც უნდა მოეხდინათ სამსახურის საჭიროებიდან გამომდინარე საჭირო ტექნიკის სპეციფიკაციების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა/მოპოვება. ამასთან, მოპასუხე მხარის ახსნა - განმარტებით, მოპასუხეს უკეთესი სპეციფიკაციების განსხვავებული სპეც. ტექნიკა რომ მოეძიებინა და ეყიდა, ვიდრე მომთხოვნი სამსახური ითხოვდა, შესაძლებელია მის გამოყენებას დანიშნულებით საფრთხე შექმნოდა, ვინაიდან მომთხოვნი სამსახურის თანამშრომლებს შესაძლებელია შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება არ ჰქონოდათ უკეთესი სპეციფიკაციების მქონე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. ამდენად პრეზენტაციაში ან მოგვიანებით კონკრეტული სპეციფიკაციების მოსარჩელის მიერ მითითება ვერ გახდება მისი როგორც სამსახურის უფროსის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ან გულგრილი დამოკიდებულებად შეფასების საგანი.
6.30. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების, ასევე მათი შეფასების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს ედავებოდნენ ინდივიდუალური სამსახურის უფროსის ქმედებას. შესაბამისად, პალატის შეფასების საგანი ვერ გახდება, კომისიამ თავის საქმიანობაში რაიმე სახის გადაცდომა ჩაიდინა თუ არა, მათ შორის, მოსარჩელემ, როგორც ამ კომისიის წევრმა. აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება და მისი მსჯელობის საგანია. რაც შეეხება მოსარჩელის ქმედებას, საქმის მასალებით არ დადგინდა მისი მხრიდან განხორციელებული კონკრეტული ქმედება, რამაც მის მიერ შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების დარღვევა გამოიწვია. ამასთან საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საქალაქო სამსახურის დასკვნა ემყარება ვარაუდებს, ვარაუდის საფუძველზე კი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა საქართველოს შრომის კოდექსის 47.1. მუხლის „ზ“ პუნქტით, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია რის გამოც სადავო ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება კანონიერია.
6.31. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შესახებ მხარის მოთხოვნის საპასუხოდ განმარტა, რომ დასაქმებულს მოცემულ შემთხვევაში დაკარგული ჰქონდა დასაქმებულის მიმართ ნდობა, შესაბამისად, არ არსებობდა მისი პირვანდელ სამუშაო პოზიციაზე აღდგენის საფუძველი, ამასთან, ამავე დასაბუთებით, სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრების შესახებ.
6.32. კომპენსაციის დაკისრების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მართებულად და გონივრულ ოდენობად მიიჩნია მოპასუხისთვის კომპენსაციის სახით 6 654 ლარის, ხოლო, იძულებითი განაცდურის სახით 2024 წლის 27 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 3 327 ლარის დაკისრება.
7. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
8. მოპასუხის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე საწარმომ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო.
10. ქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ი) 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
13. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
14. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტი „სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“, 58-ე „ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“ და 408.1-ე „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ და 409-ე „თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება“ მუხლები.
15. მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლიანობის კვლევისას, უწინარესად, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რა ფაქტებსა და გარემოებებს დაეყრდნო დამსაქმებელი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილების მიღებისას. სასამართლო, როგორც დამსაქმებლის ნების მართლზომიერებაზე ზედამხედველობის ორგანო, შეზღუდულია სწორედ იმ ფაქტობრივი წინაპირობებით, რომელთა არსებობობის გამოც დამსაქმებელმა მიიჩნია, რომ კონკრეტულ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება გაუმართლებელი იქნებოდა. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ფაქტობრივი მიზეზების გამოსარკვევად, კი, სასამართლოსთვის სახელმძღვანელოა არგუმენტები, რომლებიც ასახულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში ან მოგვიანებით, სშკ-ის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გამოცემულ წერილობითი დასაბუთებაში (იხ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016წ.; №ას-235-2021, 18.06.2021წ.; №ას-877-2023, 20.10.2023წ.; №ას-1651-2023, 31.01.2024წ.; №ას-1494-2022, 31.01.2024წ.; №ას-175-2022, 28.06.2024წ.; №ას-157-2024, 22.07.2024წ.). მიზეზები, რომელთაც უშუალოდ არ განუპირობებიათ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება, არამედ, დამსაქმებლის მიერ მოშველიებულია დამატებით, სამართალწარმოების პროცესში, იმისთვის, რომ გაამყაროს სადავოდ ქცეული გადაწყვეტილების მართებულობა, სასამართლოს მხრიდან უნდა დარჩეს არსებითი შეფასების გარეშე.
16. განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც „შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა“.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების „უხეში“ დარღვევა საქართველოს შრომის კანონმდებლობის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების დარღვევას გულისხმობს, რაც შეიძლება გამოიხატოს თანამდებობრივი ინსტრუქციისა და/ან ნორმატიული აქტების დანაწესის შეუსრულებლობაში. ამასთან, მუშაკის სამუშაოდან განთავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-416-399-16, 29.06.16, №ას-812-779-2016, 19 ოქტომბერი, 2016 წ.; №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წ.; სუსგ №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015წ.).
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციური პრინციპის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და, რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შრომის სამართალში „Ultima Ratio“-ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზშედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას, შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას დამსაქმებლის მიერ გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის (სუსგ №ას-416-399-2016, 29.06.2016წ; №ას-724-2019, 26.07.2019წ; №ას-658-2020, 04.12.2020წ.).
19. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლებით. რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენების აღკვეთის საკანონმდებლო იმპერატივს, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. აღნიშნული ნორმაცია სშკ-ის შესაბამის ნორმებთან ერთად ქმნის საკანონმდებლო რეგულირების იმ ბადეს, რომელიც ერთის მხრივ იცავს დასაქმებულს - გაუმართლებლად არ მოხდეს მისი გათავისუფლება და მეორე მხრივ - დამსაქმებელს - შრომითი ურთიერთობის დარღვევისათვის დაითხოვოს თანამშრომელი. ასე, რომ აღნიშნული ნორმები ქმნიან მოქმედების იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია გამართლებული იყოს როგორც პირის სამსახურიდან დათხოვნა, ისე სამსახურში აღდგენა, თუმცა აღნიშნული შედეგების რეალიზებისთვის აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს მტკიცების ტვირთზე, რადგან სამოქალაქო სამართლებრივი მტკიცების კლასიკური ტვირთი შრომის დავებში სპეციფიკურადაა წარმოჩენილი და ხშირ შემთხვევაში მიმართულია ერთგვარად ,,სუსტი მხარის“ ანუ დასაქმებულის პროცესუალური თანადგომისაკენ, თუმცა, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად, რადგან ასეთი ტიპის დავებში სწორედ რომ უთანასწორო დამოკიდებულებაში მყოფი სუბიექტების ერთგვარი პროცესუალური გათანაბრება ხდება მის ოპონენტთან.
20. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სხვა საფუძვლით, გარდა პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა.
21. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ. №ას-151-147-2016, 19.04.2016წ.; №ას-145-2019, 05.07.2019წ.).
22. შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში ნების თავისუფლება მოიცავს, როგორც შრომითი ურთიერთობის დაწყების, ისე მისი შეწყვეტის უფლებას, თუმცა, მხოლოდ შესაბამისი საფუძვლის არსებობისას და დადგენილი წესით. შრომის კოდექსით მხარეთათვის მინიჭებული ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება არ არის შეუზღუდავი, რადგან არ არსებობს აბსოლუტური, შეუზღუდავი სამოქალაქო უფლება. იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით.
23. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა შემდეგი: „პალატა ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას. ადგილი ხომ არ ჰქონდა მის მიმართ რომელიმე ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას და სხვა. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულის გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ განხორციელებული გადაცდომის ხასიათიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. დასაქმებულის მიერ განხორციელებული ყოველი დარღვევა უნდა შეფასებულ იქნეს მისი სიხშირის, სიმძიმისა და რაც მთავარია შედეგობრივი თვალსაზრისით.
24. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესით უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (იხ. სუსგ. #ას-941- 891-2015, 29.01.2016წ.).
25. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
26. სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია შრომითსამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით (საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ სუსგ. №ას-922-884-2014, 16 აპრილი, 2015 წელი; №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-182-171-2017, 27 დეკემბერი, 2019 წელი).
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა ამ უკანასკნელის მიერ უფლებამოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება, რამაც კომპანიას მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანის მიყენების საფრთხე შეუქმნა.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია მოსარჩელის, როგორც სამსახურის უფროსის, მიერ მის ვალდებულებებში შემავალი ფუნქცია-მოვალეობების შეუსრულებლობა/დარღვევა და არა როგორც სატენდერო კომისიის წევრის, რომელი კომისიაც ახდენს ტენდერის მეშვეობით შესყიდვებს და გადაწყვეტილებებს ღებულობს ხმების უმრავლესობით, საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელისათვის სახდელის შეფარდება გამოიწვევდა კომისიის ყველა წევრის მიმართ ასევე დისციპლინარული წარმოების დაწყებას და სახდელების შეფარდებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დისციპლინური სახდელი კომისიის წევრებიდან შეეფარდა მხოლოდ მოსარჩელეს.
30. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობასა და შეფასებას, რომ მოსარჩელის მხრიდან ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან „წინასწარ კორუფციულ გარიგებაში შესაძლო ყოფნაზე“ წარმოადგენს მხოლოდ ეჭვს/ვარაუდს, რომელიც სამოქალაქო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ამ ეტაპზე ვერ დადასტურდა. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით და მის საფუძველზე კანონიერ ძალში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შეიძლება დადასტურდეს და არა სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში. შესაბამისად, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით მოპასუხე მხარემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი მოსარჩელის როგორც სამსახურის უფროსის მიერ შრომის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან დარღვევასთან დაკავშირებით.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მსჯელობა დაუსაბუთებელია, ვინაიდან შესყიდვის წესს არეგულირებს როგორც კანონი, ასევე სპეციალურად შექმნილი სამსახურები, როგორიცაა შესყიდვისა და ბაზრის კვლევის დეპარტამენტი, შექმნილია სატენდერო კომისია და დამტკიცებულია სპეციალური წესები. თავისმხრივ მოსარჩელეს, როგორც საგზაო მონიშვნის სამსახურის უფროსს ერთპიროვნულად, არანაირი უფლებამოსილება და არც შესაძლებლობა არ გააჩნდა შესყიდვების განხორციელებისა ან მისი სწორად ჩატარებისთვის დაბრკოლებების შექმნისა.
32. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნების საფუძველზე, შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურულ რგოლს უნდა გაეთვალისწინებინა სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა, ჯანსაღი კონკურენციის განვითარება, შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომის, თანასწორი მოპყრობისა და სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა, ჯანსაღი კონკურენციის განვითარება, შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომის თანასწორი მოპყრობისა და სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა. ბაზრის კვლევის განხორციელებამდე შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა განსაზღვროს, თუ რა წარმოადგენს მისი კვლევის საგანს: შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიკური და ხარისხობრივი პარამეტრების, სხვა დამატებითი და უფრო დეტალური ინფორმაციის განსაზღვრა/დაზუსტება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენა; შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადებისა და პირობების, დანიშნულების ადგილების, სხვა ლოგისტიკური ასპექტების დადგენა; შესყიდვის ობიექტის შესაბამისი მიწოდების ბაზრის ნიშან-თვისებების დადგენა; ბაზარზე არსებული ვითარების დადგენა; პოტენციური მიმწოდებლების და მათი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, მ.შ. არარეზიდენტი კომპანიების თაობაზე; შესყიდვის წარმატებით განხორციელებისათვის საჭირო სხვა ფაქტორების შესახებ ინფორმაციის მოძიება. არსებობს ბაზრის კვლევის განხორციელების მეთოდები, კერძოდ შემსყიდველ ორგანიზაციებს ეძლევათ რეკომენდაცია ბაზრის კვლევა განახორციელონ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მეთოდით მაინც: არანაკლებ ორ პოტენციურ მიმწოდებელთან კომუნიკაციით (მათ შორის, პირისპირ, ტელეფონით ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების მეშვეობით) და მათგან საჭირო დოკუმენტაციის (მათ შორის, წერილობითი შეთავაზების ინვოისის და სხვა) გამოთხოვით; არანაკლებ ორი პოტენციური მიმწოდებლის მიერ ინტერნეტ სივრცეში განთავსებული ინფორმაციის ანალიზით; მსგავსი ან იდენტური მახასიათებლების შესყიდვის ობიექტის შესყიდვის მიზნით წარსულში გამოცხადებული არანაკლებ ორი ელექტრონული ტენდერის ანალიზით, რომლის შედეგად დადებული ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ან არაუმეტეს 20%-ით აღემატება/ნაკლებია გამოსაცხადებელი ელექტრონული ტენდერის სავარაუდო ღირებულებაზე, ასევე რომელშიც მონაწილეობა მიიღო, არანაკლებ ორმა პრეტენდენტმა და ახალი ელექტრონული ტენდერის გამოცხადებამდე არაუგვიანეს 12 თვით ადრე მიენიჭა სტატუსი - ხელშეკრულება დადებულია“.
33. იმ შემთხვევაში, თუ ბაზრის კვლევა მომზადდა გარე ექსპერტის/კონსულტანტის მიერ, მაშინ ბაზრის კვლევის ამსახველ შესაბამის დოკუმენტში უნდა დაფიქსირდეს ექსპერტის/კონსულტანტის ხელმოწერა. ბაზრის კვლევის განხორციელების თაობაზე შექმნილი დოკუმენტი ვალიდურია (იურიდიული ძალის მქონეა) ერთი თვის განმავლობაში. ამ ვადაში ელექტრონული ტენდერის გამოუცხადებლობის შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციებს ეძლევათ რეკომენდაცია ბაზრის კვლევა განახორციელონ თავიდან. ამავდროულად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხსენებული დოკუმენტის შექმნიდან ერთი თვის განმავლობაში ბაზრის კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, ხელმეორედ განახორციელოს ბაზრის კვლევა, იმ პირობით, რომ ელექტრონული ტენდერის გამოცხადებისას შემსყიდველი ორგანიზაცია გაითვალისწინებს დაზუსტებულ ინფორმაციას. ამასთან, თუ ზემოაღნიშნული მეთოდებით ბაზრის კვლევის განხორციელებისას შემსყიდველმა ორგანიზაციამ ვერ მიიღო ის ინფორმაცია, რომლის გარეშეც ვერ გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი, შემსყიდველ ორგანიზაციებს ეძლევათ რეკომენდაცია შეადგინონ შესაბამისი დოკუმენტი ბაზრის კვლევის თარიღის, უფლებამოსილი პირისა და მისი ხელმოწერის, აგრეთვე ბაზრის კვლევის წარუმატებლად განხორციელების შესახებ მითითებით.
34. ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით შექმნილი ზემოაღნიშნული დოკუმენტი უნდა ინახებოდეს შემსყიდველ ორგანიზაციაში კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით. რაც შეეხება სავარაუდო ღირებულების განსაზღვრას, ბაზრის კვლევის პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა. ელექტრონული ტენდერის გამოცხადებისას, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი ბაზრის კვლევის შედეგად მოკვლეული ფასების საშუალო არითმეტიკულს. შემსყიდველ ორგანიზაციებს მოეთხოვებათ, რომ სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სხდომის ოქმში, კანონმდებლობით განსაზღვრული წესის დაცვით, პოტენციურ მიმწოდებელთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მითითების გარეშე, ასახონ ის ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც ცხადდება ელექტრონული ტენდერი.
35. საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოპასუხეს საქართველოს მთავრობის 17.10.2023 წლის N405 დადგენილებით დამტკიცებული ჰქონდა საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესები, კერძოდ განსაზღვრული იყო შემსყიდველის უფლება-მოვალეობები, შესყიდვის საშუალებები, შესყიდვის მ.შ. ტექნიკური მოთხოვნების მიმართ დეტალური პროცედურა, შერჩევა/შეფასების პროცედურები და სხვა.
36. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მეორე კასატორის მსჯელობას, რომ სამსახურის დასკვნა წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დასკვნა ერთ-ერთი მტკიცებულებაა, რომელსაც სასამართლო თავად შეაფასებს და შეამოწმებს, რამდენად ჰქონდა ადგილი დასკვნაში მითითებულ გარემოებებს და რამდენად შესაძლებელია იგი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს.
37. შესაბამისად, დამსაქმებელმა უნდა დაადასტუროს კონკრეტული ქმედება, რის გამოც შრომითი ხელშეკრულებით ან შინაგანაწესით გათვალისწინებული ქმედება განახორციელა და რამაც მოსარჩელის მხრიდან შრომითი ხელშეკრულებით ან შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა გამოიწვია. განსახილველ შემთხვევაში სატენდერო დოკუმენტაციით და მოწმის ჩვენებით, ასევე მოპასუხის დირექტორის საქმეში წარმოდგენილი ახსნა - განმარტებით სადავოდ გამხდარ ელექტრონულ ტენდერებთან დაკავშირებით დასტურდება, რომ მოპასუხე კომპანიის სამსახურმა, ვისაც ევალებოდა ბაზრის კვლევა, აღნიშნული კვლევა ჩაატარა და კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები დაედო სატენდერო პირობებს და არა მოსარჩელის მიერ პრეზენტაციაში მითითებული საორიენტაციო ღირებულება.
38. აღსანიშნავია, რომ საქალაქო სამსახურის დასკვნის მიხედვით მათ შესასყიდი/შესყიდული ტექნიკის სავარაუდო ღირებულება დაადგინეს მწარმოებელთან კომუნიკაციის გზით, მაშინ როდესაც ბაზრის კვლევა მოპასუხის მხრიდან განხორციელდა საქართველოში არსებულ მომწოდებელებთან კომუნიკაციით, რაც თავისთავად გამოიწვევდა ღირებულებებს შორის განსხვავებას.
39. ამასთან, საქალაქო სამსახურის დასკვნაში ყოველგვარი დასაბუთების და გაანგარიშების გარეშე არის მითითებული, რომ „გაითვალისწინეს ტრანსპორტირების, განბაჟების და მოგების საშუალო ღირებულება“, გამოიყვანეს შესასყიდი/შესყიდული ტექნიკის ფასი, მაშინ როდესაც საქართველოს კანონმდებლობით კონკრეტულ ამ შესასყიდ ტექნიკაზე დადგენილი არ არის შემომტანი კომპანიის მოგების მაქსიმალური მარჟა/ფასნამატი და იგი საბაზრო ეკონომიკის პირობებში ინდივიდუალურად შემომტანი კომპანიის ექსკლუზივს წარმოადგენს, თუ მოგების რა ფასნამატს განსაზღვრავს კონკრეტულ პროდუქციაზე. ამასთან საგულისხმოა, რომ საქალაქო სამსახურის დასკვნა მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის და დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წარმოადგენს ამ უკანასკნელის მოსაზრებას და მოპასუხისათვის სავალდებულო წესით შესასრულებელი არ არის, რადგან მოსარჩელე თბილისის მერიაში დასაქმებული არ ყოფილა და შრომითი ურთიერთობის დაწყებისა და დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს არა თბილისის მერიის საქალაქო სამსახური, არამედ მოპასუხის დირექტორი, როგორც დამსაქმებელი.
40. გადაწყვეტილებას კონკრეტულ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ იღებს კომისია კომისიურად. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს ედავებოდნენ ინდივიდუალური სამსახურის უფროსის ქმედებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი ვერ გახდება, კომისიამ თავის საქმიანობაში რაიმე სახის გადაცდომა ჩაიდინა თუ არა, მათ შორის, მოსარჩელემ, როგორც ამ კომისიის წევრმა. აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება და მისი მსჯელობის საგანია. რაც შეეხება მოსარჩელის ქმედებას, საქმის მასალებით არ დადგინდა მისი მხრიდან განხორციელებული კონკრეტული ქმედება, რამაც მის მიერ შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების დარღვევა გამოიწვია. ამასთან საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საქალაქო სამსახურის დასკვნა ემყარება ვარაუდებს, ვარაუდის საფუძველზე კი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა სშკ-ის 47.1. მუხლის „ზ“ პუნქტით, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
41. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად მოპასუხის 27.02.2024 წელს №234 ბრძანებით გამოვლენილი წერილობითი ნება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.
42. სადავო ბრძანების არამართლზომიერად მიჩნევის შესახებ, გასაჩივრებული განჩინების კანონიერად მიჩნევის პირობებში საქართლოს უზენაესი სასამართლო სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტზე მიუთითებს, რომლის თანახმად სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
43. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 48-ე მუხლის მე-8 პუნქტში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, ნორმა დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ: სუსგ. №ას-951-901-2015, 29.01.2016წ; №ას-1135-2018, 31.05.2019წ; №ას-874-2023, 27.09.2023წ; №ას-1428-2023, 05.04.2024წ).
44. დაკავებულ პოზიციაზე დასაქმებულის აღდგენისთვის სასამართლო იკვლევს იმ გარემოებებს, რამდენად არის ვაკანტური პოზიცია, სადაც შესაძლებელია დასაქმებულის აღდგენა. ასევე, აფასებს, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე, არის თუ არა მიზანშეწონილი დასაქმებულის აღდგენა სამუშაო ადგილზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ვაკანტური პოზიცია, სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და შეფასებას, რომ ვინაიდან დამსაქმებელს დაკარგული აქვს ნდობა დასაქმებულის მიმართ, არ არსებობს მოსარჩელის დაკავებულ პოზიციაზე აღდგენის საფუძველი.
45. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შრომით სამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამუშაოს მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამდენად, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომა, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან. საგულისხმოა, რომ სშკ-ის 38.8 მუხლი (ამჟამად მოქმედი რედაქციით 48.8 მუხლი) არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას. ამ მოცემულობაში, კომპენსაციის ოდენობა ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ხორციელდება“ (იხ. სუსგ Nას-792-2019, 2021 წლის 18 თებერვალი; №ას-802-2025, 18 ივლისი, 2025 წელი).
46. არც შრომის კოდექსი და არც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტი განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას და/ან მისი გამოანგარიშების წესს. სხვადასხვა ქვეყნების სასამართლო პრაქტიკის განზოგადება კი იძლევა კომპენსაციის გამოთვლის შესაძლებლობას შემდეგი კრიტერიუმებით: კომპანიის ლიკვიდურობა; პირის შანსები შრომის ბაზარზე; პირის სოციალური მდგომარეობა; დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა; პირი სხვაგან დასაქმდა თუ არა დავის პერიოდში; სამუშაო სტაჟი; დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა; პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან (იხ. სუსგ. საქმე №ას-1339-1259-2017, 30 ივლისი, 2018 წელი; №ას-552-2023 20 ივნისი, 2023 წელი).
47. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების შესაბამისად, შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად უნდა ფარავდეს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი, საშუალოდ, შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა. შ. ნიშანდობლივია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს კომპენსაციის დადგენის მიზანშეწონილობისა და ოდენობის დასაბუთებას.
48. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეში აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის (მოქმედი კოდექსის 48.8 მუხლი) ნორმატიული მიზანი სწორედ ის არის, რომ ბრძანების ბათილობის შედეგად მოსარჩელემ მიიღოს იურიდიული შედეგი და იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი შედეგი სამუშაო ადგილზე აღდგენაში არ მდგომარეობს, მოსარჩელეს მიეკუთვნება კომპენსაცია. ხოლო რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს, აღნიშნულს კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს და იგი ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება და სხვა. ერთი რამ ცხადია, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. სასამართლო არ არის შეზღუდული კომპენსაციის განსაზღვრაში, რადგან შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა (სუსგ. 21.06.2019წ., საქმეზე Nას-632-2019წ.). პალატა მიუთითებს, რომ კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (სსკ-ის 976-991-ე მუხლები) (შდრ: სუსგ. 10.11.2017წ., საქმეზე №ას-787-736- 2017; სუსგ. 21.06.2019წ., საქმეზე Nას-632-2019წ; ას-1163-2022, 15.02.2023წ.; ას-523-2023, 6.07.2023წ.; №ას-118-2025 26 სექტემბერი, 2025 წელი).
49. ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებით საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ გონივრული და სამართლიანია მოსარჩელისთვის მოპასუხის სასარგებლოდ დაკისრებული კომპენსაცია 6 654 ლარის, ხოლო იძულებითი განაცდური 2024 წლის 27 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 3 327 ლარის ოდენობით.
50. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
51. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.მ–ძისა და შპს „თ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ვ.მ–ძეს (..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №28542539025, გადახდის თარიღი 29.07.2025) 300 ლარის 70% - 210 ლარი;
3. შპს „თ.ჯ–ს“ (........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1750932700, გადახდის თარიღი 26/06/2025) 6 321 ლარის 70% - 4 424.7 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე